×
„არ შეიძლება ჩუმად ყოფნა, უნდა იყვირო!“

ირაკლი ლომოური

მწერალი, მთარგმნელი


2406

ინტერვიუს შესახებ

ირაკლი ლომოურთან ინტერვიუ იმ ძალიან იშვიათ შემთხვევათა რიგს განეკუთვნება, როცა ჩემ მიერ წინასწარ მომზადებული კითხვები გვერდზე რჩება და საუბარი თვითონ ჭრის კალაპოტს. 

ამის უფლებას მხოლოდ მაშინ ვაძლევ საკუთარ თავს, როცა ვხედავ, რომ სტუმარი იმაზე ბევრად საინტერესო საუბარს მთავაზობს, ვიდრე მე მქონდა ჩაფიქრებული და წარმოდგენილი. 

ინტერვიუს დაგეგმვისას, დიდხანს ვჭოჭმანობდი, მეკითხა თუ არა ირაკლისთვის იმ შემთხვევის შესახებ, რომელიც ჯერ კიდევ ჩემი სტუდენტობიდან ღრმად მქონდა აღბეჭდილი მეხსიერებაში. გავბედე, ვკითხე და პასუხმა არა მხოლოდ ინტერვიუს შინაარსი „ააყირავა“, არამედ - მკაფიოდ დამანახა ისიც, რაც ირაკლიში უცვლელია და ისიც, რაც მასში ძირფესვიანად შეიცვალა. 

გაიცანით ირაკლი ლომოური - ერთდროულად „სხვაგან“ და „აქ“ მყოფი, ილუზორული სამყაროს შემოქმედი და, ამავდროულად, დამოუკიდებელი საქართველოს მფეთქავი პულსის მუდმივი მოდარაჯე. 

ია ანთაძე

- ირაკლი, როგორ ფიქრობთ, ადამიანს შეუძლია თუ არა, რომ აჯობოს შემთხვევას?

- ფილოსოფიური კითხვაა. ჩემს პირველ მოთხრობას, რომელიც გამოქვეყნდა, „შემთხვევა“ ჰქვია... 

- დიახ, ამ მოთხრობაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ. 

- ვფიქრობ, რომ შემთხვევა ადამიანს მართავს, იმპულსს და მიმართულებას აძლევს. შეიძლება, ცუდი გეზითაც წაიყვანოს; მაგრამ ადამიანს არ ჰყოფნის უნარი, გააცნობიეროს, ამა თუ იმ შემთხვევით გამოწვეული ახალი გეზი სადამდე მიიყვანს. მინდა, იმ შემთხვევაზე გიამბოთ, რომელმაც მოთხრობა „შემთხვევა“ დამაწერინა. ოციოდე წლის ვიყავი და ნასვამი სახლში მეტროთი ვბრუნდებოდი. მატარებლიდან ბაქანზე რომ გადმოვედი, რატომღაც, გავჩერდი და, თითქოს, აქლემების ქარავანი დავინახე. ეს ფანტაზია არ ყოფილა, ცოტა მეტი იყო. როგორც წესი, მთვრალი კაცი სახლში რომ მიდის, წვება და იძინებს. მე, რატომღაც, წერა დავიწყე ისე, რომ ბოლომდე არ მქონდა გაცნობიერებული, რას ვწერდი, ან რატომ ვწერდი. ეს იყო შემთხვევა, რომელმაც მერე დიდწილად განსაზღვრა ჩემი ბედი იმიტომ, რომ მოზარდობიდან სულ მინდოდა, მწერალი ვყოფილიყავი. ჩემთვის თქვენი კითხვის პასუხი ერთმნიშვნელოვანია - როგორც წესი, შემთხვევა მართავს ადამიანს და არა - პირიქით. ჩვეულებრივი ადამიანი, რიგითი მოკვდავი, როგორიც მე ვარ, იმის უნარს არ ფლობს, რომ ცხოვრება მართოს და ბედისწერა ისე ატრიალოს, როგორც მოეხასიათება. 

- 26 წლის იყავით, როდესაც, თუ არ ვცდები, უბედური შემთხვევის გამო, მრავლობითი მოტეხილობები მიიღეთ და, მათ შორის, ქალა-ფუძის მოტეხილობა. ერთ გადაცემაში თქვით, არავის ეგონა, რომ გადავრჩებოდიო. მაშინ თქვენი მდგომარეობის სიმძიმეს თუ აცნობიერებდით? 

- რა თქმა უნდა, ვერ ვაცნობიერებდი. თავიდან 17 დღე უგონოდ ვიყავი რეანიმაციაში, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე. რატომღაც, მე-18 დღეს ცნობიერება დამიბრუნდა. ვერ ვლაპარაკობდი, რადგან ხორხში მილი მქონდა ჩადგმული, მაგრამ ვიგრძენი, რომ რაღაცამ შემაწუხა. თურმე, ონკანიდან წყალი წვეთავდა. მაშინ ვერ მივხვდი, ეს მერე მითხრეს. მინდოდა, რომ ონკანი დაეკეტათ. რა თქმა უნდა, ეს შემთხვევა ძალიან დიდხანს არ მქონდა გაცნობიერებული და შეფასებული. სამი თვე საავადმყოფოში ვიყავი, კიდევ ერთი წელი სახლში ვიწექი და მერე ნელ-ნელა აღმიდგა უნარები. ჯერ ყავარჯნებით დავდიოდი, მერე - ხელჯოხით და რაღაცნაირად დავუბრუნდი შედარებით ნორმალურ, „აქტიურ“ ცხოვრებას. სამედიცინო თვალსაზრისით, ისეთი მდგომარეობა მქონდა, რომ ფიქრობდნენ, ჯობდა, მოვმკვდარიყავი. ეს პირდაპირ უთხრა ჩემს ექიმ დას მისმა თანაკურსელმა - იმ რეანიმაციის მთავარმა ექიმმა, სადაც ვიწექი.  

- არ ეგონათ, რომ სრულფასოვან ცხოვრებას შეძლებდით? 

- დიახ, რა თქმა უნდა. უთხრა, როგორც ამხანაგს და კოლეგას: ხომ გესმის, რომ თუ გადარჩა, მთელი ცხოვრება ცოცხალი ლეში იქნება - ვერც აზროვნებას, ვერც მეტყველებას, ვერც სიარულს ვერ შეძლებს და ისევ ჯობია, მოკვდესო. როდესაც ცნობიერება დამიბრუნდა და დავილაპარაკე, ჩათვალეს, რომ ეს მედიცინის მიღმაა. ჩემი ერთი მეგობარი მაშინ სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტი იყო და მერე მიამბო: ლექციაზე ლექტორმა გვითხრა, რომ მედიცინაშიც ხდება სასწაულები - ჩვენი დამსახურება არ არის, რომ ის კაცი, რომელიც რესპუბლიკურში წევს, უცებ მობრუნდა; უბრალოდ, ზოგჯერ რაღაც აუხსნელი ხდებაო. 

- თქვენ კიდევ უფრო გამიადვილეთ შემდეგი კითხვის დასმა, რომელიც, შესაძლოა, ვინმეს გაუკვირდეს, მაგრამ თქვენ არ გაგიკვირდებათ: ამ შემთხვევის შემდეგ, როცა მომჯობინდით და ცხოვრება გააგრძელეთ, თქვენი ცხოვრების ხარისხი გაუმჯობესდა, თუ გაუარესდა? 

- ვერ ვიტყვი, გაუმჯობესდა, თუ გაუარესდა, მაგრამ ნამდვილად შეიცვალა. კიდევ ერთხელ და ძალიან სერიოზულად დავფიქრდი, საერთოდ, რისთვის ღირს ცხოვრება და რა უნდა ვაკეთო, რა გზა უნდა ავირჩიო, რომ ჩემს სიცოცხლეს რაღაც გამართლება ჰქონდეს. 

- ზუსტად ეს მაინტერესებს. 

- გამიჩნდა წარმოდგენა, რომელიც, შეიძლება, ილუზიაა და თავს ვიტყუებდი; შეიძლება, ახლაც თავს ვიტყუებ, მაგრამ გამიჩნდა განცდა, რომ რაც მოხდა, შემთხვევით არ მომხდარა; ეს განპირობებული იყო შინაგანი ფაქტორებით, როგორც ბოლო გაფრთხილება - რომ რაღაც უნდა შევცვალო ჩემს ცხოვრებაში. 

- რაკი თქვენს გადარჩენას ახსნა არ ეძებნება, ესე იგი, გარკვეული მისია უნდა შეასრულოთ? 

- „მისია“ ძალიან ხმამაღლა ჟღერს... ალბათ, 12-13 წლის ვიყავი, როცა კაფკა წავიკითხე და ჩამოვიყალიბე სამყაროს ჩემეული აღქმა, რომ ეს არის ჩაბნელებული ლაბირინთი, რომელშიც მივბორიალობ - გაუგებარია, სად; გაუგებარია, რისთვის; გაუგებარია, ვინ ვარ... ვფიქრობდი, რომ სიცოცხლე ბოროტი აბსურდია, რადგან ამ ლაბირინთში სინათლე არ ჩანს. სუიციდური აზრები მახასიათებდა, რომლებიც პერიოდულად მიძლიერდებოდა. ამ ტრავმის მერე კი გადავწყვიტე, რომ, ალბათ, სამყაროში რასაც  საზრისი არსებობს, რაღაც სინათლე არსებობს, რომელსაც ვერ ვხედავ; მაგრამ რამენაირად უნდა დავინახო. დამეწყო შინაგანი ბრძოლა და იმ პესიმისტური, ნიჰილისტური განწყობის გადალახვის მცდელობა, რომ ყველაფერი აბსურდი და უაზრობაა. 

- ანუ ტრავმამდელი აღქმების შეცვლას ცდილობდით. 

- დიახ, მანამდე ვფიქრობდი - თუ სიცოცხლე უაზრობაა, რისთვის უნდა იცოცხლო? უფრო პატიოსანი და სწორი იქნება, პირდაპირ გახვიდე ამ განზომილებიდან. ისეთი განცდა მქონდა, რომ ცხოვრება არის დაცინვა, აბუჩად აგდება და საშინელება. ამ შემთხვევის მერე კი, ნიჰილიზმის გადალახვისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა არა მხოლოდ იმ ფაქტს, რომ გადავრჩი, არამედ ჩემი ახლობლების რეაქციას, რაც შემდეგ, პოსტფაქტუმ აღვიქვი. 

- რას გულისხმობთ? 

- ოჯახის წევრებმა, ნათესავებმა და მეგობრებმა მიამბეს, რა ხდებოდა, როცა უგონოდ ვიყავი რეანიმაციაში. სტუდენტობისას ისტორიული ძეგლების აღდგენებზე, ანუ სარესტავრაციო ექსპედიციებში დავდიოდი მოხალისედ და იქ ბევრი მეგობარი შევიძინე. ეს ხალხი, თურმე, მოვიდა და რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოში ბანაკი დასცა. ფაქტობრივად, იქ ცხოვრობდნენ. 

 

 

„ერთადერთი, რაც ხალხს შეუძლია და მეც, მათთან ერთად, ეს არის, რომ ვიყვიროთ.“

 

 

- მეც შორი-ახლოდან ვადევნებდი თვალს ამ ამბავს. ჩვენ ერთი თაობის ვართ და მაშინ პირადად არ გიცნობდით, მაგრამ ნამდვილად დიდი მოვლენა იყო თქვენი მძიმე ავადმყოფობა და გადარჩენა.  

- ალბათ, ამანაც იმოქმედა ჩემზე - ახლობლების განსაკუთრებულმა განცდამ და სურვილმა, რომ გადავრჩენილიყავი. ესე იგი, არ ყოფილა სამყარო ასე უბრალოდ და ეგოისტურად მოწყობილი - რომ ყველა თავისთვის ცხოვრობს, ყველა თავისას „ისწორებს“ (მაპატიეთ ჟარგონული გამოთქმა). ახლა კიდევ ერთი მომენტი გამახსენდა, დედაჩემს ეხება. 

- გვიამბობთ? 

- დიახ, მოვყვები. დედაჩემი თავისი თაობის საბჭოთა ადამიანი იყო და არ მოუნათლავთ, ისევე, როგორც არც მამაჩემი ყოფილა მონათლული. მამა მოუნათლავი გარდაიცვალა, დედა კი გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე მოინათლა, ჩემი დაჟინებული თხოვნით. იმ დროს, როცა რეანიმაციაში ვიწექი, ბუნებრივია, მორწმუნე არ ყოფილა. ჰოდა, ასეთი შემთხვევა მიამბო მერე: რეანიმაციის გვერდზე მისცეს პატარა ოთახი, სადაც ღამეს ათევდა. დედაჩემიც ექიმი იყო, მამაჩემიც, ჩემი დაც, ჩემი სიძეც, მამამისიც. საავადმყოფოში ჩვენს ოჯახს იცნობდნენ და ეს გამონაკლისი დაუშვეს, რომ დედაჩემი რეანიმაციის გარეთ, მაგრამ იქვე ახლოს ყოფილიყო. ერთხელაც, თურმე, თავის ამ პატარა ოთახს გვიდა და ეძებდა რამე მუყაოს, რომ აქანდაზად გამოეყენებინა. დაუნახავს ჟურნალი და გადაუწყვეტია, რომ ნაგავი მასზე დაეყარა. მაგრამ უცებ ხედავს, რომ ყდაზე სიქსტის მადონას ფოტოასლია დაბეჭდილი. „ვიფიქრე, ღვთისმშობელს ნაგავი როგორ დავაყარო, როცა შენ კვდებოდიო“. თან გულისამაჩუყებელი ამბავია და თან მეცინება. იმის მაგივრად, რომ ყდა აქანდაზად გამოეყენებინა, გაასწორა და კედელზე ჭიკარტებით მიამაგრა. ეხვეწებოდა, შვილი გადამირჩინეო. ბოლოს, ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ მართლაც გადავრჩი. ამ ყველაფერმა, ახლობლების და მეგობრების განსაკუთრებულმა ყურადღებამ, დედაჩემის თავისებურმა ლოცვამ, ბევრი ფიქრის შემდეგ მიმიყვანა იმ დასკვნამდე, რომ ეკლესიაში უნდა მივსულიყავი. ამის გარეშე,  გადარჩენის და ხსნის ძიება შედეგს ბოლომდე არ გამოიღებდა. 

- მოგვიანებით, თქვენ სასულიერო აკადემიაში სწავლობდით, შემდეგ კი იქვე დიდხანს ასწავლიდით. როგორც ჩანს, ამ დროს უკვე შეიცვალა თქვენი წარმოდგენა სამყაროს, როგორც ბოროტი აბსურდის შესახებ. 

- მთელი ჩემი საუბარი ამის ილუსტრაციაა, როგორ და რატომ შეიცვალა ჩემი აბსოლუტურად პესიმისტური და ნიჰილისტური დამოკიდებულება ცხოვრებისა და სამყაროს მიმართ. ეკლესიაში ისევ ჩემი ექსპედიციის მეგობრის, კახა ლორთქიფანიძის დახმარებით მივედი. ეს ჩემთვის, თითქოს, ახალი ცხოვრების დასაწყისი იყო - გადატრიალება და ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი. მერე სასულიერო აკადემიაში ქრისტიანული ანთროპოლოგიის ფაკულტეტზე ჩავაბარე. შეგნებულად არ ჩავაბარე თეოლოგიაზე. ჩემი აზრით, თეოლოგობა ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და ამის ჩემს თავზე აღება არ მინდოდა. ქრისტიანული ანთროპოლოგიის ფაკულტეტი კი უფლებას მაძლევდა, სხვისთვის მესწავლებინა თეოლოგიური საგნები, ანუ პედაგოგი ვყოფილიყავი და არა თეოლოგი. 

- ახლაც მოგყვებათ საზრისის პოვნის განცდა და სიხარული? 

- ეს განცდა და სიხარული, რაღაც დონეზე, რა თქმა უნდა, დარჩა ჩემში. ასე რომ არ იყოს, ახლა ამას არ მოვყვებოდი. მაგრამ ისეთი იმედგაცრუება გამიჩნდა, რომ, ფაქტობრივად, წამოსული ვარ ეკლესიიდან. ეკლესიურ ცხოვრებას, პრაქტიკულად, თავი დავანებე, თუმცა, სახლში ჩემთვის ვლოცულობ. ჩემთვის მიუღებელია, საპატრიარქო დღეს რა პოზიციასაც ავლენს და როგორც მოქმედებს - ან, უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვი, რომ არ მოქმედებს, არ ამბობს იმას, რაც უნდა თქვას.  ამას ხაზს იმიტომ ვუსვამ, რომ ეკლესიაში არიან სასულიერო პირები, რომლებიც ხმამაღლა, საჯაროდ ამბობენ სათქმელს, სიმართლეს ლაპარაკობენ, მაგრამ ეს საპატრიარქოს პოზიცია არ არის. საპატრიარქო, როგორც ინსტიტუცია, ჩემი აზრით, რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის გაგრძელებაა საქართველოში და ეს არის კატასტროფა - რადგან რუსული მართლმადიდებელი ეკლესია კრემლის იმპერიალისტური პოლიტიკის საყრდენია. ჩემთვის ძალიან მძიმეა ამაზე ლაპარაკი და ამის გამჟღავნება, მაგრამ არ შემიძლია, არ ვთქვა: მოსაყდრე ჩემი ნათესავია და ჩემი მოსწავლე იყო, როცა 53-ე სკოლაში ისტორიას ვასწავლიდი. ძალიან მიყვარს, ახლობელია და სულ ველოდებოდი, სულ იმედი მქონდა (და გულის სიღრმეში ახლაც კი ველოდები),  რომ გამოვა და იტყვის იმას, რაც უნდა თქვას. მაგრამ არ, უფრო სწორად, ალბათ, ვერ ამბობს და ისე ჩანს, რომ რუსული რეჟიმის მხარეზეა. არადა, არ მინდა ამის დაჯერება... მესმის, რომ სახელმწიფოს უამრავი ბერკეტი აქვს ეკლესიაზე ზემოქმედების...  

 
ეს შეიძლება მეტყველებს ჩემს გულუბრყვილობაზე, რომ ველოდებოდი და მეგონა და მჯეროდა და მინდოდა, რომ ეთქვა სიმართლე, ეთქვა ის, რაც არის მართლა ქრისტიანული სიტყვა, აღსავსე გულმოწყალებით, სამართლიანობის და მოყვასის სიყვარულით.

სხვათა შორის, საერთოდ არ ვაპირებდი ამ თემაზე ლაპარაკს, მაგრამ რადგან ვსაუბრობთ, არ ვიქნები მართალი საკუთარ თავთან, სინდისთან, რომ ეს არ ვთქვა: 

 
ეკლესიიდან, ალბათ, იმიტომაც წამოვედი, რომ ვერ დავინახე ეკლესიის სიმართლე - როდესაც ქვეყანაში ხდება კატასტროფა, უბედურება, ეს ძალადობა, ეს ტყუილი, ეს უსამართლობა, ეს არაადამიანური მოქცევა რეჟიმის და, ამ დროს, ეკლესია დუმს.

არ შეიძლება ჩუმად ყოფნა, უნდა იყვირო! ხალხის ნაწილი ყოველდღე ქუჩაში გამოდის და ყვირის იმიტომ, რომ სიმართლეს თითქმის არავინ ამბობს და ვინც ამბობს, იმასაც აჩუმებენ. ერთადერთი, რაც ხალხს შეუძლია და მეც, მათთან ერთად, ეს არის, რომ ვიყვიროთ. მე ლამისაა ყოველდღე საზმაუსთან მოვდივარ, ვჯდები ჩემს გასაშლელ სკამზე და აქ მოსვლით პოზიციას გამოვხატავ. თორემ, იმის უნარიც კი არ მაქვს, რომ მარშით ვიარო რუსთაველამდე. დიდ მანძილზე სიარული ჩემთვის ფიზიკურად ძალიან მძიმეა, განსაკუთრებით, ინსულტის მერე. მაგრამ საზმაუსთან მაინც მივდივარ იმიტომ, რომ მგონია, შინ თუ დავრჩები, ეს ნიშნავს - შევეგუე. ამ მდგომარეობაში სიჩუმე ჩემი მხრიდან იქნება იმ ფასეულობის, ყველა იმ იდეალის ღალატი, რაც კი ცხოვრებაში მქონია. 

 

 

„შინაგანად, ალბათ, შევიცვალე იმდენად, რამდენადაც საერთოდ შემეძლო, რომ შევცვლილიყავი.“

 

 

- სანამ თქვენს საზოგადოებრივ ცხოვრებას დავუბრუნდებით, სხვა კითხვა მაქვს: ამბობდით, რომ სახლში მსოფლიო ფანტასტიკის დიდი ბიბლიოთეკა გქონდათ. ამიტომ, ბავშვობაში სულ ფანტასტიკას კითხულობდით და ამავე ჟანრში დაიწყეთ წერა, ყმაწვილობის ასაკში. მაგრამ შემდეგ, როდესაც ტრავმას თავი დააღწიეთ და საზრისის ძებნა-ვერპოვნის პერიოდი წარსულში დატოვეთ, თქვენ, როგორც მწერალი, მაინც არარეალურ სამყაროში დარჩით. თითქოს, მოსალოდნელი იყო, რომ თქვენი თემატიკა შეიცვლებოდა იმის შემდეგ, რაც შეიცვალა თქვენი წარმოდგენა სამყაროზე. როგორ ფიქრობთ, ეს რატომ არ მოხდა? 

- ჩემთვის არსებითი და მნიშვნელოვანი კითხვაა. როცა ეკლესიური ცხოვრება დავიწყე, ჩემს თავს ვუთხარი, რომ ირონიული აბსურდის წერა აღარ გამოვა. რამდენიმე წელი საერთოდ არაფერი აღარ დამიწერია. მაგრამ მერე მივხვდი, რომ თუ არ დავწერ, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანს ვკარგავ. შეიძლება, ეს სიტყვა „ვკარგავ“ გაცნობიერებული არ მქონდა, მაგრამ მომინდა და ისევ ნელ-ნელა დავიწყე წერა.

- თქვენი თავის ნაწილს კარგავდით? თუ - რას? 

- ნაწილს კი არა, ჩემს თავს ვკარგავდი. მე აღარ ვიყავი მე. კი გადავწყვიტე, რომ აღარ დავწერდი, მაგრამ რამდენიმე წელი გავიდა და მივხვდი, რომ - კი მაგრამ, რას ვაკეთებ? რა აზრი აქვს, რასაც ვაკეთებ? წირვა-ლოცვაზე დავდიოდი და ლექციებსაც ვკითხულობდი ზნეობრივ ღვთისმეტყველებაში, მაგრამ ეს ყველაფერი ჩემს ცხოვრებას ბოლომდე არ ავსებდა. დავუბრუნდი ისევ იმ განცდას, რაც მქონდა - რომ ჩემ ირგვლივ სამყარო, სამწუხაროდ, აბსურდულ-გროტესკული და პაროდიულ-ირონიულია. ეს ეკლესიაშიც დავინახე. თავიდან, როცა ეკლესიაში მივედი, გულუბრყვილოდ ველოდებოდი, რომ იქ მართლა ვიპოვიდი ამქვეყნად ჩამოსულ ზეციურ ქრისტიანულ ურთიერთობებს. მაგრამ რაც დამხვდა საპატრიარქოში და სასულიერო აკადემიაში, იმდენად განსხვავებული აღმოჩნდა, რომ, ჩემდა სამწუხაროდ, შინაგანი კრახი თუ ნგრევა განვიცადე. თავიდან ვფიქრობდი, რომ ეკლესიაში ვიპოვე საზრისი, ჭეშმარიტება, სინათლე, ღმერთი... მერე აღმოჩნდა, რომ ეს, გარკვეულწილად, გარეგნულია, რადგან ეკლესიაში მექანიკურად დგომა საკმარისი არ არის. ეკლესიაში ფიზიკური ყოფნა გადარჩენის გარანტია არაა, თუ ადამიანი თავის თავზე შინაგანად არ მუშაობს, არ ცდილობს, პიროვნულად განვითარდეს; თუ ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას არ იღებს, თუ ცხოვრებაში აქტიური, მართალი პოზიცია არ გააჩნია... როცა წერა თავიდან დავიწყე, პრაქტიკულად, თითქოს, ძველ განწყობას დავუბრუნდი, ოღონდ, განსხვავებულ დონეზე, რადგან გამოცდილება ხომ არ იკარგება?! შინაგანად, ალბათ, შევიცვალე იმდენად, რამდენადაც საერთოდ შემეძლო, რომ შევცვლილიყავი. შორიდან კი ასე ჩანდა, რომ საერთოდ არ შევცვლილვარ. შეიძლება, ვინმემ მითხრას - ისეთი ზედაპირული ხარ, რომ რაც იყავი, მაინც ის დარჩი, იმის მიუხედავად, რომ ეკლესიაში მიგიღეს და იქ თავს ბედნიერად გრძნობდი; მაგრამ ამის ღირსი არ ყოფილხარო. სხვათა შორის, ჩემს სამეგობრო წრეშიც არიან ადამიანები, რომლებმაც შეიძლება მითხრან: ასე ლაპარაკს რომ ბედავ ეკლესიაზე, მხოლოდ იმის მაჩვენებელია, რომ მოჩვენებითი და ყალბი ქრისტიანი იყავიო. შეიძლება, დამწყევლონ კიდეც. თუ შემაჩვენონ. მაგრამ ჩემს თავთან და ჩემს სინდისთან მართალი ვარ - მე ვხედავ თეთრს, ვხედავ შავს; ვხედავ, რომ არის რაღაც, რაც სრულიად მიუღებელია არამარტო ჩემთვის, არამედ მორალის, ზნეობრივი ნორმების, ქრისტიანული ეთიკის თვალსაზრისითაც... ვიცი, რომ ამ სამყაროში სულიერი ნათელი, საზრისი, თავგანწირული ღმერთი არსებობს და შინაგანად ვცდილობ, მისკენ ვიარო, ადამიანი მისკენ მივმართო. ყველაზე უკეთესად ეს, ალბათ, ჩემს ზღაპრებში გამოიხატება.

- ბევრჯერ გითქვამთ - ბავშვობისას ფანტასტიკური სამყარო იმისთვის გჭირდებოდათ, რომ რეალური სამყაროდან გაქცეულიყავით და თავი სადღაც შეგეფარებინათ. მერე, როდესაც ფანტასტიკის წერას დაუბრუნდით, უცხო სამყაროსთვის თავის შეფარების მოთხოვნილება ისევ გქონდათ? 

- ალბათ. იმიტომ, რომ სხვა ახსნა ძნელია და, ალბათ, ზედმეტიც არის. ფანტასტიკა ჩემთვის იყო გაქცევის, ესკაპიზმის, თავის გადარჩენის შესაძლებლობა. სრულიად გულახდილად ვლაპარაკობ, რაც, შეიძლება, ჩემი მიამიტობის ბრალია. ვიღაცამ შეიძლება თქვას, რას ბოდიალობ, ცოტა დაფიქრდიო. ჩვენი ამ საუბრის ერთადერთ გამართლებას და აზრს იმაში ვხედავ, რომ მაქსიმალურად გახსნილი უნდა ვიყო. 

- რა თქმა უნდა! 

- ამიტომ, არც ცენზურას ვუწესებ ჩემს თავს და არც ვაკონტროლებ. მე მგონია, რომ მთავარი მომენტი იყო გაქცევა. გავიმეორებ, მოზარდობისას, რა თქმა უნდა, ფანტასტიკური სამყარო, სხვა განზომილებაში გადასვლა გადარჩენის საშუალებად მიმაჩნდა. ახლა ასე აღარ არის იმიტომ, რომ საზრისი, რომელიც ტრავმის მერე ვიპოვე, ჩემში დარჩა. და ცოცხლობს. მაგრამ შემდეგ ისიც გამახსენდა, რას განვიცდიდი, როცა ფანტასტიკურ სამყაროში გადავდიოდი. დღევანდელ დღეს ეს ხსნის ტოლფასი აღარ არის, მაგრამ ეს არის ის, რაც მომწონს, მიყვარს, მენატრება, რაც მაძლევს აქ ყოფნის სტიმულს და სურვილს, რომ რაღაც ვაკეთო. 

- „აქ ყოფნაში“ რას გულისხმობთ?

- სიცოცხლის გამართლება მარტო ის არ არის, რომ ადამიანებს შორის ადამიანურად იცხოვრო. მე მგონი, მნიშვნელოვანია, აკეთო კიდევ რაღაც, რაც შეგიძლია. მე ერთადერთი ის შემიძლია, რომ დავწერო ან ვთარგმნო. მგონია, რომ დღევანდელ დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვთარგმნო რაღაც არსებითი და საზოგადოებას შევთავაზო, რომ წაიკითხოს და დაფიქრდეს, - ვიდრე ჩემი აბსურდული იუმორესკები ვწერო. ახლა ჩემთვის მთავარია იმის თარგმნა, რაც მე მინდა და რაც ნამდვილად მნიშვნელოვანი მგონია. ვფიქრობ, რომ გარკვეული საზოგადოებრივი დატვირთვა და გავლენა ამას უნდა ჰქონდეს.

- ვიცი, რომ თქვენს დასთან, მარინა ლომოურთან ერთად მოამზადეთ და გამოეცით შესანიშნავი წიგნი - ბორის აკუნინის ცხრატომეულის „რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ გზამკვლევი-კრებული. ეს 170 გვერდიანი წიგნი ქართველ მკითხველს ადეკვატურ წარმოდგენას უქმნის აკუნინის მსოფლიოში აღიარებულ ნაშრომზე. მიიღეთ მადლობა პირადად ჩემგან ამ წიგნისთვის. ახლა რაზე მუშაობთ? 

- ვთარგმნი მიხაილ ეპშტეინის წიგნს: „რუსული ანტისამყარო“, რომელიც ნიუ იორკში გამოვიდა 2023 წელს. წიგნს აწერია, რომ ეს არის პირველი ფილოსოფიური ნაშრომი რუსეთ-უკრაინის ომის პირველ წელზე. ესეების კრებულია და გაანალიზებულია რუსეთის, როგორც ანტისამყაროს, ფენომენი. გადავწყვიტე, რომ ესეები ვთარგმნო და ჩემს ფეისბუკის მეგობრებს გავაცნო. კიდევ, თორნიკე ბერიშვილს შევუთანხმდი, რომ „რადიო დარიოში“ წავიკითხავ ამ თარგმანებს. რუბრიკა მოვიფიქრეთ - „რუსეთი, როგორც ასეთი“. ამ რუბრიკისთვის მოვამზადებ მიმოხილვებს, ვთარგმნი ფრაგმენტებს, ესეებს, სტატიებს. ეპშტეინს წერილი გავუგზავნე, ვთხოვე, უფლება მოეცა, რომ მისი ესეები მეთარგმნა და გამომექვეყნებინა. ავუხსენი, რომ ჩვენთვის, ქართველებისთვის, სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია, გავაცნობიეროთ რუსეთის არსი, რასაც იგი თავის ნაშრომში საოცრად ღრმად და კომპლექსურად აანალიზებს. ეპშტეინმა მეორე დღესვე მიპასუხა, გულისხმიერი წერილი გამომიგზავნა, სადაც სიტყვასიტყვით ამბობს, რომ კარგად ესმის და მხარს უჭერს „ანტისამყაროსადმი“ ჩვენს დამოკიდებულებას, - „ანტისამყაროსადმი“, რომელიც საქართველოში გარედან შემოიჭრებოდა ხოლმე, ახლა კი - შიგნიდან შემოიჭრა, და რომ გული შესტკივა ამ ქვეყანაზე. მოხარული ვიქნები, თუკი თარგმნითო. თავისი წიგნის ახალი გამოცემაც გამომიგზავნა - აქედან ჯობია, თარგმნოთო; ჰონორარი არ მინდაო... მე მგონი, ეპშტეინის ასეთი დამოკიდებულება ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის.

- დიახ, ნამდვილად აღიარებული ავტორია. მეც ხშირად ვისმენ მის ვიდეოჩანაწერებს. ალბათ, სხვა ავტორებიც დაგაინტერესებთ - ემიგრაციაში მყოფი რუსი მწერლები და მეცნიერები ბევრს მუშაობენ რუსეთის არსის ასახსნელად. 

- დიახ, ეპშტეინამდე დავინტერესდი რუსი თეოლოგის, ანდრეი კურაევის ახალი წიგნით „რუსეთის ომების მითოლოგია“. მისი მოკლე მიმოხილვა დავწერე და ფეისბუკის ჩემს გვერდზე  გამოვაქვეყნე. რუსეთში ხომ არის მითოლოგემა, რომ რუსეთი არასდროს არავის თავს არ დასხმია... 

- დიახ, მხოლოდ რუს ხალხს იცავს სხვადასხვა ქვეყანაში. 

- და ყველა ხალხი, ვინც კი შემოიერთა, თითქოს, ამით გააბედნიერა; თითქოს, რუსები ომში არ დამარცხებულან; ვინც რუსეთის ტერიტორიაზე აღმოჩნდა, ყველას გაუფრთხილდნენ, ყველას კულტურაზე იზრუნეს და ახლაც ზრუნავენ. ამ მითოლოგემების საწინააღმდეგო დოკუმენტური მასალა აქვს შეკრებილი კურაევს. ისეთ მაღალ დონეზე, დეტალურად და ღრმად არის ყველაფერი გაანალიზებული, რომ მინდოდა, ეს წიგნიც გამეცნო ქართული საზოგადოებისთვის. 

 

 

„ახლა რაც ხდება, ჩემთვის ტრაგედიაა.“

 

 

- ირაკლი ლომოური - როგორც მწერალი და როგორც პუბლიცისტი - წააგავს კიდეც ერთმანეთს, მაგრამ თან ძალიან განსხვავდება. რამდენადაც მწერლობით შორს მიდიხართ რეალობისგან, იმდენად თამამი და ბასრია თქვენი პუბლიცისტური ტექსტები. 2013 წელს ბიძინა ივანიშვილისადმი მიწერილ ღია წერილში მაშინდელი პრემიერის ციტატა მოგყავთ: „ევრაზიულ კავშირში შესვლის საკითხი უნდა ავწონ-დავწონოო, რას მოგვცემსო, იქნებ, გვაწყობდესო, - ბრძანებს ბატონი ბიძინა.“ იქვე ამ მოსაზრებას აკრიტიკებთ. გამოდის, 2013 წლიდანვე ეჭვით უყურებდით საქართველოს მომავალს? 

- ეს ამბავი აღარც კი მახსოვდა. თავიდანვე რაღაცას ვგრძნობდი, მაგრამ არცთუ მკაფიოდ. ჩემი ერთი მეგობარი თავიდანვე მეუბნებოდა - ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლა ნიშნავს, რომ რუსეთში შეგვათრევენო. მაშინ, როდესაც მიშა სააკაშვილი უნდა წასულიყო და უნდა მოსულიყო ვინმე „გადამრჩენელი“, ჩემი მეგობრისგან განსხვავებით, რეალობას ტრაგიკულად ვერ აღვიქვამდი. მაგრამ სულ რაღაც ერთ წელიწადში მივხვდი, რომ საქმე მთლად კარგად არ არის. 

- 2012 წელს ბევრი ფიქრობდა, რომ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებიდან უსისხლოდ წასვლა სასწაულის ტოლფასი იქნებოდა. 

- დიახ, ასე იყო. მაგრამ მერე მივხვდი, რომ რაც მოხდა, თვითონ რუსებს აწყობდათ. რუსებმა გამოიყენეს მიშა და როგორც მავრი უნდა წავიდეს, როცა თავის საქმეს დაასრულებს, მიშაც ასე უნდა წასულიყო. ამერიკელებმაც და რუსებმაც უთხრეს, უნდა გადადგეო. ამიტომაც წავიდა. 

- ახლა რა ხდება ჩვენს თავს?

- როცა შარშან 28 ნოემბერს გამოაცხადეს, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებას წყვეტენ, სრული უმწეობისა და კატასტროფის განცდა მქონდა. ახლა რაც ხდება, ჩემთვის ტრაგედიაა. ჩემი მეგობრები და მე 14 აპრილსაც ქუჩაში ვიყავით, 9 აპრილსაც და სტუდენტებთან ერთადაც ვშიმშილობდი იუსტიციის სახლთან, რომ მიშა წასულიყო. ეს დიდი სიხარულის განცდაც ტყუილი აღმოჩნდა, როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და ვფიქრობდით - ვეღირსეთ! გვეშველა! გავთავისუფლდით! რა ბედნიერებაა! მახსოვს, მეგობრები იყვნენ ჩემთან სახლში, როცა დამოუკიდებელი საქართველოს ფეხბურთის ნაკრები პირველ ოფიციალურ მატჩს მართავდა. სუფრასთან ვისხედით, თან ტელევიზორს ვუყურებდით  და თან ვსაუბრობდით. ღვინოს ვწრუპავდით. საოცრად ბედნიერები ვიყავით, რომ ამას მოვესწარით - საქართველოს ნაკრები არსებობს და თამაშობს!  როგორც იქნა, გავთავისუფლდით! 

- იმის შემდეგ, რამდენჯერ ვიფიქრეთ, რომ გადავრჩით და, აი, ახლა კი დავიწყებთ თანამედროვე სახელმწიფოს შენებას. ჩვენმა თაობამ ამდენი სიხარული თუ განხიბვლა განიცადა. დღეს თქვენ ისევ ყოველდღიურ პროტესტში მონაწილეობთ. თქვენთვის რა იქნება წარმატების მინიმალური ზღვარი, რასაც შეიძლება, რომ ამ მოძრაობამ მიაღწიოს? 

- რომ ვთქვა, რუსული რეჟიმი უნდა წავიდეს-მეთქი, ეს სრული და ყოვლისმომცველი პასუხი არ იქნება. მთავარია, რომ საზოგადოებამ გაიღვიძოს. პროტესტი ამდენ ხანს გრძელდება და ეს აჩენს იმედის ნაპერწკალს, რომ შეიძლება, კიდევ გვაქვს მომავალი. ჩემს ნათესავებს შორის, იმავე ეკლესიაში, იმავე ჩემს ძველ მეგობრებში - ვისთან ერთადაც ვკითხულობდი გროსმანს, შალამოვს, სოლჟენიცინს - ბევრი ადამიანია, ვინც ისე ცხოვრობს, ვითომც არაფერი... ფიქრობენ, რომ ჯობია, ბიძინას მისცენ ხმა, ვიდრე მიშა დაბრუნდეს. მე ვუხსნი, რომ აქ აღარ არის საქმე მიშაზე ან ბიძინაზე, საქმე ეხება ჩვენს რეალურ მომავალს - სად მივდივართ? სად ვიქნებით? რუსეთში შეგვათრევენ, თუ ევროპაში ვივლით? ალბათ, მხოლოდ ახალი თაობის იმედად შეიძლება ვიყოთ. საზმაუსთან როცა ვდგავართ, ჩემი თაობიდან ორი-სამი კაცია. დანარჩენები ახალგაზრდები არიან, შვილებად და შვილიშვილებად მეკუთვნიან.

- სწორედ ახლა უნდა დავუბრუნდეთ თქვენს პირველ გამოქვეყნებულ მოთხრობას, რომელიც საუბრის დასაწყისში ვახსენეთ და რომელსაც „შემთხვევა“ ჰქვია. ამ მოთხრობაში, საგაზეთო რეპორტაჟის სტილში, დაწვრილებით არის აღწერილი, როგორ ჩამოიარა აქლემების ქარავანმა მეტროს სადგურ „პოლიტექნიკურ ინსტიტუტში“ და გვირაბში გაუჩინარდა. 

- ილუზიაა შექმნილი, რომ ეს მართლაც მოხდა. 

- მე თვითონ ვარ მომსწრე, საზოგადოების რამდენად დიდმა ნაწილმა დაიჯერა მაშინ, 1982 წლის საბჭოთა საქართველოში, რომ თბილისში მართლაც მოხდა ეს საოცარი ამბავი. გასაგებია, რა მდგომარეობაში იყო ადამიანების კრიტიკული აზროვნება.

- მოთხრობა ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდა და იფიქრეს, რომ სახელმწიფო აძლევდა სანქციას ამ ამბის გახმაურებას. 

- ეს მოთხრობა ახლა რომ გამოქვეყნებულიყო, ფიქრობთ თუ არა, რომ ჩვენი საზოგადოების კრიტიკული აზროვნების დონე იმდენად არის შეცვლილი, რომ იგივე შედეგი არ დადგებოდა?

- სამწუხაროდ, ვერ ვიტყვი, რომ სხვა შედეგი დადგებოდა... სხვათა შორის, ამას წინათ დავწერე ამ მოთხრობის სიკველი - „შემთხვევა 40 წლის შემდეგ“ - და ჩემს გვერდზე გამოვაქვეყნე. ის ბიჭი, მოთხრობის დაკარგული გმირი, აქლემების ქარავანს რომ გაჰყვა, ჩვენს დროში ბრუნდება, ოღონდ როგორ, არ გეტყვით, არ დაგასპოლიერებთ... 

 

 

„გულწრფელობაში ზომიერება სიყალბე და ფარისევლობაა.“

 

 

- წაკითხული მაქვს ეს მოთხრობაც და ამიტომ გკითხავთ: თქვენ სკოლაშიც ასწავლიდით, სასულიერო აკადემიაშიც ლექციებს კითხულობდით. ახალ თაობას სხვებზე უკეთესად იცნობთ. მაინც ასე ფიქრობთ, რომ კრიტიკული აზროვნების დონე ბოლო ათწლეულებში დიდად არ გაზრდილა?

- სასულიერო აკადემიაში სწავლების მთავარი მიზანი, ალბათ, სწორედ ის იყო, რომ კრიტიკული აზროვნების ელემენტები შემეტანა და ქრისტიანული ეთიკა, ანუ ზნეობრივი ნორმები ახალგაზრდებისთვის უფრო მნიშვნელოვანი გამხდარიყო, ვიდრე რუსული ეკლესიიდან გადმოღებული, დოგმებად ჩამოყალიბებული აკრძალვები. ერთი ამბავი გამახსენდა, თუ გვაქვს დრო, გიამბობთ. 

- დიახ, გისმენთ. 

- რატომღაც, ერთ წელს, სასულიერო სემინარიაშიც მთხოვეს ლექციების წაკითხვა (მანამდე ლექციებს მხოლოდ სასულიერო აკადემიაში და საღვთისმეტყველო ინსტიტუტში ვკითხულობდი). ეს სწორედ 2001 წელი იყო, როცა ნიუ-იორკში ცათამბჯენები ააფეთქეს ტერორისტებმა. სწავლა 14 სექტემბერს იწყებოდა და ტერაქტი სულ ოთხი დღის მომხდარი იყო. შევედი პირველ ლექციაზე, ახალგაზრდებს გავეცანი და, ბუნებრივია, ტერაქტზე დავიწყე ლაპარაკი. მაშინ მთელი მსოფლიო ამაზე ლაპარაკობდა. ახალგაზრდებს ჩემს ემოციებს ვუყვები - რა კატასტროფაა ტერორიზმი. უცებ, ერთი ყმაწვილი მეუბნება - ეგრე უნდათ ამერიკელებს, აბა რა?! ეგ არის გარყვნილი, აღვირახსნილი ხალხიო. მე გავშრი, ვერ წარმომედგინა, რომ სემინარიაში არის ვინმე, ვინც ისლამისტ ტერორისტებს თანაუგრძნობს. ამ ახალგაზრდამ პირდაპირ თქვა - ჩემთვის ტერორისტები შინაგანად უფრო ახლობლები არიან იმიტომ, რომ ბოროტებას ებრძვიანო. ჩვენი კამათი სამი ლექციის განმავლობაში გაგრძელდა. დანარჩენები სეირს უყურებდნენ. საჭიროდ ჩავთვალე, რომ ამეხსნა, ისლამი რა არის. ბოლოს და ბოლოს, ის 100 000 მოწამე ვინ მოკლა თბილისში? თქვენ ხომ მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლი და მომავალი სასულიერო პირები ხართ?! როგორ შეგიძლიათ, თქვათ, რომ ისლამისტი ტერორისტი თქვენთვის უფრო მახლობელია, ვიდრე ამერიკელი უდანაშაულო მოქალაქე, უდანაშაულო  მსხვერპლი?! 

- მომავალს როგორ ხედავთ?

- ჩვენი ზნეობრივი და ეთიკური ვალდებულებაა, რომ საკუთარი პოზიცია გამოვხატოთ. დანარჩენი - რაც იქნება, იქნება! არ ვარ ოპტიმისტი იმ გაგებით, რომ ჩვენ უკვე გავიმარჯვეთ. მართალია, მორალურად გავიმარჯვეთ იმ ადამიანებმა, ვინც არ გავჩუმდით, მაგრამ ქვეყანამ ჯერ ვერ გაიმარჯვა და შეიძლება, ვერც გაიმარჯვოს. არც იმდენად მიამიტი ვარ, ვიფიქრო, რომ აუცილებლად ყველაფერი კარგად დასრულდება. შეიძლება, საშინლად დასრულდეს. ღმერთმა არ ქნას! 

- დიდი მადლობა უაღრესად გულწრფელი, დასამახსოვრებელი საუბრისთვის. მგონი, თქვენთვის შერჩეულ ციტატებზე კომენტარის მოსმენა დღეს განსაკუთრებით საინტერესო იქნება. პირველი ციტატის ავტორია ფრანგი მწერალი ანრე მორუა (1885-1967): „გულწრფელობაში ზომიერება უნდა დაიცვა, ყველაზე ახლობელ ადამიანებთანაც კი.“ 

- აბსოლუტურად არ ვეთანხმები. გულწრფელობაში ზომიერება სიყალბე და ფარისევლობაა. თუ ხარ გულწრფელი, უნდა იყო ბოლომდე, თუნდაც, ისეთ რამეს ამბობდე, რაც შენი ახლობლისთვისაც კი მიუღებელია. ლომოურები ქართლში ჩასახლებული მთიულები არიან - ამითაც ვხსნი  ხასიათის ჩემს თვისებას თუ რწმენას, რომ ადამიანმა გულწრფელობაში არავითარი ზომიერება არ უნდა დაიცვას. 

- მეორე ციტატის ავტორია რომის იმპერატორი მარკუს ავრელიუსი (121-180): „დღეს იყავი წრფელი, ხვალ შეიძლება დაგვიანდეს.“

- რა თქმა უნდა! შეიძლება კი არა, ხვალ ნამდვილად დაგვიანდება. შეიძლება, კატასტროფად შემოგვიბრუნდეს ჩვენი პასიურობა და გულგრილობა. თუ გადავრჩებით, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მანამ, სანამ დაგვიანდება, ერთ დღესაც გულწრფელად ალაპარაკდება ის ხალხი, ვინც იმ მომენტამდეც ყველაფერს ხედავდა, მაგრამ ჩუმად იყო.  

ფოტომასალა: დავით ბანცაძე

გუნდი

ირაკლი გედენიძე

ზურაბ ქურციკიძე

გიო კუსიანი

გიორგი ურუშაძე

თამთა ყუბანეიშვილი

ნანა ყურაშვილი

ინგა ქორიძე