×
„რა თქმა უნდა, გულმოწყალებას ვემხრობი“

ნანა ალექსანდრია

მოჭადრაკე, მსოფლიოს ორგზის ვიცე-ჩემპიონი, მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადების 12 ოქროს მედლისა და ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის მფლობელი


1422

ინტერვიუს შესახებ

მაია ჩიბურდანიძესთან და ნონა გაფრინდაშვილთან ინტერვიუს შემდეგ, ნანა ალექსანდრიასთან ინტერვიუ გარდაუვალი იყო. მაგრამ, ფორმალობის მიღმა, წინა ორი ინტერვიუ ისე წარიმართა, რომ ქალბატონ ნანასთან საუბარი ძალიან მაინტერესებდა. ისეთი კითხვები მქონდა, რომლებსაც პასუხის გაცემა სჭირდებოდა იმისთვის, რომ მეც და მკითხველსაც მკაფიოდ დაგვენახა „ოქროს წლების“ დრამატურგია. 

და კიდევ, მაინტერესებდა, ქალბატონი ნანა დამიდასტურებდა თუ არა ჩემს ვარაუდს, რომ მის მიმართ ქართველ ხალხს განსაკუთრებული, ჩემპიონებისგანაც კი გამორჩეული სიმპათია და სიყვარული ჰქონდა.

ყველა კითხვაზე პასუხი მივიღე და დავრწმუნდი, რომ ქალბატონი ნანა უფრო დიდსულოვანი და მამაცი ადამიანი ყოფილა, ვიდრე ოდესმე წარმომედგინა. ეს ინტერვიუ განსაკუთრებით ღირებულია მათთვის, ვისთვისაც სიმართლე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე - მითები. 

ია ანთაძე

- ქალბატონო ნანა, ზოგადად, მოჭადრაკე უფრო ფიქრის ადამიანია, თუ უფრო - ქმედების?

- მე მგონია, ორივეს შერწყმაა - იდეებიც უნდა გქონდეს და ამ იდეების რეალიზებაც უნდა შეძლო. მაგრამ როდესაც ასაკში შედიხარ და ჭადრაკი კარგად გესმის, შედეგები მაინც ქვეითდება, იმიტომ, რომ ძველებური ენერგია აღარ გაქვს. 

- გამოდის, მოქმედების წილი იკლებს და ფიქრის წილს არაფერი აკლდება?

- მოქმედების მხრივ, ახალგაზრდული ენერგიაა საჭირო, რომელიც აღარ გაქვს. ფიქრის მხრივ, პირიქით, ცოდნა და გამოცდილება გემატება. მაგრამ იდეების რეალიზება ძნელდება, განსაკუთრებით, როცა დროში შეზღუდული ხარ. შეიძლება, 4 საათი და 59 წუთი ძალიან კარგად თამაშობდე, მაგრამ იმ ერთ წუთში - როდესაც სისწრაფეა საჭირო, რომ ალამი არ ჩამოვარდეს და თან ემოციებს უნდა მოერიო - შეიძლება, ყველაფერი წყალში ჩაყარო. 

- პირადად თქვენ უფრო ფიქრის ადამიანი ხართ, თუ უფრო - ქმედების? საკუთარ თავს როგორ აფასებთ? ამას იმიტომ გეკითხებით, რომ თქვენმა შვილმა გიგა ბოკერიამ ორი წლის წინ თქვა თქვენზე, ახლაც იმდენი ენერგია აქვს, რომ სამ ადამიანს ეყოფაო. 

- მე ძალიან ადრე, 40 წლის ასაკში, ჩამოვშორდი აქტიურ ჭადრაკს. მერე ზოგჯერ საერთაშორისო ტურნირებში ვთამაშობდი, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონობისთვის ბრძოლაზე და ოლიმპიურ გუნდში თამაშზე უარი ვთქვი. ეს გადაწყვეტილება მაშინ მივიღე, როცა ბოლო საზონათაშორისო ტურნირიდან პრეტენდენტებში ვერ გავედი. პირველი შემთხვევა იყო 25 წლის განმავლობაში, როდესაც საზონათაშორისო ტურნირიდან პრეტენდენტებში ვერ მოვხვდი. რამდენიმე აბსოლუტურად მოგებული პარტია ბოლოს გავაფუჭე. სპორტში ემოცია სასურველია, თუნდაც, როდესაც გულშემატკივრები ყვირიან, რომ განწყობა და მოტივაცია შექმნან და სპორტსმენს ძალების მობილიზაციაში დაეხმარონ, როგორც ეს, მაგალითად, ფეხბურთშია. ჭადრაკში, უშუალოდ თამაშის პროცესში, შენი გონება აბსოლუტურად უნდა მართავდეს ემოციას. როცა დავინახე, რომ ჩემი ნერვები გამოფიტულია, გადავწყვიტე, დროზე მეთქვა თამაშზე უარი. 

- რომელი წელი იყო? 

- 2000 წელი. შესაძლოა, ზუსტი პასუხი ვერ გაგეცით - ფიქრი თუ ქმედება. მაგრამ როდესაც ნერვული სისტემა გამოფიტულია, ქმედება ეფექტური ვერ იქნება. 

- მიუხედავად ქართველი მოჭადრაკე ქალების არნახული პოპულარობისა, ჩემი შთაბეჭდილებით, ხალხის ყველაზე დიდი სიმპათია მაინც თქვენ გერგოთ წილად. თითქოს, უფრო ადამიანური იყავით, სხვების ფონზე. თქვენ თუ გქონიათ ეს განცდა?

- გულშემატკივრობის, სითბოს და სიყვარულის თვალსაზრისით, ნამდვილად განებივრებული ვიყავი. ნონა ცალკე შემთხვევა იყო და არ ვიცი, რა რაოდენობის წერილი და მისალოცი ბარათი აქვს მიღებული. ნონას მიმართ როგორი დამოკიდებულება იყო, ალბათ, თავად ხართ ამის მომსწრე. მაგრამ მეც ნამდვილად განებივრებული ვიყავი. 1966 წელს, როდესაც 17 წლის ასაკში პირველად გავხდი საბჭოთა კავშირის ჩემპიონი, დღეში 20-30 წერილს ვიღებდი. ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი ვიყავი და ყველა ცნობილმა ადამიანმა გამოხატა ჩემდამი სითბო. გაზეთებმა პირველ გვერდზე გამოაქვეყნეს ჩემი ფოტო, წარწერებით:  „17 წლის მომხიბვლელი ჩემპიონი“, „სჯობს სახელისა მოხვეჭა“... ძალიან შთამბეჭდავი და ემოციური იყო ეს პირველი დიდი გამარჯვება. თან ტკივილიც ახლდა.

- რატომ? 

- იმიტომ, რომ ამ დღეს ვერ მოესწრო ჩემი მწვრთნელი ვახტანგ ქარსელაძე, რომელიც ოცნებობდა, მისი ორი მოწაფე - ნონა და ნანა - მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ მატჩში შეხვედროდა ერთმანეთს. ვახტანგ ქარსელაძე 47 წლის ასაკში გარდაიცვალა, ერთი თვით ადრე, ვიდრე მე საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გავხდებოდი. მამაჩემი ჩემი გულშემატკივრების გამოგზავნილ ყველა წერილს ინახავდა. მერე უკვე, ასაკში, ამ წერილებს კიდევ სხვანაირად აღიქვამ. 

- უბრუნდებით ამ ძველ წერილებს? ახლა გსიამოვნებთ მათი კითხვა?

- ასაკში ასე ხდება ხოლმე. იმ დროს ძალიან დატვირთული ვიყავი. რა თქმა უნდა, წერილებს ვკითხულობდი, ზოგს ვპასუხობდი კიდეც. მაგრამ ახლა ჩემთვის ეს წერილები გაცილებით უფრო ემოციურია. 50 წლის რომ გავხდი, რუსთაველის თეატრის დიდ დარბაზში გადამიხადეს იუბილე და მაშინ მკითხეს, არქივზე ვინ მუშაობსო. ამას არქივზე მუშაობა არ ჰქვია, მაგრამ მაშინ გადავხედე წერილებს და მართლაც საოცარი იყო ის სითბო, რაც წლების განმავლობაში მომყვებოდა. 

- ამ განსაკუთრებულ სითბოს რით ხსნით? 

- ნონას პოპულარობით ვხსნი, ნონას დიდი წარმატებებით. ნონა გამარჯვების სიმბოლო იყო. მახსოვს, ერთმა ნაცნობმა მხატვარმა მითხრა: „მამაჩემისგან მახსოვს - 60-იანი წლების ტკივილი ნონა გაფრინდაშვილის და მიხეილ მესხის სახელმა გადაგვატანინაო“. 

- რა ტკივილს გულისხმობდა?

- 1956 წლის ტრაგიკულ მოვლენებს და იმას, საქართველო როგორც აღიქვამდა თავის მდგომარეობას. თქვენს კითხვას რომ დავუბრუნდე, რით ვხსნი ჩემ მიმართ სითბოს, შეიძლება, ისიც იყო მიზეზი, რომ ენები ვიცოდი, თანაც, ტელევიზიასთან ვთანამშრომლობდი და ტელევიზიას დიდი ძალა აქვს. ადამიანებთან ურთიერთობაც მნიშვნელოვანი ფაქტორია. 

- თქვენს გარეგნობასაც ხშირად აღნიშნავდნენ. 

- ჩემი გარეგნობა ნამდვილად არ იყო გადამწყვეტი. ისეთი ლამაზი ხალხი გვყავდა... ნანა იოსელიანი ისეთი ვარსკვლავი იყო, რომ... 

- იუგოსლავიის თერთმეტგზის ჩემპიონი, სერბი დიდოსტატი მილუნკა ლაზარევიჩი, რომელთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა გქონდათ, თათია სხირტლაძის ფილმში „დიდება დედოფალს“ თქვენს კარიერას სიზიფეს შრომას ადარებს: „ნანა სიზიფეს მსგავსად ცდილობდა ქვის მთის წვერზე ატანას, მაგრამ ეს ქვა ისევ ქვევით უგორდებოდა.“ ამ შეფასებას თუ ეთანხმებით? 

- ქალთა ჭადრაკის ისტორიაში ერთადერთი ფაქტია, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩი თანაბარი ანგარიშით დამთავრდა - 1981 წელს  მაია ჩიბურდანიძესთან ჩემი მატჩი დასრულდა ანგარიშით 8:8. ძალიან ახლოს ვიყავი გვირგვინთან. ამიტომ, მე მგონი, მილუნკას სწორი შეფასება აქვს. საერთოდ, მილუნკას ძალიან კარგი შედარებები ჰქონდა. ნონაზე აქვს ნათქვამი: ნონა ისეა ქალთა ჭადრაკისთვის, როგორც ქრისტემდე და ქრისტეს შემდეგო. მილუნკა ელიტარული მოჭადრაკე და ძლიერი ჟურნალისტი იყო. ჭადრაკის თამაში ნონა გაფრინდაშვილის სახელმა დამაწყებინა, ჟურნალისტიკაში ჩემი საქმიანობა კი მილუნკა ლაზარევიჩის გავლენას უკავშირდება. ძალიან ლამაზიც იყო, შვიდი ენა იცოდა, მარინა ცვეტაევა ჰქონდა ნათარგმნი, შესანიშნავ სტატიებს წერდა და ზუსტ შეფასებებს აკეთებდა. 

- ცოტა გული დამწყდა ამ შეფასებაზე იმიტომ, რომ, როგორც წესი, სიზიფეს შრომაში ამაო შრომა იგულისხმება.  

- მილუნკა იმას გულისხმობდა, რომ მსოფლიო ჩემპიონთან გათანაბრებამ გვირგვინი მაინც ვერ მომიტანა. თუმცა, საქართველოში „უგვირგვინო დედოფალს“ მეძახდნენ. მთავარ მიზანს ვერ მივაღწიე, მაგრამ უაზრო საჭადრაკო წარსული არ მქონია, რა თქმა უნდა. ალბათ, ამიტომ არის, რომ თქვენ ამ შედარებას არ იღებთ. 

- დიახ, ასეა. 

- მსოფლიო ჩემპიონატის ორი ფინალური მატჩი ვითამაშე, მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადების 12 ოქროს მედალი მაქვს, ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასიც მოვიპოვე (პირველი ნონამ მოიგო, მეორე - მე), 20 წლის ასაკში სამჯერ ვიყავი საბჭოთა კავშირის ჩემპიონი, რაც რეკორდია. მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონობას ვერ მივაღწიე და მილუნკამ ეს ძალიან ზუსტად გამოხატა. 

 

 

„ჯანმრთელობაც იყო ჩემი მინუსი და ემოციურობაც.“

 

 

- როგორ ფიქრობთ, იმის მიზეზი, რომ ასე ახლოს იყავით ჩემპიონობასთან, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწიეთ, მხოლოდ თქვენში იყო თუ თქვენ გარეთაც? 

- ორივე ფაქტორია. პირველ რიგში, ჩემს თავში ვხედავ მიზეზს. იმისთვის, რომ აჯობო, ან ნიჭიერებით უნდა დაჯაბნო, ან პიროვნული ძალით. ეტყობა, ამ ორიდან ვერცერთი ფაქტორით ვერ მოვუგე მეტოქეებს. ნონას აქვს ნათქვამი ინტერვიუებში, რომ ნანას შემთხვევაში, ნერვების ამბავი იყო, თორემ ჩემპიონი გახდებოდაო. თამაშის პროცესში ემოციის შეჭრა არ არის სასურველი, რაც ხდებოდა ხოლმე. რა თქმა უნდა, პროფესიონალი ვიყავი და ამას, ძირითადად, ვერეოდი. „თუ გინდა, კარგი მოჭადრაკე გამოხვიდე, ილიასავით დინჯი უნდა იყოო,“ - გალაკტიონის სიტყვებია. ამ თვალსაზრისით, მაია აშკარად მჯობნიდა. ჭადრაკში მატჩები და ტურნირები თვეობით გრძელდებოდა. ასეთ დროს, აუცილებელია გამძლეობა და ჯანმრთელობა და, ამ მხრივ, ნამდვილად ყველაზე ცუდ მდგომარეობაში ვიყავი. ხშირად ვავადმყოფობდი. დედაჩემი უდღეურს მეძახდა. რომ გავჩნდი, უთქვამთ, შეიძლება, ვერც გადარჩესო. რადგან ჯანმრთელობით არ გამოვირჩეოდი, მაია ჩიბურდანიძესთან მატჩის წინ, დღეში ოთხ კილომეტრს დავრბოდი, ვვარჯიშობდი, სპეციალური მეთოდისტიც მყავდა. ასე რომ, ჯანმრთელობაც იყო ჩემი მინუსი და ემოციურობაც, რაც პერიოდულად შემოიჭრებოდა ხოლმე თამაშის პროცესში. 

- მაია ჩიბურდანიძემ სწორედ თქვენი ემოციურობით ახსნა ის ფაქტი, რომ მიუხედავად ბრწყინვალე მომზადებისა, 1981 წელს მსოფლიო პირველობაზე მატჩი მასთან ფრედ დაასრულეთ და ჩემპიონი ვერ გახდით. მაგრამ როდესაც ქალბატონ მაიას ვკითხე, რომელი იყო ის კონკრეტული კულმინაციური მომენტი, როდესაც თქვენ ზედმეტი ემოციურობა გამოამჟღავნეთ და ჩემპიონობის შანსი ხელიდან გაუშვით, მან პირდაპირ პასუხს თავი აარიდა. თქვენ ბოლო, მეთექვსმეტე პარტია მოიგეთ და ანგარიში გაათანაბრეთ. მაგრამ ბოლოს წინა პარტიაში დამარცხდით. ლოგიკურად, რაღაც გარდამტეხი სწორედ ამ მეთხუთმეტე პარტიის თამაშის წინ, ან თამაშის დროს მოხდა. მაგრამ, რა? იქნებ, ამ კითხვას თქვენ უპასუხოთ ახლა, 40 წლის შემდეგ?

- საერთოდ, ეს მატჩი ძალიან დაძაბულად მიმდინარეობდა, არა მხოლოდ საჭადრაკო თვალსაზრისით. ნონა გაფრინდაშვილთან მატჩისგან განსხვავებით, სადაც დავმარცხდი, აქ სიტუაცია დაძაბული იყო. მოლაპარაკების ყველა პროცესი რთულად მიდიოდა. 

- პირობებზე მოლაპარაკებას გულისხმობთ? 

- პირობებზე მოლაპარაკებაც, საცხოვრებლის არჩევანიც... გუფელდს, რომელიც მაიას სეკუნდანტი იყო ჩვენს პირველ მატჩში, ნათქვამი აქვს - როგორ კარგად ვიმოქმედეთ ნანაზეო. ამით ამაყობდა. ჩემი ემოციურობა იცოდნენ და ამით ისარგებლეს. 

- პირველ მატჩში რას გულისხმობთ? 

- პრეტენდენტთა მატჩი ვითამაშე მაიასთან, ნონამდე მისასვლელ გზაზე. მაიამ დამამარცხა, შემდეგ ნონაც მიაყოლა და 17 წლის ასაკში მსოფლიო ჩემპიონი გახდა. მაია ნამდვილად ვუნდერკინდი იყო. ოთხი წლის შემდეგ, მე და მაია მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ მატჩში დავუპირისპირდით ერთმანეთს. ჩემი მეტოქის გუნდმა უკვე იცოდა, რაზე ვრეაგირებდი... შინაგან მდგომარეობაზე ვლაპარაკობ. მაია იყო პირველი, ვისაც ფსიქოლოგი ჰყავდა. წლების შემდეგ მაიას ფსიქოლოგი ჩემთანაც მუშაობდა. სხვათა შორის, ძალიან კარად იმუშავა, მე კმაყოფილი ვიყავი. რამდენადაც ვიცი, ფსიქოლოგი ნანა იოსელიანსაც ეხმარებოდა.

- რუდოლფ ზაგაინოვს გულისხმობთ, ალბათ. ყველა უარყოფს მასთან თანამშრომლობას, თქვენ გარდა. 

- დიახ, რუდოლფ მაქსოვიჩმა პირველად მაიასთან იმუშავა. მაგრამ  მაიასთან მსოფლიო ჩემპიონატის მატჩის დროს, 1981 წელს, უკვე ჩემს გუნდში იყო. მატჩი ძალიან დაძაბულად მიმდინარეობდა. პირველად მოხდა, რომ როდესაც ჩვენს სათამაშო სივრცეში შევდიოდით, ამ სივრცეს გარედან დარაჯობდნენ. ნონასთან მატჩის დროს სრულიად განსხვავებული გარემო იყო. მაშინ აივანზეც თავისუფლად გავდიოდით. 

- უკაცრავად, გარედან დარაჯობდნენ - რას ნიშნავს? რას გულისხმობთ? 

- დაცვა იდგა, კარი იკეტებოდა, ფანჯრები ამოქოლილი იყო, რომ კარნახი არ მომხდარიყო. ჩემი გულშემატკივრები მიყვებოდნენ, რომ ერთ-ერთი პარტიის წინ უშიშროებიდან მოვიდნენ შესამოწმებლად, გადამცემი აპარატურა ხომ არ მუშაობდა. ამის შესახებ მერე გავიგე. 

- რა გადამცემი აპარატურა? 

- ამოწმებდნენ, გარედან ხომ არ მკარნახობდნენ, რადგან მატჩი ჩემი უპირატესობით მიმდინარეობდა. იყო მომენტი, როცა სასტუმროში დილაუთენია გამაღვიძეს, ვითომ, ზაგაინოვს ეძებდნენ. თუმცა, როცა მივასწავლე, რომელ ნომერში ცხოვრობდა, აღმოჩნდა, რომ ზაგაინოვთან არავინ მისულა. ისედაც უცნაურია, როცა დილის შვიდ საათზე გაღვიძებენ. იმ პარტიაში თეთრებით ვთამაშობდი და ძალიან მალე ყაიმით დავასრულე. თეთრებით თამაშის უპირატესობა გავფლანგე. 

- მეთხუთმეტე პარტია იყო თუ არა გადამწყვეტი?

- დიახ, მეთხუთმეტე პარტია გადამწყვეტი აღმოჩნდა.  ამ დროს მოხდა ის, რამაც შედეგზე ნამდვილად იმოქმედა. მოწინააღმდეგე გუნდის მოთხოვნა იყო,  რომ ორივე მოთამაშეს თავისი დასასვენებელი ოთახი ჰქონოდა. თამაშის დროს ისე ვიჯექი, რომ ჩემს დასასვენებელ ოთახს ვხედავდი. უცებ დავინახე, რომ მაია შედის ჩემს ოთახში. იმას არ ვამბობ, რომ რამეს აპირებდა.

- მაგრამ, წესით, არ შეიძლებოდა? 

- დიახ, დარღვევა იყო, თანაც, მათი მოთხოვნის. ჩვენ ასე შევთანხმდით. თამაშის პროცესში ეს ძალიან ძნელი მომენტია. თან სვლაზე ფიქრობ, თან შენს თავს ეკითხები - უნდა დავივიწყო, თუ მსაჯთან უნდა გავაპროტესტო? ეს ფიქრები ჩაირთო. ჩემი გუნდის ერთ-ერთი წევრი, ოდესელი დიდოსტატი სენია პალატნიკი, მერე მეუბნებოდა - შენ ისე შეიცვალე, რომ დარბაზში ვინც ვიყავით, მაშინვე მივხვდით, რაც მოხდაო; ჩემი თავისთვის ვერ მიპატიებია, რომ მატჩი არ შევწყვიტეთო. ამ პარტიაში კარგი პოზიცია მქონდა, მაგრამ იმ მომენტიდან საერთოდ ვერაფერს ვეღარ ვფიქრობდი. ხომ ამხელა გამოცდილება მქონდა?! ვცდილობდი, რომ მოვრეოდი ამ სიტუაციას. ხომ არაფერი განსაკუთრებული არ არის? თუ რამის გეშინია, ბოლოს და ბოლოს, შეგიძლია, იმ ოთახში საერთოდ აღარ შეხვიდე. მაგრამ, სინამდვილეში, როცა ასეთი დაძაბულობაა, როცა მეორე თვეა, ორთაბრძოლა მიმდინარეობს, ამას ასე ადვილად ვერ ერევი. უბრძოლველად წავაგე ეს პარტია. ძალიან მტკივნეულად განვიცადე. მერე მაიამ ჩემთან ზოგადად მოიბოდიშა - თუ რამე იყო ამ მატჩის დროსო... 

- ეს კონკრეტული მომენტი შემდეგ აღარ გარკვეულა?

- არა, რაკი თქვენ თქვით, რომ მაიასთან ინტერვიუს დროს ამ თემას შეეხეთ, ამიტომ ვახსენე მეც ეს მომენტი. უბრალოდ, მწვრთნელებმა მითხრეს, ეს ჩვენი შეცდომა იყოო. რა უნდა გარკვეულიყო? 

- შეკითხვა არავის დაუსვამს, თქვენს ოთახში რა უნდოდა ქალბატონ მაიას?

- ჩემებისთვის უთქვამთ მოგვიანებით, რაღაც აფეთქდა მაიას ოთახში, სუნი იყო და იძულებული გახდა, ნანას ოთახში შესულიყოო. ყოველ შემთხვევაში, ამ ფაქტმა იმუშავა და ასეთი შედეგი დადგა. თქვენ ისე მკითხეთ, რომ იძულებული გავხდი, ეს ამბავი გამეხსნა. 

 

 

„შეიძლებოდა, რომ ეს მატჩი ჩემი უპირატესობით დამთავრებულიყო.“

 

 

- ძალიან მადლობელი ვარ. მე ქალბატონი მაიას ნათქვამმა მიბიძგა, მეფიქრა, რომ ამ მატჩში რაღაც გარდამტეხი მომენტი იყო, რაც თქვენს ემოციურ ხასიათს უკავშირდებოდა. 

- ამის შემდეგ ორი დღე ლოგინიდან ვერ ავდექი. მაშინ შესაძლებელი იყო ტაიმ-აუტის აღება და ეს ტაიმ-აუტი გამოვიყენე. ძალიან ძნელია, როდესაც მთავარ მიზანს ემშვიდობები. თანაც, კარგად ვიყავი მომზადებული. შეიძლებოდა, რომ ეს მატჩი ჩემი უპირატესობით დამთავრებულიყო. მნიშვნელოვანი მომენტები იყო, როცა გამოუძინებელი წავედი თამაშზე, რის გამოც თეთრი ფერი „გამიცუდდა“ და, რა თქმა უნდა, ეს მეთხუთმეტე პარტია. 

- თქვენ ბრძანეთ, რომ 1981 წელს ფსიქოლოგი რუდოლფ ზაგაინოვი თქვენთან მუშაობდა და რომ მასთან თანამშრომლობით კმაყოფილი ხართ. რას ნიშნავს მოჭადრაკისთვის ფსიქოლოგის დახმარება და, კარგი დახმარების პირობებში, რატომ დარჩა თქვენს სუსტ მხარედ თქვენი ემოციური ხასიათი?

- პიროვნებას მთლიანად ხომ ვერ გარდაქმნი? გეტყვით, ფსიქოლოგი რაში დამეხმარა. ჯერ ერთი, მაია ჩიბურდანიძესთან მატჩის წინ რომ დავრბოდი, ზაგაინოვი ჩემთან ერთად დარბოდა, რაც მნიშვნელოვანი იყო. მერე, მე არ ვარ ძალიან თავდაჯერებული ადამიანი. ამ მატჩის არმოგება, შეიძლება, იმასთანაც იყო კავშირში, რომ არასათანადოდ ვაფასებდი საკუთარ შესაძლებლობებს. ჩემ პირისპირ იყო ვუნდერკინდი, რომელიც აბსოლუტურად ფლობს ნერვულ სისტემას. ლასკერის და ტარაშის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩის შემდეგ, ლასკერმა, რომელიც მსოფლიო ჩემპიონი იყო, ასეთი რამ თქვა: ტარაში შესანიშნავად თამაშობდა თავისი 16 ფიგურით ჩემი 16 ფიგურის წინააღმდეგ და მე უკეთესად ვთამაშობდი მე-17 ფიგურის წინააღმდეგო. მე-17 ფიგურაში იგულისხმებოდა თავად ტარაში. მეტოქის საჭადრაკო ფაქტორის გათვალისწინება ყოველთვის მნიშვნელოვანია - რა ტიპის პოზიციები უყვარს და რა არ სიამოვნებს: მაგალითად, თუ დაბოლოებაში სუსტია, გაცვალო ფიგურები და გადახვიდე დაბოლოებაში. 

 
არის კიდევ პიროვნული, როდესაც შენ ფსიქოლოგიურადაც შეგიძლია იმოქმედო და ჩემი ფსიქოლოგი მეუბნებოდა ხოლმე, რუდოლფ მაქსოვიჩი, რომ შენი ორთაბრძოლა მთავრდება აქ, 16 ფიგურიან დაფაზე. იმიტომ, რომ პიროვნული სიძლიერით მაიას ვერ შეეხები.

მე ვერ გავაკეთებდი იმას, რასაც ჩემ მიმართ აკეთებდნენ. სწორად მითხრა, რომ 16 ფიგურიან დაფაზე უნდა დამემთავრებინა ორთაბრძოლა. იმის გამო, რომ საკმარისი თავდაჯერებულობა არ მქონდა, რუდოლფ მაქსოვიჩმა ამოჭრა ციტატები, რომლებიც მამხნევებდა, მოტივაციას მიმაღლებდა. ძალიან კარგად მუშაობდა მწვრთნელთა გუნდის მოტივაციის ასამაღლებლადაც, გუნდს მშვენივრად კრავდა.

- ხომ არ გახსოვთ, იმ ბარათებზე რა ეწერა? 

- მაგალითად, ერთ-ერთი ციტატა იყო: „თუ შენ არა, აბა, ვინ?!“ ბელგრადის საერთაშორისო ტურნირის წინ მთხოვა, რომ დღიური დამეწერა. ბელგრადის ტურნირი ორჯერ მოვიგე, პირველად 1969 წელს და მაშინ ამ ტურნირის ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული ვიყავი. ათი წლის შემდეგ ისევ მოვხვდი ბელგრადში, ამჯერად, მაიასთან ერთად. მაია უკვე მსოფლიო ჩემპიონი იყო. ეს ტურნირი მე მოვიგე და მაია ჩიბურდანიძეს ერთი ქულით გავასწარი. დღიურში დავწერე, რომ მარტოობას ვგრძნობ-მეთქი. რუდოლფ მაქსოვიჩმა მერე მომწერა: „მარტოობა ის საფასურია, რასაც ჩემპიონობა ითხოვს.“ 

- ქალბატონი მაიაც ამბობს, თუ მარტო არ ხარ, ვერაფერს ვერ შექმნიო. 

- სხვათა შორის, მაიასთან მატჩის დროს შევთანხმდით, რომ ფსიქოლოგი დარბაზში არ იქნებოდა. 

- ესეც მათი მოთხოვნა იყო? 

- დიახ. იმიტომ, რომ, როგორც გითხარით, ზაგაინოვი ადრე მაიასთანაც მუშაობდა. ერთ შემთხვევას მოგიყვებით. ლიტინსკაიასთან მატჩი ერთ-ერთი ეტაპი იყო მაიასთან მატჩის გზაზე. მას დიდი გუნდი ეხმარებოდა. ვილნიუსში ვთამაშობდით, ისტორიული შენობის პატარა დარბაზში. შევამჩნიე, რომ მეოთხე რიგთან შეწეულ ნიშაში იჯდა მამაკაცი, რომელიც მუდმივად მიყურებდა. მაშინ ჩემი მწვრთნელები იყვნენ თბილისელი დავით ჯანოევი და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი მარკ დვორეცკი. მათ მითხრეს, თუ გსიამოვნებს, უყურე, თუ არ გსიამოვნებს, ნუ უყურებო. მაგრამ მატჩი, რომელიც ჩემი დიდი უპირატესობით მიდიოდა, თანდათან ძალიან დაიძაბა. ავად გავხდი. ორი დღე ცუდად ვიყავი და მერე ზედიზედ სამი პარტია წავაგე. დავით ჯანოევმა თბილისში დარეკა და ზაგაინოვი გამოიძახა; ასევე, მოძებნა და გამოიძახა ჩემი მეუღლე, რომელიც მოსკოვში იყო საქმეზე. ორივე ჩამოვიდა. ჩემები მიყვებიან, იმ კაცმა ზაგაინოვი რომ დაინახა, მაშინვე გავიდა და იმის შემდეგ საერთოდ გაქრაო. იყო ასეთი მომენტები. მე მჯერა ფსიქოლოგის დახმარების, ზემოქმედების ეფექტის არ მჯერა. თუმცა, ფსიქოლოგიურად თუ რაღაც არ გსიამოვნებს, დაძაბულ სიტუაციაში ეს შენ წინააღმდეგ მუშაობს. 

- გამოდის, ყველა წვრილმანმა შეიძლება ადამიანს ავნოს. 

- დიახ, ასეა. 

- თქვენი, როგორც პროფესიონალის აზრი მაინტერესებს ერთ საკითხზე. ქალბატონი ნონა ამბობს, რომ ის ძალიან კარგ ფორმაში იყო, როდესაც 1978 წელს მაია ჩიბურდანიძესთან მსოფლიო ჩემპიონობა დათმო (8,5-6,5). ვიცოდი, რომ მაია მსოფლიო ჩემპიონი გახდებოდა, მაგრამ ეს მაშინ არ უნდა მომხდარიყოო. როგორ ფიქრობთ, ნონა გაფრინდაშვილის დამარცხება 17 წლის მაია ჩიბურდანიძესთან შემთხვევითობა იყო, თუ კანონზომიერება? 

- დიდი ხანია, მაშინდელი პარტიებისთვის არ გადამიხედავს და შეიძლება, იმ მომენტის ზუსტი აღქმა აღარ მქონდეს. მაგრამ, მგონი, ტიგრან პეტროსიანმა მითხრა სატელევიზიო კომენტარში: ნონა ხუთი შესაძლებლობიდან სამ საუკეთესო სვლას აკეთებს, ერთს ცუდს და ერთს - შეცდომას; მაია კი სტაბილურად - თანაბრად და უშეცდომოდ თამაშობსო. შეიძლება, ეს ფაქტორიც იყო. 

- იმას თუ დაეთანხმებით, რასაც ქალბატონი მაია ამბობს - ჩემი საჭადრაკო შესაძლებლობების მხოლოდ 50-60% გამოვიყენეო? 

- დიახ, ვეთანხმები. იმიტომ, რომ მაია მართლაც ძალიან დიდი შესაძლებლობების მოჭადრაკე იყო. ფანტასტიკურ შედეგს მიაღწია - 20 წლის ასაკში ორგზის მსოფლიო ჩემპიონი იყო; ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი გახდა და ვაჟი დიდოსტატის წოდებაც მოიპოვა... ოღონდ, ნონასგან განსხვავებით, მაიამ  ბრძოლისუნარიანობა ნებაყოფლობით დათმო და მიღწეულით დაკმაყოფილდა. 

- ნათქვამი გაქვთ, რომ საჭადრაკო სამყაროში თქვენი განსაკუთრებული ოთხეული ასე გამოიყურება: მიხეილ ტალი, მილუნკა ლაზარევიჩი, გარი კასპაროვი, ნანა იოსელიანი. რის მიხედვით მოხვდნენ ადამიანები ამ ჩამონათვალში? 

- იმ ურთიერთობიდან გამომდინარე მოხვდნენ, რაც ჩემსა და მათ შორის ჩამოყალიბდა. არა იმიტომ, რომ ნანას მატჩი მოვუგე (იცინის). ნანა იყო ვარსკვლავი, რომელიც უეცრად ამობრწყინდა. 17 წლის იყო, საზონათაშორისო ტურნირში რომ გაიმარჯვა - 13 პარტია მოიგო, სამი ყაიმით დაამთავრა და ასე შეიჭრა დიდ ჭადრაკში. როცა ნანა პატარა იყო და მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადაზე გუნდში პირველად მოხვდა, ერთად ვცხოვრობდით. მასთან ურთიერთობა ძალიან სასიამოვნოა. ტალი ხომ საერთოდ ადამიანი-ფეიერვერკი იყო. თანაც, ტალის მეჯვარე ვიყავი. 

- ეს პირველად მესმის. 

- თბილისელ ქალბატონზე დაქორწინდა. მართალია, „მძიმე ხელი“ აღმომაჩნდა და მალე დაშორდნენ, მაგრამ ძალიან კარგი ურთიერთობა შევინარჩუნეთ. როდესაც რიგაში სასწრაფო ოპერაცია გამიკეთეს, პირველი მნახველი, ვინც ჩემთან მოვიდა, იყო ტალი - სახლში დამზადებული ბულიონით და თაიგულით. კასპაროვთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. ბოლოს სპლიტში, ხორვატიაში შევხვდით. კასპაროვმა ოთხი საათი დაგვითმო თათია სხირტლაძის ფილმისთვის „დიდება დედოფალს“. მიუხედავად იმისა, რომ მეორე დღეს ამერიკაში მიფრინავდა, დიდი შესვენების შემდეგ, ტურნირში უნდა ეთამაშა. 

 

 

„იმის მიუხედავად, რომ ჩვენ სხვებისგან განსხვავებული გარემო გვქონდა, მაინც ყველაფერი გვესმოდა და ვხედავდით, ირგვლივ რა ხდებოდა.“

 

 

- ქალბატონი ნონა ძალიან დადებითად ახასიათებს საბჭოთა საქართველოს იმ პერიოდს, რომელიც თქვენი კარიერის საუკეთესო წლებს დაემთხვა. რა თქმა უნდა, ნაკლსაც აღწერს, მაგრამ ნათქვამი აქვს, „საქართველო ბრწყინავდაო“. თქვენ როგორ აღიქვამთ იმ პერიოდის საქართველოს?

- ჯერ ერთი, ახალგაზრდები რომ ვიყავით, ამასაც ხომ მნიშვნელობა აქვს?! თანაც, ჭადრაკის სფერო ძალიან მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული იყო. ეს ისეთი ფაქტორებია, რომლებმაც, შეიძლება, სხვა ემოციები დათრგუნოს. მაგრამ, იმის მიუხედავად, რომ ჩვენ სხვებისგან განსხვავებული გარემო გვქონდა, მაინც ყველაფერი გვესმოდა და ვხედავდით, ირგვლივ რა ხდებოდა. 

 
ის, რომ ჩვენ ვიყავით პრივილეგირებულები, რა თქმა უნდა, ეს სიმძიმეს ამსუბუქებდა. შეიძლება, უფრო მეტად თვალგახელილი ვყოფილიყავით, მაგრამ ის, რასაც ვხედავდით, საკმაოდ მძიმე იყო, ხომ?

თუნდაც, ხომ იყო ცხრა აპრილი, თვითმფრინავის ბიჭების დახვრეტა...

- ქალბატონი ნონა დაწვრილებით ჩამოთვლის მაშინდელი საქართველოს დადებით მხარეებს, მაგალითად, იმას, რომ პროფესიონალები წარმატებებს აღწევდნენ, სტაბილურობა იყო, ბავშვებისთვის უფასო წრეები მუშაობდა, ქვეყანა კულტურის, სპორტის მიღწევებით გამოირჩეოდა...

- მაშინ, დიდი ხელოვანები რატომ გადიოდნენ ქვეყნიდან, რის შემდეგაც მათ მშობლებს ინფარქტი ემართებოდათ? 

- კონკრეტულ ადამიანს გულისხმობთ, როგორც ვხვდები. 

- დიახ, თუნდაც, ლექსო თორაძე, რომლის მამამ ინფარქტი მიიღო. თუ ყველაფერი კარგად იყო, მაშინ, ასეთი რამ რატომ ხდებოდა?! რა ვიცი, რამდენი რეალიზებული, მსოფლიო მასშტაბის ხელოვანი შეიძლებოდა, გვყოლოდა? იქნებ, რამდენი დაიკარგა იმის გამო, რომ უცხოეთში ვერ გადიოდნენ? იმ ყურადღების და სითბოს გამო, რასაც გვჩუქნიდნენ, შესაძლოა, აღქმის უნარი ცოტა დაჩლუნგებული გვქონდა. თუმცა, არშემჩნევაც ძალიან ძნელი იყო. 

- 1960-იანი წლებიდან მოყოლებული, საქართველოში ჭადრაკი მართლაც განსაკუთრებულად პოპულარული გახდა. ყველგან ჭადრაკს თამაშობდნენ - ოჯახებში, სამასწავლებლოში, საპარიკმახეროში, პარკში. ყველა პატარა ქალაქსაც კი საჭადრაკო კლუბი ჰქონდა. 

- ეს ნონას ჩემპიონობის შედეგია.

- ეროვნული მოძრაობის დროს და დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, სად დაიკარგა იმ ადამიანების ხმა, რომლებიც ფიქრისთვის და „დინჯი“ გადაწყვეტილებებისთვის იყვნენ განწყობილები? როგორ მოხდა, რომ, თითქოს, ყველაფერი ამოყირავდა და, ათწლეულების განმავლობაში, ემოციები მართავს საქართველოს? 

- მართალია, ყველაფერი ამოყირავდა და ამ ფონზე, რა თქმა, უნდა, ბევრი რამ შეიცვლებოდა. ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონატის მატჩები რომ მახსენდება, დარბაზი სავსე იყო მაყურებლებით და მოსაწვევის მფლობელი თავს უბედნიერესად გრძნობდა. ამდენი მაყურებელი ჭადრაკს აღარ ჰყავს. ახლა ყველას შეუძლია, ინტერნეტში უყუროს მისთვის საინტერესო მატჩებს. ჩემი შვილიშვილიც ჭადრაკს კომპიუტერში თამაშობს. ყველაფერი აჩქარდა, ყველაფერი შეიცვალა. გაუთავებელმა კატაკლიზმებმა, რამაც საქართველოზე გადაიარა, რა თქმა უნდა, კიდევ სხვა დაღი დაასვა ხალხს და ქვეყანას. ჭადრაკს რომ ვერ ვხედავთ ყველა ოჯახში, ეს კი არ არის სამწუხარო, ყველაზე სამწუხაროა, რომ თანაგრძნობის უნარი დაიკარგა. ეს ჩემთვის გამაოგნებელია. 

- მე ის კი არ მიკვირს, ჭადრაკი რომ გაქრა; ის მიკვირს, ჭადრაკს რომ თამაშობდა, ის ხალხი რამ გააქრო. 

- ახლა წარმატების კრიტერიუმებიც შეცვლილია. მაშინ სპორტში წარმატება პრივილეგიებს გაძლევდა, თუნდაც, უცხოეთში გასვლა შეგეძლო. ახლა საზღვრები გახსნილია. დიდოსტატობაც კი არაფერს ნიშნავს, ყველაფერი შენ თვითონ უნდა დააფინანსო. ჭადრაკი სტაბილურობის განცდას აღარ იძლევა. მაია ჩიბურდანიძის და ჟუჟა პოლგარის მატჩზე ვიყავი ლენინგრადში ტელევიზიიდან მივლენილი. მაიამ ის მატჩი ცუდად ითამაშა და პოლგარმა გაიმარჯვა. შემდეგ პოლგარი მსოფლიო ჩემპიონიც გახდა. ჟუჟა პოლგარს, რომელიც ახალი გათხოვილი იყო, პრესკონფერენციაზე ჰკითხეს, გინდათ თუ არა, რომ თქვენი მომავალი შვილი მოჭადრაკე გახდესო. არც დაფიქრებულა, ისე უპასუხა - რა თქმა უნდა, არაო. ეს ჩემთვის შოკი იყო. პოლგარების ოჯახში სამი და იზრდებოდა. რვა წლის იყვნენ, როცა მათ რამდენიმე დიდოსტატი ავარჯიშებდა. დიდი დოზით არიან „მოწამლული“ ჭადრაკით. მერე ჟუჟამ დაამატა - ის ენერგია, ცოდნა, ერუდიცია, ნერვები, ჯანმრთელობა, რაც საჭადრაკო ელიტაში ყოფნას სჭირდება, გაცილებით უფრო სტაბილური და ფინანსურად უზრუნველყოფილი ცხოვრების საშუალებას იძლევაო. ახლა პრაგმატული მომენტი ძალიან შემოიჭრა ადამიანების ცხოვრებაში. 

- ეს ყველაფერი გასაგებია და გეთანხმებით, მაგრამ თქვენი კარიერის საუკეთესო წლებში ისე ჩანდა, რომ ქართველი ხალხი მიდრეკილი იყო ფიქრისკენ. მერე უცებ ყველა ქუჩაში გამოვვარდით და ერთმანეთის ხოცვა დავიწყეთ - პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. ამ ფენომენის ახსნა არ შემიძლია. თითქოს, ერის მთელი ჭკუა-გონება ამოვარდა ისტორიიდან.

- ჭადრაკი თავს ავარჯიშებს, ეს მისი ძალიან დადებითი მხარეა. 

- სად იყო ეგ ნავარჯიშები თავები?

- და ჭადრაკს აქვს ის, რაც ჩვენს ერს აკლია - ემოციას გონება უნდა უსწრებდეს. 

- მაშინ ძალიან ადვილი იყო შეთანხმება, რომ თქვენი ოთხეული საქართველოს სიამაყეა, ქვეყნის საუკეთესო სახეა. ახლა აღარ არსებობს თემა, ფაქტი ან მოვლენა, რაზეც მთელი ერი შეთანხმდება. ამ პირობებში, როცა სულ დაპირისპირების და გადარჩენის რეჟიმში ვცხოვრობთ, როგორ ხედავთ საქართველოს მომავალს, ვთქვათ, 8-10 წლის შემდეგ?

- ჩვენი ოთხეული, მაგ თვალსაზრისით, ალბათ, სამაგალითო იყო. ჩვენი აზრები არ ემთხვეოდა და არც ემთხვევა, მაგრამ პროფესია გვაერთიანებდა. დღეს ჩემთვის მტკივნეული მომენტი გავიხსენე, მაგრამ ამას არასდროს არ გადაუწონია ჩვენი დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ. ერთ გუნდში ვთამაშობდით და ვიცოდით პროფესიონალის დაფასება, მთავარი მიზნის დაფასება. არც გვჭირდებოდა იმ აზრის დათრგუნვა, რომ ერთმანეთის მეტოქეები ვიყავით. მსოფლიო ჩემპიონატებზე ხუთი ფინალური მატჩი გაიმართა ორ თბილისელს შორის. ეს ოთხეული ვიყავით ერთმანეთის ძირითადი მეტოქეები და კონკურენტები. მაგრამ არ გვჭირდებოდა იმის დათრგუნვა, რომ - ვაიმე, ცუდი რაღაც მოხდა ჩვენ შორის... თუნდაც ის, რომ მომიგო. ალბათ, ამიტომაც გვქონდა შესანიშნავი შედეგები. 

- ქვეყანაც ასე აღგიქვამდათ, როგორც ერთიან გუნდს, როგორც საქართველოს გამარჯვების ერთიან სიმბოლოს. ახლა ამის მსგავსი არაფერი აღარ გვაქვს. 

- მართლაც, საოცრება გვჭირს. მტრის და მოყვრის შეფასებაში არ ვართ ჩამოყალიბებული, მეტი რა უნდა მოხდეს?! ტერიტორიები ოკუპირებულია. ლამის ყოველდღე ადამიანებს იტაცებენ. არის ფაშისტური რეჟიმი, რომელიც საოცრებებს ჩადის უკრაინაში და მაინც ვერ ვხვდებით, მტერი ვინ არის. ასე თუ უნდა გავაგრძელოთ, როგორ უნდა იარსებოს ქვეყანამ? გმირი ვინ არის და სამაგალითო ვინ უნდა იყოს, ამაზეც ვერ ვთანხმდებით. რა ვიცი, რა პროგნოზი უნდა გავაკეთო? სხვათა შორის, ზურაბ ჟვანია ოთხჯერ მოვიდა ჩემთან. მთავაზობდა თავის პარტიაში მაღალ თანამდებობას - თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარეობას. ვერ დამითანხმა. ვუხსნიდი, რომ არ შემიძლია დებატებში მონაწილეობა, არ შემიძლია, ვინმეს ვაწყენინო. რაც არ უნდა მეთქვა, მპასუხობდა: ქალბატონო ნანა, ზუსტად ასეთი ადამიანი გვჭირდებაო. ეს იმიტომ გამახსენდა, რომ ძალიან ძნელია, მეორე ადამიანს გული ატკინო. მერე კი მივხვდი, რომ როცა რაღაცის შეცვლა გინდა, ყველაფერს თავისი სახელი თუ არ დაარქვი, არაფერი გამოვა. მე ვერასოდეს ვერ ვეტყოდი ვინმეს - შენ ხარ ქურდი! შინაურულად ვიტყოდი, რას ვფიქრობდი, მაგრამ საჯარო განცხადებას ვერ გავაკეთებდი. ამიტომ, ჩემნაირი ადამიანი არ შეიძლება, რომ პოლიტიკაში იყოს. 

 

 


„ვისურვებდი, რომ თანაგრძნობის უნარი დაგვიბრუნდეს.“

 

 

- თქვენ ერთი წლის წინ ძვირფასი ადამიანი - მეუღლე დაკარგეთ. რისთვის ხართ მისი მადლობელი? 

- რაც არ უნდა დიდი გრძნობა იყოს ორ ადამიანს შორის, ძნელი გასაძლებია, როდესაც ძალიან რეალიზებული მეუღლე გყავს; როცა ოჯახის წევრი ხშირად გარეთ არის. რეცეპტიც არ არსებობს, როგორ უნდა მოიქცე, რომ არც ოჯახს დააკლდეს და არც პროფესიას. ყოველ შემთხვევაში, მე ეს რეცეპტი არ ვიცი. ყველა ქალს უნდა, რეალიზებული იყოს. მაგრამ საქმეში დიდ წარმატებას ოჯახისთვის მსხვერპლი მოაქვს და ამ მსხვერპლს ჩემი მეუღლე ძალიან გაგებით ხვდებოდა. თუმცა, თავიდანვე ასე დააყენა საკითხი, რომ მას თავისი პროფესია და თავისი საქმე აქვს. მაინც, მსხვერპლზე ის უფრო მოდიოდა, რადგან ყველა მნიშვნელოვან მომენტში, როცა გამიჭირდებოდა, ჩამოფრინდებოდა ხოლმე და ჩემ გვერდით იყო. პროფესიული კარიერა მაინც წარმატებული ჰქონდა: იყო საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი, არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარე და პრემიების ლაურეატი. 

- ფიქრობთ, რომ ბედნიერი ცხოვრება გაიარეთ მის გვერდით? 

- დიახ, მაგრამ როცა ისეთი დატვირთული აღარ ვიყავი ჭადრაკით და როცა მეგონა, რომ უფრო ლაღად გავაგრძელებდით ცხოვრებას, ასე არ მოხდა, მისი ავადმყოფობის გამო. 

- რას ისურვებდით, რომ შესაძლებელი იყოს ისეთი, რაც, სინამდვილეში, შეუძლებელია? 

- ვისურვებდი, რომ გონება ჩავრთოთ და მტერი და მოყვარე დავინახოთ იმისთვის, რომ ქვეყანა გადარჩეს. ვისურვებდი, რომ თანაგრძნობის უნარი დაგვიბრუნდეს. მინდა, რომ ჩემს შვილიშვილებს ლაღი ცხოვრება ჰქონდეთ საქართველოში. 

- თქვენთვის რომელია სიტყვა, რომელიც მთელი ცხოვრების მეგზურად გამოდგება?

- ერთი სიტყვა არ ვიცი. ვიზიარებ და მნიშვნელოვნად მიმაჩნია მამაჩემის დევიზი „ნუ გაბოროტდები!“. დიდი ხნის წინ მომეწონა და დამამახსოვრდა ერთი გიმნაზიის რექტორის სიტყვები, როდესაც ახალგაზრდებს დიპლომს გადასცემდა: გეშინოდეთ, იყოთ სარგებლობის არმომტანიო. ასაკი რომ გემატება, ამის სულ უფრო მეტად გეშინია. 

- დიდი მადლობა საინტერესო, გულწრფელი საუბრისთვის. ინტერვიუს დავასრულებთ თქვენი კომენტარით ცნობილი ადამიანების ორ გამონათქვამზე. პირველი ციტატის ავტორია აშშ მე-16 პრეზიდენტი აბრაამ ლინკოლნი (1809-1865): „ყოველთვის ვფიქრობდი, რომ გულმოწყალება უკეთეს ნაყოფს იძლევა, ვიდრე მკაცრი სამართლიანობა.“

- ჩემი პიროვნებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, გულმოწყალებას ვემხრობი. სიმკაცრე და გამეტება ძალიან მიჭირს. 

- თუნდაც, სამართლიანობის სახელით? 

- დიახ. ხომ გითხარით, ვერ შევძლებდი, ადამიანისთვის სასტიკი სიმართლე მიმეხალა. ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, გულმოწყალება ბევრად უფრო მისაღებია. 

- მეორე ციტატა ეკუთვნის გერმანელ ფილოსოფოსს - იმანუელ კანტს (1724-1804): „ადამიანის მოვალეობაა, რომ ღირსება დაიცვას საკუთარ თავში.“

- ადამიანი, რომელიც აზროვნებს, ალბათ, ცდილობს, რომ არ გათელოს ღირსება. თუმცა, ეს ყოველთვის არ გამოგვდის. ხანდახან რაღაცის გვრცხვენია, წარსულს რომ ვიხსენებთ. მაგრამ ვცდილობთ და ეს არის ჩვენი მცდელობის მოტივაცია, რომ ღირსებას გავუფრთხილდეთ, ზოგადად, ადამიანში და, პირველ რიგში, საკუთარ თავში. 
 

ფოტომასალა: ზურაბ ქურციკიძე

გუნდი

ირაკლი გედენიძე

ზურაბ ქურციკიძე

გიო კუსიანი

გიორგი ურუშაძე

თამთა ყუბანეიშვილი

ნანა ყურაშვილი

ინგა ქორიძე