×
„ფეხბურთი თითქმის ყველა ქვეყანაში საზოგადოების მცირე მოდელია“

ნინო სამხარაძე

პოლიტიკის ანალიტიკოსი, ფეხბურთისა და იდენტობის მკვლევარი


1533

ინტერვიუს შესახებ

არ მახსოვს, ოდესმე თუ მიმიღია ასეთი სიამოვნება ინტერვიუზე მუშაობის პროცესში. 

ეს ინტერვიუ ფეხბურთს ეხება და ვფიქრობდი, ღირს თუ არა მკითხველისთვის ბოდიშის მოხდა იმის გამო, რომ ამ საქმეში საკუთარი თავი დილეტანტად მიმაჩნია. ბოლოს, გადავიფიქრე, ორი მიზეზით: ჯერ ერთი, ნეიროქირურგთან თუ გავბედე ინტერვიუ, ფეხბურთის მკვლევართანაც გავბედავ (მით უმეტეს, ფეხბურთის და ეროვნული იდენტობის მკვლევართან); მეორეც, ჩემს მეგობარს - თამარ ტაბიძეს ვეთანხმები, რომელმაც ფეისბუკზე დაწერა - ოქროს ბიჭებო, გახსოვდეთ, რომ თქვენ გვერდით ვართ დილეტანტები და ქალები, რომლებიც "კუხნიდან" გამოვედით და ფეხბურთის ყურება დავიწყეთ; მთავარია, "პროფესორების" იმედად არ დარჩეთო. 

ამ ინტერვიუში ბევრ საყურადღებო, საინტერესო, დამაფიქრებელ მოსაზრებას წაიკითხავთ. ამ ინტერვიუდან მიიღებთ იმედის სხივს. ამ ინტერვიუში აუცილებლად დაინახავთ საკუთარ თავს და ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალს. ამისთვის დიდი მადლობა ნინო სამხარაძეს, რომელთან თანამშრომლობამ ყველა დადებით მოლოდინს მკვეთრად გადააჭარბა. 

აქვე, ბოდიშს ვუხდი ჩვენი ნაკრების იმ წევრებს, რომლებიც საუბრის დროს პერსონალურად არ გვიხსენებია. რა თქმა უნდა, თუკი ხმას მივაწვდენდი, თითოეულ მათგანთან სიამოვნებით ჩავწერდი ინტერვიუს. პირველ ინტერვიუზე კი, განსაკუთრებული პატივისცემის ნიშნად, ოთარ კიტეიშვილს მოვიწვევდი. 

ია ანთაძე

- ნინო, თქვენი სამაგისტრო ნაშრომიც და სადოქტორო დისერტაციაც ეხება ნაციონალიზმის და ფეხბურთის კვლევას; ფეხბურთის გავლენას ეროვნულ იდენტობაზე. როდესაც ამ თემაზე მუშაობა დაიწყეთ, ქართული ფეხბურთი, რბილად რომ ვთქვათ, არ ბრწყინავდა. ხოლო როცა ბრწყინავდა, იმ პერიოდს არ მოსწრებიხართ. რატომ გადაიკვეთეთ თქვენ და ფეხბურთი? 

- ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი: ჩემი პროფესიის და ჩემი მანამდე არსებული ჰობის თუ ვნების - ფეხბურთის - გადაკვეთა. ოჯახიდან და სამეგობროდან ფეხბურთი ყოველთვის ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. მაშინაც კი, როცა ჩვენს ეროვნულ ნაკრებს კარგი დრო არ ედგა, ემოციურად გვერდით ვედექით მე და ჩემი საახლობლო. როცა პროფესიაში შევედი და იდენტობის კვლევებით დავინტერესდი, ვიფიქრე, რომ ეს იქნებოდა იდეალური კომბინაცია პროფესიაში ჩემი თავის პოვნისთვის, თუკი გამოვიკვლევდი ფეხბურთის გავლენას იდენტობაზე, ეროვნულ თვითშეგნებაზე და მერე ამ იდენტობის გავლენას პოლიტიკაზე, სახელმწიფოს მშენებლობაზე. ამ ფორმულამ მაპოვნინა ჩემი თავი პროფესიაში. 

- დღეს თქვენ პოლიტიკის მკვლევარი ხართ. მაგრამ, პროფესიის შერჩევისას, ალტერნატივებზე თუ გიფიქრიათ? თუნდაც, სპორტული ჟურნალისტიკა ხომ არ ყოფილა ერთ-ერთი ალტერნატივა? 

- თავად ჟურნალისტიკა არ არის ჩემთვის კომფორტის ზონა იმ უნარების გამო, რაც ჟურნალისტს სჭირდება. თუმცა, სპორტი, სპორტის შესახებ სტატისტიკა, სპორტის ანალიზი იმდენად მნიშვნელოვანი გახდა დროთა განმავლობაში, რომ სამომავლოდ არაფერს გამოვრიცხავ. ამ ეტაპზე კვლევა, თეორიულ მიგნებებამდე მისვლა და მერე ამ მიგნებების გადათარგმნა ტექსტებში - სამეცნიერო თუ ჟურნალისტურ სტატიებში - არის ის, რაც მაინტერესებს. ჟურნალისტიკისთვის კი, შეიძლება, ახლა უფრო ღირებული გახდეს ჩემი სამეცნიერო და თეორიული მიგნებები, როცა ფეხბურთის ნამდვილი ბუმია საქართველოში. 

- ეროვნული ნაკრების წევრებმა თუ იციან, რომ არსებობს მეცნიერი, რომელიც ეროვნულ იდენტობაზე ქართული ფეხბურთის გავლენას იკვლევს? 

- არ ვარ დარწმუნებული. არ ვიცი, ნაკრების თანამედროვე ფორმაციაში ვინმემ თუ იცის ჩემი კვლევების შესახებ, რადგან ჩემი კვლევა საბჭოთა პერიოდს და 1990-იანი წლების დასაწყისს ეხება. თუმცა, კვლევის ფარგლებში, სხვადასხვა თაობის ფეხბურთელებთან - ჯერ „დინამოს“ და შემდეგ 90-იანი წლების ნაკრების წევრებთან - მქონია შეხვედრები. 

- დღევანდელი ნაკრების წევრებს შორის, ვინ არის ის პიროვნება ან პიროვნებები, ვისთანაც სიღრმისეულ საუბარს ისურვებდით?

- ორ განზომილებას გამოვყოფ. პირველი განზომილების ლიდერი, ალბათ, ნიკა კვეკვესკირი იქნება, რომლის მოსაზრებები ფეხბურთზე ჩემთვის ძალიან საინტერესოა. ახლანდელ ნაკრებში ის ერთ-ერთი პირველი ადამიანი იყო, რომელმაც ფილოსოფიურად დაინახა ზოგიერთი საკითხი, მაგალითად, სისწრაფის მნიშვნელობა ფეხბურთში. ყოველთვის მსიამოვნებს, როცა ვუსმენ, თუ როგორ საუბრობს ფეხბურთზე და, რაც კიდევ უფრო საინტერესოა, ფეხბურთის აღქმებზე. მეორე განზომილება არის საფეხბურთო განვითარების კალათა - ვინ მოახერხა ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომ მაინტერესებს, ეს როგორ შეძლო. ვიტყოდი ბუდუ ზივზივაძეს, რომელმაც ძალიან რთული გზა გაიარა როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო ფეხბურთში და დავასახელებდი გიორგი ქოჩორაშვილს, რომელმაც ფიზიკური განვითარება პირადად ჩემთვის დაუჯერებელ დონეზე აიყვანა. 

- საუბარი იმით დავიწყეთ, რომ როცა თქვენს სამეცნიერო კვლევებში ფეხბურთი შემოვიდა, მაშინ ჩვენი ფეხბურთის დონე ბევრად დაბალი იყო, ვიდრე ახლაა. თქვენ, როგორც მკვლევარს, როგორც მეცნიერს, რა მოგცათ ჩვენი ფეხბურთის ბოლო პერიოდის წარმატებამ? 

- ამაზე ფიქრი მიყვარს იმიტომ, რომ ძალიან ადვილად შემიძლია შევადარო, მაგალითად, 2015-2016 წლების დროინდელი ქართული ფეხბურთი, როცა სამაგისტრო ნაშრომზე დავიწყე მუშაობა და - დღევანდელი.  შეიძლება, შედეგებში ეს სხვაობა ყოველთვის არ აისახოს, მაგრამ ფეხბურთის მიმართ მიდგომები ძალიან შეცვლილია. ბევრი ფეხბურთელი, რომელიც ახლა ნაკრებშია და თან ევროპულ კლუბში თამაშობს, მაშინ ქართულ კლუბში თამაშობდა. კიდევ ერთხელ გავიხსენებ ბუდუ ზივზივაძეს, რომელიც ზუსტად ამ პერიოდში ბრწყინავდა სამტრედიაში. ამ კონკრეტული ფეხბურთელის რთულ გზას რომ აკვირდები, თითქოს, ჩვენი ნაკრების რთული გზის მოდელსაც ხედავ. ძველ გულშემატკივრებს ის პერიოდიც ახსოვთ, როცა ფეხბურთელები ნაკრებში სათამაშოდ არ ჩამოდიოდნენ. ეს კიდევ სხვა დონის ეროზია თუ შავი ხვრელი იყო სანაკრებო სულისკვეთებაში. 

- ახლა ლაპარაკობთ, როგორც გულშემატკივარი. მაგრამ რა მოგცათ საქართველოს ნაკრების წარმატებამ, ძველთან კონტრასტმა, როგორც მეცნიერს?

- „დინამოს“ წარმატებების შემდეგ, ქართულ ფეხბურთს ვარდნა ჰქონდა და ახლა ისევ აღმავლობა აქვს. ამ პროცესზე დაკვირვება მაძლევს იმ ინფორმაციას, რომ ფეხბურთი ქართველი ერის გენეტიკურ კოდში არსებობს. გამარჯვება ამ კოდს ბევრად მასობრივს და თვალსაჩინოს ხდის. მაგრამ მაშინაც, როდესაც ფეხბურთი არ იყო ასეთი წარმატებული, არსებობდნენ ადამიანები, თემები, საზოგადოებები სხვადასხვა ქალაქში, რომლებიც ერთგულად მიჰყვებოდნენ თავიანთ გუნდს და ნაკრებს, განურჩევლად საფეხბურთო შედეგისა. 

- ეს საქართველოში ხდებოდა? 

- დიახ, საქართველოში ხდებოდა, განსაკუთრებით, რეგიონებში. როცა წარმატება რეალურ შედეგებში ავსახეთ, მაშინდელი პატარა, მაგრამ მყარი ძაფები ახლა ფართოდ გაშლილ მხარდაჭერაში და სიხარულის მობილიზებაში გადაიზარდა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ რომელიმე გულშემატკივარი მეტია, ან ნაკლებია. ნებისმიერ გულშემატკივარს, ძველს თუ ახალს, თანაბარი ღირებულება აქვს და ეს არის ფეხბურთის მაგია. თუ იდენტობაზე ვსაუბრობთ, განურჩევლად შედეგისა, ფეხბურთი ყოველთვის არის იდენტობის ძალიან მნიშვნელოვანი ძაფი, რომელიც, ფაქტია, რომ უწყვეტია. 

 

 

„ქინქლაძეს და მის მეგობრებს, რომლებიც საქართველოდან ევროპაში გავიდნენ, არ გამოუვიდათ მთავარი - ფანჯრის გაჭრა."

 

 

- იდენტობის თემა საინტერესოა. საქართველო, ბოლო ათწლეულებში გავლილი რთული გზის შემდეგ,  ისევ იდენტობის ძებნაშია. როგორ ფიქრობთ, ეროვნულმა ნაკრებმა, რომლის მთავარი გზავნილია „მე ვარ საქართველო!“ დაასრულა იდენტობის ძებნა, ამ ეტაპზე?

- არა. ჩემი პასუხი თქვენს კითხვაზე ცალსახად არის „არა“. იდენტობა მუდმივად განვითარებადი და თან მუდმივად ცვალებადი პროცესია, განსაკუთრებით, თუ ფეხბურთზე ვლაპარაკობთ. ფეხბურთი მუდმივად ვითარდება, მაგრამ არსებობს კომპონენტები, რომლებიც „ბირთვულია“. მათ ნაციონალიზმის თეორიაში ენტონი სმიტი „ეთნიეს“ უწოდებს. შეიძლება, შეიცვალოს ერი, შეიცვალოს მისი მსოფლმხედველობა, მაგრამ ეთნიე უცვლელია. ზუსტად ეს არის ჩემი ხედვა ფეხბურთთან დაკავშირებით. ის ნიუანსები, ტექნიკები, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო „დინამოსთვის“, ახლაც გვაქვს. 

- მაგალითად? 

- ჩემთვის ბრწყინვალე ვიდეოკოლაჟი აეწყო, როდესაც ჩაკვეტაძის პასით ქოჩორაშვილმა ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი, კომბინაციური გოლი გაიტანა. მალევე მომზადდა და სოციალურ მედიაში გამოქვეყნდა ყიფიანი-გუცაევის იდენტური გათამაშების სინქრონები. შენ დღეს იმეორებ იმ კოდს, რაც ერს ჰქონდა „დინამოში“ - ტექნიკა, ბურთთან „პრანჭვა“, ანუ ბურთთან მოქცევის წესი ზუსტად ერთი და იგივეა: რომ ეფერები, ეცეკვები ბურთს. დარწმუნებული ვარ, ევროპის ჩემპიონატზე შედეგები რომ არ ყოფილიყო ასეთი სასურველი, როგორიც გვქონდა (არც ჩაგვიტარებია წამლეკავად მომგებიანი თამაშები), იმდენად შთამბეჭდავი, თავდაჯერებული და ტექნიკურია ჩვენი თამაში, რომ ყველამ დაგვიმახსოვრა. ასეთი ფეხბურთი ბუნებრივია ჩვენთვის და ეს ბუნებრიობა იმ ძირითადი ხაზიდან მოდის, რაც ჩვენს ისტორიას მოჰყვება. 

- მაშინ, გავიხედოთ წარსულისკენ: 1990 წლის 15 თებერვალს, არგუმენტირებული საჯარო დებატების შემდეგ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ოფიციალურად გამოეყო საკავშირო ფეხბურთის ფედერაციას. ეს მოხდა ერთი წლით ადრე ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე. ახლაც, როცა საქართველო ცდილობს, ევროპის ორგანული ნაწილი გახდეს, ჩვენი ფეხბურთელები უკვე არიან ევროპელი ქართველები. უბრალოდ, შეგვასწრეს ევროპაში? თუ შესაძლებლად მიგაჩნიათ, რომ ეროვნული ნაკრების და საქართველოს სახელმწიფოს გზები ამჯერად აღარ გადაიკვეთოს?

- სიტყვას „შეგვასწრეს“ მე ჩავანაცვლებდი სიტყვით „გაგვიძღვნენ“. ასე ვხედავ ფეხბურთის როლს - როგორც წინამძღოლის, რადგან მას მეტი სითამამე აქვს. თუ ამ განზომილებაში ვუყურებ ფეხბურთის როლს სახელმწიფოებრიობის სხვადასხვა ეტაპის გადალახვაში  - დამოუკიდებლობა იქნება, თუ ევროპეიზაცია - მაშინ თქვენს კითხვაზე პასუხი იქნება, რომ აცდენა არ მოხდება. შეძღოლა ნიშნავს, რომ უნდა მივყვეთ იმას, ვინც მიგვიძღვის. ეს ჩვენთვის გარდაუვალი მოვლენაა. 

- მაგრამ არის თუ არა შეძღოლა ის, რაც ახლა ხდება? 

- მე ასე ვხედავ, რადგან ისტორიამ ეს ერთხელ უკვე გვიჩვენა. სხვათა შორის, პოლიტიკური და საფეხბურთო ისტორიის ის ეპიზოდი, რომელიც თქვენ გაიხსენეთ, მეცნიერებასთან შეხებამ სულ სხვა თვალით დამანახა. გულშემატკივრების დიდი ნაწილი ემოციურად უყურებს იმ პროცესს, როცა ჩვენი ფედერაცია საკავშირო ფედერაციას გამოეყო და მერე ამ გზას ასე რომანტიკულად მთელი ქვეყანა მიჰყვა. როცა ჩავუღრმავდებით საარქივო მასალებს ან მაშინდელ დისკუსიას, კამათი მართლაც ორივე მხრიდან არგუმენტირებული იყო. არქივმა ჩემს გონებაში ემოციური მიდგომები მთლიანად დაწრიტა. მაგალითისთვის, თქვენ აღმოაჩენთ, რომ „დინამოს“ გუნდი და საფეხბურთო მენეჯმენტი არ იყო ემოციურად დამუხტული, რომ ფედერაციის დამოუკიდებლობისთვის ებრძოლა. არსებობს წერილი, რომელიც ყრილობის შემდეგ დაიწერა და რომელსაც ხელს კონკრეტული ფეხბურთელები აწერენ. ისინი ყრილობის გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან. მაშინ ერთმა კონკრეტულმა ადამიანმა, ნოდარ ახალკაცმა, რომელსაც დიდი ავტორიტეტი ჰქონდა, გარდამტეხი როლი ითამაშა, ფედერაციის გამოყოფის სასარგებლოდ. მან თავისი არგუმენტი ეროვნულ განზომილებას დააფუძნა და არა საფეხბურთო განზომილებას. დაუვიწყარი ფრაზა თქვა: „როგორც დიდი ილია ბრძანებდა, ქვეყანაზე ზოგი ისეთი საგანია, თუ არ დაინახე, ვერ ირწმუნებ; ზოგიც ისეთი, თუ არ ირწმუნე, ვერ დაინახავ. მოდით, საქართველოს კარს მომდგარი თავისუფლება დავინახოთ და ფეხბურთის საქმეც ისე მოვაწყოთ, როგორც ჩვენს ხალხს ეკადრება“. 

- მართლაც ძლიერი არგუმენტია. 

- ფეხბურთი ძალიან ძლიერი ფენომენია. ინდივიდუალურ ფეხბურთელებზე ძლიერიც კი, როგორი ავტორიტეტულებიც არ უნდა იყვნენ ეს ფეხბურთელები.

 
აქედან გამომდინარე, შეძღოლის და ჩვენი მიყოლის ნაწილში შეიძლება სასურველ ფიქრს ჰგავდეს ახლა, მაგრამ მე მგონია, რომ ბევრად უფრო მეტი თვალსაჩინოება გვაქვს ჩვენ, როგორც ერს, იმისთვის, რომ ფეხბურთი ყოველთვის არის იმ ხაზზე, რა ხაზზეც - ეროვნული იდენტობა.

 

- თქვენ ნათქვამი გაქვთ: „ხვიჩა შემთხვევით გავიტანეთ, როგორც პროდუქტი, ევროპაში”. ფეხბურთი მდიდარი სპორტია და საქართველო ღარიბი ქვეყანაა. ამიტომ, თქვენი ნათქვამის შინაარსი კარგად მესმის. როგორ მოხდა, რომ საქართველოს მსგავსი ღარიბი ქვეყნიდან ევროპულ კლუბებში ამდენი ფეხბურთელი არამარტო მოხვდა, არამედ, დამკვიდრდა?

- იმით დავიწყოთ, რომ ხვიჩამდე იყო ქართული ფეხბურთი, რომელიც ასევე იყო ევროპაში - 90-იანებში, ცოტა გვიანაც. 

- ფაქტობრივად, სულ იყო. 

- მე თუ მკითხავთ, ის ფეხბურთელები უფრო დიდ სიამოვნებას მანიჭებდნენ, ვიდრე, შეიძლება, ჩვენი თანამედროვე ფეხბურთი გვანიჭებდეს. თანამედროვე სტილს არ ვაკნინებ, მაგრამ ჩემთვის, მაგალითად, გიორგი ქინქლაძე ბევრად უფრო სანახაობრივი ფეხბურთელია, ვიდრე თანამედროვე ქართველი ფეხბურთელები. მაგრამ ქინქლაძეს და მის მეგობრებს, რომლებიც საქართველოდან ევროპაში გავიდნენ, არ გამოუვიდათ მთავარი - ფანჯრის გაჭრა. 

- რატომ? 

- მიზეზი, ალბათ, არის კომბინაცია შრომის კულტურის არარსებობისა და იმ ფიზიკური სისუსტისა, რაც აქედან მიგვქონდა. 

- გიორგი ქოჩორაშვილი ახსენეთ. ის არაერთ ინტერვიუში ყვება - ჩემზე ამბობდნენ, სუსტია და ევროპული დონის ფეხბურთს ვერ ითამაშებსო. ამას ვუმტკიცებ ჩემს თავსაც და სხვებსაც, რომ ყველა მიზნის მიღწევა შეიძლებაო. 

- ამ ახალმა ეპოქამ - გლობალიზებულმა, ღიამ - ახალი შესაძლებლობები შექმნა. საბჭოთა დროს, ჩვენი (ჩემი აზრით, მსოფლიო დონის) ფეხბურთელები ევროპულ კლუბებთან კონტრაქტებს ვერ დებდნენ და ამ ჩაკეტილობამ დასავლელი მენეჯერების ყურადღება დიდი ხნით მოადუნა ჩვენი რეგიონის მიმართ.

- ანუ დამოუკიდებელი საქართველოს ფეხბურთზეც გავრცელდა ეს უყურადღებობა?  

- დიახ. მაგ პერიოდში ზოგიერთმა ქართველმა ფეხბურთელმა მოახერხა ინდივიდუალურად ევროპულ კლუბში დამკვიდრება.  მაგალითად, კახა კალაძე დღემდე რჩება ყველაზე წარმატებულ ქართველ ფეხბურთელად, რომელიც მნიშვნელოვანი ბრენდი იყო როგორც ჩვენთვის, ასევე, „მილანისთვის“. მაგრამ ქართული ბრენდის ექსპორტიორად ფეხბურთელობის პერიოდში ვერ იქცა. 

- რატომ? 

- იმიტომ, რომ მთავარი სტილისა და სტაბილურობის ერთობლიობაა. კახა კალაძე მცველი იყო და ეს არის „მცველების წყევლა“, რომ ისინი, სტაბილური და სანდო თამაშის შემთხვევაშიც კი,  არ არიან სტილის დამკვიდრების ავანგარდში. ქართული ფეხბურთის იდეა რა არის? ტექნიკურობა, ბურთთან ყოფნა, იმპროვიზაცია, სიგიჟე, რომელსაც ვერავინ იწინასწარმეტყველებს... ფორვარდი იყო გიორგი ქინქლაძე და მან მსოფლიოს ისეთი სტილი აჩვენა, რომელიც დღესაც ახსოვთ; მაგრამ ვერ აჩვენა ამ სტილის სტაბილურობა და სანდოობა. შესაბამისად, სტილის და სტაბილურობის ერთობლიობა ვერ შედგა და ვერ გადმოიღვარა დანარჩენ ქართულ ფეხბურთზე. ხვიჩა კვარაცხელია არა უბრალოდ ლამაზი ფეხბურთელია ევროპელებისთვის, არამედ, სტაბილურად ლამაზი ფეხბურთელია. როდესაც ხვიჩა კვარაცხელიას უყურებ, შემდეგ უყურებ დანარჩენ საქართველოსაც. ძალიან მნიშვნელოვანია შრომის კულტურა, რომელიც, თუკი ერთ ფეხბურთელს აქვს, ადვილად იღვრება მის თანაგუნდელებზე. შემდეგ, ძალიან მნიშვნელოვანი ხდება გაზიარება და ამ გაზიარებისთვის თავმდაბლობა კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. ისევ გიორგი ქოჩორაშვილს ვახსენებ, რომელიც ყვება - როცა ჯაბა კანკავას პირველად შევხვდი, მინდოდა, ბევრი რამ მეკითხა და იმედგაცრუებული დავრჩი იმის გამო, რომ ჯაბამ აქეთ მკითხა რჩევებიო. ეს ორმხრივი ღიაობა და სურვილი ქმნის კომბინაციურად ქართულ ფეხბურთს, თუნდაც, ევროპელების თვალში და არა ერთი ინდივიდუალური ფეხბურთელის წარმატება. 

 

 

„უნდა ისიამოვნო იმის ამოცნობით, რა გჭირდება; იმის დაგეგმვით, თუ რა გზით წაიყვანო შენი განვითარების საფეხურები...“

 

 

- იყო თუ არა ევროპაში ჩვენი ფეხბურთელების წარმატების ფაქტორი „დინამოს“ აკადემია, რომელმაც ეს ახალგაზრდები აღზარდა?

- პირდაპირ კავშირშია. „დინამოს“ აკადემია იყო ევროპული სტილის და ევროპული ფეხბურთის კულტურის ცენტრი, რომელმაც ეს კულტურა ყველას ერთნაირად მიაწოდა. 

- კონკრეტულად, რა კულტურას გულისხმობთ? 

- შრომის, დისციპლინის, განვითარების, შენი შეცდომების მიმართ მიდგომების ფორმირების კულტურა. შეცდომები და სისუსტეები შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს. ფეხბურთის სილამაზე ეს არის, რომ ყველა მოთამაშე უკიდურესად ინდივიდუალურია. ახლა აღარ არის ის მენეჯმენტი, მაგრამ თავის დროზე, „დინამოს“ აკადემიაში ესპანური მენეჯმენტი იყო, რომელმაც, მე რამდენადაც მესმის, დაამკვიდრა გუნდის კულტურა: შენი განვითარება იმიტომ კი არ არის მნიშვნელოვანი, რომ შენ პირადად ხარ მნიშვნელოვანი, არამედ, გუნდია მთავარი და შენც მისთვის უნდა იშრომო. მე მგონია, რომ ევროპულმა აკადემიამ, რომელშიც ჩვენი ნაკრების წევრების უმრავლესობა გაიზარდა, მათ მისცა არა ერთნაირი თვისებები და ძლიერი მხარეები, არამედ, ერთნაირი გააზრება იმისა, თუ როგორ უნდა მოექცე შენს ნიჭს, შენს ნაკლს, შენს პერსპექტივებს...

- მინდა, ისევ შრომის კულტურას დავუბრუნდეთ. ნებისმიერ გადაცემაში, სადაც ვინმე ყვება ჩვენი ნაკრების ფეხბურთელების წარმატებებზე, ან თვითონ ყვებიან საკუთარი ცხოვრების შესახებ, ყველა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ წარმატების საფუძველი არის სისტემური შრომა, საკუთარი განვითარებისთვის თავდაუზოგავი მუშაობა. შესაძლებელია თუ არა, რომ ჩვენც, როგორც გულშემატკივრებს, გადმოგვედოს - ახლა თუ არა, დროთა განმავლობაში მაინც - ეს რწმენა, რომ ბევრი შრომის გარეშე წარმატება არ იქნება? ეს ხომ ჩვენი იდენტობის ერთ-ერთი სუსტი მხარეა? 

- ჩვენ ეროვნულ დონეზე გვაქვს პრობლემები იმის გააზრებასთან დაკავშირებით, თუ რამხელა ენერგია უნდა ჩადო, რომ შენთვის სასურველი შედეგი მიიღო. მეორე მხრივ, არსებობს ერთი დამატებითი ნიუანსი, რომელიც ასევე ფეხბურთელებმა გვიჩვენეს და მგონია, რომ ამასაც ვისწავლით თანდათან - სიამოვნების როლი შრომაში. გიორგი ქოჩორაშვილმა იცის ხოლმე ხშირად თქმა, რომ ყველაფერი, რასაც ყოველდღიურად აკეთებ, რისთვისაც დილით ადრე დგები, რისთვისაც იღლები, რისთვისაც სწორი კვების რეჟიმს იცავ, რა თქმა უნდა, საბოლოოდ, წარმატებას უკავშირდება. მაგრამ ამ პროცესშიც უნდა მიიღო სიამოვნება; ჯერ თვითონ შრომის პროცესით უნდა ისიამოვნო და მერე, ცხადია, შედეგითაც. უნდა ისიამოვნო იმის ამოცნობით, რა გჭირდება; იმის დაგეგმვით, თუ რა გზით წაიყვანო შენი განვითარების საფეხურები... ქოჩორაშვილი ამაზე ლაპარაკობს და სხვა ფეხბურთელებს, უბრალოდ, ეტყობათ, რომ იმავე გზას გადიან ყოველდღიურად. 

- გიორგი ჩაკვეტაძე, მაგალითად, თითქმის არაფერზე არ ლაპარაკობს და, მათ შორის, არც შრომით მიღებულ სიამოვნებაზე. მაგრამ ვიცით, რა რთული გზა გაიარა, სანამ ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელობიდან სტაბილურ და სანდო ფეხბურთელობამდე მივიდოდა.  

- დიახ. ოღონდ, ნიუანსი ისიც არის, რომ როცა ჩაკვეტაძეს კარგ ხასიათზე ხედავ - ვარჯიშის დროს, გახურების დროს - აშკარად გრძნობ, რომ თავისი რთული გზითაც კი სიამოვნებას იღებს. გიორგი ჩაკვეტაძესაც, სხვა პატარა ლიდერებსაც, ვთქვათ, ხვიჩა კვარაცხელიას და ზურიკო დავითაშვილს, ყველაფერზე ეტყობათ ეს დამოკიდებულება შრომის მიმართ. 

- „პატარა ლიდერები“ რას ნიშნავს? 

- ასაკით პატარას ვგულისხმობ. ნაკრებშიც ახალგაზრდებად ითვლებიან. დარწმუნებული ვარ, როცა ასაკი მოემატებათ, ბევრად უკეთესად აგვიხსნიან ჩვენც, მათ გულშემატკივარს, რას უშვრებიან საკუთარ ნიჭს, როგორ იყენებენ მას. შრომით სიამოვნების მიღების კომპონენტი ბევრად უფრო მიმზიდველი ჩანს ახალი თაობისთვის და ჩვენთვისაც, გულშემატკივრებისთვის, თანდათან უფრო მისაღებს გახდის შრომის იდეას და მიმზიდველობას. დარწმუნებული ვარ, დროთა განმავლობაში ძალიან ადვილადაც კი შევითვისებთ მათგან მეთოდურობას, დისციპლინას და მერე ამით სიამოვნების მიღებას. მთელ ერში შრომის კულტურის ამაზე უმტკივნეულო ტრანსფერი, ჩემი აზრით, არ არსებობს. 

- კიდევ ერთ ასპექტს მინდა, მივაქციოთ ყურადღება. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების დიდი უმრავლესობა აღიზარდა უბრალო გარემოში, რთულ დროში, როცა ბავშვის ფეხბურთზე ტარებაც კი ტვირთი იყო ოჯახებისთვის. მათი წარმატება არის თუ არა ბევრი ადამიანისთვის იმ იმედის მომცემი, რომ მისი შვილიც შეიძლება იყოს ასეთი წარმატებული; რომ თუ მათ შეძლეს, ჩვეულებრივ ოჯახებში აღზრდილებმა, ჩემი შვილიც შეძლებს, მეც შევძლებ. ზოგადად, წარმატების პერსპექტივა მოუახლოვდა თუ არა ქართულ ოჯახებს?

- დიახ, აბსოლუტურად. იმიტომაც, რომ ეს კონკრეტული ნაკრები ძალიან ახლოს არის თავის გულშემატკივართან. უბრალოდ კარგად კი არ თამაშობს და თამაშებს კი არ იგებს, არამედ, საკუთარი გულშემატკივრისგან ხელის ერთ გაწვდენაზეა. ეს შეიძლება მოიტანა ტექნოლოგიურმა განვითარებამ, „იუთუბმა“, რომელმაც ისე დააახლოვა ფეხბურთელების ისტორიები საშუალო სტატისტიკური მაყურებლების ისტორიებთან, რომ ძალიან ადვილია, შენი მომავალი მათ კარიერასთან გააიგივო. ეს მხოლოდ ფეხბურთს არ ეხება. ზოგადად, უფრო ადვილად ხედავ სცენარს - როგორ შეიძლება, საწყისი წერტილიდან რაღაც კონკრეტულ მიზანს მიაღწიო იმიტომ, რომ იცი - ვიღაცამ რაღაც ისეთი გააკეთა, რაც შენთვისაც ხელმისაწვდომია. ჩვენი ფეხბურთელები გახსნილები, ლაღები არიან თავისი ხასიათით; ინტერვიუებზე, შეხვედრებზე იმდენად ბუნებრივად გამოიყურებიან, რომ მათი ცხოვრება შენთვისაც ბუნებრივი მოცემულობა ხდება. 

- დარწმუნებული ვარ, მათ სილაღეში, მათ წარმატებაში გადამწყვეტია, რომ ევროპაში ცხოვრობენ, ევროპულად შრომობენ და ევროპამ ასწავლა მათ ბევრი რამ, რაც ძალიან მოგვწონს. გიორგი გველესიანი ყვებოდა, ვილიმ მითხრა, ცალკე რატომ ხარ, ბიჭებთან რამე პრობლემა ხომ არ გაქვსო და მე ვუხსნიდი, რომ არ მაქვს პრობლემა, უბრალოდ, ცოტა სხვანაირები არიანო. სავარაუდოდ, იმას გულისხმობდა, რომ ირანში ცხოვრება და ევროპაში ცხოვრება სხვადასხვა მიმართულებით ცვლის ადამიანების ხასიათს. 

- ევროპული ფეხბურთი, საბოლოო ჯამში, ყველაზე მიმზიდველი ფეხბურთია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ევროტურნირებზე ვითამაშოთ და ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზოს. ეს სივრცე გაახლოებს იმ კულტურასთან, რომელთანაც ისედაც ახლოს ვართ. საკუთარ თავს ევროპელებად აღვიქვამთ და ჩვენი სტილიც უფრო ევროპულია, ვიდრე რაიმე სხვა მიმართულების.  მაგალითად, ფეხბურთის ჩრდილოურ-სლავური სტილი ვერასდროს მიიღო ქართველმა მაყურებელმა. და, ასევე, რუსული კლუბები ვერასდროს მიიღო ვერც ერთმა ქართველმა ფეხბურთელმა თავისთვის ადეკვატურ სივრცედ.

- აზიურ ფეხბურთზე რას იტყვით? 

- ირანში გვყავს გველესიანი, რომელიც ახლა ჩვენი დაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღერძია. მეორე მხრივ, გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, კამბოჯაში ასპარეზობენ, ან უთამაშიათ სხვადასხვა აზიური ქვეყნის ჩემპიონატებში. არ ვიცი, მათ შესახებ რამდენმა თუნდაც გულმხურვალე გულშემატკივარმა იცის. იმიტომ, რომ ჩვენი ბუნებრივი მზერა დასავლეთისკენ არის მიმართული და კარგად გვესმის, რატომ შეიძლება მეორე ბუნდესლიგა, ანუ გერმანიის ქვედა რანგის ჩემპიონატი აირჩიოს კარგმა ქართველმა ფეხბურთელმა და არა რომელიმე ტოპ ჩემპიონატი აზიაში. 

 

 

„შენი გუნდის სიყვარული რომ მტკივნეული აღარ არის და  სასიამოვნო  გახდა - ამან გააჩინა ხალხში მადლიერება და არა ანგარიშებმა.“

 

 

- კიდევ ერთ ასპექტზე მინდა, ვილაპარაკოთ, რომელიც ჩვენს ფეხბურთელებში გვიზიდავს - ეს არის სიმამაცე. მწვანე მინდორზე დგას თერთმეტი მამაცი ფეხბურთელი, რომლებიც ხან მოიგებენ, ხან წააგებენ, მაგრამ, იმედი გვაქვს, რომ თავს არ შეირცხვენენ (ანუ ჩვენც არ შეგვარცხვენენ).  ამიტომ ხომ არ იყო, რომ როცა გერმანიიდან დაბრუნდნენ, მათ დავხვდით, როგორც დიდ ჩემპიონებს - სიხარულით და მადლიერებით. მათ შეძლეს ის, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ, როგორც ამ სახელმწიფოს შვილებს, დანაკლისი გვაქვს - გაბედეს და ღირსეული ქვეყნების პირისპირ თანასწორად დადგნენ. 

- როგორც რეგულარული გულშემატკივარი, მე ნამდვილად ვგრძნობ თავდაჯერებას. ეს განცდა ნაკრების გულშემატკივრებს წლების განმავლობაში არ გვქონია. ადრეც ასე იყო და ახლაც ასეა, რომ სიხარულით უყურებ შენს ნაკრებს, გვერდში უდგახარ, გულშემატკივრობ, რაც არ უნდა რთულ სიტუაციაში იყოს; მაგრამ იმედიანად და მყარად თავს ყოველთვის არ გრძნობ. სულ გაქვს ეჭვები, რომ ახლა ხომ არ გაგვანადგურებს ვინმე? ახლა რამეს ისეთს  ხომ არ დავთმობთ მოედანზე, რაც შეგვიძლია, არ დავთმოთ? შფოთვის ეს ნაწილი ჩემთვის უჩვეულოდ მოიხსნა ევროპის ჩემპიონატამდეც და ჩემპიონატზეც - ხარ გულშემატკივარი და თავს გრძნობ მყარად, თავდაჯერებულად, მშვიდად; არ გაქვს წინასწარი შფოთვა. ის, რასაც განიცდი, მხოლოდ მოლოდინის ღელვაა და არა ეჭვისა და შიშის ნაზავი. 

- ამიტომაც ვართ, ალბათ, მადლიერები, რომ ყველა სხვა სფეროსთან დაკავშირებით ბევრად მეტი შფოთვა გვაქვს, ვიდრე ფეხბურთთან დაკავშირებით. 

- მეტ-ნაკლები თავდაჯერება მაშინაც კი ძალაშია, როცა ნაკრებს რაიმე პრობლემა აქვს, საფეხბურთო თვალსაზრისით. იყო შემთხვევა, როცა ევრო 2024-ის შესარჩევის პლეი ოფის ნახევარფინალში ლუქსემბურგის წინააღმდეგ კვარაცხელია გამოგვეთიშა. მაშინ ვფიქრობდით: გუნდი როგორ ითამაშებს ლიდერის გარეშე? მაგრამ უცებ დავინახეთ, რომ თამაში თავის მხრებზე აიღო ბუდუ ზივზივაძემ. ბუდუს, თითქოს, არ აქვს პრეტენზია, გუნდის ლიდერი იყოს, თუმცა, როცა გუნდს დასჭირდა, ეს ფუნქცია უცებ მოირგო. ერთმანეთის დაზღვევის, ერთმანეთთან ურთიერთობის მაგალითებს ვუყურებთ. კარგი პასებიც საიდან მოდის? იქიდან, რომ გრძნობ, თანაგუნდელი სად ჩაგირბენს, რა მანძილზე და რა სისწრაფით. როგორც ფეხბურთელი გრძნობს თავის მეგობარს მინდორზე, ასე გულშემატკივარიც გრძნობ, რომ ახლა გუნდი მოედანზე გავა და ისეთ რამეს აიღებს თავის თავზე, რაც შენ საიმედოობის განცდას გაგიჩენს. ცხადია, ეს განცდა მადლიერებას ბადებს. შენი გუნდის სიყვარული რომ მტკივნეული აღარ არის და  სასიამოვნო  გახდა - ამან გააჩინა ხალხში მადლიერება და არა ანგარიშებმა. 

- ფაქტია, რომ ჩვენ ყველანი ვერთიანდებით ჩვენი გუნდის გამარჯვებაში, ყველას გვეამაყება მათი გუნდურობა, მათი ურთიერთობა მოედანზე და მოედნის მიღმა... დამარცხებაც გვაერთიანებს - დამთავრდება შეხვედრა და ყველა ერთად ვართ. მაგრამ მეორე დღეს ისევ გახლეჩილ საქართველოში ვიღვიძებთ. უკვე სხვები ვართ და არა ისინი, ვინც წუხელ ვიყავით, როცა ჩვენი ბიჭების გვერდით ვიდექით. რატომ არ მიგვყვება ეს ერთიანობა მეორე დილამდე? 

- საზოგადოებაში მწვავე დაპირისპირება არსებობს, მაგრამ ღრმად მწამს, რომ ბევრად უფრო უიმედო იქნებოდა დაპირისპირების განზომილებები, რომ არ ყოფილიყო ის საფეხბურთო გაერთიანება, გნებავთ, თამაშების დროს, ან თამაშების შემდეგ, სხვადასხვა შეკრებაზე...

- ამაზე არ მიფიქრია. ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნებულ ნაკრებს რომ დავხვდით, მაშინ, მართლაც, ვის აინტერესებდა ვინმეს პოლიტიკური შეხედულებები? 

- ეს ჰგავს ერთ თეორიას, რომელიც უნივერსალურია ნაციონალიზმის და იდენტობის კვლევებში - წარმოსახვითი საზოგადოების თეორია. ბენედიქტ ანდერსონს მივაკითხავ ამის ახსნისთვის. მათემატიკურად, ანუ გაზომვადი კრიტერიუმებით, შენ შეიძლება განსხვავებული ხარ შენი ერის წარმომადგენლისგან - ვიღაც სხვა პარტიას აძლევს ხმას, ვიღაცას განსხვავებული კანის ფერი აქვს, ვიღაც სხვა ეკლესიაში ლოცულობს და ა.შ. ამ ყველაფრის გაერთიანება ხდება იმის წარმოსახვით, რომ ჩვენ, საბოლოო ჯამში, ერთი და იმავე ერის შვილები ვართ. ფაქტია, რომ ერთიანი წარმოსახვითი საზოგადოების შექმნას, ამ ეტაპზე, ფეხბურთი ყველაზე წარმატებით ახერხებს. როცა სტადიონზე 50 000 ადამიანი იკრიბება, ზუსტად ერთი და იგივე რამ გვიხარია და ზუსტად ერთი და იგივე რამ გვწყინს. ეს ქმნის განწყობას, რომ სახელმწიფოს მარცხი ერთნაირად უნდა გვეწყინოს და სახელმწიფოს წარმატება ერთნაირად უნდა გაგვიხარდეს, განურჩევლად გაზომვადი კრიტერიუმებისა. ამისთვის ძალიან კარგი საფუძველი აქვს ფეხბურთს ჩაყრილი. მე ასე არ ვხედავ, რომ ფეხბურთზე შევიკრიბეთ, გავერთიანდით და მერე ზუსტად ისე დავიშალეთ, როგორც ფეხბურთამდე ვიყავით. 

- ანუ სხვანაირად დავიშალეთ - ამას ამბობთ? 

- დიახ, ჩვენი დაშლილობის ხარისხი ბევრად უფრო მიუახლოვდა ეროვნულ მიზნებში გაერთიანებას. შეიძლება, ფეხბურთმა ისე ვერ შეკრა საზოგადოება, რომ მოედნებს მიღმაც ერთი სხეულივით ვიმოძრაოთ, მაგრამ მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი საერთო ქოლგა გვაქვს შექმნილი. მის ქვეშ ბევრნი ვართ, სხვადასხვანაირები, მაგრამ წვიმა ერთია და დაფარვა თუ დაცულობაც ერთია. 

- დიდი მადლობა! ლიდერზე მინდა, გკითხოთ. პირველ რიგში, ალექს ფერგიუნსონი გამახსენდა, რომელსაც ნათქვამი აქვს - როცა „მანჩესტერ იუნაითედის“ რომელიმე მოთამაშე მწვრთნელზე უფრო მნიშვნელოვანი გახდება, კლუბის საქმე წასულიაო. ვილი სანიოლის ლიდერობას როგორ ხედავთ? როგორ შეძლო მან, რომ უცხოობის განცდა გაექრო ქართველ გულშემატკივარსა და მას შორის?

- ვილი სანიოლის უცხოობას თავიდან ის განაპირობებდა, რომ მის შესახებ ძალიან ცოტა რამ ვიცოდით, საფეხბურთო თვალსაზრისით. რას გააკეთებს? რა ხედვა აქვს? რა ფილოსოფია აქვს? - ეს კითხვები ყველას აღელვებდა. 

 
მაგრამ მთავარი აქ რა არის? საბოლოო ჯამში, ვილი სანიოლის მთავარი ღირსება ის არის, რომ მას არც უცდია, რომ ეს უცხოობა გაენეიტრალებინა, ქართველი გულშემატკივრისთვის რაიმე საგანგებოდ დაემტკიცებინა... არ უცდია, იქიდან გამომდინარე, რომ - თვალსაჩინოება არის ის, რომ - ისეთ სარისკო გადაწყვეტილებებს იღებს, რისიც თავად სწამს, მაგრამ ჩვენთვის, აუთსაიდერებისთვის - ასე ვთქვათ, გარე დამკვირვებლებისთვის - ხშირად აუხსნელია ხოლმე: მე ვგრძნობ, რომ ის უფრო მეტად საკუთარ პროფესიონალიზმს და კონკრეტულად, გუნდს ენდობა, ვიდრე, მაგალითისთვის, ზოგად ეროვნულ ატმოსფეროს.

მე მგონია, რომ ეს საკმაოდ წარმატებული სტრატეგია იყო - მერე ჩვენც ისე ვენდეთ მას, როგორც თვითონ ენდო თავის პროფესიონალიზმს და თავის გუნდს. კითხვაზე - რა გააკეთა მან იმისთვის, გაუცხოება შეემცირებინა, ჩემი პასუხია - არაფერი. სწორედ ამან უზრუნველყო ორმხრივი ნდობა და სიყვარული. 

- გუნდის ლიდერის ამპლუაში ხვიჩა კვარაცხელია დაასახელეთ. თუმცა, როცა ლიდერზე ვლაპარაკობთ, გუნდის კაპიტანი გურამ კაშია რომ არ ვახსენოთ, შეუძლებელია. ფეხბურთელები ბევრ რამეს გურამისგან სწავლობენ. დღევანდელ ნაკრებში სხვადასხვა კუთხით სხვადასხვა ადამიანია სამაგალითო, მაგრამ გურამ კაშიას როლს როგორ ხედავთ?  

- გუნდში ლიდერობას ორნაირად ვხედავ - საფეხბურთო განზომილებაში და ძლიერი ფსიქოლოგიური ატმოსფეროს შექმნის განზომილებაში. გურამ კაშია ბრწყინვალე ფეხბურთელია თავის პოზიციაზე, მაგრამ საფეხბურთო კრიტერიუმების მიღმა, კიდევ სხვა დონეზეა -  საკუთარი თავის და გუნდის მობილიზების თვალსაზრისით, ერთიანი სულისკვეთების შექმნის და შენარჩუნების თვალსაზრისით. გურამ კაშია არის ჩვენი ყველაზე დიდი იღბალი იმიტომ, რომ კრიზისული მომენტებიც გამოუცდია გუნდში და ამხელა გამარჯვებებიც - რომელთა მონაწილე და შემქმნელი თავადაც იყო, ბოლო პერიოდში. ჩვენი წარუმატებლობის გადათარგმნა ჩვენს წარმატებაში არ არის ადვილი ფსიქოლოგიური პროცესი და გურამ კაშიამ ეს საუკეთესოდ შეძლო. ამიტომ, ჩემი მადლიერება მასაც. 

 

 

„დარწმუნებული ვარ, რომ მიდგომები მოედანზე აუცილებლად აირეკლება მიდგომებზე ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, ჩვენს ქცევებზე.“

 

 

- ხვიჩა კვარაცხელიაზე რას ფიქრობთ?

- როცა ლიდერის რანგში კვარაცხელიას ვახსენებ, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ყველაზე წარმატებული ფეხბურთელია. ბევრი კომპონენტია, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას გარშემო შემოკრებს ჩვენს გუნდსაც და მოწინააღმდეგის გუნდსაც. მოწინააღმდეგე უყურებს მას, როგორც პირველ ლიდერს და თამაშს მასზე აგებს. თუმცა, ჩვენი მთავარი სიმდიდრე ის არის, რომ გუნდის სხვა წევრებიც, თამაშის ხარისხით, მიახლოებულები არიან ხვიჩა კვარაცხელიასთან, როგორც საფეხბურთო ლიდერთან. ამ ფაქტორს ცივი შხაპის ეფექტი ჰქონდა ბევრი ისეთი ნაკრებისთვის, რომელსაც, წესით, თავდაჯერებულად უნდა მოეგო ჩვენთვის, მაგრამ მაინცდამაინც დიდი თავდაჯერება ვერ აჩვენეს. 

- ანუ ხვიჩას დომინანტობა არ იყო ისეთი მკვეთრი, როგორიც მათ ეგონათ?  

- დიახ, ამას ვამბობ. აბსოლუტურად ყველა ფეხბურთელი, ვინც დღეს ჩვენს ნაკრებში თამაშობს, გამორჩეულია თავისი საკლუბო კარიერით. მთავარი, რაც მათ ახლა სჭირდებათ, ის არის, რომ მათი კლუბური სათამაშო სივრცე ერთი ნაბიჯით ამაღლდეს. როგორც კი მათთვის სხვა დონის კლუბები გაიხსნება, დარწმუნებული ვარ, ასევე თანაბრად აწევენ ქართული ფეხბურთის საერთო დონეს და ლიდერობა კიდევ უფრო გათანაბრდება. 

- ფეხბურთის მიღმაც მივედით იმ ეტაპზე, როცა სულ უფრო მეტი ადამიანი ამბობს, რომ ერთი ლიდერის ეპოქა ამოიწურა; გვჭირდება ძალაუფლებისა და პასუხისმგებლობის გადანაწილება, თანამშრომლობითი პოლიტიკა და კოალიციური მთავრობა. შესაძლებლად მიგაჩნიათ თუ არა, რომ ჩვენი გუნდის მრავალფეროვნება როგორღაც ჩვენს რეალობაზეც აისახოს?

- დიახ, ეს განწყობა არის. ხშირად ვამბობ, რომ ფეხბურთი თითქმის ყველა ქვეყანაში საზოგადოების მცირე მოდელია. 

- თქვენ ამბობდით, ფეხბურთია ერთ-ერთი მთავარი ორიენტირი, რომელზეც საზოგადოება გაასწორებს ღირებულებებსო. ამ კითხვით შევაჯამოთ ჩვენი საუბარი - რა არის მთავარი ღირებულებები, რომლებიც ჩვენ, როგორც საზოგადოებას, ფოკუსს ფეხბურთზე გაგვასწორებინებს? 

- სამ ფაქტორს დავასახელებ ჩვენი საუბრის შეჯამებისთვის. პირველია შრომისადმი სწორი მიდგომა და ამ თემას აღარ დავუბრუნდები. მეორეა გუნდი და გუნდური მუშაობა. ეს ნიშნავს, იგრძნო, სხვა რას აკეთებს იმ წამს, რა უნდა და რა შეუძლია. დარწმუნებული ვარ, რომ მიდგომები მოედანზე აუცილებლად აირეკლება მიდგომებზე ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, ჩვენს ქცევებზე. თანაგუნდელის თავმდაბლურად დანახვა, მისი პოზიციის გათვალისწინება და ეგოიზმის უკან გადაწევა - ეს არის, რაც თანამედროვე ფორმაციის ქართულ ნაკრებს ყველაზე მეტად ეხმარება. თუნდაც, ის ფაქტი, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაცვლად“, ჟორჟი გახდა ევროპის ჩემპიონატის თანაბომბარდირი, მიუთითებს, რომ ფეხბურთი გუნდმა ითამაშა. ასეთი დამოკიდებულება საქმის და ერთმანეთის მიმართ, ბევრად მეტ წარმატებას მოუტანს ჩვენს ქვეყანასაც. მესამე ფაქტორზე ლაპარაკს დავიწყებ ჩვენი საფეხბურთო ფრაზით: „მე ვარ საქართველო!“. გუნდურობა ერთია, მაგრამ იმ გუნდში რომ შენ ხარ და შენი მნიშვნელობის დაკნინება რომ არ მოხდება, რადგან გუნდი ხედავს ინდივიდს - აი, ეს არის მნიშვნელოვანი. ჩამოთვლილი სამი ფაქტორი უნდა აირეკლოს ჩვენს ყოფაზე. 

- ერთი ფაქტორი დამაკლდა და მინდა, ამაზეც ვილაპარაკოთ. ეს არის ხალისი - რომელიც ჩვენ საერთოდ არ გვაქვს და დიდი დოზით აქვთ ჩვენს ფეხბურთელებს. გიორგი გველესიანი ამბობდა: ესენი არიან ჭინკები, სულ თამაშობენ და ერთობიანო. გიორგი მამარდაშვილიც ამბობდა, ვარჯიშის დროს ზურიკოს და ხვიჩას კარში არ ვუდგები, სულ ცენტრში მირტყამენ და ნერვებს მიშლიანო. ბევრი ეპიზოდი გვინახავს, როგორი ხალისიანი ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან, როგორ უხარიათ ერთად ყოფნა. მინდა, რომ ხალისიც იყოს ის, რასაც ჩვენი ბიჭებისგან ვისწავლით, რადგან, ამის გარეშე, მარილი აკლია ცხოვრებას.

- ჩამონათვალში ეს ფაქტორი, უბრალოდ, გამომრჩა. სიმსუბუქე და სილაღე საქმესაც უფრო ადვილად აკეთებინებთ; იმ საქმეს, რომელიც, სინამდვილეში, ძალიან რთულია. რატომაც არა, შევითვისოთ ხალისიც და ვნახოთ, რა გამოგვივა. 

- დიდი მადლობა უაღრესად საინტერესო და, მე ვიტყოდი, საპასუხისმგებლო საუბრისთვის. ინტერვიუს დავასრულებთ თქვენი კომენტარით ცნობილი ადამიანების ორ გამონათქვამზე. პირველი ციტატის ავტორია გერმანელი რეჟისორი და დრამატურგი ბერტოლდ ბრეხტი (1898-1956): „უბედურია ქვეყანა, რომელსაც გმირები სჭირდება.“ 

- ხშირად მსმენია, რომ თუკი ომში გმირები დაგვჭირდა, ესე იგი, ომი სწორად ვერ წარიმართა. ამას ზოგჯერ შინდისის გმირებზე საუბრისას ამბობენ ხოლმე. ის, რომ გმირები არსებობენ, ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია; მაგრამ ის, რომ გმირებს უწევთ გმირობა, ბრეხტის ნათქვამს ამართლებს. გმირობას მძიმე, აგრესიული ომის განზომილებიდან ფეხბურთზე თუ გადმოვიტანთ, შეიძლება, იმას ეხმიანებოდეს, რაც ლიდერობის ფენომენზე ვისაუბრეთ. მე, მაგალითად, არასდროს ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ჩვენი ფეხბურთელები, რომლებმაც ნაკრებისთვის რაღაც მნიშვნელოვანი გააკეთეს, გმირები არიან. ისინი არიან საკუთარი საქმის პროფესიონალები, რასაც, ჩემი რწმენით, ჰეროიზაცია და მისტიფიკაცია კი არ სჭირდება, არამედ, სჭირდება დაფასება. თითოეული გულშემატკივარი უნდა იდგეს ბოლო წუთამდე, სანამ ყველა ფეხბურთელი მოედნიდან არ გავა და ტაშს უკრავდეს მათ - ეს არის დაფასება. როგორ გადავიდეთ გმირობიდან პროფესიონალიზმზე - ამ ფორმულას ყველაზე მკაფიოდ ფეხბურთი გვაძლევს. 

- მეორე ციტატის ავტორია ფრანგი ფილოსოფოსი მიშელ დე მონტენი (1533-1592): “კეთილგონიერებასაც აქვს უკიდურესობები და მასაც ისევე სჭირდება ზომიერება, როგორც თავქარიანობას.” 

- ჩემს თავს მივცემ ფუფუნებას, რომ ეს ფრაზაც ფეხბურთზე დავიყვანო. ფეხბურთელებს რაც აქცევს აღტაცების ობიექტად, ხშირად არის ერთგვარი სითავხედე, თავისი პოზიტიური გაგებით - როცა არ გეშინია კრიშტიანუ რონალდუსთან თამაშის...

- ლუკა ლოჩოშვილის ფოტო გამახსენდა, რა ჟესტით უპასუხა რონალდუს მორიგ პროტესტს. 

- ეს იყო ობიექტური რეაქცია, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, გიყვარს თუ არ გიყვარს კრიშტიანუ რონალდუ, აუცილებლად იცი, რა დონის საფეხბურთო კერპთან გაქვს საქმე. 

- იმის თქმა გინდათ, რომ ეს იყო თავხედური კომენტარი ლოჩოშვილის მხრიდან?

- დიახ, ეს გაზღვევს, რომ კეთილგონიერებამ ავტორიტეტების მიმართ მოკრძალებაში და ზედმეტ დათმობებში არ „შეგითრიოს“. მინდა, მონტენის ფრაზაში „ცოტა სიგიჟის“ პოზიტიური აღქმა დავინახო. თუ ამას ქვეყანაზე გადმოვთარგმნით, რატომაც არა?! აქაც ბალანსია საჭირო, რომ თავქარიანობა უგუნურებაში არ გადაგვეზარდოს, მაგრამ კეთილგონიერებამ ისეთ შეზღუდვებთან არ შეგვაჩეროს, რომელთა გადალახვა აუცილებელია ჩვენი სახელმწიფოს განვითარებისთვის. 
 

ფოტომასალა: ირაკლი გედენიძე

გუნდი

ირაკლი გედენიძე

ზურაბ ქურციკიძე

გიო კუსიანი

გიორგი ურუშაძე

თამთა ყუბანეიშვილი

ნანა ყურაშვილი

ინგა ქორიძე