×
„მინდა, დავიჯერო, რომ შვილების თაობა მშობლების მიერ არ გაიწირება“

რეზო გეთიაშვილი

პოეტი, გარემოსდამცველი


1391

ინტერვიუს შესახებ

ვინმეს რომ ეკითხა, ზუსტად ვერც ავუხსნიდი, რეზო გეთიაშვილი ინტერვიუსთვის რატომ მოვიწვიე. არადა, როგორც წესი, ამ კითხვაზე მყარი პასუხი მაქვს ხოლმე. 

ინტერვიუსთვის მზადების პროცესში აღმოვაჩინე, რომ რეზოს, ლექსების გარდა, ორი წიგნიც დაუწერია. ორივე წავიკითხე და საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ სტუმარი სწორად ავარჩიე. 

მაგრამ პირველივე კითხვის პასუხად რეზომ ისეთ სიმაღლეზე აწია თამასა, უფრო ზუსტად - ისეთი სიღრმე „აწია“, რომ ცოტა დავიბენი. დაკვირვებული მკითხველი ჩემს დაბნეულობას ინტერვიუს ტექსტშიც შეამჩნევს. 

რეზო პოეტი და გარემოსდამცველია. თუმცა, არც პოეზიაზე და არც გარემოს დაცვაზე, ფაქტობრივად, არ გვისაუბრია. ინტერვიუ ძალიან აქტუალური გამოვიდა და, სიღრმესთან ერთად, რეზოს პატიოსანი აზრები ძალიან დავაფასე. 

გაიცანით რეზო გეთიაშვილი, რომელთანაც, იმედი მაქვს, ამ ერთმა საუბარმა დამამეგობრა.

ია ანთაძე

- რეზო, ფიქრობთ თუ არა, რომ როგორი ხასიათიც აქვს ადამიანს, ისეთია მის მიერ განვლილი ცხოვრების გზა?

- ვიტყოდი, რომ ხასიათს ცხოვრება აყალიბებს. გარემო, რომელშიც იზრდები და ადამიანები, რომლებიც დიდ გავლენას ახდენენ შენზე, თავიდანვე განსაზღვრავენ შენს ხასიათს. მერე, დრო რომ გადის, ადამიანი დიდი მოცულობის ინფორმაციას ეხება და ეს ინფორმაცია არასდროს არ არის დალაგებული, ხშირად წინააღმდეგობრივიცაა, დამაბნეველიც. შემთხვევითობაც თამაშობს როლს, გამართლებაც - საით წაგიყვანს ცხოვრება და საით განავითარებს შენს ხასიათს. ადამიანის გონება დიდწილად არის დამოკიდებული გარე ფაქტორებზე და ძალიან დამყოლია გარემოს მიმართ. ამიტომ, ხასიათი იმ გარემოში გვიყალიბდება, რომელშიც ვცხოვრობთ და მერე ეს ხასიათი განსაზღვრავს ჩვენი ცხოვრების გზას. წლების განმავლობაში გროვდება ბევრი დადებითიც და უარყოფითიც; რაღაც გამძიმებს, რაღაც გამსუბუქებს... და უკვე იმაზე ხარ დამოკიდებული, რამდენად უძლებ ამ ყველაფერს, შენი ხასიათი რამდენად მდგრადია. ბევრი ისეთი ტვირთის ზიდვაც გიწევს, რისთვისაც მზად ვერასდროს ვერ იქნები. მაგრამ ისიც არ ვიცით, ამ ტვირთის მოშორება უფრო სწორია, თუ ამ ტვირთთან დარჩენა - თუ სამუდამოდ არა, ცოტა ხნით მაინც. 

- გასაჭირში და სირთულეში დარჩენას გულისხმობთ? 

- დიახ. მაგრამ ადამიანს გარკვეული იმუნიტეტი აქვს, რომელიც მას სინამდვილის ემოციური და ინტელექტუალური აღქმისგან იცავს. იმიტომ, რომ სიმართლე ყოველთვის შენ თვალწინ არის; ზუსტად იცი ის, რაც აუცილებლად მოხდება. 

- სიკვდილს გულისხმობთ? 

- დიახ, დასასრულს. ეს ისეთი ნიშნულია, რომელმაც შეიძლება შენი პარალიზება მოახდინოს, ხელი შეგიშალოს განვითარებაში და სასოწარკვეთაში ჩაგაგდოს. აი, აქ შემოდის ადამიანის ერთი განსაკუთრებული უნარი - მას მხოლოდ ახალი რეალობის შექმნა კი არ შეუძლია, არამედ, შეუძლია,  არ დაინახოს ის, რაც თვალწინ აქვს და არ იფიქროს გარდაუვალზე. მუდმივად რომ იმის სრულფასოვან ანალიზს აკეთებდე, რაც გელოდება, ეს, უბრალოდ, გაგაჩერებდა. ამიტომ, ჩვენს ტვინში მიდის წვა და ხარშვა, მთელი ქიმია, რომელიც დამყარებულია ძალიან მსუყე, კალორიულ საკვებზე და რომელიც ქმნის ფაქტებს, ემოციებს, რეაქციებს... ასეთი საკვები ძალიან ბევრნაირი შეიძლება იყოს და მისი მიზანი ყურადღების გადატანაა. 

- მაგალითად, რას გულისხმობთ? 

- ყველაზე ბანალური მაგალითი რომ ავიღოთ, ვიღაცისთვის ასეთი საკვები არის ფული. იმის მიუხედავად, რომ ძალიან მრავალფეროვანია ეს საკვები, რითიც შენი შთაგონება საზრდოობს და რაც გეხმარება, რომ რეალურ დასასრულზე არ იფიქრო - ამ მრავალფეროვან საკვებს შორის მუდმივად ირჩევ ერთსა და იმავეს. იმიტომ, რომ იმ კონკრეტულ საკვებზე ხდები დამოკიდებული. მაგალითად, თუ ადამიანი მუდმივად ძიებაშია - ხელოვანი ან მეცნიერია - მას ეს საკვები ყოფნის, რომ დასასრულზე თვალი დახუჭოს. საბოლოოდ, ადამიანი ახერხებს, რომ შექმნას სურათი, რომელიც აეფარება მის უკან არსებულ გაცილებით მძიმე სურათს. მაგრამ მთელი მაგია ადამიანის მეორე თვისებაშია, რომელიც საკვების მიღების პროცესზე უფრო მნიშვნელოვანია - შიმშილის გრძნობა. როგორც კი საკვები შემოგაკლდება, შიმშილი გეწყება და ძებნას იწყებ. ამ კომპონენტის გარეშე წრე ვერ შეიკვრებოდა. ბოლოს, როდესაც ერთ დღეს მიხვდები, რომ აღარც საკვები გაქვს და აღარც შიმშილს გრძნობ, აი, მაშინ ძალიან ახლოს არის დასასრული და მაშინ იწყება სასოწარკვეთა. 

- თქვენ ადამიანის ცხოვრების მთავარი სტრუქტურა აღწერეთ. მაგრამ პირადად თქვენი ხასიათი როგორია? თქვენი მთავარი საკვები რა არის?   

- ალბათ, მე ვცდილობ, რომ ჩემი ცხოვრება ადამიანებზე ავაწყო.  ეს ჩემთვის სტრატეგიაა და მაძლევს მდგრადობას, რომ გარემოში არსებულ დაბრკოლებებს თუ რეალობებს დავუპირისპირდე. ეს ძლიერი მექანიზმია იმისთვის, რომ საკუთარი თავი უზრუნველვყო. 

- იმ საკვებით უზრუნველყოთ, რაზეც წეღან ილაპარაკეთ? 

- დიახ, აუცილებლად. ეს დაკავშირებულია თვითგადარჩენასთან. ადამიანს უჭირს პასუხის პოვნა,  თავი როგორ უნდა გადაირჩინოს. თუ დასასრულზე ვსაუბრობთ, მისი ერთადერთი საპირწონე არის უკვდავება. როდესაც ადამიანმა დაიწყო ფიქრი იმის შესახებ, თუ რა დაეპირისპირებინა გარდაუვალისთვის, მაშინ გადაწყვიტა ღმერთების გამოგონება. მთელი პანთეონი შევქმენით უკვდავი და ნახევრად მოკვდავი ღმერთების, მაგრამ პასუხი იქაც ვერ ვიპოვეთ. მერე იყო ქრისტე, რომელმაც სხვაგან გაგვახედა. პირველ რიგში, გვითხრა, რომ უკვდავება არ არის ერთადერთი პასუხი. თვალის არიდებაც არ არის პასუხი. პირიქით, სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ. ქრისტემ შემოიტანა ახალი დომინანტური ღირებულება - თანაგრძნობა. რა შეიძლება დაუპირისპირო საკუთარ დასასრულზე ფიქრს? ის, რომ ეს არ არის მხოლოდ შენი ბედისწერა, ეს ადამიანური ბედისწერაა. ამიტომ, საკუთარი სიკვდილის შიშს შეგიძლია დაუპირისპირო სხვისი დაკარგვის შიში - საკუთარი თავიდან აქცენტი გადაიტანო სხვაზე, შენი „ეგო“ დაძლიო, სხვას დაეხმარო, შეუმსუბუქო, თუნდაც, გაუხანგრძლივო სიცოცხლე და მიიღო იგივე, რასაც გასცემ. ევროპული ღირებულებები ემპათიის სინონიმად მხოლოდ სიკეთეს და სიყვარულს აღარ განიხილავს; გვეუბნება, რომ თანაგრძნობა აუცილებელია თვითონ შენი ბედნიერებისთვის. მეორე მხრივ, საკვები, რომელიც კონკურენციას სჭირდება, არასდროს არ დაგაკმაყოფილებს, არასდროს არ იქნება საკმარისი შენი წარმატება, პირადი გამარჯვებები, კაპიტალი. ამიტომ, შეგიძლია, აირჩიო ემპათია, რაც დაკავშირებულია არამარტო სიკეთესთან და სიყვარულთან, არამედ ბედნიერებასთან და ბედნიერებით ტკბობასთან. ეს, ალბათ, ჩემთვის ერთ-ერთი კარგი თეორიაა, რომელსაც შემიძლია, მივყვე. 

 

 

„მაინც სწორი გზით ვიარეთ და ის ფასი გადავიხადეთ, რაც ჩვენი თავისუფლებისთვის უნდა გადაგვეხადა.“

 

 

- ამ თეორიის მიუხედავად, რომელსაც ადამიანი ბედნიერებამდე მიჰყავს, მაინც გამიჩნდა განცდა, რომ თქვენ ბოლომდე კმაყოფილი არ ხართ საკუთარი თავით იმ გზაზე, რაც დღემდე გამოიარეთ. ეკა ქევანიშვილთან საუბრისას (2018) თქვით: „ჩემი გონება უკვე გადაეწყო იმაზე, რასაც ითხოვს ჩემი სოციალური, საზოგადოებრივი და პირადი პასუხისმგებლობები. ამ ჩემს პასუხისმგებლობებშიც არის რაღაც სიმართლე.” რა არის ის დიდი სიმართლე, რომელიც თქვენი ამჟამინდელი პასუხისმგებლობების მიღმა დარჩა? 

- თავისუფლებასთან, სილაღესთან და სიმსუბუქესთან ერთად იყო ტვირთიც და ის მარტო ჩემი სატარებელი არ ყოფილა. ზოგადად, ჩვენი თაობის ცხოვრება მძიმე აღმოჩნდა. ჩვენ მაინც პოსტსაბჭოთა თაობა ვართ, ღირებულებებს გზადაგზა ვიცვლიდით და შეცდომაც ბევრი დავუშვით, მათ შორის, პირადიც. მუდმივმა გადაფასებებმა ნერვიულები და კონფლიქტურები გაგვხადა, ძველზე უარი ვთქვით, მაგრამ ვერც ახალ ადამიანებად ვიქეცით. თუმცა, დღევანდელი გადასახედიდან ვფიქრობ, რომ მაინც სწორი გზით ვიარეთ და ის ფასი გადავიხადეთ, რაც ჩვენი თავისუფლებისთვის უნდა გადაგვეხადა. თან დამარცხებული თაობა ვიყავით და მთელი ეს სიმძიმე ჩვენში ინდივიდუალურად დაილექა. ძალიან დიდი არეულობის თანამონაწილეებიც ვიყავით და მასზე პასუხისმგებლებიც. მერე ვცდილობდით, რომ ეს არეულობა დაგველაგებინა, რაც რთული აღმოჩნდა. ვუყურებდით საკუთარ თავსაც და ერთმანეთსაც, როგორ გვიჭირდა და, ამის გამო, პასუხისმგებლობები გაგვიორმაგდა. არ დაგვავიწყდეს, რომ ეს იყო და არის ქვეყანა, სადაც დიდი ძალისხმევა გჭირდებოდა და გჭირდება, თუნდაც, ბანალური ყოველთვიური ანაზღაურების მოსაპოვებლად. ახლა ვუყურებთ ჩვენზე გაცილებით ახალგაზრდებს, რომლებიც უფრო დიდ შრომაში არიან ჩაფლულები - ამ შრომაში სწავლასაც ვგულისხმობ, მუშაობასაც და, როცა საჭიროა, საპროტესტო აქციებზე სიარულსაც. ვხედავთ, ახალი თაობა როგორ მსუბუქად ართმევს თავს იმ წინააღმდეგობებს, რომლებიც ჩვენთვის საკმაოდ რთული იყო. ამიტომ მჯერა, რომ უკეთესი თაობები უკეთეს ცხოვრებას მოიტანენ. ჩვენმა მძიმე წლებმა მძიმე ისტორიები, განწყობები და ხასიათები დაგვიტოვა. 

- სტუდენტობისას პოეტი და მეამბოხე იყავით. თქვენი მეამბოხე ბუნება ჩანს წიგნშიც „Terra Incognita”, რომელშიც თქვენი ახალგაზრდობის თავგადასავალი აღწერეთ. როგორ ფიქრობთ, ამბოხის მუხტი ადამიანის ასაკს უკავშირდება, თუ მისი ბუნების ნაწილია? 

- ასაკს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამბოხის ასაკი ახალგაზრდულია. სწორედ ახალგაზრდა ასაკში, ნაკლები პასუხისმგებლობით და მეტი თავისუფლებით, ახერხებს ადამიანი, რომ რამე შეცვალოს.  საკუთარ თავს უყენებს კიდეც ამ ამოცანას და ამბიციას, რომ მისი დანიშნულება ცვლილებებშია. ამბოხის ის ნაკადი, რომელიც, მათ შორის, ლიტერატურაშიც და პოეზიაშიც გამოიხატა, ყველაზე მძლავრი მაშინ იყო, როცა მის უკან იდგა სრული თავისუფლება და არანაირი პასუხისმგებლობა. ასეთი იყო 90-იანი წლების ეპოქა და „Terra Incognita”-ც ამ ეპოქის მუხტს ატარებს. ეს იყო დრო, როცა კრიმინალის ზღვრამდე მივიდა თავისუფლება, როცა ყველაფერი დასაშვები იყო, როცა არაფერი არ გზღუდავდა - საკუთარი მორალის და სხვა ადამიანების გარდა. ამდენი თავისუფალი ადამიანი თავს რომ მოიყრის და არც ის იციან, სად მთავრდება მათი თავისუფლება, რა თქმა უნდა, ერთმანეთს ძალიან ზღუდავენ. აი, ამ სიტუაციაში, რაღაც ახალი დაიბადა. თან ეს იყო საზღვრების გახსნის და ინფორმაციის შემოსვლის პერიოდი. 

- პოეზიისკენ რამ გიბიძგათ?

- მარტოობის უნარმა. იმის მიუხედავად, რომ მარტო არ ვიყავი - ჩემ გვერდით იზრდებოდა ჩემი და, ასევე, ბევრი სხვა ბავშვი - იყო მარტოობაც და ამ მარტოობაში თავს კარგად ვგრძნობდი. ასევე, ლექსისკენ მიბიძგა წიგნებმაც, წიგნით გარდასახვის უნარმა, რაც, ზოგადად, ადამიანური უნარია. ჩვენ შეგვიძლია უბრალო ტექსტით, თეთრ ფურცელზე დაწერილი შავი ასოებით აბსოლუტური ტრანსფორმაცია განვიცადოთ; უფრო ღრმად შევიდეთ „სხვა სამყაროში“, ვიდრე ნებისმიერი „ტრიდე“ ფილმის ყურებისას. ჩემმა დამ და მე ადრეულ ასაკშივე წიგნებს შევაფარეთ თავი. და მესამე - სოფელმა, იქაურმა სამყარომ მიბიძგა ლექსისკენ. დღემდე ვარ დამოკიდებული ამ სამყაროზე, პირდაპირ ვიტყვი, რომ მიბმული ვარ.  

- ოჯახს და ბავშვობას გულისხმობთ? 

- სოფელს ვგულისხმობ.  

 
და ცოტა ხატოვნად და პათეტიკურად რომ ვთქვათ, ჩემი სული იქ არის. მე აქ არ ვარ... არ ვარ კომფორტულად, აქ არ ვარ კარგად. მე ყველაზე კარგად ვარ იქ.

იმ სამყარომ ბევრი რამ მომცა. როგორიც ჩამოვყალიბდი, იქ ჩამოვყალიბდი. 

- თქვენთვის რა უპირატესობა აქვს სოფელს, ქალაქთან შედარებით?

- ალბათ, ის, რომ უშუალო შეხება გაქვს ცოცხალ სამყაროსთან, მიწასთან, რომელიც მართლა უკიდეგანოა. სოფელში ყოფნა არ ჰგავს ექსკურსიაზე წასვლას, როცა შეგიძლია, სადმე მთაზე ახვიდე, ან ჩანჩქერები მოინახულო. სოფელში თითოეული ხე, რომელსაც საღამოს მეოცედ ჩაუარე, ისევ იქცევს შენს ყურადღებას. ეს სიყვარულიც რაღაც ინტიმური და ინდივიდუალურია - რომ ზოგადად ხე კი არ არის, ან ზოგადად ლამაზი ხე, ან ზოგადად ასწლოვანი, - ეს ის ხეა, რომელიც აქ დგას და შენი ცხოვრების ნაწილია. სოფელში თვალნათლივ უყურებ სიცოცხლის ციკლს და ხვდები, როგორია ბუნება, როგორ მუშაობს ერთწლიანი და მრავალწლიანი ციკლები და შენ ამ პროცესის მონაწილე ხდები; გრძნობ, იმ ცოცხალი სამყაროს შიგნით რა ხდება. მე იმდენი კიდევ ვერ შევძელი, რამდენიც მამაჩემმა შეძლო. მამაჩემი მეუბნებოდა: „აი, შეხედე მტრედს, ბედნიერი არ ხარ, ამას რომ უყურებ?!“ მე ვცდილობდი, რომ ეს ბედნიერება მიმეღო და მიკვირდა - ასე როგორ უნდა გიყვარდეს, ასე როგორ უნდა იყო მასთან ახლოს, მის ნაწილად როგორ უნდა გრძნობდე თავს?! ეს დიდი ნიჭია და ცოდნაც, რაც მამაჩემს ჰქონდა და ცდილობდა, რომ ჩემთვისაც ესწავლებინა, როგორ შეიძლება ბედნიერი იყო იმით, რომ შენ წინ მტრედი ზის. ბუნებასთან კავშირი სოფელში უნდა იგრძნო. ამის დეფიციტს ექსკურსიებით ვერ აღმოფხვრი. 

 

 

„თბილისი ჩემი პატრიოტიზმის მთავარი დასაყრდენია.“ 

 

 

- ჩემმა არაერთმა სტუმარმა ძალიან საინტერესოდ აღწერა თავისი დამოკიდებულება თბილისის მიმართ. სოფელზე ასეთი სიყვარულით ილაპარაკეთ და თბილისთან რა გაკავშირებთ? რაიმე განსაკუთრებულ სულისკვეთებას ან განსაკუთრებულ მუხტს თუ გრძნობთ ამ ქალაქში? 

- რა თქმა უნდა, ვგრძნობ. თბილისი ჩემი პატრიოტიზმის მთავარი დასაყრდენია. 

- რატომ? 

- ალბათ, იმიტომ, რომ მთელი ჩემი პატრიოტიზმი და ემპათია თბილისშია თავმოყრილი. ამ საზოგადოების ნაწილი ვარ; თბილისი ზუსტად ჩემნაირია, ჩემნაირად უჭირს და უხარია, პასუხისმგებლობებს და სიკეთეებს, უპირატესობებს და სისუსტეებს ჩემთან ინაწილებს, ჩემნაირადაა მართალიც და დამნაშავეც.  თბილისის სახელით შემიძლია ვილაპარაკო და თბილისის გამო შემიძლია ყველაფერს დაუპირისპირდე. იმიტომ, რომ თბილისი ჩემია და რაკი ჩემია, ხან მეჩვენება, რომ ყველაზე ფერადი და ნათელი ქალაქია მსოფლიოში, ხან - პირიქით. თანაც, თბილისის წინაშე მაქვს, თუ რაიმე ვალდებულება მაქვს აღებული. თბილისი არის ჩემთვის იდენტობა. სოფელში ჩემი სულია და, ადრე თუ გვიან, იქ დავბრუნდები, იქ ვიპოვი სიმშვიდეს. მაგრამ სანამ აქტიური ცხოვრებით ვცხოვრობ, სანამ მექნება საშუალება, რომ რამე ვაკეთო, თბილისში ვიქნები და თბილისში გავაკეთებ. დღეს გვიწევს ფიქრი საფრთხეზე, რომ, ამ ახალი კანონიდან გამომდინარე, შეიძლება, საქართველოში ვეღარ გავაგრძელოთ ჩვენი საქმე და სადმე სხვაგან წასვლა მოგვიხდეს. ჩემთვის ეს კატასტროფა იქნება. ვერ წარმომიდგენია, სხვაგან უკეთესად ვგრძნობდე თავს, ან უფრო პროდუქტიული ვიყო, ვიდრე აქ ვარ. თუ რამე გამომივა, ისევ აქ გამომივა, თბილისში და არა - სხვაგან.  

- ერთ გადაცემაში თქვით - საქართველო მსოფლიო რუკაზე რომ  არსებობს, ამის ერთი საფუძველი ჩვენი ლანდშაფტებია, რომლებიც მარტო ჩვენ კი არ გვეკუთვნის, არამედ, მთელ მსოფლიოს ეკუთვნისო. პირადად თქვენ საქართველოს ლანდშაფტში რა მიგაჩნიათ განსაკუთრებულად? 

- განსაკუთრებულია ავთენტურობა, თავისთავადობა, რომელიც ახასიათებს ჩვენს ლანდშაფტსაც, ბუნებასაც და კულტურასაც. არ დავიწყებ ახსნას, რით არის განსაკუთრებული, მაგალითად, ჩვენი ტყეები და რით ჯობია ევროპის ულამაზეს ტყეებს, სადაც უფრო მეტი ხეა, უფრო დავარცხნილი და დასუფთავებული გარემოა. უბრალოდ, ის, რაც ჩვენ გვაქვს, ავთენტურია. 

- ესე იგი, ბუნებრივია და ადამიანის ხელი არ ჩარეულა მის  მოწესრიგებაში.

- დიახ, ამით არის განსხვავებული და ამიტომაა ღირებული. ასევე, ისტორია და კულტურა, რომელიც პირდაპირ არის მიბმული ჩვენს ბუნებასთან... კავკასიონი, რომელმაც ჩვენი საზღვარი გაავლო; ტყეები, სადაც ჩვენი ნასახლარებია, რადგან ომების დროს თავი რომ არ შეგვეფარებინა, ვერ გადავრჩებოდით; მარტო ოჯახები კი არა, ვაზის ჯიშებიც კი აქ გადავარჩინეთ; ღვინო, რომელიც ადგილობრივი მინერალებისგან იღებს თავის თვისებებს; პური, რომელიც ქვაზე ცხვება და ისიც ჩვენი ბუნების ნაწილია... ჩემი აზრით, ყველაფერი გვაქვს იმისთვის, რომ თავი ავწიოთ და პატარა ერის კომპლექსისგან გავთავისუფლდეთ, რის გამოც სულ რაღაცის დამტკიცებას ვცდილობთ; სულ გვეშინია, რომ სხვაზე ნაკლები არ გამოვჩნდეთ. ბედნიერებაა, როცა საკუთარი თავი ხარ, არც არავისზე უკეთესი და არც არავისზე უარესი. ახლა იშვიათი შესაძლებლობა მოგვეცა, რომ ჩვენი კულტურა თავისუფალი მსოფლიოს ნაწილი გავხადოთ, ჩვენში დაგროვილი ინფორმაცია სხვებს გავუზიაროთ, მაგრამ ამისთვის საჭიროა ვემეგობროთ, ვეურთიერთოთ. სამწუხაროდ, დღეს საქართველოს სახელით ხდება ღია დაპირისპირება იმ ევროპულ ღირებულებებთან, რომელთა შექმნაში რაღაც წვლილი ჩვენც შეგვქონდა და, რაც მთავარია, მთელი ჩვენი ისტორია საითაც მივდიოდით. თუ თანამედროვე მსოფლიო ცივილიზაციის ნაწილი არ ვიქნებით, ვერ გადავრჩებით. იზოლირებულად არაფერი არ არსებობს სამყაროში.

- ახლა ისეთ თემას შეეხეთ, რომელმაც პირდაპირ მიბიძგა, რომ თქვენი ერთი მძიმე გამოცდილების შესახებ გკითხოთ. ვგულისხმობ ომებს აფხაზეთში და სამაჩაბლოში, რომელთა მიზანი სწორედ დამოუკიდებლობის შენარჩუნება და ცივილიზებული სამყაროს ნაწილად დარჩენა იყო. აფხაზეთის ომის დროს ძალიან ახალგაზრდა იყავით, მაგრამ ომს აშუქებდით, როგორც ჟურნალისტი. თუმცა, წიგნი, რომელსაც „ტიტრები“ ჰქვია, იმის შესახებ დაწერეთ, თუ როგორი სისასტიკით შემოვიდა ომი შიდა ქართლში. შეგიძლიათ, ომებთან დაკავშირებული პირადი გამოცდილება გაგვიზიაროთ? 

- ომი ადამიანს სრესს. ძალიან უმწეო ხარ, როცა ამ კატასტროფის პირისპირ რჩები, საკუთარი სიცოცხლით და საკუთარი ოჯახით. ეს ყველაზე საშინელი ტრაგედიაა, რასაც შეიძლება ადამიანი შეეჯახოს. ჩვენ, საქართველომ, ამ ოცდაცამეტ წელიწადში რამდენი ასეთი კატასტროფა გავიარეთ?! 

- პირადად თქვენ რაიმე ახალი თუ გაიგეთ ქართველებზე და ჩვენს ქვეყანაზე, ამ ომების კონტექსტში?

- ჩემთვის პირად ტრაგედიად იქცა სოხუმის დაცემა, იმის მიუხედავად, რომ ბევრად ადრე ვიცოდით, სოხუმი უნდა დაცემულიყო. აფხაზეთში ვიყავით და ახლოდან ძალიან კარგად ჩანდა, რომ ეს იყო წაგებული ომი; რომ სხვა სცენარი, უბრალოდ, არ არსებობდა. ორივე მხარეს რუსეთი იდგა, თავის ხალხს ნიშნავდა სარდლობაშიც და პოლიტიკაშიც, ხელფასსაც თვითონ უხდიდა, აქეთაც და იქითაც. ისინი, ჩვეულებრივ, რუსეთის სამსახურების თანამშრომლები იყვნენ - როგორც საქართველოს მხარეს, ასევე, აფხაზეთის მხარეს. აფხაზებიც და ქართველებიც დაგვარწმუნეს, რომ ერთმანეთთან გვქონდა პრობლემა, მაგრამ მერე გაირკვა, რომ რუსეთი იარაღსაც კი ისე გვირიგებდა და ისე გვიბალანსებდა, რომ რაც შეიძლება დიდხანს გვეხოცა ერთმანეთი. ამ ომში რუსეთის მარიონეტები აღმოვჩნდით,  ჩვენი ნამდვილი სიცოცხლეებით და სიკვდილებით ომობანას თამაშობდა. 

- მაგრამ ბევრი ადამიანი - ორივე მხარეს - თავის აღქმაში ხომ თავისუფლებას იცავდა?  

- უმეტესობა ასეთი იყო. მათ შორის, სარდლობაშიც იყვნენ გულწრფელი მებრძოლები. ომში იბადებიან გმირები და ბოლო წლებში რამდენი გმირი გვყავს ისეთი, რომლებსაც მთელი ისტორიის გმირების პანთეონს გვერდით თამამად დავუყენებთ. სამწუხარო ის არის, რომ გამარჯვების არანაირი შანსი არ არსებობდა. გამაგრებული სიმაღლეების აღების დროს, დაკარგული სოფლების დაბრუნების დროს, რისთვისაც ყოველ ჯერზე ადამიანები იღუპებოდნენ, უცებ, ამხელა მსხვერპლის შემდეგ, მოდიოდა ბრძანება, ძველ პოზიციებზე დაბრუნდითო. და ისევ იგივე, მეორედ, მესამედ, მეათედ... რა თქმა უნდა, ამას, პირველ რიგში, მებრძოლები ხედავდნენ და ხვდებოდნენ, რამდენად განწირული იყო საქართველო ამ ომში. 

 

 

„კოლუმბმა ინდოეთის ძებნაში ამერიკა აღმოაჩინა და მე, პირიქით, ამერიკის ძებნაში ინდოეთი აღმოვაჩინე.“

 

 

- არ ვიცი, რამდენად სწორია ჩემი შთაბეჭდილება, რომ იყო დრო,  როცა საქართველოდან გაღწევა და სხვა ქვეყანაში, კერძოდ, ამერიკაში ცხოვრება გინდოდათ. თუმცა, დღემდე საქართველოში ხართ და თქვენს შვილს აქ ზრდით. ახლა როგორ აფასებთ - გაგიმართლათ, თუ არ გაგიმართლათ, რომ საქართველოში დარჩით?

- გამიმართლა. ეს წასვლა 90-იანი წლების კიდევ ერთი გამოწვევა იყო. ჩემი ბევრი მეგობარი წავიდა და მათი წასვლა საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. წარმატებული - იმ თვალსაზრისითაც, რომ საქართველოსთან კავშირი არ გაუწყვეტიათ. მაშინ ამხელა პასუხისმგებლობები არ მქონდა. მაშინ ჩემთვის წასვლა არ იყო გადარჩენა. წასვლა იმ თავისუფლების ნაწილი იყო, რომელიც ჩვენს თაობას მოგვეცა, წინა თაობებისგან განსხვავებით და გვინდოდა, რომ გამოგვეყენებინა. ჩემთვის წასვლა იყო დაუგეგმავი მცდელობა, რომელიც თავგადასავალში გადაიზარდა და შემდეგ ეს თავგადასავალი წიგნად იქცა. ვხუმრობდი ხოლმე, რომ კოლუმბმა ინდოეთის ძებნაში ამერიკა აღმოაჩინა და მე, პირიქით, ამერიკის ძებნაში ინდოეთი აღმოვაჩინე.

- თქვენი ახალგაზრდობის გამოცდილებაა თავგადასავლები, პოეზია, ამბოხი... თქვენი შვილი თინეიჯერია და როგორი ურთიერთობა გაქვთ მასთან? მინდა, რომ გვითხრათ, როგორი იყო და არის თქვენი ოჯახის სამ თაობას შორის ურთიერთობა: მამათქვენი, თქვენ და თქვენი შვილი. 

- რაც მთავარია, ეს ჯაჭვი შედგა და, პირველ რიგში, ჩემგან დამოუკიდებლად - მათ შორის არსებული ინტენსიური ურთიერთობის და დიდი სიყვარულის ხარჯზე. მიხარია, რომ ჩემს შვილს ჰქონდა ამის ბედნიერება და ამ ურთიერთობებმა მას ყველაზე ლამაზი წლები აჩუქა. ჩვენმა თაობამაც, თუ მართლა რამე გააკეთა, ალბათ, ის, რომ რაღაც ღირებული წამოიღო წინა თაობისგან და, რაც მთავარია, უკეთესი შვილები გაზარდა. 

 
და ჩვენ რასაც ვუყურებთ - მე არ ვამბობ ახლა ჩემს შვილზე, რა თქმა უნდა - ჩვენ რასაც ვუყურებთ ამ ახალგაზრდობას, როგორები არიან ისინი, შეგვიძლია, რომ თვითკმაყოფილებაც განვიცადოთ იმიტომ, რომ ჩვენი წვლილი არის ამაში - იმიტომ, რომ ისინი მართლა ძალიან კარგები არიან და განსხვავებულები არიან.

 

- რას ხედავთ განსხვავებულს ახალ თაობაში? 

- გეტყვით. მაგალითად, როდესაც მე რაღაც არ მომწონს, უკმაყოფილების და ბრაზის განცდა მიჩნდება. აი, ეს არის ჩვენი თაობისთვის დამახასიათებელი - ვბრაზდები, როცა რამე არ მომწონს; ვთქვათ, როცა ქუჩაში ნაგავი დააგდეს. ჩვენი შვილები კი ამ ბრაზისგან თავისუფლები არიან, შეუძლიათ, ბედნიერი სახით აიღონ სხვისი დაგდებული ნაგავი. იმიტომ, რომ ეს მათი არჩევანია და სიამოვნებას ანიჭებთ, ასეთი საკუთარი თავი მოსწონთ, უკვე ბუნებრივად არიან უკეთესები. ჩვენ ძველი სახლებივით ვართ, ყოველ წელს რომ ამაგრებენ და არემონტებენ. ჩვენი შვილები კი თავიდანვე ასეთები ჩამოყალიბდნენ, ბუნებრივები და ავთენტურები. ალბათ, აღზრდის და განათლების სისტემაშიც ბევრი რამ შეიცვალა, ჩვენი ბავშვობის შემდეგ. 

- დიახ, აღზრდა ბევრად ჰუმანური გახდა, ეს აშკარაა. 

- ამ ბავშვებმაც ბევრი გადაიტანეს, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მათთვის მომავალი - განსაკუთრებით, უახლოესი წლები - კიდევ უფრო მძიმე არ აღმოჩნდება. ეს თაობა ნამდვილად ყველაზე ევროპულია არამარტო საქართველოსთვის, შეიძლება, ევროპისთვისაც. როდესაც გადარჩენისთვის იბრძვი და ბოლოს გადარჩები, ეს ისეთ მოტივაციას გაძლევს, ისეთ შესაძლებლობებს გიხსნის, რაც მანამდე წარმოუდგენელი იყო. 

- რას გულისხმობთ?

- აღმოსავლეთ ევროპა გავიხსენოთ - რა სწრაფად წავიდა პროცესი და რა სწრაფად აღმოიფხვრა ცენტრალურ ევროპასა და აღმოსავლეთ ევროპას შორის სხვაობა. ამ ქვეყნებმა დიდი ღირებულებები შეიტანეს, ეკონომიკები და ტექნოლოგიები შექმნეს, რადგან გაათმაგებული მოტივაცია ჰქონდათ. 2030 წლისთვის საქართველო თუ ევროკავშირში აღმოჩნდება და დღევანდელი ახალგაზრდობა ევროკავშირის პირველი ქართული თაობა გახდება, დარწმუნებული ვარ, რომ ისინიც უდიდეს ფასეულობებს შექმნიან თვითონ ევროპისთვის. ეს ძალიან ნიჭიერი თაობაა. შარშან ერთ-ერთ ლიტერატურულ კონკურსში მომიხდა მონაწილეობა, როგორც ჟიურის წევრს და „დებიუტში“ იყო საოცრება: მოდიოდნენ ახალგაზრდები, რომლებმაც ფეხი კი არ შემოდგეს, პირდაპირ შემოანგრიეს ლიტერატურის კარი.  არ ვიცი, საიდან გაჩნდნენ ასეთი ნიჭიერები. მერე ვხუმრობდით, ნეტავ, ლიტერატურა იყოს საქართველოში ეკონომიკა, ხომ ვიტყოდით, რომ ყვავის ეკონომიკაო?! ძალიან დიდი ცოდვა იქნება, მათმა მამებმა და პაპებმა, მათმა ქვეყანამ, ეს ახალგაზრდები გაწიროს. 

- ვიცი, რომ თქვენს თავზე საუბარი არ გიყვართ, მაგრამ მაინც უნდა გკითხოთ - პირადად თქვენი ძალა რაშია? 

- ალბათ, იმაში, თუ რამდენად შემიძლია წინააღმდეგობა გავუწიო  ისეთ რეალობას, რომლის დაძლევა ადამიანის ძალას აღემატება. მიმაჩნია, რომ აბსოლუტურად ყველაფერი მაქვს, რაც ერთ ადამიანს უნდა ჰქონდეს ამ წინააღმდეგობისთვის. გვერდით მყავს ადამიანები, მაქვს საქმე, რომელიც შეიძლება დროებითია და ხვალ აღარ იყოს, მაგრამ მიხარია, რომ მაქვს. ასევე, მაქვს თავშესაფრები, მათ შორის, ლიტერატურაც, სოფელიც... ეს ყველაფერი ერთად მაძლევს საშუალებას, რომ ცხოვრებით დავტკბე და ვიყო ბედნიერი; საშუალებას მაძლევს, მუდმივად თვალწინ არ მქონდეს რაღაც ისეთი, რაც ჩემში პესიმიზმს,  ნიჰილიზმს, დეპრესიას გამოიწვევს. 

- თუნდაც, დასასრული? 

- დიახ, თუნდაც, დასასრული. ის საკვები, რომელიც ყველა ადამიანს აქვს იმისთვის, რომ არ დაინახოს რაღაც ცუდი, ჩემს შემთხვევაში, საკმაოდ მრავალფეროვანია. მაქვს შიმშილის განცდაც, რომ როდესაც საკვები მთავრდება, აუცილებლად თავიდან უნდა მოვიპოვო. ანუ ჯერ კიდევ მაქვს პოტენციალი, ჯერ სიბერემდე შორია... 

 

 

„თანაგრძნობა ყველაზე ქრისტიანულია და ყველაზე ზუსტი გზაც არის ბედნიერების მოსაპოვებლად.“ 

 

 

- ბოლოს, ტრადიციული კითხვა მაქვს: რომელია სიტყვა ან ფრაზა, რომელიც მთელი თქვენი ცხოვრების მეგზურად გამოდგება? 

- (პაუზა) თანაგრძნობა. ეს არის ყველაზე სწორიც და იოლიც, რომ ადამიანმა საკუთარი შესაძლებლობები რაღაც ისეთში ჩადოს, რითიც, პირველ რიგში, საკუთარ ბედნიერებას მოიპოვებს; დასასრულს თვალს კი არ აარიდებს, უბრალოდ, ალტერნატივას შექმნის. ჯვარცმა მხოლოდ ქრისტეს ბედისწერა არ არის, თითოეული ადამიანის ბედისწერაა. და როგორ შეიძლება, ერთმანეთის მიმართ თანაგრძნობა არ გვქონდეს, როცა ამხელა წონას ვეჭიდავებით; როცა ჩვენი ემოციური ინტელექტით ვცდილობთ, წინააღმდეგობა გავუწიოთ ამ ჩვენს ბედისწერას, ჩვენს ჯვარცმას. თანაგრძნობა ყველაზე ქრისტიანულია და ყველაზე ზუსტი გზაც არის ბედნიერების მოსაპოვებლად. 

- უღრმესი მადლობა შესანიშნავი ინტერვიუსთვის. საუბარს დავასრულებთ თქვენი კომენტარით ცნობილი ადამიანების ორ გამონათქვამზე. პირველი ციტატის ავტორია გერმანელი მწერალი ერიხ მარია რემარკი (1898-1970): „სამყარო მშვენიერია და განსაკუთრებით მშვენიერია - ადამიანების გარეშე.“ 

- ადამიანების გარეშე სამყარო ცოტა დარჩა, მაგრამ რაც დარჩა, მართლაც მშვენიერია. ჩვენ უნდა დავტოვოთ სამყაროს ნაწილი ადამიანებისგან ხელშეუხებელი. მაგრამ დედამიწა და ცოცხალი სამყარო ადამიანების გარეშე არავითარ შემთხვევაში არ უნდა წარმოვიდგინოთ. უბრალოდ, ზოგჯერ შეიძლება გაბრაზდეთ იმაზე, რომ ადამიანმა თავი ვერ გაართვა ბუნებასთან კონფლიქტს და, ამის გამო, არ არის გამორიცხული, ერთ დღეს საკუთარ თავს გამოუტანოს განაჩენი. მაგრამ ისევ ერთად უნდა მოვიფიქროთ, რა ვუშველოთ საკუთარ თავს, რა ვუშველოთ ცოცხალ სამყაროს. ადამიანმა აიღო პასუხისმგებლობა და არ შეიძლება, რომ ხელიდან გაექცეს ეს პროცესი. 

- მეორე ციტატა ეკუთვნის ინგლისელ ფილოსოფოსს - ფრენსის ბეკონს (1561-1626): „სულის გაშიშვლება ისეთივე უხამსობაა, როგორც სხეულის გაშიშვლება.“ 

- ნაწილობრივ, ვეთანხმები. თუმცა, სულის გაშიშვლების გარეშე რთულია ნდობის მოპოვება, მით უმეტეს, როცა მკითხველთან გაქვს ურთიერთობა. მესმის, რომ გამაღიზიანებელიც არის, როდესაც ავტორი ზედმეტად გულწრფელია და ხანდახან ის უფრო მოგწონს, როცა არტისტობს, ჟონგლიორობს და მთელ თავის შესაძლებლობას ამაში დებს. თუმცა, ზოგადად, ადამიანებს შორის ურთიერთობაშიც, მკითხველსა და ავტორს შორის ურთიერთობაშიც გადამწყვეტი არის ნდობა. როგორც კი მკითხველი მიხვდება, რომ გულწრფელი არ ხარ, მაშინვე გაწყვეტს შენთან ურთიერთობას, რაც არ უნდა ნიჭიერი იყო და რაც არ უნდა საოცრებებს ამბობდე. მე მიჭირს ჩემს თავზე საუბარი და სულის გაშიშვლება ჩემთვის, მით უმეტეს, იოლი არ არის, მაგრამ ვფიქრობ, რომ ხანდახან ჩემს ნაწარმოებებში ზედმეტად გულწრფელი ვარ. ამ შემთხვევაში, ფრენსის ბეკონის სიტყვებით, ცოტა უხამსიც გამოვდივარ.

- ესეც წლებთან ერთად ხომ არ იცვლება? ადრე უფრო გახსნილი ხომ არ იყავით, ვიდრე ახლა ხართ? 

- ადამიანი, ზოგადად, მძიმდება; თავის საუბარში, შემოქმედებაში, საქმეში გამოხატავს საკუთარ თავს, რადგან იმას, ვინც არის, ვერსად გაექცევა. თუ ადრე სხვანაირად გამოვხატავდი საკუთარ თავს, მხოლოდ იმის გამო, რომ თვითონ ვიყავი სხვანაირი. ახალ თაობაში ამას ვაფასებ განსაკუთრებით, რომ საკმაოდ ბევრს იღებენ საკუთარ თავზე, ბევრს შრომობენ, ბევრს ერთობიან, ოცდაოთხსაათიანი ცხოვრების რიტმი აქვთ. ჩვენ მათ ასაკში ბევრად პასიურები ვიყავით. მაგრამ, მეორე მხრივ, მეშინია, პასუხისმგებლობით სული უფრო მეტად არ დაუმძიმდეთ. ამიტომაც მინდა, დავიჯერო, რომ ჩვენი შვილების თაობა თავისი მშობლების მიერ არ გაიწირება, არავითარ შემთხვევაში.

 

P.S. გთავაზობთ რეზო გეთიაშვილის ერთ ლექსს. 

 

                          აგონია

ორჯერ გვიწევდა, თავი-ბოლო, ანდა საერთოდ

ვინ გვავალებდა, მაგრამ მაინც მართლა ვალივით

უნდა გვეხადა, თითოეულს უნდა დაედო

თავისი წილი დაბადება, გარდაცვალება -

 

საჭირო იყო ქორწილის დროს ქუჩის დაკეტვა

(გასვენების დროს - ცენტრალურის), ლხინში ცეცხლოვან

ხმაურს მიქონდა ყურთასმენა, ხოლო აქედან

გამომდინარე, მედოლესაც უნდა ეცხოვრა

 

სადმე და უნდა გაეტია, მოთქმა-გლოვიდან

შთაგონებულსაც მივიღებდით, ექსპრომტს, მოროშილს

და უთავბოლოს, რომ როგორმე, ვინც არ მოვიდა,

მასაც გაეგო, სოფლის თავში, სოფლის ბოლოში.

 

ჩვენ რა ხეირი, ბავშვებს, ორი გაკვეთილი თუ

გაგვიცდებოდა, არ ვწყალობდით თოჯინებივით

სიძე-პატარძლებს, არ მოგვწონდა რიგებში ვიწრო

გასასვლელები და ტექსტებიც მგონი ზეპირად

 

ვიცოდით, აი, მეორე დღე იყო სხვა თემა -

სავსე დროით და ადგილებით, ლიმონათებით.

იმ დღეს მეორედ დავიბადე, ცხრა ერთჯერადი

წლის ვიყავი და კიდევ ბევრი რამე მჯეროდა -

თქვეს, რომ ძალიან გამიმართლა, თქვეს, რომ საშინლად

ნაადრევ სიკვდილს სალოცავმა გადამარჩინა...

 

ნებისმიერი ფანჯრიდან რომ გადაიხედავ,

სოფლის ზევით რომ სართულ-სართულ მთის ცერებია -

თითოზე თითო სალოცავით, მართლა ისეა,

რომ ყველა სახლი ამ პეიზაჟს მიშტერებია

 

და მამაჩემიც, მანდ მოვალთო, შეპირებია,

მზეს რომ სხივები უკვე იქით ეფინებიან,

ჩვენი ფეხითო, ეს ამბავიც დაიანონსა,

ოღონდ გადარჩეს, თავის ფეხზე გაიაროსო.

 

კიდევ კარგახანს ვერ გავივლი, მაგრამ ჩვენ უკვე

სალოცავის გზას დავადექით, როგორც შევუთქვით,

მოკლედ, საჭესთან ერთი მთვრალი ანონიმიდან

მართლა „რწმენის და სინათლის დღე“ გამომივიდა

 

და გამყვა, ვიდრე კიდევ ერთი ბოლო იმედით

ამჯერად უკვე მამაჩემის გამო მივედით,

დრომ თითქოს თავი ამოწურა, მოიმთაბარა,

გასწვდა ყველაფერს - რწმენას, გრძნობას, სუნთქვის აპარატს,

 

კი წყალწაღებულ, უიმედო ხმაზე, კილოზე,

მაგრამ ხელები ჩავჭიდეთ და ისე ვილოცეთ,

როლი თვითონვე ვერ მოვირგე, ვერ ვითამაშე,

რაც იყო, იყო, სულ ეს იყო, ვალი მამაჩემს

 

ვერ დავუბრუნე და იმ კიდევ უფრო საშინელ,

უფრო დიდ სიკვდილს ვერაფრით ვერ გადავარჩინე,

გულში ქრებოდა სალოცავიც, თუმცა ვიცოდი

უამდენრამო ვიცოცხლებდი უამისოდაც...

 

წუხელ ვკვდებოდი, თითქოს უკვე სული გაფრინდა

ზღაპარში, თითქოს მომაბრუნეს ისევ ზღაპრიდან

და თავზე მედგა მამაჩემი - ციდან, მიწიდან

გადმოსულიყო, მიღიმოდა და ხელს მიწვდიდა,

 

რომ ისე, როგორც ბავშვობაში, სანამ ბოლომდე

გადავრჩებოდი, ჩამეკიდა და გავყოლოდი,

ქარი ფოთლებს და ფოთლები ქარს აქანავებდა,

ჩვენს სალოცავთან მიმიყვანა, დავრჩი, წავიდა.

2023

ფოტომასალა: ირაკლი გედენიძე

გუნდი

ირაკლი გედენიძე

ზურაბ ქურციკიძე

გიო კუსიანი

გიორგი ურუშაძე

თამთა ყუბანეიშვილი

ნანა ყურაშვილი

ინგა ქორიძე