×
„ჩემს სიზმრებში ოპერატორის ნამუშევარი მომწონს ძალიან“

ოთარ საბაშვილი

ფინანსისტი, ინტელექტუალური თამაშის - რა? სად? როდის? - გუნდის კაპიტანი


2190

ინტერვიუს შესახებ

ოთარ საბაშვილს მთელი საქართველო იცნობს და თან არც იცნობს. ერთი მხრივ, ინტელექტუალური თამაშის - „რა? სად? როდის?“ - ყველაზე ცნობილი კაპიტანია. მრავალი წელია, მაყურებელი მას ტელეეთერში ადევნებს თვალს და გულშემატკივრობს. მეორე მხრივ, საკმაოდ მორიდებული ადამიანია და იშვიათად ჩნდება საჯარო სივრცეში. როცა ჩნდება, მაშინაც ლაპარაკს სხვების მოსმენა ურჩევნია. ამიტომაც არ ვიყავი დარწმუნებული, რომ ბატონი ოთარი ინტერვიუზე დამთანხმდებოდა. 

ჩემს წარმოდგენაში, ინტელექტუალური თამაშის წარმატებული ლიდერი სხვანაირი უნდა იყოს, ოთარ საბაშვილი კი სულ სხვანაირია. თავიდან გამიკვირდა და ეს გაკვირვება სტრიქონებს შორისაც ჟონავს. თუმცა, ბოლოს სწორედ იმიტომ დავაფასე, თავისი სოციალური როლისგან განსხვავებული რომ აღმოჩნდა. 

ინტერვიუს ბოლო წინადადებამ სტუმარი საბოლოოდ გახსნა ჩემს თვალში. ამის საპირისპირო ბევრი სტუმრისგან მომისმენია, მაგრამ ასეთი რამ ჯერ არავის უთქვამს. თან, შეუძლებელია, არ დაუჯერო! 

გაიცანით ოთარ საბაშვილი, რომელსაც ვერ წარმოუდგენია, დაჯდეს და მარადიულზე იფიქროს. 
 

ია ანთაძე

- ბატონო ოთარ, თქვენთვის ცხოვრების საიმედო დასაყრდენი რა არის?

- ბანალური ვიქნები - ოჯახი და მეგობრები. 

- ესე იგი, მთავარი დასაყრდენი თქვენ გარეთ არის და არა თქვენში? 

- დასაყრდენი თავისთავად გულისხმობს, რომ გარეთ უნდა იყოს, მე ასე მესმის. თანაც, ძალიან არ მიყვარს ადამიანების გარეშე ცხოვრება. ფიზიკურად მარტო ყოფნაც კი არ მსიამოვნებს. საკუთარი თავის იმედი ყოველთვის მაქვს, მაგრამ ჩემი დასაყრდენი, როგორც გითხარით, ოჯახი და მეგობრები არიან.

- თქვენთვის რას ნიშნავს გააზრებული ცხოვრება? უფრო კონკრეტულად რომ გკითხოთ, რამდენად ხართ კონცენტრირებული მიმდინარე ამბებზე და რამდენად - იმაზე, რაც მარადიულია? 

- ვერ წარმომიდგენია, დაჯდე და მარადიულზე იფიქრო. თუ გახსოვთ, მუშნი ზარანდიას ეკითხებიან, მორალზე თუ ფიქრობ, როდესაც საქმეს აკეთებ, ან როცა რაიმეს გეგმავო? არაო, პასუხობს, იმიტომ, რომ ის, რაც ჩემს მორალს ეწინააღმდეგება, თავშიც არ მომივა; რაც თავში მომდის, ის ჩემს მორალთან უკვე შეთანხმებულიაო. მუშნი ზარანდიამ როგორ დაამთავრა თავისი მორალით, კარგად იცით და მთლად სწორი ანალოგია არ გამომივიდა. მაგრამ, რომ გითხრათ, ვზივარ და ცხოვრების არსზე ვფიქრობ დღეში რამდენიმე საათი ან წუთი-მეთქი, - ასე არ არის. უბრალოდ, ფიქრობ ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე - როგორ გიცხოვრია, საკუთარი საქციელიდან რა მოგწონებია, რა არ მოგწონებია. ამ პრიზმაში რომ ატარებ შენს ცხოვრებას, შემდეგ ცდილობ, ისე მოიქცე, რომ შენი საქციელი თვითონვე მოგეწონოს.

- როდესაც თქვენი ცხოვრების მთავარ საქმეს აკეთებთ, თუ ფიქრობთ, სინამდვილეში, ეს საქმე რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ან, თუნდაც, ზოგადად? თუ უფრო ინერციით ცხოვრობთ? 

- ბევრ რამეს გააჩნია. არის ცხოვრებაში პერიოდები, როდესაც იმას აკეთებ, რაც მართლა გულით გინდა. ჩემს ცხოვრებაშიც ყოფილა ასეთი პერიოდები და, საბედნიეროდ, უფრო მეტი ყოფილა, ვიდრე ისეთი პერიოდები, როცა მხოლოდ შემოსავლისთვის ვმუშაობ. ცხოვრების საქმე ახსენეთ. აი, ახლა ვარ იმ ეტაპზე, როცა ჩემი ცხოვრების საქმის კეთება დავიწყე. 

- რას გულისხმობთ? 

- კახეთიდან ვარ, მევენახეების და მეღვინეების ოჯახიდან და ძალიან დიდი ხანია, მინდოდა, ჩემი პატარა მარანი შემექმნა. სამსახური მაქვს, მაგრამ პარალელურად ჩავყარე ვენახი, რომელიც სამ წელიწადში მომცემს მოსავალს. ამ მოსავალს მარანი უნდა დავახვედრო. მერე კი ყველაფერს თავს დავანებებ და მეღვინე გავხდები. შეიძლება ითქვას, რომ ახლა, ამ წუთში რითიც ვარ დაკავებული, სწორედ ჩემი ცხოვრების საქმეს ვაკეთებ. ამაზე მრავალი წლის განმავლობაში ვოცნებობდი. ბევრი დრო, ფიქრი, ენერგია, ფინანსები მაქვს ჩადებული და, შესაბამისად, ახლა ნაღდად ვარ იმ ეტაპზე, რომ ვფიქრობ, ნეტავ, ეს მაკეთებინა მთელი ცხოვრება. 

- მამული სად გაქვთ? 

- მანავში. მაქვს პრეტენზია, რომ ათ წელიწადში, როდესაც „მწვანეზე“ ისაუბრებენ, შეთანხმებული თემა იყოს, რომ ოთარის „მწვანე“ საუკეთესოა. რამდენად გამომივა, არ ვიცი (იცინის). პაპაჩემს ჰქონდა ვენახები და ბავშვობიდან ყველა არდადეგებს სოფელში ვატარებდი. ვაზის ოპერაციებშიც ვეხმარებოდი, მაგრამ ქვევრის გარეცხვა იყო ჩემი მთავარი ფუნქცია. ასე რომ, ვენახის სიყვარული ბავშვობიდან მომყვება. მერე, ექვსი თუ შვიდი წელი „შატო მუხრანის“ გენერალური დირექტორი ვიყავი. იქაც 100 ჰექტრამდე ვენახი გავაშენეთ. ვენახებიც, სასახლეც და ქარხანაც ჩემს ხელშია აშენებული. 

- კახეთში, თქვენს მამულში, ახლა ვინმე ცხოვრობს? 

- არა, დიდი ხანია, ჩვენი სახლი დაკეტილია. მაგრამ სამ წელიწადში მე ვხდები მანაველი მევენახე და მეღვინე. ყველაფერს თავს ვანებებ და იქით გადავდივარ. 

- გასულ წლებში რა გიშლიდათ ხელს, რომ ისე გეცხოვრათ, როგორც თქვენს საუკეთესო წარმოდგენებში იცხოვრებდით?

- ალბათ, ის, რაც უმრავლეს შემთხვევაში უშლის ხოლმე ხელს ადამიანს. ამ კონკრეტულ მეურნეობას საკმაო ფინანსები სჭირდება. ცხოვრებისეული რუტინაა - ოჯახი, ხარჯები... მიმდინარე ვალდებულებების გასტუმრება, პლუს ინვესტიციის ჩადება შენთვის მნიშვნელოვან საქმეში - კი, ვიღაცას გამოსდის, მაგრამ მე, სამწუხაროდ, ასე ვერ ავაწყე ჩემი ცხოვრება. 

 

 

„არ ვიცი, რაც ახლა მაქვს, ამას ცოდნას დავარქმევთ, თუ გამოცდილებას.“ 

 

 

- მგონი, უკვე ცხადია, რომ თქვენი თავი უფრო ქმედების ადამიანად მიგაჩნიათ, ვიდრე ფიქრის ადამიანად. 

- დიახ. ცალსახად ასეა. ფიქრი, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ მე უფრო აქტიური საქმე მიზიდავს. ყოველდღიური გამოწვევების გადალახვა უფრო მაინტერესებს, ვიდრე ჩამოჯდომა და ცხოვრების არსზე ფიქრი. ეს ჩემი გზა არ არის. 

- ასარჩევი რომ იყოს, თქვენი ცხოვრების ამ ეტაპზე მეტ განათლებას აირჩევდით, თუ მეტ გამოცდილებას? 

- ალბათ, გამოცდილებას. დღევანდელი გამოცდილება ოცი წლის წინ რომ მქონოდა, ბევრ რამეს შევცვლიდი ჩემს ცხოვრებაში. თეორიული ცოდნის რა ბაზისიც მაშინ მქონდა, როცა ინსტიტუტი დავამთავრე და ფინანსების ადმინისტრირების მაგისტრი გავხდი, ახლაც ის ბაზისი მაქვს. თუმცა, კონკრეტულ დარგებში სპეციალურ ლიტერატურას სულ ვეცნობოდი. მე ვფიქრობ, ესეც ცოდნაა - გამოცდილება იმ სფეროებში, რომლებშიც მიმუშავია. ბევრ სფეროში მომიხდა მუშაობა და არ ვიცი, რაც ახლა მაქვს, ამას ცოდნას დავარქმევთ, თუ გამოცდილებას. მშენებლობა და ბეტონი 15 წლის წინ საერთოდ არ ვიცოდი, ახლა ვიცი. რაღაც წავიკითხე, რაღაც პრაქტიკითაც მოვიდა. 

- მეღვინეობაში და მევენახეობაში უკვე გაქვთ თქვენი მიზნების მისაღწევად საკმარისი ცოდნა?  

- გარკვეული ცოდნა მაქვს, მაგრამ ეს პროცესი ხომ არასდროს არ მთავრდება?! როდესაც რომელიმე კონკრეტულ თემაზე იტყვი, რომ ყველაფერი იცი, ზუსტად იქ არაფერი არ გამოგივა. ჩემთვის ცოდნა და გამოცდილება ერთმანეთისგან ცალსახად არ იყოფა. როდესაც რაღაც საქმეს ვიწყებ, პირველ რიგში, ხელმისაწვდომ ლიტერატურას ვკითხულობ. მაინცდამაინც გუშინწინ კი არ წამიკითხავს, რაც დღეს მჭირდება, არამედ - 10-12 წლის წინ წავიკითხე. საკმაოდ დიდი სამეგობრო და სანაცნობო წრე მყავს. ეს ადამიანები სხვადასხვა საქმის ექსპერტები არიან. როდესაც კონკრეტული ამოცანა მაქვს, მათგან ვიღებ რჩევას და მერე მე ვწყვეტ, როგორც მოვიქცე - ჩემი ცოდნიდან და მათი რჩევებიდან გამომდინარე. ამას ყველა ეტაპზე ვაკეთებ. პატარა ამოცანების სწორად გადაჭრით ვცდილობ დიდი ამოცანის გადაჭრას. 

- თქვენს პიროვნულ ზრდას რა უფრო მეტად ეხმარება - გამოწვევები, რაც გქონიათ, თუ ცხოვრების სასიხარულო მომენტები?

- სასიხარულო  მომენტები მაშინ დგება, როცა გამოწვევას დაძლევ. შესაბამისად, დაბრკოლების დაძლევა უფრო მეტად ეხმარება ზრდას, ასე ვფიქრობ. ადრე მოყვარული ალპინისტი ვიყავი და მთაში დავდიოდი. მწვერვალზე ასვლა, პირველ რიგში, შენი თავის დაძლევაა და მერე - ყველაფერი დანარჩენი. 41 წლის ასაკში ავედი მყინვარწვერზე, როცა მანამდე ათი წელი მთაში ნამყოფი არ ვიყავი. ძალიან გამიხარდა. ფეისბუკის მთავარ ფოტოდ მიდევს მყინვარწვერზე გადაღებული ფოტო, რომელიც, კარგა ხანია, არ შემიცვლია. 

- ერთი და იგივე დღე მუდმივად რომ მეორდებოდეს, იმ დღეს რას გააკეთებდით? 

- აქამდე რაც არ მომწყენია არასდროს - ნადირობაა. ყოველდღე რომ ვინადირო, ალბათ, ესეც მომწყინდება. მაგრამ რაც ძალიან მიყვარს, მიზიდავს და ყველაფერ დანარჩენს მავიწყებს - ბუნებაში ყოფნაა. 

- რით არის თქვენთვის მნიშვნელოვანი ბუნებაში ყოფნა? ვიცი, რომ ძალიან პატარა იყავით, როცა მამას სანადიროდ დაჰყავდით. მეორე მხრივ, სასტენდო სროლაზე დადიოდით და, თითქოს, ეს ორი გამოცდილება ბუნებრივად იყრის თავს იმაში, რომ მონადირე ხართ. ინერცია ხომ არ არის ის, რასაც  ბუნებისადმი განსაკუთრებულ დამოკიდებულებად აღიქვამთ? 

- ამას წინათ ვკითხულობდი „ნეშენალ ჯეოგრაფიკში“, რომ ავანტიურისტის გენი აღმოაჩინეს გენური ინჟინერიის სპეციალისტებმა. თუ არ ვცდები, მთელი მოსახლეობის 12%-ს აქვს ეს გენი, რომელიც ადამიანს თავგადასავლებისკენ, ახალი სამყაროს აღმოჩენისკენ უბიძგებს. როგორც მეცნიერები ამტკიცებენ, ყველა დიდი აღმოჩენის ავტორი ამ გენის მქონე ადამიანია. მონადირის გენი არავის გამოუკვლევია, მაგრამ, შეიძლება, რაღაც ასეთიც არსებობს. მე და ჩემი ძმა ბავშვობაში სულ ერთად დავდიოდით სანადიროდ. მაგრამ, დიდი ხანია, მას ნადირობა აღარ აინტერესებს და მე მაინტერესებს. პირველი წიგნი, რომელიც 4 წლის ასაკში წავიკითხე, ჯონ ჰანტერის „მონადირე“ იყო. მას შემდეგ, ბევრი ლიტერატურა მაქვს წაკითხული ამ თემაზე. ნადირობა ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია. ვწუხვარ, რომ ბევრ ადამიანს არასწორად ესმის ნადირობის შინაარსი. 

- მსმენია, რომ მონადირეები ბევრად უფრო ფაქიზად ეკიდებიან ბუნებას, ვიდრე სხვები. მეორე მხრივ, ნადირობა ბუნების მიმართ ველურ დამოკიდებულებას ნამდვილად ჰგავს. ამ წინააღმდეგობაზე რას ფიქრობთ?

- ორ ჭრილში გიპასუხებთ. ჯერ ეთიკურ ჭრილში და მერე - მერკანტილურ ჭრილში, ანუ ქვეყნისთვის რა ჯობია. ეთიკურ ჭრილში ბევრი შემიძლია ვილაპარაკო...

- მთავარი გვითხარით. 

- „შვლის ნუკრის ნაამბობის“ ავტორი ვაჟა-ფშაველა გატაცებული მონადირე იყო. მარტო საკუთარი თავის და ოჯახის გამოსაკვებად კი არ ნადირობდა, არამედ, ნადირობის ტრფიალს რომ იტყვიან, ის იყო. ნამდვილი აზარტი ჰქონდა. ცხოველის მოკვდინება ნადირობის პროცესის შემადგენელი ერთი პატარა ნაწილია. რამდენჯერ მე და ჩემი მეგობრები სანადიროდ ვყოფილვართ, არაფერი მოგვიკლავს და მაინც ძალიან ნასიამოვნები წამოვსულვართ. ყველას სტრესული გარემო გვაქვს. სამსახურიდან სახლში რომ მიხვალ და საღამოს ტელევიზორს უყურებ, მაინც სამსახურზე ფიქრი გაწუხებს. ძილის წინაც ამაზე ფიქრობ. მეგობრებთან ერთად სუფრასთან თუ ზიხარ, რაღაც მომენტში ეს ფიქრები მაინც გაგიელვებს. ერთადერთი ადგილი არის ბუნება და ნადირობა, სადაც ყველაფერ დანარჩენს სწყდები. დამღლელი სამუშაო კვირის შემდეგ, შეიძლება, ფიზიკურად კიდევ უარესად დაიღალო ნადირობის დროს, მაგრამ იქიდან სრულად განმუხტული მოდიხარ. ბუნებაში ყოფნა „რესტარტის“ საუკეთესო საშუალებაა. ეთიკურ საყვედურს ცხოველის მოკვლასთან დაკავშირებით მხოლოდ იმ ადამიანისგან ვიღებ, ვინც ცხოველის ხორცს საერთოდ არ ეკარება. მათი პოზიცია მესმის. მაგრამ თუ ადამიანი ფერმაში გაზრდილი საქონლის ხორცს მშვენივრად მიირთმევს და მე ნადირობისთვის მსაყვედურობს, მისი მორალი გაუგებარია. 

 

 

„ნადირობა ჩემი ცხოვრების გამოცდილების ჯამია, რომელსაც მუდმივად ვხვეწ.“

 

 

- მეორე ასპექტზეც გვითხარით. 

- 2019 თუ 2020 წელს ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდმა (WWF) კვლევა ჩაატარა - მთელ მსოფლიოში ბოლო 100 წელიწადში როგორ შეიცვალა ნადირ-ფრინველის რაოდენობა. აღმოჩნდა, რომ ორად ორი ქვეყანაა, რომელშიც ბოლო 100 წელიწადში ნადირ-ფრინველის რაოდენობა (პროცენტულად) გაზრდილია - აშშ და კანადა. ამ დროს, აშშ ერთ სულ მოსახლეზე მონადირეების რაოდენობით პირველ ადგილზეა მსოფლიოში და კანადა - მეორეზე. სადაც ყველაზე მეტი მონადირეა, იქ გაიზარდა ნადირ-ფრინველის რაოდენობა. 

- იქნებ, არ არის ერთმანეთთან კავშირში? 

- პირდაპირ კავშირშია და ამ ფაქტს ძალიან მარტი ახსნა აქვს. ის ადამიანი, რომელიც სისტემატურად ნადირობს, თავისი მერკანტილური ინტერესებიდან გამომდინარე, დებს თანხას ნადირ-ფრინველის გამრავლებისთვის, დებს თანხას ბუნების დაცვისთვის. აშშ-ში, მე-20 საუკუნის დასაწყისში, შეიქმნა კანონები, რომლებიც ფერმერებს და მონადირეებს ბუნების დაცვისთვის ახალისებდა. ნადირობა არ ნიშნავს, რომ თოფით ხელში მიდიხარ და ყველაფერს უნდა ესროლო. არა, უნდა მოკლა მხოლოდ ის და იმდენი, რაც და რამდენიც დასაშვებია ნადირობის სეზონზე. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ კვლავწარმოება შეინარჩუნო. 

 
ნადირობა სანამ სროლამდე მივა, მანამდე სანადირო მეურნეობის წარმოება, ნადირ-ფრინველის აღწარმოება და ნადირ-ფრინველის მომრავლება არის 90% ნადირობის და 10% არის ბოლო - ფინალი.

ნადირობა ჩემი ცხოვრების გამოცდილების ჯამია, რომელსაც მუდმივად ვხვეწ. მიხარია, რომ, ასაკთან ერთად, ნადირობის სიყვარული არ მინელდება და ინტერესს არ ვკარგავ.

- იმ ნიჭებს შორის, რომლებიც საკუთარ თავში აღმოგიჩენიათ, რომელი  ნიჭი გაგრძნობინებთ ყველაზე დიდ შინაგან კმაყოფილებას? 

- განსაკუთრებული ნიჭი, მგონი, არ მაქვს. სიმღერის და ცეკვის ნიჭით არ გამოვირჩევი. ფართო მასაზე გაცილებით უარესი ვარ მაგ საკითხში. „რა? სად? როდის?“ რომ კარგად ვთამაშობ, ეს სპორტია და ნიჭს არ დავარქმევდი. 

- რაიმე განსაკუთრებულ ნიჭს საერთოდ ვერ ხედავთ თქვენს თავში? 

- როგორც მეგობრები ამბობენ, კარგი მეგობარი ვარ. ნიჭი რამდენად არის, არ ვიცი (იცინის). 

- გამიგია, რომ ძალიან კარგი თამადა ხართ. 

- არა, სხვათა შორის. ბატონ გიორგის (მოსიძეს) არ ეწყინოს, მაგრამ ეს მითი მან მოიგონა. სინამდვილეში, დიდ სუფრებზე თამადობას და მაღალფარდოვან სადღეგრძელოებს საერთოდ ვერ ვიტან. ორი-სამი მეგობარი თუ დავსხდებით, მაგას რა თამადობა უნდა?! 

- როცა სხვებთან ერთად ხართ საჯარო სივრცეში - ვთქვათ, რომელიმე გადაცემაში გიწვევენ - არ გიყვართ ლაპარაკი და თავის გამოჩენა; მეორე მხრივ, პოპულარულ სატელევიზიო თამაშში გუნდის უცვლელი კაპიტანი და ლიდერი ხართ. რა არის თქვენი ხასიათის ძირითადი ღერძი - შებოჭილობა თუ სილაღე?

- შებოჭილი არანაირად არ ვარ. ყურადღების ცენტრში ყოფნა არ მიყვარს, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ეს დისკომფორტს მიქმნის. უცხო ადამიანებთან მარტივად შემიძლია ურთიერთობა; მაგრამ თუ არჩევანზეა საქმე, ყოველთვის მირჩევნია ჩემს ნაცნობ ორ-სამ ადამიანთან ერთად ყოფნა. მაგალითად, სუფრაზე რომ ვთქვათ, გადასარევ სუფრას 30 ადამიანთან ერთად ცნობილ რესტორანში, მირჩევნია ლობიო, მწნილი და ბუხრის წინ ჯორკოზე შემოჯდომა ორ ძმაკაცთან ერთად. ეს უფრო ახლოს მოდის გულთან. თორემ, არც ბევრ ხალხში დავიბნევი და არც იქ ვიგრძნობ თავს უცხოდ. 

- მეგობრები ბევრჯერ ახსენეთ. სხვა ადამიანში რა გიზიდავთ? 

- მეგობრის ყველაზე მთავარი თვისება ერთგულება და გვერდში დგომაა. მეგობრები მყავს აბსოლუტურად განსხვავებული სოციალური წრიდან, საქმიანობის განსხვავებული სფეროებიდან, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებით. ეს ყველაფერი მთავარი არ არის. მათი დიდი უმრავლესობა, მრავალი წელია, ჩემს გვერდზეა და, ამდენი ხნის განმავლობაში, კარგად გამოვცადეთ ერთმანეთი. შესაბამისად, მათ ჩემდამი დამოკიდებულებაში ეჭვი არ მეპარება. 

- ერთგულება დაასახელეთ მეგობრობის მთავარ საფუძვლად და ერთგულებად რა მიგაჩნიათ: როდესაც მეგობარი პირდაპირ გეუბნებათ, თუკი, მისი აზრით, შეცდომას უშვებთ, თუ უპირობო ნდობა? 

- ჩემი მეგობრების ნაწილს - ინსტიტუტის ჯგუფელებს - გვაქვს ტრადიცია, რომელსაც „პარასკევობა“ ჰქვია. თითქმის ყოველ პარასკევს ვიკრიბებით 8-10 ადამიანი. სუფრის ფორმატში ვიკრიბებით, მაგრამ ამ შეკრებას უფრო მეგობრული კლუბის სახე აქვს. 

- ოჯახებით იკრიბებით? 

- ზოგჯერ ოჯახებით, უფრო ხშირად - მხოლოდ მეგობრები. ერთმანეთს საკუთარ ამბებს ვუყვებით. ეს მეგობრები თავის სფეროში ექსპერტები და წარმატებული ადამიანები არიან. იქ მიიღებ, თუ რამე კონსულტაცია გჭირდება - საგადასახადო საკითხთან დაკავშირებით, იურიდიულ თუ რაიმე სხვა თემაზე.  ამას მოჰყვება ერთმანეთის საქციელის განხილვაც. „რა ქენი ეს?!“ „კარგი, ახლა, ეს რა იყო?!“ ასეთი ურთიერთობა ჩვენი ცხოვრების შემადგენელი ნაწილია. მე ძალიან მეხმარება და, დარწმუნებული ვარ, სხვებსაც ძალიან ეხმარება ერთმანეთის საქციელის კრიტიკულ წნეხში გატარება. ხშირად მიფიქრია: „ამას კი გავაძვრენ აქ, მაგრამ პარასკევობაზე ამის გაძვრენა არ გინდა?!“ ეს ამბავი თქვენს კითხვაზე პასუხად გავიხსენე. რა თქმა უნდა, მეგობრისადმი ერთგულება მის კრიტიკასაც გულისხმობს. 

 

 

„ემოციური ადამიანი ვარ და, შეიძლება, რაღაც ქარიზმას ჩემი აქტიური ჩართულობა ქმნის.“

 

 

- უფრო ფრთხილი ადამიანი ხართ თუ უფრო - რისკიანი? 

- რისკიანი ვარ. ფრთხილი ნამდვილად არ ვარ. 

- ხშირად მოგიხსენიებენ, როგორც „ლეგენდარულ კაპიტანს“. რამ მოგიტანათ წარმატება თქვენ, როგორც ლიდერს?

- სტატისტიკურად რომ დავთვალოთ, ალბათ, მე უფრო მაღალი მაქვს ჩაგდებული კითხვების წილი, ვიდრე სხვა კაპიტნებს. თუ მეტი არა, ნაკლები კითხვა ნამდვილად არ ჩამიგდია. კაპიტნის მხრიდან კითხვის ჩაგდება რა არის? მაგიდასთან იყო სწორი ვერსია და კაპიტანმა არასწორი ვერსია აარჩია. ასეთი შემთხვევა ბევრი მქონია. უბრალოდ, მე არ შემიძლია გულს გარეთ რაღაცის კეთება. როცა ვთამაშობ, მთლიანად ვარ ამ პროცესში ჩართული და მოგება-წაგება ჩემთვის მნიშვნელოვანია. ემოციური ადამიანი ვარ და, შეიძლება, რაღაც ქარიზმას ჩემი აქტიური ჩართულობა ქმნის. თორემ, ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ყველაზე უკეთესი კაპიტანი ვარ შედეგებით. უბრალოდ, ჩემი ემოცია გარეთ გამოდის, მაყურებელი ხედავს, რომ ჩემთვის სულ ერთი არ არის, რაც თამაშში ხდება. 

- თქვენ, როგორც კაპიტანს, ძალაუფლება თავისუფლებას განიჭებთ, თუ თავისუფლებას გართმევთ? 

- ყოველთვის მირჩევნია, გუნდის წევრი ვიყო, ვიდრე კაპიტანი. კაპიტანზე ძალიან დიდი წნეხი და პასუხისმგებლობაა. წელს, ბოლოს წინა თამაშში, რომელშიც ფინალისტი უნდა გარკვეულიყო, არ ვიცი, გამიმართლა, თუ კარგად ვითამაშეთ, - ყველა საეჭვო ვერსია სწორი მიმართულებით გადავწყვიტე. ფინალში, სამწუხაროდ, იგივე აღარ გამომივიდა. შესაბამისად, გუნდის წევრმა, რომელმაც სწორი ვერსია თქვა, გუნდის წინაშე თავისი ვალი მოიხადა. ამის შემდეგ, კაპიტნის პასუხისმგებლობაა, რომ სწორი ვერსია შეარჩიოს. ეს პასუხისმგებლობა ყველაზე მეტად „მწნეხავს“. 

- თუ სწორად გავიგე, კაპიტნობა თავისუფლებას უფრო გართმევთ, ვიდრე განიჭებთ. 

- ერთმნიშვნელოვნად. კაპიტნობა ძალიან ძნელია. 

- „ოთარ საბაშვილის თამაშს დრამატულობა არასდროს აკლია,“ – ეს გადაცემა „ახალი დღის“ წამყვანის, სანდრო რაჩკოვსკის ციტატაა. მეც მინახავს თქვენი თამაშის ემოციური მომენტები. ინტერნეტშიც დევს განსაკუთრებული ფრაგმენტები.

- სამწუხაროდ. 

- ცდილობთ, რომ თქვენს ხასიათში სიფიცხეს ებრძოლოთ? თუ დრამატული გამოხატვა თქვენს ინდივიდუალობას გამოკვეთს და, ამიტომ, პრობლემას არ გიქმნით? 

- თამაშის დროს იმაზე თუ იფიქრე, ტელევიზორში როგორ გამოჩნდები, მაშინ თამაშში არაფერი არ გამოგივა. 

- მაგრამ რამდენიმე დღის წინ ფინალი რომ წააგეთ, გაცილებით მშვიდად გადაიტანეთ, ვიდრე სხვა რთულ მომენტებში მინახავს თქვენი რეაქცია. 

- ალბათ, ასაკიც არის. თანაც, ცნობილი მომენტების მერე, ვცდილობ, სხვანაირად მოვიქცე. არავის არ სიამოვნებს, როცა წონასწორობას კარგავს.

- ზოგადად, რამდენად მომთმენი ხართ ირგვლივ მყოფი ადამიანების სისუსტეების მიმართ? 

- რთულად გამომდის მოთმენა. ჩემმა მეგობრებმაც იციან, რომ ხისტი ვარ, სიდინჯით არ გამოვირჩევი. მეგობრის ან ოჯახის წევრის რამე თუ არ მომწონს, პირდაპირ ვეუბნები. ამ მხრივ, დიპლომატიური არ ვარ, სამწუხაროდ. 

- თქვენი საკუთარი სისუსტეების მიმართ რამდენად მკაცრი ხართ? 

- მით უმეტეს, მკაცრი ვარ. 

- რაში გამოიხატება? 

- ყოველთვის ჩემს თავს ვამუნათებ. „რა? სად? როდის?“ გუნდშიც, როცა კაპიტანი ხარ, სხვას ვერ დაადანაშაულებ. პირველ რიგში, ჩემს თავზე ვიღებ ხოლმე პასუხისმგებლობას და ეს რთული ტვირთია, თავისი უძილო ღამეებით და ჩანაწერის 17-ჯერ გადახვევით. ყოველთვის ვეძებ, როდის დავუშვი შეცდომა. 

- რომელია ადამიანური ნაკლი, რომელსაც გაგებით ეკიდებით? 

- სისუსტეები ყველას გვაქვს. ძალიან პათეტიკურად გამომივა, იმის ჩამოთვლა რომ დავიწყო, რას ვერ ვაპატიებდი საყვარელ ადამიანს. დროს და სიტუაციას გააჩნია. ხანდახან, შეიძლება, რაღაც ისეთი აპატიო, რაც, სხვა შემთხვევაში, უპატიებელი იქნებოდა. ხანდახან, შეიძლება, ერთმა „პატარა“ საქციელმა იმდენად ცუდი შთაბეჭდილება მოახდინოს შენზე, რომ მეგობარი დაკარგო. ასეთ შემთხვევაში, ფიქრობ: არ მინდა, საქმე მქონდეს ადამიანთან, რომელსაც ეს ასე ესმის...

- ანუ თქვენ ამბობთ, რომ კონტექსტს გააჩნია?

- დიახ, კონტექსტს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ერთი მეგობრისთვის ბევრად უარესი მიპატიებია, რადგან გამიგია, რატომ დაემართა ეს ამბავი. მაგრამ მეორე, რომელიც თავის საქციელში ვერ გავამართლე, დავკარგე.

- დღევანდელი გადასახედიდან, რა იქნებოდა ის სასარგებლო და კარგი რჩევა მშობლებისგან, რომელიც არ მიგიღიათ?

- მშობლებისგან ყველაზე მნიშვნელოვანი რაც მივიღე, ოჯახში სიყვარულის ატმოსფერო იყო. მამაჩემის მეგობრები დღემდე ჩემი საუკეთესო მეგობრები არიან. მეგობრობას რომ ვახსენებ, ბევრი რამ დედაჩემისგან და მამაჩემისგან ვისწავლე. რაც შეეხება რჩევას, ამისთვისაც მადლობელი ვარ, რომ ჩემს ცხოვრებაში კონკრეტული რჩევებით არ ჩარეულან. პროფესიის არჩევით დაწყებული, ოჯახის შექმნით დამთავრებული, არც მოუციათ რჩევა და არც გამითვალისწინებია, - მე თვითონ ვიღებდი გადაწყვეტილებებს. ზრდასრული შვილები მყავს და ბევრ რჩევას არც მათ ვაძლევ. ალბათ, მიყურებენ და ჩემი მაგალითით რაღაცას სწავლობენ. 

- შვილის თვალში მშობელს რა ხდის ძალიან პატივსაცემ ადამიანად? გეკითხებით, როგორც შვილსაც და როგორც მშობელსაც. 

- მეგობრობა და პატივისცემა ორმხრივია. შენ თუ შენი შვილის აზრებს და გადაწყვეტილებებს პატივს არ სცემ, მარტო იმის თქმით, რომ მე უფროსი ვარ, შენზე მეტი ვიცი და დამიჯერე! - პატივისცემას ვერ დაიმსახურებ. როდესაც შვილი გრძნობს, რომ პატივს სცემ, ეს მისგან საპასუხო პატივისცემას იწვევს. მაქსიმალურად ვცდილობ, რომ შვილებს არასოდეს იმპერატიული გადაწყვეტილებები არ მოვახვიო თავს. ვცდილობ კი არა, არც ყოფილა ასეთი შემთხვევა. 

- როგორ ფიქრობთ, ძალა რაშია?

 
სიმართლეში, ალბათ, ყველაზე მეტად. იმავე ცოდნაშიც, ინტელექტშიც, ყველაფერში, მაგრამ სიმართლეა ძალა, პირველი, მაინც.

 კახეთში გამიგია, მართალი კაცი ქვაზე მაგარიაო. 

- სუსტ და ძლიერ ადამიანს შორის თქვენთვის მთავარი განსხვავება რა არის? 

- დათა თუთაშხია ერთ ეპიზოდში ადვოკატს და ქალბატონ ნანოს ეუბნება - რაც ნაკლები შიში აქვს ადამიანს, მით მეტად ძლიერიაო. საკუთარ შიშებთან ბრძოლა ერთ-ერთი მთავარი ბრძოლაა ცხოვრებაში. 

- ესე იგი, შიშის მიმართ დამოკიდებულებით მიჯნავთ ძლიერ და სუსტ ადამიანს?

- დიახ. 

- რას ურჩევდით მას, ვისაც შეცდომაში გაჯიუტება ახასიათებს?

- მეც მახასიათებს ხანდახან, არ ვარ ამისგან დაზღვეული. 

- მით უმეტეს, ნაფიქრი გექნებათ ამ თემაზე. 

- ამას ვურჩევდი, რომ თუ ვინმესთან ოპონირებაში არიან, ოპონენტის მხრიდან დაინახონ სიტუაცია. წეღან რომ ვთქვი, კონტექსტს გააჩნია-მეთქი, ამას ვგულისხმობდი. შენი მხრიდან რაც მიუღებელი საქციელია და ამის გამო გაჯიუტდები, ოპონენტის მხრიდან რომ დაინახავ, შეიძლება, ისე მიუღებელი აღარ მოგეჩვენოს. 

- უხერხულ მდგომარეობაში რა გაყენებთ? 

- სიმღერას თუ მთხოვს ვინმე, ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ვვარდები (იცინის). 

- რაკი გთხოვენ, ესე იგი, სიმღერა გამოგდით? 

- არა, ვხუმრობ. ვინც მიცნობს, კარგა ხანია, აღარავინ მთხოვს, რომ ვიმღერო. 

- თუ ეს ხუმრობა იყო, მაშინ, რეალურად, რა გაყენებთ უხერხულ მდგომარეობაში?

- ერთ ისტორიას მოგიყვებით... ჩემი მეგობარი დაბადების დღეს იხდიდა. ამერია, სხვაგან უნდა მივსულიყავი და სხვაგან მივედი. კუპედან დოლ-გარმონის ხმა გამოდიოდა. კი გამიკვირდა, დოლ-გარმონს იქ რა უნდოდა. მერე ვიფიქრე, რატომაც არა, დაბადების დღეა და კახეთში ვართ-მეთქი. კარი წიხლით გავაღე და შალახოს ცეკვით შევედი. გადავხედე და კაციშვილი ჩემი ნაცნობი არ არის (იცინის). ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩავვარდი, არ ვიცოდი,  გავჩერებულიყავი და ბოდიში მომეხადა, თუ როგორ მოვქცეულიყავი. ბოლოს, შალახოს ცეკვითვე წრე დავარტყი და გამოვედი იმ კუპედან. იმათ რა დაემართათ, ხომ წარმოგიდგენიათ?! 

- მართლა ძალიან სასაცილო ამბავია. თქვენთვის რომელია სიტყვა, რომელიც მთელი ცხოვრების მეგზურად გამოდგება? 

- საქართველო. 

 

 

„მსუბუქად მიდგომა ის არის, რომ პრობლემას არ მისცე საშუალება, „დაგიტანოს“, გაჯობოს.“

 

 

- საუბრის ბოლოს, გვიამბეთ ერთი ამბავი, სადაც ჩანხართ ისეთი, როგორიც სინამდვილეში ხართ. 

- არ არის ადვილი კითხვა. (პაუზა) მოდით, სიზმარს მოვყვები, რომელიც, მგონი, ზუსტად მახასიათებს. საერთოდ, ძილში ცალკე ცხოვრება მაქვს. ძალიან რეალისტურ სიზმრებს ვხედავ. ჩვეულებრივი ფილმებია, ფაქტობრივად. ჩემს სიზმრებში ოპერატორის ნამუშევარი მომწონს ძალიან. 2008 წლის ომი ახალი ჩავლილი იყო, ყველანი დათრგუნულები ვიყავით. დამესიზმრა, რომ დედამიწაზე უცხოპლანეტელების პირველი ჩამოსვლა დაფიქსირდა. დაჯდა მფრინავი თეფში და უცხოპლანეტელები გადმოვიდნენ. 7 მილიარდი ადამიანის ყურადღება მათკენ არის მიმართული. უცხოპლანეტელები ორი დღის განმავლობაში ათვალიერებენ დედამიწას, სხვადასხვა ადგილს სტუმრობენ. ბოლოს, ფინალური პრესკონფერენცია აქვთ, გვემშვიდობებიან და ამბობენ (არც ერთ სიტყვას არ ვამატებ, ეს ყველაფერი ვნახე): ჩვენ მზვერავი რაზმი ვართ, თქვენც შეგისწავლეთ, ისევე, როგორც სხვა პლანეტები გვაქვს შესწავლილი; ზოგიერთი პლანეტა უნდა გავანადგუროთ, ზოგიერთს,  პირიქით, ვეხმარებით; თქვენ კარგი ოხრები ხართ, მაგრამ მაინც კარგი მეტი გაქვთ, ვიდრე ცუდი და გადავწყვიტეთ, დაგეხმაროთ; შესაბამისად, ახლა წამოვა სატრანსპორტო კონტეინერები, ყველა პრობლემას მოგიგვარებთ, მაგრამ ერთი მოთხოვნა გვაქვს: ადრე, სანამ ჩვენი ცივილიზაცია ასე განვითარდებოდა, სხვადასხვა პლანეტაზე მზვერავებს ვაგზავნიდით, რომლებიც იმ პლანეტაზე რჩებოდნენ; აქ ჩამოსულების შთამომავლები არიან ქართველები; მაგათ არაფერი დაუშავოთ, თორემ, დედას გიტირებთო! (იცინის) პუტინმა, სარკოზიმ და ყველამ რომ გვიღალატა, უცხოპლანეტელები დამესიზმრა - იქნებ, მათ მაინც ეშველათ ჩვენთვის. მგონი, ეს სიზმარი ზუსტად მახასიათებს იმიტომ, რომ სიზმრები ჩემი შემადგენელი ნაწილია.

- დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. ინტერვიუს დავასრულებთ თქვენი კომენტარით ცნობილი ადამიანების ორ გამონათქვამზე. პირველი ციტატის ავტორია გერმანელი დრამატურგი ბერტოლდ ბრეხტი (1898-1956): „თუ ძნელის დაძლევა გინდა, მსუბუქად მიუდექი.“  

- ვეთანხმები. თამაშით უნდა მიუდგე ყველაზე რთული ამოცანის გადაწყვეტას. თუ ტანჯვით უდგები, ვერაფერს მოაგვარებ, არ გამოვა. მთავარია, რომ პრობლემამ არ დაგთრგუნოს.  

- მეორე მხრივ, თქვით, რომ თამაშსაც ძალიან სერიოზულად უდგებით. 

- სერიოზულად და მსუბუქად - სხვადასხვაა. თამაშსაც მსუბუქად ვუდგები, მაგრამ სერიოზულად. მსუბუქად მიდგომა ის არის, რომ პრობლემას არ მისცე საშუალება, „დაგიტანოს“, გაჯობოს. 

- მეორე ციტატის ავტორია გერმანელი ფილოსოფოსი არტურ შოპენჰაუერი (1788-1860): „არ უთხრა მეგობარს ის, რაც მტერმა არ უნდა იცოდეს.“

- დიდი ბოდიში ბატონი არტურის სულთან, მაგრამ ჭკვიანურ ნათქვამად არ მიმაჩნია. თუ იგულისხმება, რომ შენს მეგობარს რასაც ეტყვი, იმას მტერი გაიგებს, კატეგორიულად არ ვეთანხმები. 

- არ გაქვთ ეს გამოცდილება? 

- თუ ავტოსაგზაო შემთხვევის გამოცდილება გაქვთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მანქანით აღარ იმგზავრებთ. თუ გვაქვს მწარე გამოცდილება მეგობრისგან - ყველას შეიძლება ჰქონდეს და მეც მქონია - რა დააშავეს დანარჩენმა მეგობრებმა, რომ მათ არ ვენდოთ?!  პირიქით, წეღანაც გითხარით, ჩემი ცხოვრების მთავარი დასაყრდენი ოჯახი და მეგობრები არიან. მეუღლე ჩემი საუკეთესო მეგობარია. შვილებიც, მინდა, ჩემი მეგობრები იყვნენ. მეგობრები ხომ არიან და არიან... ამათ ყველას ბოლომდე ვენდობი. მათთან საუბარი, მნიშვნელოვანი საკითხების მათთან ერთად განხილვა დიდ ძალას მაძლევს და ბევრი სწორი გადაწყვეტილების გზას მიჩვენებს. მათ რომ დავუმალო ის, რაც არ მინდა, მტერმა იცოდეს, ძალიან უკან ვიქნებოდი ცხოვრებაში. 

- მაგრამ, ალბათ, გაქვთ რაიმე ისეთი, რაც მარტო თქვენ იცით და არავისთვის გაგიმხელიათ...

- შეიძლება, ყველა მეგობარმა არ იცის, მაგრამ რაღაც ისეთი, რაც მარტო ჩემია და დედამიწის ზურგზე არც ერთი ადამიანისთვის არ გამიმხელია - ასეთი რამ არ არსებობს. 


 

ფოტომასალა: ირაკლი გედენიძე

გუნდი

ირაკლი გედენიძე

ზურაბ ქურციკიძე

გიო კუსიანი

გიორგი ურუშაძე

თამთა ყუბანეიშვილი

ნანა ყურაშვილი

ინგა ქორიძე