×
„მე შრომა მაბედნიერებს“

ლელი ბლაგონრავოვა

ფოტოგრაფი


1797

ინტერვიუს შესახებ

ლელი ბლაგონრავოვას პირადად არ ვიცნობდი, მაგრამ ინტერვიუზე სწრაფად შევუთანხმდი, ტრადიციულად, მორიგი პარასკევისთვის. მაგრამ სანამ შეთანხმებული შეხვედრის დღე მოვიდოდა, გავცივდი და ლელის მოწიწებით ვთხოვე, იქნებ, კვირას ან ორშაბათს შევხვდეთ-მეთქი. კვირა აირჩია და მადლიერების გრძნობით დავემშვიდობე. 

კვირა რომ გათენდა, ფეისბუკმა შემატყობინა - დღეს ლელის დაბადების დღე არისო. კი გამიკვირდა, მაგრამ არ მიფიქრია, რომ შეხვედრა ჩაიშლებოდა. ასე აღმოჩნდა ლელი ჩემი სტუმარი საკუთარ დაბადების დღეზე. 

ეს ინტერვიუ მე ვაჩუქე, თუ მან მაჩუქა - თქვენ, მკითხველებმა გადაწყვიტეთ. თუმცა, გავბედავ და ვიტყვი, რომ ასეთი ინტერვიუ ლელის ჯერ არ ჰქონია. 

ია ანთაძე

- ლელი, თუ გახსოვთ, რომელი ასაკიდან დაიწყეთ საკუთარი პიროვნების კვლევა? 

- ძალიან პატარა ასაკიდან ზუსტად ვიცოდი, რომ ფოტოგრაფია მაინტერესებდა. როგორც კი ცოტა გავიაზრე ცხოვრება, აღმოჩნდა, რომ მაქვს პროფესია, რომელიც სულ ვითარდება და რომელთან ერთად მეც სულ ვვითარდები. 

- საკუთარ თავში პიროვნების ძიების პროცესი არ გახსოვთ? 

- არა, ასეთი ფიქრები არ მახსოვს. ფოტოგრაფია იმიტომ ვახსენე, რომ ჩემში ყველა მნიშვნელოვანი ცვლილება მას უკავშირდება. ერთად მოვდივართ, სულ ერთად ვართ. ფოტოგრაფიას ყველა ხელოვნებას უწოდებს და ჩემთვის ცხოვრების სტილია. თქვენი კითხვა კი საინტერესოა, მაგრამ ჩემი თავისთვის ამ კუთხით არასდროს შემიხედავს. 

- მაგალითად, ტატუს კეთება როდის დაიწყეთ? 

- ტატუს გაკეთება სულ მინდოდა, ოცი წლიდან. მაგრამ ბევრი სტიგმა და დოგმა იყო საზოგადოებაში. დაახლოებით, რვა წლის წინ, ერთ მშვენიერ დღეს გავიღვიძე, არავის აღარ ვკითხე და ტატუს გასაკეთებლად წავედი. 

- რისთვის გჭირდებოდათ? 

- ცვლილებებისთვის. ამ ტატუებში დიდი ამბები ხდება. 

- დიახ, როგორც ვიდეომასალიდან ჩანს, თქვენი ტატუ წლების განმავლობაში იცვლებოდა, სულ უფრო მრავალფეროვანი ხდებოდა. 

- გარკვეული ეტაპის შემდეგ ხვდები, რომ საკმარისად ვეღარ იცვლები და რაღაც სიახლე გინდა შენი თავისთვის. ტატუ ყველაზე ეფექტური აღმოჩნდა. ჩემთვის მნიშვნელოვანი სიმბოლოები ან ტატუზე გადამაქვს, ან - სამკაულზე. 

- სამკაულის შეცვლა ყოველთვის შეიძლება. მაგრამ ტატუ, ჩემს აღქმაში, უფრო მუდმივობის სიმბოლოა, ვიდრე ცვალებადობის. თქვენ როგორ აქციეთ ტატუ ცვალებადობის სიმბოლოდ? 

- ყველა სიმბოლო, რაც ტატუზე მაქვს, ჩემთვის შთამაგონებელია. არც ერთი არ არის წარსულის სიმბოლო, ერთის გარდა, რომელიც გარდაცვლილ დედაჩემს მივუძღვენი. დანარჩენი, რაც ხდება, ყველაფერი იმისთვის არის, რომ ახლის კეთების ძალა მომცეს. „მიდი, გოგონი, მიდი, გააგრძელე!“ დაახლოებით, ამ სულისკვეთების ტატუები მაქვს (იცინის).

- თქვით, ტატუებში დიდი ამბები ხდებაო. შეგიძლიათ, გვითხრათ, რა ხდება? თუ ძალიან ინტიმური თემაა? 

- არა, ეს ამბები ყველას აინტერესებს. იაპონურ ტატუზე მოვყვები, რომელიც მთელ მარცხენა ხელზე მაქვს. მარჯვენაზე რამდენიმე სხვადასხვა ისტორიაა, მარცხენაზე კი - ერთი დიდი ისტორია. ეს არის იაპონური თევზი - Koi fish - ჰქვია. ჩვენებურ კალმახს ჰგავს. ამბავი ის არის, რომ ეს თევზი მდინარის დინების საწინააღმდეგოდ მიცურავს, ჩანჩქერსაც კი უპირისპირდება. როცა ყველა წინააღმდეგობას გადალახავს და ჩანჩქერის სათავემდე ააღწევს, დრაკონად გადაიქცევა. მე ჯერ Koi fish ვარ. როცა დრაკონი გავხდები, მერე, ალბათ, დრაკონის ტატუს ზურგზე გადავიტან. 

- დრაკონად გადაქცევა რა მიზანია? 

- დრაკონი  მწვერვალია, უმაღლესი მიღწევაა ჩემთვის. დრაკონს სხვადასხვა რელიგიასა და ფილოსოფიაში განსხვავებული მნიშვნელობა აქვს. ტატუ უნდა მოირგო, მასში შენი ისტორია უნდა ჩააქსოვო. ეს თევზი სულ მახსენებს, რომ, განვითარების გზაზე, ჯერ კიდევ წინააღმდეგობების გადალახვის პროცესში ვარ. 

- მეორე მხრივ, თქვენი ინტროვერტობის დასაძლევად ხომ არ გჭირდებოდათ ეს ტატუები, რომლებიც გარე სამყაროს რაღაცას ეუბნება თქვენ შესახებ?

- არ მგონია. ჩემთვის ტატუ უფრო ის არის, რაც მინდა, ჩემს თავს ვუთხრა. დიდი ხნის განმავლობაში, სულ ვიღაც გკარნახობს, რა არ უნდა აკეთო, რა არ არის მიღებული. ტატუ ჩემთვის იმას ნიშნავს, რომ მე ვწყვეტ, რას ვაკეთებ. უბრალოდ, მინდა, რომ ადამიანებს ისეთი მოვწონდე, როგორიც ვარ, მათ შორის, ჩემი ტატუებით. 

- ამბობთ, რომ ყოველდღე ეძებთ წუთებს ან საათებს, როცა მარტო დარჩებით და იმას გააკეთებთ, რაც გინდათ. მარტო ყოფნა, პირველ რიგში, ენერგიით შესავსებად ხომ არ გჭირდებათ?  

- ალბათ, ასეა. როცა ოჯახი გყავს, როცა სოციუმში ხარ, ამ ყველაფერს ადვილად ვერ მოსწყდები. თან, ჩემი პროფესია დიდ მუშაობას ითხოვს, არა მხოლოდ ფოტოგრაფიულს, არამედ, კომუნიკაციურს. ადამიანებთან ურთიერთობა ფოტოგრაფიისთვის უმთავრესია. არიან ფოტოგრაფები, რომლებიც ძალიან ახლოს არ არიან ადამიანებთან, მაგრამ მე ხალხისგან ვიღებ შთაგონებას - მათი მოსმენით, მათთან ყოფნით ვბედნიერდები. 

- არიან ადამიანები, რომლებიც სხვებთან ურთიერთობით ივსებენ ენერგიის მარაგს და არიან ადამიანები, რომლებიც, პირიქით, ურთიერთობის პროცესში ენერგიას კარგავენ და მარტო ყოფნა სჭირდებათ, თავიდან დასამუხტად. თქვენ რომელ კატეგორიას ეკუთვნით? 

- მე ზუსტად ვიცი, რომ ხალხთან ურთიერთობა მჭირდება და სიმარტოვეც მჭირდება. დილით ძალიან ადრე ვდგები, რომ  ერთხანს სიჩუმეში ვიყო, ჩემს ფიქრში... დილა ჩემთვის დღის ის უმთავრესი ნაწილია, როცა ენერგიით ვივსები. საღამო და ღამე არ მიყვარს, მთელი დღის ურთიერთობების შემდეგ, ძალიან დაღლილი ვარ.  

 

 

„შენი ხედვა დევს კადრში და ეს ხედვა გქმნის შენ.”

 

 

- ფაქტობრივად, ფოტოაპარატის უკან ცხოვრობთ და იქ, კამერის უკან - იხსნებით თუ იმალებით? ფარი ხომ არ არის, რომლის უკანაც უფრო მშვიდად გრძნობთ თავს? 

- ადრე ზუსტად ასე იყო. არის მძიმე გადაღებები, როცა კამერის უკან ყოფნა ბევრად კომფორტულია იმიტომ, რომ იქ ემოცია ადვილად შეგიძლია დამალო. ახლა ამას აღარ ვებრძვი: თუ მეტირება, ვტირი, თუ მეცინება - ვიცინი. არ მინდა, რომ იმ ადამიანებმა, ვისთან ერთადაც ვმუშაობ, იფიქრონ, თითქოს, ავეჯივით ვარ. პირიქით, მინდა იცოდნენ, რომ მეც იქ ვარ და ყველაფერში ვმონაწილეობ. ეს ძალიან კარგად ჩანს გამოსახულებაში. 

- თქვენი ემოცია ჩანს სხვის გამოსახულებაში? 

- დიახ, აუცილებლად. 

- ეს როგორ ხდება? 

- ფოტოკადრი ფოტოგრაფის სარკეა. კონფლიქტის ფოტო იქნება თუ სტუდიაში გადაღებული პორტრეტი, როდის აჭერ თითს ღილაკს, რა მომენტში - შენი გადაწყვეტილებაა. და როცა ამას გადაწყვეტ, შენი ხედვა დევს კადრში და ეს ხედვა გქმნის შენ. თუ ადამიანი ზედაპირულია, ეს ზედაპირულობა ფოტოსაც ეტყობა. ფოტოგრაფია პირდაპირ კავშირშია წაკითხული წიგნების რაოდენობასთანაც, აზრის გამოტანის უნართანაც... 

- ნათქვამი გაქვთ, რომ თქვენი კარიერის დასაწყისში, პანკისში ჩეჩენი ლტოლვილები კარგად ვერ გადაიღეთ, რადგან მოგერიდათ, მათთვის გადაღების ნებართვა გეთხოვათ. ბუნებით მორცხვი ადამიანი ხართ? თუ უფრო - იყავით? 

- ეს ჩემი ადამიანური ეთიკაა - არ გადაიღო, როცა გრძნობ, რომ სადაც ხარ, იქ შენი ადგილი არ არის. ეს განცდა ძალიან იშვიათად მაქვს. 

- არასდროს არ იღებთ, როცა ამას გრძნობთ? 

- არა, არ ვიღებ. ჩემთვის მნიშვნელოვანი მარტო კადრი არ არის, ჩემს თავთან უნდა ვიყო მართალი. 

- ესე იგი, უპირატესობას ანიჭებთ ეთიკურ მომენტს და არა გადაღებას? 

- ყოველთვის. პანკისში ის შემთხვევა იყო, რომ ლტოლვილმა ადამიანმა გარდაცვლილი შვილი მთებში საკუთარი ხელით ატარა. როგორც იქნა, ჩამოაღწიეს და ოჯახში სრულიად სასოწარკვეთილ გლოვას შევესწარი. ვერ შევედი კამერით. 

- ახლა შეხვიდოდით? 

- არც ახლა არ შევიდოდი, არც ერთ შემთხვევაში. სამსახურში შენიშვნა მომცეს - რატომ არ გადაიღეო. 

- „საქინფორმში“ მუშაობდით, ვიცი. 

- დიახ, კადრი უნდა მიგეტანა, ყველაფრის ფასად. მაგრამ ასე არ მოვიქეცი. 

- შეგიძლიათ, დაბეჯითებით თქვათ, რომ არა გამოუცდელობის, არამედ, პრინციპების გამო არ გადაიღეთ? 

- დიახ, ზუსტად ასე იყო. მაგრამ არც ვიცოდი, ეს პრინციპები საერთოდ თუ არსებობდა. მერე ვისწავლე, რა არის ეთიკა, რა არის პირადი სივრცე და რა დროს შეგიძლია, ეს სივრცე გამოიყენო. ცოდნა არ მქონდა, მაგრამ ინსტინქტის დონეზე ვმოქმედებდი. თავიდან ფოტოგრაფია ჩემთვის მთლიანად ინსტინქტებზე იყო დაფუძნებული. ცოდნა მხოლოდ მაშინ მოვიდა, როცა ლექციების ჩატარებაზე დავთანხმდი და ჩემს სტუდენტებთან ერთად დავიწყე ცოდნის მოგროვება. 

- თქვენს არქივში თუ გაქვთ ფოტოები, რომლებიც გადაიღეთ, მაგრამ არ გამოგიქვეყნებიათ, ეთიკური მოსაზრებით? 

- დიახ, მაქვს ასეთი ფოტოები. 

- ეს ნიშნავს, რომ მაინც გადაიღეთ ის, რის გადაღებაც მერე აღარ მოგეწონათ?

- დიახ, არის შემთხვევები, როცა გადაიღებ და მერე ხვდები, რომ არ გამოაქვეყნებ. მაგრამ არა იმიტომ, რომ ვინმე გამამტყუნებს ან მეტყვის, რომ არ უნდა გადამეღო. უბრალოდ, ადამიანს გადავუღე და მერე მივხვდი, რომ არ უნდოდა, გადამეღო. არც უთქვამს, არ გადამიღოო. საზოგადო ადგილი იყო, შემეძლო გადაღება, მაგრამ ჩვენი მზერა შეხვდა ერთმანეთს და მივხვდი, რამხელა ტკივილი ჰქონდა იმ ადამიანს. 

- ვიცი, რომ ეს გორში მოხდა, სადაც თქვენ აგვისტოს ომი გადაიღეთ. ფოტოგრაფები, რომლებიც ექსტრემალურ სიტუაციაში მუშაობენ, ყოველთვის თვითონ იწყებენ ლაპარაკს დილემაზე - უნდა გადაიღონ, თუ ფიზიკურად უნდა დაეხმარონ ადამიანებს, რომლებიც შველას ითხოვენ. როდესაც 2008 წლის ომი გადაიღეთ და შემდეგ ფსიქოლოგის დახმარება დაგჭირდათ, რომ ფოტოაპარატი თავიდან აგეღოთ ხელში, იყო თუ არა თქვენი პრობლემა ნაწილობრივ მაინც დაკავშირებული ამ დილემასთან - რომ ფიზიკურად ვერ დაეხმარეთ ადამიანებს? 

- არა, პრობლემა ამის გამო არ შემქმნია. ადამიანი ისე შეიძლება იყოს დაშავებული, რომ დახმარებით უფრო მეტად ავნო. პირველადი დახმარების ტრენინგიც გავლილი მაქვს და ერთი წელი საექთნო საქმეს ვსწავლობდი. ამის გამო, ალბათ, უფრო ფრთხილი ვარ. იმ ქალბატონს, რომელიც დახმარებას ითხოვდა და რომელსაც ფოტო გადავუღე, ისეთი ტრავმები ჰქონდა მიღებული, რომ ვერც მივხვდებოდი, რით შეიძლებოდა დავხმარებოდი. მით უმეტეს, რომ მის გვერდით გარდაცვლილი მამაკაციც იყო. როცა მუშაობ,  მთავარია, შენი ფოტოების წამოღება და გავრცელება მოასწრო. მე რომ თბილისში დროზე არ ჩამოვსულიყავი, ომის ეს კადრები საერთოდ არ იარსებებდა. 

- თქვენი პროფესიის თავისებურებები მესმის, მაგრამ ფსიქიკა რამ დაგიმძიმათ, ეს მაინტერესებს. 

- ფსიქიკა დამიმძიმა სტრესმა, რომელიც ომში მივიღე, როგორც საქართველოს მოქალაქემ. საშინელი დაუცველობა ვიგრძენი და ეს განცდა ზოგჯერ დღემდე მომყვება. მანამდეც ბევრი კონფლიქტური რეგიონი გამიშუქებია და ჩემს თავზე ბევრი რამ ამიღია, უსაფრთხოების კუთხით. მაგრამ ძალიან შემარყია იმ განცდამ, რომ შენს სახლში, შენს ქვეყანაში არ ხარ დაცული. 

- 28 წლის იყავით, როცა ომის ფოტოები გადაიღეთ. მოგვიანებით თქვით, უფრო გამოცდილი რომ ვყოფილიყავი, სხვანაირად გადავიღებდიო. არადა, გორში გადაღებული თქვენი რამდენიმე ფოტო, განსაკუთრებით ის ფოტო, სადაც ტანსაცმელშემოგლეჯილი ასაკოვანი ქალი დახმარებას ითხოვს - აგვისტოს ომის სახედ იქცა. ამ გადასახედიდან, რას ითხოვდით მეტს საკუთარი თავისგან? 

- მაშინ ბევრი რამ არ ვიცოდი. ეს სუფთად ემოციური ფოტოები იყო. 

- ახლა რაიმე დანაკლისს ხედავთ ამ ფოტოებში? 

- არა, დანაკლისს არ ვხედავ, მაგრამ რა გამოცდილებაც ახლა მაქვს, მაშინ ის გამოცდილება რომ მქონოდა, სხვანაირად გადავიღებდი. იმ მასალას რომ ვუყურებ, თავიდან ბოლომდე ემოციური ფოტოებია და 28 წლის საკუთარი თავის ძალიან მადლობელიც ვარ ამის გამო. ბიჭებს რომ ვუსმენდი, რომლებიც ჩემ გვერდით მუშაობდნენ, მათ ასეთი ემოციები არ ჰქონდათ. 

- ისინი უფრო გამოცდილები იყვნენ, როგორც ვიცი. 

- დიახ და, ამის გამო, უფრო კადრზე იყვნენ ორიენტირებულები. მე უფრო ამბავზე ვიყავი ორიენტირებული. 

 

 

„როცა ადამიანს ყოველდღე ვუყურებთ, ვეღარ ვხედავთ მას.“

 

 

- ერთი მხრივ, ნათქვამი გაქვთ: იმას ვიღებ, რაც ყოველდღიურობისგან მათავისუფლებსო. მეორე მხრივ, ნათქვამი გაქვთ, საქართველოში იმდენად საინტერესოა ჩემი ყოველდღიურობა, რომ ზოგჯერ საკუთარი თავისაც მშურსო. ყოველდღიურობა გიზიდავთ, თუ ყოველდღიურობისგან გათავისუფლებას ცდილობთ? 

- ჩემი საქმე, როგორც მას მე ვხედავ, ყოველდღიური ზრდაა. საქართველოში მუშაობა ძალიან მომწონს, მაგრამ ყოველდღიურობის დანახვა რთულია. უცხოეთში რომ დავდიოდი გადაღებაზე, მეუბნებოდნენ, რა კარგი ფოტოები ჩამოიტანე, აქაც გადაიღე ასეთიო. ამ თხოვნაზე პასუხი არ მქონდა. აქ ვერ ვიღებდი ისეთ ფოტოებს, როგორსაც ლისაბონში ან პარიზში ვიღებდი. რატომ? დღემდე ვფიქრობ ამ კითხვის პასუხზე - რატომ ვერ ვიღებ აქ ისეთ ფოტოებს, როგორსაც იქ ვიღებ?

- ანუ ყოველდღიურ ფოტოებს რატომ ვერ იღებთ? ამას გულისხმობთ? 

- დიახ, ყოველდღიურ ფოტოებზე ვლაპარაკობ. ადრე თბილისში ბევრს დავდიოდი და ბევრს ვიღებდი. ახლა საერთოდ აღარ ვიღებ. განა თბილისი არ მიყვარს?! ვგიჟდები ამ ქალაქზე. მაგრამ, უბრალოდ, თვალს ვასვენებ. ენი ლეიბოვიცი მსოფლიოში ცნობილი ფოტოგრაფია. მას აქვს კურსები ფოტოგრაფებისთვის და პირველივე დავალებად სტუდენტებს სთხოვს, საკუთარი ოჯახის წევრი გადაიღონ. ეს ძალიან რთული დავალებაა. 

- რატომ? 

- იმიტომ, რომ როცა ადამიანს ყოველდღე ვუყურებთ, ვეღარ ვხედავთ მას. სწორედ ეს გამოწვევა დევს ყოველდღიურობის გადაღებაში. ყოველდღე ერთსა და იმავეს რომ უყურებ, მერე, როგორც წესი, ვერაფერს ვეღარ ხედავ. მეც ვავალებ ჩემს სტუდენტებს, რომ თავისი სახლიდან ინსტიტუტამდე გზა გადაიღონ. სულ იმ გზაზე დადიან, გადაღება რა პრობლემაა? მაგრამ უდიდესი პრობლემაა, სინამდვილეში. 

- პრობლემაა, რომ ყოველ ჯერზე ერთი და იგივე არ გამოვიდეს? 

- ადამიანი იწყებს ფიქრს - რას ვხედავ? ღირს თუ არ ღირს გადასაღებად? ბუნებრივია, რომ ამ გზას ყოველდღე სხვადასხვანაირად უყურებ. მაგრამ რომ დაინახო, როგორ უყურებ - ეს არის რთული! ფოტოგრაფია ტექნიკურად მარტივია, მაგრამ ბევრი სირთულე სწორედ ტექნიკის უკან იმალება. 

- რომ შევაჯამო, რაც გავიგე - ფაქტობრივად, ყოველდღიურობისგან თავისუფალი გადაღება უფრო ადვილია, ვიდრე ყოველდღიურობის გადაღება. მაგრამ საქართველოში ყოველდღიურობა არის ისეთი, რომ კარგად თუ ჩაუკვირდები, თვითონ გათავისუფლებს ამ ყოველდღიურობისგან. 

- დიახ, ზუსტად. ოღონდ, კარგად უნდა ჩაუკვირდე, ეს გადამწყვეტია. უნდა იცოდე, როგორ დააკვირდე. 

- ამას სჭირდება გამოცდილება? 

- დიახ, ვარჯიში სჭირდება. არ ნიშნავს, რომ თუ გონიერი ადამიანი ხარ, ყველაფერს უცბად მიხვდები. არ არის ასე, ჩვენს პროფესიაში. გამოცდილება პატარა-პატარა აღმოჩენებისგან შედგება და ამ აღმოჩენებისთვის სულ მუშაობ შენს თავზე. 

- სხვა დროსაც ბევრჯერ გითქვამთ, რომ გადაღებას მუდმივი ვარჯიში სჭირდება და რომ თქვენც ყოველდღე ემზადებით გადასაღებად. ამის მნიშვნელობა ჩემთვის ბუნდოვანია. ერთი თვე საერთოდ არაფერი რომ არ გადაიღოთ, თქვენს პროფესიონალიზმს რაიმე დააკლდება? 

- არაფერი არ დააკლდება. ფიზიკურად ფოტოების გადაღება არ ნიშნავს, რომ ფოტოგრაფი საკუთარ განვითარებაზე ზრუნავს. ფოტოგრაფიის ბევრი მასწავლებელი ამბობს, რომ ყოველდღე გადაღება აუცილებელია შენი ტექნიკური უნარების დასახვეწად. 

- თქვენ ეს ეტაპი დიდი ხნის წინ გაქვთ გავლილი.

- არ დაგვავიწყდეს, რომ ტექნოლოგიურ ეპოქაში ფოტოგრაფის ცხოვრება მარტივი არ არის. ახალ ფოტოაპარატს რომ მოვკიდებ ხელს, არ ნიშნავს, რომ მაშინვე გავერკვევი მის თავისებურებებში. ხშირად ჩემზე უმცროს თაობას ვეკითხები ახალი ტექნიკის შესახებ. მუდმივად უნდა მიჰყვე ცვლილებებს, ეს აუცილებელია.

- ტექნიკური პროგრესისთვის ფეხის აწყობა გასაგებია. სხვას რას გულისხმობთ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვაში? 

- გადაღება ხანდახან არც მსიამოვნებს. იმისთვის, რომ განვვითარდე, აუცილებლად მჭირდება მუსიკის მოსმენა, ფილმის ნახვა, გამოფენის დათვალიერება, მეგობართან შეხვედრა. ახლახან აღმოვაჩინე, რომ თბილისში ძალიან კარგი ახალი კაფეები და კლუბებია, საინტერესო ხალხით და საინტერესო ცხოვრებით. მივხვდი, რომ საერთოდ მოწყვეტილი ვარ ამ სფეროს. უამრავი რამ ახალი ხდება და ეს უნდა მიიღო. მხოლოდ ახლის მიღება გეხმარება, რომ შენი ფოტო დროს არ ჩამორჩეს. 

- ნათქვამი გაქვთ, ფოტოგრაფიას დასვენება უყვარსო და უნდა მეკითხა, რას გულისხმობთ-მეთქი. მაგრამ ახლა მივხვდი, ეს სიტყვები რას ნიშნავს. 

- ადრე მქონდა მომენტი, როცა მიფიქრია, ნეტავ, ეს გადამეღო... ან სხვებს უთქვამთ - ნეტავ, გადაგეღო. ახლა? არაფერსაც არ ვნანობ. თუ რამის გადაღება მინდა, მაგრამ ვიცი, რომ ვერ გადავიღებ - თუნდაც, ტექნიკური ფაქტორის გამო - უბრალოდ, ვუყურებ, რომ დავიმახსოვრო. იმდენ ინფორმაციას ვიღებთ ყოველდღიურად, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რას ვიმახსოვრებთ. ჩემთვის ადამიანურადაც და პროფესიულადაც მნიშვნელოვანია, ვიცოდე, რა ხდება იმ გარემოში, სადაც ვარ, სადაც ვცხოვრობ. 

- ადამიანების წარმოდგენაში, ფოტოგრაფი არის ადამიანი, რომელსაც სჭირდება კარგი თვალი და კარგი ფონური ცოდნა. იმიტომ, რომ  მაინც ის მომენტია მთავარი, როცა ღილაკს თითი უნდა დააჭიროს. 

- დიახ, ხელზე ტატუდ მაწერია ეგ ორი სიტყვა - „გადამწყვეტი მომენტი“.  

- იმის კითხვა მინდოდა, რომ ფოტოგრაფისთვის ფიქრის დრო როდის დგება? 

- გადასაღებად რომ მიდიხარ, წინასწარ უნდა მოემზადო. ყოველთვის მზად უნდა იყო კონკრეტული ფოტოს გადასაღებად. პორტრეტს როცა იღებ, ხშირად ფოტოგრაფს გიყურებენ - აბა, როგორ დავდგე? სად დავდგე? შეიძლება არც ხარ ნამყოფი იმ სივრცეში, ეს ადამიანიც მანამდე არასდროს გინახავს. მაგრამ გეკითხება: „შენ როგორ ფიქრობ, როგორ უნდა დავდგე?“ და ვერ უპასუხებ: „არ ვიცი, თქვენ როგორც გინდათ, ისე დადექით.“ ამას როგორც კი ამბობ, ეს ნიშნავს, რომ არ გაქვს ნაფიქრი. სოციალური ქსელი ძალიან მეხმარება. თუ ადამიანი მწერს, რომ უნდა, ფოტო გადავუღო, შევდივარ მის პროფილზე და უცებ ვხვდები, რა გემოვნების ადამიანია. ფოტოგრაფია ისეთი მრავალფეროვანია... 

 
ამოუწურავია. 44 წლის ვარ და დღემდე სულ რაღაცას ვპოულობ ახალს და მუდმივად: „აჰ, რა მაგარია!“-ს ვამბობ.

ყველასთვის და ყველაფრისთვის მომზადებას ცალ-ცალკე ფიქრი სჭირდება. ამას თუ არ აკეთებ, შეიძლება, დროს 30-40 წლით ჩამორჩე. კოლეგების ნაწილს, სამწუხაროდ, ეს დაემართა. წარსულში ჩარჩენას საკუთარი შემოქმედებით ტკბობა იწვევს, როცა გგონია, რომ უკვე მიაღწიე მწვერვალს. სხვისთვის კი შენი "მწვერვალი" უკვე წაკითხული წიგნია. ცხოვრების მრავალფეროვნება, სინამდვილეში, ფენებად გვეწებება და გვზრდის. სულაც არ მაინტერესებს, რომ ფოტო ესთეტიკურად იყოს ლამაზი. ჩემთვის მთავარია, რომ ფოტომ რაღაც ამბავი მოგიტანა, დაგაფიქრა; მისი მეშვეობით რაღაც ახალი გაიგე. 

- თუ არსებობს სივრცე, სადაც გადაღებას განსაკუთრებული ფიქრი და მომზადება სჭირდება? 

- ყველაზე დიდი გამოწვევა პარიზში გადაღებაა. იმიტომ, რომ პარიზს მილიონობით ადამიანი იღებს ყოველდღე. და, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია, როცა გინდა, პარიზი ისე გადაიღო, რომ ეს იყოს „შენი“. მაგრამ ეს იმიტომ ვიცი, რომ პარიზის უამრავი ფოტო მინახავს. სისტემატურად რომ არ ვუყურებდე პარიზის ფოტოებს, ვერც მივხვდებოდი, რომ „ჩემის“ მაგივრად, კლიშე გადამიღია. 

- ფოტოგრაფებზე გაქვთ ნათქვამი, ჩვენ ფოტოების წამკითხველები ვართო. მჯერა, რომ ფოტოს სწორად წაკითხვას ისევე უნდა შესწავლა, როგორც ტექსტის წაკითხვას სჭირდება ანბანის ცოდნა. შეგიძლიათ, მოკლედ გვითხრათ, რა არის ის, რაც ფოტოს მნიშვნელობას ანიჭებს?

- კარგი ფოტო ემოციას უნდა გიტოვებდეს. მაგრამ ემოცია, რაც მნახველს უჩნდება, შეიძლება, განსხვავდებოდეს იმ ემოციისგან, რაც ფოტოგრაფს უნდოდა, რომ ეჩვენებინა. უმეტესწილად, ფოტოს მიმართ გვაქვს ტკბობის მოლოდინი - რომ ყვავილი ლამაზად გაიშალა, ან ჩიტი ლამაზად ზის სადენზე. რა თქმა უნდა, ასეთ ფოტოებს მეტი მნახველი ეყოლება, მეტიც მოგიწონებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კარგი ფოტოა. 

- თქვენთვის კარგი ფოტო როგორია? ამბავი უნდა მოიტანოსო, თქვით.

- ჩემთვის კარგი ფოტოა ის, რომელშიც სამყარო თავისებურად არის დანახული. დამწყებ ფოტოგრაფებს, როგორც წესი, თემები უჭირთ. გამოცდილებს კი იმდენი თემა გვაქვს, აღარ ვიცით, სად წავიღოთ. იმიტომ, რომ ბევრს ვმუშაობთ. უკვე ბევრი წავიკითხეთ, ბევრი ვნახეთ და თუკი ვინმემ გადაიღო რაიმე ისეთი, რის მსგავსიც ნანახი ჯერ არ მაქვს, ვჩერდები... როდესაც „სქროლვის“ დროს უცებ გაჩერდები, ეს ნიშნავს, რომ რაღაცამ დაგაფიქრა. 

- ემოციაა, თუ ცოდნაა, რაც გაჩერებთ? 

- ალბათ, ორივე. 

 

 

„ადამიანმა არასდროს არ უნდა იფიქროს, რომ მისი გაჭირვება შენი ფოტოსთვის გამოიყენე.“

 

 

- ნათქვამი გაქვთ, რომ თანამედროვე ფოტოგრაფია აღარ ითხოვს სტანდარტებზე მორგებას და რაც უფრო განსხვავებული ხარ, მით მეტად წარმატებული შეიძლება იყო. ეს ახალგაზრდებს გარკვეულ უპირატესობას ანიჭებს? თუ გამოცდილება, თვალის ვარჯიში მაინც გადამწყვეტია? 

- ფოტოგრაფიის სტუდენტს სჭირდება არა მასწავლებელი, არამედ, მენტორი - ადამიანი, რომელიც მიმართულებას მისცემს, მაგრამ არ ასწავლის. ჩემი სტუდენტები ვერ ხვდებიან, როგორ ისწავლეს ფოტოგრაფია. 

- თქვენზე უკეთესად თუ შეუძლიათ, რაიმე გადაიღონ იმის გამო, რომ ახალგაზრდები არიან? 

- დიახ, შესაძლებელია. 

 
მე იმიტომ ვკითხულობ ლექციებს, რომ ამათგან გავიგო, სად ცხოვრობენ. მე მაგათგან ვსწავლობ და ამაში კიდევ ფულს მიხდიან.

სტუდენტს რომ ჩემთან მასალა მოაქვს, ეს მე მზრდის. 

- მათი უპირატესობა რა არის ფოტოგრაფიაში? 

- ჩარჩოებისგან, უკვე ნანახისგან, უკვე გააზრებულისგან თავისუფალი ხედვა და სუფთა ემოციური ვიზუალი - ეს არის უპირატესობა. უყურებ და არ აქვს მნიშვნელობა, ფოტო სწორად არის თუ არა კომპოზიციურად აგებული, ფერები სწორად არის თუ არა განლაგებული... რომ შეხედავ, ზუსტად იცი, ამ ადამიანს რა პოტენციალი აქვს. სტუდენტის ნედლი, გადაუმუშავებელი თვალი რასაც გაძლევს, ეს არის რეალობის ძალიან საინტერესო კუთხე. 16 წლის ბავშვი როგორ ხედავს თავის სახლს, ქუჩას, უბანს, ქალაქს - ამით მე ვსწავლობ. 

- ის 28 წლის ლელი გამახსენდა, რომლის ემოციური ფოტოები ბევრად უფრო პოპულარული გახდა, ვიდრე თქვენი გამოცდილი კოლეგების ცოდნაზე დაფუძნებული ფოტოები იყო. 

- ასე არ მიფიქრია, მაგრამ სწორია, რასაც ამბობთ. მეორე მხრივ, ფოტოს აქვს ასეთი თვისება, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, როდის გადაიღე და როდის გამოაქვეყნე. მე პირველი ვიყავი, ვინც მაშინ გორიდან ფოტოები გაავრცელა. სააგენტოში არ ვმუშაობდი, დამოუკიდებელი ფოტოგრაფი ვიყავი და დრო ისე გამოვიყენე, რომ ხალხმა ჩემი ფოტოების ბანერები დაბეჭდა, სანამ ჩემმა კოლეგებმა თავისი ფოტოების გამოქვეყნებისთვის თანხმობა მიიღეს სააგენტოდან. 

- დავით ცხადაძე, რომელმაც ბევრ ადამიანს ასწავლა ფოტოგრაფია, ამბობს - ტექნიკა ისე განვითარდა, ფოტოგრაფიის ხარისხს, ძირითადად, ფოტოგრაფის კეთილსინდისიერება განსაზღვრავს და არა ტექნიკური უნარებიო. თქვენთვის ეს სიტყვები რას ნიშნავს? 

- ჩემთვის ეს უკავშირდება ეთიკას და შენი საქმის ცოდნას. სიმართლის ჩვენება ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე მხოლოდ სილამაზის აღბეჭდვა. მაგრამ ადამიანმა არასდროს არ უნდა იფიქროს, რომ მისი გაჭირვება შენი ფოტოსთვის გამოიყენე. მთავარია, რომ ადამიანი ბუნებრივად გამოიყურებოდეს თავის გარემოში. ერთხელ თუშეთში ვიღებდი ქალს, რომლის სახლსაც ისეთი აივანი ჰქონდა, ხედს თითქმის ყველა მიმართულებით ხედავდა. ვკითხე, ალბათ, როგორ მოგწონთ ეს ხედი, რომელიც გვერდით მთას უყურებს-მეთქი. მაგას არ ვუყურებო; აი, ჩემს წინ მთაზე ცხვარი რომ ჩაეწყობა და მარგალიტის მძივივით რომ გაედება ბილიკს, ეგ მომწონსო. 

 
და მანდ მივხვდი, რომ საერთოდ აზრზე არ ვარ არაფრის; მანდ მივხვდი, რომ არაფერიც არ დამინახავს.

თურმე, მე სულ სხვაგან ვიყურებოდი, როცა ამ ადამიანს სულ სხვაგან ჰქონდა მზერა. 

- ვიცი, რომ რისკს არ ერიდებით. ამბობთ, შიში არ ვიცი, რა არისო. შეგიძლიათ, სახელი დაარქვათ განცდას, მოტივს, რომელიც გაამართლებდა თქვენს სიკვდილს პროფესიული რისკის გაწევის დროს? 

- კონფლიქტის ზონის გადაღების დროს აუცილებელია, რომ არ გეშინოდეს. მაგრამ შიში ბევრნაირი არსებობს. შეიძლება, ტყვიის არ მეშინოდეს, მაგრამ მეშინოდეს, რომ არასწორად იმუშაოს ფოტომ, რომელიც გადავიღე. 

- რა გაამართლებდა თქვენს სიკვდილს კონფლიქტის გადაღებისას? 

- არაფერი! სიკვდილს არაფერი არ ამართლებს! ტყვია ბრმა არის, მაგრამ რასაც საქმისადმი  პასუხისმგებლობიან მიდგომას ვეძახით - ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. როცა კონფლიქტის ზონაში მივდივარ გადასაღებად, რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ შეიძლება, ვეღარ დავბრუნდე. მაგრამ ეს ჩემი მთავარი საფიქრალი არ არის. ერთხელ ნათქვამი მაქვს, რომ სულაც არ მინდა, ჩემი სახელობის ოთახში ისწავლონ ჩემმა სტუდენტებმა. ორი დღე ვიღებდი გორში და დღემდე მომყვება შლეიფად, იმხელა სტრესი მივიღე. უკრაინაში, მაგალითად, ორ წელზე მეტია, ხალხი ომში ცხოვრობს. როცა ამ ომის გადასაღებად მივდივარ, მარტო ფოტოებს კი არ ვიღებ, ჩემი იქ ყოფნით უკრაინელ ხალხს ჩემს თანადგომას ვუზიარებ. ახლა კიდევ მივდივარ უკრაინაში, ოღონდ, შარშანდლისგან განსხვავებით, ძალიან ბევრს ვფიქრობ. „რისი გადაღება მინდა?“ - ეს არის ჩემი ყველაზე დიდი ფიქრი და შიში დღეს. როცა უკრაინაში ადამიანი მეკითხება - რატომ გინდა, რომ გადამიღოო, მას ზუსტი პასუხი უნდა გავცე, სიმართლე უნდა ვუთხრა. ამიტომ, კარგად უნდა მქონდეს ყველაფერი გააზრებული. 

- ერთ გადაცემაში თქვენზე თქვეს, ლელი როლური მოდელი არისო. თქვენ როგორ ხედავთ თქვენს თავს - რა თვალსაზრისით შეიძლება, რომ როლური მოდელი იყოთ? 

- მე ქალების მხარდამჭერი ვარ. აღმოჩნდა, რომ ჩემი ცხოვრების განმავლობაში ბევრჯერ გავაკეთე ისეთი რამ, რასაც მანამდე ქალები არ აკეთებდნენ. ფოტოგრაფობა რომ დავიწყე, ქალი ფოტოგრაფები თითქმის არ არსებობდნენ საქართველოში. პირველი ქალი ვიყავი, ვინც აგვისტოს ომი გადაიღო. მაგრამ ომში ამიტომ არ წავსულვარ, რა თქმა უნდა. 

- თქვენი შვილისთვის რა მხრივ გინდათ, რომ როლური მოდული იყოთ? 

- შრომის მხრივ. მე შრომა მაბედნიერებს. მინდა, ჩემი შვილი ამას ხედავდეს. ბავშვებზე ძალიან მოქმედებს მშობლების შრომისმოყვარეობა. 

 

 

„პროფესიული ჩვევები ოჯახის წევრებზე არ გადამაქვს.“

 

 

- თქვენი ცხოვრების დიდი ნაწილი დეტალებზე დაკვირვებას მიაქვს. ეს ოჯახის წევრებს თქვენთან ერთად ცხოვრებას ხომ არ ურთულებს? 

- ერთხელ ძალიან ჭკვიანმა კაცმა მირჩია, შენი პროფესიის ადამიანს არ გაჰყვე ცოლადო. მე კიდევ პირიქით ვფიქრობდი. არადა, ძალიან სწორი რჩევა იყო. სახლში რომ მივდივარ, ჩემს პროფესიასთან დაკავშირებით არავინ არაფერს მეკითხება, მხოლოდ ოჯახურ თემებზე ვსაუბრობთ. 

- ესე იგი, მეუღლე სხვა პროფესიის არის? 

- ჩემი მეუღლე საბეჭდი სახლის ხელმძღვანელია. მისთვის უცხო არ არის, რასაც ვაკეთებ, მაგრამ ფოტოების განხილვა ჩვენი საუბრის თემა არ არის და ეს ძალიან მომწონს. 

- მე იმას ვგულისხმობდი, რომ პირიქით, თქვენ ხომ არ გიჩნდებათ ბევრი შენიშვნა ოჯახის წევრების მიმართ? 

- არა, ასე არ არის. პროფესიული ჩვევები ოჯახის წევრებზე არ გადამაქვს. მაგრამ არაფერი არ გამომეპარება. ძალიან ვაკვირდები, ჩემი შვილი როგორ იმეორებს რაღაცას - ან ჩემსას, ან ჩემი მეუღლისას და სულ ვფიქრობ, რამდენად საპასუხისმგებლოა, იყო მშობელი. 

- თქვენი შვილი რამდენი წლის არის? 

- ცამეტის ხდება. არაფერს არ ვაძალებ, მაგრამ თუ რამე დააინტერესებს და მკითხავს, თუნდაც, ფოტოაპარატთან ან გადაღებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა სიღრმისეულად ვპასუხობ.  

- თქვენთვის რომელია სიტყვა, რომელიც მთელი ცხოვრების მეგზურად გამოდგება?

- წეღანაც გითხარით, ორი სიტყვა მაწერია ხელზე და ისევ ამას გავიმეორებ: „გადამწყვეტი მომენტი“. ეს სიტყვები ცნობილი ფოტოგრაფის - ანრი კარტიე-ბრენსონის წიგნის სათაურია (The Decisive Moment).  როდის დააჭერ თითს ღილაკს, ეს არის გადამწყვეტი მომენტი და წიგნიც ამ მომენტზეა. 

- დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. ინტერვიუს დავასრულებთ თქვენი კომენტარით ცნობილი ადამიანების ორ გამონათქვამზე. პირველი ციტატის ავტორია აშშ მე-16 პრეზიდენტი აბრაამ ლინკოლნი (1809-1865): „ტაქტი არის უნარი, ადამიანი აღწერო ისე, როგორც ის საკუთარ თავს ხედავს.“

- ლინკოლნი იყო პირველი პრეზიდენტი, რომელიც ფოტოთი გაიცნო ამერიკის მოსახლეობამ. მანამდე მხოლოდ ნახატები არსებობდა. ამ ციტატაში ლინკოლნი ადამიანის ფიზიკური იერის აღწერას არ გულისხმობდა; რა თქმა უნდა, გულისხმობდა მისი შინაარსის გადმოცემას და ამიტომ არის ეს ციტატა ჩემთვის საინტერესო.  

- ყოველთვის მზად ხართ, რომ ადამიანს აჰყვეთ ამ თამაშში - აღწეროთ ისე, როგორც ის საკუთარ თავს ხედავს? ნიღბის ჩამოხსნის გამოცდილება არ გაქვთ? 

- როგორ არა, ყოველთვის. ოღონდ, ეს ესთეტიკურად სწორად უნდა გაკეთდეს. 

- მეორე ციტატა ეკუთვნის მეოცე საუკუნის ლეგენდარულ მსახიობსა და რეჟისორს ჩარლი ჩაპლინს (1889-1977): „ცხოვრება ტრაგედიაა, როცა მსხვილი პლანით ხედავ, და კომედიაა, როცა შორიდან უყურებ“.

- ამ აზრს პირდაპირი ვიზუალური მნიშვნელობა აქვს: რაც უფრო ახლოს მიდიხარ ადამიანთან, მის დრამას მით უფრო მკაფიოდ ხედავ; რაც უფრო შორდები, მით ნაკლებ ემოციას ამჩნევ. როდესაც თვალსაწიერში გარემო შემოდის, ეს გარემო ადამიანის ემოციას დიდწილად ანეიტრალებს. 

ფოტომასალა: დავით ბანცაძე

გუნდი

ირაკლი გედენიძე

ზურაბ ქურციკიძე

გიო კუსიანი

გიორგი ურუშაძე

თამთა ყუბანეიშვილი

ნანა ყურაშვილი

ინგა ქორიძე