ინტერვიუს შესახებ
სხვადასხვა დროს, ჩემთვის სანდო რამდენიმე ადამიანმა მირჩია, საინტერესო ხალხს თუ ეძებ, სოფო ტაბაღუა მოიწვიეო.
ვიცოდი, რომ სოფო ტაბაღუა სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპევტია და მასთან სეანსზე მოხვედრის მსურველები გრძელ რიგში დგანან.
რამდენჯერაც სოფოს მონაწილეობით გასული გადაცემები ჩავრთე და მოვუსმინე, იმდენჯერ ვიფიქრე - არა, მე ამ საქმის არაფერი გამეგება და ინტერვიუსთვის წესიერად ვერ მოვემზადები-მეთქი. მერე ვინმე კიდევ მიხსენებდა სოფო ტაბაღუას და ისევ მივუბრუნდებოდი მის მასალას. ასე რამდენჯერმე მოვიფიქრე და გადავიფიქრე სხეულზე ორიენტირებულ თერაპიაზე საუბარი.
ბოლოს, რატომ გავრისკე, არ ვიცი. ალბათ, სოფოს ავტორიტეტმა თავისი გაიტანა. ჩვენი შეხვედრის და საუბრის შედეგმა კი მართლა გამაოცა: იშვიათია, ერთ ინტერვიუში ადამიანმა ამდენი ახალი და სასარგებლო ინფორმაცია მიიღო, თანაც, ემოციურად ასე ისიამოვნო ურთიერთობით.
ტელევიზია რესპონდენტს ყოველთვის დროში ზღუდავს, ჩემი ფორმატი კი სოფო ტაბაღუას ყაიდის ადამიანზე ზედმიწევნით მორგებული აღმოჩნდა.
და, საბედნიეროდ, კიდევ ერთხელ (მერამდენედ!) გამიჩნდა განცდა - აი, ვის პროფესიონალიზმზე და ადამიანობაზე დგას დღევანდელი საქართველო!
ია ანთაძე
- ქალბატონო სოფო, თქვენ ძალიან მაღალი რეპუტაცია გაქვთ, როგორც ფსიქოთერაპევტს. როგორ ფიქრობთ, ჩვენს საზოგადოებაში რეპუტაციას მოარული ხმები ქმნის, თუ ადამიანების პირადი გამოცდილება?
- შეიძლება ითქვას, რომ ჩემი ცხოვრება არასდროს ყოფილა ორიენტირებული მარკეტინგულ გათვლაზე. მთელი ცხოვრება პაციენტებთან ვმუშაობ და, ალბათ, ადამიანები გრძნობენ, როცა ნამდვილად გაინტერესებს ისინი, ნამდვილად მათზე ზრუნავ. რეპუტაციაზე არ მიფიქრია, არაფერი გამიკეთებია იმისთვის, რომ უფრო “მოთხოვნადი” ვყოფილიყავი. ბუნებრივად ასე მოხდა - ყოველთვის კაბინეტში ვარ ჩაკეტილი, პაციენტთან ვარ, კლიენტთან ვარ… ყოველთვის ვუფრთხილდები მათ რეპუტაციას. ჩემთვის ადამიანის ამბავი არასდროს ყოფილა სენსაცია, სადღაც მოსაყოლი და გასაზიარებელი.
- კლიენტიც ახსენეთ და პაციენტიც. მინდოდა, მეკითხა - რა განსხვავებაა მათ შორის?
- სხვადასხვანაირად შეიძლება მოვიხსენიო ხოლმე. ექიმი ფსიქიატრი ვარ და, ამავე დროს, ვარ ფსიქოთერაპევტი. არის შემთხვევა, როცა ადამიანი სესიაზე სიმპტომით მოდის. მაგრამ არის სხვა ადამიანი, რომელსაც გამოხატული სიმპტომები არ გააჩნია და მასთან ვმუშაობ არა როგორც ექიმი, არამედ, როგორც ფსიქოთერაპევტი. ექიმის და ფსიქოთერაპევტის სტატუსი გულისხმობს, რომ ჩემთან მოსული ადამიანების ნაწილი პაციენტია, ნაწილი - კლიენტი.
- ესე იგი, ჩივილებს გააჩნია?
- ქართულ ენაში არის ეს სირთულე - როგორ მოვიხსენიოთ ადამიანი, რომელიც ფსიქოთერაპიულ სერვისშია. ინგლისურენოვანი სამყარო მას არქმევს კლიენტს. საქართველოში სიტყვა “კლიენტს” ხშირად არასამედიცინო დატვირთვა აქვს. კლიენტი არსებობს სტილისტთან, ბანკში, მარკეტში… ამიტომ, სპეციალისტები სერვისის მომხმარებლებს ხშირად პაციენტებად მოიხსენიებენ, რაც შეცდომა არ არის.
- ბოლო წლებში, ძირითადად, სხეულზე ორიენტირებულ თერაპიაზე ხართ კონცენტრირებული. თქვენთან დახმარების თხოვნით მოსული ადამიანები სწორედ სხეულზე ორიენტირებულ თერაპიას გადიან. რატომ არის ამდენი ადამიანი დაინტერესებული, რომ პირადად თქვენთან გაიაროს ფსიქოთერაპია? რას აძლევთ ადამიანებს ისეთს, რასაც, მაგალითად, სხვა ფსიქოთერაპევტებისგან ვერ მიიღებენ?
- ახლა რასაც მეუბნებით, ძალიან უცხოდ მხვდება ყურში. მგონია, რომ სხვა ადამიანზე ლაპარაკობთ. ეს ჩვეულებრივი მოთხოვნაა, როგორსაც ფსიქოთერაპიის ნებისმიერ სხვა სერვისში ნახავთ. მაგალითად, გეშტალტის სკოლასაც ასევე ითხოვს მსოფლიო და ქართული საზოგადოება. ერთადერთი, ის შემიძლია ვთქვა, რომ სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპია სამყაროსთვის ახალი დარგი არ არის, მაგრამ ბოლო რამდენიმე ათწლეულია, უფრო მეტად განვითარდა ჩვენი დარგის სხვადასხვა მიმდინარეობა. ნეირომეცნიერებამ რევოლუციური ცვლილებები მოახდინა და შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის “ვალიდიზაცია” (დადასტურება) სწორედ ნეირომეცნიერებიდან მოდის.
- სხვადასხვა მიმდინარეობა ახსენეთ და, მაგალითად, რა მიმდინარეობებია?
- ეს შეიძლება იყოს ვეგეტოთერაპია, ბიოენერგეტიკა, მოძრაობით თერაპია და ა.შ. სხეულზე ორიენტირებული თერაპია მხოლოდ სხეულთან უშუალო შეხებას არ მოიცავს. სხეულის გაცნობიერება, სხეულის სიმპტომის პოვნა, მისი მიზეზის, თუნდაც, ისტორიის გააზრება, სიმპტომის დამუშავება… ეს ყველაფერი შეიძლება გააკეთო როგორც საუბრით, ასევე - მოძრაობით, რადგან მოძრაობაში დიდი ენერგიაა. მაგალითად, თუ ჩემი ხელის კუნთში ტკივილს ვგრძნობ, მოძრაობაში ამ ხელს შეუძლია, ამბის მოყოლაში დამეხმაროს. თერაპიის პროცესში, მოძრაობა გვეხმარება, რომ სიმპტომი ავალაპარაკოთ, მისი წარმოშობის ისტორიამდე მივიდეთ. ჩვენი ემოციური ამბები ჩვენი გამოცდილებებია და სხეული - განსაკუთრებით, კუნთები - არის ადგილი, რომელიც ამ გამოცდილებებს ინახავს. გამოცდილება პოზიტიურიც არის და ნეგატიურიც. წუხილიანი, ტრავმული ამბავი, რომელშიც რთული ემოციებია კონსერვირებული, როგორც წესი, სიმპტომად ყვირის სხეულის შესაბამის ნაწილში.
- როცა ადამიანი თქვენთან მოდის დახმარებისთვის, მას რაიმე განსაკუთრებული ჩივილი აქვს? რატომ არ მიდის, მაგალითად, ფსიქოანალიტიკოსთან, რომელიც სიტყვით მკურნალობს? ან რატომ არ მიდის არტთერაპევტთან, რომელიც გრძნობების გავლით მკურნალობს? რატომ ფიქრობს, რომ უმჯობესია, სხეულის გავლით იმკურნალოს? საერთოდ, თქვენ როგორ გირჩევენ?
- ხშირად ხდება, რომ თვითონ სიმპტომი გვირჩევს. ხშირად სიმპტომია ის ხიდი, რომელიც პაციენტსა და სხეულზე ორიენტირებულ ფსიქოთერაპევტს ერთმანეთთან აკავშირებს. შეიძლება, პაციენტს უკვე არაერთი თერაპიული კაბინეტი და მეთოდი ჰქონდეს მოვლილი, სანამ ჩვენთან მოვა. ჩვენ, სპეციალისტები, ერთმანეთსაც ვუგზავნით პაციენტებს. ჩემი კოლეგა, რომელიც სხვა მეთოდით მუშაობს, თუ თავის ნაწილს ამოწურავს და ამბობს, რომ მის კლიენტს ახლა სხვა ტიპის დახმარება სჭირდება, შეიძლება, ჩემთან გამოგზავნოს. არც ის არის გამორიცხული, რომ პირდაპირ ჩემთან მოვიდეს პაციენტი. თანამედროვე სამყაროში იმდენი ინფორმაციაა ხელმისაწვდომი, ზოგჯერ ადამიანები თვითონ ირჩევენ სხეულზე ორიენტირებულ თერაპიას.
- თუ ხდება, რომ არა ფსიქოთერაპევტი, არამედ ექიმი აგზავნის თქვენთან პაციენტს?
- წარმოიდგინეთ, რომ ადამიანს კუჭის არეში აქვს ტკივილი, რომელსაც გასტროენტეროლოგთან ერთად ამუშავებს, მაგრამ ტკივილი არ გადის. ჩატარებული აქვს ყველა პროცედურა - გამოკვლევები იქნება თუ დანიშნულება. ტკივილი მაინც მასთან ცხოვრობს. და ექიმი სთავაზობს: ფსიქოლოგიური სერვისი ხომ არ გჭირდებათ? ასეთ დროს, სხეულზე ორიენტირებული თერაპია ძალიან სწრაფ პასუხს გასცემს პაციენტის სიმპტომს; სწრაფი ხიდით მივა იმ სიმპტომთან და იპოვის მიზეზს, რატომ მოხდა ამ ადგილის სიმპტომად გარდაქმნა - რატომ ყვირის კუჭი? რის შესახებ ლაპარაკობს?
“ადამიანი მთლიანი პროცესია, საკუთარი უნიკალური გამოცდილების ჭურჭელია.”
- თვითონ პაციენტებისთვის არის თუ არა თქვენთან, როგორც სხეულზე ორიენტირებულ ფსიქოთერაპევტთან, ურთიერთობა უფრო ადვილი, უფრო რბილი, ვიდრე ფსიქოანალიტიკოსთან, რომელთანაც, როგორც წესი, რთულ გზას გადის?
- კი და არა - ორივე პასუხი სწორია. ზოგჯერ ადამიანი მზად არის საუბრისთვის და შეიძლება, გაუთავებლად - წლების განმავლობაში ილაპარაკოს; მაგრამ, შეიძლება, საერთოდ არ იყოს მზად შეხებისთვის და სხეულთან არ მიგიშვას.
- თქვენ გიწევთ სხეულთან შეხება?
- დიახ, გვიწევს. არის ისეთი ტექნიკები და სავარჯიშოები, რომლებიც გულისხმობს, რომ უშუალოდ ვეხებით პაციენტის სხეულს. მაგრამ, მაგალითად, სექსუალური ძალადობის გამოცდილება ძალიან დიდი ტრავმაა. ასეთივეა წამებისა და არაჰუმანური მოპყრობის გამოცდილება. ამ შემთხვევებში, პაციენტი ძალიან ფხიზელია შეხების მიმართ და მის სხეულთან უაღრესად ფაქიზად უნდა მიხვიდე. ნებისმიერი შეხება, შეიძლება, მასთან ძალადობრივ იმპულსად მივიდეს. წარმოიდგინეთ, როგორი განსხვავებული უნდა იყოს ასეთ პაციენტთან შეხება, დროში რამდენად სწორად უნდა იყოს გათვლილი, რომ მან ძალადობად და შეჭრად არ აღიქვას. შესაბამისად, ვერ იტყვი, რომ სხეულზე ორიენტირებული თერაპია ყოველთვის და ყველასთვის დასაშვებია. ხშირად, რამდენიმე თვე ვმუშაობ პაციენტთან და მის სხეულთან შესახვედრად ვემზადები. როცა ვიგრძნობ, რომ სხეული მზად არის სხვა ეტაპზე გადასასვლელად, მაშინ ვიწყებთ კონკრეტული ტექნიკების გამოყენებას.
- ჩვენ ვიცით, რა არის სხეულის ენა. სხეულის ენაზე მომუშავე სპეციალისტები, თითქოს, წიგნივით კითხულობენ ადამიანს. ამის შესახებ დეტექტიური ჟანრის ფილმები და სერიალებიც კი არსებობს. თქვენც ამბობთ, რომ „სხეული ფანჯარაა, რომელსაც ვაკვირდებით, რომ ადამიანის ცხოვრება დავინახოთ.“ რა განსხვავებაა სხეულის ენის ფლობასა და სხეულზე ორიენტირებულ თერაპიას შორის?
- ჩვენ, სხეულზე ორიენტირებული თერაპევტები, სხეულს ჰოლისტურად, მთლიანობაში ვაკვირდებით და არა ცალკეულ დეტალებს - ადამიანმა ხელი ცხვირისკენ წაიღო და ეს ამას ნიშნავს; თვალი მარჯვენა ზედა კუთხისკენ გაწია და ეს ამას ნიშნავს… ჩვენთვის ამგვარი მინიშნებები არასანდოა, ვინაიდან ადამიანი მთლიანი პროცესია, საკუთარი უნიკალური გამოცდილების ჭურჭელია. როდესაც პაციენტი სესიაზე მოდის, რა თქმა უნდა, ყველაფერი მნიშვნელოვანია - სხეულის როგორი კონფიგურაცია აქვს, როგორ ზის, როგორ გასაუბრება, როგორი ხმით ლაპარაკობს… ხმა ადამიანის ერთ-ერთი ორგანოა, ხმასაც კი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
- ხმაში რას გულისხმობთ? ტემბრს?
- არამარტო. ერთ რამეს გაგიზიარებთ.
მისი ხმა, ისევე, როგორც მისი სხეული, იმგვარად განვითარდა, როგორც მისი ცხოვრების ისტორია. ძალიან ხშირად, რამდენიმე სესიის განმავლობაში ვმუშაობთ, რომ ადამიანმა ტემბრი გაზარდოს და, ვთქვათ, მოძალადე პარტნიორს ხმამაღლა უთხრას: “არა, ეს ასე არ არის! არა, არ მინდა! არა! გაჩერდი!” პირველ რიგში, თვითონ უნდა გაიგონოს საკუთარი ხმა და მისი ვიბრაცია იგრძნოს.
- ნათქვამი გაქვთ, რომ სხეული არ იტყუება. გონებას კი, თუ მე სწორად მესმის, ბევრი დამბლოკავი მექანიზმი აქვს. არის თუ არა თვითონ ფსიქოთერაპევტისთვის უფრო ადვილი მიზნამდე (ვთქვათ, ტრავმამდე) სხეულით მისვლა, ვიდრე გონების გავლით, ანუ ფსიქოანალიზით?
- ამაში დაგეთანხმებით. სხეულზე ორიენტირებული თერაპია ძალიან სწრაფ გზად არის ცნობილი. მაგალითად, ტრავმასთან სხეულზე ორიენტირებული თერაპიით უფრო იოლად მივდივართ - რა თქმა უნდა, პროტოკოლების გათვალისწინებით, რომ პაციენტის რეტრავმატიზაცია არ გამოვიწვიოთ. სხეული ბრძენია, ჩვენზე ბევრად ჭკვიანია და ჩვენს კოგნიტურ ნაწილზე ბევრად უფრო ძველია.
- ამაზე არ მიფიქრია.
- ჩვენ ადამიანად გვაქცევს ნეოკორტექსი - ტვინის ქერქის ნაწილი, რომელიც უმაღლეს სააზროვნო ფუნქციებს უზრუნველყოფს. ნეოკორტექსის მეშვეობით ვიცი, რომ მე მე ვარ, რომ დედუქცია და ანალიზი შემიძლია… ჩვენი ფილოსოფიური ადგილი და სამყაროს წვდომის ადგილი ნეოკორტექსია, რომელიც ევოლუციურად მოგვიანებით ჩამოყალიბდა. სხეულებრივი ნაწილი კი ისეთი ძველია… ეს ძველი სტრუქტურა უფრო მეტ ინფორმაციას იტევს და ინახავს, ვიდრე მოაზროვნე ტვინი. ახლა კაცობრიობაზე ვლაპარაკობთ, მაგრამ ერთი კონკრეტული ადამიანის განვითარებაც რომ წარმოვიდგინოთ - ნაყოფის, რომელიც დედის სხეულში არსებობს და, კლასიკურად, ცხრა თვე იზრდება: მას უკვე თავისი სომატური მეხსიერება აქვს - საფრთხის განცდა, სიამოვნების განცდა. განცდები აქვს და აზრები - ჯერ არა, რადგან ნეოკორტექსი ამ დროს ძალიან სუსტია, ჩამოსაყალიბებელია.
- დედის სხეულში მყოფი ნაყოფი იმახსოვრებს ამ საფრთხის და სიამოვნების განცდას?
- რა თქმა უნდა. ჩვილს ახსოვს ნაყოფობის პერიოდის გამოცდილება, განსაკუთრებით - ბოლო ტრიმესტრის.
- ეს მეცნიერებამ როგორ დაადგინა?
- ფიზიოლოგიის, ბიოლოგიის, ნეიროგანვითარების საშუალებით დაადგინა. ახლა ძალიან მოდურია და ბევრი კვლევა ტარდება როგორც ნეირომეცნიერების, ისე ფსიქოლოგიის დარგში. კვლევებიც და ადამიანზე დაკვირვებაც გვეუბნება, რომ ორსულობის პერიოდის გამოცდილებები ძალიან მნიშვნელოვანია. პლაცენტა ის ორგანოა, რომელიც ნაყოფს დედასთან აკავშირებს. მას არა მხოლოდ მკვებავი, არამედ, ბარიერული ფუნქციაც აქვს: პლაცენტის გამო, ტოქსინები ნაყოფამდე არ აღწევს. ერთადერთი, რისგანაც პლაცენტა ნაყოფს ვერ იცავს - კორტიზოლი, ანუ სტრესია. თუ დედასთან მაღალი სტრესული ენერგიაა, ის ნაყოფთანაც მიდის. თუ დედას რთული გამოცდილებები აქვს, მუცლად ყოფნის პერიოდში ნაყოფი ამ ინფორმაციას ჭიპლარით იღებს. შესაბამისად, ნაყოფს მუცლით მიეწოდება ინფორმაცია სამყაროდან. მთელი ჩვენი შფოთვები, გაუაზრებელი წუხილები, რომლებიც გამოცდილებაში გვქონდა მანამ, სანამ ნეოკორტექსი ჩამოყალიბდებოდა, ზრდასრულობის პერიოდშიც მოგვყვება, როგორც გაუცნობიერებელი შეგრძნებები, შიშები, შფოთვები მუცლის არეში.
- შიშებს აუცილებლად დავუბრუნდებით, მაგრამ მანამდე სხვა კითხვა მაქვს: ყველა ადამიანი, ვინც თქვენთან დახმარებისთვის მოდის და, ესე იგი, მეტ-ნაკლებად მზად არის შეხებისთვის - ექვემდებარება თუ არა სხეულზე ორიენტირებულ მკურნალობას? თუ ასეთი რამ არ არსებობს, რომ ადამიანს ვერ დაეხმაროთ?
- როგორ არ არსებობს? სხეულზე ორიენტირებული თერაპევტები, ძალიან ხშირად, კოლეგების დახმარებას მიმართავენ ხოლმე, როცა კლიენტს სხვა ტიპის საჭიროება აღმოაჩნდება. პირადად მე ძალიან მიყვარს კოლაბორაციული მუშაობა, გუნდის განცდა და ამ სერვისში სხვა ადამიანების შემოყვანა, რომ კლიენტს მხოლოდ ერთი მოკავშირე არ ჰყავდეს. თუ საჭიროებას ვხედავ, ძალიან ღია ვარ გაზიარებისთვის, ან პაციენტის სხვა თერაპიულ სერვისში გადამისამართებისთვის.
“ყბა აგრესიულობის, რისხვის, გამოუხატავი განრისხების, ბრაზის, დაუღეჭავი ინფორმაციის შემნახავია.”
- შემდეგი კითხვა მხოლოდ იმიტომ დამებადა, რომ თქვენ საუბრობდით ამ თემაზე. ადამიანების უმრავლესობას არ გვაქვს ჩვევა, რომ საკუთარ სხეულს ყურადღებით მოვეკიდოთ, მოვუსმინოთ მას. მაგრამ გვაქვს ბევრი მეტაფორა, რომლებსაც ჩვეულებრივ ვიყენებთ საუბრისას. სულ რამდენიმეს ჩამოვთვლი, რომლებიც უცებ გამახსენდა: ზურგში დანა ჩამარტყა, წელში გავწყდი, თვალებში ვერ შევხედე, მხრებზე დამაწვა, გულზე ლოდი დამედო, ნაღველი შემომაწვა, ფეხქვეშ მიწა გამომეცალა, ხელები ჩამოვყარე; ხერხემლიანი ადამიანია; თვალები გაუნათდა; გულზე მოეშვა... რატომ გაჩნდა ამდენი მეტაფორა იმის აღსაწერად, თუ როგორ უკავშირდება ჩვენი გრძნობები ჩვენს სხეულს?
- ერთია, რომ თერაპევტის ყური ამგვარ გამოთქმებს ძალიან მახვილად ისმენს; მაგრამ ჩემი ყური საკმარისი არ არის. სადიაგნოსტიკოდ ჩემთვის მნიშვნელოვანია, თქვენ როგორ მოიხსენიებთ თქვენს სხეულს, რას მოჰყვებით თქვენი სხეულის შესახებ, როგორ მეტაფორებს გამოიყენებთ. მეორეა, ადამიანი თვითონ როგორ აცნობიერებს მეტაფორულ კომუნიკაციას. ჩვენ კლიენტს ვასწავლით, რომ ყურადღება მიაქციოს, როგორ გამოხატავს თავის სიმპტომებს - რომ მასთანაც გაჩნდეს “მახვილი ყური”. ადამიანი, როგორც წესი, არ აკვირდება, მეტაფორებით როგორ აკავშირებს თავის გრძნობებს სხეულთან. მაგალითად, ახალგაზრდა ქალს ჰქონდა საშინელი თავბრუსხვევა - ვერტიგო. საუბრისას ხშირად ამბობდა ადამიანებზე ან მოვლენებზე: აი, თავბრუ დამახვია - ხელმძღვანელმა თავბრუ დაახვია, მეგობარმა სთხოვა სადღაც წაყოლა, მერე კიდევ სადღაც წაიყვანა და თავბრუ დაახვია… მისი ეს სიტყვა, სინამდვილეში, მისი სიმპტომის კარია. ძალიან ხშირად ჩვენივე სხეულთან დაკავშირებით ისეთი ბინდი გვაქვს ხოლმე გადაკრული, რომ არც ვიცით, რამდენჯერ ვახსენებთ ჩვენს სიმპტომს.
- გამოდის, ადამიანი, რომელსაც სომატურადაც ჰქონდა თავბრუსხვევის განცდა, ამავე დროს, ყველაფერზე, რაც არ მოსწონდა, ამბობდა, რომ თავბრუ დაახვია.
- კი ბატონო. და წარმოიქმნა ნევროლოგიური სიმპტომი, რომელიც, სინამდვილეში, ნევროლოგიური კი არ იყო, არამედ, იყო ფუნქციური ვერტიგო, ანუ სიმპტომი, რომელსაც ნევროლოგიური მიზეზი არ გააჩნია. აქ არის ძალიან ძლიერი სხეულზე ორიენტირებული თერაპია, თორემ, ორგანული ჩივილების შემთხვევაში, მხოლოდ დამხმარე საშუალებაა. იქ ექიმი სომატოლოგია მთავარი, ფსიქოთერაპია კი ეხმარება, რომ არსებული სიმპტომის კიდევ ზედმეტი ფენები არ წარმოიქმნას. თუ ართრიტული სახსრები გაქვს, ეს ქრონიკულ ტკივილს ბადებს და ამ მტკივნეულ სხეულთან ერთად ცხოვრობ. შესაბამისად, სხეულზე ორიენტირებული თერაპია პირველადი სამკურნალო საშუალება ვერ იქნება, მხოლოდ დამხმარეა, რომ სახსარზე დამატებითი ემოციური ტვირთი მოიხსნას. თერაპიის შემდეგ, ობიექტური ტკივილიც კი შეიძლება შემცირდეს.
- თუ გავაცნობიერებ და, მაგალითად, დღეში ხუთჯერ არ ვიტყვი, რომ მხრებზე ამდენი საქმე დამაწვა… ამდენი ადამიანის ტვირთი მხრებზე მადევს… შეიძლება, თავი უკეთესად ვიგრძნო?
- ყბის სახსრის მაგალითზე გეტყვით. ყბა ერთადერთი მოძრავი ადგილია ჩვენს ქალაზე. საერთოდ, ღეჭვა ცხოველური აქტია. ადამიანი ღეჭვას ექვსი თვიდან იწყებს, როცა პირველი კბილი ამოსდის. ბავშვში, ღრძილებიან არსებაში, ჩნდება მტაცებელი და, შესაბამისად - აგრესია. ყბა აგრესიულობის, რისხვის, გამოუხატავი განრისხების, ბრაზის, დაუღეჭავი ინფორმაციის შემნახავია. ზუსტად ამის გამო, მოსახლეობის დიდ პროცენტს აქვს ყბის სახსრის პრობლემა. თუ ექიმის მიერ დასმულია დიაგნოზი, რომ ყბის სახსარი ნამდვილად ართრიტულია, რა უნდა ქნას სხეულზე ორიენტირებულმა თერაპიამ? მხოლოდ ის, რომ არსებულ კუნთს სპაზმის მოხსნაში დაეხმაროს; ყბა ვერბალურ-აგრესიული მუხტისგან დაცალოს და დაუტოვოს თავისი ბუნებრივი - ღეჭვის და საუბრის - ფუნქცია. შესაბამისად, ტკივილი ამ დროს იკლებს.
- სხვა თემაზე მინდა, გადავიდეთ. ადამიანები ერთმანეთს ხშირად ვეკითხებით: „რას ფიქრობ ამა და ამ საკითხზე?“ ეს კითხვა ნიშნავს, რომ ადამიანის ღირსებას პატივს სცემ, მისი აზრი გაინტერესებს. მაგრამ, თითქოს, ტაბუ ადევს კითხვას: „რას გრძნობ ახლა?“, ან „რას გრძნობდი ამა და ამ მომენტში?“ ჩვენს კულტურაში ადამიანი სხვას კი არა, საკუთარ თავსაც არ უსვამს მსგავს კითხვებს. ამ მოვლენას როგორ ხსნით?
- გრძნობების გამოვლენა სისუსტეა. როცა გრძნობაზე ვლაპარაკობთ, ჩვენი პიროვნების ყველაზე სუსტი ნაწილი გამოგვაქვს საჯაროდ. მეშინია… სასოწარკვეთილი ვარ… დაუცველი ვარ… უძლური ვარ… ეს ძალიან ფაქიზი გრძნობებია. იოლია, ფიქრად გადააქციო, მაგალითად, დაარქვა, რომ რაღაც მოვლენა საფრთხის შემცველია. მაგრამ მე როგორ ვგრძნობ თავს საფრთხის პირისპირ, - ეს ჩემი მოწყვლადი ნაწილის გარეთ გამოტანაა.
- ამიტომ, ერთმანეთს გრძნობების სფეროში არ ვეჭრებით?
- დიახ, კულტურაც ამას განაპირობებს. სხვათა შორის, ახლა ძალიან კარგი ტალღა წამოვიდა - მშობლები, აღზრდის პროცესში, უფრო ხშირად ეკითხებიან ბავშვებს მათი გრძნობების შესახებ. აღზრდის საბჭოთა სტილში, ეს, რა თქმა უნდა, არ იყო. ბავშვს ვინ ეკითხებოდა, რას გრძნობდა?
- ეს ნიშნავს, რომ რაც მეტი ღიაობა დაინერგება საზოგადოებასა და ურთიერთობებში, მით მეტად მოეხსნება ტაბუ გრძნობების გამოთქმასა და გაზიარებას?
- გრძნობებზე საუბარი ძალიან ჰუმანური და ინტიმურია. ალბათ, ადამიანი, ზოგადად, მზად არ იყო ამხელა ინტიმურობის და დაუცველობის გასამხელად. ახლა გარემო უფრო მეტად ჰუმანური ხდება, იმის მიუხედავად, რომ სამყაროში ბევრი ომი და სისასტიკეა.
- იმიტომ, რომ, მთლიანობაში, ცალკეული ადამიანის მნიშვნელობა გაიზარდა. ეს ძალიან კარგი ახსნა იყო, რომ გრძნობების გაზიარების შინაგანი აკრძალვა ჩაკეტილი საზოგადოებიდან მოგვყვება.
- აუცილებლად. ნახეთ, რა მოხდა ფეხბურთთან დაკავშირებით 26 მარტს?
- საინტერესოა, თქვენი ხედვით, რა მოხდა?
- დიახ, თანაც, რაიმე უხერხულობის გარეშე.
- დიახ, რამდენი ატირებული მამაკაცი ვნახეთ. სად გვინახავს ამდენი გახარებული მამაკაცის ტირილი? ტირილი ხომ სისუსტეა?! სიხარულის ასეთი გამოხატვაც ხომ სისუსტეა?! თითქოს, ნორმალიზდა ეს სისუსტე.
- წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა არამარტო იმან, რაც მინდორზე მოხდა, არამედ იმან, რაც მატჩის დასრულების შემდეგ ვნახეთ და განვიცადეთ.
- დიახ, რაც დაგვემართა, რაც გამოვხატეთ, ამან მოახდინა შთაბეჭდილება. თორემ ფეხბურთი მოედანზე დამთავრდა. განგრძობით დროში რაც წამოვიღეთ, ამ ტალღის ყურება იყო ძალიან საინტერესო.
- თვითონ ფეხბურთელებმაც ბოლომდე გამოხატეს თავისი გრძნობები და სხვებს ამის მაგალითიც აჩვენეს. ის, რაც ტაბუირებული იყო, უცებ ლეგიტიმური, შესაძლებელი და ნორმალური გახდა.
- დიახ, ჩვენ ამას ვუყურებდით და ამაში ვმონაწილეობდით.
“სწრაფ განვითარებაში, დიდ პოზიტივთან ერთად, გარკვეული საფრთხეებიც დევს.”
- თქვენ სულ მოუწოდებთ ადამიანებს, რომ მეტი ყურადღება გამოიჩინონ საკუთარი სხეულის მიმართ. იმასაც კი ამბობდით, რომ შეგვიძლია, ჩვევად ვაქციოთ საკუთარი სხეულის დათვალიერება, „ნათურის ანთება“ ჩვენ შიგნით. თანამედროვე ეპოქაში, სწრაფი ცვლილებებით გადაღლილ ადამიანს, აქვს თუ არა უნარი, რომ მუდმივად კონცენტრირებული იყოს, თუნდაც, საკუთარ სხეულზე?
- დღეს ადამიანს აქვს დიდი გამოწვევა, რომ გახლეჩილი აღმოჩნდეს საკუთარ სხეულთან. ადრე სხვანაირად ცხოვრობდნენ. ჩემი თაობის ბავშვები “რეზინობანას” და “წრეში ბურთს” ვთამაშობდით - რამხელა სხეულებრივი აქტები იყო. ეს ხომ აღარ არის? ცუდი-კარგის კონტექსტში არ ვლაპარაკობ. მე თვითონ ვგიჟდები ტექნოლოგიებზე. ჩატ ჯიპიტი (Chat GPT) რომ არსებობს, ისეთი ბედნიერი ვარ… მაგრამ სწრაფ განვითარებაში, დიდ პოზიტივთან ერთად, გარკვეული საფრთხეებიც დევს. დღევანდელი საზოგადოება გახლეჩილობის ზღვარზეა. ფეხისგულით ბალახს ვეღარ ვეხებით, არ ვთოხნით, სიმინდს ფუჩეჩს არ ვაცლით, ბამბის ქულებს არ ვამუშავებთ საკუთარი ხელით. ჩვენი აქტივობები თითქმის მთლიანად გონებრივი და ვირტუალურია. ეს, რა თქმა უნდა, საკუთარი სხეულებრივი შეგრძნებებისგან გაუცხოებას იწვევს. და არა მხოლოდ საკუთარ თავთან, ერთი ადამიანი მეორე ადამიანთან არის გახლეჩილი სხეულებრივად. შეიძლება, წლები ვიმეგობროთ ისე, რომ ერთმანეთი ვეღარ ვნახოთ, ერთმანეთს ხელი არ ჩამოვართვათ.
- მახსოვს, პანდემიის დროს, ყველაზე ხშირად ეს ფრაზა ისმოდა: “როდის ჩავეხუტებით ერთმანეთს?!”
- რაც უფრო გახლეჩილ გარემოში ვცხოვრობთ, უფრო მეტად უნდა მოვუსმინოთ ჩვენს სხეულს, მეტი ყურადღება უნდა დავუთმოთ სხეულებრივ გაცნობიერებას. აღარ ვართ მინდვრად, აღარ ვქსოვთ და აღარ ვკერავთ, მაგრამ განა იგივე სხეული არ გვაქვს? ამ მხრივ, რა შეიცვალა? შეიცვალა მხოლოდ ადამიანის საქმიანობა და ცხოვრების სტილი. და ჩვენი ნერვული სისტემა ითხოვს რეგულაციას.
- ადამიანის გამოფიტვა, გადაწვა, ვთქვათ, იმის გამო, რომ ძალიან ბევრს შრომობს, პირველ რიგში, გონებრივად, - უკავშირდება თუ არა სხეულს? როცა ადამიანს უჩნდება აზრები: “არაფერი აღარ მინდა. რა მნიშვნელობა აქვს, რას ვაკეთებ?” შესაძლებელია თუ არა, ამ პრობლემის მოგვარება სხეულის გავლით?
- ეს რომ მარტო აზრი იყოს გამოფიტვის შესახებ, მაშინ აზრობრივი აქტივობები დაეხმარებოდა - პირობითად, “გამორთე კომპიუტერი და აღარ იმუშაო!” მაგრამ ეს მარტო აზრი არ არის. ამ გამოფიტულობის აზრების მიღმა, ადამიანს ასეთი მეტაფორები მოაქვს: “გამოწურული ლიმონივით ვარ”, “მოვლასლასდი”, “სხეულს ვერ ვწევ დილით საწოლიდან”… როგორ შეიძლება, სხეულებრივ კომპონენტს არ მოუარო და პროფესიული გადაწვის პრობლემა ამის გარეშე მოაგვარო? მარტო “აიღე შვებულება!” გამოსავალი არ არის. შვებულებაც უნდა აიღო და, თუნდაც, მეტი “გაწელვა” გააკეთო, უფრო მეტად დაიტყაპუნო ხელები შენს სხეულზე, უფრო მეტად გაგორდე მინდორზე…
- ფობია - აკვიატებული შიში - არის თუ არა დაკავშირებული სხეულთან? მე, მაგალითად, ძაღლის მეშინია და როგორც კი ძაღლს ვხედავ, ფეხები გარბის, სხეული კი მექანიკურად იკუმშება. სხეულის გავლით თუ არის შესაძლებელი ფობიების მკურნალობა?
- ჩვენ ახლა სპეციფიკურ ფობიებზე ვსაუბრობთ. ნახეთ, როგორ აღწერეთ ეს სპეციფიკური ფობია: ფეხები გარბის. ეს რას ნიშნავს? ჩვენი ნერვული სისტემა ორ ნაწილად იყოფა. პირველია ცენტრალური ნერვული სისტემა, თავის ტვინი, რომელმაც იცის, რომ ძაღლი საშიშია, რომ ცოფი არსებობს და ასე შემდეგ… მეორეა პერიფერიული ნერვული სისტემა, რომელსაც ორი წნული აქვს რეაქციისთვის: სიმპატიკა, რომელიც აჩქარებს და პარასიმპატიკა, რომელიც ანელებს. როცა ამბობთ, რომ ფეხები გარბის, პირდაპირ აღწერთ სიმპატიკურ აქტივაციას - სხეული ცდილობს, საფრთხეს გაექცეს. არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ: “სისხლს დავინახავ თუ არა, გული მიმდის.” ეს პარასიმპატიკური რეაქციაა, რომელიც განელებს, უღონობას იწვევს. ჩვენ, სხეულზე ორიენტირებული თერაპევტები, ვცდილობთ, პაციენტს ვასწავლოთ საკუთარი ნერვული სისტემა, საკუთარი ფიზიოლოგია - რა შემთხვევაში გარბის სხეული და როდის შეშდება. შესაბამისად, ვცდილობთ, რომ მათ რეგულაციაში დავეხმაროთ.
- ჩემს სიმპატიკურ რეაქციას რომ გავაცნობიერებ, ეს დამეხმარება, რომ ქცევა შევცვალო?
- საკუთარი სხეულის პასუხი გეცოდინებათ. თორემ, გონებით ახლაც იცით, რომელი ძაღლია საშიში და რომელი - არა; და რომ თქვენი პასუხი-რეაქცია გადაჭარბებულია. სხეულზე ორიენტირებული თერაპია გამეცადინებთ, რომ თქვენივე ფიზიოლოგიური პროცესები უკეთ მართოთ. თერაპევტი პაციენტს სხვადასხვა ტექნიკით ასწავლის, რომ თვითონ გახდეს თავისი ფიზიოლოგიური პროცესების ავტორი.
- ტატუზე მინდა, გკითხოთ. თქვენთვის, როგორც სხეულზე ორიენტირებული თერაპევტისთვის, ტატუ არის თუ არა სხეულის მიმართ განსაკუთრებული ყურადღების ნიშანი? ან არის თუ არა რაიმე პრობლემის ნიშანი?
- ზოგადად, ტატუ მიყვარს. ჩემი პირადი დამოკიდებულება სიყვარულია.
- თქვენ თუ გაქვთ ტატუ?
- დიახ, მეც მაქვს და სხვის ტატუსაც პატივისცემით ვეპყრობი. გადაჭარბებული ტატუირების მიმართ იგივე დამოკიდებულება მაქვს, როგორიც მექნებოდა, პირობითად, გადაჭარბებული კვების ან გადაჭარბებული სექსის მიმართ. თუ ტატუ სხეულის დაზიანებას ემსგავსება, მაშინ, ცხადია, სიგნალი ხდება. თუ არადა, ზოგჯერ სამკაულია, ზოგჯერ თხრობაა.
“წლები გადის და შენი, როგორც შენივე ნათესავების და მეგობრების მხარდამჭერის როლი, უბრალოდ, კვდება.”
- თუ არის რაიმე, რითიც სხვადასხვა მიმართულების ფსიქოთერაპევტები ერთმანეთს ჰგვანან და სხვა პროფესიის ადამიანებისგან განსხვავდებიან? ხომ არ აქვთ მათ, პირობითად, რაიმე პროფესიული დამღის მსგავსი?
- ალბათ, არის რაღაც ასეთი. ძალიან მნიშვნელოვანია, საიდან მიდიხარ თერაპიაში. ხშირად მეკითხებოდნენ, საიდან მოვხვდი ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დახმარების სფეროში (სადაც დიდხანს ვიმუშავე); ხომ არ მოდიოდა ჩემი ინტერესი პირადი გამოცდილებიდან. საბედნიეროდ, გამიმართლა და ჩემი გამოცდილება მხოლოდ არაძალადობრივი ურთიერთობებია. ეს გამართლებაა, სხვა არაფერი... როცა პირადი დაზიანებების გამო მიდიხარ ამ სფეროში, იქ ყოველთვის უფრო მეტად დესტრუქციული ხდები; თითქოს, იბრძვი და ეს ბრძოლა შენს ტრავმასთან ჯერ არ დაგისრულებია.
- ფსიქოთერაპევტები საკუთარ ტრავმებსაც ხომ ამუშავებენ სხვა ფსიქოთერაპევტთან?
- დიახ, ჩვენ სულ ვმუშაობთ ერთმანეთთან, ჩვენი პირადი თერაპიაც გვაქვს. თერაპიის გარეშე, ფსიქოთერაპევტი ვერ იზრდება. გვევალება კიდეც საკუთარი ფსიქოთერაპიის საათები.
- პირადად თქვენ ერთსა და იმავე ადამიანთან დადიხართ?
- არა, ოდესღაც სხვა თერაპევტი მყავდა, ახლა სხვა მყავს. ჯგუფურ თერაპიაშიც ხშირად ვარ ჩართული, როგორც კლიენტი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია შენი ყოველდღიური განცდების დასამუშავებლად, შენივე პიროვნული განვითარებისთვის.
- ეს უნდა მეკითხა - თქვენი პიროვნული განვითარებისთვის რას აკეთებთ?
- შეიძლება ითქვას, რომ ახლა ძალიან მიჭირს ჩემს პიროვნულ განვითარებაზე ზრუნვა. უამრავი პროფესიული ლიტერატურა მაქვს წასაკითხი, ყოველთვის ბევრი სამეცადინო მაქვს. ჰობისთვის და რაიმე სიახლისთვის დრო საერთოდ აღარ მრჩება. ეს ტკივილი ყოველთვის ახლავს მსგავსი ტიპის საქმიანობას: კომპიუტერს ვერ დახურავ და სახლში ვერ წახვალ. სულ მეცადინეობ, პროფესიულად სულ ვითარდები. ბევრი ახალი წიგნია, ბევრი სტატია და კვლევაა და ამის მიდევნებაში ვარ; მთელ ჩემს ენერგიას ამაში ვხარჯავ. მქონდა შემთხვევა, როცა პროფესიული გადაწვის ნიშანი ამოვიცანი ჩემს თავში, შვებულება ავიღე და ჩემოდანში ჩავდე ახალი წიგნი პანიკური შეტევების შესახებ. ზღვის ნაპირზე ეს წიგნი რომ გადავშალე, მაშინ დავიჭირე ჩემი თავი, რომ, დასვენების მაგივრად, ისევ პროფესიულ ლიტერატურას ვკითხულობდი.
- ერთი დელიკატური კითხვა მაქვს: არასდროს გაგჩენიათ აზრი, რომ, პრინციპში, თქვენი ცხოვრება მიდის შემთხვევითი ადამიანების დახმარებაში და თქვენთვის უძვირფასესი ადამიანები თქვენი ზრუნვის გარეშე რჩებიან?
- ამის გენერალიზებას ვერ გავაკეთებ, მაგრამ ეს ჩემი პირადი სევდაა. საათების განმავლობაში შეკეტილი ვარ კაბინეტში, ვმუშაობ და ზუსტად ვიცი, რომ იმ დროს ჩემს მეგობარს ჩემი დახმარება სჭირდება. ტელეფონზე შეტყობინება მომდის და ვერ ვპასუხობ. დედაჩემიც ვერ მპოულობს - არავისთვის ხელმისაწვდომი არ ვარ. თერაპიის პროცესი ისეთი ხარისხის კონტაქტს მოითხოვს ადამიანთან, რომ არ შეიძლება, შენს ცნობიერში ტელეფონის ზარი ან მესიჯი შემოიჭრას. მთელი დღე კავშირზე არ ხარ იმ ადამიანებთან, ვისთვისაც ცხოვრობ. ეს ნამდვილად ასეა. დიდი ენერგია მჭირდება, რომ როგორღაც მაინც დავიცვა პირადი ცხოვრების და სამსახურის ბალანსი. ჩემს თავთან როცა ჩამოვჯდები ხოლმე, ამ სევდას ძალიან ხშირად ვუკავშირდები - რომ ღრმა კავშირს კარგავ შენთვის ყველაზე ძვირფას ადამიანებთან. ხშირად ისეთი დაღლილი ხარ მძიმე ისტორიებისგან, მძიმე ჩივილებისგან, რომ, უბრალოდ, აღარ შეგიძლია, საღამოს კიდევ მეგობართან ისაუბრო და ტკივილის ახალი ტალღა წამოიღო. ამიტომ, ზოგჯერ იმალები კიდეც. წლები გადის და შენი, როგორც შენივე ნათესავების და მეგობრების მხარდამჭერის როლი, უბრალოდ, კვდება.
- ეს მართლაც ძალიან სევდიანი ამბავია. საუბრის ბოლოს, ტრადიციული კითხვა მაქვს: რომელია სიტყვა, რომელიც მთელი თქვენი ცხოვრების მეგზურად გამოდგება?
- სათუთი. ეს სიტყვა ძალიან მექართულება. ვგიჟდები საქართველოზე და ქართულ ენაზე.
- დიდი მადლობა უაღრესად საინტერესო და სასარგებლო საუბრისთვის. ინტერვიუს დავასრულებთ თქვენი კომენტარით ცნობილი ადამიანების ორ გამონათქვამზე. პირველი ციტატის ავტორია თანამედროვე ამერიკელი მწერალი და მკვლევარი ბრენე ბრაუნი (1965): „ენდო, ნიშნავს, შენს თავს მისცე უფლება, მეტისმეტად მოწყვლადი გახდე.“
- ჩემთვის, პირიქით, ეს ნიშნავს, რომ იყო ძლიერი. მე ვენდობი მაშინ, როცა თავს ძლიერად ვთვლი. მოწყვლადობა დიდი სიძლიერეა.
- ლაო ძის აქვს ნათქვამი, რომ სისუსტე დიადია, ძალა არარაობაა. თქვენ როგორ ხსნით ამას, რომ მოწყვლადობა სიძლიერეა?
- ახსნა გამიჭირდება, მაგრამ მიგრძნია, როგორი მოწყვლადი მიმიტანია ჩემი თავი მეორე ადამიანთან და ისიც მიგრძნია, ამ მოწყვლადობაში რამხელა ძალაა, რამხელა ენერგიაა. პაციენტისგანაც მიგრძნია, როგორი ძლიერია მაშინ, როცა მოწყვლადია. ვიცნობ აფხაზეთში მცხოვრებ ქალს, რომელსაც თავისი ხელით ექვსი მიცვალებული ჰყავს დამარხული, გადატანილი აქვს ოჯახის წევრების დაკარგვა, დაბომბვა… ამ ამბავში ცხოვრობს, ეს ამბავი შენთან მოაქვს და თან ძალიან კეთილია, ძალიან თბილია… ტრავმამონელებულია, ტრავმაგავლილია და არ არის დაზიანებული. ფეხზე დგას და, იმის მაგივრად, რომ ტრავმის ფსკერზე იყოს, პირიქით, ტრავმულ ზრდაშია.
- მეორე ციტატა ეკუთვნის თანამედროვე ბელარუს მწერალს - ნადეია იასმინსკას (1985წ): „ცხოვრება ყველაზე ხელმისაწვდომი შემოქმედებაა.“
- ბიოლოგია გამახსენდა: ყოველი ინდივიდი როგორ იბადება და ამ დაბადებაში იქვე როგორ ჩანს სიკვდილი. სიკვდილი და დაბადება მხოლოდ ერთად არის ხელმისაწვდომი. ამ ორის თანაარსებობას შორის რაც არის, იმის შემოქმედი შენ ხარ. მართლაც ძალიან ხელმისაწვდომი ხდება ჩვენი ყოფა, ჩვენი შემოქმედება, თუ დაიჭერ ამ ოქტავას - დაბადებასა და სიკვდილს შორის.
ფოტომასალა: ირაკლი გედენიძე
გუნდი
ირაკლი გედენიძე
ზურაბ ქურციკიძე
გიო კუსიანი
გიორგი ურუშაძე
თამთა ყუბანეიშვილი
ნანა ყურაშვილი
ინგა ქორიძე