×
„ფიქრი ადამიანის ყველაზე ახლო მეგობარია“

გიორგი ლიპარიშვილი

მასწავლებელი


2240

ინტერვიუს შესახებ

ჩვენს აგრესიით დახუნძლულ გარემოში წარმოუდგენელი მეგონა ისეთი ადამიანის პოვნა, რომელშიც აგრესიის მისხალს ვერ აღმოაჩენ. როდესაც გიორგი ლიპარიშვილის მასალის შესწავლა დავიწყე, მივხვდი, რომ, გიორგი სწორედ ასეთს ჰგავს - ადამიანს, რომლის ბუნება დაუსრულებლად მიელტვის მშვიდობას. 

ამიტომ, არ გაგიკვირდეთ, რომ ბევრი კითხვით ვცადე, გადამემოწმებინა, რამდენად გულწრფელად ათავსებს ჩემი სტუმარი მშვიდობისმყოფელ და კეთილშობილ ხასიათს თავდაუზოგავ შრომასთან, მასწავლებლობასთან, მამობასთან. 

ჩემი დასკვნა ის არის, რომ გიორგი ლიპარიშვილი, უბრალოდ, მომავლის ქართველია. 
 

ია ანთაძე


- გიორგი, ყველაზე მეტი გაკვირვება რა შემოგინახათ მეხსიერებამ?

- ალბათ, ყველაზე მეტი გაკვირვება, რაც მეხსიერებამ შემომინახა, ევროპის ქვეყნების შედარებაა ჩვენს ქვეყანასთან. ევროპაში მოგზაურობების, სწავლის და ფიქრის შემდეგ, მკაფიოდ დავინახე, იქ რამდენად უფრო დალაგებულია ურთიერთობები, სწავლის ფორმები, რამდენად მეტი სიმშვიდეა. ჩვენ ქაოსს ვგავართ. ჩვენც რომ შევძლოთ და ასე დავლაგდეთ, როგორი ქვეყანა ვიქნებით?! რაც დრო გადის, უფრო მეტად მახსენდება ეს სხვაობა და ვცდილობ, ჩემი წვლილი შევიტანო ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. 

- ნათქვამი გაქვთ, ჩემს ასაკზე მეტი პროფესია გამომივლიაო. თქვენი ცხოვრების ფაბულა როგორ იქმნება - შემთხვევითი ამბებით, თუ გააზრებული არჩევანით? 

- შეიძლება, მოსასმენადაც რთული იყოს - ბევრ პროფესიას თუ იცვლი, ესე იგი, საქმეს კარგად ვერ ერგები. მაგრამ ზოგიერთ პროფესიაში საკმაოდ დიდი დრო გავატარე. თანაც, ჩემი სხვადასხვა პროფესია, თითქოს, ერთმანეთს ავსებს. იგივე ჟურნალისტიკა ავსებს ჩემს მოსწავლებლობას (!), იმიტომ, რომ სწავლებაში მეხმარება, ადამიანებთან ურთიერთობაში, კითხვების დასმაში, პასუხების ძიებაში. ჩრდილების თეატრში მუშაობა მეხმარება, რომ ხელოვნების გაკვეთილები უკეთესად დავგეგმო. ზოგჯერ, უინტერესო სამსახურიც საინტერესო გამოცდილება ყოფილა ჩემთვის იმიტომ, რომ მერე უკეთესად მესმის ადამიანების. მაგალითად, მუშად მიმუშავია და შემდეგ, როცა სხვა სამსახურში მენეჯერად ვმუშაობდი, მუშის თანასწორი ვიყავი და ეს გვეხმარებოდა, რომ უფრო მეტი წარმატებისთვის მიგვეღწია. 

- მაგრამ კითხვა იმას ეხებოდა, როგორ იკვრებოდა თქვენი ცხოვრების ფაბულა: შემთხვევითი ამბებით, თუ თქვენი გააზრებული ინიციატივებით? 

- შეიძლება, ორივე ერთად იყო, შემთხვევითობაც და ჩემი ინტერესიც. ჰობი რომ სამსახურად გექცევა, დაახლოებით, ეს დამემართა. მასწავლებლობაზე დიდად არ მიფიქრია, ჩემი ჰობი რაც იყო - ჩხირკედელაობა, რასაც სახლში ვხედავდი მამისგან და ბაბუისგან - მერე ეს გადაიქცა ჩემს მთავარ საქმედ. 1990-ანი წლების თაობა ვარ. რომ გადავრჩენილიყავით, ადრეული ასაკიდან ვმუშაობდი. დილით ადრე სახლიდან სპორტული ჩანთით გავდიოდი, ვითომ, სავარჯიშოდ უნდა წავსულიყავი გაკვეთილების დაწყებამდე. ამ დროს, სამსახურში მივდიოდი და სპორტული ჩანთა ნიღაბივით მქონდა. მაგრამ მერე და მერე ბავშვობის გამოცდილებამ მუშაობა გამიადვილა. დღეს რომ რამდენიმე სამსახურს ვათავსებ, ამით ჩემი ინტერესების სფერო უფრო მრავალფეროვანი ხდება. თან სამსახურს ემატება ჰობი, საქმიანობა, რაშიც ხელფასს არ იღებ (შეიძლება, იქით ხარჯავდე ფულს), მაგრამ ეს გასაზრდოებს, რომ არ გამოიფიტო და, პირიქით, განვითარდე. 

- ცხოვრების მიერ მოცემული შესაძლებლობების გამოყენება თქვენთვის რასთან იყო დაკავშირებული - მძიმე შრომასთან, დიდ რისკთან, ამ შესაძლებლობების ამოცნობის უნართან, თუ კიდევ სხვა რამესთან?

- უფრო, ალბათ, ძიებასთან იყო დაკავშირებული. ადამიანები ვეძებთ საკუთარ თავს, საკუთარ შესაძლებლობებს. თანდაყოლილ ნიჭს რომ ვეძახით, ლამაზი სიტყვების გადაბმაა, მეტი არაფერი. ამ ბოლო დროს, ბავშვები მეკითხებიან ხოლმე - მას, რომ გაიზრდებით, ვინ გინდათ, გამოხვიდეთო. თავიდან სასაცილოდ მეჩვენა, მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ რეალური კითხვაა, შორს გახედებს - კიდევ ვინ გინდა, რომ იყო? კიდევ რა გინდა, რომ გააკეთო? 

- ბარემ გვითხარით, ბავშვებს რას პასუხობთ - ვინ გინდათ, რომ გამოხვიდეთ, როცა გაიზრდებით? 

- ვეუბნები, რომ მოსწავლებელი მინდა გავხდე. ეს ხომ უკვე ხართო? მინდა, რომ უფრო კარგი გავხდე-მეთქი, უფრო მეტი ვისწავლო და მერე - მეტი ვასწავლო. 

- როგორც ვიცი, დაწყებით კლასებს ასწავლით ხელოვნებას მე-6 საავტორო სკოლაში. 

- დაწყებითსაც ვასწავლი, საბაზოსაც და უფროს კლასებსაც - მე-6 საავტორო სკოლაშიც და ათასწლეულის სკოლაშიც. 

- პირდაპირობა თქვენთვის დადებითი თვისებაა, თუ უარყოფითი?

- პირდაპირობა დადებითი თვისებაა, მაგრამ დიპლომატიურობაც მნიშვნელოვანია. პირდაპირობა ლამაზად უნდა შევფუთოთ. პირდაპირი თქმით, შეიძლება, თანამოსაუბრე დავკარგოთ. ჩემთვის უფრო მისაღებია, რომ ვუთხრათ: ესა და ეს კარგი გაქვს, მაგრამ ამ ნაწილში ეს არ ვარგა და, მოდი, შევცვალოთ. პირდაპირობა უხეში და ხისტი არ უნდა იყოს. კიდევ, გააჩნია, ვისთან ვართ პირდაპირი. მტერი თუ გვყავს, მას ისე უნდა ველაპარაკოთ, როგორც მტერს შეეფერება. 

- და რა არის ის, რამაც შეიძლება წონასწორობა დაგაკარგვინოთ? 

 
წონასწორობას მაკარგვინებს, ალბათ, ტყუილი ყველაზე მეტად. ალერგია რაზე გაქვსო, ექიმს თუ უკითხავს, მახსენდება ხოლმე ტყუილი, პირველ რიგში.

თუ ტყუილს ადამიანის გადარჩენა შეუძლია, ეს სხვა საქმეა. მაგრამ ცრუპენტელური ტყუილის გამო, შეიძლება, ძალიან გავბრაზდე. 

 

 

„მოთმინება აუცილებლად გვჭირდება, როგორც სპორტი, როგორც კეთილი რუტინა.“  

 

 

- თუ გქონიათ შემთხვევა, რომ მოთმინება აღარ ყოფილა კეთილშობილური საქციელი? 

- მქონია ასეთი ცუდი გამოცდილებები, როცა მოთმინება დამიკარგავს.  რამდენიმე ნაბიჯით დათმობას შედეგი არ მოუტანია, მოთმინებაც დამიკარგავს და ურთიერთობა დაპირისპირებამდეც მისულა.

- მოთმინება რომ დაკარგეთ, ამას თქვენს თავს ნაკლად უთვლით. კითხვა კი ის არის, მოთმინება რომ კეთილშობილური საქციელი აღარ ყოფილა, ასეთი გამოცდილება თუ გაქვთ. 

- დიახ, ზოგჯერ გვჭირდება, რომ მოთმინებასაც დავუსვათ წერტილი. სულ თუ ვითმენთ, მოთმინება ემსგავსება შეგუებას, რაც ძალიან ცუდია. როცა ვითმენთ სიღარიბეს, ერთფეროვნებას, სისტემას - ასეთი მოთმინება დამთრგუნველია. მაგრამ მეორე მხრიდან თუ შევხედავთ, მოთმინება აუცილებლად გვჭირდება, როგორც სპორტი, როგორც კეთილი რუტინა.  ოთარ ჭილაძე ამბობდა, ბედნიერება უნდა მოითმინოო. ამ შემთხვევაში, მოთმინება ადამიანის მეგობარია. 

- რა შემთხვევაში შეიძლება, რომ, პირადად თქვენთვის, კატეგორიულობა იყოს ურთიერთობის ენა?

- კატეგორიულობა შეიძლება უფრო მეორე-მესამე ნაბიჯად იყოს, როცა არჩევანის თავისუფლება არ ჭრის. მაგალითად, ბავშვს ვთავაზობ: ან ამ მასალით გააკეთე, ან იმ მასალით, ან რაღაც სხვა მასალით - თითქოს, ერთგვარი მენიუა. ან ფუნჯით დახატავს, ან ცარცით.. რითიც უნდა, იმით დახატავს. მაგრამ თუ ამბობს, არაფრის გაკეთება არ მინდაო, ვეკითხები - რატომ არ გინდა არაფრის გაკეთება? ჯიუტობს - აი, არ მინდა! ვეუბნები, სკოლაში იმისთვის ვართ, რომ ვისწავლოთ, განვვითარდეთ; მოდი, ერთად გავაკეთოთ, ვნახოთ, რა გამოგვივა. მოკლედ, გამოსავალს ვეძებ, მაგრამ ნელ-ნელა კატეგორიულობასაც ვურევ ჩამონათვალში. 

- რამდენიმე კითხვა, რაც დავსვი, გამომდინარეობს ჩემს თვალში თქვენი იმიჯიდან. მინდა, სხვადასხვა წახნაგით შევხედოთ თქვენს ურთიერთობას ბავშვებთან, ან, თუნდაც, უფროსებთან. წონასწორობაზე, მოთმინებაზე, კატეგორიულობაზე გკითხეთ და რაც მიპასუხეთ, იმის მიხედვით, მართლაც ძალიან მშვიდობისმოყვარე ადამიანი ხართ. 

- ვცდილობ, რომ დიპლომატიური ვიყო და, როგორც წეღან გითხარით, მოთმინებას დავუმეგობრდე. მაგრამ კატეგორიული ვარ, თუნდაც, ქვეყნის ისტორიის ჭრილში. მგონია, რომ უნდა ვიცოდეთ, ვინ არის ჩვენი მტერი და ვინ - მოყვარე. ვერ დავუთმობ, თუ მეტყვიან, რომ მტერი, სინამდვილეში, მეგობარია; თაგვი, სინამდვილეში, კატაა. ბნელისა და ნათლის გარჩევა ზუსტად უნდა ვიცოდეთ. 

- საოჯახო ჯილდო რომ არსებობდეს, თქვენი ოჯახის რომელ წევრს გადასცემდით? 

- თუ ოჯახს დავაპატარავებთ და მხოლოდ ცოლს და შვილს ვიგულისხმებთ (ვინც ერთად ვცხოვრობთ), მაშინ ჯილდოს ჩემს ცოლს გადავცემდი. იმიტომ, რომ თვითონაც ბევრი ინტერესი და საქმე აქვს, მაგრამ მაინც უფრო მეტად ცდილობს, რომ თავის საქმესთან ერთად, კიდევ მეტი ტვირთი აიღოს ჩვენს შვილთან და ჩვენს ურთიერთობაში. ჩემი შვილიც იმსახურებს ჯილდოს, რადგან მისგან ბევრს ვსწავლობ, მაგრამ ჯერ თვითონაც ბევრი აქვს სასწავლი; ასე რომ, იმედია, სხვა ჯილდოებით მოიწონებს თავს მომავალში. 

- ამაზე ბევრი გექნებათ ნაფიქრი: შვილის თვალში, მშობელს რა ხდის ძალიან პატივსაცემ ადამიანად? 

- ალბათ, პირადი მაგალითი. თუ შვილი ხედავს, რომ ღირსეულად იქცევი; რომ ინტერესი გაქვს და შრომობ; რომ არავის არ ებოროტები, - ისიც იწყებს მიბაძვას, თან, მის თვალში საინტერესო ხდები. თუ საკუთარ თავს ვზრდით, როგორც ღირსეულ ადამიანს, ამას შვილიც ხედავს და თვითონაც ცდილობს, რომ მსგავსად, ან უფრო მეტად ღირსეული და პატივსაცემი გახდეს. ადამიანებს შორის ურთიერთობებში გულწრფელობა არ იმალება. როცა შვილი ხედავს, რომ ვიღაც ტკბილად შეგხვდება, მოგიკითხავს, შენი ნახვა გაუხარდება -  მასშიც იბადება პატივისცემა. თუ სპორტი უყვარს და შენც მასთან ერთად თამაშობ, უკვე პატივსაცემი ხარ მისთვის - იმიტომ, რომ თან უფროსი ხარ, თან თანატოლი ხარ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვი გრძნობდეს: ერთ გზაზე დგახართ და სწორად მიდიხართ. 

- თქვენი შვილი ჯერ პატარაა, მაგრამ ცნობილია, რომ თინეიჯერობის ასაკში ბავშვისთვის მშობელი აღარ არის ავტორიტეტი. მის ადგილს თანატოლი იკავებს. თუ გიფიქრიათ იმ დროზე, როცა, რამდენიმე წელიწადში, შეიძლება, თქვენი შვილისთვის თქვენ აღარ იყოთ ავტორიტეტი? 

- დიახ, მიფიქრია. 

- რა შეიძლება ამას დაუპირისპიროთ? 

- ბავშვის განვითარების ფაზები ჩემთვის ძალიან საინტერესოა, როგორც სწავლებისთვის, ასევე, ჩემს შვილთან ურთიერთობისთვის. ვიცი, რომ რამდენიმე წლის შემდეგ ბავშვი სხვაგან დაიწყებს ავტორიტეტის ძებნას. ზუსტად ახლაა მნიშვნელოვანი მისი დახუნძვლა ღირსეული მაგალითებით, შთაბეჭდილებებით და ცნობისმოყვარეობით, რომ გარდატეხის ასაკს მომზადებული შეხვდეს. მეც ვეცდები, კიდევ მეტი ლიტერატურა წავიკითხო, კიდევ მეტ გამოცდილებას გავეცნო, კიდევ მეტი ველაპარაკო; ვეცდები, რომ მაინც არ დავკარგო საერთო ენა. თუ შვილს არასდროს არ ველაპარაკებით და 14 წლის ასაკში პირველად მოვინდომებთ, რომ პრობლემებზე დაველაპარაკოთ, რას ველოდებით?! თუ ამდენ ხანს არ დავლაპარაკებივართ, ახლა რატომ უნდა გველაპარაკოს?! და თუ რაღაც მარცვლები წინასწარ გვაქვს ჩაყრილი, ცოტა შანსი მაინც გვრჩება, რომ დიალოგი შედგეს. ამიტომ ვცდილობ, რომ თავიდანვე საერთო ენა გვქონდეს. იქნებ, მერეც ერთად გადავდგათ ეს ნაბიჯები, იქნებ, გავაგრძელოთ მეგობრობა. 

- თქვენი ბავშვობა რომ აგერჩიათ, რით იქნებოდა იმისგან განსხვავებული, რაც სინამდვილეში იყო? 

- რა რთული და კარგი კითხვაა. ჩემი ბავშვობა რომ ამერჩია, ალბათ, უფრო მეტ დროს გავატარებდი მამაჩემთან. 90-იან წლებში ვიზრდებოდი. მამაჩემს ბევრი მუშაობა უწევდა და თუ სახლში მუშაობდა, სულ ვცდილობდი, ახლოს ვყოფილიყავი მის სამუშაო სივრცესთან, მაგალითად, სახელოსნოსთან. მე რომ ამერჩია ჩემი ბავშვობა, საჯარო სივრცეებშიც მეტ დროს გავატარებდი ჩემს მშობლებთან. ალბათ, ეს არის ბავშვობის ერთ-ერთი ის დანაკლისი, რასაც ვცდილობ, რომ ჩემს შვილთანაც შევივსო და, თუნდაც, ჩემს მოსწავლეებთანაც. ალბათ, მინდა, რომ ჩემი ბავშვობა ამით როგორღაც გადავარჩინო. ურთიერთობები მაკლდა, მაგრამ იმიტომ არა, რომ მამაჩემს არ ვუყვარდი. პირიქით, თუ ერთად ვიყავით, ბევრს ვთამაშობდით, ვხალისობდით და ვხუმრობდით. მაგრამ ეს ცოტა იყო იმიტომ, რომ ბევრი საქმე იყრიდა თავს მის გარშემო. თავი ხომ უნდა გადაგვერჩინა, როგორც ოჯახს?! ამას გადავახვევდი ბავშვობაში და ამით გავიფერადებდი ბავშვობას. 

- მამასთან ურთიერთობით?

- მამასთანაც, დედასთანაც. ოჯახური ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია. ეს მაფიქრებინებს, რომ მეტი დრო უნდა გამოვნახოთ ჩვენი შვილებისთვის. ცოტ-ცოტა მაინც ვეთამაშოთ ყოველდღე, ცოტა ხანს მაინც დაველაპარაკოთ, გავიგოთ, რა ხდებოდა იმ დღეს მის ცხოვრებაში. 

- თქვენ ამბობდით, მე და ჩემი შვილი ველოსიპედით ერთად დავდივართ სკოლაში და უკან რომ ვბრუნდებით, ვუყვები, რა მოხდა იმ დღეს ჩემს ცხოვრებაში, რამ გაამართლა, რამ არ გაამართლაო. ეს რომ მოვისმინე, ერთი ეპიზოდი გამახსენდა ჩემი სტუმრის, ფსიქოლოგ ქეთი დალინკევიჩის ინტერვიუდან. ქეთი ამბობდა, მშობლები შეცდომას უშვებენ, როცა შვილს ეკითხებიან, აბა, მოყევი, რა ხდებოდა დღეს სკოლაშიო. ბავშვი ხშირად არ არის განწყობილი, რომ ამ კითხვას უპასუხოს; ბევრად უფრო სწორია, როცა უფროსი უყვება, რა მოხდა იმ დღეს მის ცხოვრებაში და შემდეგ ბავშვიც ბუნებრივად ყვება თავის ამბებსო. ინტუიციით მიაგენით, რომ თქვენ უნდა უამბოთ შვილს დღის ამბები, თუ სადმე წაიკითხეთ?

- არ მახსოვს, შეიძლება ადრე წავიკითხე კიდეც. მაგრამ ბაღის გზიდან დავიწყეთ ეს ურთიერთობა და ახლა ჩემი შვილი მეოთხე კლასს ამთავრებს. ბაღის გზა იყო ჩვენი ურთიერთობის ერთი ნაწილი - ფეხით ერთად უნდა წავსულიყავით და წამოვსულიყავით. და იმ გზაზე უნდა გველაპარაკა. 

- მაგრამ ამას როდის მიხვდით, რომ თქვენ უნდა უამბოთ და მას არ უნდა სთხოვოთ, თავისი დღის შესახებ გიამბოთ. 

- იყო მომენტი, როცა არ უნდოდა რაღაცის თქმა და მე ვიწყებდი მოყოლას. ჭამის დროს უკვე თვითონაც იწყებდა ლაპარაკს. გუშინ თვითონ მკითხა, კარგი რა ხდებოდა შენს თავსო? სხვათა შორის, ამერიკაში იყვნენ ძმები, რომლებმაც „კარგი ამბების სააგენტო“ შექმნეს. ჩემმა მეგობარმა მიამბო მათ შესახებ. დიდი ფული იშოვეს ამ სააგენტოთი. წლების მერე რომ ჰკითხეს, როგორ გაგიჩნდათ ეს იდეა, რომ მარტო კარგ ამბებზე წერთო, საკუთარი დედის ამბავი გაიხსენეს: სახლში რომ მოვდიოდით, გვეკითხებოდა, აბა, კარგი რა მოხდა თქვენს თავსო; ჩვენ თუ ვეტყოდით, იმან ფეხი მატკინა, ამან გამაბრაზა... დედა ამბობდა, არა, არა, კარგი რა მოხდა, ის მითხარითო; მერე ეს კარგი ამბები გადამდები აღმოჩნდაო. ასე რომ, ჩვენც, ოჯახში, ასე ვეკითხებით ხოლმე ერთმანეთს. 

 

 

„უფროსებს გვიჭირს ცნობისმოყვარეობის შენარჩუნება.“

 

 

- ნათქვამი გაქვთ, ბავშვის ნაწილი ჩვენში უნდა დავიტოვოთ, როცა გავიზრდებითო. თქვენში რომ ბავშვი ცხოვრობს, მას როგორ დაახასიათებთ? კომფორტული ადამიანია, თუ გაწვალებთ?

- ჩემი ბავშვობა, რაღაც კუთხით, ალბათ, მეხმარება. ბავშვობაში შემეძლო, მარტო ვმჯდარიყავი და მეთამაშა. მაგალითად, ნარდს არ მეთამაშებოდნენ - პატარა ხარო. ამის გამო, მე ვეთამაშებოდი ხოლმე საკუთარ თავს. ხან აქედან ვაგორებდი კამათელს, ხან იქიდან. ჭადრაკიც უამრავჯერ მითამაშია მარტოს. ეს მეხმარებოდა, რომ მესწავლა, თან მოთმინებას მიზრდიდა. ახლაც მარტო ვჯდები და ჩემთვის ვმუშაობ ხოლმე. ისე, ხშირად მავიწყდება ჩემი წარსული. არ ვიცი, რატომ მავიწყდება - ჩემი ბავშვობის ბრალია, თუ ჩემი მეხსიერების. მაგრამ ახლა ბავშვებთან, მოსწავლეებთან ურთიერთობაში იდეების გაცვლა და აღმოჩენები ჩემს ბავშვობასაც მიხანგრძლივებს და დიდობასაც. დიდებსაც გვჭირდება საზრდო. 

- რას გულისხმობთ? 

- უფროსებს გვიჭირს ცნობისმოყვარეობის შენარჩუნება. რომც შევინარჩუნოთ, მისი არეალი გვიპატარავდება. შეიძლება, ერთ პროფესიამდე, ან ერთ ჭორამდე დავიდეს ჩვენი ცნობისმოყვარეობა. ბავშვს კი უამრავი ინტერესი აქვს. ეს გვეხმარება, რომ სულ ფორმაში ვიყოთ, როგორც ფიზიკურად, ისე გონებრივად. 

- თქვენ დაგეგმვის ადამიანი ხართ და ბავშვებსაც დაგეგმვას ასწავლით. გეგმის არქონა თქვენთვის გარდაუვალი მარცხის წინაპირობაა?

- ამაზე ბევრი მიფიქრია. დაახლოებით, ოცი წლის წინ ჩემმა ლექტორმა მასწავლა, რომ დაგეგმვა ძალიან კარგია. დაგეგმვით, ჩანიშვნით ჩვენს შედეგიანობას ვზრდით. მერე, რაღაც პერიოდში ვიფიქრე, რომ ეს სისულელეა: ამდენი როგორ ვწერო, ან რატომ ვგეგმო... მაგრამ დრო რომ გავიდა, მივხვდი, რაღაც დამაკლდა, რაღაც ვერ ავაწყე. მერე თავიდან დავიწყე დაგეგმვა, რაც ახლაც გრძელდება. შეიძლება, ადამიანმა წარმატებას დაგეგმვის გარეშე მიაღწიოს, მაგრამ, მგონია, რომ ნაკლები შანსია. ან მეტი გამართლება დასჭირდება, ან მეტი უნარი, ნიჭი თუ განვითარება. დაგეგმვით უფრო მარტივია მიზნამდე მისვლა. დაგეგმვა მხოლოდ ჩაწერა არ არის, ამას მოჰყვება თვითშეფასება, დაკვირვება იმაზე, თუ რა შემეშალა და რა უნდა შევცვალო. 

- მაგრამ ხშირად ადამიანი საინტერესო ხდება იმით, რომ წონასწორობის კანონებს არ იცავს. ასეთი იყო, ვთქვათ, გურამ რჩეულიშვილი, რომელიც მუდმივად ბედისწერის გამოწვევის რეჟიმში ცხოვრობდა. ასეთ ადამიანებზე რას ფიქრობთ?

- წეღანაც ვთქვი, რომ განსაკუთრებული ნიჭის ადამიანებს დაგეგმვის გარეშეც ყველაფერი შეიძლება გამოუვიდეთ. გურამ რჩეულიშვილმა მცირე დროში რამდენი რამ მოასწრო. მაგრამ, უფრო რომ ჩავუღრმავდეთ, ისიც გეგმავდა. მაგალითად, წერის წინ ოთახს ჩამოაბნელებდა, თასმებს შეიკრავდა. ფეხსაცმელი თუ არ ეცვა, ისე არ წერდა. 

- ეს ერთგვარი რიტუალებია. 

- მაგრამ ესეც დაგეგმვის ნაწილია. რიტუალიც იგივე კეთილი რუტინაა. თუ ვიღაცას ფურცელი არ უჭირავს, ეს არ ნიშნავს, რომ ვერაფერს შეძლებს; ან მე თუ ფურცელი ავიღე ხელში, ესე იგი, ვარსკვლავების საკრეფად წავედი. არა, ესეც ინდივიდუალურია. ჩემთვის დაგეგმვა მნიშვნელოვანია. 

- სულ ამბობთ და დღესაც ახსენეთ, მოსწავლებელი ვარო და ამაში იმ აზრს დებთ, რომ თან ასწავლით და თან სწავლობთ - მასწავლებელი და მოსწავლე ერთდროულად ხართ. რა არის მთავარი, რასაც ასწავლით და რა არის მთავარი, რასაც სწავლობთ?

- მთავარი, რასაც ვასწავლი, ალბათ, ფიქრია. იმიტომ, რომ ფიქრი ადამიანის ყველაზე ახლო მეგობარია. სადაც არ უნდა წავიდეთ, ყველგან ყოველთვის ფიქრი დაგვყვება. რასაც ვსწავლობ, ალბათ, ინტერესის შენარჩუნება და მუდმივი ძიებაა. 

- ამაში მოსწავლეები როგორ გეხმარებიან? რას გასწავლიან? 

- იდეებით და ამ იდეების განვითარებით მეხმარებიან. მაგალითად, რაღაცას დავგეგმავთ და პროდუქტის შექმნას ვიწყებთ. ის პროდუქტი ჩვენთან ერთად იზრდება - გადაკეთდება, რაღაცები დაემატება. იდეები ბავშვებისგან მოდის. მაგალითად, ყელსაბამი ფანქარი ჩემმა სამი წლის დისშვილმა მოიფიქრა. თოკი გრძელი მომივიდა იმიტომ, რომ ძალიან პატარაა და დავინახე, რომ პირდაპირ კისრიდან ხატავდა, არ იხსნიდა. ახლა ჩემთვისაც გრძელ თოკს ვიკეთებ და წიგნს რომ ვკითხულობ, კისერზე ჩამოკიდებული ფანქრით ვხაზავ საინტერესო ფრაგმენტებს. შეიძლება, წლები დამჭირვებოდა, რომ ამ მარტივი ხერხისთვის მიმეგნო. 

- მთავარი, რასაც ვასწავლი, ფიქრიაო და ფიქრს როგორ ასწავლით? 

- ფიქრის სწავლება შესაძლებელია, აზროვნებამდე კი ადამიანი თვითონ უნდა მივიდეს. ფიქრს იმით ვასწავლი, რომ თუ ბავშვს რამე არ გამოუვიდა, ვთავაზობ, კიდევ ცადოს, თუნდაც, ჩემთან ერთად. გაკვეთილი ხშირად იწყება „გამოცნობანით“. მაგალითად, ვეტყვი: აბა, აანჯღრიეთ ჩემოდანი, შიგნით რა დევს? და ბავშვი ცდილობს, რომ ხმით გამოიცნოს. მძიმეა თუ მსუბუქია? ამ კითხვას თვითონ სვამს და კითხვის დასმა უკვე ფიქრის ნაწილია. ფიქრების გამოწვევით იწყება ყველაფერი და მერე იქით მივდივართ, რომ როცა თვითონ მარტო დარჩება საკუთარ ფიქრთან, საკუთარ მასალასთან, თუნდაც, მოწყენილობასთან, დარდთან, - შეუძლია, იფიქროს. ისიც შეუძლია, თვითონ გააკეთოს სათამაშო, გაერთოს და სხვასაც ასწავლოს - ეს ფიქრიც გაანაწილოს. ხშირად ყოფილა, რომ რაიმე ნივთი, რაც ერთად გაგვიკეთებია, ბავშვებისთვის სახლში გამიტანებია და მითქვამს - მოდი, მეგობრებს ასწავლეთ. ალბათ, ზოგჯერ გამოდის ხოლმე ფიქრის სწავლა. მეც ვსწავლობ ფიქრს. 

- თქვენ - როგორ? 

- ისევ ბავშვებისგან, თუნდაც, სიტყვებით თამაშისას. ბავშვებს სამი ენა აქვთ. ერთი ენა - სანამ ლაპარაკს დაიწყებენ და ჟღურტულებენ; მეორე ენა - როცა სიტყვებს გადააკეთებენ, ახალ სიტყვებს იგონებენ და განსხვავებულად ლაპარაკობენ (ეს ძალიან ლამაზი ენაა); მესამე ენით იწყებენ ლაპარაკს, როცა წამოიზრდებიან და საკუთარ ენას „ვარცხნიან“. ბავშვებზე დაკვირვებით, ნამდვილად ვსწავლობთ ფიქრს. 

- თქვენ ბავშვებს სინთეზურ აზროვნებას უვითარებთ: სხვადასხვა ნივთის ნარჩენებისგან ახალი ნივთის შექმნას ასწავლით. ბლუმის ტაქსონომიის მიხედვით, სინთეზური აზროვნება ზედა სააზროვნო დონის უნარია. დარწმუნებული ხართ, რომ ამგვარი დავალებები მათი ასაკისთვის შესაბამისია? 

- დავალებებს, რა თქმა უნდა, ასაკს ვარგებ ხოლმე. მაგალითად, პატარებთან სხვა მეთოდით ვმუშაობ, დიდებთან - სულ სხვანაირად. უფროს კლასებში მასალა ემატება, ან დავალება რთულდება, დამატებითი სამუშაო იარაღები შემოდის. პატარა უფრო მოტორიკას და გარკვეულ უნარებს ივითარებს, ფიქრს სწავლობს, დიდი კი უკვე ახალ ნაბიჯებს დგამს საკუთარი თავის გაძლიერებისკენ. 

- თქვენი მოსწავლეებისგან და, მათ შორის, თქვენი შვილისგან (სახლში) რა მთავარი წესების დაცვას ითხოვთ? 

- ერთი მთავარი წესი არის პატივისცემა, თავისი ყველა წახნაგით.  ამის გარეშე ყველაფერი წყალში ჩაიყრება. 

- ერთმანეთის პატივისცემა? 

- ერთმანეთის, მასწავლებლის, ნივთების, მასალის - ყველაფრის პატივისცემა. მიდგომა უნდა გვქონდეს პატივისცემით მოპყრობის. ბავშვებს უყვართ ხოლმე, თუნდაც, ზედმეტსახელების დარქმევა, რაც ზოგჯერ ჩაგვრისკენ გადადგმული ნაბიჯია. ამას რომ შეამჩნევ, მუშაობა უნდა შეაჩერო და პრობლემა მოაგვარო. ასე რომ, პატივისცემა ერთ-ერთი მთავარი წესია. მეორე წესი არის ცდა. არ გამომდის - ბავშვი რომ ამბობს - ალბათ, ეს სიტყვები უფროსისგან გაიგო. მაგრამ თუ ცდის, გამოუვა. ასაკის მიხედვით, ცდასთან ერთად, წარდგენა უნდა ისწავლონ. უნდა შეგვეძლოს საკუთარი თავის, საკუთარი ნამუშევრის წარდგენა და წარდგენის დროს ზომიერების დაცვაც, რომ არ ვიფიქროთ: „ყველაზე მაგარი გავაკეთე!“ ან „რა საშინელება გავაკეთე!“. ბავშვს ზოგჯერ თავისი ნამუშევარი საშინელი ჰგონია და ამის გამო სირცხვილის გრძნობა აქვს. მაგრამ ჩვენ მათ ნამუშევრებს ერთმანეთს არ ვაჯიბრებთ. 

- ვინც სკოლის ამბავი იცის, ისინი ამბობენ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ბავშვებს პატარა ასაკიდანვე ვასწავლოთ ერთმანეთს შორის განსხვავება და არა მსგავსება. სადაც მსგავსება, ერთ მუშტად შეკვრა და კოლექტივია - იქ იწყება განსხვავებულის ჩაგვრა; სადაც არის აქცენტი იმაზე, რომ ყველა განსხვავებულია და ერთმანეთის განსხვავებულობას პატივი უნდა ვცეთ - იქ იწყება ღია საზოგადოების ჩამოყალიბება.  რასაც თქვენ აკეთებთ, ზუსტად ამ კონცეფციაში ჯდება. 

- დიახ, ბავშვმა უნდა იცოდეს - შენი ნამუშევარი იმიტომ არის  განსხვავებული, რომ შენია და შენ ერთადერთი ხარ. 

 

 

„არ ვეთანხმები, რომ მაინცდამაინც „მამის ხაზი“ უნდა იყოს მკაცრი აღზრდა.“

 

 

- არაერთხელ გითქვამთ, რომ უფროსმა ბავშვს არ უნდა უთხრას სიტყვები „არ შეიძლება!“ ამის ნაცვლად, უნდა აუხსნას, რა არის კარგი და სასურველი, ხოლო რა არის საფრთხილო და საზიანო. მაგრამ ერიხ ფრომი ამბობდა, რომ ბავშვის აღზრდაში უნდა იყოს „დედის ხაზი“, ანუ უპირობო სიყვარული (რაც არ უნდა გააკეთო, მაინც მეყვარები) და „მამის ხაზი“, განპირობებული სიყვარული (მეყვარები, თუ ჩემს მოლოდინს გაამართლებ). „მამის ხაზით“ ბავშვი სწავლობს დისციპლინას, კანონმორჩილებას. აღზრდის და სწავლების თქვენს სისტემაში „მამის ხაზი“ ვერსად დავინახე. მიგაჩნიათ, რომ ბავშვის აღზრდის დროს დისციპლინა, აკრძალვა საერთოდ არ არის საჭირო?

- დისციპლინა მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩემთვის პატივისცემის ნაწილია. მაგალითად, ნივთის პატივისცემა არის, რომ მოწესრიგებული გაქვს შენი სამუშაო გარემო. არ ვეთანხმები, რომ მაინცდამაინც „მამის ხაზი“ უნდა იყოს მკაცრი აღზრდა. ზოგადად, აქცენტს ვაკეთებ ქცევაზე და არა ბავშვზე: ქცევაა ცუდი და არა გოგო ან ბიჭია ცუდი. არ ვეთანხმები, რომ მამა გადაიქცეს დამსჯელად. არ მომწონს, როცა დედა ბავშვს ეუბნება: მოიცადე, მამაშენს ვეტყვი ყველაფერს! ასე შეიძლება ბავშვს მამასთან ლაპარაკი აღარ მოუნდეს და სამუდამოდ ჩაეკეტოს მასთან მისასვლელი კარი. ეს „მკაცრი ხაზის“ ფუნქციაც, შეიძლება, დედასა და მამას შორის შეიცვალოს ხოლმე, სიტუაციის მიხედვით. 

- თქვენთვის სტერეოტიპია, როცა ამბობენ „უმამოდ გაზრდილი ბავშვია“? 

- სტერეოტიპია, რა თქმა უნდა. ბევრი მარტოხელა დედა, შეიძლება, უფრო ღირსეულად ზრდიდეს შვილს, ვიდრე დედა და მამა ერთად ზრდიან.

- მაგრამ როცა ოჯახში მამა არ არის, ეს ბავშვს არ ეტყობა? დისციპლინა ხომ „მამის ხაზის“ ნაწილია?! 

- ძალიან უხეში ნაწილია. მაგალითად, ჩემი ცოლი შეიძლება ბავშვთან უფრო კატეგორიული იყოს, როცა პრინციპული საკითხია გადასაწყვეტი. სხვა შემთხვევაში, შეიძლება, მეც ვიყო კატეგორიული. ეს ფუნქცია ორივემ უნდა გაინაწილოს, რომ ბავშვს რომელიმე მშობელთან მისასვლელი კარი არ ჩაეკეტოს. ჩვენ გარშემო ისმის ძალიან ბევრი „არ შეიძლება!“, რომელიც გამოგონილია იმისთვის, რომ ადამიანებმა თავიდან მოიშორონ კითხვებზე პასუხების გაცემის ვალდებულება. ბავშვს ყველაფერი უნდა აუხსნა - რა და რატომ არის სახიფათო, ან არასასურველი. 

- ერთ გადაცემაში გაკვრით გვიამბეთ თამაშის შესახებ, რომელსაც „წიგნის მაღაზიობანა“ ჰქვია. მგონი, ძალიან სასარგებლო თამაშია და მინდა, ჩვენს მკითხველებს აუხსნათ. 

- სახლში რაც გვითამაშია, იმას მოგიყვებით. ბავშვი გადმოალაგებს საბავშვო ლიტერატურას, თითოეულ წიგნს დაადებს ფასს და ამ წიგნებს ჩვენ, უფროსები ვყიდულობთ. ოღონდ, ბავშვმა უნდა ახსნას, ესა თუ ის წიგნი რატომ უნდა ვიყიდოთ, რა მხრივ არის საინტერესო. სად და როგორ გამოიფინება წიგნები, ამაში უფროსები არ ვერევით. და კიდევ ერთი პირობაა: თამაშის ბოლოს, წიგნები თვითონ უნდა მიალაგოს. ბავშვი ამ თამაშით წაკითხულის გააზრებას იწყებს. თანაც, დამატებით უჩნდება პატივისცემა წიგნის მიმართ - რაკი იყიდება, ესე იგი, ღირებულია. 

- თამაშის დროს, წიგნში ნამდვილ ფულს იხდით? 

- დიახ, ხურდებით ვყიდულობთ ხოლმე და ეს ხურდები ბავშვს რჩება. მაგრამ თამაში აქ არ მთავრდება. შემდეგ ერთად მივდივართ რეალურ მაღაზიაში, რეალური წიგნების ასარჩევად და შესაძენად. ჩემი შვილი თავის არჩეულ წიგნებს მეტი ხალისით კითხულობს. 

- ახლა უფროსებთან დაკავშირებით მაქვს კითხვა. მიმდინარე წელს გერმანულ ჟურნალ „შპიგელში“ გამოქვეყნდა საერთაშორისო სოციოლოგიური კვლევა, რომელშიც 18-დან 24 წლამდე „ზეტ თაობის“ 35 000 ახალგაზრდა მონაწილეობდა. გამოკითხულთა 58%-მა თქვა, რომ წავა სამსახურიდან, თუ სამუშაო ხელს შეუშლის ცხოვრებით ტკბობაში. ამავე კვლევის მიხედვით, ახალგაზრდები გადამწყვეტ მნიშვნელობას კი ანიჭებენ დასვენებას, მაგრამ არ იციან, რაში გამოიყენონ თავისუფალი დრო. კვლევის შედეგების განმარტებისას, მეცნიერები ასკვნიან, რომ შრომით გამოფიტვამ, რაც უფროს თაობას ახასიათებს, ახალგაზრდები მეორე უკიდურესობისკენ გადაისროლა. როგორ ფიქრობთ, ჩვენს ქვეყანაში თუ არსებობს შრომით გამოფიტვის ტენდენცია? და, შესაბამისად, თუ ხედავთ შრომისგან თავის არიდების, როგორც ტენდენციის, საფრთხეს?

- ჩვენთან, ჯერჯერობით, ადამიანები გადარჩენის ინსტინქტით მოქმედებენ. ამიტომაც, დასაქმების საათები სწორად არ არის ხოლმე განსაზღვრული. როგორც წესი, ადამიანი, რომელიც მუშაობს, მეტისმეტად დატვირთულია. ჩემს თავზე გეტყვით: რომ დავთვალე, აღმოჩნდა, რომ კვირაში ათი დღე ვმუშაობ. რამდენიმე სამსახური მაქვს და რომ გადავაბა, კვირაში ათდღიანი სამუშაო გრაფიკი გამომდის. ძალიან ბევრია, რეალურად. თავისუფალი დრო გვჭირდება არამარტო იმისთვის, რომ ცხოვრებით დავტკბეთ, არამედ, გასააზრებლად არის მნიშვნელოვანი - რასაც ვაკეთებ, სწორად ვაკეთებ?  

 
ადამიანებს ხომ არ ვკარგავ იმით, რომ მე ბევრს ვმუშაობ? ან ჩემს თავს ხომ არ ვკარგავ ამით, როცა მე ბევრს ვმუშაობ?

მნიშვნელოვანია, რომ გრაფიკი მოვაწესრიგოთ, როგორმე „არას“ თქმაც ვისწავლოთ. 

- იმის მაგალითი თუ იცით, როდესაც რომელიმე ახალგაზრდა გიყურებთ და ამბობს, არა, მე ამდენს არ ვიშრომებ, ჩემი თავისთვის მეტი დრო მჭირდება. ვიმუშავებ დღეში ოთხი საათი, რომ გარანტირებული მქონდეს ლუკმა-პური და მეტი არ მინდა. 

- ასეთებიც, ალბათ, ბევრნი არიან საქართველოში. თუმცა, ჩემთვის არავის უთქვამს, ამდენს რატომ მუშაობო. არც სჯერათ, რომ ამდენს ვმუშაობ: "როგორ - შაბათ-კვირა არ გაქვს? არ ისვენებ?" დიახ, გსიამოვნებს, რასაც აკეთებ, მაგრამ უკვე სისხლივით ხარ - სულ უნდა დიოდე და მოძრაობდე, რომ რაღაც მოასწრო. არიან ადამიანები, რომლებსაც ცოტაც აკმაყოფილებთ; არიან ადამიანები, რომლებისთვისაც ბევრიც ცოტაა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ფიქრისთვის დროის დატოვება და პასუხების მოძებნა კითხვებზე: „რასაც ვაკეთებ, სწორად ვაკეთებ? ღირს ამად ჩემი ცხოვრება?“ 

- ახლა რომ გქონდეთ საშუალება, თავს რით გაინებივრებდით? 

- ალბათ, უფრო მეტი მოგზაურობით და საყვარელი ადამიანების გვერდზე ყოფნით. ხშირად ოჯახის წევრებისთვისაც ვერ ვიცლი. არაერთხელ მითქვამს ჩემი დისთვის, ან ჩემი ძმისთვის - არ მოხვიდე, არ მცალია. 

- თუ ყოფილა შემთხვევა, რომ თქვენს ნაკლს გაუძლიერებიხართ, ან, გულის სიღრმეში, საკუთარი ნაკლი მოგწონებიათ?

- სათვალეზე ვიტყვი. შეიძლება, ადრე უფრო მეგონა ნაკლი, რადგან ჩემს ბავშვობაში ცოტა იყო სათვალიანი ადამიანი. ხშირად ყოფილა, რომ დაცინვის საგანი გამხდარა ჩემი სათვალე და ჩხუბამდეც მისულა საქმე. მაგრამ აღმოჩნდა, რომ შესაძლებელია ამ სათვალის მოხდენა, ატრიბუტად ქცევა. როცა თვალზე პრობლემა მქონდა, მეგონა, ვერ წავიკითხავდი. სპორტიც გვიან დავიწყე და მეგონა, რომ თავის დანებება მომიხდებოდა. მაგრამ პირიქით მოხდა. მარათონებზე დავრბივარ ხოლმე და თვალის ბოლოდროინდელი პრობლემის მერე, უფრო მეტი მარათონი ვირბინე. ჩემი პირადი შედეგები გავაუმჯობესე, თითქოს, საკუთარ თავს ვაჯობე. 

- თქვენთვის რომელია სიტყვა, რომელიც მთელი ცხოვრების მეგზურად გამოდგება?

- (პაუზა) განვითარება. ჩვენ ვავითარებთ საკუთარ თავს, ვზრდით, წყალს ვუსხამთ, ვცდილობთ, რომ უკეთესი გავხადოთ; ვცდილობთ, არ ჩავიძიროთ და არ ჩავრჩეთ სადღაც... იქ, სადაც ცუდად ვიდექით, მაგალითად. 

- მრავლობითში კი ამბობთ, მაგრამ, ალბათ, თქვენს თავს გულისხმობთ. 

- რა თქმა უნდა. არ მაქვს იმდენი გამოცდილება, რომ სხვები დავმოძღვრო. ჩემს თავს ვასწავლი, პირველ რიგში, და მერე იმასაც ვცდილობ, ვინმეს თუ მოეწონება, გავუზიარო. 

 

 

„შეიძლება, ჩემთვის ძალიან მძიმე იყოს, მხრებში მომხაროს, ან წვერში ჭაღარა დამიმატოს, მაგრამ ვცდილობ, რომ სიმართლეს ღირსეულად შევხვდე.“

 

 

- დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. ინტერვიუს დავასრულებთ თქვენი კომენტარით ცნობილი ადამიანების ორ გამონათქვამზე. პირველი ციტატის ავტორია ამერიკელი მწერალი და პედაგოგი დეილ კარნეგი (1888-1955): „ყოველთვის მისდიეთ საკუთარ ვნებებს. ისინი დიდ წარმატებასთან მიგიყვანენ.“

- ზოგჯერ არის, რომ ჩვენ ნაკლებად გვესმის საკუთარი თავის და სხვა დაინახავს ჩვენში რაღაც უნარს, ძალას. ამის მერე უფრო თავდაჯერებულები ვხდებით. ვნება არის ჩვენი თავდაჯერება, ჩვენი რწმენა, შემართება, გამბედაობა. ჩვენი სიყოჩაღე არის ვნება, - ეს ჩვენი მთავარი ნაპერწკალია. ბევრჯერ უნდა ვცადოთ საკუთარი თავის გამოწვევა ამ ვნებებში. თუ ერთმა არ გაამართლა, მეორე ვნებას მივყვეთ, მესამეს. მხოლოდ ბევრი ვნების გამოწვევით შეიძლება მივიდეთ წარმატებამდე. ეს წარმატებაც ხომ პირობითია. ვიღაცისთვის მატერიალური დოვლათია, ვიღაცისთვის - პატივისცემა, საკუთარი საქმე, კარიერა, ოჯახი... ჩემი აზრით, წარმატება იმ გარემოში ცხოვრებაა, სადაც საყვარელ საქმეს აკეთებ. 

- მეორე ციტატა ეკუთვნის თანამედროვე ამერიკელ ფსიქიატრს - ირვინ იალომს (1931): „თითოეულმა ადამიანმა თავისთვის უნდა განსაზღვროს, სიმართლის რა დოზის ატანა შეუძლია.“ 

- მართალია, ზოგჯერ სიმართლეს ვემალებით ხოლმე. თითქოს, თვალს ვუხუჭავთ, ან ვეგუებით უსამართლობას. ზოგჯერ საკუთარ სიზარმაცეში ვეხვევით. 

- პირადად თქვენ რამდენი სიმართლის ატანა შეგიძლიათ? 

- შეიძლება, ჩემთვის ძალიან მძიმე იყოს, მხრებში მომხაროს, ან წვერში ჭაღარა დამიმატოს, მაგრამ ვცდილობ, რომ სიმართლეს ღირსეულად შევხვდე; და ვცდილობ, ან გამოცდილებით გავუმკლავდე, ან დაფიქრებით, ან დიპლომატიით.

ფოტომასალა: ირაკლი გედენიძე

გუნდი

ირაკლი გედენიძე

ზურაბ ქურციკიძე

გიო კუსიანი

გიორგი ურუშაძე

თამთა ყუბანეიშვილი

ნანა ყურაშვილი

ინგა ქორიძე