×
„სადაც სიყვარული არ არის, იქ ომია“

ნინო გოგიჩაიშვილი

მუსიკისმცოდნე, მუსიკის პედაგოგი


1388

ინტერვიუს შესახებ

ნინო გოგიჩაიშვილი ვირტუალურ სივრცეში გავიცანი - „რადიო თავისუფლების“ ვებგვერდზე ჩემი ბლოგის კომენტატორი იყო. მისი ვინაობა არ ვიცოდი, მაგრამ ყოველთვის ვგრძნობდი, რომ „ერთ ტალღაზე“ ვმოძრაობდით. მოგვიანებით, მისი ვინაობაც გავიგე და ისიც, რომ გერმანიაში ცხოვრობს. 

მთავარი აზრი, რომელიც ნინოს შესახებ თანდათან ჩამომიყალიბდა, ის არის, რომ ასეთი მრავალმხრივი ინტერესების და ნიჭის ადამიანი იშვიათად მინახავს. ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ინტერვიუში მისი ინტერესების მთელ სპექტრს შევეხეთ, მაგრამ მკითხველი ბევრ რამეს თვითონ მიხვდება. 

და მაინც, გატაცებების ამ დატოტვილ ორგანიზმში არის მთავარი ძარღვი, რომელიც ბუნებრივად მსჭვალავს ყველაფერს - კლასიკური მუსიკა. ნინო ის იშვიათი გამონაკლისია, რომელმაც შეძლო - თანაც, უცხო ქვეყანაში - რომ საკუთარი ცხოვრების მთავარი გატაცება პროფესიად ექცია. 

გაიცანით ნინო გოგიჩაიშვილი, რომელიც ყოველდღე ეხება მარადიულს. მარადიულთან შეხება კი, მისი რწმენით, "სულიერ იმუნურ სისტემას აძლირებს". რა ძვირფასია "ტიკ-ტოკის ეპოქაში" ასეთი შუქურა-სტუმარი! 

ია ანთაძე

- ნინო, უკვე მრავალი წელია, გერმანიაში ცხოვრობ და გერმანიის მოქალაქე ხარ. შენი ცხოვრების ამ ეტაპზე, რა დოზით გჭირდება სამშობლო?

- სამშობლო მჭირდება იმდენად, რამდენადაც მიყვარს. ამ სიყვარულში ჩემთვის ეტაპები არ არსებობს: ვარ მოქალაქე, არ ვარ მოქალაქე - ეს უმნიშვნელოა. სამშობლო ჩემი იდენტობაა. 

- „მეორე სამშობლოს“ ცნებას თუ აღიარებ? 

- მე ვცხოვრობ ქვეყანაში, რომელსაც ძალიან ვემადლიერები და რომლის კულტურაც ნამდვილად მიყვარს; სადაც მყავს მეგობრები, სადაც ვიპოვე ჩემი ცხოვრებისეული და პროფესიული გზა. ამით ბედნიერი ვარ. გერმანიასთან ღრმა კავშირს ვგრძნობ, მაგრამ სამშობლოს განცდა, იდენტობა მხოლოდ საქართველოსთან მაქვს. 

- შენს ერთ ნოველაში წერ: „რთული იყო ეკლიანი გზა საქართველოდან გერმანიამდე“. რა თქმა უნდა, გულისხმობ გზას საქართველოში დამკვიდრებიდან გერმანიაში დამკვიდრებამდე. ამ გზაზე რა იყო ყველაზე რთული? 

- პირველ რიგში, ვიტყვი, რომ წასვლა ჩემი არჩევანი იყო. ცხოვრების რთული ფაზა მქონდა - არ ვიცოდი, რა მინდოდა. წყალში უნდა გადავვარდნილიყავი და იქ მესწავლა ცურვა. ცურვის სწავლა არა პატარა წყალში, არამედ, შეიძლება ითქვას, ოკეანეში მომიხდა. მაგრამ ვერ დავინახე სხვა გზა, რომ საკუთარი თავი მეპოვა. დავიწყე ჩემი თავის გაცნობა სრულიად უცხო სამყაროში, სრულიად დამოუკიდებლად. ძალიან რთული იყო, რომ ფეხქვეშ მიწა მეგრძნო და მეფიქრა, რომ უკვე რეალურად ვართმევ თავს ცხოვრების გამოწვევებს. თუმცა, ყოველთვის მქონდა ჩემი ოჯახის მხარდაჭერის იმედი და ძალიან ვემადლიერები ჩემს მშობლებს, ძმას...

- რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ. 

- დიახ, და რომლებიც ყოველთვის მხარში მედგნენ. ყოველ წამს მქონდა მათი იმედი. 

- რამდენი წლის იყავი, როცა წახვედი? 

- 26 წლის ვიყავი. 

- და როდის დადგა ის მომენტი, როცა უკვე შეგეძლო, გეთქვა, რომ რთული იყო გზა საქართველოდან გერმანიამდე? წარსულ დროში როცა დაიწყე ამ გზაზე ლაპარაკი, რამდენი წლის იყავი? 

- ალბათ, უკვე 40 წლამდე ვიყავი. 

- გამოდის, დიდი დრო დაგჭირდა გერმანიაში დამკვიდრებისთვის. 

- დიახ. 

- თქვი, ცურვა ოკეანეში ვისწავლეო, მაგრამ თუ შეგიძლია, დააკონკრეტო, ამ ხანგრძლივ და რისკებით სავსე პროცესში, შენთვის ყველაზე რთული რა იყო?

- ყველაზე რთული იყო ჩემი ხასიათის მორგება გარე სამყაროსთან, ადამიანების გაგება, ძალიან ბევრის მოთმენა... საკუთარი თავის გადალახვა იყო ყველაზე რთული. 

- როცა ხასიათს ახსენებ, შენს პირად ხასიათს გულისხმობ, თუ შენი ხასიათის ზოგადქართულ მახასიათებლებს? 

- ქართულსაც და ინდივიდუალურსაც - ორივეს ვგულისხმობ. 

- შენ ხარ ქართველი და, ამავე დროს, ხარ ევროპელი. თუ შეგიძლია, აგვიხსნა, რა არის ევროპა? 

- ევროპულ კულტურას წითელ ხაზად გასდევს ინდივიდუალიზმი. იქ ძალიან გამოკვეთილია ინდივიდის პატივისცემა, ადამიანის უფლებების დაცვა. ამიტომაც შევძელი, რომ ასე მარტომ გავართვი თავი სირთულეებს. შემხვდნენ ადამიანები, რომლებმაც ამოიცნეს და აღიარეს, რომ მე შემეძლო ის, რისთვისაც ვიბრძოდი. 

- როდესაც ზურაბ ჟვანიამ თქვა, „მე ვარ ქართველი და, მაშასადამე, ვარ ევროპელი“ - ეს, შენი გადასახედიდან, ხატოვანი გამონათქვამია, რაციონალური აზრია - რომელიც მომენტზე ძალიან კარგად იყო მორგებული, თუ, უბრალოდ, სიმართლეა?

- ეს სიმართლეა. ქართულ კულტურაში, ქართულ ფოლკლორში, მის მრავალხმიანობაში მკაფიოდ ჩანს ინდივიდუალიზმი. ევროპულ კულტურას არ ახასიათებს ფამილიარობა და ჩემი აზრია, რომ ქართული მრავალხმიანობა ფამილიარული არ არის. ჩვენს მრავალხმიანობაში მკაცრად რომ არის დაცული დისტანცია, ეს ევროპული მოვლენაა. ქართულ საგალობლებს რომ ისმენ, გრძნობ დახვეწილობას, ინდივიდუალიზმს, ხმათა შეწყობას, არა ფამილიარულ, არამედ, თავდაჭერილ ჰარმონიას. ყველა ერს თავისი ხასიათი და მახასიათებლები აქვს. თუნდაც, ჩვენი მუდმივი ლტოლვა ევროპისკენ - პოლიტიკური პარტიის გადაწყვეტილება არ არის,  ჩვენი სულის გამოძახილია. 

- ბავშვებს მუსიკას ასწავლი და, პერიოდულად, საჯარო ლექციებს კითხულობ მიუნხენში; ასევე, მუსიკის შესახებ სტატიებს და ინტერვიუებს აქვეყნებ ქართულ ჟურნალებში; კიდევ, ლექსებს და ნოველებს წერ. როგორ ფიქრობ, ამ მრავალფეროვან საქმიანობას შორის, შენი თავის გამოხატვის საუკეთესო საშუალება რომელია?

- საქმე ის არის, რომ არჩევანი არ მაქვს. მუსიკაა ჩემი მამოძრავებელი. მუსიკის გარეშე ვერც ნოველას დავწერ, ვერც ლექსს. ყველანაირი იმპულსი იქიდან მოდის და მასზე ვარ დამოკიდებული. 

- საკუთარი თავის გამოხატვის კუთხით, რომელი საქმიანობაა უფრო კომფორტული? 

- გამიჭირდება ამ კითხვაზე პასუხის გაცემა... ახლა, წერა რომ ვთქვა, მუსიკა „იეჭვიანებს“...

- მაგალითად, ბახზე, ბეთჰოვენზე, შოპენზე ან შუბერტზე  საჯარო ლექციაშიც ისევე გამოხატავ შენს თავს, როგორც, ვთქვათ, ნოველაში? 

- დიახ, თუმცა, ნოველაში ეს გამოხატვა ძალიან ინტიმურია. ლექციის დროს, რა თქმა უნდა, ჩემი ხედვაც ჩანს, მაგრამ ობიექტური უნდა ვიყო. ლექსის წერა კი თითქმის მთლიანად არაცნობიერი პროცესია. მოდის ნაკადი და ლექსი პირდაპირ იწერება. რთულად, მაგრამ, პრაქტიკულად, ეს მაინც თავისით ხდება. 

 

 

„როცა კლასიკურ მუსიკას ისმენ, მარადიულს ეხები და სულიერი იმუნური სისტემა ძლიერდება.“

 

 

- როგორც ვხვდები, შენი ცხოვრება ყველაზე მჭიდროდ კლასიკურ მუსიკას უკავშირდება. შეგიძლია, აგვიხსნა, რატომ არის კლასიკური მუსიკა შენთვის ამდენად მნიშვნელოვანი?

- იმიტომ, რომ ბუნების კანონებს ექვემდებარება, მასშია ადამიანის არსი და კოსმოსი. ეს არის ის, რაც ჩემთვის საერთოდ აქრობს დროს. როცა მუსიკას ვისმენ, მე აღარ ვარ, მუსიკა არის აქ და ამჟამად და დრო ქრება. 

- ეს რატომ არის მნიშვნელოვანი? 

- იმიტომ, რომ ადამიანის პირველი საწყისი - რაც არ იბადება და არ კვდება - ის იმპულსია კლასიკურ მუსიკაში. 

- ანუ ის, რაც მარადიულია? 

- დიახ. და ეს ობიექტურად არის მნიშვნელოვანი. საბედნიეროდ, სუბიექტურად ჩემთვისაც მნიშვნელოვანია. შეიძლებოდა, არ ყოფილიყო. მაგრამ მუსიკაში ამ სასიცოცხლო ენერგიის, სასიცოცხლო იმპულსის ამოცნობა არის ბედნიერება. როცა კლასიკურ მუსიკას ისმენ, მარადიულს ეხები და სულიერი იმუნური სისტემა ძლიერდება. კი არ ეხები, შენში შემოდის და ერთი ხართ იმ დროს. 

- წამიკითხავს, რომ ადამიანის მუსიკალური გემოვნება ძალიან ბევრს ამბობს მის შესახებ. როგორ ფიქრობ, შენ შესახებ რას ამბობს შენი მუსიკალური გემოვნება?

- ეს რთული კითხვაა. ჩემს თავზე ისეთი მაღალი წარმოდგენის არ ვარ, რომ რადგან კლასიკური მუსიკა მიყვარს, ეს ჩემ შესახებ რაიმე განსაკუთრებულს ნიშნავდეს. სხვანაირად ვიტყვი: არ ვფიქრობ, რომ კლასიკური მუსიკის გარეშე უფრო ნაკლები ვარ და კლასიკური მუსიკით ვარ უფრო მეტი. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ კლასიკურმა მუსიკამ თვითონ  ამირჩია, ის მოვიდა ჩემთან, ის გაიხსნა ჩემთვის, ის მენდო... ერთგვარი ტაძარია, რომელმაც შემიფარა.

- დიდი მადლობა ამ განმარტებისთვის, მაგრამ მაინც, კითხვას დავუბრუნდები: რას ამბობს შენზე შენი მუსიკალური გემოვნება? 

- არაფერს არ ამბობს. უბრალოდ, ბედნიერი ვარ. 

 
და მადლიერებას გამოვხატავ, რომ, აი, ეს სამყარო ჩემთვის დახურული არ დარჩა. მადლიერებას გამოვხატავ და, როცა მადლიერებას გამოვხატავ, ყოველთვის ბედნიერი ვარ.

 

- ამბობენ, რომ რთული მუსიკალური ნაწარმოების მოსასმენად და გასაგებად ადამიანს სპეციალური მომზადება სჭირდება. ეს ლოგიკურია. მაგრამ ამის საპირისპირო აზრიც მომისმენია: რომ ადამიანს სჭირდება მხოლოდ და მხოლოდ წინასწარი განწყობა რთული მუსიკის მისაღებად, ხოლო ცოდნა არაფერ შუაშია. შენ რომელ აზრს ემხრობი?

- გააჩნია, რთულ მუსიკას რას ვეძახით. ასეთი ბევრია. დროთა განმავლობაში, ჩამომიყალიბდა აზრი, რომ როცა კონკრეტული მუსიკის შესახებ კითხულობ და აცნობიერებ, რასაც კითხულობ, მით უფრო  საინტერესო ხდება ის, რასაც უსმენ: აღქმაც და განცდაც სხვაგვარია, ალბათ, უფრო სიღრმისეული.   

- მაგრამ თუ წინასწარ არ მომზადებულხარ? თუ არაფერი წაგიკითხავს მუსიკაზე, რომელსაც უსმენ? 

- როდესაც მუსიკას ისმენ, თუ თემის გატარებაზე იფიქრე, იქ უკვე აზრი და ფიქრი შემოდის, იქ განსჯაა და არა მუსიკის მოსმენა. უნდა ისმინო, უნდა მიენდო, რომ მუსიკა შენში გაიხსნას და თუ იმაზე იფიქრე, რომ ამ ნაწარმოების შესახებ არაფერი წაგიკითხავს, ეს ხელს შეგიშლის. 

- რთული მუსიკის მიღების მზაობაზე რას ფიქრობ? 

- შეიძლება, მუსიკა ინტელექტუალური იყოს, მაგრამ მასში არ იდოს ის მარადიული, რაზეც ვისაუბრეთ. როცა მარადიული შემოდის შენში, ის თავისთავად მოქმედებს. შეიძლება, არ იყოს ლამაზი მუსიკა, მაგრამ ცვლილებებს იგრძნობ. როცა მუსიკა წყდება, თითქოს, რაღაც პროცესები აგრძელებს შენში წარმოქმნას. ინტერესი გიჩნდება - რა იყო ეს? რა მოვისმინე? შემდეგ ამ მუსიკის წარმოშობის ისტორიული კონტექსტი გაინტერესებს, კომპოზიტორი გაინტერესებს და ამ ხაზს მიჰყვები. მაგრამ პირველი ის არის, რომ კონტაქტი უნდა დაამყარო, მუსიკას უნდა მისცე საშუალება, რომ შენში დამკვიდრდეს.

- უკრაინელ კულტუროლოგს, ალექსანდრე პუსტოვიტს მოვუსმინე, რომელიც ყვებოდა, რომ ბეთჰოვენის ერთ-ერთ ბოლო კვარტეტი უნდა დაეკრათ კიევში და ამ კონცერტისთვის ნახევარი წელი ვემზადებოდიო; კონცერტამდე ცოტა ხნით ადრე დეიდაჩემმა  - რომელსაც მუსიკასთან არაფერი აკავშირებს და ძალიან მძიმე ცხოვრება აქვს - მთხოვა, რაიმე რთული მუსიკა მომასმენინეო. კონცერტზე წავიყვანე და რომ დასრულდა, მითხრა - სად მომიყვანე?! ეს მუსიკა ზუსტად ჩემთვის არის შექმნილიო.  სწორედ ეს ადამიანი - ალექსანდრე პუსტოვიტი - ამბობდა, რომ რთული მუსიკის მოსმენის მზაობა, მის მიმართ მიმღებლობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ცოდნა. 

- გამოდის, ჩვენი ხედვა დაემთხვა. 

- დიახ, ამ ამბავმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. 

- მე გერმანიაში, მიუნხენში შემხვდა ქალი, რომელიც პასპორტისთვის ჩემს საბუთებს ამზადებდა და თან მალერის სიმფონიებზე მესაუბრებოდა ისე, რომ ეს იყო ზეიმი, ეს იყო ბედნიერება. არაფერი არ ჰქონდა წაკითხული, მხოლოდ საკუთარი სმენით ერკვეოდა. ასეთი ადამიანები არსებობენ. 

 

 

„არ შემიძლია ვთქვა, ჩემი სული მომწონს, თუ არ მომწონს.“ 

 

 

- როდესაც ადამიანი ისმენს მუსიკას და ამბობს - „ეს მომწონს“, „ეს არ მომწონს“, - როგორ ფიქრობ, სად ზის კრიტიკოსი, რომელიც ამ გადაწყვეტილებას იღებს? ადამიანის გულში? მის თავში? 

- რეალურად, თავის ტვინში არსებობს არეები, რომელზეც მუსიკას აქვს გავლენა. მუსიკა ტვინში გარკვეულ მონაკვეთებს ააქტიურებს და ეს ნევროლოგიურად დადასტურებულია. მაგრამ მუსიკა მოქმედებს სულზე, რომელსაც ჩვენ ვერ ვხედავთ. 

- ის გვეუბნება, რომ ეს მუსიკა შენია, ან არ არის შენი? 

- რომელი მუსიკის გარეშე არსებობაც არ შეგიძლია, ის არის შენი. ასეთი მუსიკა ყველანაირი შეიძლება იყოს, საშინელიც კი. მაგრამ არსებობს მუსიკა და მის გარეშე არ შეგიძლია - ამას სხვა აღწერა, სხვა ახსნა არ გააჩნია. 

- შენც ხომ გაქვს ეს გამოცდილება, რომ რომელიღაც მუსიკა მოგწონს, რომელიღაც - არ მოგწონს. 

- რა თქმა უნდა, შეიძლება ასე მოხდეს, მაგრამ მუსიკა ჩემთვის არსებითია, საბაზისოა. ამ კატეგორიაში არ შედის - მომწონს, თუ არ მომწონს. ვიცი, რომ მის გარეშე არ შემიძლია. არ შემიძლია ვთქვა, ჩემი სული მომწონს, თუ არ მომწონს. 

- ამბობენ, რომ მხოლოდ ზოგიერთი შესრულების დროს ხდება, როცა მთელ დარბაზში მყარდება სულიერი რეზონანსი; როცა დარბაზი მუსიკას აღიქვამს, როგორც ერთი მსმენელი. ასეთი რამ თუ განგიცდია?

- როგორც წესი, მე სხვაგან ვარ, როცა მუსიკას ვუსმენ. ხშირად მიხდება საკონცერტო დარბაზებში ყოფნა, მაგრამ დარბაზთან ერთიანობის განცდა ნაკლებად მაქვს ხოლმე. 

- ნაკლებად გაქვს, თუ არასდროს არ გქონია?

- დარბაზში როცა შევდივარ, მიხარია, რომ იმ ადამიანებთან ერთად ვარ, რომლებიც იმავეს მოისმენენ, რასაც მე მოვისმენ. ერთიანობის შეგრძნება უკვე მანამ მაქვს, სანამ მუსიკა დაიწყება. მაგრამ როცა მუსიკა დაიწყება, დარბაზში აღარ ვარ და არ ვიცი, იქ რა ხდება. 

- შენი ინტერვიუების ერთ-ერთი რესპონდენტი - სავიოლინო ხელოვნების სამყაროში გამორჩეული ფიგურა - გიდონ კრემერი შენთან ინტერვიუში ამბობს: „მსურს, ჩემი შესრულებით არა მხოლოდ დიდი კომპოზიტორების მუსიკას ვემსახურებოდე, არამედ, ვემსახურებოდე მსმენელსაც - მის განცდებს და უნარს, შეიგრძნოს სიცოცხლის სიხარული.“ გამოდის, არსებობს ზღვარი, როდესაც შემსრულებელი ემსახურება მხოლოდ კომპოზიტორს და როდესაც, კომპოზიტორთან ერთად, ემსახურება მსმენელსაც. შეგიძლია, რაიმე გვითხრა ამ უხილავი ზღვრის შესახებ? 

- გიდონ კრემერის ციტატას მე ვერ განვმარტავ. მაგრამ ვფიქრობ, რომ მან ისაუბრა თავის განწყობაზე მაყურებლის მიმართ: მიხარია დიდი კომპოზიტორების ნაწარმოებების შესრულება არა მხოლოდ იმისთვის, რომ მე განვიცადო სიხარული, არამედ იმისთვის, რომ სიხარული, რომელსაც განვიცდი, სხვასაც გადავცე. ჩემი აზრით, ეს მისი დამოკიდებულებაა. არიან შემსრულებლები, რომლებიც ასრულებენ და მხოლოდ ამით არიან ბედნიერები. 

- შენ, როგორც მსმენელი, ამ ზღვარს გრძნობ, თუნდაც, ცოცხალი შესრულების მოსმენის დროს? 

- თუ ნაწარმოები ბრწყინვალედ სრულდება, ჩემთვის უკვე ბედნიერებაა - მუსიკაში ვარ. ბრწყინვალე შესრულების დროს შემსრულებელი აღარ ჩანს. რაც უფრო მეტად ავსებს მუსიკა სივრცეს, მით ნაკლებად ჩანს შემსრულებელი და იქ ყველანაირი ზღვარი ქრება - მსმენელიც და შემსრულებელიც ერთი ვართ, ერთად ვართ მუსიკაში. ვერ წარმომიდგენია, რომ შემსრულებელი თავის თავს ეუბნებოდეს - ახლა ვუკრავ კომპოზიტორისთვის, ახლა ვუკრავ მსმენელისთვისაც. ეს შემსრულებლის დამოკიდებულებაა, რომ უნდა, თავისი სიხარული მსმენელსაც გაუნაწილოს. 

- შენს ერთ-ერთ პუბლიკაციაში მსოფლიოს გამოჩენილი დირიჟორი კენტ ნაგანო განმარტავს, რომ პედაგოგის გარეშე მუსიკას ვერავინ შეისწავლის; რომ მასწავლებლის როლის გადაჭარბება მუსიკის შესწავლაში შეუძლებელია. თუ შეგიძლია, აგვიხსნა, რით განსხვავდები შენ, როგორც მასწავლებელი, შენი ბავშვობის მუსიკის მასწავლებლისგან? 

- მე ძალიან მადლობელი ვარ ჩემი ბავშვობის მუსიკის მასწავლებლების. უბრალოდ, ახლა მივხვდი, რას ნიშნავს პედაგოგობა. მაშინ ეს არ ვიცოდი და ვერც წარმომედგინა. ფიქრი იმაზე, თუ როგორ გადავცე ჩემი ცოდნა, მუსიკის მოსმენით მიღებული სიხარული სხვას - ეს დიდი პასუხისმგებლობაც არის და ვალდებულებაც. 

- ამ პასუხისმგებლობას და ვალდებულებას ახლა, დღევანდელი გადასახედიდან, ხედავ შენი ბავშვობის  მუსიკის მასწავლებლებში?

- დიახ, და ამისთვის ვემადლიერები ჩემს პედაგოგებს. 

- წამიკითხავს, რომ მუსიკის შესწავლა ბავშვის ინტელექტის დონეს ზრდის. ამ შემთხვევაში, რას ნიშნავს „შესწავლა“? რა უნდა ისწავლოს ბავშვმა იმისთვის, რომ მისი ინტელექტი გაიზარდოს?

- მუსიკის შესწავლა ნიშნავს ინსტრუმენტის შესწავლას, მოსმენის კულტურის შეძენას, ნებისყოფის გამომუშავებას, დისციპლინას - დიდი დისციპლინა სჭირდება იმას, რომ მუსიკის ინტეგრაცია მოხდეს შენს ცხოვრებაში. მუსიკას შემოაქვს სისტემა. მუსიკა სისტემურია. მუსიკასთან სიახლოვე ცვლის შენი ცხოვრების წესს. 

- მაგალითად, როგორ? 

- მაგალითად, ბავშვმა ჯერ მუსიკის მოსმენა უნდა ისწავლოს. ამისთვის სკოლა გავიარეთ, რომ ვიცოდეთ, რომელ ასაკში რა უნდა მოვასმენინოთ, რა უნდა შევასწავლოთ. შემდეგ ბავშვი იზრდება და ნაწარმოებები რთულდება. მუსიკის ნაბიჯ-ნაბიჯ, სისტემურად სწავლა დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ზოგს ჰგონია, რომ სკოლაა მთავარი და მუსიკა ამის შემდეგ მოდის. რა თქმა უნდა, სკოლა მთავარია, მაგრამ ჩვენი ტვინი არ ასხვავებს, მათემატიკას ისწავლის თუ ინსტრუმენტს - ეს მისთვის ერთი და იგივე შრომაა. მუსიკა აბსტრაქტულია, მაგრამ, ამავე დროს, მათემატიკური სიზუსტე ახასიათებს. ამ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ფაქტორის ერთიანობა სრულიად უნიკალური მოვლენაა. კომპოზიციას როცა სწავლობ, ჯერ სწავლობ მის შემადგენელ კომპონენტებს, შემდეგ ასრულებ, სხვის ინტერპრეტაციას ისმენ... ეს ყველაფერი გზრდის. მარტო ის არ კმარა, რომ ნაწარმოები პირველი ნოტიდან ბოლო ნოტამდე დაუკრა. ბგერა უნდა შეარჩიო - ამ კომპოზიტორს ეს ბგერა სჭირდება, სხვას - სხვა ბგერა. 

- სულ ანალიზის პროცესში ხარ? 

- თავიდან ხარ ანალიზის პროცესში. ჯერ სწავლობ, ეჩვევი, შენში ეს ყველაფერი შემოდის, დაწდება და მერე, როდესაც შესრულების ტექნიკური მხარე უკვე ათვისებულია, დაკვრისას საკუთარ თავს უსმენ. ამ დროს მუსიკა ხდება, როგორც საკუთარი სუნთქვა და აქ მჟღავნდება შენი არსი... მუსიკას ჯაჭვური რეაქცია ახასიათებს. ის რაღაც სხვა უნარებს ავითარებს. 

- რა უნარებს გულისხმობ? 

- მაგალითად, მე წერა ძალიან გვიან დავიწყე და ამას მუსიკას ვუმადლი. ვამბობ, რომ თუ მუსიკა შეწყდება, ვერ დავწერ. მუსიკა თვითონ მოქმედებს, რაღაც შრეებს ხსნის ადამიანში. იმ შრეებში აზრით ვერ შეაღწევ, იქ მხოლოდ ბგერა აღწევს. 

 

 

„ის, რაც ნამდვილია, ყოველთვის მოსაპოვებელია, ძალისხმევის და კონცენტრაციის შედეგია.“

 

 

- ახლა მოდი, ვთქვათ, როცა ბავშვი კი არ ასრულებს მუსიკას, არამედ, მხოლოდ უსმენს მას. ბავშვმა უნდა უსმინოს იმ მუსიკას, რომელიც მოსწონს, თუ უნდა უსმინოს შედარებით რთულ მუსიკას იმისთვის, რომ მისი მუსიკალური გემოვნება განვითარდეს? თუ შეგიძლია, მშობლებს ურჩიო, როგორ იპოვონ იმგვარი ბალანსი, რომ ბავშვს საერთოდ არ შესძულდეს რთული მუსიკა? 

- პირველ რიგში, ვიტყვი, რომ ბავშვი ყოველთვის უნდა უსმენდეს იმას, რაც მოსწონს. ამის აკრძალვა არ შეიძლება. მეორე ის არის, რომ ბავშვმა კონცერტებზე უნდა იაროს. 

- რომც არ მოსწონდეს? 

- ყოველთვის ასეა, თავიდან რაღაც ახალს და რთულს რომ ისმენ, არ მოგწონს. ახალ მუსიკას, თუნდაც, იმავე სირთულის იყოს, შეჩვევა სჭირდება. მეც ვერ ვიტყოდი, რომ ყველაფერი ახალი, რასაც ვისმენ, ჩემთვის მარტივია. სულაც არა, ახლის მისაღებად გარკვეული ძალისხმევა მჭირდება. ის, რაც ნამდვილია, ყოველთვის მოსაპოვებელია, ძალისხმევის და კონცენტრაციის შედეგია. ამიტომ, მუსიკით, პირველ რიგში, მშობელი თვითონ უნდა დაინტერესდეს. შეუთანხმდეს შვილს, რომ დღეს ამ მუსიკას ისმენენ, ხვალ - რაღაც სხვას. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა დიდი კომპოზიტორების ცხოვრების შესახებ იცოდეს... როცა კომპოზიტორის ისტორია იცის, შეიძლება, მისი შემოქმედებითაც მეტად დაინტერესდეს. 

- წეღან მათემატიკის და ინსტრუმენტის შესწავლა ახსენე, როგორც ტვინისთვის თანაბარი შრომა. რას ეტყოდი ადამიანებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ ხელოვნება, მათ შორის, მუსიკა - არის ერთგვარი დესერტი, არააუცილებელი დანამატი მთავარ კერძზე? 

- შეიძლება, ასე იყოს, მაგრამ სამყაროს რომ ვუყურებთ, სწორედ ხელოვნების ნაკლებობის გამო ხდება ის ცუდი, რაც ხდება. თუ გახსოვს, გიდონ კრემერმა თქვა: „ის გადარჩება, ვინც მარადიულზეა ორიენტირებული.“ 

- ეს კარგი განმარტებაა. ხელოვნება, რომელიც მარადიულზეა ორიენტირებული, დესერტი ვერ იქნება. მაგრამ რას ეტყოდი ადამიანს, რომელიც  მარადიულზე საერთოდ არ ფიქრობს? 

- სამწუხაროდ, ასეთ ადამიანს ვერაფერს ვერ ვეტყოდი. ასეთი ადამიანები წარმოქმნიან სამყაროში ომს და საშინელებას. მათთან ხელოვნებაზე ლაპარაკს რომ აზრი არ აქვს, ეს არის კაცობრიობის ტრაგედია. ის, ვისთვისაც იარაღი და ტერიტორიების დაპყრობა არის მთავარი, ხელოვანს მხოლოდ არჩევნების პერიოდში გაიხსენებს და „დააფასებს“, გვერდში დაიყენებს და ამით მიგანიშნებს - ეს რომ კარგი ადამიანია, მეც კარგი ვარო... საუბედუროდ, ისეთი სასოწარკვეთილი ატმოსფეროა ყველგან, რომ ვერაფერს ვერ ეტყვი ადამიანს, რომელსაც ხელოვნების არსებითი მნიშვნელობა არ ესმის. ასეთი ადამიანი, ჯერჯერობით, იმარჯვებს ხელოვნებაზეც და ხელოვანზეც. 

- დღეს უკვე არაერთხელ ნახსენები გიდონ კრემერი შენთან ინტერვიუში ამბობს: „უკვე ათეული წელია, ვცდილობ, ვიპოვო წონასწორობა დაძაბულობასა და მოდუნებას შორის; თუმცა, ამას იშვიათად ვაღწევ.“ პირადად შენ, ერთი არჩევანი რომ გქონდეს თავდავიწყებასა და სულიერ წონასწორობას შორის, რომელს აირჩევდი? 

- თავდავიწყების შემდეგ, საკუთარი თავის თავიდან პოვნა მომიხდა... როგორც ჩანს, საკუთარი თავი ძნელად გვაპატიებს, თუ მას დავივიწყებთ.

- ანუ თავდავიწყების პერიოდი გაიარე და ახლა სულიერ წონასწორობას ირჩევ? 

- დიახ, აბსოლუტური თავდავიწყების პერიოდი გავიარე. ახლაც შეიძლება, ჩემი თავი დამავიწყდეს, მაგრამ, წარსულისგან განსხვავებით, ამას უკვე ვაცნობიერებ.

- შენი ცხოვრების ამ ეტაპზე, ზუსტად თუ იცი, რა გჭირდება? 

- განახლება მჭირდება - გადაფასება, გადამოწმება, გადააზრება, საერთოდ, სად ვარ. ალბათ, საკუთარი რესურსის, შესაძლებლობების მეტი რეალიზება მჭირდება. 

- შენს ლექსებში და, განსაკუთრებით, ნოველებში მკაფიოდ ჩანს ავტორის თვალი - ადამიანების, საგნების, დეტალების  ორიგინალური ხედვა. შენს თავს თუ ენდობი იმაში, რომ ცხოვრების გზაზე, ზუსტად იცი, რა არ ღირს ყურადღების მიქცევად?

- ამ კითხვამ გასცა პასუხი წინა კითხვას. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ახლა მჭირდება - ვენდო საკუთარ თავს, რომ შემიძლია, მთავარი და არამთავარი ერთმანეთისგან გავარჩიო. ეს ვიგულისხმე, როცა გადააზრება ვახსენე. 

- დეტალების, ხასიათების აღწერაში ძალიან ძლიერი გამოცდილება გაქვს. დეტალები არ გაეჭვებს და მთავართან დაკავშირებით რა მიგაჩნია პრობლემად? 

- ძალიან ბევრს ვფიქრობ და ვიკარგები, როცა ეს ფიქრი იწყებს დინებას. ამ გაუცნობიერებელი პროცესის შეჩერება მუსიკას, ხელოვნებას შეუძლია.

- ეს კარგია?

- ეს ძალიან კარგია, რა თქმა უნდა. როცა მე არ ვფიქრობ, არამედ ფიქრი ხდება ჩემში, ეს მიშლის ხელს, რომ მთავარი და არამთავარი სწორად გავარჩიო. 

- დეტალებზე კონცენტრირებას როგორ ახერხებ? 

- იმიტომ, რომ მაგ დროს ვარ აქ და ახლა. კი არ ვფიქრობ, არამედ, ვაკვირდები. და ამ დროს ხდება ის, რაც ნამდვილად ღირებულია.

 

 

„ადამიანის სახეზე ჩანს დრო, რომელსაც სხვანაირად ვერ მოიხელთებ.“

 

 

- შენთვის რომელია სიტყვა, რომელიც მთელი ცხოვრების მეგზურად გამოდგება? 

- დაბადება. 

- დაბადება? 

- დიახ. ეს სიტყვა მახარებს. ეს სიტყვა მოიცავს განახლებას, სიცოცხლის სიხარულს. 

- გასაგებია. დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. ინტერვიუს დავასრულებთ შენი კომენტარით ცნობილი ადამიანების ორ გამონათქვამზე. პირველი ციტატის ავტორია გერმანელი მწერალი და ლიტერატურის კრიტიკოსი გეორგ კრისტოფ ლიხტენბერგი (1742-1799): „ყველაზე საინტერესო რელიეფი დედამიწის ზურგზე - ადამიანის სახეა“.

- ადამიანის სახე ძალიან მნიშვნელოვანია. ვეთანხმები ამ ციტატის ავტორს, რომ სახე ყველაზე საინტერესო რელიეფია. ადამიანს სახეზე ეტყობა საქმიანობის შინაარსი, ცხოვრების გზა... ადამიანის სახეზე ჩანს დრო, რომელსაც სხვანაირად ვერ მოიხელთებ. სულ რომ არაფერი თქვას, ადამიანის ხასიათს მის სახეზე ამოიცნობ. განსაკუთრებით ბევრის მთქმელია კონცენტრირებული ადამიანის სახე.

- შენ ასეთი სახე, ალბათ, ბევრი გინახავს, რადგან მასწავლებელი ხარ. 

- დიახ. და, ამის გარდა,  ხშირად ვაკვირდები ხოლმე ადამიანებს  ტრანსპორტში - მაგალითად, რომლებიც კითხულობენ. ათი ადამიანი რომ იყოს, მგონია, ათივეს ხასიათს მეტ-ნაკლებად ამოვიცნობ. შემსრულებლის სახე არის კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი. რა საოცარია, როცა უკრავს დიდი შემსრულებელი და სახის არც ერთი ნაკვთი არ უმოძრავებს. არიან შემსრულებლები, რომლებიც, პირიქით, ძალიან მკაფიოდ გამოხატავენ თავის ემოციებს. 

 
ორივე საინტერესოა, მაგრამ მე უფრო მაოცებს ის, რომელიც არ გამოხატავს... მაგრამ ის კონცენტრაცია, აბსოლუტური კონცენტრაცია, სახის ნაკვთები რომ არის... დაძაბულს არ ვიტყოდი, მაგრამ - მომართული... ჰო, ეს ძალიან საინტერესოა!

 

- მეორე ციტატა ეკუთვნის ინგლისელ ისტორიკოსს - თომას ფულერს (1608-1661): „სადაც ბევრი სიყვარულია, იქ ბევრი შეცდომაა. სადაც სიყვარული არ არის, იქ ყველაფერი შეცდომაა.“

- ეგრეა! სადაც ბევრი სიყვარულია, იქ ბევრი შეცდომაა. მაგრამ სიყვარული იმდენად ძლიერია, რომ ყველა შეცდომას ფარავს. ადამიანი თავისი შეცდომებით, თავისი სისუსტით ვლინდება სიყვარულში, სადაც, როგორც წესი, დისტანცია წაშლილია. მაგრამ ვერანაირი შეცდომა ვერ კლავს სიყვარულს, რადგან ის ყველაფერზე მეტია.

- და სადაც სიყვარული არ არის? 

- სადაც სიყვარული არ არის? სადაც სიყვარული არ არის, იქ ომია! 

 

P.S. გთავაზობთ ნინო გოგიჩაიშვილის ჩანახატს. 


„დღეს ქალის და მამაკაცის საუბარს შევესწარი, დიდხანს მოგვიწია ერთად მგზავრობა. მთელი გზა საუბრობდნენ, ძალიან კარგად უსმენდნენ, აინტერესებდათ, ფიქრობდნენ, ემოციურადაც ზუსტად მიჰყვებოდნენ ერთმანეთს, ყველაფერი წესრიგში იყო... მოხდენილ და სხარტ სურათს ვუყურებდი! ორივე ქორფა და ლამაზი იყო! მათ საუბარსაც, რაღაც, მოწყვეტილი ბალახივით სუნი ასდიოდა. პაუზებში ორივე ეძებდა შემდეგ სათქმელს, მაგრამ ყველაფერი ბუნებრივად გამოსდიოდათ, ბუნებრივად გადადიოდნენ სათქმელიდან სათქმელზე, როგორც ჭკვიანი ადამიანები, ისე. ორივე უზრუნველი და მშვიდი იყო, მინიმალური ჟესტიკულაციით საუბრობდნენ, ზედმეტი ნიუანსების გარეშე. როცა ჩავიდნენ, დიდხანს გამყვა მათი სახეები, მათი მშვენიერება... რაღაც ძალიან დამაკლდა... თითქოს, რაღაც აკლდათ... შეყვარებულები არ იყვნენ, ერთმანეთში არ იყვნენ შეყვარებული!“


 

ფოტომასალა: ირაკლი გედენიძე

გუნდი

ირაკლი გედენიძე

ზურაბ ქურციკიძე

გიო კუსიანი

გიორგი ურუშაძე

თამთა ყუბანეიშვილი

ნანა ყურაშვილი

ინგა ქორიძე