ინტერვიუს შესახებ
თეა თოფურია გახლავთ აწ უკვე იმ ცნობილი ფრაზის ავტორი, რომელიც მისი ინტერვიუდან ამოვიღე, ტექსტის შესამოკლებლად: „ადამიანი, ზოგადად, ის ხარ, რასაც ვერ ეწინააღმდეგები.“ შემდეგ, როდესაც ამ ფრაზას ვერ შეველიე და ფეისბუკზე ცალკე გამოვაქვეყნე, „ფრენდებმა“ დამამუნათეს - ეს თუ ამოიღე, რაღა დატოვე, ჯობია, უკან დააბრუნოო.
ახლა გაქვთ საშუალება, ინტერვიუ სრულად წაიკითხოთ და მიხვდეთ, „რაღა დავტოვე“. თან, იმაშიც დარწმუნდეთ, რომ თქვენი რჩევა გავითვალისწინე და ფრაზა თავის ადგილზე დავაბრუნე.
გაიცანით თეა თოფურია, იშვიათი სიღრმის ადამიანი, რომელიც ჩემს ნაცნობებს შორის ერთადერთია, ვინც იტყვის: „ჩემში არის უბრალოება.“ და ეს იქნება არაჩვეულებრივი ფრაზა, ძალიან ჩვეულებრივად ნათქვამი. არ ვიცოდე მაინც, როგორი ადამიანები ნატრობენ, რომ საკუთარ თავზე ამის თქმა შეეძლოთ!
ია ანთაძე
- თეა, როგორ ფიქრობ, შეიძლება, საღი აზრით და სინდისით ცხოვრება ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოვიდეს?
- სინდისი და საღი აზრი ჩემთვის ერთი და იგივეა. მათ შორის რაიმე დაბრკოლებას ვერ ვხედავ. არ მქონია შემთხვევა, რომ საღი აზრი სინდისთან წინააღმდეგობაში მოსულიყო.
- ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე შენი ღირებულებები თუ იცვლებოდა?
- ბაზისური რაც არის, რაც თავიდანვე ჩამოყალიბდა, ის ღირებულებები არ შეცვლილა. მაგალითად, ეროვნული მოძრობის დროს რა დამოკიდებულებაც გაჩნდა, რომ სამშობლო დასაცავია, გასატანია - ეს არ შეცვლილა. შემდეგ ამას დაემატა რწმენა, რაც ასევე არ შეცვლილა. საკუთარ თავთან რომ მართალი უნდა ვიყო - არც ეს შეცვლილა. სამყაროს ხედვა რაც მქონდა, თუნდაც, ღრმა ბავშვობიდან - იგივეა დღემდე.
- თუ იყო (ან თუ არის) რომელიმე ასაკი, რომელშიც მუდმივად იცხოვრებდი?
- სიმართლე გითხრა, ცხოვრება ყოველთვის მიჭირდა. ისეთი ასაკი არ მქონია, რომ ცხოვრება იოლი ყოფილიყო. ბავშვობიდან წარმოსახვის ადამიანი ვიყავი - ეს თანდაყოლილი უნარი იყო. ოღონდ, წარმოსახვაში იმას არ ვგულისხმობ, რომ რაღაცის გამოგონება შემეძლო. ესეც, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩემი შექმნილი სამყაროთი ვცხოვრობდი. დღემდე ასე ვარ. რეალობისგან სიამოვნებას ვერ ვიღებდი. რეალობაში რასაც ვხედავდი, ისიც კი უნდა წარმომედგინა, რომ სიამოვნება მიმეღო.
- რას გულისხმობ?
- მაგალითად, მოგზაურობა. რამდენ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, მაგრამ როდესაც მოგზაურობას წარმოვიდგენ, უფრო მსიამოვნებს, ვიდრე რეალური მოგზაურობა. ამან რაღაც ასაკამდე დიდი ბარიერი წარმოქმნა ჩემსა და რეალურ სამყაროს შორის. საერთოდ არ ვიყავი მიჯაჭვული ადამიანებზე, მათ შორის, ოჯახის წევრებზე. „დედა მომენატრა!“ - რა გრძნობა იყო, საერთოდ არ ვიცოდი. მეგობრებთანაც ძალიან ახლოს არ ვყოფილვარ. მარტოობა ჩემთვის დიდი კომფორტი იყო.
- თუ შენიშნე, წარსულ დროში ყვები.
- იმიტომ, რომ რაღაც პერიოდის მერე, როცა ჩემს ცხოვრებაში მეგობრები შემოვიდნენ, სიყვარული შემოვიდა, სამსახურზე ზრუნვა დაიწყო - ამ რეალობამ მიჯაჭვულობები გააჩინა. ძალიან დიდი გრძნობებიც გააჩინა, ემოციებიც, ადამიანების დაკარგვის შიშიც... ამან თავისთავად შექმნა დისკომფორტი. მანამდე ძალიან არხეინი დამოკიდებულება მქონდა ყველაფერი მატერიალურის მიმართ, მათ შორის, ადამიანების მიმართაც.
- ჩვენს საერთო კოლეგას და მეგობარს, ეკა ქევანიშვილს, შენზე დაწერილი აქვს - თუ კარგად არ იცნობ, ვერაფერს გაუგებო. ვინც ყველაზე კარგად გიცნობს, იმას რომ ვკითხო, თეას ცხოვრების მთავარი მიზანი რა არის-მეთქი, როგორ ფიქრობ, რას მიპასუხებს?
- ალბათ, გიპასუხებს, რომ ლიტერატურული ნაწარმოებების შექმნა არის ჩემი ცხოვრების მთავარი მიზანი.
- ეგ პასუხი თუ მოგეწონებოდა?
- არა, ეს ჩემი მიზანი არ არის. წერა მე არ ამირჩევია, ყოველთვის იყო, როგორც ჩემი ნაწილი. ნიჭი რა არის? რასაც ვერ ეწინააღმდეგები. ადამიანი, ზოგადად, ის ხარ, რასაც ვერ ეწინააღმდეგები. არასდროს ვმდგარვარ არჩევანის წინაშე, რომ დავწერ, ან არ დავწერ. წარმოსახვები სულ მქონდა და როცა ეს გაქვს, მერე რეალურად ხარ დამწერი. სინამდვილეში, დაწერ, თუ არ დაწერ, ამას დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს.
- შენი სამყარო, რომელიც ღრმა ბავშვობიდან მოგყვება, შენთვის, პრინციპში, არის თუ არა თვითკმარი? ორივე რომ გავაერთიანოთ - რეალური და მხატვრული სამყარო - არის თუ არა თეას სამყარო თვითკმარი თეასთვის?
- თუ ამ სამყაროს გარდა არაფერს დამიტოვებდა ცხოვრება, მე მას თვითკმარს გავხდიდი. მაგრამ რადგანაც არის ცხოვრებაც, მას არ ვემიჯნები. სანამ ცოცხალი ხარ ადამიანი, ასოციალური ვერ იქნები. მაგრამ თუ სადმე ჩამამწყვდევენ და საკუთარ თავთან დამტოვებენ, ამას ვიკმარებ. არ მგონია, რომ ოდესმე მომბეზრდეს. ზოგადად, მგონია, რომ ადამიანი თვითკმარია, ყველანი თვითკმარები ვართ.
- მაგრამ ხომ არიან ადამიანები, რომლებიც საყრდენებს მუდმივად საკუთარი თავის გარეთ ეძებენ?
- მეც მიძებნია. ეს ჩვენი სისუსტეა, რომ კიდევ რაღაცას ვეძებთ. ადამიანი იმდენად ფენომენალურია, რომ ახლად დაბადებულმა ბავშვმა ერთი დღეც რომ იცოცხლოს, ისიც კი თვითკმარია. რაღაც აქვს ადამიანს ისეთი, რაც მას თვითკმარობას ანიჭებს. რანაირად შეიძლება, რომ არ გვეყოს რამე?! ამიტომ ვამბობ, რომ მაკლია ის სამყარო, რომელშიც ერთ დროს ვიყავი, ყოველგვარი მიჯაჭვულობების გარეშე. მერე, მოდის დრო და გინდა აღიარება, გინდა, მეგობარმა დაგაფასოს, ვიღაცამ შეგიყვაროს, შენ ვიღაც გიყვარდეს... ეს ყველაფერი ადამიანში დისკომფორტს იწვევს. სულ დაჭიმული ხარ. მაგრამ როგორც გამოქვაბულია კლდეში, ისეა შინაგანი სამყარო ადამიანში - არსად არ მიდის.
- როცა გააცნობიერებ, რომ საკუთარი სამყარო თვითკმარია, ამის შემდეგ სხვა ადამიანები უფრო მეტად გაინტერესებს? თუ უფრო ნაკლებად?
- შეიძლება, არ გაინტერესებდეს, მაგრამ უფრო უგებ. რაც უფრო კარგად იცნობ საკუთარ თავს, მით უკეთესად იცნობ სხვა ადამიანსაც. მაგალითად, ბავშვობაში, როდესაც გარშემო უფროსები ლაპარაკობდნენ, ძალიან კარგად ვხვდებოდი, რას გულისხმობდნენ; განსხვავებით უფროსებისგან, სხვათა შორის. სულ მიკვირდა, ეს ხალხი რატომ ვერ ხვდება, ის ადამიანი, სინამდვილეში, რას ამბობს-მეთქი.
- უფროსების შენ უკეთ გესმოდა, ვიდრე სხვა უფროსებს?
- დიახ. საკმაოდ კარგი დამკვირვებელი და მსმენელი ვარ. ეს მერე აღმოვაჩინე. შეიძლება, რომელიღაც წვეულებაზე საერთოდ არც გაახსენდეს ვინმეს, რომ იქ ვიყავი. ყოფილა ასეთი შემთხვევები, როცა უკითხავთ: „თეა ვინ არის? აქ იყო, საერთოდ?“ მაგრამ მე ყოველთვის მახსოვს, ვინ იყო, რა ილაპარაკეს, ვინ რა იგულისხმა იმის უკან, რაც ხმამაღლა თქვა... ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია. ყურადღების მიღმა არ დავტოვებ ადამიანის განცდას და ნათქვამს.
- არ არის დამღლელი მუდმივად ფხიზლად ყოფნა?
- საერთოდ არ მაწუხებს. არ ვამბობ, რომ, გინდა თუ არა, მის ემოციებს ავყვები. ეს თავისით მოდის, თითქოს, ფილმს ვუყურებდე.
„ჩემთან ურთიერთობისას რაღაც დისკომფორტი ყველას აქვს.“
- ამბობ, რომ ბავშვობიდან შენ ცალკე იყავი და რეალური ცხოვრება ცალკე იყო. მეტიც გაქვს ნათქვამი: არ ვენდობოდი, მეგონა, რომ ცხოვრება პიროვნებას ანადგურებსო. ეს სახელი დიდობისას დაარქვი შენს ბავშვურ შიშს, თუ ბავშვობაშივე ფიქრობდი, ცხოვრება პიროვნებას გამინადგურებსო?
- ბავშვობაში ეს ქვეცნობიერი შიში იყო. მერე გავიაზრე, რატომ მქონდა ეს შიში.
- შეგიძლია, მაშინდელი მდგომარეობა აღგვიწერო? ახლა როგორ აფასებ კი არა, მაშინ რას გრძნობდი...
- რაღაც ბუნებრივად გაქვს, რაღაც ბუნებრივად არ გაქვს. მაგალითად, თამაშის სურვილი არ მქონდა, თითქმის არ ვთამაშობდი. ჩემი თამაში იყო რაღაცის წარმოსახვა, ანუ ფანტაზიორობა. ვხედავდი, რომ სხვა ბავშვებს არ ვგავდი. შეიძლება, სხვებიც განსხვავებულები იყვნენ, მაგრამ ამას მაშინ არ ვაცნობიერებდი. ამიტომ, ყოველთვის მქონდა შიში, რომ ვერ გამიგებდნენ, ვერ მიმიღებდნენ...
- თანატოლები?
- თანატოლებიც. არადა, თითქოს, არავინ მჩაგრავდა, გარიყული არ ვყოფილვარ. მათთვის ჩვეულებრივი ბავშვი ვიყავი.
- სკოლაში რა ხდებოდა?
- სკოლაშიც ასე იყო. დიდად მეგობრული კლასი არ გვქონია.
- სოხუმის ამბავს ყვები?
- დიახ. ასე გამოდიოდა, ჩემთვის ვიყავი. თუმცა, ადამიანებთან ურთიერთობა არ მიჭირს იმიტომ, რომ იუმორის გრძნობა მაქვს. მაინც ყოფილა შემთხვევები, როცა ავმდგარვარ და წამოვსულვარ იმიტომ, რომ მარტო მინდოდა დარჩენა. ჩემთან ურთიერთობისას რაღაც დისკომფორტი ყველას აქვს. ოღონდ, არ ვიცი, რა დისკომფორტია. შეიძლება, მე ვითხოვ ადამიანებისგან უფრო მეტს, ვიდრე მათ უნდათ, რომ გაიღონ.
- იქნებ, შენ გაქვს დისკომფორტი და გგონია, მათაც აქვთ?
- არა, მე არ მაქვს.
- ხომ გეშინოდა ადამიანების?
- ეგ ადრე იყო. 20 წლის მერე შიში აღარ მქონია.
- შენი ციტატაა: „მთავარია, მიხვდე, რომ საკუთარი სამყარო დასამალი ადგილი არ არის.“ იმის შემდეგ, რაც ამ სამალავს თავი დააღწიე, საზოგადოებრივ აზრთან სერიოზულ დათმობებზე თუ წასულხარ?
- ძალიან იშვიათად. ძირითადად, შეგუებულები არიან. „ხომ ვიცით, რაც არის?“ - დაახლოებით ასე ფიქრობენ. ადამიანი თუ იღებს საკუთარ თავს, საზოგადოებაც მიიღებს. მთავარია, თვითონ არ ჰქონდეს თავის თავთან პრობლემა. ჩემში არის უბრალოება. ეს ჩემშიც მომწონს და სხვებშიც. უბრალო ადამიანი კი, ასე თუ ისე, საზოგადოებისთვის მისაღებია. გულწრფელობაც მნიშვნელოვანია. რასაც ვამბობ, ყოველთვის გულწრფელი ვარ და ეს იციან.
- უბრალოება გარეგანია თუ შინაგანია?
- შინაგანია უბრალოება.
- მაგრამ ისეთი რამ არის, რაც გარეთაც ჩანს. თუკი საზოგადოებისთვის მისაღებია ადამიანი, რომელიც ბუნებრივად უბრალოა, ესე იგი, მისი უბრალოება გარეთაც ჩანს.
- ჩანს, ამას ვერ დამალავ. მე ზოგადად ვარ მინიმალისტი. ყველაფერში ასეთი ვარ. ამას პრობლემა შეუქმნია, თუნდაც, გამოხატვაში. შეიძლება, ვიგულისხმო და არ ვთქვა, ან ვთქვა ორი სიტყვით მაშინ, როცა სამი და ოთხია საჭირო.
- რომანის წერა გაქვს დაწყებული და იქაც მინიმალისტი ხარ?
- უკვე დავწერე. რა თქმა უნდა, იქაც მინიმალისტი ვარ. უფრო ვრცელი მოთხრობა გამოვიდა, ვიდრე რომანი. მალე ცალკე წიგნად გამოიცემა, დაახლოებით, 60 გვერდია. საყმაწვილო რომანები უფრო დიდია - 300 გვერდი.
- იმის შემდეგ, რაც შენი სამყაროდან გამოხვედი, იმის რწმენა თუ გაგიჩნდა, რომ არ გეშლება, (პირობითად ვამბობ) რომელი ხიდი უნდა გადაიარო და რომელი ხიდი უნდა დაწვა?
- სხვათა შორის, ერთი სიზმარია, რომელსაც ბავშვობიდან ვხედავ და სულ მეორდება - ხიდზე გადავდივარ. გადავდივარ, ხიდი-ხიდი-ხიდი... რეალურ ბუნებაში ეს ხიდი მე არ ვიცი. მაგრამ მასზე სულ გადავდივარ. რაც შეეხება კითხვას, არ ვიცი, რომელი ხიდი უნდა გადავიარო და რომელი - დავწვა. სად არის ეგრე?!
- ურთიერთობები იგულისხმება, რა თქმა უნდა.
- ადრე ურთიერთობაში მთლიანად ვდებდი ჩემს თავს. მსხვერპლზეც მივდიოდი, ყველაფერს ვაკეთებდი და ხშირად ცალმხრივი იყო ეს ურთიერთობები. არავისგან არაფერს ველოდებოდი, თითქოს... მაგრამ მერე აღმოჩნდა, რომ - არა.
- ანუ, რა აღმოჩნდა?
- ცალმხრივ ურთიერთობას ჩემთვის ტანჯვის მეტი არაფერი არ მოაქვს. მერე ამ ურთიერთობებზეც უარს ამბობ. იმიტომ, რომ დიდი ენერგია მიაქვს და ჯობია, ის ენერგია შენთან დარჩეს.
- ახლა ცნობილი ფილმის სათაური გამახსენდა - „სიყვარულის მონა“. სიტყვათა ეს წყობა ზოგისთვის სრულიად მიუღებელია; ზოგისთვის გასაგებია, და შეიძლება, მისაღებიც იყოს.
- ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია. მიღებას რაც შეეხება, შენ არ ირჩევ. მონა რომ გახდი, თვითონ აირჩიე? ვიღაცამ დაგაპატიმრა, დაგადო ბორკილი, წაგიყვანა და ეგვიპტეში შეიძლება ლოდები გათრევინოს.
- ნებისმიერს შეიძლება დაემართოს? თუ ხასიათზეა დამოკიდებული?
-
- იმიტომ, რომ თავისი თავი უყვარდათ?
- ეგოისტ ადამიანს თავისი თავი უყვარს? ესეც არ ვიცი. სიყვარული რა არის? რაღაცისთვის შემიძლია თავი ბოლომდე დავდო და ამაში უკომპრომისო ვარ. ყველა დიდი ადამიანის ისტორია იწყება და მთავრდება იმით, რომ რაღაც ან ვიღაც ისე უყვარდა, რომ მისთვის თავი გადადო.
- ნათქვამი გაქვს: ადამიანი, თავისი ბუნებიდან გამომდინარე, ბედნიერი ვერასდროს იქნება, მაგრამ ის მაინც შეუძლია, სული ჰქონდეს მშვიდადო. შენთვის რა არის მთავარი, რაც სულის სიმშვიდესა და ბედნიერებას ერთმანეთისგან მიჯნავს?
- სულის სიმშვიდე ნეიტრალური მდგომარეობაა. არც ცუდად ვარ, არც კარგად. ბედნიერება ძალიან მწველი ემოციაა. იმიტომაც არის, რომ დროებითია.
- ვინმეს შენი გადაკეთება თუ უცდია შენზე ზრუნვის, ან შენ მიმართ გრძნობის გამო?
- გადაკეთება უცდიათ, მაგრამ არ გამოდიოდა, როგორც წესი. ბავშვობიდან ხისტი ვიყავი და დაპირისპირება შემეძლო. ბუნებრივი პროტესტი მქონდა ჩემი გადაკეთების მცდელობაზე. ზრუნვით რაღაცის შეცვლა დედაჩემს გამოსდის ხოლმე. მე რომ ვფორიაქობ - მეტყვის: „კარგი, შვილო!“ ჩემზე გაცილებით რბილი ხასიათი აქვს და ეს დადებითად მოქმედებს.
- შენს მხატვრულ სამყაროს თვითონ დაარქვი „მისტიკური რეალიზმი“ და ეს მოვლენა აფხაზეთს დაუკავშირე. ციტატა: „აფხაზეთის გავლენა ჩემს ნაწერში სულ არის. მისტიკური, ფენტეზის განწყობა აფხაზეთიდან გამომდინარეა. კუთხეა ეგეთი.“ შეგიძლია, აგვიხსნა, რას გულისხმობ?
- ზოგადად, ხასიათის ჩამოყალიბებისთვის კლიმატს ხომ დიდი მნიშვნელობა აქვს?! აფხაზეთი მეგრელებით იყო დასახლებული. სამეგრელო კი ძალიან მისტიკურია. დღესაც, სამეგრელოში რომ ჩავდივარ, ცუდ ხასიათზე ვდგები. იმიტომ კი არა, რომ ცუდი მოგონებები მაქვს. ბუნება მოქმედებს ასე - დარდი მერევა და ტირილს ვიწყებ. ორ დღეს ტირილში ვატარებ და მესამე დღეს მოვდივარ.
- მაგალითად, სად გემართება ასეთი რამ?
- სამეგრელოში, ნებისმიერ ადგილზე. მაგალითად, საქმეზე რომ ჩავდივარ, თან საქმეს ვაკეთებ, თან ვტირი და მერე მოვდივარ. ვერ ვიტყვი, რომ როცა აფხაზეთში ვცხოვრობდი, სულ ვტიროდი. მაგრამ ეს მისტიკური გარემო მეგრელებმა შემოიტანეს და რაღაც დახვდათ კიდეც... მაგალითად, მეზობელს ძმა გარდაეცვალა და სერიოზულად ლაპარაკობდნენ, მისი სული სახლში დადისო. მიცვალებულის მიმართ დამოკიდებულება, რომ სულები და მოჩვენებები დადიან, ჩვეულებრივი ამბავი იყო. საერთოდ, მოჩვენების შიში არ მაქვს, არც მიცვალებულის შიში, არც საიქიოს შიში... პირიქით, ეს ჩემთვის ძალიან ბუნებრივია. თუნდაც, ავადმყოფობის მიმართ დამოკიდებულებაზე რომ ვთქვათ. რაღაც თუ დაგემართება, ჯერ უნდა გამოგილოცონ, მერე შეიძლება წამალიც მოგცენ. ეს მისტიკურობა ყოველი ფეხის ნაბიჯზე იგრძნობოდა. ჩემს ბავშვობაში ჯერ კიდევ დარჩენილი იყო მიცვალებულის სულის სახლში მოყვანის აფხაზური წესი. თუ ადამიანი სახლის გარეთ გარდაიცვლებოდა, მისი სული სახლში ძაფით უნდა მოეყვანათ. ხშირად ადამიანი საავადმყოფოში კვდებოდა და საავადმყოფოდან სახლამდე გამოიყვანდნენ ხოლმე ჩვეულებრივ კოჭის ძაფებს, მთელი ქუჩები ძაფებით იყო მოფენილი.
„არც მახსოვს, სიკვდილმა ასე ძალიან როდის დამაინტერესა.“
- შენს შემოქმედებაში, განსაკუთრებით, პროზაში ბევრი სიკვდილია. მაგრამ მკითხველის დაზაფვრას ნამდვილად არ ცდილობ; რაღაცნაირად, „რბილად“ გვაკითხებ სიკვდილის და სიკვდილთან მიახლოების ამბებს. მიგაჩნია, რომ ადამიანმა სიკვდილზე ბევრი უნდა იფიქროს?
- შინაურებიც, სხვებიც ამას მეუბნებოდნენ, ამდენს სიკვდილზე რატომ ლაპარაკობ, ან რატომ ფიქრობო. ყველას აქვს თავისი თემა; თემა, რომლის მიმართაც არ არის გულგრილი. ჩემთვის ეს არის სიკვდილი და საიქიო. რატომღაც, ასე გამოვიდა.
- რატომ გამოვიდა ასე?
- არ ვიცი, არ მაქვს მყარი არგუმენტი. არც მახსოვს, სიკვდილმა ასე ძალიან როდის დამაინტერესა. ღრმა ბავშვობიდან ვიცოდი, რომ სამყარო არ არის მარტო ის, რასაც ვხედავთ. ხუთი წლის ბავშვს რა რწმენა უნდა მქონოდა, მაგრამ როგორც ის იცი, რომ შენ ხარ შენ, ისე ვიცოდი, რომ ამ სამყაროს იქით კიდევ რაღაც არსებობს და მე მარადიული სული ვარ.
- ამაზე ვინმე გელაპარაკებოდა?
- არა, ჩემს სახლში ყოველთვის ყველა ათეისტი იყო. ახლაც ასეა. თუმცა, მიზანმიმართული ათეისტიც არა.
- ცოტა გულგრილი, ალბათ.
- ცოტა არა, კარგად გულგრილი.
- ნათქვამი გაქვს: „ხალხს ხომ სიკვდილის შიში აქვს, მე, პირიქით, სიცოცხლის მეშინია, მომავლის.“ სიცოცხლის შიში შენთვის რაციონალური შიშია, თუ - ირაციონალური?
- ეს, ალბათ, იქიდან წამოვიდა, რომ ყოველთვის საკუთარ თავზე დამოკიდებული ადამიანი ვიყავი. კარგად ვსწავლობდი და არავინ არ მეჯდა, გაკვეთილებს არ მამზადებინებდა. რასაც ვამზადებდი, ვამზადებდი; რასაც ვერ ვამზადებდი, იმასაც არავინ არ მთხოვდა. ყოველთვის ასე ვიყავი - ჩემით ვგეგმავდი, რა უნდა გამეკეთებინა, რა უნდა მეჭამა, რა ჩამეცვა. ჩემს თავზე ვიყავი დამოკიდებული და ბავშვობიდანვე, თუ რამე პრობლემა მქონდა, მე ვწყვეტდი. მერიდებოდა კიდეც, ვინმესთვის მეთქვა, ეს მჭირდება-მეთქი. ბავშვი რომ ამბობს - ეს მიყიდე, ის მიყიდე... ეს მინდა, ის მინდა... ჩემთვის არ არსებობდა.
- დედისერთა ხარ?
- არა, უფროსი ძმა მყავს. დედისერთა რომ ვყოფილიყავი, ალბათ, ასე არ მოვიქცეოდი. ყოველთვის ვიცოდი, რომ მე ვარ და ჩემ იქით დამხმარე არავინ არ არის.
- ამიტომ გაგიჩნდა სიცოცხლის და მომავლის შიში, შენს თავზე რომ იყავი დამოკიდებული?
- ალბათ, ამიტომ. სინამდვილეში, მეგონა, რომ ყველა ასე იყო. მეგონა, ყველა იმაზე ფიქრობდა, ხვალ და ზეგ რა იქნებოდა. მერე, ბევრს უთქვამს, სანამ შვილი არ გამიჩნდა, არაფერზე მინერვიულიაო. 90-იან წლებში მართლა გაჭირდა. ძალიან რთული იყო სამსახურის შოვნა. სულ ვმუშაობდით, მაგრამ ხან ხელფასს არ გვიხდიდნენ, ხან რედაქციები იხურებოდა. არ იყო დალხენილი ცხოვრება. მეც ეს შიში სულ მქონდა. მაგრამ რაციონალური შიში იყო. არ ყოფილა განცდა, რომ მეშინია და რის მეშინია - არ ვიცი.
- ამბობ, სამშობლოს სიყვარული შევინარჩუნე და ამაში არის რაღაც ისეთი, რაც თანმიმდევრულს გხდისო. „შევინარჩუნე“ - რას ნიშნავს? გაქვს განცდა, რომ არ დაიმსახურა ქვეყანამ?
- ჩემთვის ეს გრძნობა ბუნებრივი იყო და ბუნებრივად მომყვა დღემდე. ეროვნული მოძრაობის მერე ხომ საშინელი ნიჰილიზმი გაჩნდა?! მე ეს არ დამემართა. მშვენივრად ვხედავ, ქვეყანას რაც სჭირს, მაგრამ იმასაც კარგად ვხედავ, რა მიმზიდველობა აქვს საქართველოს.
- რა განგასხვავებდა შენ მათგან, ვისაც ნიჰილიზმი გაუჩნდა? ვინც ქვეყნის დვრიტა ვეღარ დაინახა?
- ორი კატეგორიის ადამიანი არსებობს. უმრავლესობა ყველაფერში ცუდს ხედავს და არის მეორე კატეგორია, რომელიც ყველაფერში კარგს ხედავს. მე ვცდილობ, რომ ყოველთვის პოზიტიური ვიყო. შემიძლია, ადამიანს ყველაფერი ვაპატიო; თუმცა, შეიძლება, მას შენი პატიება სულ არ სჭირდებოდეს. ისიც შეიძლება, ბოდიში მოიხადოს იმისთვის, რომ თავი დაანებონ, ან ზრდილობის გამო და ნამდვილი ბოდიში სულ არ იგულისხმებოდეს. ის, რომ ადამიანმა კათარსისი გაიაროს თავისი დანაშაულიდან მონანიებამდე, ძალიან იშვიათად შემხვედრია.
- ეს სამშობლოს რატომ დაუკავშირე?
- ნიჰილიზმი აქედან წამოვიდა: „ჩვენ, ქართველები, რა ცუდები ვართ!“ „არაფერი ჩვენგან არ გამოვა, არაფერი ჩვენ არ შეგვიძლია!“ ეროვნული მოძრაობის ზედმეტმა ემოციებმა, რომ - „აი, ჩვენ ვართ, რაც ვართ!“ - შემდეგ უკუპროცესი მოგვიტანა. ზედმეტი ემოციურობის გამო გაჩნდა ერთი დამოკიდებულებაც და მეორეც. ამ დროს, ქვეყანა, პირველ რიგში, მიწაა და მიწას არ სჭირდება არაფერი ზედმეტი. მიწას დააწვიმს, თუ დაათოვს, თუ ყვავილი ამოვა, მას ყველაფრის მიმართ ერთნაირი მიმღებლობა აქვს. ზედმეტი ემოციები ძალიან ხელის შემშლელია. კიდევ, რაც ხელს გვიშლის, ბევრი რამის ფორმალურად კეთებაა. გულწრფელად კი არ ვაკეთებთ საჭირო საქმეს, თითქმის ყველაფერს ფორმალურად ვაკეთებთ.
- ეს ემოციებთან რა კავშირშია?
- მაგალითად, სამეგრელოს ეზოები ავიღოთ. ეზო ყველას ლამაზი აქვს, სახლი - შეიძლება არ იყოს ლამაზი. იმიტომ, რომ ეზო უფრო ჩანს. პირადად მე, თუ კომფორტი არ მჭირდება, არც ჩემთვის არ შევიქმნი, არც სხვის დასანახავად. თუ არ მინდა ყვავილი, არც სხვის დასანახავად არ დავრგავ. თუ მინდა - ეზოშიც მექნება, სახლშიც მექნება. ამას ვგულისხმობ.
- როცა თქვი, თანმიმდევრულს გხდის სამშობლოს მუდმივი სიყვარულიო, რას გულისხმობდი?
- ძირითად ორიენტირს ვგულისხმობდი. როგორ მოვიქცე? სამსახურში იმ მედიაში წავიდე, რომელიც მთავრობას აქებს, თუ იმ მედიაში ვიმუშაო, რომელიც კრიტიკულია, მაგრამ, შეიძლება, ნაკლებს მიხდიდეს? წავალ კრიტიკულ მედიაში. სულ ეგრე ვიყავი.
- იმიტომ, რომ სამშობლოს ასე სჭირდება?
- თუნდაც, იმიტომ, რომ სამშობლოს ასე სჭირდება, სინდისს ასე სჭირდება. სამშობლოს სჭირდება, რომ ევროკავშირი ავირჩიოთ. წავალ იქ, სადაც ამას ხელს უწყობენ. ძალიან მარტივია.
- სხვათა შორის, ჩვენი საუბრის დასაწყისში ღირებულებები რომ ჩამოთვალე, პატრიოტიზმი პირველი ახსენე. სამშობლო შენთვის პირველი ორიენტირია?
- არ არის პირველი. პირველი უფრო ის არის, რასაც ნიჭს ვეძახი. ხომ არის ასეთი წარმოდგენა, რომ ნიჭი არის ის, რაც რაღაც ჩვეულებრივს ზემოდან დაემატება; რაც ზედმეტი მოგეცემა. სინამდვილეში, რეალობას რომ დაუკვირდე, ნიჭს ქმნის ის, რასაც ჩვეულებრივს გამოაცლიან. ერთი რაღაც რომ გამოგეცალოს, ამის გამო, შესაბამისი ნიჭი გივითარდება. მე, მაგალითად, რეალობასთან ბმა რომ გამომეცალა, ამან წარმოქმნა ჩემი ნიჭი; ამან წარმოქმნა ფანტაზიები. არ არსებობს, მიწაყრილი შეიქმნას, თუ სადღაც ორმო არ ამოითხარა. ერთი ენერგიის არსებობა ნიშნავს, რომ სადღაც ეს ენერგია დაკარგულია.
- პირველად მესმის ნიჭის ასეთი განმარტება.
- ძალიან ხშირად ვწერ ცნობილ ადამიანებზე - საზოგადო მოღვაწეებზე, მწერლებზე, რეჟისორებზე. მათ ცხოვრებას რომ დავუკვირდი, ჩვენ კი კმაყოფილები ვიყავით იმით, რასაც აკეთებდნენ, მაგრამ თვითონ ყოველთვის უკმაყოფილოები იყვნენ. თითქოსდა, როცა დაინახეს, როგორ უნდა დაწერონ, როგორ უნდა დადგან სპექტაკლი, ზუსტად მაშინ გარდაიცვალნენ. და, მათ აღქმაში, საკუთარი მისია შეუსრულებელი დარჩათ. სინამდვილეში, არც ეს არ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ რაღაც გრანდიოზული შექმნა და დატოვო.
- აბა, რა არის მნიშვნელოვანი?
- რანაირად შეიძლება, ეს იყოს მნიშვნელოვანი? დედამიწა ხომ ოდესმე განადგურდება? სამყარო, კოსმოსი მატერიალურია. არათუ ჩვენ აღარ ვიქნებით, არამედ, ოდესმე, სამყარო აღარ იქნება. და რა მნიშვნელობა აქვს, რას დატოვებ?
- აბა, რას აქვს მნიშვნელობა?
- რას აქვს მნიშვნელობა, ეს არ ვიცი და ამას ჩვენ ვერ გავარკვევთ. ადამიანს არ გააჩნია სამყაროს აღქმის ინსტრუმენტი. ამ მოცემულობით, რითიც ვიბადებით, ეს ინსტრუმენტი არ გვაქვს.
„სამყაროს შესაცნობად ძალიან დიდი მეცნიერება არ არის საჭირო. რაღაც სიმარტივეა ამაში.“
- სამყაროს სრულად აღქმას გულისხმობ?
- მართლა ბუმბერაზები რასაც აკეთებენ, ისიც კი, სამყაროს აღქმაში დიდად ვერ გვეხმარება. სამყარო გაცილებით დიდია. ვერაფრით ვერ ვწვდებით. მე ვარ წარმოსახვის ადამიანი. და სადღაც წავიკითხე, რომ შავ ხვრელში დაეტევა 400 მილიონი მზე. მინდა, 400 მილიონი მზე წარმოვიდგინო, მაგრამ ადამიანს ამის წარმოდგენა არ შეუძლია.
- სამყაროს სიზუსტე რამდენად შესაბამისად მიგაჩნია მის წარმოუდგენელ სიდიდესთან?
- სამყაროს შესაცნობად ძალიან დიდი მეცნიერება არ არის საჭირო. რაღაც სიმარტივეა ამაში. მაგრამ ეს სიმარტივე იმდენად მარტივია, რომ მისი მოხელთება არ შეგვიძლია. ამ დასკვნამდე მივედი, რომ მე ვიცი, რა არ შეგვიძლია; რა არ არის ამ ცხოვრების აზრი; რა არ არის სამყაროს აღქმის შესაძლებლობა. რა არის - ამას ამ ცხოვრებაში ვერ გავიგებთ. ალბათ, როგორც მუცელში მყოფი ბავშვი ვერ იგებს, რა ელოდება დაბადების შემდეგ. მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის ჩვენი მოცემულობა და ჩვენი გასაგები აქ, ამ სამყაროში.
- ზოგიერთ კითხვას გამოვტოვებ, რადგან აზრი დაკარგა იმ კითხვების დასმამ. მოდი, აქედან გავაგრძელოთ: ლიტერატორმა ლევან ბრეგაძემ თქვა ჩემთან ინტერვიუში: „სხვის თუ საკუთარ ტექსტზე მუშაობით, ამავდროულად, საკუთარი თავის ფორმირებაზეც ვმუშაობთ.“ შენი გამოცდილება ამ მოსაზრებას თუ ადასტურებს?
- დიახ.
არაფერი ისე ნერვებს არ მიშლის, როგორც გაუმართავი ლიტერატურა, გაუმართავი ენა, გაუმართავი სტატია - ჩემიც და სხვისიც. ძალიან ვცოდავთ ჟურნალისტები. ეს ენა, რომელიც ქვეყანას და ხალხს თავს მოვახვიეთ, აბსოლუტურად არაადამიანური ენაა. ბუნებრივად ადამიანი ასე არ ლაპარაკობს.
- ტექსტზე მუშაობის დროს, შენი თავის ფორმირების შინაარსი რა არის?
- ერთი ის არის, რომ, რასაც ვამბობ, ზუსტად იყოს დაწერილი. მეორეა, გასაგები იყოს, თუ რას ვგულისხმობ. ყველაფერი სიტყვით არ გადმოიცემა. ბევრი რამ გადმოიცემა ამ სიტყვებს შორის გაჩენილი განწყობით. განწყობის ჩადება გაცილებით რთულია, მით უმეტეს, პროზაში. პატარა რაღაცის სათქმელად ხომ არ იწყებ მხატვრული ტექსტის წერას? დიდ რაღაცას კიდევ ზუსტი სიტყვების მოძებნა სჭირდება.
- რამდენადაც ცხოვრებაში ჩაკეტილი ხარ, იმდენად ღია ხარ პოეზიაში. თუ ყოფილა შემთხვევა, რომ უხერხულობა გიგრძნია შენი ლექსების გამო?
- არა.
- ნათქვამიც გაქვს: პროზაში უფრო ადვილია საკუთარი თავის კონტროლი, ლექსებთან ამგვარი არაფერი გამდისო.
- პოეზიაა, ზოგადად, უფრო გახსნილი და მეტის დამტევი. უფრო მეტად სიმბოლურია, უფრო მეტად ქვეტექსტურია... ზოგჯერ ამბობენ, ციფრულ საუკუნეში პოეზია რაღად გვინდაო. ზუსტად ახლა გინდა, რომ არ გაუხეშდე და ქვეტექსტის შეგრძნება არ დაკარგო. მე რასაც ვუკვირდები, ადამიანები ქვეტექსტს ვეღარ ხვდებიან. ეს უცნაურია ქართველი კაცისთვის, მით უმეტეს, დასავლეთ საქართველოში მაცხოვრებელი ადამიანისთვის. მთლიანად ქვეტექსტზეა აგებული მათი ყოფა: სამ სიტყვას იტყვის და ხუთი იგულისხმება; შენ უნდა მიხვდე, რას გულისხმობს. ეს იმდენად ბუნებრივი იყო - სიმბოლო, მეტაფორა, სიტყვის იქით სიტუაციის დანახვა... მიკვირს, ამ ხალხმა ეს ცოდნა როგორ დაკარგა. ალბათ, ყველაფერი სწრაფად იცვლება და ცერემონიისთვის დრო აღარავის რჩება.
- თუ შეგიძლია, გვიამბო, რა მოხდა იმ დღეს, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე დაგამახსოვრდა?
- დღეები არ მახსოვს, მახსოვს მომენტები.
- რა მოხდა იმ მომენტში, რომელიც ამ კითხვის პასუხად გაგახსენდა?
- მაგალითად, გვიან შევამჩნიე, რომ ძალიან მიყვარს საპირისპირო განათება. აფხაზეთს რომ ვიხსენებ, სულ სახლებს ვხედავ, სადაც ეს საპირისპირო განათება იყო. დიდ სახლებში საპირისპირო განათება რომ შეიქმნას, ორ სხვადასხვა კედელზე უნდა იყოს ფანჯრები. თბილისში, ახლად აშენებულ სახლებში ეს თითქმის აღარ გვხვდება. საპირისპირო განათება ქმნის შუქ-ჩრდილებს, ნათელ ოთახებს, შუშაბანდებს, რაც ყოველთვის მომწონდა. შუქ-ჩრდილები განწყობას და სიმყუდროვეს ქმნიდა. ორი წუთით რომ გავჩერებულიყავი ასეთ სახლში, ის სახლი მამახსოვრდებოდა.
- შენთვის რომელია სიტყვა, რომელიც მთელი ცხოვრების მეგზურად გამოდგება?
- (პაუზა) ბირთვი. იცი, რას ვგულისხმობ? იმ რაღაც მოუხელთებელს, რაც ყოველ ადამიანშია და ჩვენ არ ვიცით, რა არის. ბირთვია ის, რაც ადამიანს ქმნის ინდივიდად. მაგრამ ჩვენ ხომ ჩვენი თავი არ ვიცით. ახლა ამდენს რომ ვლაპარაკობ ჩემზე - მე ესეც არ ვარ. ჩემს თავს აფხაზეთი რომ მოაშორო, კულტურაც, თბილისიც; მოაშორო, რომ ჟურნალისტი და მწერალი ვარ - ეს ყველაფერი რომ მოაშორო, სადღაც თეა მაინც დარჩება. ის, რაც დარჩება, ბოლო ატომი, რომლის იქით დაშლა შეუძლებელია, აი, ეგ არის ჩემთვის ძალიან გაუგებარი, ძალიან მიუღწეველი და ძალიან მოუხელთებელი... სულ ეგ ბირთვი მაინტერესებს.
„რაღაცამ თავდაყირა უნდა დაგაყენოს. ეს მხოლოდ ძალიან დიდ გრძნობას შეუძლია.“
- დიდი მადლობა უაღრესად საინტერესო საუბრისთვის. ინტერვიუს დავასრულებთ შენი კომენტარით ცნობილი ადამიანების ორ გამონათქვამზე. პირველი ციტატის ავტორია ამერიკელი მწერალი და ფილოსოფოსი აინ რენდი (1905-1982): „ჩემს სიცოცხლეს და მის სიყვარულს ვფიცავ, არასდროს არ ვიცხოვრებ სხვა ადამიანისთვის და არც სხვა ადამიანს ვთხოვ ოდესმე, რომ ჩემთვის იცხოვროს.“
- სიყვარულის მონა თუ ხარ, ესე იგი, არანაირი ნებელობა აღარ გაქვს და შეიძლება, ყველაფერი ითხოვო, რაც თავში მოგივა. მათ შორის, ისიც, რომ სხვა ადამიანმა შენთვის იცხოვროს. მაგრამ მე არ ვიცხოვრებ სხვა ადამიანისთვის? რატომ არა?! ვიცხოვრებ. თუ დასჭირდება იმ ადამიანს და თუ ჩემთვის მნიშვნელოვანი ადამიანია - რატომ არ ვიცხოვრებ?!
- რაკი „სიყვარულის მონას“ დავუბრუნდით, გკითხავ - ღირსება ხელს უშლის სიყვარულს, თუ ეხმარება?
- ერთმანეთს ვერ ეწყობიან. სიყვარული სადაც არის, იქ რა ღირსებაზეა ლაპარაკი?! ნება გაქვს წართმეული, აბსოლუტურად ყველაფერზე წახვალ იმ ადამიანისთვის.
- ამას სიყვარულს ეძახი? ხშირად მომისმენია, რომ, კი ბატონო, ასეთი ურთიერთობები არსებობს, მაგრამ ტოქსიკურია და, სინამდვილეში, სიყვარული არ არის.
- ტოქსიკური ნამდვილად არის. ჯვარცმა არ იყო ადვილი. ღირსება რისგან გიცავს? სამსახურში გჭირდება, ქვეყნის დასაცავადაც აუცილებელია. ღირსებაზე უკეთესი არაფერი არ არის. მაგრამ სიყვარული ძირისძირამდე ჩაგიყვანს საკუთარ თავში და ამოგატრიალებს. რაღაცამ ხომ უნდა ამოგატრიალოს?! სულ წაღმა ვერ ივლი ამ ქვეყანაზე. წაღმა ივლი და ვერაფერს ვერ გაიგებ. იმიტომ, რომ რაღაცამ თავდაყირა უნდა დაგაყენოს. ეს მხოლოდ ძალიან დიდ გრძნობას შეუძლია. ძალიან დიდი გრძნობა კი ძალიან დიდი სიყვარულია.
- გამოდის, სიყვარული და ღირსება შეუთავსებელია?
- ეს ყველაზე უარესი არ არის, რაც სიყვარულს მოაქვს; თუნდაც, იმ ტოქსიკურ ურთიერთობებს. ყველაზე უარესია ღვთისგან მიტოვებულობის განცდა. ზოგადად, ეს განცდა ძალიან დიდ ტრაგედიას მოაქვს. ამის იქით არაფერი აღარ არის: მე, რომელსაც მეგონა, რომ სამყაროში მარტო არ ვიყავი, თურმე, მარტო ვარ. ყოველთვის მეგონა, რომ პატრონი მყავდა და ამ პატრონმა - რომლის მიმართ აბსოლუტური ნდობა მქონდა და ვიცოდი, რომ ყოველთვის მხარს დამიჭერდა, - მიმატოვა. თითქოს, ერთად ვიყავით მე და მამა (ზეციერ მამას ვგულისხმობ), ერთმანეთს ვუგებდით, ყოველ შემთხვევაში, მეგონა, რომ მე მას ვუგებდი, მაგრამ, სინამდვილეში, სხვადასხვა მხარეს აღმოვჩნდით. ამ გრძნობამ სამ დღეზე დიდხანს თუ გასტანა, შეიძლება, მოკვდე. დროთა განმავლობაში, ადამიანი ყველაფერს ეჩვევა და გონზე მოდის, თორემ, დიდხანს თუ დარჩი ამ განცდაში, რომ ღვთისგან მიტოვებული ხარ, ვერ გაუძლებ. ფიქრი - ეს მე რატომ დამემართა?! - ზუსტად მაგ განცდას გულისხმობს.
- საინტერესოა, რომ სიყვარული ტრაგედიას დაუკავშირე.
- სიყვარული ტრაგედიაა. მე მგონია, რომ ორმხრივი სიყვარულიც, რაღაც დოზით, ცალმხრივია იმიტომ, რომ ერთს ყოველთვის უფრო მეტად უყვარს, ვიდრე მეორეს. და საერთოდ, რომ არ შემიყვაროს, არ მეყვარება? რა თქმა უნდა, მაინც მეყვარება.
- მეორე ციტატის ავტორია თანამედროვე ქართველი მწერალი ზურა ჯიშკარიანი (1985): „მე მგონი, თავისუფლება - სხვების მსახურებაა.“
- დიახ. ჩაკეტილი ადამიანი ბედნიერი და თავისი თავით კმაყოფილი არ მინახავს. ბედნიერება აუცილებლად გულისხმობს ერთობას. უბედურება კი დაცალკევებაა. სამოთხის განმარტებაც ეს არის: სამოთხე არის ერთობა, ჯოჯოხეთი არის დაცალკევება. ყველა ცალ-ცალკე იტანჯება, ყველა ბედნიერია ერთად. მე თუ ერთობა არ მაქვს ვიღაცასთან, ძალიან რთულია ცხოვრება. მაგალითად, წავიკითხე კლასიკოსი, აბსოლუტურად გავიგე, რას წერდა და რას გულისხმობდა. მე ამ ადამიანთან ერთობა მაქვს. ჩემთვის არ არსებობს ვიღაც, ვინც ადრე იყო, გარდაიცვალა და აღარ არის; ან ჯერ არ დაბადებულა და ამიტომ ახლა არ არის. ჩემთვის ყველაფერი ერთ დროშია მოქცეული. ვინც იყო, ვინც ვართ და ვინც იქნება, ყველა ერთ დროში ვართ.
- ეს ერთობა გულისხმობს სხვების მსახურებას?
- როცა ადამიანი ცოტა ალმაცერად უყურებს მატერიალურ სამყაროს, ბუნებრივად მიდის უბრალოებისკენ, თავმდაბლობისკენ... წმინდანები და დიდი მოღვაწეები აბსოლუტურად თავმდაბალი და უბრალო ადამიანები იყვნენ. ეს უბრალოება, ეს თავმდაბლობა მერე უკვე თავისთავად გულისხმობს მსახურებას და აუცილებლად გულისხმობს თავისუფლებასაც.
ფოტომასალა: ზურაბ ქურციკიძე
გუნდი
ირაკლი გედენიძე
ზურაბ ქურციკიძე
გიო კუსიანი
გიორგი ურუშაძე
თამთა ყუბანეიშვილი
ნანა ყურაშვილი
ინგა ქორიძე