×
„კაბარე გაძლევს საშუალებას, რომ საკუთარი თავი გამოხატო“

ელგა ფორჩხიძე

მომღერალი


1537

ინტერვიუს შესახებ

ელგა ფორჩხიძესთან ინტერვიუ ჩემთვის დარჩება ერთდროულად პროფესიული გამარჯვების და პროფესიული მარცხის ნიმუშად. 

გამარჯვება იმიტომ ვახსენე, რომ რამდენიმე თვის წინ ელგას არსებობაც კი არ ვიცოდი და დღეს ჩემთვის უძვირფასეს ადამიანად მიმაჩნია. ეს ურთიერთობა ინტერვიუმ მაჩუქა - ელგას გულწრფელობამ; მისი რთული ცხოვრების ამბის უშურველმა გაზიარებამ; მისმა სითბომ და უცნაურმა მუხტმა, რომელსაც, ჩემი აზრით, ნებისმიერი მსმენელის მოჯადოება შეუძლია. 

მარცხი კი იმიტომ ვახსენე, რომ ინტერვიუს ბოლოს, როდესაც საუბრის დრო უკვე ამოწურული იყო და, ჩემს აღქმაში, შეხვედრა დასასრულს უახლოვდებოდა, მე დავუშვი ახალბედა ჟურნალისტისთვის ტიპური შეცდომა, რომელსაც „ზარმაცი ყური“ ჰქვია. მხოლოდ ინტერვიუს გაშიფვრის დროს ვიფიქრე, რომ საუბრის ბოლოს ელგამ თქვა ფრაზები, რომლებიც, შესაძლოა, მისი ცხოვრების ყველაზე შთამბეჭდავ და რთულ გამოცდილებას ასახავდა. შესაძლოა, მე რომ ბოლო ბგერამდე „ფხიზელი ყურით“ ვყოფილიყავი, ელგას გაეზიარებინა ის, რაზეც, ჩემი აზრით, მხოლოდ მიანიშნა. ამიტომ, ხინჯად დამრჩა, რომ ამ შესანიშნავ ინტერვიუში რაღაც ნამდვილად მნიშვნელოვანი გამოვტოვე. 

გაიცანით პარიზის ყველაზე ძველი და ძალიან ცნობილი კაბარეს - „სამი უროს“ - მომღერალი ელგა ფორჩხიძე, რომლის ცხოვრება ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის შუქს და ჩრდილს თანაბრად ირეკლავს. 

ია ანთაძე

- ელგა, ამბობთ, კარგი ბავშვობა მქონდაო. მაინც მინდა, გკითხოთ: ბავშვობისას რა სიძნელეების გადალახვა მოგიხდათ?

- არაჩვეულებრივი ბავშვობა მქონდა. ჩემი გარემო იყო მშობლების შეხმატკბილებული ურთიერთობა და და-ძმების ძალიან მეგობრული განწყობა ერთმანეთის მიმართ. 

- ოჯახში რამდენი ბავშვი იზრდებოდით? 

- სამნი ვართ, უფროსი და-ძმა მყავს. მე ნაბოლარა ვარ და, ცოტა არ იყოს, გათამამებულიც კი ვიყავი ზედმეტი სიყვარულით. ალბათ, იმიტომ, რომ ხუთი თვის ასაკში სტაფილოკოკი გადავიტანე. 1975 წელს ეს ვირუსი გიზგიზებდა და საკმაოდ ბევრი პატარა შეიწირა. მამა სულ მიყვებოდა ამ ისტორიას და მეუბნებოდა - იმდენი ბავშვი დაიღუპა და იმდენად ცოტა გადარჩა, რომ ექიმებმა შენზე თქვეს, ეს გოგო აუცილებლად მებრძოლი იქნებაო. რომ წამოვიზარდე, ადვილად ვცივდებოდი, ყელის პრობლემებიც მქონდა. ერთი სიტყვით, ხშირად ვიყავი ექიმებთან. დედიკო და მამიკო სულ ცდილობდნენ, რომ ბავშვობა ჰაერზე გამეტარებინა - ცემში, სურამში, ბაკურიანში... მახსოვს ბევრი აკრძალვა და ბევრი წამალი.  

- ცხოვრების გზის არჩევა თქვენთვის რას ნიშნავს? პროფესიის არჩევას? ცხოვრების სტილის არჩევას? პარტნიორის არჩევას? მეგობრების არჩევას? 

- პირველ რიგში, ეს არის საკუთარი თავის პოვნა, პასუხის პოვნა კითხვებზე - რა გინდა? ვინ გინდა, რომ იყო? მე ეს კითხვები ადრეულ ასაკში დამებადა. ხუთი წლისამ უკვე ვიცოდი, ვინ მინდოდა, რომ ვყოფილიყავი. 

- და ვინ გინდოდათ, რომ ყოფილიყავით? 

- მინდოდა, მთელ მსოფლიოში მემოგზაურა და ჩემი ნიჭი, ჩემი ხმა ადამიანებისთვის გამეზიარებინა. მინდოდა, მუსიკით მკურნალი ვყოფილიყავი.  

- ხუთი წლიდან ხედავდით საკუთარ მომავალს და დღეს ის ელგა ფორჩხიძე ხართ, ვინც თქვენ აირჩიეთ?

- დიახ, ვინც ავირჩიე, ზუსტად ის ადამიანი ვარ. ოღონდ, ძალიან რთული გზით მომიხდა სიარული; ბევრი ტკივილით და იმედგაცრუებით ვიარე. რა თქმა უნდა, ამ გზაზე სიხარულიც ბევრი იყო,  რაშიც, ალბათ, ჩემი ხასიათი დამეხმარა. 

- მინდა, რომ თქვენს გზას გავყვეთ. თქვენს ცხოვრებაში მოხდა ორი კერძო და ორი საზოგადო მოვლენა, რომლებმაც ოთხჯერ მკვეთრად შეატრიალა თქვენი ცხოვრების გეზი. ოჯახი პიანისტობისთვის გამზადებდათ, მაგრამ მეშვიდე კლასში იყავით, როცა თქვენთვის ძვირფასი ადამიანი, ფორტეპიანოს მასწავლებელი მარიამ აგლაძე გარდაიცვალა, რის შემდეგაც პიანისტობაზე გული აგიცრუვდათ. საბოლოოდ, თეატრალურ ინსტიტუტში ჩააბარეთ. მაგრამ მსახიობიც ვერ გახდით, რადგან ბოლო კურსზე უმძიმეს ავარიაში მოჰყევით; ექვსი თვე პარალიზებული იყავით, სწავლას ჩამორჩით, ვერც სადიპლომო სპექტაკლში ითამაშეთ და ამის შემდეგ შეაჩერეთ არჩევანი სიმღერაზე. მიგაჩნიათ თუ არა, რომ ეს ორი იძულებითი „შემობრუნება“ თქვენს ცხოვრებაზე დადებითად აისახა? 

- ამ ორ პროფესიას რაც შეეხება - პიანისტობას და ვოკალისტობას: მე ერთ დონეზე ვმღეროდი, ვცეკვავდი და ვუკრავდი. მაგრამ ვგრძნობდი, რომ სიმღერა უფრო მიტაცებდა. 14 წლის ვიყავი, როცა ჩემმა ნათესავმა ქალბატონ ნანი ბრეგვაძესთან მიმიყვანა და მას  ჩემი ხმა მოასმენინა. ქალბატონმა ნანიმ მითხრა, საოცარი ტემბრი გაქვთ და აუცილებლად უნდა იმღეროთ რუსული რომანსიო, რადგან კონტრალტოს - ქალის ყველაზე დაბალ ხმას - სწორედ რუსული რომანსი უხდებოდა. მაგრამ ეკა მამალაძემ თქვა, მე კიდევ ვხედავ, რომ ელგას იმდენად იშვიათი ტემბრი აქვს, აუცილებლად ოპერაში უნდა წავიდესო. მან მირჩია პედაგოგად ქალბატონი თამარ სარვაზიშვილი. ამის შემდეგ ჩავაბარე თბილისის კონსერვატორიასთან არსებულ მუსიკალურ ექსპერიმენტულ სკოლაში, ვოკალის განხრით და მოვხვდი ქალბატონ თამრიკოსთან. მაგრამ ვიცოდი, რომ ოპერის მომღერლობა, ზოგადად, უდიდეს შრომას უკავშირდება. ამიტომ, ჩუმად წავედი და პარალელურად ჩავაბარე თეატრალურ ინსტიტუტში მუსიკალური თეატრის სამსახიობო ფაკულტეტზე. ეს ამბავი არავინ არ იცოდა. ჩემი აზრით, გავაერთიანე ვოკალიც, ცეკვაც და დრამაც. 

- თუ სწორად მივხვდი, მუსკომედიის მსახიობებისთვის იყო ეს ფაკულტეტი.

- დიახ. რადგან იყო შანსი, რომ სიმღერა, ცეკვა და მსახიობობა ერთად მეცადა, რატომაც არა? 

- ავარია რომ არ მომხდარიყო, მსახიობი იქნებოდით? 

- დიახ. დიდი სურვილი მქონდა, რომ სპექტაკლებში მეთამაშა. ვიქნებოდი მსახიობი, რომელიც მღერის და ცეკვავს. ალბათ, ეს იქნებოდა  ჩემი გზა. 

- ასე გამოვიდა, რომ თქვენს პროფესიად სიმღერა აირჩიეთ. მაგრამ შემდეგ მოხდა ორი საზოგადო მოვლენა, რომლებმაც კიდევ ორჯერ შეატრიალა თქვენი ცხოვრება. ერთხანს მოსკოვში მღეროდით, მაგრამ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ უარი თქვით რუსეთში კარიერაზე და შედეგად აღმოჩნდით ჯერ თბილისში, მერე პარიზში, „ქართულ სახლში“. ფრანგულად არ ლაპარაკობდით, მაგრამ „ქართულ სახლში“ თქვენთვის ძალიან მყუდრო და სასიამოვნო გარემო იყო. თუმცა, სამ წელიწადში „ქართული სახლი“ დაიხურა, რის შემდეგ აღმოჩნდით პარიზის უძველეს, ძალიან ცნობილ კაბარეში და დღემდე ამ კაბარეს მომღერალი ხართ. მიგაჩნიათ, რომ ამ ორმა საზოგადო მოვლენამ - ომმა და პარიზში „ქართული სახლის“ დახურვამ - საბოლოოდ, სასურველი გეზი მისცა თქვენს ცხოვრებას? 

- როცა მარტო მიუყვები ცხოვრების გზას, რაც არ უნდა მყარი ნებისყოფა და ძლიერი ხასიათი გქონდეს,  მაინც იღლები; მით უმეტეს, ძალიან ემოციური ვარ. ყოველ ჯერზე, თუნდაც, თბილისში ჩამოსვლის მომენტში, მომიხდა თავის დამკვიდრება, წრის შემოკრება. ამას ხომ დიდი ენერგია სჭირდება? 

- იმ პერიოდს გულისხმობთ, როცა პირველად ჩამოხვედით თერჯოლიდან, სადაც თქვენი ოჯახი ცხოვრობდა? 

- დიახ, 16 წლის ვიყავი, რომ ჩამოვედი. მერე დაიწყო სამოქალაქო ომი, რომელმაც ყველას ცხოვრებას დიდი დაღი დაასვა. 

- როგორც ვიცი, ამ დროს უკვე სტუდენტი იყავით. 

- დიახ, სტუდენტი ვიყავი. შემდეგ იყო ბევრი დაპირება და ამიტომ წავედი მოსკოვში. არ ვნანობ. იქ დიდი გამოცდილება შევიძინე. მოსკოვში ნელ-ნელა დავიწყე კარიერის შენება, რადგან არ მინდოდა, რესტორნის მომღერლად დავრჩენილიყავი. რესტორნის მომღერლები, საერთოდ, გმირებად მიმაჩნია, მაგრამ მოსკოვში კონკურსების მოძიება დავიწყე. 2006 წელს მივიღე სამი პრიზი კონკურსზე, რომელსაც ერქვა „რუსეთის ოქროს ხმა“. ეს კონკურსი ოთხი თვე მიმდინარეობდა და აბსოლუტურად მარტომ შევძელი გადამღები ჯგუფის და მოცეკვავეების ორგანიზება. კონტრაქტი ოქტომბერში უნდა შესულიყო ძალაში. მაგრამ 2006 წელს, როდესაც ქართველების დეპორტაცია მოხდა, იმ ტალღაში მოვყევი, სატვირთო თვითმფრინავით რომ გამოგვიშვეს. ჩემს პასპორტს ექვსი თვით რეგისტრაციის გაგრძელება სჭირდებოდა და, გაგრძელების ნაცვლად, დეპორტაცია ჩამირტყეს. ასე ერთ დღეში დამაკარგვინეს ყველაფერი, რასაც სამი წლის განმავლობაში მივაღწიე. ამის შემდეგ კიევში წავედი და თავიდან დავიწყე კარიერის აწყობა. თუმცა, გარკვეული პერიოდის შემდეგ, „შავი გზებით“ დავბრუნდი მოსკოვში, სადაც მომისწრო 2008 წლის ომმა. ომი იყო ბოლო წერტილი, როცა ზუსტად გავაცნობიერე, რომ რუსეთი ჩემი ქვეყნის მტერია და იქ ვერ გავჩერდებოდი. სულიერად იმდენად დაღლილი ჩამოვედი საქართველოში, რომ ვთქვი, არსად წამსვლელი აღარ ვარ-მეთქი. თუმცა, თბილისში ცხოვრებაც არ მინდოდა. ახლა ვფიქრობ, ომმა, ამ ტრაგიკულმა მოვლენამ, რადიკალურად შეცვალა ჩემი ცხოვრება. 

 

 

„ასე გამზარდა საკუთარმა შინაგანმა ბრძოლამ, როგორც პიროვნება და როგორც პროფესიონალი.“

 

 

- გამოდის, მკვეთრად უარყოფითი შემთხვევების ჯაჭვმა შექმნა დაბრკოლებები, რომლებმაც, საბოლოოდ, თქვენი ცხოვრების ხარისხი გააუმჯობესა. როდის შეუძლია ადამიანს, აჯობოს მისთვის არასასურველი შემთხვევითობების ერთობლიობას? 

- პიროვნული ზრდა მუდმივი პროცესია. ახლაც ამ პროცესში ვარ. როცა შენს თავთან მარტო რჩები, ფიქრობ - რა გინდა? აქ უნდა გაჩერდე? ეს არის მაქსიმუმი, რაც შეგიძლია? ამ კითხვების პასუხად, სულ ვიხსენებდი სიტყვებს, რომლებსაც ბავშვობაში მამა მეუბნებოდა: „შენ მებრძოლი ხარ და ყველაფერს მიაღწევ!“ არავინ მყავდა, ვინც წარმატებას ლანგრით მომართმევდა. ამიტომ, ტრავმების მიუხედავად, მე უნდა მეცადა, მე უნდა მევლო წინ გაუჩერებლად. ასე გამზარდა საკუთარმა შინაგანმა ბრძოლამ, როგორც პიროვნება და როგორც პროფესიონალი. 

- ამას ასე დალაგებულად უთანხმებდით თქვენს თავს? 

- არა, დალაგებულად არა. სულ მქონდა ჩავარდნები, ეჭვი, სიახლის შიში... იმიტომ, რომ სტაბილურად არსად არ ვყოფილვარ, ოჯახის გარდა. 15 წლამდე მქონდა სტაბილურობის განცდა, თუმცა, მაშინაც კი ჩემს ქვეცნობიერში სულ მუდამ იყო შიში.

- რის შიში გქონდათ? 

- სიკვდილის შიში მქონდა და დაუცველობის განცდა მერე უფრო გაძლიერდა, სამოქალაქო ომის პერიოდში. იმიტომ, რომ ამ დროს ძალიან ბევრი ცუდი რამ მოხდა ჩემს ცხოვრებაში. მაგრამ ბავშვური ჟინი, რომ ოცნებები უნდა ამეხდინა, გაჩერების საშუალებას არ მაძლევდა; არც იმის საშუალებას მაძლევდა, რომ ტრადიციულ ჩარჩოებში მოვქცეულიყავი. ვერ ვეგუებოდი, რომ ისე უნდა იყოს, როგორც ვიღაცამ გადაწყვიტა... ან როგორც ოჯახმა ჩაიფიქრა... არა, ყოველთვის ვარღვევდი ამ ჩარჩოს. ამიტომ, არ იყო ასე მარტივად, რომ ჩემი ცხოვრების გზა საღად და წყნარად დავალაგე. დეპრესიებიც მქონდა, ჩავარდნებიც, დიდი ხნის გაჩუმებაც, ჩაწოლაც... ჩემი მეგობრების დიდი ძალისხმევით დავაღწიე თავი ამ მდგომარეობას.  

- ეს სად ხდებოდა? 

- ეს ხდებოდა თბილისში, სანამ პარიზში წავიდოდი. პირველ შემოთავაზებაზე უარი ვთქვი პარიზში წასვლაზე, იმდენად ღრმად მქონდა ჩაბეჭდილი შიში (ემოციურ ფონზე), რომ ჩემს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. 

- თამარ და გიორგი ბართაიების მიერ თქვენ შესახებ გადაღებულ შესანიშნავ დოკუმენტურ ფილმში, პარიზიდან „სკაიპით“ ელაპარაკებით მშობლებს თერჯოლაში და დედა გეუბნებათ: „სულ მხიარული იყავი, შვილო!“ როგორც წესი, ადამიანს იმას უსურვებენ, რაც აკლია. დედის აღქმაში, სევდიანი ცხოვრება გაქვთ? 

- (პაუზა, ცრემლები თვალზე) არ ველოდი ასეთ შემოტრიალებას... დედა, ალბათ, ყველაზე მეტად გრძნობს შვილის ემოციას, იმის მიუხედავად, რომ არასოდეს არაფერს არ ვეუბნებოდი. არც ერთი ჩემი ტკივილი დედამ არ იცის, გარდა ერთი-ორი პროფესიული შემთხვევისა. სულ ვცდილობდი, რომ ჩემი მშობლების ემოციებს და ჯანმრთელობას გავფრთხილებოდი. ჩემს ოჯახს ბევრი არ შეეძლო. ეს ძალიან ვრცელი თემაა. დედა ფიქრობდა, რომ მე დაუმსახურებლად ბევრი შრომის და წვალების გავლა მომიხდა რაღაცის მისაღწევად; რომ არასაკმარისად ვიყავი დაფასებული პროფესიულად. მას სურდა, ხშირად გამოვჩენილიყავი ტელევიზიით; სურდა, რომ ჩემით ეამაყა, როგორც ყველა მშობელი ამაყობს თავისი შვილით. მე კი არსებობისთვის მიწევდა ბრძოლა და არა მხოლოდ იმისთვის, რომ პროფესიულად განვვითარებულიყავი. სულ ქირაზე ვფიქრობდი, სულ ელემენტარულ ჩასაცმელზე ვფიქრობდი... ძალიან რთული ცხოვრება გავიარე და დედა ამას გრძნობდა, მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის პოზიტიური ვიყავი; სადაც შევდიოდი, ყველგან მხიარულება შემქონდა. პირად ცხოვრებაშიც არ გამიმართლა. დედამ იცოდა ჩემი პირველი სიყვარულის შესახებ - ჩემი დღიური წაიკითხა და, ამის გამო, ძალიან გავუბრაზდი. 

- რამდენი წლის იყავით? 

- 18 წლის ვიყავი. მაშინ მიხვდა, რომ ძალიან მწარედ და უიღბლოდ ვიყავი შეყვარებული. მთელი ცხოვრების განმავლობაში, თუ რამეს მოვიპოვებდი, ნახევარი ჩემი ოჯახის იყო. სულ ვეხმარებოდი ოჯახს, მშობლებს. ეს იგულისხმა დედამ, რომ მეტისმეტად დიდი პასუხისმგებლობა მქონდა ჩემს თავზე აღებული და მას უნდოდა, რომ უფრო მსუბუქი, უფრო მხიარული ვყოფილიყავი. 

- ბობ ფოსის ცნობილ ფილმში „კაბარე“ ერთ-ერთი პერსონაჟი, კაბარეს კონფერანსიე ამბობს სიტყვებს: „აქ საზრუნავი არ არსებობს, აქ ცხოვრება მშვენიერია!“ არადა, ფილმი სწორედ იმაზეა, რა ღრმა პირად სევდას ატარებს კაბარეს ვარსკვლავი ქალი და, მეორე მხრივ, ამ მხიარულების ფონზე, როგორ მკვიდრდება ფაშიზმი გერმანიაში. ასეთი კითხვა მაქვს: კაბარე, თავისი არსით, მალავს სევდას, თუ ამძაფრებს სევდას? 

- ადამიანები კაბარეში, ალბათ, იმისთვის დადიან, რომ რაღაც სიმძიმისგან გათავისუფლდნენ.

- ეს - კაბარეს სტუმრები. მაგრამ - თქვენ? მასპინძლები? 

- მასპინძლები... რამდენიმე კოლეგასთან ვმეგობრობ. მათი ცხოვრების და პირადი გამოცდილების ზოგიერთი ეპიზოდიც კი ვიცი. არც ერთის ცხოვრება არ არის მსუბუქი და ია-ვარდებით მოფენილი. ფილმშიც ეს არის აღწერილი და რეალობაშიც ასეა, რომ კაბარე სევდას მალავს. ერთ მაგალითს მოვიყვან: ჩვენი ბასგიტარისტი, ორკესტრის შეფი, თავის მეუღლესთან ერთად მუშაობდა ჩვენს კაბარეში. ის ახალგაზრდა ქალი დაიღუპა. ორ კვირაში მეუღლე ისევ სცენაზე იდგა, რადგან ორკესტრის შეფია. თავის საქმეს დიდი ღიმილით აგრძელებდა. არადა, ვიცოდი, როგორ უყვარდათ ერთმანეთი. 

- საიდან არიან? 

- აფრიკელები არიან. უფრო უარესს გეტყვით. მამაჩემი რომ გარდაიცვალა, ორმოცის შემდეგ ვბრუნდები პარიზში, სცენაზე ვდგები და ერთ მომღერალს, აგრეთვე აფრიკელს - რომელსაც ძმისშვილი ჰყავდა ცუდად და ვიცოდი, რომ დებსაც ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდათ - ვეკითხები: როგორ არიან შენი ოჯახის წევრები? ძმისშვილი როგორ არის? და ხომ კარგად გყავს? თან მღერის, გამომხედა: „ჩემი და დაიღუპა!“ გაიხედა და გააგრძელა სიმღერა. ვიფიქრე, რომ რაღაც ვერ გავიგე. კარგად რომ შევხედე, შიგნიდან არის ქვა, გარედან - ღიმილი. მთელი ღამე ყელში დიდ ბურთს ვგრძნობდი. ვფიქრობდი, ეს კითხვა სცენაზე როგორ დავუსვი-მეთქი. თურმე, იმ დღეს დაეღუპა და. მაგრამ უნდა იდგეს სცენაზე. ვალდებულია, სახეზე ღიმილი გადაიფინოს და იმღეროს. 

 

 

„ჩემი პირადი ცხოვრება არც ერთ ეტაპზე არ აეწყო.“ 

 

 

- ეს რეალობა, როგორც მე წარმომიდგენია, არა მხოლოდ მალავს, არამედ, კიდევ მეტად ამძაფრებს სევდას. 

- კაბარე გაძლევს საშუალებას, რომ საკუთარი თავი გამოხატო. ვცდილობთ, დავმალოთ, მაგრამ ყველას გვეტყობა, რა მომენტში რა გვაწუხებს, ან რა გვიხარია. ეს სტუმრებზეც გადადის. კაბარე, რა თქმა უნდა, ამძაფრებს კიდეც ემოციებს. მქონია შემთხვევა, როცა რთული მომენტი მაქვს, ცრემლი ჩამომდის, მაგრამ ვმღერი. ერთადერთხელ ვერ შევძელი სიმღერის დასრულება, როცა მამის გარდაცვალება გავიგე. დავიწყე სიმღერა, მერე ისე წამომივიდა ცრემლები, რომ გავჩერდი და ბოდიში მოვიხადე. კაბარე ცოცხალი ორგანიზმია, შენი ტკივილების თუ შენი სიხარულის გადმოფრქვევის და გაზიარების ადგილია.

- კიდევ ერთი რამ, რაც ბობ ფოსის ამ შესანიშნავი ფილმიდან გავიგე, ის არის, რომ კაბარე ანგრევს, ან კლავს მომღერლის პირად ცხოვრებას. მაგალითად, თქვენ საკუთარი თავისთვის დრო გრჩებათ მხოლოდ საღამოს ხუთიდან ათ საათამდე. ამ პირობებში, შესაძლებელია სრულფასოვანი პირადი ცხოვრება? 

- ჩემი ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე, ეს, ფაქტობრივად, შეუძლებელია. არარეალურია, გყავდეს ოჯახი, შვილები და ისინი უზრუნველყო სრულფასოვანი სიყვარულით, ზრუნვით, საზოგადოებასთან ურთიერთობით. ამიტომ, ან ირჩევ ჩვეულებრივ ოჯახურ ცხოვრებას, ან სტაბილურ სამსახურს. როცა კაბარეში აღმოვჩნდი, ფრანგულად ჯერ კიდევ კარგად არ ვსაუბრობდი. მანამდე ქართულ გარემოში ვცხოვრობდი და ფსიქოლოგიურადაც არ ვიყავი მზად ფრანგულის სასწავლად. ამიტომ, ჩემთვის ძალიან ძნელი იყო, ფრანგულ საზოგადოებაში მუდმივი სამსახური მეპოვა; მით უმეტეს, რომ საფრანგეთში მომღერალიც და მსახიობიც მოკლევადიანი კონტრაქტებით მუშაობს. მე სტაბილურობა ავირჩიე. იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი პირადი ცხოვრება არც ერთ ეტაპზე არ აეწყო, ჩემს თავს ვუთხარი, რომ არ ღირდა ამის გამო ტირილი და ამ თემაზე დიდხანს გაჩერება. როგორც არ უნდა მოინდომო, ორ ადამიანს შორის შეხვედრა უნდა შედგეს, ეს უნდა მოხდეს. ამას ღვთის ნებას დავარქმევთ, თუ ბედისწერას, არ აქვს მნიშვნელობა და ასეთი შეხვედრა მხოლოდ ერთხელ მოხდა ჩემს ცხოვრებაში.

- ბავშვობისას? 

- დიახ, და კიდევ ერთხელ მოხდა პარიზში. ამ ადამიანს ვუყურებდი, როგორც მშველელს, რომელსაც ღამის ცხოვრებიდან უნდა გამოვეხსენი. ახლა ამას შეცდომად ვაფასებ. თუმცა, ეს იყო ჩემთვის ყველაზე ბედნიერი ურთიერთობა, რაც კი ოდესმე დამმართვია ცხოვრებაში. ვფიქრობდი, რომ ამ ადამიანის გვერდით შევძლებდი, თავისუფლად, ნელ-ნელა მეკეთებინა ალბომი და ჩემი პროფესიული კარიერა ამ მიმართულებით წამეყვანა. მაგრამ რადგან არ მოხდა, მთლიანად ჩავიძირე ღამის ცხოვრებაში. 

- რომ არ მოხდა, ამაში თქვენს ღამის ცხოვრებას არანაირ როლს არ ანიჭებთ? 

- არა, ჩვენი ურთიერთობა აბსოლუტურად სხვანაირი იყო. მისგან არ ყოფილა მოთხოვნა, რომ ღამის ცხოვრებიდან წავსულიყავი. თუმცაღა, მე ვგრძნობდი, რომ ამის აუცილებლობა დადგებოდა, ჩვენი ურთიერთობა სხვა ეტაპზე თუ გადავიდოდა. ამ წუთში ჩემს ცხოვრებაში არის ერთი ადამიანი, მას მეუღლეს დავარქმევდი, თუმცა, ჩვენი ურთიერთობა, ჯერჯერობით, ოფიციალური არ არის. დანიშნულები ვართ და არ ვჩქარობ, რომ ამ ურთიერთობას ფრანგულ-ოფიციალური სახე მივცე. ვამბობ, რომ ეს ადამიანი ჩემი მეგობარია, ქართულად - მეუღლე. 

- ესე იგი, მაინც შესაძლებელია, კაბარესთან ერთად, ადამიანს პირადი ცხოვრება ჰქონდეს. 

- გააჩნია, რა დონეზე გინდა, რომ პირადი ცხოვრება გქონეს. მე, სამწუხაროდ, შვილი არ გამიჩნდა, თუმცა, ამის ერთი შანსი მქონდა. როგორც მოვიდა, ისე წავიდა... მაგრამ როდესაც ბავშვი ჩნდება, ყველაფერი რადიკალურად იცვლება. 

- თქვენ მულტიკულტურულ გარემოში მუშაობთ. კაბარეში, თქვენ გვერდით, 12 სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი მღერის. რით ჰგავხართ ყველა დანარჩენს? 

- თავიდან ძალიან უცხო ვიყავი და, მოკრძალებასთან ერთად, ცოტა შიშითაც კი მიყურებდნენ. იმიტომ, რომ ჩარჩოებში ვიჯექი. მეგონა, რომ ამ ჩარჩოებს გაცდენილი ვიყავი, თუმცა, აღმოჩნდა, რომ ასე არ არის. ბევრი რამ მიკვირდა. მათი ურთიერთობა მიკვირდა, იუმორის ფაზებიც კი მიკვირდა. არსებობს თეთრი იუმორი, არსებობს „ქამრის ქვემოთ“, ესე იგი, ცოტა ვულგარული იუმორი, რაც ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელი იყო. ჩვენს კაბარეში ბევრი კულტურის წარმომადგენელია - აფრიკელი, არაბი, იტალიელი, ბრაზილიელი, ინგლისელი... ყველანი რადიკალურად განვსხვავდებით ერთმანეთისგან, მაგრამ საერთო ხაზიც გვაქვს - ჰუმანურობა და მუსიკალური ვიბრაცია. მუნჯურად ვუგებდით ერთმანეთს, როცა ვგრძნობდი, რომ ის მეორე ადამიანიც ჩემს დონეზე იყო მუსიკალურად განვითარებული. 

- რით განსხვავდებით ყველასგან, როგორც ქართველი? 

- ასეთი ეპითეტი შემოიღეს „ჟიორჟიენ - ლა კლასს“ („ქართველი - დონეა/გამორჩეულია“). ყველგან აფასებენ შინაგან კულტურას, სიმართლეს და გულწრფელობას. ყველგან აფასებენ, რომ სიტყვის ფასი იცი, საკუთარი ტრადიციები გაქვს და, ამავე დროს, პიროვნულად დამოუკიდებელი ხარ. 

- ეს ყველაფერი, შეიძლება, მათაც აქვთ. თქვენში რას ხედავდნენ, როდესაც ამბობდნენ ეპითეტს - „კლასი“? 

- მე ძალიან ახლოს ვიყავი და ვარ ეკლესიასთან. იცოდნენ, რომ ყოველ აღდგომას, ყოველ შობას ტაძარში ვგალობ ღმერთისთვის და ჩემი ქვეყნისთვის. თავიდან უკვირდათ, მაგრამ შემდეგ მიხვდნენ, რომ ეს ჩემი ღირებულებების ნაწილია. 

- ყველაზე ხშირად რა კომპლიმენტს იღებთ?

- არ მიყვარს ფამილიარული ურთიერთობები, მიყვარს დისტანცია. შეიძლება, აქედან მოდის კომპლიმენტი, რომელსაც ხშირად მეუბნებიან: ელგა, ამდენი წელია, აქ მუშაობთ და თქვენგან არ გაგვიგია, ვინმეზე აუგი გეთქვათ, ან გეჭორაოთ; ყოველთვის ფრთხილი ხართ, ადამიანებს არ განსჯით. ისიც ხშირად უთქვამთ, ძალიან სანდო ხართო. 

- თქვენი სიტყვებია: „ჩემი საქმე თუ მღლის, ეს ბედნიერებას მანიჭებს.“ რა არის ყველაზე მეტად დამმუხტავი, რით იკვებება თქვენი შინაგანი ენერგია?

- ჩემს ენერგიას კვებას იმ მაყურებლის ენერგია, რომელიც კაბარეში მოდის. თუ ჩემგან სწორი პირველი ემოცია წავიდა და დავინახე, რომ მის თვალში ნაპერწკალი აინთო, მეტი არაფერი აღარ მჭირდება. თითქოს, ღილაკს აჭერენ ხელს და ენერგია იწყებს დინებას რაღაც უხილავი წყაროდან. ჩვენთან თავიდან ფრანგები იწყებენ, პირველი ფრაზა მათია და მეორე ფრაზით შევდივარ მე. არ არსებობს, რომ ამ დროს ადამიანი არ შემოტრიალდეს. მერე უკვე ისმის ტაში. კაბარეში მოსული ადამიანი ცდილობს, შენგან მიიღოს ენერგია და შენ ეს ენერგია უნდა გასცე მის დასამუხტად, თუ არადა, დაკარგული გყავს. 

 

 

„ცამეტი წელია, ღამეს ვათენებ და არ მინდა, რომ ღამეში დავხარჯო მთელი ჩემი სასიცოცხლო ენერგია.“

 

 

- დღესაც თქვით და სხვა დროსაც გითქვამთ, რომ სულ იბრძოდით, საკუთარ ცხოვრებას მიზანმიმართულად აუმჯობესებდით. ახლა, როცა სტაბილური სამსახური გაქვთ, თუ წარმოგიდგენიათ, ან დაგეგმილი თუ გაქვთ ცხოვრების ხარისხის შემდგომი გაუმჯობესება? 

- ამ ეტაპზე, მიმაჩნია, რომ პროგრესს არ განვიცდი. ბოლო ერთი წელია, ჩემთვის უინტერესოა კაბარეში მუშაობა. გაათმაგებული მაქვს იმპულსი, რომ სხვა მწვერვალისკენ წავიდე. ეს სამსახური სტაბილურობის წყარო იყო და ამისთვის მადლობელი ვარ. მაგრამ არ მეგონა, აქამდეც თუ გავჩერდებოდი. იმიტომ კი არა, რომ კაბარე არ მომწონს, უბრალოდ, ცხოვრების სტილია ძალიან რთული. ცამეტი წელია, ღამეს ვათენებ და არ მინდა, რომ ღამეში დავხარჯო მთელი ჩემი სასიცოცხლო ენერგია. მინდა, ნორმალური ცხოვრებით ვიცხოვრო, რომ უფრო მეტი გავაკეთო, პროფესიული კარიერის თვალსაზრისით. 

- ეს ხომ არ იყო მიზეზი, რომ სტაბილური, წარმატებული ცხოვრების მიუხედავად, სამკაულების კეთება დაიწყეთ? ამბობდით, ბევრი ფერი, რომელსაც ჩემში ვატარებ, ამ სამკაულებზე გადმოვიდაო. სიმღერით თვითგამოხატვა საკმარისი არ აღმოჩნდა? თუ ფიქრობდით, რომ ეს სამკაულები უფრო „ნორმალური“ ცხოვრებისკენ გაგიკვალავდათ გზას? 

- სამკაულების კეთება რომ დავიწყე, ამას სრულიად სხვა მიზეზი ჰქონდა. 

- გვეტყვით? 

- გაბრაზებული ვიყავი. ადამიანებს არ ვაძლევ უფლებას, რომ პატივისცემით არ მომეპყრონ იმიტომ, რომ მე ვეპყრობი მათ პატივისცემით. მქონდა ერთი რომანის დასაწყისი, რომელსაც დიდ სიყვარულს ვერ დავარქმევდი. ეს ადამიანი არაგულახდილად მომექცა ჩვენს პატარა ურთიერთობაში და ამან ძალიან გამაბრაზა. ვიგრძენი, რომ უარყოფითი ემოციისგან სწრაფად გათავისუფლება მჭირდებოდა. ერთი ღამეც იყო, ავდექი და გაუჩერებლად, შუადღის თორმეტ საათამდე, ხუთი სამკაული შევქმენი. არაადამიანური ძალა მომეცა და ცოტა შემეშინდა ჩემი თავის - თურმე, რამდენი აგრესია ყოფილა ჩემში დაგროვილი. კიდევ კარგი, რომ ეს ბრაზი სილამაზის შექმნაში გარდაისახა. 

- მასალა, რაც გჭირდებოდათ, სახლში აღმოგაჩნდათ? 

- ჩემი ძველი, დამტვრეული სამკაულებისგან ავაწყე ახალი ნივთები. 

- რას ამტკიცებდით ამ სამკაულების შექმნით, თუნდაც, იმ ღამეს? 

- მინდოდა, სხვა რამეზე მეფიქრა, ბრაზი რაღაცაზე გადამეტანა. 

- ესე იგი, ცოტა შემთხვევითია სამკაულებით გატაცება? 

- დიახ, შეიძლება შემთხვევითია. მე ხომ სულ იმის ძიებაში ვარ, ჩემს თავს როგორ ვუშველო, ჩემს თავს რით შევუმსუბუქო ბრძოლები და ტკივილები. ეს იყო მომენტი, როცა მინდოდა, რაღაც ჩემი ხელით გამეკეთებინა. ან დავამტვრევდი, ან...

- ან ააშენებდით. 

- დიახ, აშენება ვარჩიე, ამ შემთხვევაში (იცინის). 

- საქართველოში რესტორნის მომღერლობას ჯოჯოხეთს ადარებთ. თქვენ პირადად გაქვთ ეს გამოცდილება - ნასვამ მამაკაცებთან უსიამოვნო ურთიერთობის, ვერბალური თუ ფსიქოლოგიური ბულინგის. 

- დიახ, ბევრჯერ მქონია ასეთი შემთხვევა. 

- ნათქვამი გაქვთ, ადამიანებს შინაგანი გაბრაზება დაჰყვებათ და სანამ ეს არ გადაივლის, სანამ სწორად გართობას, სწორად სმას არ შევეჩვევით, საქართველოში ფრანგული კაბარეს ტიპის დაწესებულება არ გაამართლებსო. როგორ ფიქრობთ, ჩვენს ქვეყანაში უფრო დიდი პრობლემა ზოგადად პირადი სივრცის დარღვევაა, თუ მამაკაცის ერთგვარი „აგდებული“ დამოკიდებულება ქალის მიმართ?

- ეს ძალიან კომპლექსური პრობლემაა. კონკრეტულად, მამაკაცზეც არ მინდა, ვილაპარაკო. არ მინდა, მამაკაცებმა ისე გაიგონ, რომ მათზე აგრესია მაქვს. ყველა პრობლემა, სინამდვილეში, ოჯახიდან და აღზრდიდან მოდის. 

- ეს კომპლექსური პრობლემა არისო და რას გულისხმობთ? „ეს“ - რა არის? 

- არ ვეთანხმები ქართულ ტრადიციას, რომლის მიხედვითაც მამაკაცი წყვეტს ყველაფერს. ჩვენ ოჯახებში გვაკლია კომუნიკაციის კულტურა. ყველა ოჯახს არ ვგულისხმობ - ამას ხაზგასმით ვამბობ. ბევრ ოჯახში არ ხდება იმ ემოციის გაცვლა, თუ რას ვგრძნობთ შვილები, რას გრძნობენ მშობლები, რას გრძნობს და-ძმა და რას გრძნობს ცოლ-ქმარი. ბევრგან ეს არის დოგმა, რომ ოჯახში კაცი წყვეტს ყველაფერს. თუმცა, ჩემს ოჯახში დედა და მამა ყოველთვის ერთ დონეზე იყვნენ და, ალბათ, მერე მეც ამიტომ დამეწყო პროტესტი - რატომ უნდა გადამიწყვიტოს ქმარმა, სცენაზე ავალ თუ არ ავალ? ვიქნები მსახიობი თუ არ ვიქნები? ვიცეკვებ თუ არ ვიცეკვებ? და ასე შემდეგ... რატომ არ უნდა იამაყოს ჩემით მეუღლემ, თუნდაც, სხვა თუ შემომხედავს და იფიქრებს: რა ლამაზი ქალია... ცხოვრებამ მოიტანა, რომ ჩვენი სუფრის ტრადიციები გავაუფერულეთ. ღვინო ქართველმა მამაკაცმა თუ ქალმა გამოიყენა დარდის, კომპლექსების, არშემდგარი ურთიერთობების გასანელებლად. სასმელში ახრჩობენ თავის დარდს, სასმელში იკლავენ ბოღმას....

- თქვენზე როგორ გადმოდიოდა ეს პრობლემები? 

- თბილისში საკმაოდ პრესტიჟულ დაწესებულებებში ვმუშაობდი. მაგრამ იქაც კი გამოერეოდნენ ადამიანები, რომლებიც დათვრებოდნენ და იწყებდნენ პირადად ჩემს „შებმას“, ან ზეწოლას - აბა, ის გოგო გამაცანი... იყვნენ ქალები, რომლებიც უხერხულ მდგომარეობაში მაყენებდნენ. სადღაც მივყავდი იმიტომ, რომ, თურმე, იქ ვიღაცას ჩემი გაცნობა უნდოდა. ეს ისე ცუდად მახსოვს... ამის გამო ბევრი მიტირია. როგორ შეიძლება, გიყურებდნენ როგორც ნივთს? როგორც თოჯინას? სულ ამის მსხვერპლი ვიყავი, სულ ამას გავურბოდი. ისიც კი ვთქვი, ღმერთო, ისე არ გამიჭირვო, რომ საქართველოში დავბრუნდე და ქართულ რესტორანში მომიხდეს მუშაობა-მეთქი. მაგრამ 2008 წელს ზუსტად ეს მოხდა. იმდენად გამიჭირდა მორალურად, რომ საქართველოში დაბრუნების შემდეგ, პირველივე შემოთავაზებას დავყაბულდი. 

- ისევ წნეხის ქვეშ აღმოჩნდით? 

- ვერ გავძელი, სამ თვეში წამოვედი იქიდან. ჰგონიათ, რომ ფულით ყველაფერს იყიდიან! სასაცილოა! 

- თქვენი ყმაწვილობის პერიოდი 90-იანებს დაემთხვა. ნათქვამი გაქვთ, „ამოჭრილი თაობის“ წარმომადგენელი ვარო. თუმცა სხვა აზრიც მომისმენია ჩემი ძალიან პატივსაცემი სტუმრისგან - ზაალ ჩხეიძისგან: რომ ყველა, ვინც თქვენს თაობაში თავისი სიჯიუტით, თავისი ნებელობის ძალით გადარჩა, უკიდურესად ღონიერია; რომ სწორედ ეს თაობა მოიტანს შედეგს მომავალი 15 წლის განმავლობაში. თქვენ თუ გაქვთ თქვენი თაობის მიმართ ნდობა?  

- რა თქმა უნდა. მე ვარ ჩემი თაობის ერთ-ერთი ის წარმომადგენელი, რომელიც არასდროს არ დანებდა. ის პერიოდი იყო ძალიან სუფთა და ღირებული. მაშინ დავინახე ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს საოცრად ეხმარებოდნენ. იმის მიუხედავად, რომ ირგვლივ სულ იარაღიანები დარბოდნენ, ადამიანებს ერთმანეთის მიმართ ნდობა ჰქონდათ. ამან გადაგვარჩინა.   

- „ამოჭრილი თაობა“ იმის გამო თქვით, რომ თქვენი თაობის დიდმა ნაწილმა შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზება ვერ შეძლო? 

- ვინც გადარჩა, მან ბევრი შეძლო, მაგრამ დაახლოებით 80% ხომ ვერ გადარჩა? ამიტომ ვამბობ, რომ ეს არის „ამოჭრილი თაობა.“ ჩემ ირგვლივ ძალიან ნიჭიერი ადამიანები იყვნენ. იმ ნიჭის 10%-საც კი ვერ ვხედავ რეალიზებულს. ბევრ რამეს ვერ გავიხსენებ წარსულიდან, რადგან ძალიან მტკივნეულია. მაგრამ მე ჯიუტი აღმოვჩნდი და შემდეგ სტიმულიც კი გავხდი ბევრისთვის. დღემდე მინდა, ყველას ვაჩვენო, რომ არასოდეს არაფერი არ არის გვიან, არც ერთ ასაკში. 

 
არც წარმატება, არც ახალი პროექტი, არც სიყვარული, არც ოჯახის შექმნა და არც ის, რაც შენ გინდა, რომ იყო და ვინც შენ გინდა, რომ იყო; და არც ის, რომ შენ უკან მდგომ ახალ თაობას უთხრა, რომ ამ ბრძოლას აქვს ყოველთვის აზრი.

 

- ვხედავ, რომ ძალიან ემოციური თემაა თქვენთვის, მაგრამ მაინც მინდა, გკითხოთ. არცთუ დიდი ხნის წინ თქვენთვის განსაკუთრებული ადამიანი - მამა დაკარგეთ. ამან რაიმე თუ შეცვალა თქვენში? რაიმე თუ გადააფასეთ? 

- რთული კითხვაა. წეღან ვახსენე, რომ ყველაფერი, რაც კი გამიკეთებია, იმისთვის იყო, რომ მშობლებს ჩემით ეამაყათ. განსაკუთრებით, ჩემს მამიკოს, რომელიც გოგოსთვის პირველი სიყვარულია. შემდეგ ყველა მამაკაცს მას ადარებ, თუ გაგიმართლა და ისეთი მამა გყავს, როგორიც ჩემი მამიკო იყო: 

 
არააკადემიური განათლებით, აკადემიკოსი - ჩემთვის. სულ რაღაც რვა კლასის, არც კი მგონი, განათლება ჰქონდა, მაგრამ მსგავსი ბრძენი ადამიანი მე ჯერ არ შემხვედრია; მსგავსი ინტელიგენტი, შინაგანად დახვეწილი, სამყაროსთან ჰარმონიაში, ადამიანებთან ჰარმონიაში. არ ვიცი... მზრუნველი, გონიერი, ხელოვანი... და რამდენი რამ შემიძლია... და ღირსეული. ძალიან მოზომილი.

მამასთვის უმნიშვნელოვანესი იყო ჩემი გზა. მისი სიტყვები, რომ - მებრძოლი ვარ და ამიტომ გადავრჩი - არ მომცემს უფლებას, ფარ-ხმალი დავყარო და ვთქვა: „ვისთვის ვიმღერო? მე ხომ ჩემი მშობლებისთვის მინდოდა ყველაფერი?!“ მჯერა, რომ მამა უბრალოდ გარდაიცვალა, სხვა სამყაროში გადავიდა. ის ყოველთვის ჩემთან იყო და იქნება. ამიტომ, მას მინდა, ვუთხრა: უფრო მეტს გავაკეთებ, რომ უფრო მეტად იამაყოს. 

 

 

„ჯერ კიდევ ვებრძვი ვნებების თავისუფლებას ჩემში.“ 

 

 

- გმადლობთ ამ ემოციის გაზიარებისთვის. თქვენთვის რომელია სიტყვა, რომელიც მთელი ცხოვრების მეგზურად გამოდგება? 

- მადლიერება. მადლიერი თუ არ ხარ, რომ სამყარომ კიდევ ერთი დღე გაჩუქა, ცა დაინახე, მზე შეიგრძენი, თუნდაც, ეს წვიმა ან ეს თოვლი - შენს ცხოვრებას კაპიკის ფასი აქვს. 

- დიდი მადლობა უაღრესად საინტერესო საუბრისთვის. ინტერვიუს დავასრულებთ თქვენი კომენტარით ცნობილი ადამიანების ორ გამონათქვამზე. პირველი ციტატა ეკუთვნის თანამედროვე ფრანგ მწერალს - მიშელ უელბეკს (1956): „ნუ შეგეშინდებათ ბედნიერების. ის არ არსებობს.“

- (იცინის) ძალიან გონივრული და ორაზროვანი გამონათქვამია. ამ კუთხით არ მიფიქრია. ჩვენ ხომ ყველანი ბედნიერებას ვეძებთ და მერე ვხვდებით, რომ ჩვენ თვითონ ვქმნით ბედნიერებას, ჩვენ ვაძლევთ უფლებას საკუთარ თავს, რომ ეს გრძნობა განვიცადოთ. თავისთავად ბედნიერება, ალბათ, მართლა არ არსებობს. ვეთანხმები. 

- მეორე ციტატის ავტორია ამერიკელი მწერალი და პედაგოგი დეილ კარნეგი (1888-1955): „ყოველთვის მისდიეთ საკუთარ ვნებებს. ისინი დიდ წარმატებასთან მიგიყვანენ.“

- ამაზე ბევრი მიფიქრია. თითქმის მთელი ცხოვრება საკუთარ ვნებებს ვებრძვი. ვნებებს რომ მისდიო, საზოგადოებასთან ყოველთვის წინააღმდეგობაში აღმოჩნდები. ამიტომ, მე სულ საპირისპირო კონფლიქტში ვარ - ბრძოლაში ჩემს ვნებებთან. 

- რატომ ებრძვით? რატომ არ მიჰყვებით? 

- ზოგჯერ ვცდილობ, რომ მივყვე. მაგრამ ბევრჯერ ჩამიკლავს ვნებები და მერე მივმხვდარვარ, რომ ეს არ უნდა მექნა. უდიდესი დრო და ენერგია დამიკარგავს ვნებებთან ბრძოლაში. ახლა ამას ვნანობ, უფრო სწორად, ჩემს თავს ვერ ვპატიობ. ვნება ადამიანის დიდი შინაგანი ენერგიაა. ის გაძლევს ძალას, რომ აკეთო, რაც სწორად მიგაჩნია. მე საზოგადოების მარწუხებიდან ბოლომდე ჯერ კიდევ ვერ გავთავისუფლებულვარ იმიტომ, რომ სულ ჩემი მშობლები და ჩემი ოჯახი მიდგას თვალწინ. ისინი ეჯახებიან გარემოს და მათთვის მტკივნეული იქნება, ხმამაღლა რომ ვილაპარაკო ბევრ რამეზე, რაც ჩემთვის მიუღებელია. ისევ მათ ვუფრთხილდები და არავითარ შემთხვევაში - სხვას. თუ კიდევ რამისთვის მინდა ვიბრძოლო და თუ ოდესმე კიდევ მომეცემა ამის ძალა - აუცილებლად ჩავერთვები ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში. მაინც ჩემს ოჯახს ვუფრთხილდები და, ამის გამო, ჯერ შესაბამის ძალას ვერ ვგრძნობ. ჯერ კიდევ ვებრძვი ვნებების თავისუფლებას ჩემში. 
 

ფოტომასალა: ირაკლი გედენიძე

გუნდი

ირაკლი გედენიძე

ზურაბ ქურციკიძე

გიო კუსიანი

გიორგი ურუშაძე

თამთა ყუბანეიშვილი

ნანა ყურაშვილი

ინგა ქორიძე