ინტერვიუს შესახებ
აკო ახალაიას ცხოვრების ამბავი ჩემთვის ბევრად საინტერესო და დამაფიქრებელია, ვიდრე შორიდან შეიძლება ჩანდეს - როგორც გონიერი და მონდომებული ადამიანის წარმატების ისტორია.
აკოს არ ვიცნობდი და, ამიტომ, მასთან ნამდვილი, გულშიჩამწვდომი საუბრისკენ გზა გამიკვალა აკოს სხვა მასალამ, რომელსაც ინტერნეტში წავაწყდი. ოღონდ, ეს არ ნიშნავდა, რომ მეც მომეცემოდა უფლება, მასთან ასე ახლოს მივსულიყავი.
აკო ახალაია, ჩემი აზრით, ადვილად არავის უახლოვდება. არც მე მიმაჩნია ჩემს ახლობლად, მასთან ურთიერთობის მცირეხნიანი, მაგრამ ღრმა მომენტების შემდეგ. თუმცა, მისი ამბავი სულ მემახსოვრება და როგორც კი საშუალება მომეცემა, ყველა სტუმართან გადავამოწმებ - სად არის მისი ადგილი აკოს კოორდინატთა სისტემაზე (რომელიც ჩემთვის უნივერსალურია).
გაიცანით აკო ახალაია, რომელსაც, როგორც თვითონ ამბობს, სინდისის ხმა ყველაფერში ხელს უშლიდა.
P.S. დიდი მადლობა ნიკოლოზ გოგოჭურს ნებართვისთვის, რომ მისი გადაცემა გამეზიარებინა.
ია ანთაძე
- თქვენს საუკეთესო მეგობარს რომ ვკითხო, აკოს ცხოვრების მთავარი მიზანი რა არის-მეთქი, როგორ ფიქრობთ, რას მიპასუხებს?
- ძალიან საინტერესო დასაწყისია. მგონი, ჩემი მეგობრები იტყვიან, აკოს ცხოვრების მიზანი საქართველოში შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარება არისო. გარედან ასე ჩანს, რომ ძალიან ჩართული ვარ შემოქმედებითი ინდუსტრიის სხვადასხვა მიმართულების - მარკეტინგის, რეკლამის, დიზაინის - განვითარებაში. ხან წიგნებს გამოვცემთ, ხან კონკურსებს ვატარებთ… მედიაც კი ამ მიზნის შესაბამისად დავაფუძნეთ. ალბათ, მეგობრები ამას გეტყოდნენ.
- თქვენ თუ დაეთანხმებოდით?
- მე არ დავეთანხმებოდი. უფრო მგონია, რომ საკუთარი შესაძლებლობებისთვის ეს ტერიტორია ვიპოვე. მინდა, რომ საქართველო ისეთივე წარმატებული იყოს, როგორიც ევროპული ქვეყნები არიან და, უბრალოდ, მგონია, რომ ამ ნაწილში შემიძლია დახმარება.
- გამოდის, თქვენი მიზანია რაღაც ისეთის კეთება, რაც საქართველოს განავითარებს. ასეა?
- დიახ. 1989 წელს ვარ დაბადებული და წლების განმავლობაში ვხედავდი დამარცხებულ ქვეყანას, წარუმატებელს, მუდმივი პრობლემებით და ბევრი ღალატით სავსეს. რა თქმა უნდა, ჩვენი ისტორიით ვამაყობთ, მაგრამ აწმყოში დიდი გამოწვევები გვაქვს. ახლაც ვფიქრობ, რომ “რას სთხოვ შენს ქვეყანას?” კი არ არის სწორი კითხვა, არამედ - “შენ რით შეგიძლია, რომ დაეხმარო?” გულწრფელი რომ ვიყო, ეს ფიქრები მაშინ გამიჩნდა, როცა ამერიკაში ვცხოვრობდი. იქ, ჩემს თავზე მეტად, ჩემს ქვეყანას წარმოვადგენდი. იქ მივხვდი, რომ მინდა, საქართველოს არ იცნობდნენ, როგორც ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას, ან როგორც რუსეთის ნაწილს; მინდა, რომ ეს იყოს ძალიან მაგარი და გამორჩეული ქვეყანა.
- თქვენი უმცროსი ვაჟი რამდენი წლის არის?
- ექვსის.
- ალბათ, უკითხავს თქვენთვის, სამსახურში რას აკეთებო. როგორ უხსნით, რას აკეთებთ?
- დიახ, მეკითხება ხოლმე. ახლა ზუსტად ის ასაკი აქვს, როდესაც ბევრ კითხვას სვამს. ვცდილობ, ავუხსნა, რომ მე შემიძლია, საქართველოში ვიპოვო ბევრი საინტერესო იდეა, ბიზნესი თუ ბიზნესმენი და ისინი რაც შეიძლება ბევრ ადამიანს გავაცნო. ერთი მხრივ, ამას ვაკეთებთ ონლაინ ჟურნალი “მარკეტერი” და ჩვენი გუნდი; მეორე მხრივ, ახლა გამოვეცით წიგნი საქართველოს ბიზნესის ისტორიაზე. ათი წელია, “მარკეტერის” მეშვეობით, თანამედროვე ქართულ ბიზნესზე ვლაპარაკობთ. ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, თითქოს, საქართველომ ბიზნესზე ფიქრი დამოუკიდებლობის მოპოვებასთან ერთად დაიწყო. ამიტომ, ამ წიგნში ვყვებით ნიკო ნიკოლაძეზე, დავით სარაჯიშვილზე, მიტროფანე ლაღიძეზე და სხვებზე. ვყვებით ისტორიას, რომ საქართველოში ადრეც აკეთებდნენ ბიზნესს და სამეწარმეო აზროვნება სულ არსებობდა. ჩემს შვილსაც, ვცდილობ, მარტივად მოვუყვე, რომ ჩვენს გუნდს აქვს იმის ცოდნაც, ძალაც და რესურსიც, რომ ბიზნესის მკეთებელი ხალხი წარმოვაჩინოთ და მისაბაძები გავხადოთ.
- იმის მიუხედავად, რომ სხვადასხვა აკადემიური განათლება მიიღეთ, ადრეული ასაკიდან მიიწევდით დაახლოებით იმ პროფესიისკენ, რასაც ახლა მარკეტერი ჰქვია. რა გხიბლავდათ ამ საქმიანობაში, ამ პროფესიაში? მით უმეტეს, მაშინდელ საქართველოში?
- ვსაუბრობთ 1990-იან წლებზე და 2000-იანების დასაწყისზე. მაშინ დიდი გავლენა მოახდინა იმ ფაქტმა, რომ მე და ჩემი რამდენიმე მეგობარი ერთ-ერთ კერძო სკოლაში აღმოვჩნდით. ეს იყო “იესემის” (ESM) სკოლა, რომელიც ნამდვილად ცდილობდა, რომ იმდროინდელ საქართველოში განსხვავებული ცოდნა მიეცა მოსწავლეებისთვის. მაგალითად, მეცხრე კლასში მარკეტინგის გაკვეთილები გვქონდა და ამ საგანს ედუარდ შევარდნაძის მარკეტოლოგი გვასწავლიდა, დაბეჭდილი კონსპექტებით. ასევე, მაშინ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა “კოკა-კოლას” საახალწლო ქარავანმა. ამ ქარავნებს დღესაც უამრავი ადამიანი ნახულობს, მაგრამ 90-იანების უშუქო საქართველოში განათებული ტრაილერების მოძრაობამ მიმახვედრა, ასეთ პატარა ამბავს როგორ შეუძლია მთელი ერის გახარება. მაშინ ჩვენმა მასწავლებელმა გვითხრა - აი, ეს არის მარკეტინგიო. მერე, როცა მართლა ვისწავლეთ მარკეტინგი, მივხვდით, რომ ეს მარკეტინგი არ იყო. მარკეტინგი არის მეცნიერება, რომელსაც მონაცემებზე დაყრდნობით შეუძლია ორგანიზაცია, სახელმწიფო, კერძო ბიზნესი, თუ ადამიანის ცხოვრება ძალიან შეცვალოს. მაგრამ, ასევე, “ჯადოსნური მოვლენებით” შეუძლია, რომ უცბად დიდი გარდატეხა მოახდინოს.
“პანდემიიდან დიდი დანაკარგით, მაგრამ ბევრად გაძლიერებულები გამოვედით.”
- როგორც ვხვდები, მონაცემების მოძიება, დამუშავება და დაგეგმვა გიყვართ. მაგრამ იმ ადამიანებზე რას იტყვით, რომლებიც ამბობენ, რაც დავგეგმე, არაფერი არ გამომივიდა და ყველაფერი გამოვიდა, რაც ჩემს ცხოვრებაში სპონტანურად მოხდაო?
- ასეთ ადამიანებზე ვიტყვი, რომ ისინი ნამდვილად არსებობენ. სტივ ჯობსიც ხშირად ამბობდა, ცხოვრებაში ბევრ რამეს არ ვგეგმავო. მაგრამ, საშუალო სტატისტიკურად, უფრო მეტ ადამიანს მაინც დაგეგმვა სჭირდება.
- რატომ?
- იმიტომ რომ მარკეტინგი არის მეცნიერება. ამ მეცნიერებაში ხარისხი ბრიტანეთში ავიღე. ადრე მეც სკეპტიკურად მეგონა, რომ, აი, ადამიანს კარგი ალღო აქვს, ხვდება, რა გააკეთოს. მაგრამ ბრიტანეთში იმდენად განვითარებულია მარკეტინგი, რომ ასეთი გამოთქმაც არსებობს სამეცნიერო წრეებში: “ნებისმიერი რამ არის რიცხვები”. ეს ნიშნავს, რომ რიცხვების სწორი დამუშავებით ბევრი პროცესის პროგნოზირება შეიძლება. მარკეტინგი, როგორც მეცნიერება, გვთავაზობს, რომ ჩვენი გადაწყვეტილებები დამუშავებულ ინფორმაციას დავაფუძნოთ. თუმცა, არიან რისკიანი ადამიანები, რომლებიც საქმეს შინაგანი რწმენით იწყებენ. მაგალითად, ნიკო ნიკოლაძეს რომ ეკვლია, საქართველოში პორტი გაამართლებს, თუ არ გაამართლებს, შეიძლება, პასუხი მიეღო, რომ არ გაამართლებს. მაგრამ ხომ ძალიან სწორად მოიქცა, რომ პორტი ააშენა?! ასეთი, კარგი გაგებით, გიჟები, რომლებიც მხოლოდ საკუთარი შინაგანი რწმენით მოქმედებენ, ხშირად დიდ საქმეებს აკეთებენ. მაგრამ ბევრი ხვდება ამ ხაფანგში, რომ რადგან რამდენიმე ტალანტს გაუმართლა და წარმატებას მხოლოდ საკუთარ შეგრძნებებზე დაყრდნობით მიაღწია, ესე იგი, მასაც გაუმართლებს.
- ბოლო წინადადება ისევ დაგეგმვის სასარგებლოდ თქვით?
- დიახ. ადამიანების უმეტესობას, ბიზნესორგანიზაციებს და, თუნდაც, სახელმწიფო სტრუქტურებს პირადად მე ვურჩევდი დაგეგმვას. იმიტომ, რომ საშუალო სტატისტიკურად ეს უფრო უსაფრთხო გზაა.
- თუ გახსოვთ განცდა, როცა მყარად დარწმუნდით, რომ ყველაფერს ვერ დაგეგმავ?
- დიახ, მახსოვს, როგორც ერთ-ერთი დიდი შოკი ჩემს ცხოვრებაში. ეს იყო პანდემიის პერიოდში.
- მინდოდა მეკითხა, უკავშირდებოდა თუ არა ეს გამოცდილება პანდემიას.
- დიახ, უკავშირდება პანდემიას, რომელიც ჩემთვის და ჩემი თაობისთვის ძალიან დიდი გამოწვევა აღმოჩნდა. მეორე მხრივ, ამ პერიოდმა დიდი გამოცდილებაც დაგვიტოვა. პანდემიის დროს ვისწავლეთ, რომ საერთოდ ვერაფერს ვერ დაგეგმავ, რაც ნიშნავდა, რომ ჩვენში უნდა განგვევითარებინა ახალი უნარი - დილას თუ ინტერვიუს დაგეგმავდი, შეიძლებოდა, რამდენიმე საათში ადამიანს ეთქვა, დავირუსებულის კონტაქტი აღმოვჩნდიო. მერე რას აკეთებ?! - წუთი წუთზე გადაცემა უნდა გავიდეს. ამ დროს ვისწავლეთ ძალიან სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება, რაც ჩვენი გუნდისთვის და პირადად ჩემთვის ძვირფასი გამოცდილება იყო. მე მგონია, რომ, საბოლოო ჯამში, პანდემიიდან დიდი დანაკარგით, მაგრამ ბევრად გაძლიერებულები გამოვედით.
- არ მიყვარს პანდემიის პერიოდის გამოცდილებების გახსენება, მაგრამ თქვენთან არსებითი საუბარი ამ პერიოდის გარეშე არ გამოვა. მაშინ გქონდათ შიში, რომ შეიძლებოდა დამდგარიყო ახალი დრო, რომელიც განსაკუთრებული საფრთხის მომცველი იქნებოდა იმ ადამიანებისთვის, ვისი ცხოვრების წესიც ფიქრს უკავშირდება. დღეს როგორ აფასებთ მაშინდელი შიშის შინაარსს და ხარისხს?
- შეიძლება, ცოტა გადაჭარბებული იყო მაშინდელი შიში, მაგრამ მაინც მგონია, რომ იმ წლებმა რადიკალური გარდატეხა მოახდინა თითქმის ყველაფერში: ურთიერთობებში, ადამიანებში, საქმისადმი დამოკიდებულებაში, ცხოვრების დაგეგმვაში… ერთმა ჩემმა დიდმა მეგობარმა პანდემიამდე მითხრა ფრაზა: “ახლა სხვა დროა, სხვანაირი ფიქრია საჭირო”. ეს ფრაზა ძალიან დაემთხვა პანდემიის პერიოდს და მივხვდით, რომ ასეთი მიდგომა უნდა გვქონოდა თითქმის ყველაფრის მიმართ.
- ვიცი ეს ფრაზა და მეგონა, პანდემიის კონტექსტში იყო ნათქვამი.
- არა, მაგრამ პანდემიამდეც მსოფლიო აქეთ მიდიოდა - ბევრი პროცესის განვითარება ძალიან დაჩქარდა. ადამიანები ვიღებთ იმ დონის და ისეთი რაოდენობის ინფორმაციას, რომლის გადამუშავებას ვეღარ ვასწრებთ. პანდემიამ და ტექნოლოგიურმა განვითარებამ ერთიანად იფეთქა და მიგვახვედრა, რომ ბევრ რამეს უნდა გადავხედოთ.
- მაგალითად, რას?
- მაგალითად, ითვლებოდა, რომ მაგარი მენეჯერი მაგიდაზე ხელებს აბრახუნებს. ახლა ჯანსაღი ორგანიზაციები იმაზე მსჯელობენ, როგორ შეუქმნან თანამშრომლებს გარემო, სადაც მათ მუშაობა ენდომებათ. ალბათ, თქვენც შეამჩნევდით, რომ ბევრმა ადამიანმა გადააფასა თავისი ცხოვრება. ბევრი ფიქრობს, რომ დიდ ფულს ურჩევნია დიდი მასშტაბის თავისუფლება, თუნდაც, მოგზაურობა, ძალების დაზოგვა. ადამიანებმა სახლიდან დაიწყეს მუშაობა.
- ამ ყველაფერს პანდემიას უკავშირებთ?
- პანდემიამ დააჩქარა, თორემ მაინც აქეთ მიდიოდა ყველა პროცესი.
- დარწმუნებით შეგვიძლია, ვთქვათ, რომ პანდემიის შემდეგ „ახალი დრო“ დადგა? იქნებ, ნელ-ნელა „ძველი დრო“ ბრუნდება?
- მგონია, რომ ახალი დრო დადგა ცალსახად. და ამ ახალ დროში ძალიან საინტერესო დასაკვირვებელია, როგორ ცდილობს ადამიანი, რომ ეს დრო ისევ ადრინდელ დროს დაამსგავსოს. სინამდვილეში, რაც უფრო მალე გავაცნობიერებთ, რომ ახალი დროა, უფრო სწრაფად შევძლებთ მასთან ადაპტირებას.
- მაინც დავაზუსტებ: თქვენ ტექნოლოგიურ სიახლეებზე და აჩქარებულ ტემპზე საუბრობდით, როგორც პანდემიამდე არსებულ ტენდენციაზე. პანდემიამ მხოლოდ დააჩქარა პროცესი, თუ თვისებრივად შეცვალა?
- მე მაინც იმ აზრზე ვრჩები, რომ დააჩქარა. თანაც, დიდხანს დაგვტოვა საკუთარ თავთან. გაგვიჩნდა დრო ფიქრისთვის და ბევრმა ადამიანმა საკუთარ ემოციებზე დაიწყო დაკვირვება. ზოგი უფრო მიმღებელი გახდა; ზოგში, პირიქით, ბრძოლის სურვილმა გაიღვიძა, რადგან მიხვდა, რომ, თურმე, “ორი დღე” ვცხოვრობთ. მგონია, რომ ბევრმა ადამიანმა საკუთარი თავი უფრო წინ წამოსწია. ზოგიერთი ოჯახი დაინგრა: მიხვდნენ, რომ მათი ერთობა ტოქსიკურია. ორგანიზაციებშიც იგივე მოხდა: გაჩნდა დამოკიდებულება, რომ თუ ერთმანეთის არ გვესმის, შენ შენთვის იყავი, მე ჩემთვის ვიქნები… მედიასაშუალებებიც კი დაიშალა და ჟურნალისტებმა პირადი არხები გახსნეს. “ახალი დროა” ზუსტად ამას გულისხმობს, რომ მანამდე ვცდილობდით, გვეპოვა კომფორტის ზონა, სადაც არაფრის შეცვლა არ მოგვიხდებოდა. ვიტყოდით, რომ მაგალითად, ბაკალავრიატი უნდა იყოს ოთხი წელი; ან სკოლა უნდა იყოს თორმეტი წელი. არავინ კითხვასაც კი არ სვამდა - რატომ? რას ვაფუძნებთ ამ გადაწყვეტილებებს?
“შეიძლება გაუბედურდე, თუ მიზანზე იმდენად ფოკუსირდები, რომ ცხოვრება დაგავიწყდება.”
- ვიცი, რომ პირადად თქვენშიც დიდი ცვლილებები მოხდა; თვითშემეცნების გზა, რომელიც ახლა აღწერეთ, თქვენც გაიარეთ. თქვენი მაგალითი ბევრისთვის, მათ შორის, ჩემთვის ძალიან დამაფიქრებელი მგონია. ამიტომ, მინდა, ამაზე ვილაპარაკოთ. მაგრამ არ ვიცი, ის პროცესი, რომელსაც „გამოფხიზლებას“ უწოდებთ, პანდემიურ იზოლაციას უკავშირდებოდა, თუ რაიმე სხვას.
- არა, ეს არ უკავშირდებოდა პანდემიის პერიოდს.
- თუმცა, საკუთარ თავთან დაბრუნების თქვენი გზა ჰგავდა იმას, რაც სხვებმა პანდემიის დროს გაიარეს.
- დიახ. მეც ეს დამემართა, რომ რაღაც ეტაპზე მეტისმეტად ჩავეფალი ბიზნესსაქმიანობაში და ფოკუსი დამივიწროვდა. ეს არის ეტაპი, როდესაც ძალიან ახლო ხედვით უყურებ მიზანს. ჩემს შემთხვევაში, ეს მიზანი იყო, რომ საქმე, რომელიც მომწონდა, მაქსიმალურად განმევითარებინა - ვგულისხმობ “მარკეტერს”. მეგონა, რომ ცხოვრებაში ფულია მნიშვნელოვანი. დღე და ღამე წიგნებს ვკითხულობდი, სხვადასხვა რჩევას ვუსმენდი. ასეთი ტერმინებით ვლაპარაკობდი: “მთავარია, ახლა ვისწავლოთ გაყიდვის შვიდი ხერხი” და რაღაც ამგვარი… წარმოუდგენელი რაოდენობით ვითვისებდი ინფორმაციას ბიზნესის შესახებ. რაღაც ეტაპზე მივხვდი, რომ ცხოვრება გაუფერულდა... ერთ-ერთი საუბრის დროს მეგობარმა მითხრა: “საერთოდ, რა აზრი აქ ამ ყველაფერს?” ჩემმა ტვინმა ეს ფრაზა აიკვიატა. ეტყობა, გადაღლილიც ვიყავი. თუ ძალიან აჰყვები, ასეთმა კითხვამ, შეიძლება, თვითგანადგურებამდე მიგიყვანოს. ბიზნესიც იცი, ფულსაც შოულობ, ვთქვათ, ათას კაცსაც ასაქმებ, მაგრამ “მერე რა აზრი აქვს?” კითხვამდე თუ მიხვედი, ეს ბოლომდე გამოგფიტავს.
- წარმატების კონცეფცია შეგეცვალათ?
- დიახ, ზუსტად. მაგ მომენტში მივხვდი, რომ შეიძლება არანაირი აზრიც არ ჰქონდეს ამ ყველაფერს, რაც წარმატებად მიმაჩნდა. ძალიან დამჭირდა - და ეს პანდემიამდე ხდებოდა - რომ ჩემი თავისთვის მომესმინა. მივხვდი, რომ წლების განმავლობაში ჩემს თავს კულტურული საკვები მოვაკელი. თეატრში არ დავდიოდი, მხატვრულ ლიტერატურას არ ვკითხულობდი… მერე ისევ ქართველი მწერლების წიგნებს დავუბრუნდი - გურამ დოჩანაშვილი იქნებოდა, ჯემალ ქარჩხაძე თუ სხვა. ეს დამეხმარა, რომ ტვინი სხვა სამყაროზე გადამერთო. და მაშინ მივხვდი - იმისთვის, რომ ბედნიერება იგრძნო, საერთოდ არ არის აუცილებელი, ძალიან წარმატებული იყო ბიზნესში. პირიქით, შეიძლება გაუბედურდე, თუ მიზანზე იმდენად ფოკუსირდები, რომ ცხოვრება დაგავიწყდება.
- თქვენს ახალ მდგომარეობას ორნაირად აღწერდით: როგორც „აზრის დაკარგვას“ და როგორც „გამოფხიზლებას“. თქვენი ციტატა მინდა, შეგახსენოთ: „სინდისი გეუბნება, რომ არ არის სწორი მდგომარეობა, რომელშიც იმყოფები.“ ჩემთვის ვფიქრობდი, აკო სწრაფმა წარმატებამ ხომ არ შეაშინა-მეთქი. მაგრამ სინდისი რატომ ჩაერთო მაშინდელი თქვენი მდგომარეობის აღწერაში, ეს მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ, ახსნათ.
- მგონი, სწორი მიგნებაა, რომ ჩემს სწრაფ განვითარებას სწრაფი შედეგები მოჰყვა: იმდენად კარგად ვგეგმავდი და ისეთი ძალით ვმუშაობდი, რომ შედეგიც მალე დგებოდა. გინდა აღიარება? აღიარებული ხარ! გინდა ათასი “ლაიქი”? არ არის პრობლემა, გაქვს ეს ყველაფერი.
- გქონდათ რწმენა, რომ რასაც მოისურვებდით, ყველაფერს შეძლებდით?
- დიახ, ასე იყო. მაგრამ თან ვხვდებოდი, რომ ისეთი ადამიანები შემოვიკრიბე, რომლებთან ურთიერთობის ინტერესი არ მქონდა და, პირიქით, მქონდა განცდა, რომ ეს ხალხი ჩემს სტატუსთან უფრო მეგობრობდა, ვიდრე ჩემთან. გარედან ასე ჩანს, რომ ექსტრავერტი ვარ, მაგრამ, სინამდვილეში, ძალიან დიდ ენერგიას გავცემდი და ეს მდგომარეობა ჩემთვის მკვეთრად დისკომფორტული იყო. მთელი დღე მიჰქონდა სხვების ინტერესებზე კონცენტრაციას - “აბა, შენ რა გაინტერესებს?!” სინდისის ხმაც, ალბათ, ეს იყო, რომ დისკომფორტს ვგრძნობდი იმ რეჟიმში, რომელშიც ვიყავი.
- შეიძლება, ისეთ სფეროში შემოვდივარ, სადაც ჩემი ადგილი არ არის, მაგრამ სინდისის თემას თავის გაგრძელება აქვს, რაზეც თქვენ ჰყვებით საჯარო სივრცეში. ამიტომ გკითხავთ: რას ამბობდა თქვენი სინდისი? იმას, რომ შენ კი გგონია, ყველაფერი გამოგივა, მაგრამ, სინამდვილეში, ასე არ არის? თუ იმას, რომ ყველაფერი კი გამოდის, მაგრამ რაც გამოგდის, სინამდვილეში, დიდ ღირებულებას არ წარმოადგენს, რადგან შემთხვევითი ადამიანებისთვის ცხოვრობ?
- ამ დროს უკვე მყავდა პირველი შვილი.
პარალელურად, იყო პროექტები, რომლებიც საზოგადოებამ მონათლა, როგორც ძალიან წარმატებული. მაგრამ მე ვგრძნობდი, რომ ამ პროექტებს საზოგადო სიკეთე არ მოჰქონდა. ვხვდებოდი, რომ შეიძლება, დიდ ტყუილში მოხვდე, როცა შენ თვითონ არ გჯერა, რომ კარგ საქმეს აკეთებ, მაგრამ თავს აჯერებდე - აი, ჩვენ რომ წიგნი გამოვეცით, მაინცდამაინც ამის გამო, მთელი საქართველო უფრო ნაკითხი გახდება.
- რთული კითხვა მაქვს. შესაძლებელია თუ არა, რომ საღი აზრით და სინდისით ცხოვრება ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოვიდეს?
- ალბათ, არა. რატომღაც მგონია, რომ თუ კარგად მოუსმენ, საღი აზრიც სინდისია.
- თქვენი ცხოვრების იმ ეტაპს, როცა სინდისმა “დაგამუხრუჭათ”, არ დაარქმევდით საღი აზრით ცხოვრებას?
- არა, არ იყო საღი აზრით ცხოვრება. საბოლოო ჯამში, ერთ ძალიან კონკრეტულ მიმართულებაზე ვიყავი კონცენტრირებული: ბიზნესი, წარმატება, თან გადამეტებულად საქმის კეთება. რაც მთავარია, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამბავი იყო ამ ყველაფრის კეთება მარტო. მაგ პერიოდში, დიდად კარგი ლიდერი არ ვიყავი და ვფიქრობდი - თუ თქვენ ვერ აკეთებთ, მე გავაკეთებ-მეთქი. გარემომ ძალიან სწრაფად დამაჯერა, რომ შეიძლება იყო წარმატებული ბიზნესში და, თან, შეიძლება იყო მარტო; ან შეიძლება იყო ცუდი მენეჯერი, რომელიც შიშით და გავლენით მართავს გუნდებს. ეს ყველაფერი ძალიან არასწორია.
- მე ვთქვი, რომ სინდისის ამბავს გაგრძელება აქვს. და გაგრძელება იყო ჩემთვის სრულიად ლოგიკური - თქვენ, წიგნის გმირივით, დაიწყეთ ძებნა, თუ რით შეიძლებოდა, სინდისის ტვირთი მოგეხსნათ. საბოლოოდ, ის ადამიანები მოძებნეთ, ვისთანაც ოდესღაც თავი დამნაშავედ გიგრძნიათ და მათთვის მოხდილმა ბოდიშმა მართლაც გაგათავისუფლათ. მაგრამ აღმოჩნდა თუ არა ეს მდგომარეობა სტაბილური?
- ჩემს შემთხვევაში, ძალიან სტაბილური აღმოჩნდა. მკითხველისთვის რომ გასაგები იყოს, ავხსნი, რომ გარკვეული წუხილები მქონდა იმ ადამიანებთან დაკავშირებით, რომლებთანაც, ცხოვრების განმავლობაში, ჩემი გადმოსახედიდან და, ალბათ, მათი გადმოსახედიდანაც, არასწორად მოვიქეცი. ნებისმიერ ბედნიერ მომენტში მახსენდებოდა, რომ ამა და ამ ადამიანს არასამართლიანად მოვიქეცი სკოლაში, არასწორად მივმართე მას მეგობრის, გოგოს, მშობლის თანდასწრებით. ეს სულ მაწუხებდა. ავდექი და მე თვითონვე დავიწყე ამ ხალხისთვის მიწერა. საოცარი პასუხები მივიღე. მივხვდი, რომ გავაბედნიერე ეს ადამიანები. გაგიჟდნენ - შენ კიდევ გახსოვსო?! აღმოჩნდა, რომ ნაწილს საერთოდ აღარ ახსოვდა, რაზეც მე ვწუხდი და ვდარდობდი. ბევრს ახსოვდა და ძალიან მიხარია, რომ ჩემგან პატიების თხოვნა მიიღეს. სტაბილურობაზე რომ მკითხეთ, ამ ყველაფერმა შემცვალა იმ მხრივ, რომ დღეს უკვე სწრაფად ვრეაგირებ. თუ მივხვდი, რომ ადამიანს ვაწყენინე, ვცდილობ, იმ დღესვე გამოვასწორო.
- წლების გასვლას აღარ ელოდებით…
- დიახ. მივხვდი, რომ ეს არის დიდი ტვირთი, რომელსაც უაზროდ დაატარებ.
შეიძლება, ახლა ვაჭარბებ. დიდი დანაშაული ან ცოდვა არ ჩამიდენია, მაგრამ, რა თქმა უნდა, არის ცხოვრებაში მომენტები, როდესაც შეიძლება ვერც ვხვდებოდეთ, ისე ვტკენდეთ გულს ადამიანს. ახლა, თუ ვიცი, რომ ვინმეს გული ეტკინა, ვცდილობ, ამ ადამიანს ჩემი პოზიცია ავუხსნა. არის შემთხვევები, როცა აღარც ელოდები, რომ გაგიგებს და ისევ შენი საუკეთესო მეგობარი იქნება, მაგრამ მაინც ელაპარაკები. ეს ჩვევა გამოვიმუშავე და მივხვდი, რომ ძალიან დამეხმარა დიდი ტვირთის მოშორებაში.
“ყველაზე დიდი გამოწვევა ბიზნესის ხალხს ის აქვს, რომ ხშირად არ ესმით საკუთარი თანამშრომლების.”
- დღეს მკაფიო პასუხი თუ გაქვთ კითხვაზე - რა გაბედნიერებთ?
- მაქვს მკაფიო პასუხი. მგონია, რომ ეს არის ოჯახი და მოგზაურობა. ერთი წლის წინ, ოჯახთან ერთად, მანქანით ვიმოგზაურე თბილისიდან საფრანგეთამდე და მივხვდი, რამდენად ფართოვდება თვალსაწიერი, როცა თვითმფრინავით კი არ ჩადიხარ სხვა ქვეყანაში, არამედ, ავტომობილით გადიხარ მთელ გზას. იხსენებ შენს წინაპრებს, რომლებიც ამ გზას ცხენებით და მატარებლით ფარავდნენ. თურქეთს რომ გადიხარ, ხვდები, ამ ხალხს რა ამოძრავებდა, შენს დასაპყრობად რომ მოდიოდა ამხელა გზაზე - ცხენებით და ფეხით. იმასაც უფრო მკაფიოდ შეიგრძნობ, რამხელაა ეს სამყარო. ოჯახთან ერთად ასეთი მოგზაურობა ნამდვილად მაბედნიერებს.
- პრიორიტეტების შეცვლის შემდეგ, შემოქმედებით სამყაროსთან დაახლოებამ - მხატვრულმა ლიტერატურამ, თეატრმა, კინომ - რაიმე ახალი ცოდნა თუ შეგძინათ ბიზნესის სამყაროს შესახებ?
- მხატვრული ლიტერატურა გეხმარება, უკეთ გაუგო ადამიანებს. ყველაზე დიდი გამოწვევა ბიზნესის ხალხს ის აქვს, რომ ხშირად არ ესმით საკუთარი თანამშრომლების. ლიტერატურაც, სპექტაკლებიც, ფილმებიც გეხმარება, რომ მიხვდე, რას შეიძლება განიცდიდეს ადამიანი, როგორ შეიძლება ხედავდეს პერსპექტივას. შენ თუ გგონია, რომ, მაგალითად, თანამშრომელი ძალით აგვიანებს და ამით შენ გებრძვის, - ერთი გზაა, რომ ამის შესახებ ჰარვარდის ბოლო კვლევა წაიკითხო და გაიგო, რა შეიძლება ხდებოდეს სინამდვილეში. მაგრამ მეორე გზაა, რომ წაიკითხო ქართული ან არაქართული მხატვრული ლიტერატურა და მიხვდე, რა ბრძოლებს შეიძლება გადიოდნენ ადამიანები, რა შეიძლება აწუხებდეთ. ეს კარგი მაგალითები სულ გეხმარება შენს საქმეში.
- შეიძლება ითქვას, რომ ათვლის წერტილები შეგეცვალათ?
- დიახ. და ხვდები, რომ ბევრი პასუხი - პირდაპირი ან ირიბი - არის იქ, მხატვრულ სამყაროში. რა თქმა უნდა, ისიც მნიშვნელოვანია, ვთქვათ, სტივ ჯობსმა რა დაგვიბარა. მაგრამ უკვე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ორი სამყაროს ბალანსი აუცილებელია.
- თქვენ დღეს ახსენეთ ციტატა: “ახლა სხვა დროა და სხვანაირი ფიქრია საჭირო”. ვიცი, რომ ეს ციტატა ეკუთვნის თქვენს დიდ მეგობარს ნიკოლოზ მარკოზაშვილს, რომელიც ბევრჯერ გიხსენებიათ საჯარო სივრცეში. სამწუხაროდ, მე მას არ ვიცნობდი. მინდა, გვიამბოთ, რით იყო ეს ადამიანი ასეთი განსაკუთრებული ზოგადად და, პირადად, თქვენთვის.
- ეს ადამიანი იყო “იესემის” ერთ-ერთი დამფუძნებელი. ეს იყო სკოლა, რომელმაც საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ განიზრახა, რომ საქართველოში ახალგაზრდებისთვის ბიზნესი ესწავლებინა და ბიზნესის თაობა ჩამოეყალიბებინა. ქვეყანა სოციალიზმიდან კაპიტალიზმზე გადადიოდა; საერთაშორისო კომპანიები შემოვიდოდნენ და მენეჯერები დასჭირდებოდათ… იდეით ანთებული რამდენიმე ადამიანი შეიკრიბა, მათ შორის, სულიკო ქადაგიძე და ამ სკოლის დაფუძნება განიზრახეს. მათ გზას სულ ვაკვირდებოდი და მეგონა, რომ ამ ადამიანებმა დაბადებიდან უშეცდომოდ იცხოვრეს, ასევე უშეცდომოდ გაივლიდნენ ცხოვრებას და ზღაპრის ბოლო კეთილი იქნებოდა. მაგრამ ისე მოხდა, რომ სკოლა გაიყიდა და ახალი მმართველი მოვიდა.
- სკოლას რომ ამბობთ, უნივერსიტეტს გულისხმობთ, რა თქმა უნდა.
- დიახ, “იესემის” უნივერსიტეტი გაიყიდა. საინტერესო გარიგება შედგა. თავიდან ელიტარულ უნივერსიტეტად ითვლებოდა. ცოტა ადამიანი ახერხებდა იქ მოხვედრას და სწავლის დასრულებას, რადგან მოწყობაც და სწავლაც რთული იყო. გაყიდვის შემდეგ, “იესემი” გარდაიქმნა უფრო დიდ უნივერსიტეტად, სადაც ყოფილი დამფუძნებლების ადგილი არ დარჩა. მასშტაბი გაიზარდა და გახდა ის, რასაც დღეს თავისუფალი უნივერსიტეტი ჰქვია. “იესემის” დამფუძნებლებს ეგონათ, რომ ახალ უნივერსიტეტშიც სწავლა მათი იდეებით გაგრძელდებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. ბატონმა ნიკოლოზმაც დატოვა ეს უნივერსიტეტი იმიტომ, რომ მისი და ახალი მმართველების ხედვები განსხვავდებოდა. ეს ნორმალური ამბავია. ამ დროს გადავწყვიტე მასთან შეხვედრა.
- როგორც ვიცი, თქვენ ლექტორი არასდროს ყოფილა.
- არა, ჩემი ლექტორი არ ყოფილა და ყველა მაფრთხილებდა: ძალიან რთული კაცია, თუ არ მოეწონე, ხმას არ გაგცემსო. აღმოჩნდა, რომ ძალიანაც მოვეწონე. მას ჰქონდა კლუბი “Sapienti Sat” ანუ “გამგები გაიგებს”. პერიოდულად კრებდა ადამიანებს. ბოლომდე შეეგუა, რომ რაც ბოლო ოცდაათი წელი აკეთა, ის დასრულდა და ახლა სხვა ადამიანებს უნდა მისცეს ინსპირაცია, მნიშვნელოვან თემებზე დააფიქროს. ხდებოდა ხოლმე, რომ დაგირეკავდა და საფიქრალს დაგიტოვებდა. ინოვაციური იდეები ჰქონდა. ზოგჯერ ფილმს გვაჩვენებდა, ჩვენს აზრს ისმენდა და ცდილობდა, დაგვენახა, რამდენად განსხვავებული აზრები შეიძლება არსებობდეს ერთსა და იმავე საკითხზე.
- თქვენ რა ასაკში იყავით, როცა ერთმანეთს შეხვდით?
- ალბათ, 23-24 წლის ვიყავი. ჩვენი ურთიერთობა დაახლოებით ათი წელი გაგრძელდა.
- შეგიძლიათ, თქვათ, რომ ნიკოლოზ მარკოზაშვილი იყო ყველაზე საინტერესო ადამიანი მათ შორის, ვისაც კი ოდესმე იცნობდით?
- შეიძლება ასეც ითქვას. თუმცა, მე მყავდა გმირი მასწავლებლები, რომლებმაც ჩემი ცხოვრება, თითქოს, სანთლით გაანათეს. მაგალითად, ნათია ჯაფარიძე იყო ასეთი, ჩემი ქართულის მასწავლებელი. ისიც გარდაიცვალა. მთელი ცხოვრება, სადაც მივდიოდი, სულ მხვდებოდა ადამიანი, რომელსაც ჩემი უფრო მეტად სჯეროდა, ვიდრე მე მჯეროდა საკუთარი თავის. ასეთი იყო და არის ზაზა რუხაძეც - ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში. ეს ხალხი ფარად მედგა მთელი ცხოვრება.
- ადამიანში რა გაგრძნობინებთ, რომ ღირსება მისთვის მნიშვნელოვანია?
- პირველ რიგში, ალბათ, როგორ გისმენს. თუ ადამიანი კარგად გისმენს, ესე იგი, შენს ღირსებას აღიარებს, გაგრძნობინებს, რომ მისთვის მნიშვნელოვანია, რას ამბობ. და თუ შენი ღირსება ადამიანისთვის მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, საკუთარი ღირსება მით უმეტეს მნიშვნელოვანი იქნება.
- გმადლობთ, ძალიან საინტერესო პასუხია. რომ შეგეძლოთ, თქვენთვის ძვირფას ადამიანს სამუდამოდ მიანიჭოთ ერთი თვისება ან უნარი, რა იქნებოდა?
- მივანიჭებდი უნარს, რომ მეტ-ნაკლებად ადვილად გადაეტანა უსამართლობა, რომელსაც ცხოვრებაში წააწყდება. მინახავს ადამიანები, რომლების ცხოვრებაშიც რაღაც უსამართლობა მომხდარა და იქ შეფერხებულან, წინ ვეღარ წასულან ამის გამო. მინდა, ჩემთვის ძვირფასმა ადამიანებმა მოცემულობად მიიღონ, რომ ცხოვრება უსამართლოა. ვინც უსამართლობასთან შეჯახებისას ფარ-ხმალს ყრის, შეიძლება, სიცოცხლეშივე მოკვდეს. ამიტომ, მინდა, ადამიანებმა ყველა შემთხვევაში იპოვონ ძალა, რომელიც მათ სიცოცხლის ინტერესს თუ ხალისს დაუბრუნებს.
“არის პერიოდი, როდესაც შეიძლება დაიკარგო შენს თავში.”
- ამბობთ, რომ ბუნებით წამომწყები ხართ და საქმე მანამ გაინტერესებთ, სანამ სტაბილურ განვითარებას მიაღწევს. მიღწეულის შენარჩუნების პროცესში თქვენს თავს ვერ ხედავთ. ოჯახურ ურთიერთობებზე ეს თვისება არ ვრცელდება? ოჯახი ხომ მიღწეულის შენარჩუნებისთვის მუდმივი ძალისხმევაა?
- ოჯახი ერთადერთი ადგილია, სადაც სტაბილურობას უნდა გაუფრთხილდე. საქმეში კი დიდ სიამოვნებას ვიღებ სხვადასხვა მცდელობით. სიტყვა “ცდა” ჩემთვის იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ბესიკ ხარანაულს ვთხოვე, ამ სიტყვაზე რამე დამიწერეთ-მეთქი. უფრო სწორად, პანდემიის შემდეგ პროექტი არსებობდა, რომელიც გულისხმობდა, რომ მარტო მე კი არ ვცადო, სხვებსაც მივცე შესაძლებლობა. და ბატონ ბესიკს შევთავაზე, ერთი სლოგანი დაეწერა. დამირეკა, დავწერეო. დამიბარა თავის სახლში, მთიულეთში და დამახვედრა რვა გვერდი. მერე მივხვდით, რომ მთელი ფილოსოფიაა ამ სიტყვის მიღმა.
- როგორც ვიცი, მომავალ მეუღლესთან თქვენმა შეხვედრამ მთლიანად შეცვალა თქვენი ცხოვრება, რადგან ამერიკაში აპირებდით დაბრუნებას და მის გამო გადაიფიქრეთ. ნამდვილად ასე მოხდა?
- მგონია, რომ სწორ ასაკში შევხვდით ჩემი მეუღლე და მე - პირველი კურსის პირველივე კვირას. არ ვიცი, რა შინაგანი ხმა იყო, მაგრამ ზუსტად ვიცოდი, რომ მასთან ერთად თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ისიც ამას გრძნობდა. მივხვდით, რომ სწორ ასაკში დავიწყეთ ურთიერთობა. დღეს ბევრი ამბობს - თავისუფლებას ისე შევეჩვიე, მიჭირს, ვინმეს გავუყოო. ეს ჩემთვის ძალიან უცნაურია.
- თქვენთვის რომელია სიტყვა, რომელიც მთელი ცხოვრების მეგზურად გამოდგება?
- ალბათ, ღირსება.
- დიდი მადლობა უაღრესად საინტერესო საუბრისთვის. ინტერვიუს დავასრულებთ თქვენი კომენტარით ცნობილი ადამიანების ორ გამონათქვამზე. პირველი ციტატის ავტორია გერმანელი მწერალი ფრანც კაფკა (1883-1924): „არც კი ვიცი, რაიმე საერთო თუ მაქვს საკუთარ თავთან.“
- მგონია, რომ ეს მეც მიგრძნია. არის პერიოდი, როდესაც შეიძლება დაიკარგო შენს თავში და შენში სხვადასხვა ადამიანი ლაპარაკობდეს. იყო დრო, როცა მკაფიოდ ვგრძნობდი - როგორს მხედავდა საზოგადოება, როგორი მინდოდა ვყოფილიყავი და, სინამდვილეში, როგორი ვიყავი. ოღონდ, მგონია, რომ ამ მდგომარეობიდან გამოსავალი არსებობს. შენს თავთან აუცილებლად უნდა გქონდეს საერთო და თუ პრობლემა გაქვს, ამის გადასაჭრელად არსებობენ კარგი ფსიქოლოგები, არსებობს კარგი ლიტერატურა და შეიძლება არსებობდნენ კარგი მეგობრები, რომლებთანაც, უბრალოდ, დალაგდები. მნიშვნელოვანია, რომ ამ გაუცხოების ეტაპზე არ “გაიჭედო”. საკუთარ თავს უნდა გრძნობდე, უნდა იცოდე, ვინ ხარ და რას დაატარებ.
- მეორე ციტატა ეკუთვნის ფრანგ პოეტს - პოლ ვალერის (1871-1945): „სამყაროს მუდმივად ემუქრება ორი საფრთხე: წესრიგი და უწესრიგობა“.
- შეიძლება, ცოტა ბანალურად გამომივიდეს, მაგრამ კარგი მგონია, ეს ორი საფრთხე რომ არსებობს. მათი არსებობა გვასწავლის, რომ დავაფასოთ წესრიგი და უწესრიგობის შიშიც არ გვქონდეს. ზედმეტ წესრიგსაც შეუძლია ადამიანისთვის გამანადგურებელი შედეგები გამოიწვიოს. უწესრიგობაში კი ბევრი ადგილია შემოქმედებისთვის. ნებისმიერ ახალ ეტაპზე გადასვლას სწორედ უწესრიგობა ეხმარება. გოდერძი ჩოხელს აქვს ნათქვამი ერთ ინტერვიუში: “მე ველოდები აღტაცების ხმას, სიხარულისგან აღტაცების ხმას, თითქოს, ბორკილები დაიმსხვრა, უბედურება დამთავრდა; ჭურჭელი, რომელიც ათასგვარი უბედურებით ივსებოდა, გათავისუფლდა.” ეს უწესრიგობა, რაც ჩვენს თავსაც ხდებოდა ბოლო წლებში, ყველანაირი სიგიჟე, რაც გამოვიარეთ, როგორც ერმა - მგონია, დიდი წინსვლის და გამარჯვების ეტაპით შეიცვლება. წვიმას და ჭექა-ქუხილს აუცილებლად მოჰყვება მზიანი ამინდი. ამიტომ, უწესრიგობა სადაც გვეგულება, უნდა გვახსოვდეს, რომ მეორე მხარეს სიმშვიდეა. ეს ორი საფრთხე - წესრიგი და უწესრიგობა - სინამდვილეში, თავის თავში მოიცავს პროგრესს.
ფოტომასალა: ირაკლი გედენიძე

გუნდი
ირაკლი გედენიძე
ზურაბ ქურციკიძე
გიო კუსიანი
გიორგი ურუშაძე
თამთა ყუბანეიშვილი
ნანა ყურაშვილი
ინგა ქორიძე