×
„ფოთოლივით უნდა იყო და არ დაზიანდები“

მარინა კაჭარავა

ფსიქოლოგი


7934

ინტერვიუს შესახებ

მარინა კაჭარავას საჯარო ლექციებისთვის ადრე არასდროს მომისმენია. როდესაც პირველად მოვუსმინე იმისთვის, რომ მისი სტუმრად მოწვევა ან არმოწვევა გადამეწყვიტა, გამაოცა ამ ლექციების შინაარსით დახუნძლულობამ. მერე, როდესაც შეხვედრისთვის მზადება დავიწყე, მის საჯარო გამოსვლებში ჩავიძირე და ბოლოს გამიჩნდა განცდა, რომ რამდენიმე დღეში წარმოუდგენლად ბევრი გავიგე ადამიანის შესახებ. 

მინდა, თუნდაც მცირედით, თქვენც ეზიაროთ ქალბატონი მარინას ცოდნას. დარწმუნებული ვარ, ეს ინტერვიუ დიდხანს არ დაგავიწყებთ თავს. 

ია ანთაძე

- ქალბატონო მარინა, რა არის ის წვრილმანები, რომლებსაც პირადად თქვენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ? 

- საერთოდ, დეტალში იცნობა მთელი და წვრილმანებშიც შეიძლება, ადამიანმა მთელი ამოიცნოს. თუმცა, ჩემთვის კონტექსტი, სილუეტი ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე დეტალები. თუ თემა სასიცოცხლო ღირებულების არის, ან ძალიან მძაფრ პრობლემას ეხება, ჩავშლი ხოლმე წვრილმანებამდე. თუ არ ვარ დაინტერესებული თემის სიღრმეში ჩასვლით, მაშინ წარმოდგენა მექმნება კონტურით, ზოგჯერ - მასშტაბით. 

- ნიშნავს თუ არა ეს, რომ უფრო ანალიტიკური აზროვნება გაქვთ, ვიდრე სინთეზური? უფრო დაშლა გიყვართ, ვიდრე - შეერთება?

- ბავშვობაში ხშირად ვხატავდი სამკუთხედებს და მერე ერთმანეთს ვაბამდი. წერტილების გადაბმაც მიყვარდა. მოგვიანებით, როდესაც ჩემი ქცევა გავაანალიზე, მივხვდი, რომ ადამიანი რასაც ხატავს ან ჯღაბნის, მისი არაცნობიერიდან მომდინარე ინფორმაციაა. მე რომ წერტილების შეერთება მიყვარდა, ეს კავშირების მოძებნის სურვილი იყო. ახლა ვიცი, რომ ადამიანის ცხოვრების ხაზის გაანალიზება ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს რომ რაღაც ხდება, ამას კავშირი აქვს არამარტო პირადად ამ ადამიანის წარსულთან, არამედ, მისი ოჯახის წარსულთანაც. ზოგჯერ ეს სცენარები ისეთი საინტერესოა და ისეთი ხიდები იბმება მოვლენებს შორის, რომ ბევრად ნათელი ხდება ესა თუ ის ამბავი. საერთოდ, აზროვნება სწორედ ანალიზისა და სინთეზის სახით არსებობს. ერთი მხრივ, მოვლენის დაშლა საინტერესოა, მაგრამ გამთლიანებაც მნიშვნელოვანი პროცესია. სრული სურათი სწორედ დეტალებისგან ფაზლის შეკვრით მიიღება. 

- ყველაზე მეტს ადამიანის პიროვნულ ნიშნებზე რა გიყვებათ? 

- სხეულის ენა, თვალები, ღიმილი... ადამიანი ტყუილს იტყვის, რაღაცას დადგამს, მაგრამ სხეული არ იტყუება. გარეგნობაში ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია შინაგანი. საერთოდ, სილამაზე ფიზიკური და გარეგანი არ მგონია. ხშირად მითქვამს ახალგაზრდებისთვის: თქვენ ვერ წარმოიდგენთ, სილამაზე და გარეგნობა რამდენად შინაგანია. ზოგჯერ, რა აცვია კი არა, როგორ აცვია, რამდენად შესაბამისობაშია ასაკთან, სტილთან, იმ ადგილთან, რომელსაც სტუმრობს - ამ ყველაფრით ადამიანი რაღაცას გიყვება. დამოკიდებულებასაც ავლენს - პატივისცემას ან უპატივცემულობას. თუმცა, ჩემს ასაკში იმასაც მივხვდი, რომ, რასაც ხედავ, ყოველთვის ის არ არის, რაც გგონია. 

- დიდი ცოდნა გაქვთ ადამიანის შესახებ და თქვენც შეიძლება, გარეგნული ნიშნების ამოცნობაში შეცდეთ? 

- რა თქმა უნდა. შეცდომით ხდები ადამიანი. წაქცევით სწავლობ და კრიზისია ის ძალა, რაც პიროვნულად გზრდის. ძალიან ვფრთხილობ დასკვნის გაკეთებას, როცა რაიმეს ვხედავ. დიდხანს ველოდები. მინდა, პირველი შთაბეჭდილება პოზიტიური იყოს, ეს არის ჩემი პიროვნული დაკვეთა. შეიძლება, იმ ეპიზოდში ადამიანი არაადეკვატურად გამოიყურებოდეს. შეიძლება, ერთხელ გააკეთა ცხოვრებაში რაღაც, ან პირველად თქვა და მაინცდამაინც მაშინ შეესწარი. შეიძლება, ისეთი ფონი აქვს, ან ოჯახური, ან რაიმე სხვა, რომ არაადეკვატურად გამოიყურება. მაგრამ თუ კონტექსტს გაიგებ, მაშინ ბევრად მეტს მიხვდები. ამიტომ, დასკვნებს საერთოდ და, მით უმეტეს, ხმამაღლა - არ ვაკეთებ. ყველა მოვლენა მულტიფაქტორული და მრავალპლასტურია. მაგალითად, გულწრფელობა - თან ხედავ, თან გესმის და თან გრძნობ. 

- სისადავე გარეგნულია თუ შინაგანი?

- სისადავე, პირველ რიგში, შინაგანია და მერე გარეგნულიც. ვის უყვარს ექსტავაგანტურობა? ეს, თავისთავად, არც ცუდია და არც კარგი. უყვარს ადამიანს, რომელიც ცდილობს, რაღაც გადაფაროს. 

- რაღაც, რაც აკლია? დანაკლისი გადაფაროს? 

- რა თქმა უნდა. სისადავე ხშირად არის დაკავშირებული გონიერებასთან, წესიერებასთან და არისტოკრატიზმთანაც. ურთიერთობაშიც ხშირად მითქვამს: „ეცადე სადად, მშვიდად უთხრა სათქმელი, ყოველგვარი ორკესტრირების გარეშე“. სისადავე ადამიანს ყველაფერში ძალიან შველის. 

- თქვენთვის თუ არსებობს მიჯნა, რომელიც ერთმანეთისგან ყოფს წარმატებასა და ყოველდღიურობას? 

- ამ კითხვაზე ბევრი მიფიქრია. მე არ მიყვარს წარმატების ცნება და წარმატებისკენ სწრაფვა. გააჩნია, ვისთვის რა არის წარმატება. ყველას აქვს წარმატების საკუთარი მოდელი, ანუ სად უნდა, რომ ძალისხმევის შედეგად მივიდეს; რა არის მისი მეორე ნაპირი ან ოცნების მწვერვალი. ფროიდს აქვს აღწერილი ასეთი მოვლენა: მსხვრევა წარმატების დროს. ადამიანი რაღაცას მიაღწევს, მაგრამ ყველაფერი ენგრევა და ემსხვრევა. ხვდება, რომ წარმატება არ ღირდა ამდენ შეწირვად და გაწირვად. ანუ მიზანი არ ამართლებს საშუალებას. ბიჰევიორიზმი ამერიკული მიმდინარეობაა, რომელიც ორიენტირებულია ქცევის დასწავლაზე და წარმატების მიღწევაზე: „ა“ წერტილიდან „ბ“ წერტილში მინდა მისვლა და რისთვის მივდივარ იქ, იმდენად საინტერესო არ არის, რამდენადაც - რა რესურსი მაქვს იმისთვის, რომ დავგეგმო და ნაბიჯ-ნაბიჯ მივიდე მიზნამდე. ეს ითვლება წარმატებად. ამისთვის იცვლება ქცევა, იცვლება შინაგანი მდგომარეობა, აზროვნებაც. პირადად მე სილაღე და არჩევანის თავისუფლება მირჩევნია. პერფექციონისტულ და დაციკლულ სწრაფვას რაღაცისკენ, იმავე სისადავეს ვარჩევ. მე კი მირჩევნია, მაგრამ სხვას ჭკუას ვერ ვასწავლი. ყველა ადამიანს თავისი ცხოვრება და თავისი არჩევანი აქვს. 

 

 

„როდესაც მოვლენებს მსუბუქად უყურებ და ამა თუ იმ თემისგან არ ქმნი ჯაზს, ბევრად მეტი შანსი გაქვს, რომ გადარჩე.“

 

 

- მშვიდობის თქვენეული რეცეპტი რა არის? 

- სიმსუბუქე. 

- თქვენ ერთხელ ბრძანეთ: „ნეგატიურად მოაზროვნე ადამიანი დამძიმებულად ცხოვრობს. პოზიტიურად მოაზროვნე ადამიანი კი მსუბუქია, რაც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ გადარჩე.“ რას გულისხმობთ სიმსუბუქეში? 

- არსებობს ისეთი მოვლენები, რომელთა შემსუბუქება ადვილი არ არის. ეს შეიძლება ოჯახის წევრებს ან პირადად ადამიანს ეხებოდეს. თუმცა, ხშირად ყოფით პრობლემებს ვაზვიადებთ, ბუზისგან სპილოს ვქმნით. ვშფოთავთ: „რა გავაკეთო?“ „როგორ მოვიქცე?“ „რა მეშველება?“ სიმშვიდისთვის და ფუნქციონირებისთვის ადამიანს სამი კოორდინატი სჭირდება: ერთი - ვინ ვარ მე (რომ მე ვარ მარინა, ან ვინც ვარ), მეორე - სად ვარ? და მესამე - როდის ვარ? ანუ დრო, სივრცე და მე. „აქ და ამჟამად“ ჯანმრთელი ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანი კოორდინატთა სისტემაა. სწორედ ეს იკარგება შფოთვის დროს. შფოთვა კი სიმძიმეს მოაქვს. სიმსუბუქეში რას ვგულისხმობ? რაღაცას გაეცალო და გაატარო. ზოგჯერ მოდუნდე და გვერდიდან შეხედო, ეს ტალღა როგორ გადაივლის. ამ ტალღასთან შეწინააღმდეგებისას კი მხოლოდ ის მოხდება, რომ დაინგრევი. ადამიანი არც კარგით უნდა იყოს აჟიტირებული, არც ცუდით. ყველაფერი წარმავალია. ცუდს კარგი ცვლის, კარგს - ცუდი. ჩინელები ამბობენ: ფოთოლივით უნდა იყო და არ დაზიანდები. ფოთოლი რა სიმაღლიდანაც არ უნდა გადააგდო, ის ფრთხილად დაეფინება მიწას. იმიტომ, რომ მსუბუქია. კვახი ან საზამთრო კი აუცილებლად დაილეწება. ასეა ადამიანიც. როდესაც მოვლენებს მსუბუქად უყურებ და ამა თუ იმ თემისგან არ ქმნი ჯაზს, ბევრად მეტი შანსი გაქვს, რომ გადარჩე. შემიძლია, რამე შევცვალო? თუ შემიძლია, ვიწყებ ფიქრს ამ მიმართულებით - რა და როგორ შემიძლია. თუ დავასკვნი, რომ შეცვლა არ შემიძლია, რადგან საერთოდ არ არის ჩემზე დამოკიდებული (რაღაც გარე ფაქტორია), ამ შემთხვევაში, ბევრი ალტერნატივა არ მაქვს. პირველი - გავეცალო; თუ ვერ ვეცლები, შევეგუო; თუ ვერ ვეგუები,  მასთან ერთად ცხოვრების გზები მოვძებნო. შეიძლება, ეს პანდემია იყოს, ზოგჯერ - დაავადება, ზოგჯერ - შიში, ზოგჯერ - ტკივილი, რომელთან ერთადაც ჩვენ ვცხოვრობთ. 

- როდესაც ადამიანი მძიმე მოვლენების ეპიცენტრში ხვდება, რეალურად როგორ უნდა შეძლოს, რომ თავი არ დაიმძიმოს?

- თანაცხოვრება უნდა ისწავლო. ვგულისხმობ სწორედ მძიმეს, ტრაგიკულს, რაც მოცემულობა ხდება და რასაც ვერ ვცვლი. ეს შეიძლება იყოს ახლობლის გარდაცვალება, ან ნებისმიერი რამ გაჭირვება, რომელსაც, რაღაც გაგებით, არ ეშველება. ადამიანი თვითონ არის თავისი ცხოვრების სცენარისტიც და რეჟისორიც. ჩვენ გვაქვს გენეტიკაც, ოჯახური სცენარებიც, მაგრამ ჩვენ ვართ კიდევ პიროვნებები. ძალიან მაღალი წარმოდგენის ვარ პიროვნებაზე, რომელსაც შეუძლია თქვას „არა!“, ან შეუძლია თქვას „დიახ!“ პიროვნებას შეუძლია, ბევრი რამ შეცვალოს. ფიქრიც კი ცვლის გენეტიკას. შესაბამისად, აღარ არის განაჩენი არც გენეტიკა და არც ოჯახი. მაგრამ თუ ადამიანი არ დაფიქრდება, თუ ძალისხმევას არ გაიღებს, მაშინ შეიძლება აღმოჩნდეს, როგორც ციყვი გალიაში - რომელიც დარბის, მაგრამ ჩაკეტილი წრიდან ვერ გამოდის. ჩვენ არ ვართ დეტერმინირებულები, რომ, გინდა თუ არა, ეს უნდა მოხდეს. ცხოვრება ბედისწერა არ არის, ჩვენი არჩევანია. და თუ არჩევანს არ ვაკეთებ, ესეც არჩევანია. 

- რამდენჯერმე წავაწყდი, გითქვამთ, რომ ემოცია უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე აზროვნება. რატომ?

- ალბათ, უფრო მნიშვნელოვანს არ ვიტყვი. არ დავატოლებ და არ გავზომავ, მაგრამ წამყვანი ნამდვილად ემოციური ინტელექტია. მაგალითად, რობოტები ჰყავდათ ძიძებად იაპონიაში. რობოტს სენსორები ჰქონდა და ყველა ფუნქციას ასრულებდა - ბავშვის დაბანა, გამოკვება, ჩაცმა... ნახეს, რომ ბავშვების სიკვდილიანობა გაიზარდა. მერე აღმოაჩინეს, რომ ბავშვისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია კონტაქტი, ჩახუტება, სითბო და სიყვარულში გაზრდა. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ „მე ვარ ძვირფასი... მე ვიღაცას ვჭირდები... მე მჭირდება ეს სამყარო...“ ემოციური ინტელექტი მუცლად ყოფნის პერიოდიდან ყალიბდება იმის მიხედვით, თუ  როგორი დამოკიდებულება აქვთ დედას და მამას შვილის მიმართ, როგორ ელოდებიან, როგორ ეფერებიან. „ბიჭი მინდოდა და გოგო ხარ“, „ცისფერთვალა მინდოდა და ყავისფერი თვალები გაქვს“, ანუ, ზოგადად, „მინდოდა და არ ხარ“ დამოკიდებულება ადამიანს უჩენს განცდას, რომ ის არ არის საკმარისი, რომ მან მშობლის გული ვერ მოიგო. წარმოიდგინეთ, რობოტი რომ შემოვიდეს თქვენთან სამსახურში თანამშრომლად ან უფროსად. შეიძლება, ინტელექტით რობოტმა აჯობოს ადამიანს, მაგრამ ადამიანი თავისი ემოციებით, კომუნიკაციით, ზოგჯერ ღიმილით, ზოგჯერ თვალში ცრემლით - ურთიერთობას ხდის ადამიანურს და საინტერესოს. ალბათ, ყველას გვინახავს ქვასავით ადამიანი, რომელიც კუშტია, ვერ გაიგებ - რა უხარია, რა სწყინს. ეს არ არის სიმშვიდე. ეს ბლოკია. სიმშვიდე კი ემოციაა. ასეთი ადამიანი ბუღალტერიაში ან ლაბორატორიაში შეიძლება კარგი მუშაკი იყოს, მაგრამ ადამიანებთან ურთიერთობაში სერიოზული დამარცხება ელოდება. დიახ, ვეთანხმები, რომ ემოციური ინტელექტი წამყვანია ადამიანისთვის. 

- თქვენი ლექციებიდან გავიგე, რომ, თურმე, ნულიდან ექვს წლამდე ბავშვში ყალიბდება პიროვნული კარკასი. მინდა, მოკლედ გვითხრათ, ზრდასრულობის პერიოდში როგორ მჟღავნდება ადამიანის ნულიდან ექვს წლამდე გამოცდილება. 

- ნულიდან ერთ წლამდე ყალიბდება ნდობა სამყაროსადმი და პოზიტიური აზროვნება. ამ დროს წყდება, ადამიანი ოპტიმისტი იქნება თუ პესიმისტი - იმის მიხედვით, როგორ ექცევიან მშობლები ბავშვს და როგორ ექცევიან ერთმანეთს. როგორ განიხილავენ ახლად დაბადებულ შვილს - როგორც გამაერთიანებელს (ეს პროგრამაა), როგორც სათამაშოს (ეს გამოყენებაა), თუ როგორც თავისი იმედების და მიზნების განხორციელების საშუალებას (ესეც პროგრამაა). სხვა შემთხვევაა, თუ მშობლები ნულიდან ერთ წლამდე ბავშვს ექცევიან, როგორც პიროვნებას, როგორც უნიკალურს და განსაკუთრებულს. ეს ბავშვის ცხოვრების ორალური პერიოდია, როდესაც ის პირით ამყარებს კავშირს სამყაროსთან: წოვს ძუძუს და მაწოვარას, ყველაფერს პირში იდებს. ინფორმაციასაც პირით იღებს. ამ ასაკის ფიქსაცია შემდგომში განაპირობებს ისეთ ქცევებს, რომლებიც დაკავშირებულია პირთან და პირის სიამოვნებასთან. Night eating syndrome ჰქვია - ანუ ღამით ჭამის სინდრომი. ხშირად ხდება, რომ დედა ყველა ტირილზე შვილს კი არ ეკონტაქტება, კი არ ჩაეხუტება, კი არ ესაუბრება, კი არ ეფერება, - არამედ, აჭმევს. ჰგონია, რომ შია. ნახეთ, ბავშვმა რა დაისწავლა?! რომ გამკლავების მექანიზმი, თურმე, არის ჭამა. ზრდასრულობაში რამდენჯერაც ვიტირებ, ან ცუდად ვარ, მაცივართან უნდა მივიდე და ჭამა დავიწყო. კვებითი დარღვევები - ბულემია ან ანორექსია - სწორედ ნულიდან ერთ წლამდე ფიქსაციებთან არის დაკავშირებული. ასევე, ალკოჰოლი, ასევე სიგარეტი, ასევე ფრჩხილების კვნეტა... 

 

 

„უკვე ზრდასრულობისას, მე არ ვიცი, რა დავაშავე, მაგრამ სულ დამნაშავე მგონია თავი.“

 

 

- როგორც ვიცი, შემდეგი პერიოდია ერთიდან სამ წლამდე. 

- რაც შეეხება ერთიდან სამ წლამდე პერიოდს, ეს არის დრო, როცა ნებისყოფის კარკასი ყალიბდება. ეს რას ნიშნავს? ამ დროს სპინქტერების (მომჭერი კუნთების) ამუშავება იწყება. ეს უკავშირდება მოშარდვას და კუჭში გასვლას. ბავშვი სწავლობს ქოთანთან ურთიერთობას და პირად ჰიგიენას. რა ურთიერთობებიც აქვს მას ქოთანთან, როგორც მოაწესრიგებს ამ სპინქტერებს, ისეთია ზრდასრულობის პერიოდში. ან ექსტრავაგანტური, მფლანგველი და ფეთხუმია,  ან - მოწესრიგებული.  „მინდა“ ქცევით ცხოვრობს, თუ „უნდა“ ქცევას მისდევს, სწორედ ამ დროს ყალიბდება.

- შემდეგი პერიოდი - სამიდან ექვს წლამდე - რითია გამორჩეული? 

- სამიდან ექვს წლამდე - ეს სქესთან იდენტიფიკაციისა და ინიციატივის ჩამოყალიბების პერიოდია. მთელი რიგი სქესთან შეჭიდული პრობლემები - პერვერსიები, დევიაციები - სწორედ ამ ასაკში მამასთან და დედასთან ურთიერთობას უკავშირდება. ეს ცალკე საუბრის თემაა. ინიციატივას რაც შეეხება, ეს არის რაღაცის წამოწყების უნარი. ინიციატივიან ბავშვს ხშირად ეუბნებიან: „ამას ხელი არ მოკიდო!“ „იმას ხელი არ მოკიდო!“ „ეს არ შეიძლება!“ „ის არ შეიძლება!“ ასე გაზრდილი ბავშვი მერე ზამბარასავით ხდება და უარესს აკეთებს, იმიტომ, რომ დათრგუნული ენერგია სხვა მიმართულებით გადაახტუნებს; ან ისე დაინგრევა, რომ უინიციატივო და საწყალი ხდება. ასევე, ამ ასაკში შემოდის არაცნობიერი სირცხვილი, რომელიც ადამიანს არაფერში სჭირდება. ზოგადად, სირცხვილი ძალიან პოზიტიურია ზრდასრული ადამიანისთვის - ეს არის ქცევის კორექცია. მაგრამ მე თუ არ ვიცი, რისი მრცხვენია, ან თუ იმის მრცხვენია, რომ ვინმე გავიცნო, ან ჩემი აზრი გამოვთქვა - ასეთი სირცხვილი არ გვჭირდება. „არ გრცხვენია?“ ბავშვობაში მშობლისგან ხშირად მოსმენილი ეს ფრაზა ზრდასრულობისას არასაჭირო სირცხვილის გრძნობის საფუძველი შეიძლება გახდეს. ამავე ასაკიდან შემოდის დანაშაულის განცდა, ესეც არაცნობიერი. უკვე ზრდასრულობისას, მე არ ვიცი, რა დავაშავე, მაგრამ სულ დამნაშავე მგონია თავი. ეს გრძნობა ტვირთივით დამაქვს...

- ეს ტვირთიც ბავშვობიდან მოჰყვება ადამიანს?  

- დიახ, როცა ბავშვობაში ესმის: „შენი ბრალია!“ „შენ გააკეთებდი ამას!“ „შენს მეტი ვინ იზამდა!“ - რა თქმა უნდა, ბავშვი ამას იმახსოვრებს. მოგვიანებით, ეს დამოკიდებულება ფორმირდება დაბალ თვითშეფასებად, რომელიც, მე ვიტყოდი, რომ სამკომპონენტიანია (თუმცა, ამ საკითხზე სხვადასხვა აზრი არსებობს). პირველი არის გარეგნობა, ანუ ადამიანის დამოკიდებულება საკუთარი გარეგნობის მიმართ, მეორე არის ინტელექტი და მესამე - წარმომავლობა, ოჯახი. თუ თვითშეფასება პრობლემურია, შემდეგ ადამიანი ამის გადაფარვას ბევრნაირად ცდილობს. 

- თქვენ ერთხელ ფსიქოლოგიური ჭიპლარი ახსენეთ. როდის არის ყველაზე სწორი დედასა და შვილს შორის ამ ფსიქოლოგიური ჭიპლარის გადაჭრა? 

- ფსიქოლოგიური ჭიპლარი ნიშნავს ადამიანების ერთმანეთზე მიბმას და მიჯაჭვულობას. თავიდან მიჯაჭვულობა პოზიტიურია. ბავშვს სჭირდება, რომ სულ დედასთან იყოს, რადგან დედის საშუალებით შედის კონტაქტში სამყაროსთან. მიჩნეულია, რომ პირველი ერთი წლის განმავლობაში, დედამ შვილი არათუ ღამე, დღეც არ უნდა დატოვოს დიდხანს მარტო. ერთი წლიდან დედა ბავშვს მამასთან აზიარებს. დაახლოებით ორი წლიდან კი ბავშვს უნდა შეეძლოს განმარტოებით თამაში. არიან ქალები, რომლებიც ბავშვს არავის აკარებენ. ზოგიერთი დედა მხოლობითში არც მოიხსენიებს შვილს: „ჩვენ ავად გავხდით“, „ჩვენ მუცელი გვტკივა“, „ჩვენ ათიანი მივიღეთ“, „ჩვენ ცოლი მოვიყვანეთ“... ეს „ჩვენ“ არის „ჭიპლარის გადაუჭრელობა“, ანუ შერწყმა, რაც უკვე ნეგატიური მიჯაჭვულობაა. არ გაგიგიათ, რომ ამბობენ? –  „მე რომ რამე მომივიდეს, წყალი წაიღებს ჩემს ოჯახს“. რა თქმა უნდა, ადამიანს სხვადასხვა ეტაპზე განსხვავებული ფუნქცია აქვს თავისი ოჯახისთვის. მაგრამ არავის წყალი არ წაიღებს. ხდება ასეთი რამ და ადამიანები ჩვეულებრივ იზრდებიან, ვითარდებიან. 

- რომელია ის ასაკი, როცა ბავშვის დედისგან გამიჯვნის და სოციალიზაციის პროცესი უნდა დაიწყოს?

- სამი წლიდან სოციალიზაცია საბავშვო ბაღში იწყება. ეს არ ნიშნავს, რომ შეიძლება ამ ასაკის ბავშვი ერთი კვირით ან ერთი თვით დატოვო. მაგრამ მას უკვე შეუძლია, დამოუკიდებლად იყოს გარკვეული პერიოდის განმავლობაში. ბავშვს საშუალება უნდა მივცეთ, რომ მარტომ ითამაშოს. ნელ-ნელა სეპარაცია უნდა მოხდეს. სამი წლიდან ვითარდება „მე“ კონცეფცია. ამ პერიოდიდან ბავშვი პირველ პირში განიხილავს საკუთარ თავს. მანამდე კი მესამე პირში ლაპარაკობდა: „შოთიკოს შია!“, ან „მარინას ეძინება“. სამი წლიდან ბავშვმა იცის, რომ - მე ვარ გოგო, მე ვარ მარინა... ნელ-ნელა სამყაროსგან გამოდიფერენცირება იწყება და ეს პროცესი ძალიან სჭირდება ბავშვს იმისთვის, რომ ინდივიდუალურობა შეიძინოს. ინდივიდუალიზმი და ინიციატივა პიროვნების მნიშვნელოვანი შემადგენელია. ამ დროს განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, რომ მშობელი ბავშვთან სულ შენიშვნებით არ ურთიერთობდეს: „ხელი არ მოკიდო, გატყდება!“  „დაისვრები!“ „გააფუჭებ!“ „არ ახვიდე!“ „არ ჩამოხვიდე!“...

- გარდატეხის ასაკში ბავშვს ავტორიტეტები ეცვლება. ეს საკმაოდ დამაბნეველია მშობლებისთვის, რომლებიც აქამდე მთავარი ავტორიტეტები იყვნენ. როგორ უნდა მოიქცნენ უფროსები, რომ ამ პერიოდში კონტაქტი არ დაკარგონ მოზარდთან? 

- ძალიან ინდივიდუალური საკითხია. ბევრად ადვილია, რეკომენდაციები გასცე, ვიდრე შეასრულო. ჩემი აზრით, ამ დროს კონტაქტი არ უნდა დაკარგო არამარტო ბავშვთან, არამედ, სამყაროსთანაც. მშობელი არ უნდა მოსწყდეს რეალობას და სხვა საუკუნის გადმოსახედიდან არ უნდა ილაპარაკოს. მე ღირებულებებს არ ვგულისხმობ. ღირებულება დროში უცვლელი კატეგორიაა - რაც იყო 20 საუკუნის წინ, ის არის დღესაც. მაგრამ დაწყებული მუსიკალური გემოვნებით, ჩაცმულობით, თანამედროვე ტენდენციებით და მიმართულებებით, მშობელს შეიძლება შვილის ბევრი რამ არ მოსწონდეს. დიახ, ჩემს შვილს მოეწონება რაღაც ისეთი, რაც არანაირად არ ჯდება ჩემს გემოვნებაში. მაგრამ მე მას უნდა მოვუსმინო, მასთან ერთად უნდა ვუყურო კლიპს, გავარჩიო არა კრიტიკით, არამედ, ინტერესით: „მე არ ვიცი და შენ გეკითხები“. ნახეთ, რამდენად მნიშვნელოვანი ამბავი ხდება: მე ვარ 14 წლის და, უცებ, დედა ან მამა აზრს მეკითხება. მშობელს შვილის პულსზე ხელი არ უნდა აეშვას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშობელი თვითონ იყოს ორიენტირებული განვითარებაზე, წიგნის კითხვაზე, რაღაცის კეთებაზე...

 
ძალიან პატივისმცემელი ვარ დიასახლისების და, მით უმეტეს, დედის და დედის გამომცხვარი ხაჭაპურის და დედის გაკეთებული საჭმელის და არასდროს არ უნდა დაენანოს ადამიანს, შვილებს რამე გაუკეთოს, მე მგონი, არცერთ ასაკში. მე მიხარია, ჩემს შვილებს თუ რამეს ვუკეთებ, მაგალითად, იმიტომ, რომ მე ვიცი, რომ სხვა მათ არავინ არ გაუკეთებს ცხოვრებაში. და რატომ არ უნდა გავუკეთო? ეს მე მიხარია, რა თქმა უნდა.

მაგრამ, ამის გარდა, დედა უნდა ვითარდებოდეს. თუ ჩემი თვალსაწიერი მარტო ის არის, შვილმა რა ჭამა  - აღარ ვარ საინტერესო. მშობელი, რომელიც შვილისგან მოითხოვს, რომ წიგნები იკითხოს, თვითონ კითხულობს? მობილური და პლანშეტი უჭირავს ყველას ხელში. ჩვენი შვილები ხომ ზუსტად იმეორებენ ჩვენს ქცევას?! 

- ერთმა დეტალმა მიიქცია ჩემი ყურადღება, როდესაც გარდატეხის ასაკზე საუბრობდით: „გამონაყარი კანზე არის კონტაქტი სამყაროსთან. თუ ვერ ვამყარებ კონტაქტს სამყაროსთან, პირველ დარტყმას იღებს კანი. ამიტომ არის მნიშვნელოვანი აზრი საკუთარ თავზე.“ კანზე გამონაყარის ფსიქოლოგიურ კონტექსტზე არასოდეს მსმენია. 

- კანი ჩვენი საზღვარია. კანის ქვეშ ვართ ყველანი. და ეს საზღვარი არის ძალიან ფაქიზი, ძალიან მოწყვლადი. კანი პირველი ხვდება სიცხეს, სიცივეს, წვიმას, ქარს, ასევე - ინფორმაციასაც. კანი დიახაც თავის თავზე იღებს სამყაროსთან კონტაქტით გამოწვეულ დარტყმას. გარდატეხის ასაკში კანზე გამონაყარითაც ეტყობა ადამიანს, რომ რაღაც უჭირს. პირველ რიგში, უჭირს სიახლესთან შეგუება, სიახლის გადახარშვა. 

 

 

„უნდა გავმიჯნოთ ქცევა და ადამიანი. თუ ასე შეხედავ, დაინახავ, რომ ეს ადამიანი კი არ არის ცუდი, არამედ, ცუდად იქცევა.“

 

 

- თურმე, ფორსმაჟორში ან დედაჩემივით ვიქცევი, ან მამაჩემივით, რადგან ფორსმაჟორში სადავეებს ხელში იღებს არაცნობიერი და მაკეთებინებს იმას, რაც დამახსოვრებული აქვს. თქვენგან ეს რომ მოვისმინე, დიდხანს ვფიქრობდი, მაგრამ ვერ მივხვდი, უფრო დედაჩემივით ვიქცევი, თუ უფრო მამაჩემივით. როგორ ამოვიცნოთ, რა აქვს დამახსოვრებული ჩვენს არაცნობიერს? 

- ალბათ, ამოცნობა სხეულზე და ჩვენს მოქმედებაზე დაკვირვებით ხდება. ფორსმაჟორში იგულისხმება გაუთვალისწინებელი მოვლენა, დიდი სტრესი, დიდი გაბრაზება, დიდი სიხარული. ან გარეთ ხდება მნიშვნელოვანი ამბები - პანდემია, ომი... ბებიაჩემმა იცოდა თქმა - ბებო, ადამიანს ძალიან გაბრაზებულს და ძალიან ნასვამს სანამ არ ნახავ, იცოდე, არ იცნობო. გათხოვებასთან დაკავშირებით ამბობდა. ახლა ამ ნათქვამს ფსიქოლოგიურ კალაპოტში მოვიყვან. ჩვენს ტვინს აქვს ფოტოაპარატის და ვიდეოკამერის ფუნქცია, ყველაფრის აღბეჭდვა შეუძლია -  სუნის, გემოსი, ვიზუალის, ხმის. ასევე იმახსოვრებს მშობლების ქცევით მოდელებს, სტრატეგიებს: როგორ ურთიერთობენ ერთმანეთთან,  როგორ ბრაზდებიან, როგორ მოითხოვს მამა, როგორ მოითხოვს დედა. რა თქმა უნდა, ორივეს ვგავარ. მაგრამ ჩემში რომელიღაც წამყვანი და დომინანტია. 

- ზუსტად ეს მაინტერესებდა - ყოველთვის ერთ-ერთ ვიმეორებ, თუ ხან ერთს და ხან მეორეს. 

- რომელიღაც დომინანტურია და ჩემივე არაცნობიერის მიერ არის არჩეული. როგორ ვირჩევ, იცით? რომელიც ჩემთვის უფრო წარმატებული ქცევა გამოდგება, იმას მივანიჭებ უპირატესობას. 

- თქვენ თქვით, სწორი კომუნიკაცია ერთი სიტყვით არის პატივისცემაო. მაგრამ ზოგჯერ სწორი კომუნიკაცია გინდა ან გჭირდება ადამიანთან, რომელიც სრულებით არ იმსახურებს პატივისცემას. ამ შემთხვევაში, რა არის გამოსავალი? 

- უნდა გავმიჯნოთ ქცევა და ადამიანი. თუ ასე შეხედავ, დაინახავ, რომ ეს ადამიანი კი არ არის ცუდი, არამედ, ცუდად იქცევა. მე მას კი არ შევაფასებ, არამედ, შემიძლია, მისი ქცევა შევაფასო. მაგრამ ქცევის შეფასებას თავისი წესები აქვს. ერთმნიშვნელოვნად ნეგატიური იარლიყი იმ ქცევის პროვოცირებას და გამეორებას იწვევს. ამიტომ, იარლიყის მიწებება არ ვარგა, აუცილებელია დიალოგი.  არსებობს ტექნიკა, რომელსაც „ასი ასზე“ ჰქვია. ჩემსა და თქვენ შორის ორივეს ჩვენი ასი პროცენტი გვაქვს. თქვენს ას პროცენტში მე ვერ შემოვიჭრები. შემიძლია, ჩემი ასი პროცენტის ფარგლებში ვიმოქმედო და პასუხისმგებლობაც ამაზე ავიღო. თუ ჩვენ შორის კონფლიქტია, ვაღიარო, რომ მეც რაღაც შემეშალა, თუმცა, შეიძლება, ვერც ვხვდები, რა. პატივისცემა რას გულისხმობს? როდესაც ადამიანს არ შეურაცხჰყოფ, არ აკრიტიკებ, ჭკუას არ ასწავლი, მითითებებს და რჩევებს არ აძლევ გაუთავებლად. თუ მაინცდამაინც რაღაც გინდა უთხრა, ეუბნები სწორი შეფუთვით, რასაც „სენდვიჩი“ ჰქვია: პოზიტიური - ნეგატიური - პოზიტიური. რისთვის ვაკეთებ ამას? პირველ რიგში, ჩემს თავს უნდა გავუკეთო, რომ არ დავისტრესო.

 
ადამიანი სხვას არაფერს არ უკეთებს, ყველაფერს უკეთებს თავის თავს. ის ცუდად რომ ექცევა სხვას, თავის თავს ექცევა, ოღონდ, მართლა! მართლა, აი, ფიზიკის კანონია, ყოველგვარი მორალური კანონები რომ გავწიოთ. არის აბსოლუტურად ფიზიკის კანონი, სამყაროს კანონი.

ქმედება იწვევს უკუქმედებას და მე თუ მინდა, რომ კარგად მომექცე, ვეცდები, შენც კარგად მოგექცე. როგორც კი ვექტორს საკუთარი თავისკენ შემოიტრიალებს ადამიანი, შეიძლება მიხვდეს და იგრძნოს, რა ჯობია, იმ მომენტში მეორე ადამიანს უთხრას. მე ხშირად მიკითხავს მოზარდებისთვის, რომლებთანაც ვმუშაობ: როცა დამნაშავე ხარ, როგორ გინდა, რომ მშობელი მოგექცეს? ძალიან საინტერესო პასუხებია. არ ამბობენ, რომ არ დამსაჯოს, ან არაფერი მითხრასო. ამბობენ, მინდა, მომისმინოს, გაიგოს, იქნებ, როგორ მიჭირდაო. როგორც კი პირადად მას ეხება, ადამიანი უფრო მგრძნობიარე ხდება. მეც მირჩევნია, შეცდომის შემთხვევაში, კუთხეში კი არ დამაყენოთ, არამედ, დამელაპარაკოთ. ამიტომ, მეც ვეცდები, რომ იგივე გავაკეთო. 

 

 

„შემრცხვა და ძალიან მომინდა ბოდიშის მოხდა.“ 

 

 

- ადამიანის შესახებ ყველაზე სევდიან სიმართლედ რა მიგაჩნიათ? 

- ალბათ, სიკვდილის არსებობა. თუმცა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, კოორდინატთა რა სისტემაშია ადამიანი. როცა ვირჩევ - გავბოროტდე თუ არა? განვვითარდე თუ არა? სიკეთე გავაკეთო თუ არა? - ეს არჩევანი ხდის ადამიანს ადამიანად. არჩევანის თავისუფლება არის ყველაზე დიდი ბედნიერება, წყალობა და ფუფუნება, რაც ჩვენ გვაქვს. სულის უკვდავების ვისაც სჯერა, მისთვის ეს მოცემულობა, რომ ყველა ადამიანი მოკვდავია, გასამხიარულებელი და სასიამოვნო არ ხდება, მაგრამ გასაგები და მისაღები შეიძლება გახდეს. 

- ახლა მინდა გთხოვოთ, ერთი ამბავი გვიამბოთ შვილებთან თქვენი ურთიერთობის შესახებ. როგორც ვიცი, ერთი ვაჟი და ორი გოგონა გყავთ.

- მე, საერთოდ, ბევრი შეცდომა მაქვს დაშვებული ჩემს შვილებთან. ახლა ერთ-ერთი გამახსენდა. მამაჩემმა ვიდეოკამერა ჩამომიტანა გერმანიიდან და ატაცებული ვიყავით, ყველაფერს ვიღებდით. ჩემს ბიჭსა და შუათანა გოგოს შორის ოთხი წელია სხვაობა და მერე კიდევ გაჩნდა გოგონა, რომელიც ბიჭზე ხუთი წლით პატარაა. რა ამბავსაც გიყვებით, ბიჭი შვიდი წლის არის, პატარა გოგონა - ორი წლის. ამ ვიდეოს წავაწყდი ცოტა ხნის წინ და ისე დამწყდა გული, ისე მომინდა, მომეჩეჩა საკუთარი თავი, რომელიც, რას ვაკეთებ, იცით? პატარებს ვუღებ, გოგოებს, ბიჭს კი ვთხოვ: „დე, გეხვეწები, გაიწიე, რა“. პატარას ვეუბნები: „აბა, შენ თქვი ლექსი...“ ჩემი ბიჭი ხტება და ცდილობს, ყველა კადრში გამოჩნდეს. მე საერთოდ ჩხუბი და გაღიზიანება არ ვიცი. ვეუბნები ისევ: „დე, გთხოვ, რა, მოდი, ეს გადავიღოთ“. არ ვეჩხუბები, მაგრამ ისეთი იგნორი დავინახე ჩემი მხრიდან... სხვებს ხომ კარგად ვასწავლი ჭკუას?! გული მომიკვდა, ისე მომინდა, იმ ლუკას ჩავხუტებოდი მაშინ, იქ რომ დახტოდა და ჩემი ყურადღების მიქცევას ცდილობდა. შემრცხვა და ძალიან მომინდა ბოდიშის მოხდა. სხვათა შორის, ვუთხარი ჩემს შვილს, ზოგჯერ მინდა, ის დრო დაბრუნდეს, რომ ჩაგეხუტო და ბევრ რამეზე ბოდიში მოგიხადო-მეთქი. ამ გადმოსახედიდან, ახლა რომ შევხედე, ძალიან მტკივნეულად აღვიქვი. ეს ფრაზა ბევრჯერ მითქვამს ჩემი შვილებისთვის: „მეგონა, სწორად ვიქცეოდი და, თურმე - არა. მაგრამ მაშინ ასე ვფიქრობდი.“ 

- დიდი მადლობა ამ ამბის გაზიარებისთვის. საუბარს დავასრულებთ თქვენი კომენტარით ცნობილი ადამიანების ორ გამონათქვამზე. პირველი ციტატის ავტორია თანამედროვე ფრანგი მწერალი ბერნარ ვერბერი (1961): „თუ მოწინააღმდეგე შენზე ძლიერია, შენი ქმედებები უნდა გასცდეს მისი გაგების საზღვრებს.“ 

- ნამდვილად ძალიან საინტერესო ფრაზაა. 

- და რას ნიშნავს? 

- ნაცარქექიას ასოციაცია გამიჩნდა. ეს არის სტრატეგია. ნაცარქექია დევთან შედარებით ძალიან სუსტია, მაგრამ ისე იქცევა, რომ სცდება დევის გაგების საზღვრებს. 

- ძალიან კარგი განმარტებაა, ჩემი აზრით. ფაქტობრივად, სუსტი რით უგებს ძლიერს? მთელი დღე ნაცარს რომ ქექავს, მის თავში რაღაც ისეთი ხდება, რაც მერე მასზე ბევრად ძლიერთან დაპირისპირების დროს გაამარჯვებინებს. 

- უგებს ჭკუით და მოხერხებით. ნაცრის ქექვა ჭვრეტაა. ხომ სიზარმაცის ასოციაცია ჩნდება ნაცარქექიას ხსენებაზე. მაგრამ სიზარმაცე ზოგჯერ კრეატიულობის წინაპირობაა - მოკლე გზით გინდა, შედეგამდე მიხვიდე. 

- მეორე ციტატა ეკუთვნის რუს მწერალს - თეოდორე დოსტოევსკის (1821-1881): „ცხოვრება უფრო მეტად უნდა გიყვარდეს, ვიდრე ცხოვრების აზრი.“

- აბსოლუტურად ფსიქოლოგიური ფრაზაა. ცხოვრება არის აქ და ამჟამად. ადამიანი კი ხშირად იციკლება წარსულზე, ან იციკლება მომავალზე. დღეს არ ცხოვრობს. ისე გადის დრო, რომ არ უცხოვრია. ან იმაზე შფოთავს, რაც წარსულში მოხდა, ან იმაზე შფოთავს, რაც მომავალში შეიძლება მოხდეს. რეალურად, როცა აწმყოში ცხოვრობ, ყოველი დღე მართლა მშვენიერია, საინტერესოა, უამრავი გამოწვევით არის დატვირთული. მხოლოდ დღეს არის ცხოვრება. გუშინ აღარ დაბრუნდება და ხვალ ჯერ არ დამდგარა. არც ვიცით, დადგება თუ არა. ხომ არიან ადამიანები, რომლებიც ორშაბათიდან იწყებენ ვარჯიშს, ორშაბათიდან იწყებენ მეცადინეობას და ეს ორშაბათი არ დგება. ზოგჯერ ცხოვრების აზრის ძებნაში ბერდება ადამიანი. არადა, სინამდვილეში, აქ და ახლა ქმედება და ყოველდღიურობა არის ცხოვრება. 
 
 

ფოტომასალა: ზურაბ ქურციკიძე

გუნდი

ირაკლი გედენიძე

ზურაბ ქურციკიძე

გიო კუსიანი

გიორგი ურუშაძე

თამთა ყუბანეიშვილი

ნანა ყურაშვილი

ინგა ქორიძე