ანა ღვინიანიძე
ევროპის ბიჰევიორული და კოგნიტური თერაპიების (EABCT) მიერ აკრედიტებული ზრდასრულთა კოგნიტურ-ბიჰევიორული ფსიქოთერაპევტი
2428
ინტერვიუს შესახებ
ვფიქრობ, ეს ინტერვიუ განსაკუთრებული ყურადღებით არის წასაკითხი.
მე არ მჩვევია საუბარში ბუნდოვანების დატოვება, თუმცა, ანა ღვინიანიძესთან ინტერვიუ, უბრალოდ, ბევრ შრეს შეიცავს. ამიტომ, ტექსტის მიღმა არაერთი აზრია, რომელსაც დაკვირვებული მკითხველი აუცილებლად აღმოაჩენს. მთლიანობაში, ინტერვიუ ძალიან აქტუალურია, რადგან, ჩემი აზრით, ადამიანის იმ ღრმა იდენტობას და განცდებს ეხება, რაც ჩვენი საზოგადოების სხვადასხვა ფენის თუ წრის წარმომადგენლების ბოლო პერიოდის გამოცდილებაა.
გაიცანით ანა ღვინიანიძე, რომელიც ადამიანების ფსიქიკურ კეთილდღეობაზე ზრუნავს და თან მოკრძალებულად ფიქრობს, რომ „მხოლოდ ღმერთმა უწყის ადამიანი“.
ია ანთაძე
- ანა, რა შემთხვევაში იტყვით, რომ, აი, ამ ადამიანს გაუმართლა, იმას - არ გაუმართლა?
- მოკლე პასუხი მაქვს: ვფიქრობ, გაუმართლათ ადამიანებს, რომლებსაც უდარდელი და უზრუნველი ბავშვობა ჰქონდათ. ადამიანებს, რომლებსაც ბავშვობა არ დასცალდათ, ვფიქრობ, რომ ნაკლებად გაუმართლათ.
- მათ გულისხმობთ, ვისაც ბავშვობაშიც დიდური საზრუნავი ჰქონდათ?
- დიახ. უზრუნველობის და თამაშის ფუფუნება ამ ადამიანებს არ ჰქონიათ. ბავშვს ბავშვად აქცევს იმ საზრუნავისგან თავისუფლება, რაც ზრდასრულობაში ყველას ბუნებრივად გვაქვს. ხშირ შემთხვევაში, ადამიანები, რომლებთანაც მე ვმუშაობ, დანამდვილებით დამძიმებულები იყვნენ იმ საზრუნავით, რაც მათ არ ეკუთვნოდათ.
- ვისთანაც მუშაობთ, როგორც ფსიქოთერაპევტი?
- დიახ. განვითარების ადრეულ საფეხურზე, ზოგადად, ჩვენი პასუხისმგებლობა არ ყოფილა, გვეზრუნა მშობლების მდგომარეობის გაწონასწორებაზე. ეს მეტისმეტად მძიმე ამოცანა იქნებოდა ჩვენთვის, რადგან საკუთარ თავსაც ვერ ვიწონასწორებდით და დამხმარე გვჭირდებოდა, რომ ჩვენი მდგომარეობები მათთვის „გაგვენაწილებინა”, გაგვეზიარებინა და „განვმუხტულიყავით.” მაგრამ თუკი ბავშვს ევალებოდა ზრდასრული ადამიანის აღზრდა (რასაც ეწოდება კიდეც „როლების შებრუნება“); თუკი ბავშვი იძულებული იყო, მშობლის როლი შეეთავსებინა - ვფიქრობ, მას ნაკლებად გაუმართლა.
- ფსიქოლოგი თამარ თანდაშვილი მყავდა სტუმრად და მან თქვა: „იმისთვის, რომ ადამიანის ცხოვრება შედგეს, უმნიშვნელოვანესია, რომ მას გაუმართლოს ნევროლოგიაში, თავის ტვინის წყობაში.” ქალბატონმა თამარმა ნევროლოგიური ლატარია ახსენა, რომელსაც ადამიანი დაბადებისთანავე ან იგებს, ან ვერ იგებს. თქვენ როგორ აგვიხსნით - ადამიანის ფსიქიკურ მედეგობას რა განსაზღვრავს?
- ფსიქიკური მედეგობა განისაზღვრება, როგორც ერთგვარი მოქნილობა - როცა შემიძლია, ყოველდღიურ გამოწვევებს გავუმკლავდე; როცა მწამს, რომ ამის უნარი მაქვს. უნარიანობა ჩვენს საზოგადოებაში ხშირად იქამდე დაიყვანება, თუ რამდენს გამოიმუშავებს ადამიანი. მაგრამ არსებობს ზოგადი უნარიანობის განცდა, როდესაც ადამიანი მიიჩნევს, რომ საკუთარ შინაგან მდგომარეობებთან თანაცხოვრება შეუძლია. განზრახ არ ვიყენებ სიტყვას „გამკლავება“, რადგან გამკლავება იმთავითვე მოიცავს დაშვებას, რომ ემოციები რაღაც ისეთია, რასაც უნდა გავუმკლავდეთ.
- ესე იგი, რაც გვებრძვის?
- დიახ. ბევრი ადამიანი მოცულია ემოციებთან ურთიერთობის უუნარობის განცდით; იმ განცდით, რომ ეს ემოციები, ეს მუხტები, რომლებიც ჩემში აღმოცენდება, მშთანთქავს და მათ წინაშე უძლური ვარ. ეს წარმოდგენა კი შემექმნა იმის გამო, რომ ემოციებთან ურთიერთობა არ მასწავლეს. ჩვენ ვცხოვრობთ ემოციების ჩამხშობ და ამკრძალავ საზოგადოებაში. სინამდვილეში, ყველაზე ადამიანური, რაც კი რამ არსებობს, ემოციებია. მაგრამ ხშირად მიჩნეულია, რომ ემოციები საშიშია. ამის ნათელი გამოვლინებაა ე.წ. „მომწამვლელი პოზიტიურობის“ მიმდინარეობა - გვგონია, რომ მხოლოდ დადებითზე და სასიამოვნოზე სწორება კარგია ფსიქიკური მედეგობისთვის, სტრესგამძლეობისთვის. სინამდვილეში, ასე არ არის. მხოლოდ სიამოვნებისკენ ლტოლვა, ხშირ შემთხვევაში, ზუსტად ემოციებთან ურთიერთობის უუნარობაზე მიანიშნებს. სხეულზე დაფუძნებული ფსიქოთერაპიის ერთი წარმომადგენელი ამბობს, რომ როგორც უმკლავდები სტრესს, ისე უმკლავდები ცხოვრებას.
- როცა საკუთარ ემოციებთან ურთიერთობაზე ვსაუბრობთ, რამდენად ნორმალურია ადამიანის დაჟინებული მოთხოვნილება, რომ უპასუხოს კითხვებს: „ვინ ვარ მე?“ „რას წარმოვადგენ?“ „სად არის ჩემი ადგილი ამ საზოგადოებაში?“ ეს ნორმალურია, თუ აკვიატებაა?
- ვინ ვარ მე? - არის ერთ-ერთი ძირეული კითხვა, რომელზეც ასე თუ ისე მკაფიო პასუხი გვჭირდება. ეს არის ვინაობის საკითხი და, ამავდროულად, მოიცავს პასუხს კითხვებზე - რა მახასიათებს? როგორი ადამიანი ვარ? როგორ აღმიქვამენ და მაფასებენ სხვები? როგორ აღვიქვამ და ვაფასებ საკუთარ თავს? რა თქმა უნდა, ამ კითხვებზე პასუხის გაცემა შესაძლებელია მხოლოდ სხვა ადამიანებთან ურთიერთობის გავლით.
- და არა საკუთარ თავთან დიალოგის გზით?
- საკუთარ თავთან განცალკევება, რა თქმა უნდა, აუცილებელია. მაგრამ განმარტოება არ უნდა იყოს მიტოვების, გარიყვისა და უარყოფის შედეგი. სულ სხვაა, როცა განმარტოებას ვირჩევ იმისთვის, რომ დავფიქრდე, თუ რა მსიამოვნებს, რა არ მსიამოვნებს, რისკენ ვილტვი, რისი მშურს... სხვათა შორის, შური ჩვენს საზოგადოებაში სირცხვილთან დაკავშირებული ემოციაა - სირცხვილია, რომ მშურს. სინამდვილეში, შური ჩემს ჭეშმარიტ ლტოლვებს აღნიშნავს და ძალიან საყურადღებოა. უნდა გავითვალისწინოთ, რომ არსებობს უკიდურესად ხისტი ვინაობა, როდესაც უარს ვამბობ ცვლილებაზე, საკუთარი ვინაობის ნაწილების დათმობაზე მაშინაც კი, როცა გარესამყარო მომიწოდებს, რომ ნაწილობრივ შევცვალო ხედვები, ქმედებები. არსებობს უკიდურესად მყიფე ვინაობაც - როდესაც იმდენად სწრაფად ვიცვლი საკუთარ თავთან დაკავშირებულ წარმოდგენებს, რომ ვინაობა ვერ ასწრებს გამყარებას. ამ დროს ვერ ვახერხებ იმის ერთგულებასაც კი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. არადა, ჩვენი ფსიქიკა სწორედ გულისხმიერებისა და თავდადებისთვის გვაჯილდოებს კმაყოფილების განცდით.
„პოლიტიკასთან დაკავშირებული ხედვები უკიდურესად პირადულია.“
- რაც შეეხება დაჟინებას?
- დიახ, ეს თქვენი კითხვის მეორე ნაწილია. დაჟინება საკუთარი ვინაობის ძიების დროს, ჩემი მოკრძალებული აზრით, მიანიშნებს თავგზააბნეულობაზე, ანუ ცხოვრების იმ საფეხურზე, როდესაც სხვები უნდა დაგვხმარებოდნენ ვინაობის ძიებაში, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს საფეხური შესატყვისი მხარდაჭერის გარეშე გავიარეთ. ამიტომ ვართ თავგზააბნეულები. ან, შეიძლება, თავსმოხვეული დაკვეთებით ვიმართებოდეთ. ხშირად ხდება, როდესაც საერთოდ არ მაინტერესებს, მაგალითად, სამედიცინო სფერო და მაინტერესებს ხელოვნება, რომლის გარკვეული სფეროები ჩემს ვინაობას, ჩემს ჭეშმარიტ ლტოლვას ეხმაურება. მაგრამ თუ ისე ვცხოვრობ, როგორც სხვას წარმოუდგენია, რომ უნდა ვიცხოვრო, - ეს გახლეჩილობა აუცილებლად იჩენს თავს.
- ვთქვათ, ექიმების ოჯახში გავიზარდე და დაკვეთაა, რომ მეც ექიმი გავხდე. ამას გულისხმობთ?
- დიახ. თუ მუსიკისკენ ან მათემატიკისკენ მივილტვი ექიმების ოჯახში, შეიძლება, ამის გამო დაწუნებული აღმოვჩნდე. ამ შემთხვევაში, ის, თუ ვინ ვარ მე სინამდვილეში, სირცხვილის საფარველქვეშ უჩინარდება და საკუთარი ვინაობის ძიებაც საკმაოდ რთულდება. ფსიქოთერაპია სწორედ ამისთვის არის, რომ ვუპასუხოთ კითხვას - ვინ ვარ მე?
- თქვენ წერდით, რომ „ჩემსა“ და „სხვას“ შორის საზღვრის დაწესება და დაცვა ზრდასრულობის წინაპირობააო. რას წარმოადგენს ეს საზღვარი?
- საზღვრების ბევრნაირი განმარტება არსებობს, მაგრამ ყველაზე ლაკონურ განმარტებას გაგიზიარებთ: საზღვარი არის ის, რაც მე თქვენგან განმასხვავებს. მაგალითად, მეც და თქვენც შეიძლება გვიყვარდეს ჩაი, მაგრამ ბევრი რამ განგვასხვავებდეს. საქართველო შეზრდა-განუცალკევებლობაზე დაფუძნებული კულტურაა - ეს მისი დამახასიათებელი ნიშანია.
- ეს ტერმინი რას ნიშნავს?
- ეს ნიშნავს იმას, რომ საკუთარ თავზე წარმოდგენებს, საკუთარ არსებობას, ცხოვრების წესს ვერ ვაცალკევებ შენი წარმოდგენებისგან და მოლოდინებისგან, რომლებიც ჩემ მიმართ გაქვს. მშობლის წარმოსახვასთან თანხვედრა, ხშირ შემთხვევაში, მშობლის მოთხოვნაა შვილის მიმართ, რაც შლის საზღვარს მათ შორის.
- ეს შეიძლება მოხდეს არა მხოლოდ მშობელსა და შვილს შორის ურთიერთობაში, არამედ, მეგობრებს ან პარტნიორებს შორის ურთიერთობაშიც?
- არსებობს შეზრდა-განუცალკევებლობაზე დაფუძნებული მეგობრობაც, როდესაც მე და შენ ყველაფერზე ერთნაირად ვფიქრობთ და ვერიდებით იმას, რომ ჩვენი განსხვავებულობა ერთმანეთს გავაცნოთ. რაც შეეხება სასიყვარულო ურთიერთობას, ეს ძალიან მჭიდრო პიროვნებათშორისი ურთიერთობაა, სადაც ყველაზე ხშირად წამოტივტივდება ხოლმე იმის შფოთვა, რომ მე თუ გამოვხატე, სინამდვილეში, რა მომწონს, რა მიზიდავს, რა არის ჩემი გატაცებები, - ჩემი მეწყვილე იქნება, შეყვარებული თუ მეუღლე - დამიწუნებს; ჩემსა და მას შორის მანძილი გაიზრდება და სიახლოვეს დავკარგავ.
- ამიტომ, ფაქტობრივად, საკუთარ თავს ვიუქმებ - ასე გამოდის?
- გაუჩინარებას ვიწყებ.
- და ორ ადამიანს შორის საზღვარს ნებაყოფლობით ვშლი?
- შეძლებისამებრ ვემსგავსები მას, ან ვემსგავსები მის წარმოსახვას. ვცდილობ, ამოვიცნო, „გამოვტყუო,“ როგორი უნდა, რომ ვიყო და იმგვარად გარდავიქმნა. მაგრამ ამ გარდაქმნაში, შეიძლება, ჩემთვის უკიდურესად ღირებული წახნაგები მოჰყვეს. დღეს მეორე უკიდურესობასაც ვხვდებით სასიყვარულო ურთიერთობაში: ადამიანები ფიქრობენ, რომ არავითარ შემთხვევაში ერთმანეთი არ უნდა შეცვალონ. მაგრამ ურთიერთობა იმთავითვე მოიაზრებს, რომ რაღაც აუცილებლად შეიცვლება. დღეს ადამიანებს, განსაკუთრებით მამაკაცებს, დაკვეთა აქვთ: ნუ მომთხოვ, რომ როდესაც შენთან ურთიერთობაში ვარ, რაიმე შევცვალო. ისინი ცდილობენ, რომ ზემოქმედებას დაუსხლტნენ და ეს მცდელობა იმ შიშისგან მოდის, რომ მეორე ადამიანმა მთლიანად არ „გადასანსლოს,“ ანუ საკუთარი თავი არ დააკარგვინოს.
- ისევ საზღვრებთან მაქვს საქმე. ჩემი აღქმით, საქართველოში ერთმანეთის ცხოვრებაში შეჭრა ბევრად უფრო ნორმალიზებულია, ვიდრე განვითარებული დემოკრატიის და ეკონომიკის ქვეყნებში. ამ მოსაზრებას თუ ეთანხმებით?
- კულტურებს გააჩნია. უკიდურესად ხისტი საზღვრების მქონე კულტურების წარმომადგენლებიც იტანჯებიან. იმიტომ, რომ ისინი მოკლებულები არიან ღირებულ ურთიერთობას.
- მაგალითად, ჩრდილოეთის ქვეყნებში?
- დიახ, იმიტომ, რომ საზღვრები ძალიან ხისტია. მაგალითად, მე შეიძლება რაღაც კითხვა, რასაც ქართველს დავუსვამ, სხვა ქვეყნის წარმომადგენელს ვერ დავუსვა იმიტომ, რომ მათი პირადი სივრცე უკიდურესად გაზრდილია. ჩვენ, პირიქით, ძალიან გვიყვარს სხვის პირად სივრცეში შეჭრა, ურთიერთობის საკმაოდ საწყის საფეხურზევე. როგორც ვთქვი, ეს კულტურის ნაწილია.
- მაგრამ, რაც დრო გადის, საზღვრების თემა ხდება თუ არა სულ უფრო მეტად აქტუალური? მე მგონი, ადამიანებმა მეტ-ნაკლებად ისწავლეს პირადი სივრცის დაცვა და სხვისი სივრცის პატივისცემაც.
- თაობებს შორის მომხდარ ცვლილებას თუ გულისხმობთ, გეთანხმებით. სიტყვა „საზღვარი“ უფროსი თაობის წარმომადგენელთან რომ ახსენოთ, შეიძლება, ეს სიტყვა მის ლექსიკონში საერთოდ არ აღმოჩნდეს.
- შეიძლება, ვერც მიხვდეს, რაზე ელაპარაკები.
- არათუ ვერ მიხვდეს, შეურაცხყოფილიც დარჩეს. მაგალითად, ახალდაქორწინებულ წყვილებს აქვთ ზოგჯერ ასეთი სირთულე, რომ მაშინაც კი, როცა ცალკე ცხოვრობენ, შეიძლება, მშობლები შეუთანხმებლად „დაადგნენ თავზე.“ არადა, ამ სივრცეში შეჭრა შეუთანხმებლად არ უნდა ხდებოდეს. მაგრამ 1960-იან წლებში დაბადებული ადამიანებისგანაც მომისმენია ჩივილი ამ თემაზე. ეს უკმაყოფილება ახლა არ გაჩენილა.
- ადრე ჩვეულებრივი ამბავი იყო, რომ რაიონიდან ჩამოსული სტუდენტი თბილისში ახლობლის ოჯახში ცხოვრობდა, მათ შორის, ძალიან პატარა ბინაშიც. ახლა ეს შეუძლებელია. ახლა სახლში ვერავის ჩაისახლებ და არც არავინ მოგთხოვს.
- პირადი სივრცის დაჟინებული მოთხოვნილებაც შეზრდა-განუცალკევებლობის კულტურის შედეგია.
- შემდეგი კითხვა სწორედ ამ კულტურის ერთ თანამედროვე გამოვლინებას ეხება. მინდა, ვილაპარაკოთ შერცხვენის ქმედებებზე, რაც ჩვენთან ასევე ნორმალიზებულია. ეს ძალიან კარგად ჩანს ფეისბუკში. შეგიძლია, უპრობლემოდ შეარცხვინო საპირისპირო პოზიციის მქონე ადამიანი და, ასევე თანამოაზრეც, თუკი მიგაჩნია, რომ გვერდით მყარად ვერ გიდგას საერთო ბრძოლაში. თუ საზღვრების დაცვა ზრდასრულობის ნიშანია, შერცხვენის ნორმალიზება ნიშნავს თუ არა ჩვენი საზოგადოების ინფანტილურობას, უმწიფრობას?
- ამ საკითხზე მეც ბევრს ვფიქრობ. დარცხვენა ყველაზე მარტივი გზაა იმისთვის, რომ საზოგადოებაში რეალურად არსებული დინებები განდევნო. დარცხვენის სხვადასხვა გზა არსებობს და ერთ-ერთი მაგალითია იარლიყის მიკუთვნება. თუ ვისმენ რაიმე ისეთს, რასაც ჩემი სხეული და ფსიქიკა აღიქვამს, როგორც საფრთხეს, ესე იგი, ეს გამოხატვა რაღაც პირადულს ეხება. მაგალითად, პოლიტიკასთან დაკავშირებული ხედვები უკიდურესად პირადულია. ჩვენ ვეხმაურებით ამ თემაზე მსჯელობას, როგორც პირად თავდასხმას.
- აბსოლუტურად გეთანხმებით. ამაზე მეც ბევრჯერ მიფიქრია.
- ზოგადად, მიჩნეულია, რომ პოლიტიკური ხედვები და რელიგიური მრწამსი უკიდურესად პირადულია. და თუკი მე გამოვიყენებ იარლიყს, რომელიც რაიმე სასირცხვილოს უკავშირდება, შეიძლება მივაღწიო, რომ რაღაც დროის მანძილზე ადამიანები გაჩუმდნენ, გაუჩინარდნენ, ჩვენს თვალს მიეფარონ... მაგრამ ის, რაც გაუჩინარებულია, არსებობას არ წყვეტს.
„გასაფუჭებელი ფეხსაცმელი რომ არ გაქვს ბავშვს, ის თაობა ვართ.“
- ის საზოგადოება მაინტერესებს, რომელიც ამ შერცხვენის პროცესს ნორმად მიიჩნევს.
- საზოგადოებაში დასაშვებია, როცა ვიღაც ამბობს: შენ გეკრძალება, ჩემგან განსხვავებულად იფიქრო.
- თანაც, ჩემს თავს უფლებას ვაძლევ, რომ ეს საჯაროდ მიგითითო. „ქოცო!“ „ნაცო!“ ჩვეულებრივი შერცხვენის ეპითეტებია.
- დიახ, ეს ორი - განსაკუთრებით. ნაჩქარევად მიკუთვნებული იარლიყი ხშირად გამოიყენება იმისთვის, რომ საკუთარი თავი დავიცვათ მტკივნეული რეალობისგან. როგორც კი იარლიყს მივაკუთვნებ, სივრცეს ვსპობ, რომ გავიგო, ადამიანი სინამდვილეში რას გულისხმობს - და სინამდვილეში რასაც გულისხმობს, ეს ამართლებს თუ არა მიკუთვნებულ იარლიყს. სირცხვილი ისეთი იარაღია, რომელიც მკაფიოდ გამოხატულ კოლექტივისტურ კულტურებში გამოიყენება. მაგალითად, იაპონია „სირცხვილის კულტურის“ სახელითაც არის ცნობილი. იქ მთელი სასიცოცხლო ძალა იმისკენ არის მიმართული, რომ სირცხვილი არ განიცადო, თავი სირცხვილის განცდისგან დაიცვა. აქ კი დარცხვენა ზუსტად იმისთვის გამოიყენება, რომ სხვანაირმა, განსხვავებულმა არსებობა შეწყვიტოს.
- ეს მექანიზმი მუშაობს, თუ არ მუშაობს?
- ხანგრძლივი დროის მანძილზე არ მუშაობს. თუმცა, ცოტა ხნით ან, ზოგჯერ, მეტ-ნაკლებად დიდი ხნითაც, ნამდვილად შეიძლება, გააჩუმო ადამიანი.
ერთ-ერთი ძალიან ძლიერი იარაღია - გაგაშიშვლებ საჯაროდ, საჯაროდ გაგაცამტვერებ. Cancel Culture - გაცამტვერების კულტურა ზუსტად ამ დამოკიდებულების ანარეკლი და გამოვლინებაა. რეალურად, როდესაც ვცდილობ, დავარცხვინო ადამიანი, თუნდაც, რაღაც ეჭვების გამო, რომლებიც მოწყვეტილია რეალობას, ხელიდან ვუშვებ ერთ ძალიან მნიშვნელოვან პრინციპს - ცნობისმოყვარეობას: სინამდვილეში, რატომ ემხრობი იმას, რაც მე დამანგრეველი მგონია? შენთვის პირადულად მნიშვნელოვანი რა არის?
- ანუ არ ვუსმენთ ერთმანეთს, არ გვაინტერესებს ერთმანეთის მოტივები.
- დიახ. ამას მორალურად აღმატებული ადამიანის პოზიციიდან არ ვლაპარაკობ, მეც მიჭირს ჩემი ოჯახის წევრების მოსმენა. ზოგადად, გვიჭირს იმიტომ, რომ ბავშვობაში არ გვისწავლია განსხვავებული აზრის და განსხვავებულობის პატივისცემა. სწორედ ბავშვობაში ისწავლება, რომ შენგან განსხვავებული მუსიკალური გემოვნება თუ მაქვს, არ მოხვიდე და არ გამომირთო, რასაც ვუსმენ, იმის გამო, რომ შენთვის ეს უგემოვნო და უხარისხო მუსიკაა.
- ახლა მინდა, ვილაპარაკოთ ადამიანზე, რომელიც სხვას კი არ არცხვენს, არამედ, სირცხვილს თვითონ განიცდის. დღევანდელ საზოგადოებრივ ცხოვრებაში მეტისმეტად ბევრი მიზეზია იმისთვის, რომ ადამიანს საკუთარი საქციელის შერცხვეს. მიტინგზე ვერ გახვედი - გრცხვენია; სხვა დააჯარიმეს, შენ არა - გრცხვენია; სამსახურიდან თანამშრომელი გაუშვეს, შენ დარჩი - გრცხვენია; სხვა ხმამაღლა აპროტესტებს, შენ ვერა - გრცხვენია; მეგობრის აზრებს არ იზიარებ და ამიტომ ერიდები - თან გრცხვენია. შეიძლება, მაშინაც გრცხვენია, როცა სხვაზე ძალადობ, ან უსამართლოდ უსჯი... როგორ ფიქრობთ, რა კვალს დატოვებს ქვეყნის ცხოვრებაზე ეს სირცხვილი, რომელიც ბევრ ადამიანში დაბინავდა?
- რთული განსასაზღვრია, დროთა მანძილზე როგორ შეიძლება განიმუხტოს ამდენი სირცხვილის განცდა.
- უნდა განიმუხტოს? თქვენ ასე ხედავთ?
- ფსიქოთერაპიულ შეხვედრებზე ეს განცდა ნაწილობრივ განიმუხტება. იმდენად დარცხვენილი აღარ ხარ იმის გამო, როგორც ფიქრობ, ან რასაც გრძნობ. თქვენ, სინამდვილეში, კითხვა დამისვით უმოწყალობაზე. უმოწყალობა და დაუნდობლობა საქართველოში გავრცელებული დამოკიდებულებაა. ამიტომაც ვართ შფოთვით გაჯერებული ერი. ეს უმოწყალობა, დაუნდობლობა ნიშნავს, რომ ჩემი ქმედებისთვის მართლზომიერ სასჯელს არ მივიღებ; მივიღებ გაცილებით უფრო მკაცრ და სასტიკ სასჯელს.
- რატომ ფიქრობთ ასე? თუ ადამიანების გაზვიადებულ განცდას აღწერთ?
- ეს აღზრდიდან მოდის. თუ მშობელს ხშირად ჰქონდა უკიდურესად მძაფრი გამოხმაურება, მაგალითად, შეცხადება, ეს ბავშვს ამახსოვრდება, როგორც დამზაფრავი რეაქცია: რასაც შეცხადება მოჰყვა - როგორც უარყოფის, გარიყვის სასჯელი - ის არასდროს აღარ უნდა გავიმეორო.
- 1990-იანი წლები შეიძლება იყოს მიზეზი, რომ მთელ თაობას ჰქონდეს დაუმსახურებელი სასჯელის შიში? იმ მძიმე წლებში მილენიალების თაობა დაიბადა და გაიზარდა. ისინი ახლა 30-35 წლის ახალგაზრდები არიან.
- დიახ, ჩემი თაობაა. მე 1988 წელს ვარ დაბადებული და ეს გვაქვს - უკიდურესი მომთხოვნელობა როგორც საკუთარი თავის, ისე სხვების მიმართ. გასაფუჭებელი ფეხსაცმელი რომ არ გაქვს ბავშვს, ის თაობა ვართ. სიდუხჭირის დამღა ის დამღაა, რომელიც მიანიშნებს, რომ მე არ შემიძლია, შეგიმეცნო.
- რა კავშირშია ერთმანეთთან სიდუხჭირე და შემეცნება?
- შემეცნება ყოველთვის მოიცავს რაღაც ტიპის ცდომილებასაც, უფრო ზუსტად, ცდომილების დაშვების ალბათობას. ეს უსაფრთხოებას უკავშირდება. პირად გამოცდილებას გაგიზიარებთ: საზღვარგარეთ სულ მაქვს განცდა, რომ ვიღაც შეიძლება მაკვირდებოდეს. სულ ვცილობ, რომ სადმე ეზოში არ შევიდე, შევზღუდო მოძრაობის და თავისუფლად გადაადგილების სივრცე. ეს ნიშნავს, რომ შემეცნების მოთხოვნილება დაითრგუნა, უსაფრთხოებაზე ზრუნვის შედეგად. 90-იან წლებში ყველანაირი აკრძალვა გამართლებული იყო, რადგან თავის გადარჩენის ფუნქცია ჰქონდა - ამას არ დაელაპარაკო, იქ არ წახვიდე... ჩვენ იმ განცდით ვიზრდებოდით, რომ სამყარო საფრთხით გაჯერებული ადგილია. ამას სხეულის დონეზე ვატარებთ.
„მირჩევნია, ვიყო გაუჩინარებული, ვიდრე რთული აკრობატიკა შევასრულო იმისთვის, რომ ფეხი რამეს არ წამოვდო.“
- თქვენ თქვით, არ გვქონდა უფლება, რომ ფეხსაცმელი გაგვეფუჭებინაო. ადრეც ბევრჯერ გისაუბრიათ იმის შესახებ, რომ ადამიანმა საკუთარ თავს შეცდომის დაშვების უფლება უნდა მისცეს. ფსიქიკური კეთილდღეობისთვის ეს ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. მაგრამ თუ ვართ გარემოში, სადაც ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ აქ და ახლა არ აქვს შეცდომის დაშვების უფლება - ეს ნიშნავს, რომ ყოველი მათგანი ფსიქიკურ კეთილდღეობას კარგავს?
- შეცდომის დაშვების უფლება ნიშნავს საკმარისი უსაფრთხოების განცდას, რომ როცა შეცდომას დავუშვებ, ამას არ გადამაყოლებენ.
- ზუსტად ამას ვგულისხმობ - როცა ადამიანი ფიქრობს, რომ ახლა თუ შეცდომას დავუშვებ, ამას გადამაყოლებენ; ამიტომ, არ შეიძლება, შემეშალოს.
- ვისთანაც ფსიქოთერაპიული შეხვედრები მაქვს, ეს ადამიანები აღნიშნავენ შეცდომასთან დაკავშირებულ ერთ სპეციფიკურ გამოცდილებას, რასაც წამოძახება ჰქვია - როცა მუდმივად წამოგაძახებენ, რომ რაღაც შეგეშალა. წამოძახება აჩენს ძლიერ მოთხოვნილებას, რომ აღარ აღმოჩნდე დამკვირვებლის თვალის ქვეშ, რადგან ეს მტრული თვალია. შესაბამისად, ჩნდება ძლიერი მოთხოვნილება, რომ გაქრე, გაუჩინარდე, გადაიმალო. ამ გამოცდილების ადამიანს საერთოდ არ უნდა, რომ ვინმეს ახსოვდეს. არადა, ჩვენ გაუჩინარებისთვის არ ვართ ჩაფიქრებულები. ასეთ დროს, სხეული მუდმივად საფრთხეს ელოდება.
- ანუ ადამიანი მუდმივად შფოთავს?
- დიახ და მუდმივად ეშინია, რომ შემთხვევით სადმე ფეხი არ დაუცდეს. ამიტომაც არსებობენ ადამიანები, რომლებიც, თუნდაც, მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, აზრს არ გამოთქვამენ. ეს არ ნიშნავს, რომ საკუთარი აზრები არ გააჩნიათ. აქვთ აზრი, მაგრამ იმდენად დამფრთხალები არიან იმის მოლოდინში, რომ შეიძლება რაღაც ვერ გათვალონ და პასუხად რაიმე დამარცხვენელი იარლიყი მიიღონ, რომ ხმას აღარ იღებენ. მირჩევნია, ვიყო გაუჩინარებული, ვიდრე რთული აკრობატიკა შევასრულო იმისთვის, რომ ფეხი რამეს არ წამოვდო.
- მაგრამ როდესაც ვმოქმედებ, რადგან მიმაჩნია, რომ საერთო საქმის ჩემი წილი აუცილებლად უნდა გავაკეთო და თან შეცდომის დაშვების უფლება არ მაქვს - გამოდის, სულ სტრესში ვცხოვრობ.
- შეცდომასაც გააჩნია. არიან გარკვეული პროფესიის წარმომადგენლები, მაგალითად, ქირურგები, რომლებსაც განსაკუთრებით უჭირთ საკუთარი შეცდომის მიღება. მათ შეცდომას შეიძლება სხვა შედეგები მოჰყვეს, ვიდრე, თუნდაც, ჩემსას; თუმცა, ჩემს შეცდომასაც შეიძლება ძალიან სავალალო შედეგი მოჰყვეს. რეალურად, ამ გაცამტვერების კულტურაში, სადაც ადამიანი საკუთარ თავს შეცდომის უფლებას ვერ აძლევს, საბოლოოდ, არ არის ასახული ადამიანის ადამიანურობა. ადამიანურობა ნიშნავს, რომ ძალიან სერიოზული შეცდომა შეიძლება მოგივიდეს. შეცდომის შიშს აძლიერებს ჩვენი საზოგადოებისთვის დამახასიათებელი მომეტებული ეჭვი, რომ ირგვლივ ყველა ბოროტი ზრახვებით მოქმედებს; რომ სულ ბოროტებას უნდა ველოდოთ.
- რატომ ფიქრობთ ასე?
- იმიტომ, რომ გაძლიერებული გვაქვს ეჭვი და უნდობლობა.
- უნდობლობას, ძირითადად, პოლიტიკასთან დაკავშირებით ვხედავ. მართლაც, დაკარგულია რწმენა, რომ ვინმემ შეიძლება იცოდეს, რა არის სწორი; ვინმემ შეიძლება შემოგვთავაზოს რაღაც ისეთი, რაც ქვეყნისთვის ნამდვილად კარგი იქნება მომავალში.
- ზოგადად, გზააბნეულობის განცდა ხშირად გაშეშების მდგომარეობას იწვევს.
წარმოდგენა არ მაქვს, როგორ მივიდე მიზნამდე და ამიტომ ვშეშდები. გაშეშებაც ამ გზააბნეულობასთან გამკლავების ერთგვარი გზაა. ეს მართლდება იმით, რომ არაერთხელ დაღალატებული ერი ვართ - როგორც ძალაუფლების მქონე პირების მიერ, ასევე, ჩვენი ახლობელი ადამიანების მიერაც. ზოგადად, ეს დაღალატებულობა ძალიან ფესვგამდგარია ჩვენში.
- საზღვრების წაშლასთანაც ხომ არ არის კავშირში? როცა შენს ცხოვრებაში დაუკითხავად იჭრებიან, მერე ბევრი რამ შეიძლება აღიქვა ღალატად.
- არაერთ ადამიანს ჰგონია, რომ, მაგალითად, სასიყვარულო ურთიერთობაში დაღალატება მხოლოდ ის არის, თუ მე საყვარელი მყავს, მეუღლესთან ერთად. სინამდვილეში, დაღალატებაა, როცა პირობა დავდე და არ შევასრულე; როცა სამართლიან რეაქციაზე გეუბნები, რომ აზვიადებ; როცა მეუბნები, რომ რაღაც არ მომხდარა, თუმცა, მახსოვს, რომ ნამდვილად მოხდა. დაღალატების ძალიან ძლიერი გამოცდილებები გვაქვს ჩვენ, ადამიანებს.
„ბრალეულობის განცდა აღმზრდელი განცდაა.“
- რაკი ადამიანის ღრმა განცდებზე ვსაუბრობთ, სირცხვილს მინდა, დავუბრუნდეთ და ღვთისმეტყველ იერონიმე სტრიდონელის (342-420) ციტატის განმარტება გთხოვოთ: „არის სირცხვილი, რომელიც გვკლავს და არის სირცხვილი, რომელიც გვაცოცხლებს.“ მაცოცხლებელი სირცხვილი რა მოვლენაა?
- ფსიქოლოგიაში სირცხვილი, რომელიც გვაცოცხლებს, აღნიშნულია, როგორც ბრალეულობის განცდა და მასთან დაკავშირებული სინანულის განცდა. სირცხვილსა და ბრალეულობის განცდას შორის პირობითი განმასხვავებელი არის ის, რომ სირცხვილი უშუალოდ ეხება ჩემს ვინაობას - მე ვარ საძრახისი. ბრალეულობის განცდა ნიშნავს, რომ საძრახისია ის, როგორც მოვიქეცი. მე შემიძლია, რომ ბრალეულობის განცდა ვაქციო მასწავლებლად; არა თვითგვემის, არამედ, სინანულის წინაპირობად...
- ანუ: "სამწუხაროდ, შემეშალა".
- დიახ. ბრალეულობის განცდა აღმზრდელი განცდაა. საკუთარი თავის მიმართ გულმოწყალება ძალიან რთულია, მით უმეტეს, საქართველოში, რადგან, როგორც უკვე ვთქვით, აქ შეცდომა არ უნდა დაუშვა. გულმოწყალება კი გეუბნება, რომ შეცდომას აუცილებლად დაუშვებ, სხვას ტკივილს აუცილებლად მიაყენებ. მაგრამ უნდა გაიგო, ასე რატომ მოიქეცი. უმრავლეს შემთხვევაში, შენ თვითონ იტანჯები, შენი ტკივილის გამო მიაყენე სხვას ტკივილი, თორემ, რატომ უნდა გაგიჩნდეს სურვილი, რომ ვიღაც დააზიანო? ცვლილების ნამდვილი წინაპირობა იმაზე დაფიქრებაა, რა გჭირდება იმისთვის, რომ მომავალში სხვისი დამაზიანებელი ქცევა შეამცირო. ეს ფიქრი იწვევს ზუსტად იმ სირცხვილს, რომელიც გვაცოცხლებს.
- ბრალეულობის თემა მინდა, გავაგრძელოთ. დღეს ისეთი რეალობა გვაქვს, რომ კონსტიტუცია იცავს აზრის და გამოხატვის თავისუფლებას; მაგრამ კანონები ზღუდავს მას. გამოდის, ვინც კონსტიტუციას იცავს და კანონს არღვევს, მას თავისი სიმართლე აქვს; ვინც კანონს იცავს და კონსტიტუციას არღვევს, მასაც თავისი სიმართლე აქვს. შესაძლებელია თუ არა, ეს გაორება ადამიანს უქმნიდეს განცდას, რომ უდანაშაულოა და, ამავე დროს, დამნაშავეა?
- რთული კითხვაა, რადგან რთული განსასაზღვრია, კანონმდებლობა როგორ არეგულირებს ჩვენს მორალურ მხარეს. მე ვფიქრობ, რომ ადამიანები, რომლებიც თვითგამოხატვის იდეის ერთგულები არიან, ბრალეულობის განცდას ნაკლებად განიცდიან. მათი დასჯა შესაძლებელია, მაგრამ ეს მათში ბრალეულობის განცდის აღძვრის წინაპირობას სრულებით არ ნიშნავს.
- ბოლო კითხვა მაქვს: თქვენი პროფესიიდან გამომდინარე, ბევრ შეწუხებულ, ტრავმირებულ ადამიანთან გიხდებათ ურთიერთობა. ეს თქვენს ცხოვრებას შინაარსით ავსებს, თუ მეტად შინაარსიან ცხოვრებას ისურვებდით?
- ცხოვრების წესი ძალიან მოკრძალებული მაქვს. თუმცა, ექსპრესიული ვარ და თვითგამოხატვის უფლებას ბავშვობიდან აქტიურად ვიყენებდი, რაშიც უფროსებიც ხელს მიწყობდნენ. ამის მიუხედავად, დღეს მისული ვარ გადაწყვეტილებამდე, რომ ზოგჯერ შეიძლება რაღაცები არ გამოვხატო, რადგან გამოხატვა ყოველთვის უსაფრთხო არ არის. ზოგჯერ ჩნდება განცდა, რომ ვერ გაგიგებენ. რასაც ვისურვებდი, ალბათ, არის უფრო უსაფრთხო გარემო ალტერნატიული ხედვებისთვის, ალტერნატიული გამოხატვისთვის. მრავალფეროვნება ჩემთვის ნამდვილად უფრო მისაღებია.
- მრავალფეროვნება არის ის, რითიც გინდათ, რომ თქვენი ცხოვრების შინაარსი დაიტვირთოს?
- პირადად მე არ ვარ შთაბეჭდილებების მდევნელი ადამიანი. მაგალითად, მოგზაურობა საინტერესოა, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეკოლოგიურად გაუმართლებელია ტურისტული ცხოვრების წესი - რომელიც, სინამდვილეში, ჩემთვის ცარიელია.
- მაშინ, რა მიმართულებით გინდათ, რომ შინაარსი შემატოთ თქვენს ცხოვრებას?
- ალბათ, ამ კითხვას პირდაპირ იმიტომ ვერ ვპასუხობ, რომ ჩემი ცხოვრება საკმაოდ შინაარსიანად მიმაჩნია. იმის მიუხედავად, რომ უფრო წარმოსახვაში მცხოვრები ადამიანი ვარ, არასდროს მქონია განცდა, რომ ჩემი ცხოვრება ცარიელია. სადა ცხოვრების წესი, უბრალო კეთილდღეობებით ტკბობის უნარი არის ის ციმციმები, რომლებსაც ჩვენი ფსიქიკური კეთილდღეობა ეჭიდება. ჩვენ არ გვჭირდება დიდი მოვლენები იმისთვის, რომ ფსიქიკური წონასწორობა შევინარჩუნოთ.
- როცა მრავლობით რიცხვში ლაპარაკობთ, საკუთარ თავს და თქვენი ყაიდის ადამიანებს გულისხმობთ?
- დიახ, რა თქმა უნდა. ცხადია, არიან ადამიანები, რომლებსაც მეტი შთაბეჭდილება სჭირდებათ. მე მათ შორის არ ვარ, შესაძლოა, იმის გამო, რომ ჩემი პროფესია ჩემთვის ნამდვილად არის ერთ-ერთი მაცოცხლებელი წყარო და განახლების იმპულსი.
- დიდი მადლობა საინტერესო, ღრმა საუბრისთვის. ინტერვიუს დავასრულებთ თქვენი კომენტარით ცნობილი ადამიანების ორ გამონათქვამზე. პირველი ციტატის ავტორია ამერიკელი ფსიქოლოგი, აბრაჰამ მასლოუ (1908-1970): „იმისთვის, რომ ადამიანი შეცვალოთ, საკმარისია, შეცვალოთ მის მიერ საკუთარი თავის გაგება.”
- საკუთარ თავზე წარმოდგენების ცვლილება, პასუხი კითხვაზე „ვინ ვარ მე“ - თერაპიის ერთ-ერთი ძირეული სამუშაოა. ქცევის ერთ-ერთი წარმმართველი არის ის, თუ რას ვფიქრობ საკუთარ თავზე. თუ ვფიქრობ, რომ კეთილსინდისიერი ადამიანი ვარ, როგორც წესი, ვეცდები, რომ ჩემი ქცევები საკუთარ თავზე წარმოდგენებს ასახავდეს. მაგრამ ზოგჯერ განსვლა ძალიან დიდია ჩემს ქცევასა და იმას შორის, რასაც ჩემს თავზე ვფიქრობ. ურყევი მტკიცებულება, თუ როგორი ვარ, თუ რას წარმოადგენს ჩემი ღირებულებები - არის ჩემი ქცევა. ამიტომ სწორი წარმოდგენების შექმნა საკუთარ თავზე და ქცევის თანმიმდევრული ცვლილება ნამდვილად ნიშნავს ადამიანის შეცვლას. საკუთარ თავზე მკაფიო წარმოდგენა ფსიქიკური კეთილდღეობის ერთ-ერთი წინაპირობაა.
- მეორე ციტატის ავტორია ამერიკელი პოეტი ედვარდ კამინგსი (1894-1962): „როცა ცა დაემხობა და ოკეანეები დაშრება, ადამიანი დარჩება ერთადერთ საიდუმლოდ“.
- სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე დიდი საიდუმლო ადამიანი ნამდვილად არის. ჩვენ ბოლომდე ვერასდროს გვეცოდინება ადამიანი და, მათ შორის, საკუთარი თავი.
- მაგრამ სამყაროც ვერ გვეცოდინება.
- რამდენიმე დღის წინ ინსტაგრამის ჩემს გვერდზე დავწერე ფრაზა: „მხოლოდ ღმერთმა უწყის ადამიანი.“ იქიდან გამომდინარე, რომ ღმერთზე უარი ვთქვით, ჩვენვე ვიტანჯებით იმ პასუხისმგებლობებით, რაც მას ჰქონდა.
- როცა ამბობთ, რომ ღმერთზე უარი ვთქვით, გულისხმობთ, რომ ღირებულებები დავკარგეთ?
- არა მხოლოდ ღირებულებები, ჩამოვიშორეთ ღმერთი, რადგან ყოვლისშემძლე აღარ დაგვჭირდა. სამაგიეროდ, ამ ყოვლისშემძლეობით ადამიანები დავტვირთეთ...
- ნიცშეს გზას მივყვებით, ესე იგი.
- დიახ, დაახლოებით. ჩვენ გვაქვს გულუბრყვილო განცდა, რომ საკუთარი თავის შესახებ ყველაფერი ვიცით. მაგრამ ადამიანის ქცევის წინასწარმეტყველებაც კი შეუძლებელია. არის სიტუაციები, სადაც შეიძლება გამოვავლინოთ რაღაც ისეთი, რის შესახებ წარმოდგენაც არ გვქონდა. ჩვენში არსებობს რაღაც, რაც ჩვენზე ზემოქმედებს, მაგრამ არა ყოველთვის. ზოგჯერ ელოდება გარემოს იმისთვის, რომ გამოვლინდეს. უბრალოდ, მასთან კავშირი დაკარგული გვაქვს. ამიტომ, თერაპიის ერთ-ერთი ყველაზე კეთილშობილური სათნოება და ამოცანაა, რომ ადამიანმა დაუშვას, გაიაზროს და განცდაშიც ჰქონდეს, რომ თითოეული ჩვენგანი ყველანაირი შეიძლება აღმოჩნდეს, საბოლოო ჯამში.
ფოტომასალა: ირაკლი გედენიძე
გუნდი
ირაკლი გედენიძე
ზურაბ ქურციკიძე
გიო კუსიანი
გიორგი ურუშაძე
თამთა ყუბანეიშვილი
ნანა ყურაშვილი
ინგა ქორიძე