ინტერვიუს შესახებ
არასდროს არსად მინახავს ადამიანი, რომელსაც ასე უყვარდეს ბავშვები, ასე ზრუნავდეს მათზე და, ამავე დროს, ასე სძულდეს საჯაროობა. მისი ინტერვიუ არავის წაუკითხავს და არავის უნახავს, რადგან, უბრალოდ, არ არსებობს. თუმცა, მასზე თბილისში ლეგენდები დადის.
გაიცანით ცნობილი „ფისოს სკოლის“ დამფუძნებელი, ავტორი და დირექტორი ეთერ (ფისო) სვანიძე.
P.S. ერთ ინტერვიუში შეუძლებელია იმ სკოლის აღწერა, რომელიც ყველა სხვა სკოლისგან განსხვავდება კონცეფციით, პროგრამით, სახელმძღვანელოებით და, რაც მთავარია, მისიით. უბრალოდ, მიხარია, რომ ფისო - მრავალწლიანი ახლობლობის ხათრით - დავითანხმე, საკუთარ თავზე და სკოლაზე სულ ცოტა მაინც გვიამბოს.
ია ანთაძე
- ფისო, ოდესმე გაკვეთილი თუ ჩაგიტარებიათ? ბავშვებისთვის თუ გისწავლებიათ?
- გაკვეთილი ჩამიტარებია, როცა რომელიმე მასწავლებელი აცდენდა. ეს იყო თავიდან, სკოლა რომ გავხსენით, ახლა - იშვიათად.
- გამოდის, მასწავლებელი არ ყოფილხართ. რატომ? სურვილი არ გქონდათ?
- სურვილი, რა თქმა უნდა, მქონდა, მაგრამ ამ პროგრამის განხორციელებისათვის პედაგოგთა გუნდის მომზადება იყო აუცილებელი. ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობდით, რომ გუნდს პროგრამის არსი გაეცნობიერებინა და სწავლების მეთოდები შეგვემუშავებინა. ეს პროცესი დღემდე გრძელდება. პროგრამაც იხვეწება დროსა და სივრცეში.
- როგორც ვიცი, ბიოლოგიის დოქტორი ხართ.
- დამთავრებული მაქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი ფიზიკური ქიმიის სპეციალობით, დისერტაცია ბიოფიზიკაში დავიცავი. დიახ, ბიოლოგიის დოქტორი ვარ.
- იმ აზრამდე როგორ მიხვედით, რომ თქვენი ცოდნის და იდეების დანერგვის ყველაზე სწორი ადგილი საავტორო სკოლა იქნებოდა?
- ჩემს შვილებს რომ ვამეცადინებდი, მივხვდი, რომ მათი ინტერესები არსებულ სახელმძღვანელოებს არ შეესაბამებოდა და მაშინ გამიჩნდა პროგრამის შექმნის იდეა.
- მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. „გერმანულ“ სკოლაში სწავლობდნენ, რომელიც უდავოდ საუკეთესო იყო?
- სახელმძღვანელოებს ვგულისხმობ, თორემ ჩემს შვილებს არაჩვეულებრივი პედაგოგები ჰყავდათ. იმდროინდელი სახელმძღვანელოებით ნებისმიერ მასწავლებელს გაუჭირდებოდა სხვადასხვა საგნის ერთმანეთთან კავშირში სწავლება. ამიტომ წარმოუდგენელი იყო ბავშვს სამყარო მთლიანობაში გაეაზრებინა.
- საერთოდ, როდის გაგიჩნდათ სამყაროს მთლიანობის ეს ფილოსოფიური აღქმა, რაც შემდეგ, 1995 წელს, „ქართული სასწავლებლის“ კონცეფციას დაედო საფუძვლად?
- ჩემი სპეციალობა ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგიაა. ჩემმა სპეციალობამ განაპირობა სკოლის ასეთი კონცეფციისა და პროგრამის შექმნა. სასწავლო პროგრამის მსვლელობისას ბავშვი ნაბიჯ-ნაბიჯ იწყებს საკუთარი ადგილის გააზრებას, „მე“-ს აღქმას სამყაროში; ნათლად ხედავს, რომ სამყაროში ყველა მოვლენა ურთიერთკავშირშია და თვითონაც ამ უზარმაზარი სამყაროს ნაწილია, როგორც ერთადერთი - ერთადერთის. აქედან გაჩნდა სამყაროსმცოდნეობის შინაარსი. ეს არის საგანი, რომელიც სამყაროს უნიკალურ ხედვას ავითარებს.
- სტუდენტობის დროს გაგიჩნდათ ეს ხედვა? თუ - შემდეგ?
- ეს ხედვა მაშინ გაჩნდა, როცა ჩემი შვილები იზრდებოდნენ და მათთან ურთიერთობით მივხვდი, რომ ჩვენც, თავის დროზე, არასწორად გვასწავლიდნენ.
- მაგრამ ამდენი დისციპლინა რომ შეისწავლეთ სტუდენტობის დროს და შემდეგ - ეს ინტერესი შემთხვევითი ხომ ვერ იქნებოდა?
- სხვადასხვა დისციპლინის შესწავლა აუცილებელია სამყაროს მოდელის შემეცნებისთვის. სამყარო თვითონ არის სისტემა, სადაც უამრავი მოვლენა შეკავშირებულია და კანონზომიერად მოქმედებს. ამიტომ, ჩვენი სასწავლო პროგრამა წარმოაჩენს დროსა და სივრცეში მოძრავ, ცვალებად და მუდმივად განვითარებად საგანთა ლოგიკურად შეკავშირებულ სისტემას. დაახლოებით, 35 წლის ვიყავი, ამაზე ფიქრი რომ დავიწყე. შემდეგ, ხომ გახსოვთ, როგორი დრო მოვიდა? მეცნიერებათა აკადემიის ინსტიტუტებს დაფინანსება შეუმცირდა და იქ ჩემი საქმის ძველებური ხარისხით გაგრძელების საშუალება აღარ მქონდა. ამიტომ დრო გამომითავისუფლდა და ჩემს საფიქრალზე გადავერთე. შემთხვევით არაფერი ხდება.
- სკოლის კონცეფციის და პროგრამის ავტორი თქვენ ხართ. მაგრამ სკოლის შექმნის პროცესში, თქვენ გვერდით თუ იყო ვინმე, ვინც ინტელექტუალურ ტვირთს იზიარებდა?
- პირველი იყო არაჩვეულებრივი პიროვნება ლელა ჭინჭარაული, რომელმაც მთხოვა, ჩემს კლასში შემოდი ამ პროგრამითო.
- მაშინ ლელა სად ასწავლიდა?
- 49-ე სკოლაში, ვერაზე. კლასის დამრიგებელი იყო.
„მარტო ყველაფერს ვერ გააკეთებ.“
- პროგრამას ვისთან ერთად ქმნიდით?
- პროგრამის ზოგადი ჩარჩო ჩემი შექმნილია. „ქართული სასწავლებლის“ საავტორო პროგრამა, სტრუქტურა და სასწავლო პროგრამები 1998 წელს არის ლიცენზირებული საქართველოს საავტორო უფლებათა სახელმწიფო სააგენტოს მიერ. ამ პროგრამაში ჩანს, თუ როგორია „ქართული სასწავლებლის“ ფორმა და შინაარსი. კონკრეტული საგნების პროგრამის შედგენაში მასწავლებლები მეხმარებოდნენ. ერთად ვმსჯელობდით, საგნებში როგორ გაგვეშალა და ბავშვებისთვის როგორ მიგვეწოდებინა ესა თუ ის თემა. მარტო ყველაფერს ვერ გააკეთებ.
- ეს ხალხი, თანამოაზრეები, სად იპოვეთ, საიდან შემოიკრიბეთ?
- ბევრი მათგანი - ბიოლოგები, ფიზიკოსები - ჩემთან ერთად მუშაობდა ბიოფიზიკის ინსტიტუტში. ის პირველი მასწავლებლები დღემდე ასწავლიან ჩვენს სკოლაში.
- თქვენი სკოლის ლიდერი, დაარსების დღიდან მოყოლებული, თქვენ ხართ და ამ სკოლას თბილისში „ფისოს სკოლადაც“ იცნობენ. ამიტომ გამიჩნდა კითხვა - მარტომ აწიეთ თუ არა მთავარი ინტელექტუალური ტვირთი.
- სკოლის პროგრამა ჩემს შვილებთან ურთიერთობის შედეგი იყო: დავინახე როგორ არ უნდა ესწავლათ და როგორ უნდა ესწავლათ. შემდეგ კი პედაგოგთა არაჩვეულებრივი გუნდი დამეხმარა.
- თუ გაქვთ დათვლილი, რამდენი სახელმძღვანელო დაწერეთ პირადად თქვენ, ან რამდენი სახელმძღვანელო დაწერა, ზოგადად, თქვენმა სკოლამ?
- სახელმძღვანელოები იცვლება და იხვეწება, რაოდენობა ზუსტად არ ვიცი. მათემატიკისა და გეომეტრიის სახელმძღვანელოებს, ფაქტობრივად, მარტო ვაკეთებ, ხოლო სამუშაო რვეულებს საგნის სპეციალისტებთან ერთად ვადგენ.
- რომელი კლასებისთვის?
- ფაქტობრივად, ყველა საგანში დაწყებით საფეხურზე.
- ფიზიკა? ბიოლოგია? ქიმია?
- ფიზიკის, ბიოლოგიის, ქიმიის სახელმძღვანელოები დაწყებით კლასებში არ არსებობს. თუმცა, სამყაროსმცოდნეობაში სამივე საგანი მოიაზრება.
- და სამყაროსმცოდნეობის წიგნებს ვინ ქმნის?
- ერთად ვქმნით. პირველი ადამიანი, ვინც სკოლაში წამომყვა, ბიოლოგი თამუნა აბაიშვილია. ახლა ის საგნის - მდგრადი განვითარების - პედაგოგია. სამყაროსმცოდნეობის სამეცნიერო ჯგუფში ამჟამად ხუთი პედაგოგია.
- დღეს, პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით, ბავშვები თქვენი სკოლის სახელმძღვანელოებით სწავლობენ?
- დიახ, გრიფმინიჭებულ სახელმძღვანელოებთან ერთად, მეექვსე კლასის ჩათვლით, ყველა საგანს ჩვენი შედგენილი სახელმძღვანელოებით ვასწავლით. ზოგჯერ უცხოური სახელმძღვანელოების იმ ნაწილს ვთარგმნით, რაც ჩვენი პროგრამის განვითარებისთვის გვჭირდება.
- სახელმწიფოსგან დასტურს ყოველი მასალისთვის ცალ-ცალკე ითხოვთ?
- სამინისტროსთან ყოველწლიურად ვათანხმებთ სასკოლო გეგმას და მის საათობრივ ბადეს. შეთანხმების პროცესში განიხილება ცალკეული საგნები და შესაბამისი სასწავლო მასალაც.
- მასწავლებლებთან როგორ მუშაობთ? სამყაროს მთლიანობის აღქმა თქვენს ცნობიერებაშია ასახული და თქვენს კონცეფციაში დევს. მაგრამ იმისათვის, რომ ეს კონცეფცია რეალურად განხორციელდეს, თქვენი მასწავლებლებისთვის არ არის საკმარისი, რომ საგანი იცოდნენ და პედაგოგიური უნარები ჰქონდეთ. თქვენი სკოლის მასწავლებლები, პირველ რიგში, კონცეფციას უნდა იზიარებდნენ და ნერგავდნენ.
- ჩვენი ყველა პედაგოგი იზიარებს ამ ხედვას და ყველა ჩართულია მის დანერგვაში.
- დიახ, ეს საუბრის დასაწყისშიც თქვით. მაგრამ პირადად თქვენ როგორ მუშაობთ მათთან იმისთვის, რომ კომპლექსურ სქემაში საკუთარი თავი იპოვონ?
- ამა თუ იმ თემის განხილვას ყველა საგნის მასწავლებელი ესწრება, რადგან პროგრამის ყველა თემა სხვადასხვა საგანში პარალელურად ვითარდება. მასწავლებლებს ახლა უკვე შეუძლიათ, ამ სამუშაოს ჩემ გარეშეც გაართვან თავი. მეორე მხრივ, დრო მიდის, სიახლეებია, ჩვენი აზროვნებაც იცვლება... ამიტომ, წინა წლის მასალას ყოველთვის ერთად გადავხედავთ ხოლმე - რა ცვლილებებია შესატანი; რა უნდა ამოვიღოთ, რა დავამატოთ.
- გამოდის, მასწავლებლებთან სისტემატურად მუშაობთ.
- დიახ, სისტემატურად. მთელი კვირის განმავლობაში ვხვდები პირველი საფეხურის მასწავლებლებს; მეორე კვირას - მეორე საფეხურის მასწავლებლებს; მესამე კვირას - კათედრებს. ასე მეორდება მთელი წელი. ამიტომ, უკვე პედაგოგთა ძალიან ძლიერი გუნდი გვყავს.
- ახალი მასწავლებლები როგორ აგყავთ?
- გასაუბრებით. გასაუბრების დროს უკვე ვხედავ, შეუძლია თუ არა, ჩვენს სკოლაში ასწავლოს. შემდეგ ახალ მასწავლებლებთან, ჩემთან ერთად, გამოცდილი მასწავლებლებიც მუშაობენ.
- ახლა მინდა, ბავშვებზე ვისაუბროთ. თქვენს სკოლაში მიღებული ცოდნა პრინციპულად რითი განსხვავდება სხვა სკოლაში მიღებული ცოდნისგან?
- ამ განსხვავებას საგანთა ერთიანობის აღქმა იწვევს. ფილოსოფიური ხედვა ყველა საგანშია ჩადებული ისევე, როგორც ლოგიკა. მაგალითად, გეომეტრია - რატომ იყო გეომეტრია პლატონისთვის მთავარი საგანი? მრავალმხრივი ცოდნა ბავშვს სამომავლოდ პროფესიის არჩევაში ეხმარება. როცა რაიმეს არ ასწავლი, ბავშვი როგორ უნდა მიხვდეს, რომ ეს მისი სფეროა და ამ მხრივ უნდა განვითარება?!
- ახლა გამახსენდა, ფიზიკოსმა ანდრია როგავამ ინტერვიუში მითხრა, სირცხვილი მგონია, 21-ე საუკუნეში სკოლაში ასტრონომიას რომ არ ვასწავლითო. მასაც მიაჩნია, რომ ბავშვს რაც შეიძლება დიდი არჩევანი უნდა ჰქონდეს.
- ევგენი ხარაძე თავის წერილში ჩვენი სკოლის შესახებ აღნიშნავს: მიხარია, რომ არსებობს სკოლა, სადაც ასწავლიან ასტრონომიას.
- ეს სავალდებულო საგანია, თუ არჩევითია?
- რაღაც პერიოდი სავალდებულოა. მერე სწავლება ასტროფიზიკის კლუბში გადადის. სავალდებულო პერიოდი აუცილებელია საგნის აღსაქმელად და იმისთვის, რომ მოსწავლეში ინტერესები გამოიკვეთოს. ასევეა იაპონური ენა. მეექვსე კლასში სავალდებულოა და შემდეგ მსურველები სწავლას კლუბში აგრძელებენ.
„ერთ-ერთმა მოსწავლემ დაწერა, ამ სკოლაში სითბო ვისწავლეო.“
- თუ სწორად გავიგე, თქვენს მოსწავლეებს გამოარჩევს აზროვნების უნარი და სამყაროს ხედვა, რომელიც მათ საშუალებას აძლევს, კარგად გაერკვნენ, რა აინტერესებთ სამომავლოდ.
- დიახ. და ჩვენი შეფასების ფურცელზე თვითშეფასების გრაფაც არის. მასწავლებელთან ერთად, ბავშვიც აფასებს საკუთარ თავს.
- კმაყოფილი ხართ მოსწავლეების თვითშეფასებით?
- ძალიან. პედაგოგებიც და მოსწავლეებიც კმაყოფილები არიან. თვითშეფასება მოსწავლეს თვითგამორკვევაში ეხმარება. ეს კი მას დაეხმარება, ,,ხვალ“ იცხოვროს წარმატებით.
- თქვენი სკოლის ნაწილია სამეცნიერო ცენტრი, რომლის ერთ-ერთი მიზანია, „შექმნას მოსწავლეთათვის საკუთარი „მე“-ს ჩამოსაყალიბებელი გარემო.“ რა გარემოა ასეთი?
- ერთ-ერთმა მოსწავლემ დაწერა, ამ სკოლაში სითბო ვისწავლეო. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ეს ის გარემოა, სადაც, ფორმალურ სწავლებასთან ერთად, დიდი მნიშვნელობა ენიჭება არაფორმალურ განათლებას. გასვლითი გაკვეთილები, კონფერენციები, გამოფენები, ბანაკები... ბანაკებში თითოეულ ბავშვს ვაკვირდებით და ეს ძალიან გვეხმარება. ზამთრის, ზაფხულის და შემოდგომის - სამი ტიპის ბანაკი გვაქვს. მთავარი ის არის, რომ ბავშვები ერთმანეთთან ურთიერთობას სწავლობენ. მეორე მხრივ, ორ საათამდე იქაც საგაკვეთილო პროცესია, ოღონდ, ბუნებაში. იქ მრავალმხრივი გარემოა, სადაც ბავშვი ჩვენთვისაც უკეთესად ჩანს და თავის „მე“-საც უკეთესად ხედავს.
- ფსიქოლოგი რუსუდან მირცხულავა ჩემთან ინტერვიუში ხსნიდა - იმისთვის, რომ ბავშვმა საკუთარი თავი იპოვოს, მრავალფეროვანი გარემო და მრავალმხრივი ცოდნა სჭირდებაო.
- დიახ, ვეთანხმები. მრავალფეროვანი გარემო და მრავალსაგნობრივი ცოდნა ბავშვს ეხმარება, თავისი თავი შეიმეცნოს და თავისი მიდრეკილებებიც გამოკვეთოს.
- ფაქტობრივად, ბავშვებს არჩევანს უფართოებთ.
- არაფორმალური გარემო ყოველმხრივია: როგორც ცოდნა, ისე კომუნიკაციის უნარის განვითარება. ბავშვები ხომ ერთმანეთისგან განსხვავდებიან - ზოგს ლიდერობა უყვარს, ზოგი მორიდებულია და მხარდაჭერა სჭირდება. ამის საშუალებას საგაკვეთილო პროცესი ნაკლებად იძლევა. გასვლითი გაკვეთილები საუკეთესო გზაა იმისთვის, რომ ბავშვი კარგად დავინახოთ და საკუთარი თავის წარმოჩენაში დავეხმაროთ.
- რამდენჯერმე ახსენეთ ბავშვის დახმარება. ვინ ეხმარება ბავშვებს? ვის გულისხმობთ?
- პედაგოგები და ფსიქოლოგები. თავის დროზე, პირველი, ვინც ჩვენი პროგრამა ნახა და შეაფასა, ფსიქოლოგიის დოქტორი, პროფესორი ნათელა იმედაძე იყო. ფსიქოლოგები ბავშვებს აკვირდებიან და გვეხმარებიან, რომ თითოეულ ბავშვთან სწორად წარვმართოთ ურთიერთობა.
- თანამედროვე სამყაროში და, მათ შორის, საქართველოშიც აქტუალურია ადამიანის უფლებების თემა; თქვენი სკოლის მისიაში კი წერია: „საკუთარი ქვეყნისა და თავისი პლანეტის მომავალზე პასუხისმგებელი თაობის აღზრდა“. მესმის, რომ მხოლოდ უფლებებზე აქცენტით შეიძლება ვერ მივიღოთ ის შედეგი, რომელსაც ყველანი ვისურვებდით. მაგრამ თუ არსებობს ინდიკატორები, კრიტერიუმები, რომელთა მეშვეობით აფასებთ, თქვენი საგანმანათლებლო სისტემა რეალურად რამდენად ასრულებს სკოლის მისიას?
- ასეთი კრიტერიუმია ბავშვების სასკოლო და საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობა. მათ მიერ განხორციელებულ პროექტებში, მათ ნაწერებში, ნაშრომებში, ესეებში ნათლად ჩანს მათი დამოკიდებულება თავისი ქვეყნის და სამყაროს მიმართ. ეს არის კრიტერიუმი. ვმუშაობთ, რომ ბავშვმა ჯერ საკუთარი „მე“ გააცნობიეროს, მერე - თავისი ქვეყანა და ჩვენი პლანეტა.
- სკოლა თქვენს მოსწავლეებს საშუალება აძლევს, შეისწავლონ სხვადასხვა უცხო ენა და უკვე სკოლის პერიოდში უშუალოდ გაეცნონ გერმანიას, ჩეხეთს, იაპონიას. თქვენთვის რამდენად მისაღებია, რომ მშობლებს მხოლოდ უცხოურ პროექტებთან დაკავშირებული პრაგმატული ინტერესი ჰქონდეთ, როცა შვილები თქვენს სკოლაში შემოჰყავთ?
- ჩეხეთთან და გერმანიასთან გაცვლითი პროგრამები გვქონდა პანდემიამდე და ახლა ეს კონტაქტები აღდგა. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ზოგჯერ მოჰყავთ ბავშვები ამ მოტივით, მაგრამ სწავლის პერიოდში ხვდებიან, რომ უფრო მნიშვნელოვანს იღებენ და ამით მადლიერებიც არიან.
- შინაგანად თქვენთვის რამდენად მისაღებია მშობლის პოზიცია, რომ ბავშვს თქვენს სკოლაში მოიყვანს, რადგან იცის, რომ აქედან ადვილად მოხვდება გერმანიაში, ჩეხეთში ან იაპონიაში?
- ზოგჯერ მშობელი ამბობს, რომ ბავშვი გერმანულ სკოლაში მოიყვანეს, რადგან ჩვენი სკოლა გერმანული ენის სადიპლომო სკოლაა. მათ ვუხსნით, რომ სკოლა გერმანული არ არის, ქართული სასწავლებელია. ამას თვითონაც მალე ხვდებიან. ჩვენს სკოლაში ბავშვი მხოლოდ გერმანულს ვერ ისწავლის. ჩვენი მიზანია, ბავშვმა განათლება მიიღოს. ადამიანმა შეიძლება უცხო ენა სულ არ იცოდეს, მაგრამ ბევრს მიაღწიოს. მშობელს ყოველთვის ვუხსნით: თქვენი შვილი იქნება განათლებული ადამიანი, რომელსაც უცხო ენებიც ეცოდინება. მთავარი გერმანიაში წასვლა არ არის; მთავარია, ბავშვს ის ღირებულებები ჰქონდეს, რომლებიც ჩვენი სკოლის მისიას შეესაბამება. ხშირად ისმება კითხვა - სკოლას „ქართული სასწავლებელი“ რატომ ჰქვია. საქართველო ყოველთვის მულტიკულტურული სივრცე იყო. ახლაც, ფაქტობრივად, იმავე როლს ასრულებს - აზიასა და ევროპას აკავშირებს. საქართველო ოდითგანვე და დღესაც კულტურების გამტარია და სხვადასხვა კულტურის შეერთების ცენტრია. სწორედ ეს ხედვა დევს ჩვენი სკოლის დასახელებაში.
- მე ძალიან მომეწონა ეს აქცენტი, რომ საქართველო დასავლეთის და აღმოსავლეთის კულტურების შეერთების ადგილია. ახლა ჩვენი აქცენტი მთლიანად გადახრილია დასავლეთისკენ, ევროპისკენ.
- ჩვენ ევროპა ვართ.
- რა თქმა უნდა. მაგრამ როცა ჩემს სტუმრებს ვეკითხები, საქართველოს რა თაფლი სცხია ასეთი, რომ უცხოელებს განსაკუთრებით იზიდავთ აქაურობა - პასუხად ხშირად უთქვამთ, რომ ეს არის ბევრი კულტურის თავმოყრის, შერწყმის ადგილი და ამით არის საქართველო საინტერესო უცხოელებისთვის.
- ქვეყნის მულტიკულტურულმა ფუნქციამ საუკუნეებს გაუძლო. ამიტომაც, საქართველოში ჩამოსვლისას, უცხოელები განსხვავებული კულტურის საოცარ გარემოში ხვდებიან. იაპონური კულტურის და ენის სწავლებაც იმიტომ ავირჩიეთ, რომ იაპონია ისევეა კულტურის და ტრადიციების დამფასებელი ქვეყანა, როგორც საქართველო. ილია ჭავჭავაძე წერდა, აზიაში განათლება იაპონიიდან შედის, იაპონია ჰფენს შუქს მთელ აზიასო. იაპონელების შრომისმოყვარეობაც სამაგალითოა. იაპონური დამწერლობის სწავლა ბავშვებს ნებისყოფასა და შრომისუნარიანობას უვითარებს.
„იაპონიაში ყოველთვე იბეჭდებოდა სტატია ჩვენი საქმიანობის შესახებ.“
- როგორც ვიცი, ფიზიკის და ქიმიის ლაბორატორიები არ გაქვთ, არც რეალური და არც ვირტუალური.
- გვაქვს, მაგრამ ისეთი არაა, როგორიც ჩვენი პროგრამიდან გამომდინარე გვჭირდება.
- საბუნებისმეტყველო საგნებს დიდ ყურადღებას აქცევთ და როგორ მოხდა, რომ შესაბამისი ლაბორატორიები არ გაქვთ? ფაქტობრივად, არ გაქვთ ინსტრუმენტი, რომელიც დაგეხმარებოდათ, რომ ქიმია და ფიზიკა უფრო ხარისხიანად გესწავლებინათ.
- მეცნიერული ლაბორატორიები, რომლებიც გვჭირდება, ძალიან ძვირია.
- ვირტუალური ლაბორატორიებიც ძვირია?
- ახლა მივეცით შეკვეთა და ჩვენი პროგრამის შესაბამისი ვირტუალური ლაბორატორიები მალე გვექნება. პირველად იაპონიამ აღჭურვა ჩვენი სკოლა ტექნიკით. მაშინ ისეთი ტექნიკა არავის არ ჰქონდა.
- რა ტექნიკა იყო, მაგალითად?
- კომპიუტერები, ვიდეო და ფოტო აპარატები....
- თქვენთან საუბრის შემდეგ, ჩემთვის გასაგებია, პირადად თქვენ როგორ გააზიარეთ თქვენი ცოდნა და ხედვები სკოლის შიგნით. გარედან თუ ყოფილა ინტერესი თქვენი სკოლის მიმართ?
- რა თქმა უნდა. მაგალითად, იაპონიაში ყოველთვე იბეჭდებოდა სტატია ჩვენი საქმიანობის შესახებ.
- საქართველოში ინტერესს ვგულისხმობ.
- საქართველოში 2005 წელს ჩატარდა მდგრადი განვითარების სიმპოზიუმი. კავკასიიდან მხოლოდ ჩვენი სკოლა იყო წარმოდგენილი. ვილი სლეურსმა ფლამანდიიდან, მრჩეველმა განათლების დარგში, აღნიშნა: ასეთი მასშტაბური საგანთაშორისი ინტეგრაცია გარემოს დაცვის კუთხით არსად მინახავს, თქვენს გამოცდილებას ევროპის ქვეყნების სკოლებიც უნდა გაეცნონო.
- თქვენს სკოლაში დაგროვებული ცოდნის გაზიარება თუ არის შესაძლებელი, ან თუ მიგაჩნიათ საჭიროდ?
- შესაძლებელია, რა თქმა უნდა, მაგრამ თუ სახელმძღვანელოები შეიქმნება, მაშინ გაზიარება ბევრად გაადვილდება.
- შეიქმნება? რას გულისხმობთ?
- ყველა სახელმძღვანელო რომ გვექნება, სრული კომპლექტი.
- სრული კომპლექტის შექმნას, ალბათ, კიდევ ბევრი დრო სჭირდება.
- დრო და ფინანსები. როცა სახელმწიფო საავტორო სკოლა ვიყავით, ჩვენს სამეცნიერო ცენტრს სახელმწიფო აფინანსებდა და უფრო სწრაფად მიდიოდა სახელმძღვანელოებზე მუშაობის პროცესი; მეტი პედაგოგი იყო ჩართული და უფრო ადვილი იყო შედეგის მიღწევა.
- ახლანდელი შემოსავლები რატომ არ არის საკმარისი სკოლის საჭიროებებისთვის?
- ფინანსდება სამეცნიერო ცენტრი. კლასები იყოფა. მაგალითად, ენებში ოთხი ან ხუთი განაყოფიც არის. ზოგჯერ ორ ბავშვს ერთი მასწავლებელი ჰყავს. განაყოფების მიზანი სწავლების ხარისხის ამაღლებაა.
- თქვენ ისეთი შინაარსის სკოლა გაქვთ, რომ, პანდემიის შედეგად, ალბათ, სხვა სკოლებზე მეტად დაზარალდით.
- დიახ, ასე იყო.
- რაიმე თუ მოიფიქრეთ იმისთვის, რომ დანაკლისი ცოტათი მაინც შეგევსოთ?
- მაგალითად, პროექტებს აკეთებდნენ, ვიდეორგოლებზე, ანიმაციებზე მუშაობდნენ, წერდნენ წიგნებს.
- პროექტული სწავლება თქვენთანაც არის და სხვა სკოლებშიც. პატარა ბავშვებიც პროექტებზე მუშაობენ და პრეზენტაციებს აწყობენ. თუ არის რაიმე განსხვავება სხვების პროექტულ სწავლებასა და თქვენს პროექტულ სწავლებას შორის?
- სხვების არ ვიცი. ჩვენი სკოლა როგორც კი ჩამოყალიბდა, თავიდანვე დაინერგა პროექტული სწავლება და გასვლითი გაკვეთილები.
- ეს იმას ჰგავს, ჩვენ რომ ექსკურსიას ვეძახდით?
- დიახ, მაგრამ ჩვენთან ყოველ გასვლას მოსამზადებელი გაკვეთილი უძღვის წინ. ბავშვმა უნდა გააცნობიეროს, სად მიდის, რატომ და რისთვის. ადგილზე, ჩანახატებს და ჩანაწერებს აკეთებენ, ბრუნდებიან და პროექტებს წარადგენენ, ესეებს წერენ.
- როცა მასწავლებელი ვიყავი, ჩვენი („გერმანული“) სკოლა იმითაც გამოირჩეოდა, რომ ძალიან ხშირად დაგვყავდა ბავშვები ქალაქგარეთ. მაგრამ, პირადად მე, უბრალოდ, ქალაქიდან გამყავდა მოსწავლეები. ერთმანეთთან ურთიერთობას ნამდვილად სწავლობდნენ, განსაკუთრებით, ხანგრძლივი გასვლების დროს, მაგრამ, ახლა ვაცნობიერებ, რომ უფრო ნაყოფიერი შეიძლებოდა ყოფილიყო ჩვენი ექსკურსიები და ერთად დასვენება.
- ეს ექსკურსია არ არის, ეს არის გასვლითი გაკვეთილი. წინასწარ ვაცნობთ, სად და რისთვის მიდიან. გიდებს უკვირთ, ეს ბავშვები საიდან მოვიდნენო.
- რა თქმა უნდა, ვიცი, რომ სამყაროს ერთიანად აღქმის მომხრე ხართ, მაგრამ, მაინც გკითხავთ: იმისთვის, რომ გავიგოთ, ვინ ვართ ჩვენ - კაცობრიობა, ადამიანები - მეცნიერება უფრო გვეხმარება, თუ ხელოვნება?
- ყველაფერი ერთად. სხვანაირად, როგორ?! სამყაროც ხომ ხელოვნებაა?! ყველაფერი დაკავშირებულია, გეომეტრიული ფიგურებიც კი სამყაროს შესაბამისია. გეომეტრიას რომ ვასწავლით, იქვე იმასაც ვასწავლით, ეს ფიგურა ბუნებასა და მხატვრობაში როგორ აისახა. მეცნიერებაც ხელოვნებაა. წარმოუდგენელია ცალ-ცალკე.
„ბავშვები თვითონ ქმნიან საკუთარ წიგნებს.“
- ჩვენს სკოლებში, ტრადიციულად ანალიტიკურ აზროვნებას უფრო მეტი ყურადღება ექცევა, ვიდრე შემოქმედებით აზროვნებას. თუ არ მეშლება, ერთიანი ეროვნული გამოცდებიც უფრო ანალიტიკურ უნარს ითხოვს, ვიდრე - შემოქმედებითს.
- ჩვენი პროგრამა, ანალიტიკური უნარების განვითარებასთან ერთად, შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას უწყობს ხელს. მოსწავლის შეფასებისას ერთ-ერთ აუცილებელ კრიტერიუმად შემოქმედებითობას განვიხილავთ. არსებული სახელმძღვანელოების პარალელურად, ბავშვები თვითონ ქმნიან საკუთარ წიგნებს.
- თქვენ ახალისებთ, თუ მათი სურვილია?
- უკვე მიჩვეულები არიან, თქმაც აღარ სჭირდებათ. როცა ხვდებიან, რა და როგორ უნდა გააკეთონ, მოსწონთ და თვითონ აკეთებენ. პირველკლასელებიც კი ამოცანებს იგონებენ. ონლაინ სწავლების დროს ძალიან კარგი წიგნები შექმნეს - პინგვინებზე, ვეშაპებზე... მთავარი ეს არის - ბავშვებს დავეხმაროთ საკუთარი თავის და შესაძლებლობების შეცნობაში. ბავშვები წერით დავალებებსაც ხალისით ასრულებენ. წერითი დავალების სამი ტიპი გვაქვს. პირველია სამუშაო ბარათი, რომელიც ცოდნას ამოწმებს; პარალელურად, მასწავლებელი თავის თავსაც ამოწმებს, როგორ მიაწოდა კლასს ესა თუ ის მასალა. მეორე შეფასების ფურცელია - ბავშვს ცოდნის გააზრება და გამოყენება როგორ შეუძლია. მესამე ფურცელი შემოქმედებითი წერაა.
- ეს სამი ბარათი რომელი საგნის გაკვეთილზეა?
- ყველა საგნის გაკვეთილზე. შეფასების ეს სისტემა გვეხმარება მოსწავლის ისეთ შეფასებაში, რომელიც მის განვითარებაზეა ორიენტირებული. თითოეული ბავშვის ნაშრომს კომპიუტერული პროგრამა შიფრავს.
- ეს პროგრამა ვინ შექმნა?
- სკოლის პროგრამისტმა.
- ის, რომ ადამიანი სხვაზე მეტს აცნობიერებს, ეხმარება, რომ სხვაზე ბედნიერი იყოს? თუ პირიქით?
ახალ წიგნთან ერთად, ბავშვიც იზრდება და პედაგოგიც.
- თქვენთვის რომელია სიტყვა, რომელიც მთელი ცხოვრების მეგზურად გამოდგება?
- (პაუზა) სათნოება. სათნო ადამიანი ბავშვს არასდროს ეჩხუბება; არა აკრძალვით, არამედ მოფერებით აგებინებს ყველაფერს. სათნოებით, სიყვარულით, სითბოთი შეიძლება მხოლოდ ბავშვის აღზრდა.
- სულ აღზრდასთან ხართ? ეს არის თქვენი ცხოვრების შინაარსი?
- რა თქმა უნდა. სრულფასოვანი ადამიანები გვინდა, რომ გაიზარდონ. მთავარია, საკუთარი თავი აღმოაჩინონ - გაარკვიონ, რა უნდათ, ვინ უნდათ, რომ იყვნენ ცხოვრებაში.
- დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. ინტერვიუს დავასრულებთ თქვენი კომენტარით ცნობილი ადამიანების ორ გამონათქვამზე. პირველ ციტატა ეკუთვნის გერმანელ ფიზიკოსს - ალბერტ აინშტაინს (1879-1955): „რა ბევრი ვიცით და რა ცოტა გვესმის.“
- ეს არის მთავარი და ზუსტად ეს არ მინდა, რომ სკოლაში მოხდეს. მხოლოდ ცოდნა საკმარისი არ არის. უნდა გაიგო ის, რაც იცი. ბევრი იცი, მაგრამ აზრი გამოგაქვს? ზოგს ვერ გამოაქვს აზრი. ზოგმა, პირიქით, ცოტა იცის, მაგრამ მისი ცოდნა ბევრად ნაყოფიერია. ასეთი ადამიანი მეტად ადგება კაცობრიობას, ვიდრე მცოდნეები. ჩვენ ცოდნას განვიხილავთ, როგორც პროცესს, როგორც ხარისხს და როგორც ქმედითს.
- თქვენ ამბობდით, „ნასწავლი“ თაობა კი არ გვჭირდება, არამედ, განათლებულიო.
- ზუსტად ეს არის ჩვენი მიზანი. განათლებული - რას ნიშნავს? თუ ადამიანს ცოდნასთან ერთად სიკეთე არ ახლავს, გონიერება და პასუხისმგებლობა არ ახლავს, განათლებული ვერ იქნება. „ნასწავლი“ უსიცოცხლო ცოდნის პატრონია, ციტატების მცოდნე. ჩვენი მიზანია, განათლებული ადამიანები აღვზარდოთ. ამისთვის ცოდნა აუცილებელია - ხარისხიან ცოდნას ვგულისხმობ და არა რაოდენობრივს.
- მეორე ციტატის ავტორია ფრანგი მწერალი ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი (1900-1944): „დედამიწაზე მეტისმეტად ბევრი ადამიანია, ვისაც არავინ დაეხმარა, რომ გაეღვიძა.“
- ვეთანხმები, მაგრამ თვითონ ადამიანსაც უნდა ჰქონდეს შინაგანი ნება, რომ გაიღვიძოს. უნდა მიეხმარო, უნდა გააღვიძო, ნება გაუღვიძო. თანაც, ისე არ უნდა გააღვიძო, დახმარება იგრძნოს. ისე უნდა მიეხმარო, ვერც მიხვდეს, ვინ მიეხმარა, ეგონოს, რომ თვითონ გაიღვიძა. სინამდვილეში, ეს არის დახმარება.
ფოტომასალა: ქეთევან სვანაძე

გუნდი
ირაკლი გედენიძე
ზურაბ ქურციკიძე
გიო კუსიანი
გიორგი ურუშაძე
თამთა ყუბანეიშვილი
ნანა ყურაშვილი
ინგა ქორიძე