×
„სიმამაცის გარეშე ვერ შეიცნობ თავისუფლებას“

თეონა ლოდია

ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ ასოცირებული პროფესორი, ბავშვთა და მოზარდთა კლინიკური ფსიქოლოგი


2942

ინტერვიუს შესახებ

იმის მიუხედავად, რომ თეონა ლოდიას ინტერვიუმდე არ ვიცნობდი, რატომღაც გადავწყვიტე, მისთვის ის კითხვები დამესვა, რომლებმაც პირადად ჩემ ირგვლივ გარემოში ბუნებრივად მოიყარა თავი. ზოგი კითხვა პირადად ჩემი გამოცდილებიდან დაიბადა, ზოგი - ოჯახიდან, ზოგი - ახლო გარემოცვიდან. 

ვფიქრობ,  ორი მიზეზი ჰქონდა იმას, რომ სასარგებლო საუბარი გამოვიდა. პირველი მიზეზი, ცხადია, ქალბატონი თეონას პროფესიონალიზმია, მეორე კი - მისი პოზიტიური ბუნება. იშვიათად შემხვედრია ადამიანი, რომელიც ამდენ პოზიტივს ატარებს საკუთარ თავში. მით უმეტეს, ფსიქოლოგებს მწარე გამოცდილებები აქვთ, რაც, ჩემი დაკვირვებით, ზოგჯერ სამყაროს მიმართ მათ დამოკიდებულებაზეც აისახება. დღევანდელ მძიმე გარემოში ხომ საერთოდ წარმოუდგენელია, ასეთი სიმშვიდე და ნდობა ატარო საკუთარ თავში. 

გაიცანით თეონა ლოდია, რომელიც გვასწავლის, როგორ არ გავაკონტროლოთ და როგორ გავათავისუფლოთ საკუთარი შვილები. ჩემთვის ეს პროცესი საკუთარი თავის გათავისუფლებით იწყება.  

ია ანთაძე

- ქალბატონო თეონა, იმის გარდა, რომ ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ბრძანდებით, კლინიკური ფსიქოლოგი ხართ; თან ბავშვებთან და მოზარდებთან მუშაობთ. თუ არის თქვენში რაღაც მუდმივი სევდა, როგორც დამკვირვებელ ადამიანში? 

- სევდა ძალიან ბუნებრივი ემოციაა ბავშვებთან და მოზარდებთან მუშაობის პროცესში. ხშირად მეფიქრება ხოლმე - როგორ არ გაუმართლათ! 

- რთული პროფესია გაქვთ, მაგრამ ბავშვებთან მუშაობას ფსიქოლოგისთვის განსაკუთრებული სიმძიმე თუ ახლავს? 

- ბავშვებთან მუშაობის სიმძიმე, ალბათ, იმ შემთხვევებს უკავშირდება, როცა ბავშვს აქვს ცვლილებების მიღწევის რესურსი, მაგრამ  არ გააჩნია მხარდამჭერი გარემო, ოჯახის სახით. მეორე მხრივ, ეს ასაკობრივი კატეგორია სამუშაოდ იმიტომ ავირჩიე, რომ  საშუალება მაქვს, სწორედ იმ დროს ჩავერიო, როცა ცვლილების მეტი შესაძლებლობაა.

- ზოგადად, თანაგრძნობის უნარი ადამიანს ცხოვრებას უმძიმებს, თუ უმსუბუქებს? 

- მიჭირს ამ კითხვაზე ცალსახა პასუხის გაცემა. თანაგრძნობის უნარი, ჩემი აზრით, გარკვეული ტვირთიც არის და დიდი შესაძლებლობაც, რომ სხვას დაეხმარო, მხარი დაუჭირო. თანაგრძნობა უმნიშვნელოვანესი უნარია, რომელიც, როგორც წესი, მგრძნობიარე ადამიანებს ახასიათებთ. ისინი დეტალებს აკვირდებიან, ზედმეტად ღელავენ და სევდიანები არიან იმის გამო, რასაც ამჩნევენ. მეორე მხრივ, მგრძნობიარობა გულისხმობს თანაგრძნობასაც - რომ მე შემიძლია, გავიგო საკუთარი და სხვისი ემოცია: რას ვგრძნობ და რატომ ვგრძნობ; ან სხვა რას გრძნობს და რატომ გრძნობს. ეს ადამიანის ძლიერი მხარეა. 

- თუ გახსენდებათ შემთხვევა, როცა  თქვენი პროფესიული ეთიკა და ადამიანური თანაგრძნობა ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოსულა?

- ეს არცთუ იშვიათად ხდება. იცით, რატომ? ჩემს შემთხვევაში, განსაკუთრებით მაშინ, როცა ახალბედა ვიყავი, ძალიან მიჭირდა საზღვრების დაცვა. 

- რას გულისხმობთ? 

- როდესაც დიდი თანაგრძნობა გიჩნდება ადამიანის მიმართ, რთულია იმ საზღვრის დაცვა, რომ შენ ხარ ფორმალური ადამიანი, რომელიც მეორე ადამიანის გაძლიერებას ემსახურები და არ ხარ მისი მეგობარი ან ოჯახის წევრი. 

- თუ სწორად გავიგე, შეიძლება, მტკივნეული ნაბიჯების გადადგმა მოგიხდეთ, როგორც ფსიქოლოგს? 

- დიახ, ზოგჯერ ეს აუცილებელია იმისთვის, რომ რეალურად დაეხმარო მეორე ადამიანს გამოწვევების დაძლევაში. ისიც ჩარჩოა, რომ - ამ დროში უნდა ჩავეტიოთ და ამის იქით არ შემიძლია თქვენი დახმარება. თუმცა, დროთა განმავლობაში აცნობიერებ, რომ სწორედ ამ ჩარჩოებით ეხმარები... 

- გამოდის, თანაგრძნობის უნარი იჩაგრება, თუ პროფესიულ ეთიკასთან მოვიდა წინააღმდეგობაში. ასეა? 

- დიახ. გვიწევს, რომ თანაგრძნობის უნარი ჩარჩოში მოვაქციოთ.  

- თქვენც ამბობდით და სხვისგანაც მომისმენია, რომ ყველა ბავშვი გადის ეგოიზმის პერიოდს, რომელიც 6-7 წლის ასაკში ბუნებრივად უნდა დასრულდეს. ამ ასაკიდან ბავშვმა უნდა დაიწყოს სხვისი ინტერესების დანახვა და გათვალისწინება. აღზრდის პრობლემაა, გენეტიკის, თუ რაიმე სხვა ფაქტორი განაპირობებს, როცა ადამიანი მთელი ცხოვრება ეგოისტად რჩება?

- ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. რეალურად, თითოეული პიროვნება არის არამარტო აღზრდის, გარემოს პროდუქტი, არამედ, ბიოლოგიური მოცემულობაც. ამის გამო, ადამიანები ამ უნარითაც განვსხვავდებით - რამდენად შეგვიძლია, სხვის პოზიციაში ჩავიყენოთ თავი. დაახლოებით, ექვს წლამდე ბავშვის აზროვნებისთვის სპეციფიკურია ეგოცენტრიზმი; ასაკისთვის არის დამახასიათებელი, რომ ბავშვი ორიენტირებულია საკუთარ თავზე და არ შეუძლია სხვის პოზიციაში თავის ჩაყენება, სხვისი პერსპექტივის გააზრება. ექვსი-შვიდი წლის ასაკიდან ეგოცენტრიზმის დაძლევა უნდა დაიწყოს. ბავშვს უნდა ვასწავლოთ, რომ გაგვითვალისწინოს, მოითმინოს... ხშირად, ოჯახში არის ხოლმე მიდგომა, რომ ბავშვია და ყველა სურვილი მაშინვე უნდა დავუკმაყოფილოთ. ეს ბავშვს სხვის პოზიციაში ჩადგომას არ ასწავლის. ეგოცენტრიზმის დაძლევის ერთ-ერთი წინაპირობაა, თუკი ბავშვი მიეჩვევა, რომ საკუთარი სურვილის დაკმაყოფილება გადაავადოს.

- ეგოიზმის დაძლევის დიდი წილი მაინც აღზრდაზე მოდის, როგორც ჩანს. 

- დიახ, თანაგრძნობა და სხვისი გათვალისწინება აღზრდადი უნარია. მაგრამ ზოგი ადვილად სწავლობს, ზოგი - ძნელად. ეს პიროვნულ მახასიათებლებზეა დამოკიდებული. 

- თქვენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ ბავშვში სოციალური ინტელექტის განვითარებას. რით ხსნით, რომ ერთ ოჯახში გაზრდილ ბავშვებს შორის სრულიად განსხვავებულად შეიძლება იყოს განვითარებული გარემომცველ საზოგადოებასთან ურთიერთობის უნარი? გარემო ერთი აქვთ, მაგრამ ბავშვები ძალიან განსხვავებულები არიან. 

- გამომდინარე იქიდან, რომ ორი ერთნაირი პიროვნება არ არსებობს, ბავშვებიც, ცხადია, ერთმანეთისგან პიროვნული მახასიათებლებით განსხვავდებიან. შესაბამისად, თუნდაც, ერთი ოჯახი იყოს, მათთვის გარემო მაინც განსხვავებულია. მაგალითად, თუ ერთი ბავშვი მორცხვია და მეორე უფრო თამამი, მე, როგორც დედა, მორცხვს სხვანაირად ვექცევი და თამამს - სხვანაირად. შესაბამისად, ერთისთვის სხვა გარემო ვარ და მეორისთვის - სხვა. განვითარების შედეგიც განსხვავებული იქნება. 

- შესაბამისად, ერთი ბავშვი შეიძლება უფრო ამტანი იყოს, მაგალითად, ოჯახური კონფლიქტის მიმართ, მეორე კი ნაკლებად იტანდეს, რაც ოჯახში ხდება და ხშირად იკეტებოდეს. სითბოსაც განსხვავებულად იღებდნენ და გასცემდნენ. ასეა? 

- ეს კარგი დაზუსტებაა. გარდა იმისა, რომ მე, როგორც მშობელი, სხვადასხვანაირად ვექცევი შვილებს - მათი ტემპერამენტიდან, ხასიათიდან გამომდინარე, ასევე, ერთ ოჯახში აღზრდილი ბავშვები ერთსა და იმავე მოვლენას სხვადასხვანაირად აღიქვამენ - იმიტომ, რომ განსხვავებული პიროვნებები არიან, განსხვავებული გამოცდილება აქვთ. 

 

 

„ხომ არსებობს სტერეოტიპი, რომ მორცხვი ადამიანი მშვიდია?! არანაირად.“

 

 

- შესაძლებელია თუ არა, ინტროვერტული ბუნების ბავშვს სოციალური და ემოციური ინტელექტი მაღალ დონეზე ჰქონდეს განვითარებული?

- მოდით, ავხსნათ, რას ნიშნავს ინტროვერტი - ის ბუნებით ძალიან მგრძნობიარე და დაკვირვებულია. აკვირდება საკუთარ თავს, გარემოს, დეტალებს... ასევე, მიდრეკილია იმისკენ, რომ ამ დეტალებზე ბევრი იფიქროს, მათ დიდი მნიშვნელობა მიანიჭოს; ამავდროულად, შეიძლება, სწორედ ამან, რომ ძალიან დაკვირვებული და მგრძნობიარეა, ბარიერი შეუქმნას ურთიერთობაში. 

- კონკრეტულად, რას გულისხმობთ? 

- ინტროვერტი საკუთარ ქცევას დამკვირვებლის პოზიციიდან აღიქვამს. თავში სულ აქვს კითხვა: მე რომ ასე ვიქცევი, სხვა რას იფიქრებს? ინტროვერტები შეფასების მიმართ ძალიან მგრძნობიარენი არიან და ეს მათში შფოთვას იწვევს. შფოთვის შესამცირებლად კი, ხშირად, თავის არიდებისკენ არიან მიდრეკილები. 

- გამოდის,  შესაძლებელია, ბავშვზე ფიქრობენ, რომ არავისთან ურთიერთობა არ უნდა, გულგრილია და ამიტომ არის ჩაკეტილი; სინამდვილეში, იმიტომ იყოს ჩაკეტილი, რომ ძალიან განიცდიდეს იმას, რაც მის ირგვლივ ხდება. ინტროვერტი ბავშვი გულგრილი კი არა, პირიქით, მეტად მგრძნობიარე გამოდის.  

- დიახ, პირიქით არის. ხომ არსებობს სტერეოტიპი, რომ მორცხვი ადამიანი მშვიდია?! არანაირად. მორცხვი ადამიანი, პირიქით, ძალიან მშფოთვარეა, მაგრამ - შეკავებული. მისი ტემპერამენტი განაპირობებს, რომ შეიკავოს თავი, შეიკავოს რეაქციები, არ გამოხატოს, არ გამოთქვას იმიტომ, რომ წინასწარ ღელავს - ასე რომ ვთქვა, სხვა რას იფიქრებს?! ეს ფიქრები მასში იმდენად შემაწუხებელ შფოთვას იწვევს, რომ ცდილობს, თავი აარიდოს იმ სიტუაციებს, რომლებიც მისგან კომუნიკაციას მოითხოვს. 

- დიდი მადლობა. ახლა სხვა ტიპის ბავშვებზე მინდა, გკითხოთ. თუ მასწავლებელმა შეამჩნია, რომ კლასში 11-12 წლის მოზარდები იწყებენ შეკავშირებას და თანატოლების ჩაგვრას, ეს ნიშნავს, რომ უკვე დაგვიანებულია თანაგრძნობის გაღვივების მცდელობა? თუ სწორი კომუნიკაციით შესაძლებელია ამ პრობლემის აღმოფხვრა? 

- აქტუალური თემა წამოჭერით. დავიწყებ იმით, რომ მოზარდობის ასაკიც ხასიათდება ე.წ. „მოზარდობის ხანის ეგოცენტრიზმით“. ეს არ ნიშნავს, რომ მოზარდებს ინტელექტუალურად არ შეუძლიათ სხვის პოზიციაში ჩადგომა, სხვისი პერსპექტივის გააზრება. ეს ე. წ. ემოციური ეგოცენტრიზმია. მოზარდი ფიქრობს, რომ ის სხვების მხრიდან მუდმივი დაკვირვების ობიექტია.  ეს ასაკობრივი პერიოდი  ხასიათდება იდენტობის კრიზისით. მოზარდი სვამს კითხვებს საკუთარ თავთან: ვინ ვარ მე? რა შემიძლია? 

- კონკრეტულად, რომელ ასაკზე საუბრობთ? 

- დაახლოებით, 9 წლის ასაკიდან გოგონები, ერთი-ორი წლით გვიან - ბიჭები. ის დამოკიდებულება, რომ მხოლოდ ჩემი პოზიციაა მნიშვნელოვანი, უნიკალური, ხშირად, მოზარდობის ხანის ემოციური ეგოცენტრიზმით არის განპირობებული. ამას ერთვის იდენტობის კრიზისი, რომელიც იწვევს თვითდამკვიდრებისთვის, უპირატესობის მოპოვებისთვის ბრძოლას. თანატოლების მხრიდან სოციალური აღიარება ამ დროს გადამწყვეტია თვითშეფასებისთვის. როცა მოზარდი ცდილობს, გაერკვეს, ვინ არის და რა შეუძლია, არ არის გამორიცხული, იფიქროს - მე კარგი ტიპი ვარ; მე ბევრი მეგობარი მყავს; მე ვწყვეტ, ვინ იყოს ჩემს ჯგუფში და ვინ - არა... ამ დროს მაშველი რგოლია ღირებულებები. მოზარდობის ასაკში ბავშვს ინტელექტუალურად უკვე შეუძლია აბსტრაქტული აზროვნება და გააზრება, თუ რა არის სამართლიანობა, თანასწორობა, კეთილსინდისიერება, პასუხისმგებლობა... ის, რომ მაშველ რგოლად ღირებულებები ჩავრთოთ, - სწორედ სკოლის, მასწავლებლების და მშობლების ფუნქციაა. 

- ესე იგი, მშობლების ჩართვაც საჭიროდ მიგაჩნიათ, როცა კლასში ურთიერთობების პრობლემაა? 

- მშობლის მხარდაჭერის გარეშე თითქმის შეუძლებელია, რომ შედეგს მივაღწიოთ. თუმცა, მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ, მოზარდობა ის ასაკია, როცა უფრო მნიშვნელოვანი ხდება თანატოლების მხრიდან აღიარება და მშობლების ავტორიტეტი უკანა პლანზე იწევს. ამის მიღება, როგორც წესი, მშობლებს უჭირთ. ამბობენ ხოლმე - აი, ჩემი არ სჯერა და თავისი კლასელის სჯერა. ეს ბუნებრივი მოვლენაა და, სწორედ ამ დროს, მშობლებმა შვილებთან ურთიერთობა თანასწორის დონეზე უნდა გააგრძელონ. მენტორის პოზიციიდან საუბარი ამ ასაკში შედეგს არ იძლევა. ხშირად მოდიან ხოლმე 12-13 წლის ასაკის ბავშვების მშობლები და მეუბნებიან: ვუკრძალავ ამას, აბა, არ ავუკრძალო?! დასჯის მეთოდებით ცდილობენ, რომ პრობლემა გადაჭრან. მაგრამ მოზარდობის ასაკში ეს არ მუშაობს. მოზარდობაში ყველაზე კარგი ბერკეტი, რომ მივიღოთ ისეთი პიროვნება, რომელიც საკუთარ თავსაც გამოადგება და საზოგადოებასაც, სწორედ ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობაა. 

- თქვენ ამბობთ, რომ მშობლის პირველი ამოცანაა, კარგად იცნობდეს თავის შვილს და მის ინტერესებს ავითარებდეს. მაგრამ როგორია რეალობა - ოჯახების უმრავლესობა დღემდე ზრდის თუ არა ბავშვს ისე, როგორც მშობლებს მიაჩნიათ საჭიროდ? ახალი თაობა ბავშვზე ორიენტირებული აღზრდის პროდუქტია, თუ მშობელზე ორიენტირებული აღზრდის?  

- მიჭირს, ცალსახად გიპასუხოთ. საბედნიეროდ, არიან ისეთი მშობლები, რომლებიც ბავშვებს უსმენენ, მათ ინტერესებს ითვალისწინებენ. მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც მენტორის პოზიციიდან ზრდიან; აკრძალვების, დასჯის მეთოდებით ცდილობენ, რომ შვილები კალაპოტში ჩააყენონ. ისეთი მშობლებიც არიან, რომლებსაც ძალიან ცოტა დრო აქვთ საკუთარი შვილებისთვის და, რეალურად, აღმზრდელის ფუნქციას ინტერნეტი, ეკრანი ითავსებს. ბავშვებს ამ ასაკში ძალიან ბევრი კითხვა უჩნდებათ და როდესაც მშობელი არ არის ხელმისაწვდომი, ინტერნეტი იძლევა პასუხს ყველა კითხვაზე. მშობლები ძალიან გვიან აღმოაჩენენ ხოლმე, რომ ბავშვები მათგან ღირებულებებით აბსოლუტურად აცდენილები არიან. შეიძლება, ყოველდღიურად მხოლოდ 15 წუთი გაატარო ბავშვთან, მაგრამ ის 15 წუთი იყოს იმდენად ხარისხიანი, რომ შეძლო, ბავშვის პულსზე გედოს ხელი. 

- თქვენ თსუ სტუდენტებსაც ასწავლით და ამ გამოცდილების გათვალისწინებით გკითხავთ: როდესაც ვამბობთ, რომ ცვლილებებს ახალი თაობა მოიტანს, არის კი დღევანდელი ახალგაზრდების თაობა იმდენად განსხვავებულად - პიროვნული ფაქტორის პატივისცემით - აღზრდილი, რომ მათი იმედი ჰქონდეს საზოგადოებას? 

- გულწრფელად გეტყვით, რომ ასეთი ძალიან ცოტაა; მაგრამ ესეც მახარებს, რომ დამოუკიდებელი, თავისუფლებისმოყვარე, სწორ ღირებულებებზე აღზრდილი ახალგაზრდები ნამდვილად არიან და მათი იმედი მაქვს. მაგრამ სამწუხაროდ, დიდი უმრავლესობა, მაინც მგონია, რომ..

- ძველი წესებით არის აღზრდილი? 

- დიახ. შეიძლება, მე სუბიექტური ვარ იმიტომ, რომ ძირითადად მაინც იმ ბავშვებს ვხვდები,  რომლებსაც პრობლემები აქვთ. 

- ეს გასაგებია, მაგრამ ერთმა ახალგაზრდა სტუმარმა მითხრა ინტერვიუს დროს: ჩემი თანაკურსელების უმრავლესობასთან სალაპარაკო საერთოდ არაფერი მაქვსო. მე მგონი, დიდი უფსკრულია თვითონ ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებს შორის. 

- შეიძლება, ისევ განათლების ხელმისაწვდომობის საკითხთან მივდივართ - რამდენად თანასწორ საზოგადოებაში ვზრდით შვილებს და ახალგაზრდებისთვის რამდენად თანასწორად ხელმისაწვდომია ხარისხიანი განათლება - როგორც ქალაქში, ისე სოფლად. როდესაც სტუდენტებთან მაქვს ურთიერთობა, ვხვდები რეგიონებიდან ჩამოსულ ძალიან თავისუფლად მოაზროვნე ახალგაზრდებსაც, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებთანაც ეს განსხვავებები ნამდვილად იგრძნობა. 

 

 

„უნდობლობა საკუთარ ქცევაზე პასუხისმგებლობის აღების უნარს არ ავითარებს.“

 

 

- თქვენ ინტერნეტი ახსენეთ და ყველამ ვიცით, რამდენად სერიოზული პრობლემაა ბავშვების მიერ ინტერნეტის უკონტროლო გამოყენება. არსებობს ტექნოლოგიები, რომელთა მეშვეობით მშობლებს შეუძლიათ, გააკონტროლონ, მათი შვილები რამდენ დროს ატარებენ ინტერნეტში, ვის ეკონტაქტებიან, ან რომელ თამაშს რამდენ საათს უთმობენ. სწორ გადაწყვეტილებად თუ მიგაჩნიათ, რომ მშობლებმა ტექნოლოგიების გამოყენებით აკონტროლონ საკუთარი შვილების მიერ ინტერნეტის მოხმარება?

- მე ვფიქრობ, რომ ეს არასწორია. თუკი თავიდანვე ბავშვისა და მშობლის კომუნიკაცია დარღვეული არ არის, თუ მშობელს „ხელი უდევს ბავშვის პულსზე“, ეს საჭიროება არ დადგება - მათ შორის, არც გარდატეხის ასაკში - რომ გავაკონტროლო, შვილი რას აკეთებს. თუ ვიცნობ ბავშვს, თუ ვიცი, რა აწუხებს, რა შეკითხვები აქვს, რას განიცდის და რატომ - ეს ნიშნავს, რომ „ხაზზე ვარ“ ჩემს შვილთან. თუ მთელი ბავშვობისა და მოზარდობის განმავლობაში სწორი ღირებულებების მაგალითს ვაძლევ საკუთარ შვილს, არ დამჭირდება გარედან კონტროლი და აკრძალვების დაწესება. 

- ბავშვისთვის ტელეფონს ხომ მშობელი ყიდულობს? პირველ ტელეფონს რომ უყიდის შვილს, მაშინ რომ უთხრას: „ეს ტელეფონი გექნება, მაგრამ მე გავაკონტროლებ, მას ინტერნეტში როგორ მოიხმარ - რომელ პლატფორმებზე დარეგისტრირდები, რომელ თამაშებს ითამაშებ.“ მაკონტროლებელი მოწყობილობა ბავშვის ტელეფონშიც უნდა ჩამოიტვირთოს და ტექნიკურადაც აუცილებელია, ბავშვმა იცოდეს, რომ მისი ტელეფონი კონტროლდება.  არც ეს მიგაჩნიათ სწორ გზად? 

- უკიდურეს შემთხვევაში, ალბათ, შესაძლებელია. მაგრამ თქვენ მნიშვნელოვანი სიტყვა თქვით. 

- რომელი სიტყვა? 

- გაკონტროლება. როდესაც ბავშვს ეუბნები: მე შენ გაგაკონტროლებ! -  ეს, იცით, რას ნიშნავს? ქვეტექსტია ასეთი, რომ მე შენ არ გენდობი. 

- დიახ, ნდობის საკითხს აქ გვერდს ვერ ავუვლით.

 
თუ ბავშვი გრძნობს, რომ არ მენდობიან, ნახეთ, ის იწყებს ფიქრს - ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის - მე არ ვარ სანდო, მე არ ვარ საკმარისად კარგი.

დაბალ თვითშეფასებასთან დაკავშირებული ბევრი ფიქრი შეიძლება, ბავშვს გაუჩნდეს. თუ მაინც არ მოვწონვარ, თუ მაინც არ მენდობიან - ეს იმის წინაპირობაა, რომ ისეთი რაღაცები მოვსინჯო, რაც ვიცი, რომ არასწორია. უნდობლობა საკუთარ ქცევაზე პასუხისმგებლობის აღების უნარს არ ავითარებს. ნდობა ის ბერკეტია, რომლითაც ბავშვთან  ურთიერთობას ვინარჩუნებთ. თუ ჩემსა და ბავშვს შორის ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობაა, დამერწმუნეთ, კონტროლი არ დამჭირდება. გაცილებით სწორი იქნება, თუ ბავშვს ვეტყვი: მოდი, ერთად ვუყუროთ; მოდი, ავირჩიოთ, რა ჯობია, შენ გადაწყვიტე... ბავშვს უნდა ჰქონდეს განცდა, რომ მის გადაწყვეტილებას ფასი აქვს. 

- საჯარო სივრცეში არაერთხელ გისაუბრიათ, რომ ბავშვის აღზრდის პროცესში მშობელმა უნდა დაიცვას ზომიერება - რაში დაეხმაროს შვილს და რა დოზის დამოუკიდებლობა მისცეს მას. ამ წონასწორობაზე მშობელმა ლამის შვილის დაბადებიდან მის ზრდასრულობამდე უნდა იზრუნოს. ყველაზე მეტად რა ასაკში უჭირს მშობელს, რომ შვილს მეტი თავისუფლება მისცეს - როცა ბავშვი პირველად სწავლობს საკუთარ თავზე ზრუნვას, წერა-კითხვას და ანგარიშს, თუ გარდატეხის ასაკში? როდის უფრო ხშირად უშვებენ მშობლები შეცდომებს? 

- მშობლის მხრიდან ამ ზომიერების დაცვა - რომ ბავშვს საკმარისი დამოუკიდებლობა მივცეთ და თან საკმარისად დავეხმაროთ - ყველა ასაკში ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ ამის განსაზღვრა რთულია. ქართველი მშობლებისთვის სპეციფიკურია ზედმეტი მზრუნველობა: „მე გაგიკეთებ“, „მე შეგიკრავ თასმას“, „მე წაგიკითხავ“, „მე ჩაგილაგებ ჩანთას“... 

- „მე დაგილაგებ ოთახს...“

- ზედმეტი მზრუნველობა ხელს უწყობს ეგოცენტრიზმის ჩამოყალიბებას. თუ შვილს ძალისხმევის დახარჯვას არ ვასწავლი, ვერასდროს შევა ჩემს მდგომარეობაში; არ ეცოდინება, რას ნიშნავს, როდესაც ადამიანი შრომობს და იღლება. 

- როდესაც ბავშვი თინეიჯერია და ოჯახისგან მეტ დამოუკიდებლობას ითხოვს, ამ დროს უფრო რთულია მისი „გაშვება“,  თუ ის უფრო რთულია, რომ პატარა ბავშვს მშობელმა მისცეს თავისუფლება, თვითონ  ჭამოს, თვითონ ჩაიცვას? მაინც მგონია, რომ გაშვება მერე უფრო რთულია, მოზარდობის პერიოდში. 

- მოზარდობის ასაკში შვილი უნდა გაუშვა გარემოში, სადაც ბევრი საფრთხეა. ეს ადვილი არ არის. თუმცა, მშფოთვარე მშობლისთვის ისიც საფრთხეა, რომ ბავშვი კიბეზე არ ავიდეს და რამე არ დაიშავოს... გარეთ არ გავიდეს და არ გაცივდეს.... ასეთი დამოკიდებულება მგრძნობიარე ბავშვს განსაკუთრებით უზღუდავს თავისუფლებას.  

- და ამიტომ პატარა ასაკში თავისუფლების შეზღუდვას უფრო ცუდი შედეგი შეიძლება მოჰყვეს, ვიდრე მოზარდობის ასაკში შეზღუდვებს?

- დიახ და გეტყვით, რატომ. როდესაც სამი წლის ბავშვს უზღუდავენ თავისუფლებას, მას არაცნობიერად უყალიბდება დამოკიდებულება, რომ - მე თვითონ არ შემიძლია; აუცილებლად ვიღაც უნდა იყოს, მაგალითად, დედა, ვინც ამას გამიკეთებს. ის გარემოს აღიქვამს საფრთხის შემცველად, რომელშიც დამოუკიდებლად ორიენტირებას ვერ შეძლებს. ბავშვი იზრდება და მისი ეს ფიქრები ყველაფერზე განზოგადდება. ამიტომაც არის, რომ შემდეგ უჭირს თანატოლების გაცნობა, მათთან ურთიერთობა, ახალ გამოწვევებთან გამკლავება... ასე ვიღებთ ხოლმე 40 წლის ბავშვს. 

- ბევრჯერ მომისმენია ფრაზა: „ბავშვი კი არ აღზარდო, არამედ, გიყვარდეს!“ ამას თუ ეთანხმებით? 

- რეალურად, „მიყვარდეს“ - უპირობოდ მიღებას ნიშნავს. არცერთი ბავშვი და უფროსი არ არსებობს ძლიერი და სუსტი მხარეების გარეშე. ბუნებრივია, მშობელმაც იცოდეს, რა არის მისი შვილის ძლიერი და სუსტი მხარე, მაგრამ ორივე ამ ფაქტორის გათვალისწინებით უყვარდეს და არ ცდილობდეს მის გადაკეთებას. ეს არის უპირობო სიყვარული. თუ თქვენს კითხვაში სიტყვა „აღზრდა“ გადაკეთებას გულისხმობს, მაშინ, დიახ, ვეთანხმები ამ ფრაზას.  

 

 

„ზოგჯერ მშობელი გვიან აღმოაჩენს ხოლმე, რომ, თურმე, შვილს არაფერი არ აინტერესებს.“

 

 

- მეორე მხრივ, შვილის თვალით რომ შევხედოთ? შვილისთვის რა ხდის მშობელს ძალიან პატივსაცემ ადამიანად? შვილის მხრიდან პატივისცემა უპირობო, ალბათ, არ იქნება, რადგან, რაღაც ასაკში მაინც, ბავშვი კრიტიკული ხდება მშობლის მიმართ. 

- ბავშვს მოსწონს მშობელი მანამ, სანამ ის ახერხებს შვილის გაოცებას და აღფრთოვანებას: „ეს შეუძლია! ეს გამოსდის!“ 

- დიახ, ცნობილია ბავშვის განწყობა: „მამაჩემი ყველას მოერევა!“ „დედაჩემი ყველაზე ლამაზია!“

- ბავშვი იზრდება და თანდათან აღმოაჩენს, რომ უფრო ლამაზებიც არსებობენ, უფრო ძლიერებიც, უფრო შეძლებულებიც... პატივისცემას მშობელი შვილს ასწავლის სწორედ უპირობო მიმღებლობით: როდესაც ბავშვი ხედავს, რომ ოჯახში მის აზრს პატივს სცემენ,  რაღაცები არ შეუძლია, მაგრამ მაინც აფასებენ - მერე თვითონაც ამ პერსპექტივით იწყებს მშობლების აღქმას: „ვიცი, რომ ბევრი მშობელი, ვთქვათ, შენზე შეძლებულია, მაგრამ მე შენი ღირსებები ვიცი და მათ გამო გაფასებ!“ 

- გამოდის, ამ ჯაჭვში მთავარია მშობლის დამოკიდებულება, რომ შვილი მიიღოს ისეთი, როგორიც არის და უპირობოდ უყვარდეს? 

- დიახ, როდესაც არ ვიღებ ბავშვის სუსტ მხარეს, ვებრძვი, სხვებს ვადარებ - ის რა კარგად აკეთებს და შენ რა დაგემართა?! ყველაფერი გაქვს და რატომ არ გამოგდის?! - რეალურად, ბავშვში ეს დამოკიდებულება იწვევს იმედგაცრუებას, ბრაზს და პროტესტს მშობლის მიმართ. მაგრამ, მეორე მხრივ, ხშირად მქონია შემთხვევა, რომ თუ მხარდამჭერ ოჯახურ გარემოში გაზრდილი ბავშვები აღმოჩნდებიან ძალიან კონკურენტულ სკოლაში, უჭირთ  ასეთ გარემოსთან შეგუება. 

 
ხშირად მშობლები მოდიან ხოლმე და არიან დადარდიანებულები, რომ: აი, ნეტავ, მესწავლებინა, რომ უფრო ნაკლებად მგრძნობიარე ყოფილიყო!

 

- ამ დროს, თქვენ რას ურჩევთ? 

- ვურჩევ, რომ შვილს ვასწავლოთ საკუთარი აზრის გამოთქმა და მისი დაცვა; ვასწავლოთ, რომ თუ მგრძნობიარეა, თუ თანაგრძნობა შეუძლია და ემოციურია, -  ეს ღირსებაა და არამც და არამც არ არის სისუსტე. უბრალოდ, ბავშვმა უნდა იცოდეს, როგორ გაუმკლავდეს მისთვის პრობლემურ გარემოს. ასეთ გარემოში ნებისმიერი ბავშვი შეიძლება აღმოჩნდეს.  

- მივედით იმ საკითხთან, რომ არსებობს ბავშვის ზოგადი ინტელექტი და არსებობს მისი აკადემიური მოსწრება. ეს ორი ყოველთვის მიზეზ-შედეგობრივად არ გამომდინარეობს ერთმანეთისგან. რა ფაქტორები შეიძლება ჩადგეს ამ ორს შორის, რაც ხელს შეუშლის მოსწავლის ინტელექტუალური რესურსის ტოლფარდი აკადემიური შედეგის მიღებას? 

- ბევრ ფაქტორზე შეიძლება ვილაპარაკოთ. თუნდაც, იმით დავიწყებ, რომ მაღალი ინტელექტის მქონე ბავშვი აღმოჩნდება ხოლმე დამოკიდებული ტელეფონზე, სხვადასხვა თამაშზე ციფრულ სამყაროში. გამარჯვების მოთხოვნილება, მიღწევის მოთხოვნილება ამ სტრატეგიულ თამაშებში ადვილად რეალიზდება. ინტერნეტი ისეთ მრავალფეროვან სტიმულებს სთავაზობს ბავშვს... თანამედროვე ქართული სკოლა კი ხშირად ვერ პასუხობს ბავშვის ინტელექტუალურ მოთხოვნებს. მაგრამ ციფრულ თამაშებში გამარჯვების მისაღწევად ბავშვს არ სჭირდება დიდი ძალისხმევის ხარჯვა, შრომის უნარი. ამ უნარის გარეშე კი მაღალი ინტელექტის ადამიანიც ვერ მიაღწევს სასურველ აკადემიურ შედეგებს. ინტელექტსა და აკადემიურ მიღწევებს შორის ჯაჭვში, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამაშუალებელი რგოლი არის შრომის უნარი. ეს უნარი თავიდანვე, ლამის დაბადებიდანვე უნდა განვუვითაროთ ბავშვს იმით, რომ მივცეთ საშუალება, დამოუკიდებლად გადაჭრას პრობლემები. ცხადია, ჩვენც საკმარისად უნდა დავეხმაროთ. 

- რომელი ასაკია, რომლიდანაც უკვე აღარ იქნებოდა სწორი, რომ ბავშვს სულ გვერდით ეჯდეს უფროსი, საშინაო დავალების შესრულების დროს? 

- ეს ძალიან ინდივიდუალურია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ტიპური განვითარების შემთხვევაში, პირველი კლასის ბოლოს ბავშვს უნდა შეეძლოს, რომ იცოდეს, რა არის დავალება და თავისით შეასრულოს ის. ამავე დროს, ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ დახმარების თხოვნა ყოველთვის შეუძლია და ეს სისუსტეს არ ნიშნავს. მნიშვნელოვანია, რომ სკოლასაც სწორი მიდგომები ჰქონდეს სასწავლო პროცესის მიმართ. 

- ჩვენთან დიდი და ბუნებრივი პრობლემაა, რომ 17-18 წლის ახალგაზრდამ არ იცის, რა პროფესიას უნდა, რომ თავისი ცხოვრება მიუძღვნას; როგორც წესი, შემთხვევით, ვარაუდით ირჩევს პროფესიას. 

- ზოგჯერ მშობელი გვიან აღმოაჩენს ხოლმე, რომ, თურმე, შვილს არაფერი არ აინტერესებს. ინტერესები თავისით არ ჩნდება, ბავშვმა სხვადასხვა კუთხით უნდა მოსინჯოს საკუთარი თავი. მთელ ბავშვობას უნდა მოჰყვებოდეს სურვილი: მოდი, მთაზე ასვლა ვცადო; მოდი, ცურვა ვცადო; ხატვა და გამოძერწვა ვცადო... სხვადასხვა საქმიანობის მრავალფეროვანი გამოცდილება ბავშვებს არ გააჩნიათ. მეორე მხრივ, მშობელს ხშირად უთქვამს: მივიყვანე ფეხბურთზე, არ მოეწონა, გამოვიყვანე; მივიყვანე კალათბურთზე, არ მოეწონა, გამოვიყვანე; მივიყვანე ხატვაზე, გამოვიყვანე...

- მე მგონი, ეს სწორია. 

- არა, არ არის სწორი. პირველივე დისკომფორტის შემთხვევაში თუ ვეუბნები ბავშვს, რომ კარგი, თუ არ გინდა, წამოდი - არ დახარჯო ძალისხმევა, არ იშრომო, არ მოაგვარო, სხვაგან ვცადოთ... ამით პრობლემის გადაჭრისა და შრომის უნარის განვითარებას არ ვუწყობთ ხელს.

- გამოდის, რომ შრომის უნარი არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, რაც ბავშვმა უნდა შეიძინოს, სანამ სკოლას დაამთავრებს. 

- დიახ, ზუსტად. ეს ყველაფერს ეხება - სპორტს, ძერწვას თუ აკადემიურ სფეროს. ძალიან მნიშვნელოვანია, მშობელმა გააცნობიეროს - თუ შვილს პრობლემების მოგვარებას არ ვაცლით და ვარიდებთ მათ, ან ჩვენ თვითონ გადავუჭრით ყველა პრობლემას, ბავშვი საიდან ისწავლის, როგორ გაუმკლავდეს გამოწვევებს? გამოწვევების დაძლევის გარეშე კი ვერ მიაგნებს იმას, რაც ნამდვილად უნდა. 

- თქვენ ბრძანეთ, რომ სკოლა ხშირად ვერ პასუხობს თანამედროვე ბავშვების ინტელექტუალურ მოთხოვნილებებს. ამ დეფიციტს, ჩემი აზრით, მეტ-ნაკლებად ავსებდა ზოგადი უნარების გამოცდა, რომელიც ერთიანი ეროვნული გამოცდების ნაწილი იყო და თავს უყრიდა ბავშვის ინტელექტუალურ შესაძლებლობებს. ეს გამოცდა რომ მოხსნეს, ბევრს გაუხარდა, რადგან ჩათვალეს, რომ საქმე გაუიოლდათ. მაგრამ როგორ აისახება ეს გადაწყვეტილება ჩვენს საზოგადოებაზე, თუნდაც, წლების შემდეგ? 

- ამ თემასთან დაკავშირებით ცოტა სუბიექტური ვარ. 

- იმიტომ, რომ იმ ჯგუფში მუშაობდით, რომელიც ამ გამოცდას ამზადებდა. 

- დღესაც იქ ვმუშაობ. 

- მით უმეტეს, გეცოდინებათ, რისთვის იყო აუცილებელი უნარების გამოცდა და რა დაგვაკლდა ჩვენ, ყველას, ამ გამოცდის მოხსნით. 

- რეალურად, ეს გამოცდა აფასებს აბიტურიენტის უნარს, რამდენად შეუძლია მას ახალი ცოდნის ათვისება,  ხაზს გავუსვამ - უნარს და არა ცოდნას. ეს არის უნარი, რომელიც ვითარდება სკოლაში სწავლის მთელი დროის განმავლობაში, სხვადასხვა სფეროსთან დაკავშირებული ცოდნის მიღებით. შესაბამისად, თუ მოსწავლე შრომობს და სწავლობს, მაგალითად, მათემატიკას, გეოგრაფიას, ბიოლოგიას და ა. შ., მას უვითარდება მრავალმხრივი უნარი, გაიაზროს, გააანალიზოს სხვადასხვა ტიპის ინფორმაცია, გადაჭრას პრობლემები. ამ ტიპის გამოცდა შესაძლებლობას იძლევა, თანასწორ პირობებში ჩავაყენოთ, მაგალითად, სოფლის და ქალაქის სკოლის კურსდამთავრებული, რადგან მინიმუმამდე დაჰყავს განათლების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული ბარიერები. ის ზომავს ზოგად კოგნიტურ უნარს, რომლის განვითარება ერთმანეთისგან განსხვავებულ გარემოშიც არის შესაძლებელი.  

- ამის მიუხედავად, თუ ამის გათვალისწინებით, ზოგადი უნარების გამოცდას ახალგაზრდები ყველაზე „საშიშ“ გამოცდად აღიქვამდნენ. 

- როცა აბიტურიენტი გამოცდაზე მოდიოდა, არ იცოდა, რა დახვდებოდა. შესაბამისად, უნარების გამოცდა არაპროგნოზირებადი იყო, განსხვავებით სხვადასხვა საგნის გამოცდისგან, რომელიც კონკრეტული პროგრამის მიხედვით ამოწმებს ცოდნას. ვფიქრობ, ამან შეაშინა საზოგადოება. აზროვნება რა არის? ახალ სიტუაციაში ორიენტირების, პრობლემის გადაჭრის უნარი, თუნდაც, შეზღუდულ დროში. მაგრამ ეს არის უმნიშვნელოვანესი უნარი, რომელიც საშუალებას გვაძლევს, გავაკეთოთ პროგნოზი, რამდენად წარმატებული იქნება ესა თუ ის ადამიანი უმაღლეს სასწავლებელში; რამდენად ძნელად ან ადვილად აითვისებს ახალ ცოდნას. ამ გამოცდის გაუქმებით, უმაღლეს სასწავლებლებს მოაკლდათ ეს ცოდნა, თუ როგორი შესაძლებლობების სტუდენტები მიიღეს პირველ კურსზე. არსებობს კვლევები, რომლებიც ადასტურებს, რომ აბიტურიენტის მიერ ზოგადი უნარების გამოცდაზე მიღებული ქულა და შემდეგ ამავე სტუდენტის აკადემიური მოსწრება ერთმანეთთან დადებითად არის დაკავშირებული. 

 

 

„რეალობის შეფუთვა აბსოლუტურად არ აძლიერებს ბავშვს.“

 

 

- ერთი „ფაქიზი“ კითხვა მაქვს, საუბრის ბოლოს: საქართველოში დღეს არასტაბილური პოლიტიკური და საზოგადოებრივი გარემოა. ასეთ გარემოში ბავშვის სტაბილურობის განცდას რა უფრო მეტად დაეხმარება - საფრთხეებზე საუბარი, თუ დუმილი? რას ურჩევდით მშობლებს - ილაპარაკონ შვილებთან პოლიტიკურ თემებზე, თუ მაქსიმალურად მოარიდონ ისინი მიმდინარე პროცესს? 

- ძალიან კარგი კითხვაა. რეალობის შეფუთვა აბსოლუტურად არ აძლიერებს ბავშვს. დღეს გვაქვს გარემო, სადაც ტრავმის, დანაკარგების დიდი ალბათობა არსებობს. თუ ბავშვს რეალობას დავუმალავთ და ვეტყვით, რომ არაფერი არ ხდება, ამით მას ვერ მოვამზადებთ წინააღმდეგობების დაძლევისთვის. ბავშვი ყოველთვის საქმის კურსში უნდა იყოს იმ მოვლენების შესახებ, რაც მის ირგვლივ ხდება. ცხადია, დრამატიზების გარეშე და მისთვის გასაგები ლექსიკით უნდა ავუხსნათ, რა ხდება, რატომ ხდება, რის გაკეთება შეგვიძლია და რისი გაკეთება აღემატება ჩვენს შესაძლებლობებს. ეს მას აძლიერებს. თუკი ვუმალავთ, ბევრი ღია კითხვა ჩნდება, რომლებიც შფოთვას იწვევს და თუ ბავშვი შფოთავს, თავს სტაბილურად ნამდვილად ვერ იგრძნობს. ბავშვმა უნდა იცოდეს - მე რომ კითხვას დავსვამ, მიპასუხებენ და არ მომატყუებენ. 

- თქვენ, როგორც ადამიანს და როგორც პროფესიონალს, დღეს რა გაშფოთებთ? 

- მაშფოთებს ის, რომ ჩვენს ქვეყანაში ფსიქიკურ ჯანმრთელობას საკმარისი ყურადღება არ ექცევა. ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში მომუშავე ადამიანების პროფესიული გაძლიერებისთვის მინიმალური რესურსია გამოყოფილი. არადა, ამაზე დგას ქვეყნის სიძლიერე, ჩემი აზრით. თუ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ფსიქიკურად ჯანმრთელი ადამიანები არ იქნებიან, მათი ინტელექტუალური თუ ემოციური რესურსის რეალიზება ვერ მოხდება და, შესაბამისად, ქვეყანა წინ ვერ წავა. ეს ნამდვილად მაშფოთებს. 

- დიდი მადლობა არა მხოლოდ საინტერესო, არამედ, სასარგებლო საუბრისთვის. ინტერვიუს დავასრულებთ თქვენი კომენტარით ცნობილი ადამიანების ორ გამონათქვამზე. პირველი ციტატის ავტორია თანამედროვე ამერიკელი მწერალი ნიკოლას სპარქსი (1965): “დედებიც კი ზოგჯერ მარილს აყრიან შვილის ჭრილობებზე.” ჩემთვის მწარე ციტატა იყო, მაგრამ თქვენ რომ გისმენდით, მოლოდინი გამიჩნდა - ისე შემოატრიალებთ, რომ შეიძლება, რაღაც კარგიც დაინახოთ ამ ფრაზაში. 

- მე ეს დავინახე, რომ ხანდახან საჭიროა - ადამიანმა, თუნდაც, შვილმა, მძაფრად განიცადოს, რომ შეცდომა დაუშვა და აიღოს პასუხისმგებლობა თავის შეცდომაზე. 

- მეორე მხრივ, მშობელი რომ ვარ, შვილს ვეუბნები, რომ ყველა შემთხვევაში მიყვარს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საკუთარი პასუხისმგებლობა არ გაიაზროს? 

- დიახ: „მესმის, რატომ დაუშვი ეს შეცდომა; სამწუხაროა, რაც მოხდა, მაგრამ არსებობს გამოსწორების გზა. შენ აიღე პასუხისმგებლობა და მე მოგეხმარები.“ 

- მაგრამ სად არის ის მომენტი, რომ შვილის ჭრილობას მარილი დავაყარე მე -  დედამ? 

- შვილს უნდა მივეხმარო, რომ მთელი სისავსით განიცადოს ის ემოცია, რაც მის ქცევას უნდა მოჰყოლოდა. მშობლებს  ახასიათებთ, რომ შვილს ეუბნებიან - არა უშავს, რა იყო საწყენი?! რამ გაგაბრაზა?! აუფასურებენ ბავშვების ემოციებს და ეს სწორი არ არის. „მარილის დაყრაში“ ეს ვიგულისხმე, რომ შვილმა გააცნობიეროს თავისი არასწორი ქცევის სიმძიმე, რაც პასუხისმგებლობის აღებაში დაეხმარება. 

- მეორე ციტატის ავტორია ამერიკელი ფსიქიატრი ტომას სასი (1920-2012): “ნათელი აზროვნება სიმამაცეს მოითხოვს და არა ინტელექტს“. 

- სიმამაცე მნიშვნელოვანია, სიმამაცის გარეშე ვერ შეიცნობ თავისუფლებას, ვერ გაარღვევ საზღვრებს, ვერ აღმოაჩენ ახალს. ნათელი აზროვნება ჩემთვის სწორედ ახლის აღმოჩენასთან არის დაკავშირებული. ამიტომ, ასე დავაზუსტებდი: ინტელექტი არასაკმარისი პირობაა იმისთვის, რომ ნათელი აზროვნებით აღმოჩენის ბედნიერება განიცადო. ინტელექტთან ერთად, სიმამაცეც აუცილებელია, რომ ნათელ აზროვნებას მისცე გასაქანი. 

ფოტომასალა: ირაკლი გედენიძე

გუნდი

ირაკლი გედენიძე

ზურაბ ქურციკიძე

გიო კუსიანი

გიორგი ურუშაძე

თამთა ყუბანეიშვილი

ნანა ყურაშვილი

ინგა ქორიძე