ინტერვიუს შესახებ
ყოველთვის აღტაცებული ვარ ადამიანით, რომელსაც თავისი საქმე ისე უყვარს, რომ გელაპარაკება ამ საქმეზე და გრძნობ, როგორ გადმოდის შენზე მუხტი - თუნდაც, იმ საქმის ბევრი არაფერი გესმოდეს. ასეთი ადამიანების გვერდით ხშირად არა, მაგრამ ნამდვილად ვყოფილვარ. ნინოც ასეთია და ჩემთვის უპრეცედენტო არაფერი იქნებოდა, რომ არა მისი პროფესია. ნინო ასირიოლოგია და როდესაც ძველ შუამდინარეთზე ლაპარაკობს, საკუთარ თავს ნამდვილად იქ გრძნობს, იქაურობის შინაურია.
ვუსმენ და მიკვირს - ასეთი იდეალიზმი საიდან გამოიყოლა ადამიანმა ჩვენს პრაგმატულ დროში? სად იპოვა საკმარისი ძალა და რესურსი? არ მაქვს პასუხი კითხვაზე - რა უფრო მეტად მაოცებს: ნინოს პროფესიონალიზმი, თუ მისი ადამიანური ბუნება. მხოლოდ ის ვიცი, როგორი პატივია ჩემთვის ეს შესაძლებლობა, რომ ნინო სამსონია ჩემებურად გავაცნო მკითხველ საზოგადოებას.
ია ანთაძე
- ნინო, ვისზე შეგიძლიათ თქვათ, რომ მან ნამდვილად შეცვალა თქვენი ცხოვრება?
- უნივერსიტეტში მყავდა მასწავლებელი, რომელიც, როგორც კი გავიცანი, მივხვდი, რომ მასთან უნდა ვიყო. აკადემიკოს გრიგოლ გიორგაძეზე ვლაპარაკობ, რომელიც 2005 წელს გარდაიცვალა. ის იყო საერთაშორისო მნიშვნელობის მეცნიერი, წარმოშობით გერმანელი, რომელიც დეიდის ქმრის გვარს ატარებდა. თავიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე ჩავაბარე, მაგრამ პირველი კურსიდან გადამიყვანეს აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე, სადაც ასირიოლოგიის კათედრა ახალი გახსნილი იყო. იმ ცუდ დროში, ასირიოლოგია და ლურსმული დამწერლობა მეტისმეტად შორს ჩანდა რეალობისგან. იქ გამაცნეს გრიგოლ გიორგაძე და დავრჩით ერთად. მან ნამდვილად შეცვალა ჩემი ცხოვრება. მთელ მსოფლიოში ასირიოლოგიის დარგი ელიტარულია და რაიმე ფინანსური პერსპექტივა ამ დარგში დღესაც არ არის. კარლ გუსტავ იუნგის სიტყვებია - მდიდარი ოჯახიდან რომ ვყოფილიყავი, ასირიოლოგი ვიქნებოდიო. მაგრამ ამ სფეროში ისეთ სიღრმეს ეხები, რომ რჩები, ვერსად ვეღარ მიდიხარ.
- საქმის მიღმა, ვინმეზე თუ იტყოდით, რომ თქვენი ცხოვრება შეცვალა?
- პირად ცხოვრებაში მაინც ჩემს თავს მივყვები ხოლმე. გილგამეშის დედის, ნინსუნის ლოცვაა - მზეს ეუბნება, როცა გილგამეში საბრძოლველად მიდის: შენ აღძარი ჩემი შვილიო. თითოეული ბიძგი, რომელიც ადამიანში ხდება, ღმერთის უხილავი შეხების შედეგია. ჩემშიც ნებისმიერი ბიძგი „თავისით“ ხდება. ამიტომ ვერ ვიტყვი, ვინ არის ადამიანი, რომელმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა.
- ნათქვამი გაქვთ, რომ გინდოდათ, მხატვარი ყოფილიყავით, მაგრამ მამამ გადაგაფიქრებინათ. როგორ ფიქრობთ, რა არის მშობლის მთავარი ვალდებულება, შვილების წინაშე?
- ისეთი მადლობელი ვარ მამის, სწორედ იმიტომ, რომ გადამაფიქრებინა, თანაც, ისე, რომ არაფერი უთქვამს... ამასაც გეტყვით, როგორ გადამაფიქრებინა. მთელი გულით მინდოდა, რომ მხატვარი ვყოფილიყავი და ჯერ კიდევ სკოლაში ვსწავლობდი, მეშვიდე თუ მერვე კლასში, როცა მამია ახობაძის სამხატვრო სტუდიაში დავიწყე სიარული. ეს სტუდია დღესაც არსებობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვენში. მამია ახობაძემ მოლბერტიც მაჩუქა. რაღაც გამომდიოდა, ფერსაც ვგრძნობდი, მაგრამ მამამ „მფრინავი მღებავი“ დამარქვა. ერთხელ დედაჩემს უთხრა - არ აქვს ის ნიჭი, რაც მხატვრობას სჭირდებაო. ყველასთვის ცნობილია, რომ ჩვენი სფერო - ასირიოლოგია - სწავლობს შუამდინარეთს, რომელიც დამწერლობის შემოქმედი და სახვითი ხელოვნების სამშობლოა. სახვითი ხელოვნების უძველესი ნიმუშები იქ ძველი წელთაღრიცხვის III ათასწლეულში გვხვდება. როგორც ასირიოლოგმა, დავიწყე ძველი ხელოვნების შესწავლა. საერთოდ, სილამაზე როგორ ჩნდება? შუამდინარეთში ადამიანი ქმნის თავის პირად ნივთს, საბეჭდავს, როგორც პირად იდენტიფიკაციას, რომ ამის მეშვეობით ნიშანი დასვას თიხაზე - „ხელი მოაწეროს“. ეს იგივეა, რაც დღეს ბეჭედი და, აი, აქ დებს თავის თავს. საკუთარ თავს უძღვნის ღმერთს და სულს და გულს დებს ამ საბეჭდავში. შესაბამისად, იწყებს მის მოპირკეთებას, გალამაზებას... ასე შეიქმნა სახვითი ხელოვნება - იკონოგრაფიის უძველესი ნიმუშები. შემდეგ იკონოგრაფია თანდათან დაიხვეწა და გაჩნდა სილამაზე. ამას ვინმე ოსტატი კი არ აკეთებს, ამას აკეთებს ხალხი, თითოეული ადამიანი. სახალხო ნიმუშებით ადამიანი ცოცხლდება და ეწყობა სახვითი ხელოვნების ჩასახვისა და განვითარების ექვსი ეტაპი.
- თქვენს თავთან როგორ აკავშირებთ ამ ამბავს?
- შუამდინარული ხელოვნება შევისწავლე, რადგან ყოველთვის ხატვა მინდოდა და მაინც აქეთ გამიწია გულმა. რაც უფრო ახლოს მიდიხარ, ხედავ, იქ რამხელა ნიჭია. მაშინდელი ხელოვნების ძალიან ბევრი გამოძახილია თანამედროვე მხატვრობაში. ხელოვნების დიდი მდინარე შუამდინარეთში იღებს სათავეს. ამას წინათ თბილისში გიორგი ხანიაშვილის ქანდაკება დადგეს, რომელმაც კამათი გამოიწვია. მე მომეწონა, რადგან ხელოვნების იმ დიდ მდინარეშია შესული, რომელიც ვახსენე. იმიტომ კი არა, რომ ძველს ჰგავს, არამედ იმიტომ, რომ ნამდვილი ხელოვანია, ღრმად შევიდა მდინარეში და გადააწყდა რაღაცას სათავესთან. მე კი შესაბამისი ნიჭი ნამდვილად არ მქონდა, იმ მდინარეს ვერაფერს შევმატებდი.
- ხელოვნების სამშობლოს - ქალაქ ურის ხელოვნება შეისწავლეთ და ამის შემდეგ დარწმუნდით, რომ ხატვის ნიჭი არ გქონდათ?
- ურში კიდევ უკეთ დავინახე, რა არის სახვითი ხელოვნება. იმდენად, რომ ფუნჯი ხელში აღარ ამიღია. ეს არის ნიჭი და საკუთარი თავის მთლიანად ჩადება. ფაქტობრივად, სალაპარაკო ენაა. სახვითი ხელოვნება შუამდინარეთში იბადება, როგორც სალაპარაკო ენა - ისევე, როგორც დამწერლობა. მხატვრობის, როგორც სალაპარაკო ენის, შექმნა დიდ შემოქმედს გულისხმობს. პიკასოს, მაგალითად, რამდენიმე ენა აქვს შექმნილი, ისეთი გენიოსია. შენი სათქმელი რომ თქვა და შენი სალაპარაკო ენა შექმნა, ჭეშმარიტი შემოქმედი უნდა იყო. ჩემში ეს ნიჭი არ არის. ამიტომ, კმაყოფილი ვარ, რომ ამ გზას ავცდი. ახლა ზუსტად ვიცი, რომ სტუდენტებს ვასწავლი და იქ რას ვიზამდი?!
- ახლა რას ელოდებით თქვენი თავისგან?
- არ ვიცი, რას ველოდები. იმიტომ, რომ არ ვიცი, როდის „შემეხება“ ღმერთი და რას აღძრავს ჩემში. მინდა, რომ რაც მისწავლია, ჩემს ქვეყანას გამოადგეს; მინდა, შუამდინარულ-ქართველოლოგიური ძიებანი დავტოვო; კიდევ ის მინდა, რომ მიხაკო წერეთლის ნაშრომების სრული კრებული გამოვცე, რაც უკვე დალაგებული გვაქვს ათ ტომად. ამას ისე ვუყურებ, როგორც ჩემს მისიას. ბევრ სირთულეს და დაბრკოლებას ვაწყდებით, რაც საბჭოთა პერიოდიდან იღებს სათავეს, თუმცა, ვიცი, რომ ყველაფრის მიუხედავად, ამ წიგნების გამოცემას შევძლებთ. მანამდე სულ სამი გვერდი არსებობდა - მიხაკო წერეთლის ბიბლიოგრაფია, შედგენილი კალისტრატე სალიას მიერ. დღეს სამი გვერდი 150 გვერდამდე ავიყვანეთ, რაც მთელი მსოფლიოს არქივებში ოთხ ევროპულ ენაზე გაბნეული მასალაა. ეს ათი ტომი ჩვენი მეცნიერების ნამდვილი საგანძურია, დიდი შრომა გვაქვს ჩადებული. ჩემი მასწავლებლის - გრიგოლ გიორგაძის - ძალიან დიდი სურვილიც იყო მიხაკო წერეთლის მემკვიდრეობის საქართველოში გამოცემა.
“არავინ იცის, ვისშია გმირი.”
- როდესაც საჯარო გამოსვლისას ამბობთ სიტყვას “ჩვენთან” - ამ სიტყვაში არ გულისხმობთ არც ოჯახს, არც ქვეყანას. რაც არ უნდა საოცარი იყოს, ამ სიტყვაში გულისხმობთ თქვენი პროფესიით განსაზღვრულ დროსა და სივრცეს - შუამდინარეთს. რა ნიშნით აკუთვნებთ საკუთარ თავს იმ სამყაროს, რომელიც რამდენიმე ათასი წლის წინ არსებობდა?
- „ჩვენთან“ ვამბობ იმიტომ, რომ ამით „მოვაშინაურო“ მსმენელი, მკითხველი თუ მაყურებელი. ძალიან რთული დარგია. როცა ვამბობ „ჩვენთან“, შუამდინარეთს ვგულისხმობ, მაგრამ იმ სამყაროს ჩვენს სამშობლოსთანაც ძალიან დიდი კავშირი აქვს. „ჩვენთან ასეა“, ვამბობ ხოლმე და ვგულისხმობ - „იქ ასე იყო“. დავაზუსტებ, რომ „იქ, ჩვენთან“, ევფრატზე, შეიქმნა კაცობრიობის პირველი კულტურა, რომელიც ძველი აღმოსავლეთის, წინა აზიისა და დღევანდელი ცივილიზაციების კულტურის საწყისია. „ჩვენთან“ რომ ვამბობ, ალბათ, რაღაც გენეტიკურ ახლობლობასაც ვგრძნობ. არსებობს მოსაზრება, რომ იყო დიდი ეთნოსი, ხალხი, რომელსაც მოსწყდნენ ისინი, ვისაც დღეს შუმერებს ვეძახით. ეს ხალხი განსახლებული უნდა ყოფილიყო მცირე აზიაში და ჩრდილოეთ შუამდინარეთში. ეს სივრცე კავკასიასაც მოიცავდა. ძველი წელთაღრიცხვის VI-V ათასწლეულამდე ამბავს გეუბნებით. ამ ხალხისგან მოწყვეტილი ნაწილი სამხრეთ შუამდინარეთში - „ჩვენთან“ დასახლდა, მაგრამ ნაწილი, შეიძლება, კავკასიისკენ წამოვიდა. უბრალოდ, უზარმაზარი კულტურა იქ, შუამდინარეთში, შეიქმნა. იქიდან იღებს სათავეს ხელოვნებაც, დამწერლობაც, ლიტერატურაც.
- მე აკადემიური განათლებით ფილოლოგი ვარ და მინდა, ჩვენი საუბარი გავაგრძელოთ კაცობრიობის პირველი ეპოსით - “გილგამეშიანით”. ეს ნაწარმოები იმდენადვე ძველია, რამდენადაც - თანამედროვე. ქართველებისთვის კი ის ნაწარმოები, რომელიც ერთდროულად ძველი და თანამედროვეა - არის “ვეფხისტყაოსანი”, რომელშიც ბევრ საერთოს ვხედავ “გილგამეშიანის” მთავარ მოტივებთან. შეგვიძლია თუ არა, ერთად ვცადოთ, ეს მოტივები აღმოვაჩინოთ და დღევანდელი მომენტისთვის სასარგებლო ინფორმაციად გარდავქმნათ ჩვენი მკითხველებისთვის?
- დიახ, თანახმა ვარ, ვცადოთ.
- საერთოდ, ძველ დროში მხატვრული ნაწარმოები იქმნება მაშინ, როდესაც უნდა აღიწეროს, მოწესრიგებულ სამყაროში როგორ შეიჭრა ქაოსი და უწესრიგობა. ნაწარმოების მიზანია, გმირების ძალისხმევით ეს ქაოსი განიდევნოს და წესრიგი აღდგეს. როგორც წესი, ცენტრში პერიფერიიდან შეიჭრება ხოლმე რაღაც უცხო ელემენტი, როგორც არაბეთის მშვიდ, კეთილდღეობით ყოფაში შეიჭრა “უცხო მოყმე” და მოსვენება დაუკარგა ქვეყნის მმართველებს. რა მოხდა გილგამეშის ეპოსში? ვინ იყო ის “უცხო მოყმე”, რომელიც შუმერული ქალაქის - ურუქის ყოველდღიურ მოწესრიგებულ ყოფაში პერიფერიიდან შეიჭრა?
- თქვენი კითხვის პასუხად, ალბათ, გილგამეშისა და ენქიდუს შეხვედრას უნდა მივადგეთ. მაგრამ თავიდან გილგამეშის ეპოსზე ვიტყვი. ეს ნაწარმოები კაცობრიობის პირველი ეპოსიც არის და ურუქის ლიტერატურული ტრადიციის გვირგვინიც. აქვე განვმარტავ, რომ აქადურში სიტყვა “ეპოსი” არ არსებობს, თუმცა, ნაწარმოებს ზუსტად ეპოსის სტრუქტურა აქვს. ქართულ ენაზე მისი სათაურია “გილგამეშიანი”, რაც მისი პირველი მთარგმნელის, მიხაკო წერეთლის, ზუსტი მიგნებაა - ანუ ყველაფერი (ციკლი) გილგამეშის შესახებ. გილგამეშის ეპოსამდე ურუქში ათი საუკუნის ლიტერატურული ტრადიცია არსებობდა და ბევრი იდეა სწორედ ძველი ტრადიციიდან მოდის. თუმცა, “გილგამეშიანის” ახალი სათქმელი სიკვდილ-სიცოცხლის შესახებ ძალიან ღრმა ცოდნაა. გილგამეში შუამდინარული ქალაქის, ურუქის მეფეა, მაგრამ სწორედ ქალაქის გარე სივრციდან ურუქში ნახევრად ველური ენქიდუს შემოჭრით ხდება გილგამეში კაცი-მეცნიერი, შემმეცნებელი კაცი. შეიძლება ითქვას, რომ იგი მსოფლიო ისტორიაში პირველი მეცნიერია. არადა, გილგამეში ენქიდუს შემოჭრამდე, უბრალოდ, ქაოსური, განუსაზღვრელი ძალის პატრონია. ენქიდუ მის ძალას დააბალანსებს და სამყაროს წესრიგში ჩააყენებს. სწორედ ამისთვის შექმნეს ენქიდუ ღმერთებმა. გილგამეში და ენქიდუ ერთად ჩაიდენენ ორ გმირობას, მაგრამ ამის შემდეგ ენქიდუს ისევ გამოაცლიან ღმერთები გილგამეშს და მხოლოდ ენქიდუს სიკვდილის შემდეგ, როდესაც ისევ მარტო რჩება, გილგამეში ხდება მეცნიერი, სიბრძნის მფლობელი.
- ცენტრში აუცილებლად პერიფერიიდან უნდა შემოვიდეს ქაოსი და ენქიდუც ასევე მოდის ურუქში უდაბნოდან, პერიფერიიდან.
- დიახ, ენქიდუ ბუნებიდან შემოდის კულტურაში. მაგრამ მხოლოდ პერიფერიიდან კი არ მოდის, არამედ, ურუქში მოსვლამდე, ლამის წინა დღეს, ის ჯერ კიდევ მხეც-კაცია, ფაქტობრივად, ველური. და როცა მეფე ხარ, ვინ შეიძლება იყოს შენი ტოლი და სწორი? ისინი ერთმანეთს ქალაქის მოედანზე შერკინებით ამოწმებენ. ეს არ არის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა, ეს არის პაექრობის იდეა, რომელიც შემდეგ სპორტს დაედო საფუძვლად. გილგამეშმა სძლია ენქიდუს იმიტომ, რომ მასში ორი წილი ღმერთია და ერთი წილი - ადამიანი.
- მაგრამ უდაბნოდან მოსულ ენქიდუში მან თავისი სწორი დაინახა.
- დიახ, და ვინ შეიძლება იყოს შენი სწორი? ვინ შეიძლება იყოს გმირი? ეს კითხვა დღესაც მნიშვნელოვანია. არავინ იცის, ვისშია გმირი. გილგამეშის ეპოსში სოციალური საკითხი საერთოდ არ დგას - იძმო ძლიერი, ნიჭიერი და სხვა არაფერი აინტერესებს, გარდა ჭეშმარიტი ღირებულებებისა.
- მინდა, შეხვედრას დავუბრუნდეთ. ქაოსის აღმოფხვრისთვის აუცილებელია შეხვედრა, რომელიც გმირების ცხოვრებას მთლიანად შეცვლის. “ვეფხისტყაოსანში” ასეთია ავთანდილისა და ტარიელის შეხვედრა, რასაც მოჰყვება მათი სამაგალითო მეგობრობა და ერთობლივი ბრძოლა ქაოსის წინააღმდეგ. ტარიელი ვინ იყო ავთანდილისთვის, ან როსტევანისთვის? - ვეფხის ტყავში გახვეული მოყმე, რომელიც წყლის პირას იჯდა და ტიროდა. მაგრამ ავთანდილმა და თინათინმა დაინახეს, რომ ეს ვიღაც, ვინც სოციალურად მათ არანაირად არ შეესაბამება, სინამდვილეში, არის მზე, რომელიც უნდა გადაარჩინონ, რათა თვითონაც გადარჩნენ. რას აძლევს გილგამეშს, ურუქის მეფეს, ენქიდუსთან მეგობრობა და რას აძლევს ენქიდუს, გუშინდელ ველურს, გილგამეშთან მეგობრობა?
- დავიწყებ იმით, რომ ქართველებს გვაქვს უნიკალური შემთხვევა, რომ ერთმა ადამიანმა - მიხაკო წერეთელმა - თარგმნა “გილგამეშიანი” ქართულად, ხოლო “ვეფხისტყაოსანი” - გერმანულად. მისივე დადგენილია “ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის ქართული ორიგინალი, საიდანაც თავისი გერმანული თარგმანი შეასრულა. იგი ბრწყინვალე მცოდნეა “ვეფხისტყაოსნის” და ამ პოემას გილგამეშის ეპოსის პირდაპირ მემკვიდრედ მიიჩნევს. ეს დასაბუთებული აქვს თავის კვლევაში, რომელიც საყოველთაოდ ხელმისაწვდომია. ენქიდუსთვის რა შეცვალა გილგამეშთან შეხვედრამ? გილგამეშთან ურუქში შეხვედრამდე ენქიდუს უდაბნოშივე ჰქონდა სხვა შეხვედრა, რომელმაც ის ველურიდან ადამიანად აქცია, განაკაცა. ეს იყო შეხვედრა საღვთო როსკიპთან - შამხათთან. ისინი შვიდ ღამეს და ექვს დღეს ყვარობდნენ ერთმანეთს და როდესაც გრძნობა შევიდა ენქიდუში, მან დაკარგა თავისი ველური ბუნება, განკაცდა.
- ანუ ენქიდუსთვის პირველი შეხვედრა ცივილიზაციასთან არის შამხათთან, ქალთან შეხვედრა.
- დიახ, ქალისგან მასში გრძნობა შედის და ენქიდუ სწორედ ამ გრძნობის ძალით გამოდის ველური სამყაროდან, ტოვებს მას. შამხათი ეტყვის: „მშვენიერი ხარ ენქიდუ, მსგავსი ღმერთისა!.. წამო, წაგიყვან გალავნიან ურუქს, სადა ცხოვრობს გილგამეშ, უდარო ძალით, ვითარცა ხარი ძლიერი განაგებს ერსა“. ასე ადგება ენქიდუ ურუქის გზას. მისთვის რა შეცვალა გილგამეშთან შეხვედრამ? როდესაც ენქიდუ კვდება, ის სიმწრისგან წყევლის შამხათს. ამბობს: „ამიერითგან უკუნისამდე ქუჩა იყოს სავანე შენი, ჩრდილი კედელთა იყოს სავანე შენი... მთვრალი და მწყურვალი ლოყასა გცემდეს.“ - ამით მის მეძავობას აღნიშნავს. მაგრამ ამ დროს ღმერთი ჩამოსძახებს: ენქიდუ, რატომ წყევლი შამხათს? მთელი ურუქი დაგიტირებს, ყოველთვის გაგიხსენებენ და, ფაქტობრივად, უკვდავი იქნები; ველად კი რა იქნებოდი?! ენქიდუ აცნობიერებს, რომ სიკვდილი გარდაუვალია, მაგრამ იმასაც ხვდება, რომ თავისი საგმირო საქმით გახდა დაუვიწყარი. ამის შემდეგ, თვითონვე მოხსნის წყევლას და, პირიქით, ლოცავს შამხათს.
„ცოდნა არის საიდუმლო, რომელიც გადაეცემა, მაგრამ - ვის?“
- გასაგებია, რომ გილგამეშთან შეხვედრის შემდეგ, ენქიდუ ხდება ურუქისთვის დაუვიწყარი გმირი. გილგამეშისთვის რას ცვლის ენქიდუსთან შეხვედრა?
- თავდაპირველად, გილგამეში სძლევს თავის ქაოსურ ბუნებას და გმირი ხდება. როგორც ვთქვი, ორ საგმირო საქმეს ჩაიდენს, ენქიდუსთან ერთად. ენქიდუსთან შეხვედრამდე კი გილგამეშის ძალა შემაწუხებელია ურუქელებისთვის. ასეთი სტრიქონები წერია „გილგამეშიანში“: „გილგამეშ შვილს არ აკარებს მამას, დღე და ღამ კედელთ რომ აშენებს“; ასევე, წერია: „გილგამეშ ქალწულს საყვარელს არ აკარებს.“ - ესე იგი, პირველი ღამის უფლება ჰქონდა. ენქიდუსთან შეხვედრის შემდეგ, გილგამეშის ძალა დგება წესრიგში, სიკეთის სამსახურში. მეორე ეტაპზე, როცა ენქიდუ კვდება, გილგამეშთან ძალიან ახლოს მოდის სიკვდილი და აძრწუნებს მას. როდესაც სრულიად მარტო რჩება, გილგამეში მიდის უკვდავების საძიებლად.
- სანამ გილგამეშის გზას გავაგრძელებთ, მინდა, ვთქვათ, რომ გზაზე ყოველთვის არის საიდუმლო. “ვეფხისტყაოსანში” მთავარ საიდუმლოს ინახავს კიდობანი, რომელიც ზღვას სერავს. ამ საიდუმლოს გამჟღავნებამდე - თუ რა ხდება კიდობანში და სად არის კიდობნის განძი - ქაოსის აღმოფხვრა შეუძლებელია. რა არის “გილგამეშიანის” საიდუმლო?
- სამყაროს პირველი განსახიერება, უძველესი შუმერული ღმერთი - ურაში - ნიშნავს საიდუმლოს და, მეორე მნიშვნელობით, ცოდნას. ნებისმიერი გმირი ეზიარება საიდუმლოს და მისი ნაწილი თან მოაქვს. გილგამეშის ეპოსში საიდუმლო უკავშირდება სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს. საერთოდ, ლიტერატურის თეორიაში ეპოსის დედააზრი გაცხადებულია პროლოგში. პირველ ეპოსშიც პროლოგშია ნათქვამი, რა უნდა მოხდეს „გილგამეშიანში“ და მხოლოდ ამის შემდეგ ვითარდება სიუჟეტი.
„გილგამეშიანი“ თორმეტ დაფაზეა დაწერილი. მეთერთმეტე დაფის ბოლოს, გილგამეში დგას ურუქის კედელთან და ამბობს: აი, ეს დარჩება ჩემგანო - და თავის აგებულ ურუქის კედელზე მიუთითებს. იმის გარდა, რაც თქვა, გილგამეშმა კიდევ „დასწერა დაფაზე ერთობ განსაცდელი“, - ანუ დაწერა ის, რაც არ უთქვამს; დაწერა რაღაც საიდუმლო. ასე მთავრდება პროლოგი. ცოდნა არის საიდუმლო, რომელიც გადაეცემა, მაგრამ - ვის? შუამდინარეთში ცოდნის ასეთი გაგება აქვთ, რომ თუ მას უშუალოდ არ შეეხე, ცოდნას ვერ შეიძენ. გილგამეშმა მოიპოვა, დაწერა და დატოვა საიდუმლო, რომელსაც მომავალში მხოლოდ ის ეზიარება, ვინც ამ ცოდნას შეეხება. ხოლო გაცხადებული ცოდნა ამ შინაარსისაა: იმოქმედე და რასაც შექმნი, ეს დარჩება შენგან. „ვეფხისტყაოსანს“ რაც შეეხება:
- მინდა, სიყვარულზეც ვისაუბროთ. ყველაფერს, რაც “ვეფხისტყაოსანში” კარგი ან ცუდი ხდება, საფუძვლად სიყვარული უდევს. სიყვარული ერთმანეთისგან აშორებს და ერთმანეთს ახვედრებს პოემის გმირებს. სიყვარულია, რაც აძლევს ძალას მთავარ პერსონაჟებს, რომ ყველა დაბრკოლება გადალახონ, გაუძლონ და გაიმარჯვონ. რა ხდება “გილგამეშიანში”? როგორ სიყვარულს ვხვდებით ამ ეპოსში?
- დავიწყებ იმით, თუ რა არის თვითონ სიყვარული შუამდინარეთში. იქ ითქვა, რომ “დედამიწას სიყვარული ატრიალებს”, ოღონდ, პირდაპირი გაგებით. სიყვარულის ქალღმერთის - ინანა-იშთარის სატრფოსთან შეუღლება-განშორებაზე არის მორგებული დედამიწის ბრუნვა და წელიწადის დროების მონაცვლეობა. სიყვარული სიცოცხლეა; ყველაფერში სიყვარული დევს. გილგამეშისთვის ამიტომ არის მიუღებელი სიკვდილი, რომ ის უსიყვარულო მხარეა. მაგრამ უშუალოდ ტრფობის ელემენტი გილგამეშის ეპოსში არ არის, ენქიდუსა და შამხათის ეპიზოდის გარდა.
- რატომ არ არის?
- იმიტომ, რომ შუამდინარულ ეპოსში ტრფობა გმირისთვის დამაბრკოლებელი ემოციაა. ძველბაბილონური “გილგამეშიანის” ნაწილია ძველი შუმერული პოემა - “გილგამეში და ციური ხარი”, სადაც გილგამეში უარყოფს ინანას, ბაბილონის უზენაესი ქალღმერთის, სიყვარულს. ტექსტში წერია, რომ ურუქის გალავანთან შამხათები - ღვთიური როსკიპები - დასეირნობენ და გმირს თავისთან იწვევენ. მაგრამ გმირი, რომელიც ქალაქიდან გადის საგმირო საქმისთვის, ტრფობას ვერ აჰყვება, ტრფობისთვის ვერ მოცდება. გილგამეშის დედა, ნინსუნი, თავის შვილს ეუბნება - არ მიიღო შამხათისგან ძღვენი, არ შეხვიდე მის გიპარში, ნუ იქნები მასთან. ანდაზაც იყო ბაბილონში, რომ „ვინც ქალთან უქმად წევს, ქარებს აგროვებსო,“ ანუ საქმეს სცდებაო. ქარების შეგროვება დონკიხოტური ელემენტია. გილგამეში უარყოფს ინანას სიყვარულს იმიტომ, რომ ის მეცნიერია, გმირია, თავისი ცოდნა აქვს მოსატანი ურუქში და სიყვარულისთვის არ სცალია. ყველაფერი, რაც ცივილიზაციას უნდა მოხმარდეს, დიდი სიკეთეა და ქალი, თავისი გრძნობით, ამ შემთხვევაში, “გზიდან გადახვევაა“, დამაბრკოლებელია გმირისთვის.
- “ვეფხისტყაოსანი” ჯადოსნური ზღაპრის სიუჟეტურ ქარგაზეა აგებული: გმირი გადის სახლიდან, მრავალ დაბრკოლებას გადალახავს და სახლში ბრუნდება ახალი, უფრო მაღალი სტატუსით - როგორც მეფე და როგორც მამა (ანუ ქორწინება და მეფობა მიეცემა როგორც ტარიელს, ასევე ავთანდილს). გილგამეში რით ბრუნდება ურუქში? რა არის მისი ახალი სტატუსი, ან რა არის მისი ცოდნის შინაარსი?
- გილგამეში დაბრუნდა მეცნიერი, რადგან უშუალოდ სიბრძნეს შეეხო და გახდა მცოდნე. გილგამეში ბრუნდება “მეცნიერი სიბრძნისა”. მან გაიგო, რომ უკვდავების საიდუმლო არ არსებობს, მაგრამ დაძლია სიკვდილის შიში. ეს არის უპირველესი, რომ მან სიკვდილი ვერ დაძლია, მაგრამ შიში დაძლია.
- შეიძლება ვთქვათ, რომ წავიდა სიკვდილის შიშით შეპყრობილი და დაბრუნდა სიკვდილის შიშისგან თავისუფალი?
- დიახ, სიკვდილის შიში გადალახა. თუმცა, მას შიში უჩნდება მხოლოდ ენქიდუს სიკვდილის შემდეგ. მანამდე, როდესაც ენქიდუსთან ერთად საგმირო საქმეებს ჩადის, სიკვდილის არ ეშინია. ერთ ეპიზოდში დაინახავს მკვდარს, მდინარეზე მოტივტივეს და ენქიდუს ეუბნება, ჩვენც ასე მოგვივაო: “დათვლილია დღენი კაცთა. თუმცა მოვკვდები, სახელს მოვიხვეჭ.“ მაგრამ ენქიდუს სიკვდილის შემდეგ, როცა მან სიკვდილი უშუალოდ გაიცნო, მასთან ერთად გაიცნო შიში, რომელიც პოემის ბოლოს დაძლია. რაც შეეხება “ვეფხისტყაოსანს”, პოემის ბოლო სიტყვები გავიხსენოთ.
- “შიგან მათთა საბრძანისთა თხა და მგელი ერთად სძოვდეს”.
- აი, მშვიდობის ეს იდეაა ჩადებული ურუქის ლიტერატურულ ტრადიციაშიც. ეს არის ამოსავალი. ვინც დამწერლობა გამოიგონა, მან დაწერა პირველი სამშვიდობო ჰიმნი. გილგამეშის ბაბუა არის ურუქის მეფე, რომელმაც დამწერლობა გამოიგონა. როდესაც მის მიწაზე, სამხრეთ შუამდინარეთის ცივილიზაციაში შემოვიდნენ სემიტები - ესე იგი, შემოვიდა სხვა კულტურა, სხვა სამყარო და მშვიდობის დარღვევის შიში გაჩნდა - დაიწერა “ნუდიმუდის ლოცვა”. ნუდიმუდი სიბრძნის ღმერთის - ენქის ძველი სახელია. ეს ლოცვა - პირველი სამშვიდობო ჰიმნია მსოფლიო ისტორიაში. ამ ლოცვაში წერია: “ერთ დღესაც აქ აღარ იქნება არც გველი, არც მორიელი, აღარ იქნება არც აფთარი და აღარც ლომი, აღარ იქნება გარეული ძაღლი და მგელი, აღარ იქნება შიში და ძრწოლა, მაშინ კაცს მტერი აღარ ეყოლება…” ასეა ჩამოთვლილი ყველანაირი აგრესია და ნათქვამია, რომ „ყველა შეძლებს, ენლილს ერთ ენაზე ელაპარაკოს… კაცობრიობის ენა ჭეშმარიტად ერთი იქნება”.
- თუ სწორად გავიგე, იქნება ერთ ენაზე ლაპარაკი, ესე იგი, მშვიდობა.
- დიახ, მშვიდობა. „ვეფხისტყაოსანიც“ ხომ ასე მთავრდება?!
„ერთ ღირსეულსაც კი შეუძლია, რომ საყოველთაო აგრესია ჩააქროს.“
- მოდით, ვთქვათ, როგორ შეძლეს „ვეფხისტყაოსნის“ გმირებმა, რომ შექმნეს სამყარო, სადაც თხა და მგელი ერთად ძოვს. ქაჯეთის ციხეს აიღებენ გმირები, რომელთაგან ავთანდილი ფლობს ბრძენი ადამიანების - მოციქულების, დიონისეს, პლატონის - საჯარო ცოდნას, რაც მის ანდერძში ჩანს; ტარიელს კი აქვს საიდუმლო, გამოუთქმელი, ინდივიდუალური ცოდნა, მოპოვებული გამოქვაბულში ცხოვრებით. ამიტომ, ტარიელი არ ლაპარაკობს, ტირის და ცრემლის ფარდის მიღმა ფარავს ამ საიდუმლო ცოდნას. ხოლო გაცხადებული და საიდუმლო ცოდნის შეერთება ქმნის ახალ სამყაროს. რა ხდება გილგამეშის თავს? რა ცოდნა გადმოეცა მას სხვისგან და რა მოიპოვა თვითონ?
- გილგამეში ხვდება წარღვნის გმირს - უთნაფიშთიმს. ის ერთადერთი უკვდავია, რადგან წარღვნამდელი ცხოვრების წესით დაიმსახურა ღმერთებისგან უკვდავება. სწორედ მისგან ცდილობს გილგამეში უკვდავების საიდუმლოს გაგებას, მაგრამ სინამდვილეში გაიგებს, რომ უკვდავება არ არსებობს; რომ გილგამეშიც, ისევე, როგორც ყველა სხვა, აუცილებლად მოკვდება.
- ეს ცოდნა წარღვნის გმირისგან შემოვიდა გილგამეშში, მაგრამ ხომ არის მისი ცოდნის მეორე ნაწილი, რომლის საფუძველზეც სიკვდილის შიში დაძლია?
- დიახ, უთნაფიშთიმი უყვება გილგამეშს, თვითონ როგორ გადარჩა: ის არ იყო ცოდვაში, მუდმივ შემეცნებაში იყო; არ იყო ხმაურში - რაც ცოდვის მეტაფორაა - და ღმერთებმა გადაარჩინეს წარღვნის შემდეგ. უყვება, რომ წარღვნა მოავლინა ენლილმა: სამყაროს შემოქმედმა ღმერთმა, დემიურგმა. მაგრამ დემიურგიც შეიძლება შეცდეს. ღმერთების მიერ წარღვნის განსჯისას ისმის სიბრძნის ღმერთის ხმა: „ვისაც მიუძღვის ცოდვა, აჰკიდე მას ცოდვა მისი. ვისაც მიძღვის დანაშაული, აჰკიდე მას დანაშაული მისი.“ ეს ნიშნავს, რომ დემიურგს უნდა მიეზღო ყველასთვის მისი ცოდვის მიხედვით და თუკი არსებობდა ერთი - ღირსეული, მაშინ მთელი სამყარო აღარ უნდა დაენგრია. აქ შემოდის ინდივიდუალური პასუხისმგებლობის იდეა. დღეს თუ ასე შევხედავთ, ერთი ღირსეული, ალბათ, ყველგან არის და თუნდაც იმ ერთის გამო, არ უნდა დაირღვეს საყოველთაო მშვიდობა. აი, ეს ცოდნა მოაქვს გილგამეშს.
- გილგამეშმა თვითონ მოიპოვა თუ არა ცოდნა, რომ უკვდავი ვერ იქნება, მაგრამ არის რაღაც, რის გამო მაინც ღირს ცხოვრება?
- „არ შეგეშინდეთ!“ - ეს თქვა გილგამეშმა. თქვენი კითხვის კონტექსტში, სათაურზეც ვიტყვი. „ეშგარ გილგამეშ“ - ასე ერქვა გილგამეშის ეპოსს პირველი ბიბლიოთეკის შემქმნელის, ასურეთის მეფის, აშურბანიპალის ბიბლიოთეკის კატალოგში. „ეშგარ გილგამეშ“ ქართულად არის საქმენი გილგამეშისანი, ანუ „გილგამეშიანი“. „ეშგარ“ ასურეთში საბიბლიოთეკო ტერმინად ქცეული ძველი შუმერული სიტყვაა და პირველად წერია იმ ეპოსში, სადაც მოთხრობილია, რომ გილგამეშის ბაბუამ, ენმერქარმა, გამოიგონა არა მხოლოდ დამწერლობა, არამედ, ვაჭრობაც, როგორც სამშვიდობო მისია. ეშგარი კი ვაჭრობის კონტექსტში წერია და არა დამწერლობის, ანუ მისი მისია სწორედ უომრად, მშვიდობით მიზნის მიღწევა ყოფილა: ნუ ვიომებთ; მე რაც მაქვს, მოგცემ (ხორბალს) და შენ მომეცი ის სიმდიდრე, რაც გაქვს.
- ვთქვათ, ძვირფასი ქვები?
- დიახ, ძვირფასი ქვებიც და სხვა ძვირფასეულობა, რასაც ხორბალში გაცვლიდნენ. ყველაფერი უომრად ხდება. მშვიდობა დიდი მიზანია.
- რომ შევაჯამოთ ჩვენი წინაპრების გამოცდილება - როდესაც მოწესრიგებულ სივრცეში შემოიჭრება ქაოსი, როდესაც ველური ბუნება უპირისპირდება კულტურას, - რა არის საჭირო ამ ქაოსის აღმოსაფხვრელად? რა ძალისხმევით და რა ინსტრუმენტებით არის შესაძლებელი კულტურის წიაღში მშვიდობის დაბრუნება?
- ჩემი ცოდნა ამას მეუბნება, რომ თითოეულს მისი ცოდვის მიხედვით უნდა მიეზღოს. ერთ ღირსეულსაც კი შეუძლია, რომ საყოველთაო აგრესია ჩააქროს.
- მაგრამ ერთი ღირსეული ყველას როგორ გადაარჩენს, თუ თითოეულს თავისი ცოდვის მიხედვით მიეზღვება?
- იქ, სადაც თუნდაც ერთი ღირსეულია, აღარ უნდა იყოს ომი, აღარ უნდა იყოს წარღვნა, არ უნდა განადგურდეს მთელი ქალაქი. ეს ძალიან ჰუმანური იდეაა, რადგან ერთ ადამიანზეა ორიენტირებული სამყარო. გილგამეშის ეპოსში პირველი ჰუმანური იდეები და პირველი შემმეცნებელი, მეცნიერი ადამიანია აღწერილი. ცოდნა კი ის არის, რაც აგრესიას აქრობს. წარღვნამდე არ ჩანს დამწერლობის კვალი. თითქოს, წარღვნის შემდეგ აძლევს ღმერთი კაცობრიობას დამწერლობას, რომ ინტელექტი სწორ არხში მიმართოს და ქალაქი გადაარჩინოს.
- თქვენ ამბობდით, რომ კულტურა ცისა და მიწის კავშირია; რომ კულტურული ადამიანი აერთიანებს წარსულსა და მომავალს; რომ კულტურა თავისუფალია, მაგრამ ქაოსში არ უნდა გადაიზარდოს. დღევანდელი საქართველო თქვენთვის კულტურის სივრცეა, თუ ქაოსის სივრცე?
- ნამდვილად კულტურის სივრცეა. ძალიან დიდი კულტურის ქვეყანა ვართ. ჩვენი გენიც, ენაც და „ვეფხისტყაოსანიც“ ამას ადასტურებს.
- თქვენ ამბობდით, რომ ადამიანის შინაგანი კულტურა განსაზღვრავს, რამდენად გახდება ის თავისი ეროვნული კულტურის ნაწილი. დღევანდელ ქართულ საზოგადოებას ამ მხრივ როგორ აფასებთ? აქვს თუ არა მას ძალა და რესურსი, რომ მრავალსაუკუნოვანი ქართული კულტურის ორგანული ნაწილი გახდეს?
- როგორ არ გვაქვს რესურსი! რა თქმა უნდა, ეროვნული კულტურის ნაწილი ვართ. ზოგადად, ეროვნული კულტურა ერთეულებზე დგას და ეს საკმარისია. ასეა აღმოსავლეთში, ასეა „გილგამეშიანშიც“, ასეა „ვეფხისტყაოსანშიც“. ინტელექტუალური ნაწილი ყოველთვის მცირეა, მაგრამ ის არის ეროვნულ საფუძველზე ამოზრდილი კულტურის მატარებელი.
- დღეს რა კონკრეტული რესურსი გვჭირდება, რომ კულტურის დიდ ნაკადში ჩვენი ხმა მკაფიოდ ისმოდეს?
- პურს და დამწერლობას ერთი ქალღმერთი ჰყავს. როდის დაიწერა „ვეფხისტყაოსანი“? - რენესანსის ხანაში. შუმერებს არ შიათ, ირიგაცია იციან, ხორბლის მოყვანა იციან და ქმნიან კულტურას. დღეს ჩვენ ეს გვაკლია.
- კეთილდღეობა გვაკლია?
- ადამიანი პურზე არ უნდა ფიქრობდეს. პური თუ ექნება, შექმნის კულტურას. და მეორე, რაც აუცილებელია - მშვიდობაა. შუმერულად მშვიდობის აღმნიშვნელი სიტყვა კომპოზიტია და მისი ორივე ნაწილი ქართველურ ენებთან არის თანხვედრაში. ეს სიტყვაა „ინიმდუგ“. „ინიმ“ არის ენა, სიტყვა, „დუგ“ არის ზმნა და ტკბილმოუბარს ნიშნავს. გავიხსენოთ ქართული დუგდუგი, ლაპარაკი. გავიხსენოთ „ვეფხისტყაოსანი: „გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა, ტკბილად მოუბარი“ - ეს მშვიდობას ეხება. თუ მშვიდობა და კეთილდღეობა გვექნება, ძალიან დიდი პოტენციალი გვაქვს.
„დამნახავია მთავარი. დანახვა შექმნაზე არანაკლებია.“
- პირადად თქვენი ძალა რაშია?
- ვცდილობ, რომ ადამიანს, თუნდაც, სტუდენტს შევაყვარო ჩემი დარგი, ჩემი ენერგია ამაში ჩავდო. შუამდინარეთშიც ასეა და მეც ასე ვუყურებ, რომ ადამიანს აქვს ენერგია და ძალიან მნიშვნელოვანია, რისთვის დახარჯავ, რას შემატებ ამ შენს ენერგიას. მეც ვფიქრობ, რომ სწორად მივმართო ჩემი ენერგია და ჩემს ქვეყანას, ჩემს უნივერსიტეტს გამოვადგე. რამდენად პათეტიკურადაც არ უნდა ჟღერდეს, სინამდვილეში, ასეა. უნივერსიტეტის შეურაცხყოფას პირად შეურაცხყოფად ვიღებ. ვერ ვიტან, აუგს რომ ამბობენ. იმიტომ, რომ ჩემია, ჩემს გულს იქ ვდებ. და ასეა ირგვლივ ყველა. აუგს ის რომ იტყვის, ვისაც არაფერი გაუკეთებია უნივერსიტეტისთვის, ძალიან ძნელი მოსასმენია. აღარ ვლაპარაკობ ივანე ჯავახიშვილზე და სხვა დამფუძნებლებზე - ყველა თუ არა, უმეტესობა, ვინც ახლა ვართ იქ, საკუთარ თავს დებს. ვერ ვიტყვი, რომ ასირიოლოგიაში რაიმეს შევცვლი, მაგრამ სტუდენტებისთვის დარგიც შემიყვარებია და მნიშვნელოვანი ცოდნაც მიმიცია. ეს ნამდვილად ასეა.
- რომელია სიტყვა ან ფრაზა, რომელიც მთელი თქვენი ცხოვრების მეგზურად გამოდგება?
- ღმერთის ნებაა ყველაფერი! მართლა ასეა. მოთმინება მიყვარს. თუ მოითმენ, ღმერთი შენკენ წამოვა. ეს შუამდინარელთა აზროვნებაა და მეც მჯერა, რომ ასეა.
- დიდი მადლობა საინტერესო, შთამაგონებელი საუბრისთვის. ინტერვიუს დავასრულებთ თქვენი კომენტარით ცნობილი ადამიანების ორ გამონათქვამზე. პირველი ციტატის ავტორია თქვენ მიერ უკვე ნახსენები შვეიცარიელი ფსიქიატრი კარლ გუსტავ იუნგი (1875-1961): „ცხოვრების გზაზე ჩვენ ვხვდებით საკუთარ თავს - ათასი სხვა სახით.“
- ვეთანხმები და ამიტომაც არ განვსჯი არავის. თუმცა, არის რაღაც, რასაც, ზუსტად ვიცი, რომ არ გავაკეთებ.
- მეორე ციტატა ეკუთვნის ქრისტიან თეოლოგსა და ფილოსოფოსს - ნეტარ ავგუსტინეს (ავგუსტინე ავრელიუსი - 354-430): „დამსახურებული კი არა, სწორედ დაუმსახურებელი გულმოწყალებით თავისუფლდება ადამიანი ბოროტებისგან.“
- ამ აზრს ვერ დავეთანხმები. ღმერთის შეხებამ ნებისმიერ ადამიანზე შეიძლება გავლენა მოახდინოს. მაგრამ არ მჯერა, რომ ადამიანი ბოროტდება და შემდეგ შეიძლება ბოროტებისგან გათავისუფლდეს. თავიდანვე დევს ადამიანის ცნობიერში რაღაც ისეთი, რის გამოც ის გულმოწყალებას ვერ დაინახავს. დამნახავია მთავარი. დანახვა შექმნაზე არანაკლებია. ვისშიც დანახვის უნარი არ არის, რაც გინდა, მიეცი...
ფოტომასალა: ირაკლი გედენიძე
გუნდი
ირაკლი გედენიძე
ზურაბ ქურციკიძე
გიო კუსიანი
გიორგი ურუშაძე
თამთა ყუბანეიშვილი
ნანა ყურაშვილი
ინგა ქორიძე