×
„ძალიან ვაფასებ ჩემს თავს იმით, რომ ჯინში არ ჩავუდექი ცხოვრებას“

ნინი ელიაშვილი

პოეტი


2784

ინტერვიუს შესახებ

ნინი ელიაშვილთან ინტერვიუ ჩემთვის დიდ რისკს შეიცავდა. არ მომწონდა არც ერთი მისი ინტერვიუ, რაც ინტერნეტში იძებნება. ზოგი იმიტომ არ მომწონდა, რომ თითქმის არ ლაპარაკობდა; ზოგი კი იმიტომ არ მომწონდა, რომ საერთოდ უინტერესოდ მეჩვენებოდა, რასაც ამბობდა. 

ერთადერთი, რაც მომწონდა და მომწონს, ნინის ლექსებია. ვფიქრობდი: როგორ შეიძლება, საინტერესოდ არ ლაპარაკობდეს ადამიანი, რომელიც ასე წერს, რომელიც ასე ღრმად ფიქრობს და გრძნობს?! 

ნინის პირადად არ ვიცნობდი. ჩემთან სტუმრობა რომ შევთავაზე, მითხრა, ინტერვიუ არასდროს არ გამომდის, მაგრამ მზად ვარ, თქვენთან ვცადოო. 

არ გაგიკვირდეთ, რომ ახლად გაცნობილ ადამიანს „შენობით“ მივმართავ. ნებისმიერი ბარიერი ხელს შემიშლიდა მასთან მიახლოებაში. მე კი მხოლოდ ეს მჭირდებოდა - ნინის უნდა დაეჯერებინა, რომ ვენდობი და მისი ამბავი მართლა მაინტერესებს. 

ახლა ერთადერთი, რაზეც გული მწყდება, ინტერვიუს დასასრულია. თვალზე ცრემლი მადგება, რამდენჯერაც ვკითხულობ. თითქოს, იქ შევწყვიტე საუბარი, სადაც არ შეიძლებოდა. თუმცა, ბუნებრივად ასე გამოვიდა და ამ დასასრულმა, იქნებ, უფრო დასამახსოვრებელიც გახადა ჩვენი შესანიშნავი, გულშიჩამწვდომი შეხვედრა. 

ია ანთაძე

-  ნინი, რა უფრო გახსოვთ - სიკეთე, რაც ადამიანებმა თქვენ მიმართ ჩაიდინეს, თუ წყენა, რაც მოგაყენეს?

- ახლა უკვე სიკეთე მახსოვს. ადრე ყველაზე ნაწყენი ვიყავი. მაგრამ იმის მერე დიდი დრო გავიდა და ჩემში ბევრი რამ შეიცვალა. პირველ რიგში, მადლიერების განცდა ვისწავლე, რომელიც,  ვფიქრობ, ბუნებრივად თანდაყოლილი არ მქონდა. ახლა შეიძლება, ძალიან მარტივად ამიჩუყდეს გული, თუ გამახსენდება, რომ ვინმეს ჩემთვის რამე კარგი გაუკეთებია. 

- რაც ცუდი გაგიკეთეს, ახლა ფიქრობ, რომ, სინამდვილეში, არც ისე ცუდი იყო? თუ, უბრალოდ, აპატიე? 

- კატეგორიული და რადიკალური შეხედულებები არ მაქვს და არც იმას ვფიქრობ, რომ ახლანდელი აზრები თუ შეხედულებები მომავალში არ შემეცვლება. მივხვდი, რომ ჩამოსაყალიბებელია ჩემი აზროვნება, რომელიც ბევრი რამით დავაბრკოლე.

- რას გულისხმობ? 

- ჩემი პიროვნული განვითარება დავაბრკოლე, ერთ ადგილზე ძალიან დიდხანს ვიდექი. არცთუ ისე მოსაწონად ვექცეოდი ჩემს ორგანიზმს და ჩემს ფსიქიკას. მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ მარტივად თუ მიუდგები სიკეთეს და ბოროტებას, იმის მართვაც კი შეგიძლია, მომავალში რა გელოდება. 

- როგორ? რასაც გასცემ ადამიანების მიმართ, იმავეს იღებ? 

- ათმაგად. ზუსტად ვიცი, რომ თუ არასწორად მოვიქეცი და მხოლოდ მერე დავფიქრდი ამაზე, პასუხს უნდა ველოდო. არასდროს მიფიქრია, რომ ვიღაც ბოროტია და ამის გამო გამიკეთა ცუდი. ერთმანეთის მიმართ დარტყმები ყოველთვის ორმხრივი იყო. და ჩემი დარტყმები წონის იმიტომ, რომ მხოლოდ ჩემი დანაშაული ვიცი ბოლომდე. სხვისი - არ ვიცი. 

- როდესაც უკვე ლექსებით ცხოვრობდი, მაგრამ საზოგადოება ჯერ კიდევ არ გაღიარებდა, როგორც პოეტს - შენ მიმართ კეთილგანწყობა და ნდობა მეტი იყო, თუ უნდობლობა?

- სინამდვილეში, ლექსების წერა რომ დავიწყე, ჩემს აღიარებამდე საკმაოდ ცოტა დრო გავიდა. მანამდე რეგიონში ვცხოვრობდი და იქ ინტერნეტმა და კომპიუტერმა ძალიან გვიან შემოაღწია. ეგ ფუფუნება არ მქონდა. ლიტერატურულ საღამოებსაც ვერ ვესწრებოდი. თითქმის არ ვიცოდი, ცოცხალი ავტორები თუ არსებობდნენ. 

- მე აღიარება დავარქვი იმ პერიოდს, როცა შენი წიგნები გამოვიდა, 2019 წლიდან დღემდე. ახლა ორი წიგნი გაქვს გამოცემული და ორივეს ლიტერატურული ჯილდოები მოჰყვა. შენ ფიქრობ, რომ აღიარება მანამდეც არ გაკლდა? 

- წიგნების გამოცემამ რა შეცვალა? ის, რომ ჯილდოები ავიღე. მანამდეც ვიცოდი, რომ არსებობდა ზვიად რატიანი და მინდოდა, რომ მისთვის, როგორც მასწავლებლისთვის, ჩემი ლექსები მეჩვენებინა - ამის არასდროს მომრიდებია. მარტო ზვიადი არა, რეზო გეთიაშვილი, შალვა ბაკურაძე - ასეთ ავტორებს ვგულისხმობ. მათი არ მერიდებოდა, რადგან მეგონა, რომ ძალიან კარგ ლექსებს ვწერ და კარგად შემიფასებენ. მახსოვს ზვიად რატიანის პირველი შეფასება. მაშინ ჯერ ისევ სოფელში ვცხოვრობდი. ბევრს ვწერდი და ყველაფერი გავუგზავნე. მითხრა - არც ერთი ლექსი მთლიანობაში არ ვარგა, მაგრამ არც ერთი ლექსი მთლიანად დასაკარგი არ არისო. მე ჭკვიანი აღმოვჩნდი იმ კუთხით, რომ კრიტიკას ყოველთვის მივიღებ და რაღაცაში დავიხმარ. თუ ვინმეს კრიტიკა არ ესმის, ამით თავის საქმეს უშლის ხელს. ჩემთვის პოეზია ძალიან სერიოზული საქმეა იმისთვის, რომ ვინმეს არმოწონებას გადავაყოლო. პირიქით, მაინტერესებს, რა და რატომ არ მოსწონთ. 

- არა მხოლოდ პროფესიონალების, საზოგადოების დამოკიდებულებაც მაინტერესებს. შენ წერდი ლექსებს და მერე აღმოჩნდა, რომ აიღე ესმა ონიანის პრემია, წინანდლის პრემია, „ლიტერა“, „საბა“... ამ პროცესში შენი სოციალური სტატუსი, საზოგადოების დამოკიდებულება შენ მიმართ თუ შეიცვალა? 

- ამ მხრივ, „საბა“ ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. მაგრამ „საბას“ დაჯილდოების მერე, პირიქით, ცუდ ენერგიას ვგრძნობდი ყველასგან და ეს მაოცებდა. თითქოს, რაღაც არ მაპატიეს. პოეტებს, ზოგადად, პატივს ვცემ. ჩემს ტოლებთან ურთიერთობა ვცადე, მაგრამ არ გამომივიდა. ბერეტით და მოგდებული კაშნეთი უნდათ, რომ სტილი შეიქმნან. ეს ჩემთვის სასაცილოა. ნებისმიერ კონკურსს მოჰყვებოდა ხოლმე მსჯელობა ფეისბუკზე, რომ ნინი ელიაშვილი ამ ჯილდოს არ იმსახურებდა. იყვნენ ქალები და კაცები, რომლებსაც ლიტერატურაში კომპეტენტურებად აღვიქვამდი. ახლა ვხვდები, რომ ძალიან შორს არიან ჩემი მაშინდელი აღქმისგან. 

 

 

„წაიღეთ ჩემი ტყავი, აბა?! თქვენს ტყავზე გამოცადეთ, რაც მე გამომიცდია!“

 

 

- ეს „საბას“ მოგების შემდეგ დაინახე? 

- არა, მანამდე. როცა პატარა ვიყავი, ვფიქრობდი, რომ ნებისმიერი უფროსი ავტორი რაღაცას აკეთებს იმ ტექსტისთვის, რომელსაც წერს და აქვეყნებს. სინამდვილეში, არაფერს არ აკეთებენ, საერთოდ არაფერს. ყველაფერი უნდა დათმო, ლექსი თუ გინდა... ყველამ იცის, რომ მოჩხუბარი ვარ; სულ ვჩხუბობ, რამე თუ არ მომეწონა, მარტო ჩემს საქმეზე არა. ეს ძალიან არ მომწონს ჩემში. მაგრამ ზიხარ შენთვის და რაღაცას გეჯინება ადამიანი, გახსენებს ამ პრემიას, იმ პრემიას... ეს პრემიები (ყველა) ისეთ საცოდავ მდგომარეობაში ავიღე, როცა გამარჯვება საერთოდ არ მაინტერესებდა. უბრალოდ, ასე ვუყურებდი, რომ ჯილდოს მიღება მატერიალურად წამეხმარებოდა. ვიცი, რომ არიან ადამიანები, რომლებიც ცხოვრებაში სერიოზულად არ აღმიქვამენ. მაგრამ ვიცი, რომ ხალხს ვუყვარვარ და ჩემი ლექსებიც უყვართ. ამის მიღწევა უნდათ, ჩემი ჯილდოები უნდათ, მაგრამ... წაიღეთ ჩემი ტყავი, აბა?! თქვენს ტყავზე გამოცადეთ, რაც მე გამომიცდია! არც თქვენი „საბა“ მინდა და არაფერი არ მინდა. ერთი კვირა მაცხოვრეთ ბედნიერად, მეტს არაფერს მოვითხოვ. 

- ნინი, თუ სწორად ვიცი, მშობლები ბავშვობიდან გულშემატკივრობდნენ შენს ლექსებს. თუმცა, საკუთარ ბავშვობას „გაუცინარს“ უწოდებ. მშობლებზე გაქვს ნათქვამი: „მარტივი არაა მათთვის ჩემნაირი შვილი და ეს კარგად მესმის.“ არც კი ვიცი, ოჯახში ვინ გყავს. 

- ოჯახში მყავს ყველა: ორი და, ძმა, ბებია, პაპა, დედა და მამა. ოღონდ, მშობლები გაშორებულები არიან. ზუსტად მათზე ვიყავი ნაწყენი, მაგრამ ახლა აღარ ვარ. იმიტომ, რომ რასთან დაკავშირებითაც მეგონა, ვერ გამიგებდნენ, სინამდვილეში, გვერდით დამიდგნენ. ზოგჯერ ჩემი პრობლემისთვის მე არ მიმიხედავს, ისე მოუგვარებიათ მამაჩემს ან დედაჩემს. ეს მათთვის მარტივი ნამდვილად არ იყო. რაღაც პერიოდში, ყოველ კვირა რეანიმაციაში უწევდათ ლოდინი. ფსიქიატრიული პრობლემები მქონდა, პოლიციასთანაც მქონდა პრობლემები... მოკლედ, არაფერი არ დავაკელი. მაგრამ ეს, ალბათ, პროტესტი იყო იმ ყველაფრის მიმართ, რაც ბავშვობაში დამიშავეს. 

- რთული შვილი რატომ ხარ-მეთქი, უნდა მეკითხა, მაგრამ ახლა ამ კითხვამ აზრი დაკარგა. 

- არც ჩემთვის იქნებოდა მარტივი, შვილი რომ მყავდეს და ისეთი სახიფათო მიმართულებით იაროს, საითაც მე დავდიოდი. ძალიან შემეშინდებოდა. მაგრამ ჩემი ოჯახი, რომლისგანაც ასეთ მოპყრობას არ მოველოდი, ძალიან ჭკვიანურად მომიდგა - სრული თავისუფლება მომცა. 2020-ის ზაფხულის მიწურულს რაღაც ისეთი მოხდა, რის მერეც ხუთი დღე კომაში ვიყავი. რომ გამეღვიძა, მივხვდი, რომ სიკვდილი აღარ მინდოდა, რაღაც უნდა შემეცვალა. ხუთი დღე ერთსა და იმავე კადრს ვხედავდი. საავადმყოფოდან გამოვედი და ყველაფერზე უარი ვთქვი. მთელი ჩემი ბარგი ავიკიდე, ჩემთვის ძვირფასი თბილისი დავტოვე და სოფელში წავედი. იძულებითი მკურნალობა მქონდა დანიშნული და ფსიქოლოგთან დავდიოდი. ძალიან კარგი ფსიქოლოგი შემხვდა, დამეხმარა. ბოლომდე ვერ გამოვფხიზლდი, მაგრამ ამ განსაცდელში ძალიან გავიზარდე. 

- ამ რთულ ფონზე, მშობლებისთვის თუ ნიშნავდა რამეს პროფესიონალების მიერ შენი აღიარება? 

- მათთვის არაფერს, დამერწმუნეთ. შეიძლება მამაჩემმა თქვას სადმე, ჩემი გოგო პოეტია, „საბა“ მოიგოო. მაგრამ დედაჩემისთვის არაფერი არ შეცვლილა. მისთვის არანაირი ჯილდო, მათ შორის, არც „საბა“, არაფერს არ ნიშნავს. 

- ოღონდ, შენ იყო ჯანმრთელად? 

- ალბათ, ოღონდ, ჯანმრთელი და ბედნიერი ვიყო...  მისთვის არ აქვს მნიშვნელობა, რას ავირჩევ ცხოვრებაში. 

- შენთვის წარმატება რა არის? 

- თავი წმინდანად კი არ მომაქვს, რომ, თითქოს, აღიარება საერთოდ არ მჭირდება. მაგრამ მე თუ კმაყოფილი ვარ ჩემი ნაშრომით, ეს არის წარმატება. მაქვს ლექსები, რომლებიც საეტაპოდ მიმაჩნია - მათი დაწერით რაღაც სხვა პროცესი დაიწყო. წარმატება იქნებოდა, უშეცდომო წიგნი რომ გამეკეთებინა. ბოლო წიგნზე ბევრი ვიმუშავე, მაგრამ შეცდომები მაინც გამეპარა. 

- ამ წიგნში არც ერთი შეცდომა თვალში არ მომხვედრია. 

- შეიძლება, ძალიან კრიტიკული ვარ ჩემი თავის მიმართ. 

- საერთოდ, შენი ლექსების რედაქტირება რას ნიშნავს?

- პირველ წიგნზე ზვიად რატიანთან ერთად ვიმუშავე. მაშინ ის ავსტრიაში ცხოვრობდა და „სკაიპით“ ვლაპარაკობდით. ბევრი რამ ვისწავლე. ვერ ვამჩნევდი, ჩემს ლექსს რაღაც რომ უჭირდა, სტრიქონი რომ ვერ სუნთქავდა. ზვიადი, შოთა იათაშვილი, შალვა ბაკურაძე - ესენი იყვნენ ჩემი მასწავლებლები. შოთაც ძალიან კარგი რედაქტორია. ზვიადმა მასწავლა, როგორ შეიძლება, სამი სიტყვა ერთით შეცვალო. უკვე თავისით მოდის ისეთი ფრაზები, რომლებიც სუნთქავს. ლექსი ტექნიკურად გამართული უნდა იყოს. 

- პირველი წიგნისგან განსხვავებით, შენს მეორე წიგნში საერთოდ არ არის სასვენი ნიშნები. პირველი წიგნის რედაქტორმა ჩათვალა, რომ წერტილ-მძიმის დასმა აუცილებელია? თუ მაშინ შენც ასე მიგაჩნდა?

- მაშინ ისედაც ვიყენებდი სასვენ ნიშნებს, მაგრამ წიგნზე რომ ვმუშაობდით, ზვიადი და მე ყველა წერტილს და მძიმეს ვაქცევდით ყურადღებას. მეორე წიგნის რედაქტორი შალვა ბაკურაძე იყო, რომლისთვისაც, ჩემსავით, სასვენი ნიშნები დიდად მნიშვნელოვანი არ არის.

- ადრეც გითქვამს და დღესაც თქვი, კრიტიკული ვარ ჩემი თავის მიმართო. ყოველთვის ზუსტად იცი, როგორია ლექსი, რომელიც დაწერე? თუ ავტორიტეტების შეფასებას უფრო ენდობი? 

- ხდება ხოლმე, რომ დავწერ ლექსს, ფეისბუკში გავაზიარებ და ვხედავ, რომ ყველას მოსწონს. ესე იგი, გამიგეს. რაც მინდოდა ამ ლექსში მეთქვა, ზუსტად ის გამოვიდა. 

- თუ ყოფილა შემთხვევა, როცა, ვთქვათ, შალვა ბაკურაძეს შეუქია შენი ლექსი და შენც დაგიჯერებია, რომ კარგია? 

- არა, შალვა ზოგ ლექსზე მეუბნება, რომ არ მოსწონს, მაგრამ მე ძალიან მომწონს ის ლექსები. 

- პირიქით თუ შეიძლება, რომ მოხდეს? 

- პირიქითაც არის ხოლმე - სხვებს რომ მოეწონებათ და მე საერთოდ არ მინდა, ეს ლექსი ჩემი სახელის მიმანიშნებელი იყოს.

- როგორც მივხვდი, ლექსების შეფასებაში შენს თავს უფრო ენდობი, ვიდრე სხვებს. 

- ალბათ, ასეა. 

 

 

„მე არ გამომდის სიბრძნეების დალაგება, მაგრამ გრძნობებზე ლაპარაკი გამომდის.“

 

 

- შენთვის მეგობარს უთქვამს - შენი ლექსები, შეიძლება, ისეთ ადამიანსაც მოეწონოს, ვისაც ცუდი ლექსები მოსწონს და იმასაც, ვისაც ძალიან კარგი ლექსები მოსწონსო. 

- ვხუმრობ ხოლმე, რომ „ბიტლებივით“ ვარ. ერთი საიდუმლო ის მგონია, რომ ჩემს ლექსებს ყველანაირი ადამიანი გაიგებს. 

 
არავის დისკრიმინაციას მე არ ვეწევი არსად, არსად არ ჩანს, მე ქალი ვარ, თუ კაცი ვარ. არსად არ ჩანს ჩემი ქართველობა, ჩემი ქრისტიანობა... არაფერი. და ეს შეიძლება სადღაც აფრიკაშიც წაიკითხოს კაცმა და, აგერ, ღოღეთშიც.

ყველას შეუძლია, თავისი თავი დაინახოს ჩემს ლექსებში. მე არ გამომდის სიბრძნეების დალაგება, მაგრამ გრძნობებზე ლაპარაკი გამომდის. 

- შენი ყველა ლექსი ისეთია, რომელსაც ნებისმიერი ადამიანი გაიგებს? მე არ მგონია. 

- არ ვიცი. ერთი ლექსის გამო, ამის წინ კარგად „ამკენწლეს“. „საბას“ დაჯილდოებიდან არცთუ დიდი დრო იყო გასული. ხშირად ხუმრობით ან არაფხიზელი ვწერ და ასეთი ლექსის ფეისბუკში გამოქვეყნებას წინ რა უდგას? ფეისბუკზე ხომ სულელურ პოსტებსაც ვაქვეყნებთ ხოლმე? ხშირად ასეთი ლექსი ვიღაცისთვის მისაწვდენი მესიჯია, სხვა არაფერი. საერთოდ არ ვფიქრობდი, რომ ვინმე ჩასაფრებული მყავდა, მაგრამ ისე „იბუთქეს“ ხუმრობით დაწერილ ლექსზე... 

- განიცდი საზოგადოების მხრიდან აგრესიას?

- მეც გამიკვირდა, რომ ამ შემთხვევამ ასე იმოქმედა. რაღაცნაირად მეწყინა. 

- ნათქვამი გაქვს (და, ნაწილობრივ, ახლაც გაიმეორე), რომ ნებისმიერ მკითხველს უნდა შეეძლოს, ჩემს ლექსში საკუთარი თავი დაინახოსო; პოეტისგან არც ერთი ადამიანი უკუგდებული არ უნდა იყოს და არ უნდა იფიქროს, რომ სამყარომ მასზე უარი თქვაო.  

- დიახ, ასეა. 

- არადა, ბევრ ლექსში აღწერ, რომ შენ თვითონ განიცდი საკუთარ თავს, როგორც უკუგდებულს - ან სამყაროსგან, ან ადამიანებისგან. სხვებს როგორ ეხმარები, რომ იგივე განცდა არ გაუჩნდეთ? 

- უკუგდებულად რომ ვთვლი ჩემს თავს ლექსში და ამას რომ სხვა წაიკითხავს, იფიქრებს - აი, ესეც ჩემსავით სამყარომ გარიყაო. მარტო ჩემს თავზე ხომ არ ვწერ? ვეცდები, რომ მე არ გავრიყო, თორემ დანარჩენებმა, რა თქმა უნდა, გაგვრიყეს. ადამიანს შეიძლება პირდაპირ და უხეშად ვუთხრა სათქმელი, თუ მიმაჩნია, რომ რაღაც არასწორად გააკეთა. მაგრამ, ამასთან ერთად, ძალიან დიდი მიმღებლობა მაქვს. 

 
ვერ ვხვდები, რა შეიძლება მითხრას ადამიანმა, რომ გააკეთა და ამის გამო ჩამოიმსხვრეს ჩემთვის იმის ადამიანობა.

 

- ახლა გავიგე, რომ სხვებს შენი გამოცდილების გაზიარებით ეხმარები. 

- რა თქმა უნდა. ჩემი თავისთვის ვერ მომიგვარებია პრობლემები და სხვას როგორ მოვუგვარებ. 

- ერთხელ თქვი: „მე, ასე აღმოვჩნდი, რომ სიყვარული მმართავდა.“ შენთვის ეს კარგი ამბავია, თუ - ცუდი? 

- ადრე რაც მეგონა სიყვარული, ის სიყვარული რომ მმართავდა, ძალიან ცუდი იყო. ახლა აღარ მინდა, მეორე ადამიანს შევხედო მხოლოდ ჩემი კომფორტიდან და მასზე დაფიქრების გარეშე. მგონია, რომ სიყვარულიც ვისწავლე და ეს სიყვარული არავის აღარ მართავს. მაშინ ბრაზიანი ვიყავი და ახლაც მაქვს განცდა, როგორ შეიძლებოდა, არ გამოსულიყო ის, რაც არ გამოვიდა. მიმაჩნია, რომ სიყვარულის ადამიანი ვარ და ახლა, როცა იდეალური ურთიერთობა მაქვს ადამიანთან, ვისთან ერთადაც ვცხოვრობ, მაინც ბევრჯერ მიფიქრია: ძველი დრო რომ იყოს, გამოვიდოდა ასეთი იდეალური ურთიერთობა? მაშინ ღირსებაც შემელახა, იმიტომ, რომ სრულიად შიშველი სახე ვაჩვენე ხალხს; ძალიან ცუდად ვიქცეოდი და ახლა მინდა იმ ყველაფრის მოგვარება...

- ახლა სამომავლოდ გინდა მოგვარება? თუ წარსულში რაც მოხდა, ისევ იმის მოგვარებაზე ფიქრობ? 

- წარსულში რას მოვაგვარებთ? არაფერს. სინამდვილეში, რაც არ მოხდა, არ მოხდა და მორჩა. 

- გინდა, რომ გრძნობის მიმართ უფრო მედეგი იყო? 

- კარგი იქნებოდა. იმხელა განსხვავებაა იმ პიროვნებასა და ამ პიროვნებას შორის... მაშინ ეს სირთულეები ჯერ გამოვლილი არ მქონდა და ვფიქრობდი, რომ მარტივად შეიძლებოდა რაღაც განსაკუთრებულის თქმა. ახლა, იმდენი რამის შემდეგ, რაც მოხდა, ძალიან ვაფასებ ჩემს თავს იმით, რომ ჯინში არ ჩავუდექი ცხოვრებას. დახმარება თუ მჭირდებოდა, ყოველთვის გიჟივით ვითხოვდი ამ დახმარებას. თუ ვინმეს დახმარება სჭირდებოდა, მეც ვეხმარებოდი. ასე მგონია, ადამიანს შანსი უნდა მისცე, რომ დაგეხმაროს. მიჭირს ბოლომდე ახსნა.

- არ მინდა, რომ გაგაწვალო, მაგრამ მინდა, კარგად მესმოდეს შენი. 

- თავიდან რომ გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში სიყვარული, ძალიან ტრაგიკულად აღვიქვი. შემიყვარდა ადამიანი და ეს დიდი ტრაგედია აღმოჩნდა. ჩვეულებრივი ორმხრივი ურთიერთობა იყო, მაგრამ ბევრი საშინელი გვერდითი მოვლენა ახლდა. ვერ შევძელით, რომ ერთმანეთი გვყოფნოდა. დღემდე დარჩა ჩემში ფიქრი - ეს რომ გამეკეთებინა, რა მოხდებოდა?! ის რომ არ გამეკეთებინა, რა მოხდებოდა?! ეს არის საშინელება. 

- პოეზიაზე როგორ აისახება შენი განცდები? სიყვარული ვისწავლეო, თქვი და შენს პოეზიას სიმძაფრეს ან სიფაქიზეს ხომ არ აკლებს ის, რასაც სწავლობ, რაშიც ძლიერდები? 

- შეიძლება, ეგრეც იყოს. მახსოვს, სანამ პირველად შემიყვარდებოდა, ჩემს ლექსებზე ამბობდნენ, რომ ტექნიკურად გამართულია, მაგრამ გრძნობა არ ახლავსო. ისიც მახსოვს, პირველი ლექსი როცა დავწერე შეყვარებულმა. მაშინ მივხვდი, რომ ლექსში მართლა იმაზე ვლაპარაკობდი, რასაც ვგრძნობდი. ადამიანი რომ იბადება, ალბათ, რაღაც გრძნობები ბუნებრივად აქვს განვითარებული. მე არ მქონდა. თითქოს, თავს ყველასგან და ყველაფრისგან უცხოდ ვგრძნობდი. მეგობრობაც მერე ვისწავლე, ემპათიაც, მადლიერების განცდაც. პატარა სანამ ვიყავი, ჩემზე ყველაფერი ძალიან მოქმედებდა. სახლში რაღაც ცუდი თუ მოხდებოდა, მიმალავდნენ იმიტომ, რომ შეიძლებოდა, კრუნჩხვა დამმართოდა. 18 წლის რომ გავხდი, უცბად გამოვვარდი ამხელა ქალაქში მარტო და არავინ არაფერს აღარ მარიდებდა. რვა წელი მარტო ვცხოვრობდი. ახლა ძალიან მეშინია მარტოობის. 

 

 

„სიტყვები გაქრნენ ჩემში.“

 

 

- როგორ ფიქრობ, ათი ან ოცი წელი რომ გავა, კიდევ უკეთესად ისწავლი გრძნობების მართვას? თუ ის ადამიანი ხარ, ვინც მუდამ „სიყვარულის მონაა“ და მერე თავისი განცდები ლექსებში გადააქვს? შესაძლებლად მიგაჩნია, რომ ამ ხაზს ასცდე? 

- შეიძლება, ავცდე. იმიტომ, რომ გონიერი ადამიანი ვარ. სიმართლე რომ გითხრათ, არაფერი არ მიყვარს, რაც ადამიანს დროს აკარგვინებს. არასოდეს მოვატყუებ ადამიანს, არ ვალოდინებ. ეს არასერიოზულობაა. თუნდაც, ამ ურთიერთობაშიც, რაც ახლა მაქვს, შეიძლება ისევ მეორე ადამიანზე ვარ დამოკიდებული, მაგრამ უკვე ბევრ რამეს ვხვდები. შეიძლება, იქ უფრო დიდი წვა მქონდა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს უფრო საიმედო და დიდი სიყვარულია, რომელსაც ვენების გადაჭრა არ სჭირდება. 

- პოეზიაში ეს ცვლილება როგორ აისახა? 

- ჩემს ლექსიკაში აისახა, ალბათ. სიტყვები გაქრნენ ჩემში. 

- უხეში სიტყვები? 

- არა, პირიქით, სათუთი სიტყვები. მივხვდი, რომ ბევრი სიტყვა ვთქვი, რომელიც არ შესრულდა. ან ბევრი კარგი სიტყვა მითხრეს, რომლებიც ამოიწურა. ახლა ძალას თუ დავატან თავს, რომ ადამიანს დიდ სიყვარულს დავპირდე. 

- არ მინდა, რომ სულ უარყოფითზე ვილაპარაკოთ, მაგრამ მთავარ თემებს გვერდს ვერ ვუვლი. ნათქვამი გაქვს: „ბედი არასდროს მქონდა სიხარულში.“ ესეც გავლილი პერიოდის განცდაა?

- ბავშვობისას გულწრფელი სიხარული არასდროს არ მქონია. თუნდაც, სკოლის ასაკში, რაღაცაზე აღფრთოვანდებოდა მთელი კლასი, მე კი ვერასდროს ვერ ვხვდებოდი, რა იყო სასიხარულო. შემდეგ ფსიქოლოგის დახმარება დამჭირდა, რომ მეპასუხა კითხვაზე: „რა გაგიხარდა?“ 

- ფიქრობდი, რომ თუ იტყოდი - „ეს მიხარია!“ - შეიძლებოდა, დაგეკარგა? 

- არა, არა... ბავშვობიდან ყველაფერს ვუყურებდი, როგორც აბსურდს. ჩვენ ხომ ბავშვობიდან გვიჭედავდნენ თავს სიკვდილ-სიცოცხლეზე ფიქრით? ახლა ასე დაუნდობლად, მგონი, აღარ ექცევიან ბავშვებს. 

- რას გულისხმობ? რა მხრივ გიჭედავდნენ?

- ბავშვობაში ეკლესიაში დავდიოდი და იქ სულ მესმოდა „ჯოჯოხეთი...“  „სამოთხე...“ ბავშვს ჰგონია, რომ თუ მშობელს გააბრაზებს, შეიძლება, ჯოჯოხეთში მოხვდეს. ეს მის საფიქრალზე მოქმედებს, რა თქმა უნდა - ფიქრობს ამ შავბნელ სამყაროზე, რომელზეც საერთოდ არ უნდა იფიქროს ბავშვმა. 

- სიხარულს სულ როგორ კლავდა ეს ფიქრები? 

- სულ, ალბათ, არ მოკლავდა, იქნებოდა რაღაც. მახსენდება ზაფხული, სოფელი, მდინარე - ამაზე კარგი მე აღარაფერი დამმართვია. არ მახსოვს, ოდესმე უფრო ბედნიერი ვყოფილიყავი, ვიდრე იქ, მდინარეზე, ბავშვებთან ერთად. მდინარეს იმხელა სიხარული მოჰქონდა... ახლა ძალიან მცირედითაც შეიძლება, სიხარული განვიცადო. უბრალოდ, ლამაზი დილაც მიხარია. არადა, ეს განცდა დაკარგული მქონდა. 

- ლამაზი დილა რომ გიხარია, ეგ სიხარული რამდენად მყარია?

- ხშირად ვფიქრობდი, რომ ბევრზე ჭკვიანი ვიყავი. მაგრამ ადამიანებს რომ აქვთ ცხოვრების ალღო, მე, თითქოს, ეს ალღო არ მქონდა. ვიღაცებმა იცოდნენ, რომ ზრდასრულები გავხდით და უკვე უნდა დავიწყოთ ცხოვრება, პასუხისმგებლობა ავიღოთ. ვფიქრობდი: ეგ რა არის?! საერთოდ არ მინდოდა „მანდ“ შესვლა. იმასაც ვხვდები, რომ ეს ადამიანები ძალიან კარგად იღებენ ცხოვრებისგან სიხარულს, ამით კარგად გამოიკვებებიან და მერე უკანაც დაუბრუნებენ სამყაროს. 

 
ეგ მე რატომ გამომეპარა, არ ვიცი.

ახლა არაფერს არ ვაკეთებ, სახლში ვაწარმოებთ ეკოპლასტილინს და სულ ეს არის. ჩემს მეგობრებთან ერთად ვარ ყოველდღე და ეს გვაძლებინებს, ალბათ, რომ ერთმანეთის უპერსპექტივობას ვხედავთ. ასე მოხდა, უპერსპექტივობაში ჩავცვივდით. 

- ამას მივხვდი, რომ ზოგიერთი რამ, რაც საშუალო ფენის ადამიანების ცხოვრების წესია, შენთვის  ხელმისაწვდომი არ არის - თუნდაც, ხანდახან კაფეში საუზმე ან რესტორანში სადილი. ამაზე სინამდვილეში გწყდება გული? 

- ახლა როგორ ვუყურებ, იცით? იქ ჩემი ადგილი არ არის. 

- რატომ არ უნდა იყოს? 

- ამ განწყობით, არც მინდა. და არც ვფიქრობ, რომ ვიღაცის ბრალია. მინდა, რომ მინდოდეს, მაგრამ როცა არ მინდა, როგორ მენდომება?

- თითქოს, ერთ ღირებულებას  მეორეში ცვლი?

- ჩემი ცხოვრება იმ მხრივ მომწონს, რომ ვერ ვცემ პატივს ადამიანს, ვინც თავის ოცნებაზე თქვა უარი. მე ჩემს ოცნებაში ვცხოვრობ, მაგრამ აქაც ცუდად ვარ. რატომღაც, ჩემს ცხოვრებას დიდი ტრაგედიის შეგრძნება გასდევს და არ ვიცი, რატომ არ მცილდება. ყველაფერში ხელს მიშლის, ყველა სიხარულში შავი ჩრდილივით მომყვება. 

- გინდა, ამოიცნო,  რა არის? 

- ხან ძალიან მეცინება ამაზე - მართლა ვინ მგონია ჩემი თავი?! ვგრძნობ, თითქოს, დიდი როლი მაქვს სამყაროს წინაშე. ამას რომ ვფიქრობ, მერე ბუნებას ვპატიობ ჩემს ცუდად ყოფნას, იმას, რომ არ მაძლევს საშუალებას, ერთი ჩვეულებრივი გახარებული ადამიანივით ვიცხოვრო. 

- სულ არ მიკვირს, რაც ახლა თქვი იმიტომ, რომ ლექსში წერ: „მე მგზავრი კი არა, პირიქით, გზა ვარ.“ ეს ქრისტეს სიტყვებია: „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. მამასთან ვერავინ მივა, თუ არა ჩემით.“ როცა შენს თავს განიცდი, როგორც გზას, მაშინ, ესეც მითხარი: რა არის ეს გზა? სად მივა ადამიანი, რომელიც შენზე გაივლის? 

- გზა ვარ - ჩემი ნაწერებით. პოეზია ყველაზე მნიშვნელოვანი მგონია სამყაროში. სულ რომ უარყოფა ყოფილიყო - ყველას რომ ერთხმად ეთქვა, შენი ლექსები არაფრად არ ვარგაო, შეიძლებოდა, მეც ასე მეფიქრა და უარი მეთქვა ლექსის დაწერაზე. მაგრამ რასაც ვაკეთებ, ვგრძნობ იმის სიდიდეს და მგონია, რომ პოეტია გზა. ისევ არ გამომდის ახსნა. 

- შენ, როგორც პოეზიის შემქმნელი, ხარ გზა? სწორად გავიგე? 

- ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია პოეტების წინა თაობა, ყველა ის ადამიანი, ვინც ჩემს  მასწავლებლად მიმაჩნია. მეც რასაც ვაკეთებ, მინდა, ამან სხვას გაუკვალოს გზა. 

- გივი გეგეჭკორზე წერდი, მისმა ლექსებმა ბევრი რამ მასწავლაო. 

- ვინმესთვის რომ ვიყო გივი გეგეჭკორი, მართლა ძალიან გამიხარდება. 

 

 


„ჩემი ტვინი ხშირად მაცვიფრებს და ზოგჯერ მაშინებს კიდეც.“

 

 

- იღბლის გჯერა, თუ შესაძლებლობების? 

- ორივესი, ალბათ. ბევრჯერ მიფიქრია, რომ უიღბლო ვარ; მაგრამ ისიც ბევრჯერ მომხდარა, რომ საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოვჩენილვარ. იღბალია, აბა, რა არის?! 

- რისთვის იყო საჭირო დრო და ადგილი? 

- იმისთვის, რომ რაღაც შემმატებოდა, ან ჩემს ნამუშევრებს შემატებოდა. ჩემთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა იმ ადამიანების გაცნობა, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანი პოეტები იყვნენ და ბოლოს ისე მოხდა, რომ ყველასთან ვმეგობრობ. ეს ჩემთვის ნამდვილი ფუფუნებაა. 

- რას ისურვებდი, შესაძლებელი იყოს იმათგან, რაც შეუძლებელია?

- დროში მოგზაურობას. 

- მომავალში თუ წარსულში? 

- წარსულში. 

- ისევ შენს პირად წარსულში? 

- არა, არა... გავიგებდი, ერთი, როგორ შეიქმნა ყველაფერი (იცინის). 

- რომელია სიტყვა, რომელიც შენი ცხოვრების მეგზურად გამოდგება? 

- სიკეთე. 

- ნინი, დიდი მადლობა ძალიან საინტერესო და გულწრფელი საუბრისთვის. მჯეროდა, რომ შენგან ბევრს გავიგებდი. ინტერვიუს დავასრულებთ შენი კომენტარით ცნობილი ადამიანების ორ გამონათქვამზე. პირველი ციტატის ავტორია თანამედროვე ინგლისელი მწერალი ჯოან როულინგი (1965): „ხანდახან ჩემი ტვინი მე თვითონ მაცვიფრებს.“

- ხშირად ვამბობ ხოლმე - ჩემი თავის მიკვირს, გენიოსი ვარ! (იცინის) საოცარია, სად შეიძლება წაგიყვანოს ტვინმა, როცა ფიზიკურად აქ რჩები. მაგრამ ზოგჯერ ჩემი თავი გონებრივად ინვალიდი მგონია. შეიძლება, ასახსნელად ესეც რთული იყოს. ხვდები, რომ აგერია გონება, რეალობას ვეღარ აღიქვამ. ვცდილობ, რომ ეს განცდა მაშინვე აღმოვფხვრა, რომ  არ გაღრმავდეს და  დიდი ორმო არ გაჩნდეს ჩემს ცნობიერებაში. მაშინვე ვითხოვ დახმარებას, - რა მჭირდება, რა უნდა შევწყვიტო, ან რა უნდა დავიწყო, რომ ეს არ მოხდეს. ჩემი ტვინი ხშირად მაცვიფრებს და ზოგჯერ მაშინებს კიდეც. რთული ორგანოა. 

- რომ თქვი, ერთ კადრს ვხედავდი, როცა ხუთი დღე კომაში ვიყავიო, შეგიძლია, გაგვიზიარო, რა კადრი იყო? 

- მაღალ ყანაში ადამიანი მირბოდა, მე მივყვებოდი და ერთმანეთს ვუცინოდით. 

- უცხო ადამიანი იყო? 

- არა, ვინც მიყვარდა...

- კარგი, ნინი, გმადლობ. მეორე ციტატა ეკუთვნის ამერიკელ ფსიქიატრს - ირვინ იალომს (1931): „საკუთარ თავს ან საკუთარ ცხოვრებას იმით განვსაზღვრავთ, თუ ვის ვეჯაჭვებით.“ 

- როცა ადამიანს ადიქცია აქვს... მე, მაგალითად... ყველაფერზე შეიძლება, მიჯაჭვული გავხდე. 

- ადამიანზეც? ნებისმიერ ადამიანს შეიძლება მიეჯაჭვო? 

- დიახ. შეიძლება, რაღაც მომენტში ვეღარ განვსაზღვრო, რამდენად საზიანოა ჩემთვის ურთიერთობა. თვითონ მიჯაჭვა უფრო განმსაზღვრავს, ვიდრე ის - ვის ან რას მივეჯაჭვები. სამწუხაროდ, ასეა. 

- ეს ნიშნავს, რომ საყრდენს ყოველთვის სხვა ადამიანში ეძებ? 

- შეიძლება. გვერდით მყავს ადამიანი, რომელიც ჩემი ერთი მზერით შეიძლება მიხვდეს, რომ ახლა მე ამას ვეღარ მოვაგვარებ, გამარიდე და მიხედე. ეს მჭირდება. რაღაცებთან შეხებაში ძალიან მსხვრევადი ვარ.

- ზოგჯერ თუ ფიქრობ, რომ მაინც შენშია მთავარი საყრდენი? 

- ჩემში რომ არის საყრდენი - აქამდე მივდივარ ზუსტად. სულ ამაზე ვფიქრობ, რომ სინამდვილეში, რაც გვჭირდება, ყველაფერი ჩვენშია. სული და შინაგანი მდგომარეობა განსაზღვრავს ყველაფერს, რაც გარეთ არის. ეს ჯადოსნურია. მე ვიცი, რომ რაღაც ჯერ ვერ შევძელი, რაღაც ჯერ კიდევ ვერ გამოვიტანე ჩემგან. ვამბობ ხოლმე, რომ ბევრად წინ ვარ ჩემს თავთან შედარებით, რომელიც წარსულში დარჩა; მაგრამ ჯერ ცოტა დროა გასული იმ მომენტიდან, როცა ძალიან ცუდად ვიყავი. 

- მაგრამ ზუსტად იცი, რომ, ადრე თუ გვიან, შენს თავში უნდა იპოვო მთავარი საყრდენი?

- დიახ, ასეა. მაგრამ ახლა, მაგალითად, ხშირად მემართება პანიკური შეტევები. ვზივარ, ნორმალურად ვარ, არც ერთი მოცემულობა არ იცვლება და უცებ მეწყება შეტევა. როცა არარსებულის შიში გაქვს, რაღა უნდა გააკეთო?! როცა პრობლემა ფსიქიკას ეხება, გიჭირს, რეალურად შეაფასო შენი თავი და გარემო; გიჭირს, შენს თავში იპოვო საყრდენი. 

 

P.S. ჩვენი შეხვედრის შემდეგ, ნინიმ დაწერა ლექსი, რომელმაც ერთბაშად მომიხსნა მასთან საუბრის შემდეგ გაჩენილი სიმძიმე და რომელმაც მთლიანად „შეკრა“ ჩვენი საუბარი. ნინის ნებართვით, გთავაზობთ ლექსს. 


ვერ დავიბრუნე ვერც ის სახლი ვერც მეზობელი
თუნდაც ერთი გზა ერთი ჩიხი ერთი ხაფანგიც
ვერამოძრომით ვერამოსვლით ვერამორბენით
სად სულს ვიცვლიდი და ეგონათ რომ სულს ვღაფავდი
ვერ დავიბრუნე აღტაცება და ვერც ვერასდროს
ვერ ავედევნე აღტყინების მჩატე ფიტულებს
თითქოს საერთო სიხარულში ყველამ შემასწრო
და მე კი კარი გამომიხურეს
სადაც შეხედავ ნამეგობრალს ნამტრალს ნასახლარს
ნასიყვარულებს სად ეკალიც აღარ ამოდის
დამბრუნებელი შენ თვითონვე უკვე არცა ხარ
თითქოს მორჯულდი მორბილდი თუ მოსაღამოვდი
დამბრუნებელი აღარა ხარ აღარც ძველ შუქთან
გამოცვლილია სახეები გზები უბნები
უკვალოდ გაქრე შესაძლოა ისე შეგშურდა
თეთრი ღრუბლების

ფოტომასალა: ირაკლი გედენიძე

გუნდი

ირაკლი გედენიძე

ზურაბ ქურციკიძე

გიო კუსიანი

გიორგი ურუშაძე

თამთა ყუბანეიშვილი

ნანა ყურაშვილი

ინგა ქორიძე