×
„ვერ ვიქნებოდი პრინცესა“

მაკა მახარაძე

მაკა მახარაძის საბალეტო სტუდია - ვერის უბნის ტანც-კლასი, დამფუძნებელი და ხელმძღვანელი


2072

ინტერვიუს შესახებ

ეს ოჯახური ტრადიციაა - მთელ საქართველოს უყვარდა მისი მშობლები, მედეა ჩახავა და კოტე მახარაძე. მიხარია, რომ არ შემხვედრია ადამიანი, ვისაც სახეზე ღიმილი არ ეფინება მაკა მახარაძის ხსენებისას. 

დღეს ქალბატონი მაკა ჩემი სტუმარია და მთელი კვირაა, მისი დადებითი ენერგია ჩამისახლდა. დარწმუნებული ვარ, ამ ენერგიას თქვენც გაიზიარებთ, როცა ინტერვიუს წაიკითხავთ.  

ამბობენ, რომ გოგონების უმრავლესობას ბავშვობაში ბალერინობა უნდა. ქალბატონ მაკასთან ინტერვიუ ერთგვარი „საგზაო რუკაა“ პატარა გოგონების მშობლებისთვის; ასევე, დედებისთვის, რომლებსაც საკუთარი შვილების გამო განსაკუთრებული დაბრკოლებების გადალახვა უხდებათ; და, პირველ რიგში, იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც თავმდაბლობის ხიბლი ვარსკვლავებზე მეტად მიუწვდომელია.

უღრმესი მადლობა ქალბატონ მაკას ყველაფრისთვის და, ყველაფერთან ერთად, უნიკალური საოჯახო ფოტოების გაზიარებისთვის. 

 

 

ია ანთაძე

- ქალბატონო მაკა, თქვენი ამჟამინდელი ასაკის უპირატესობად რა მიგაჩნიათ?

- ასაკს, პრობლემების მატებასთან ერთად - რაც, რა თქმა უნდა, ჯანმრთელობას ეხება - ბევრი პრივილეგია მოაქვს. ჯამში, თითქოს, ნაკლები პრობლემა გაქვს, მეტის უფლებას აძლევ საკუთარ თავს. ახალგაზრდობას თავისი საფრთხეები ახლავს, მეტი ემოცია, ზოგჯერ - ზედმეტიც და ა.შ.

- ორი წლის წინ დაიწყეთ ინგლისურის სწავლა და ტატუც გაიკეთეთ, რისი სურვილიც წლების განმავლობაში გქონიათ. ვიცი, რომ რამდენიმე წლის წინ პარაშუტით გადმოხტით ზღვაზე. თხილამურზეც შემდგარხართ, მაგრამ, სამწუხაროდ, წარუმატებლად. სამაგიეროდ, წითელ ზღვაში 30 მეტრზე ჩაგიყვინთავთ, ანუ დაივინგიც მოგისინჯავთ. ხომ არ გაქვთ განცდა, რომ რაც დრო გადის, მით მეტად თავისუფლდებით საკუთარი თავისგან? 

- ჩემი თავისგან ვთავისუფლდები? ამაზე არ მიფიქრია... შეიძლება. 

- თქვენმა შვილმა ნატა მურვანიძემ ინტერვიუს დროს მითხრა: „გამოცდილებას მოაქვს სიამოვნება და ასაკს მოაქვს სირთულეები, რომელთა გადალახვა ძალიან საინტერესო პროცესია.“ ჩემი აღქმით, თქვენი ცხოვრება ორ ნაწილად იყოფა: 38 წლამდე, როცა ძალიან რთული პროფესია გქონდათ - ბალეტის მოცეკვავე იყავით და 38 წლის შემდეგ, როდესაც თავისუფალი პენსიონერი ხართ.

- დიახ, ასეა, მაგრამ თავისუფალი არ ვყოფილვარ. 39 წლის ვიყავი, როცა შვილიშვილი, დათა თავაძე, გამიჩნდა და თავიდან დავიბადე. 

- მაგრამ დიდი რუტინა, რაც ბალეტს ახლავს, ისეთი ინტენსივობით აღარ გქონდათ. 

- რა თქმა უნდა. ერთეულებს თუ შეუძლიათ, რომ უფრო დიდხანს იყვნენ საბალეტო სცენაზე, ვიდრე 20 წელი. პირადად მე ძალიან დავიღალე, თუმცა, პრიმა ბალერინა არ ვყოფილვარ და ისეთი არნახული დატვირთვაც არ მქონია, როგორიც პრიმა ბალერინებს აქვთ. მაინც, იმდენად დავიღალე, რომ იოლად გადავედი ახალ მდგომარეობაში. ზოგს უფრო მეტად უჭირს. ღამე ახლაც მესიზმრება, რომ ჩემი გამოსვლის მუსიკაა, მე ჯერ კიდევ კულისებში ვარ და კოსტიუმი არ მეკვრება. მაგრამ მაშინ არ მქონია ეს „ვაი, დედა!“ განცდა იმიტომ, რომ ჩემი დათა გაჩნდა. მშობლები მეორე კურსზე იყვნენ. მთლად ასე ვერ ვიტყვი, რომ მათ თავში ქარი ქროდა, მაგრამ ქროდა, რა თქმა უნდა. 

- ამბობდით, დათა მე გავზარდეო. 

- დიახ, მიმაჩნია, რომ ეს ბავშვი ჩემთვის გააჩინეს. მე ასე მიმაჩნია და თვითონ, როგორც უნდათ, ისე იფიქრონ.

- თქვენი ცხოვრების ამ ორი ნაწილიდან, თქვენთვის, პიროვნულად, რომელი ნაწილია უფრო მნიშვნელოვანი? ის, როდესაც სცენაზე იდექით? თუ მთელი შემდგომი პერიოდი? 

- 47 წლის ვიყავი, დათა უკვე 8 წლის იყო და მეორე შვილიშვილიც მყავდა, ანუკას შვილი მუვა მარგიშვილი - როდესაც ჩემს მეგობრებთან ერთად ბავშვთა საბალეტო სტუდია დავაარსე. სტუდიამ არანაკლებ გამიტაცა. საერთოდ, წარსულისადმი ნეგატიური დამოკიდებულება მაქვს: წარსულია, უკვე წავიდა. რომ არ დაბრუნდება არაფერი, რაც იყო, ხომ ნამდვილად ვიცით?! ამიტომ, ჩემთვის წარსული ემოციური არ არის. რა თქმა უნდა, მსიამოვნებს, ჩემს ძველ სურათებს რომ ვათვალიერებ. თუმცა, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, თუ რომელიმე გადაცემისთვის ან ინტერვიუსთვის ფოტოები დასჭირდათ. თორემ ასე არ დავჯდები და ფოტოების თვალიერებას არ დავიწყებ. 

- 38 წლამდე პერიოდს ეძახით წარსულს? 

- დიახ, შემდეგი პერიოდი ჩემთვის მთლიანიც არის და მუდმივიც. რა თქმა უნდა, საქმიანობას აღარ შევიცვლი. დაბადებიდან ბალეტზე ვოცნებობდი და ბალეტი აღმოჩნდა ჩემი ცხოვრების მთავარი საქმე. ასეც იყო მოსალოდნელი.

- კითხვის პასუხი რომ შევაჯამოთ, როგორც მივხვდი, ცხოვრების მეორე ნაწილი - 38 წლის შემდგომი პერიოდი - თქვენთვის უფრო მნიშვნელოვანია. 

- კი ბატონო. ოღონდ, სტუდიაშიც ისეთი აქტიური აღარ ვარ, როგორიც პირველი ოცი წლის განმავლობაში ვიყავი. ახლა უკვე 25 წლისაა სტუდია. 

 

 

„არანორმალურად რთული პროფესიაა, რომელიც თავდადებას მოითხოვს ღრმა კორდებალეტის მოცეკვავისგანაც და პრიმა ბალერინასგანაც.“

 

 

- თქვენი ცხოვრების პირველ ნაწილთან დაკავშირებით უფრო კრიტიკულიც ხართ საკუთარი თავის მიმართ. რა იყო რეალური მიზეზი, რის გამოც პრიმა ბალერინას პროფესიული კარიერა არ შედგა - ის, რომ რესურსი არ გყოფნიდათ და არასაბალეტო ხასიათი გქონდათ? თუ ის, რომ რესურსი არ გაკლდათ, მაგრამ სიზარმაცემ შეგიშალათ ხელი? თუ, სულაც, ის, რომ ოჯახს კარიერაზე წინ აყენებდით? თქვენ სამივე არგუმენტი დაგისახელებიათ სხვადასხვა დროს. 

- სამივე სიმართლეა. უბრალოდ, ერთდროულად არ ვთქვი, ალბათ. მართლა არ მქონდა საჭირო მონაცემები და, ალბათ, არც ძალ-ღონე. ოჯახი ჩემთვის ყოველთვის ყველაფერზე წინ იდგა. არ არის ეს პროფესიული თვალსაზრისით სწორი და კარგი, მაგრამ შვილები, მეუღლე, ჩვენი დამოუკიდებელი ოჯახი - ყოველთვის მთავარი იყო. 

- ეს მნიშვნელობას უკარგავს სხვა არგუმენტებს, რადგან როცა ოჯახი პირველი პრიორიტეტია, პრიმა ბალერინას კარიერა, ალბათ, არ შედგება.

- მართლა არ მქონდა რესურსი, ფიზიკური მონაცემები არ მყოფნიდა იმისთვის, რომ ჩემი ოცნება ამეხდინა. მიუხედავად იმისა, რომ უდიდესი ბალერინას - ვერა წიგნაძის - მოსწავლე ვიყავი. სკოლის ბოლო ორი წელი, ყველაზე  მნიშვნელოვანი წლები, მასთან გავატარე. საბალეტო სკოლაში მერვე კლასიდან იწყებოდა სამი კურსი, სადაც არაჰუმანიტარული საგნები ჩამოგვცილდა. როცა მეორე კურსზე გადავდიოდი და არანაირი წარმატება სკოლაში არ მქონდა (გამოსაშვებ საღამოებზე არაფერს ისეთს მნიშვნელოვანს არ ვცეკვავდი), მამაჩემმა, რომელსაც თვითონაც საბალეტო სკოლა ჰქონდა დამთავრებული, მითხრა, ასე ჩანჩალს თუ აპირებ, საერთოდ გამოგიყვან აქედანო. სინამდვილეში, არანორმალურად რთული პროფესიაა, რომელიც თავდადებას მოითხოვს ღრმა კორდებალეტის მოცეკვავისგანაც და პრიმა ბალერინასგანაც. პრაქტიკულად, ერთნაირად მუშაობენ. რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა პრიმა ბალერინას მეტი აქვს, მაგრამ არც ნაკლები აქვთ სხვებს. როცა პრიმა ბალერინა მარტო ცეკვავს, მისი პრივილეგია ის არის, რომ სინქრონი არ სჭირდება. მაგრამ როცა 32 ქალი დგას სცენაზე და ყველამ ერთ სიმაღლეზე უნდა ასწიოს ფეხი, ყველაფერი ერთნაირად გააკეთოს... ხელის მოძრაობა, ხაზები... 

- სანამ თქვენი ოჯახი გექნებოდათ, მანამდე დამდგარა ეს საკითხი, რომ თამასა ვერ თუ არ აწიეთ. მაშინ რა იყო მიზეზი? 

- სიზარმაცე იყო მიზეზი. როცა ქორეოგრაფიულ სასწავლებელში მიდიხარ, დიდი მნიშვნელობა აქვს მშობლის ყურადღებას. ჩემი მშობლები, მოგეხსენებათ, ვინც იყვნენ - მედეა ჩახავა და კოტე მახარაძე, რა თქმა უნდა, შორს არ იყვნენ ხელოვნებისგან. როდესაც ბავშვი საბალეტო სასწავლებელში მიჰყავთ, მშობელმა უნდა იცოდეს, რომ მის შვილს დიდი შრომა ელოდება. ეს არ არის სცენაზე გამოსვლა, წარმატება, ყვავილები, ტაში... ჩემმა მშობლებმა ყველაფერი კი იცოდნენ, განსაკუთრებით, მამაჩემმა, მაგრამ ისეთი დაკავებულები იყვნენ... დილას ცხრისთვის ბავშვები სკოლაში მივდიოდით. მათ ჯერ ეძინათ იმიტომ, რომ რეპეტიცია თერთმეტ საათზე ჰქონდათ. შემდეგ - ან ჩაწერა, ან გახმოვანება, ან რეპორტაჟი, ან, რა ვიცი, რა არა... არასდროს და არც ახლა, მსახიობს არ ჰქონია და არ აქვს ისეთი შემოსავალი, რომ საკუთარი თავის ბოლომდე დახარჯვა არ სჭირდებოდეს. ამიტომ, ერთმანეთს თითქმის ვერ ვხედავდით. დედამ იცოდა ხოლმე თქმა, რატომ ამბობთ, რომ გენატრებოდით, განა რამე დაგაკელითო?! დედას ჩვენთვის ნამდვილად არაფერი დაუკლია,  ყველანაირად სამაგალითო იყო. ეს ცნობილია, ამას ჩემი თქმაც არ სჭირდება. ახლა მთავარია, არ ვიტირო... მახსოვს ჩემი რეაქცია, როცა პირველად საბალეტო სკოლაში მივედი. იქ რომ მოხვდე, გამოცდები უნდა გაიარო. ფიზიკური მონაცემები ნამდვილად კარგი მქონდა. მოქნილი ვიყავი, ფეხიც კარგად მეწეოდა, ტერფი, ნახტომი და... მიგვაყენეს ძელთან. ეს იგივეა, რაც მუსიკაში გამები. ვინც მუსიკოსობას ან ბალერინობას აპირებს, ყველა სცენაზე ოცნებობს. ცხრა წლის ბავშვისთვის ისეთი შოკი იყო, ისეთი წამება იყო, რაც საბალეტო სკოლაში დამხვდა... ფეხებს სხვა მხარეს გიტრიალებენ - ქუსლი უნდა იყოს წინ და თითები უკან. ყველაფერი სხვანაირია, ყველაფერი არანორმალურია ნორმალური ადამიანისთვის. ჰოდა, ეს წამება რომ დაიწყო, საერთოდ აღარ მომეწონა. მაგრამ არის ასეთი საგანი - ისტორიულ-ყოფითი ცეკვა: მაგალითად, მენუეტი, გავოტი, პოლონეზი და სხვა, სადაც პირდაპირ ცეკვას სწავლობ. საინტერესო პედაგოგი გვყავდა. უკვე აღარ ცეკვავდა, მაგრამ ძალიან კარგი ტანი ჰქონდა, ლამაზი ფეხები, საოცარი იუმორი. აღფრთოვანებით შევცქეროდით. საერთოდ, იშვიათად, რომ ბავშვი სიხარულით შეუდგეს ბალეტის შესწავლას. ეს ხომ რუტინაა? ვიღაც ვერ უძლებს და თავს ანებებს, განსაკუთრებით, მაშინ, როცა გარდამავალი ასაკი დგება და ორგანიზმში ჰორმონალური ცვლილებები იწყება. სხეულიც იცვლება, სხვა ინტერესებიც ჩნდება, თავში ჰორმონები ტრიალებს. 

- „სხეული იცვლება“ ნიშნავს, რომ ბალეტისთვის შესაბამისობას კარგავს?

- დიახ, ბევრი წონაში იმატებს. იწყება წონასთან ბრძოლა, რაც ასევე რთულია. მოკლედ, მივაღწიე მეორე კურსამდე, ესე იგი, სკოლის მეცხრე კლასში გადავედი, როცა მამაჩემმა გამომიცხადა, საბალეტო სკოლიდან გამოგიყვანო. 

- თქვენ ამბობდით, კინაღამ თავი დავიხრჩე, ეს რომ მითხრაო. 

- პირდაპირ  მას განვუცხადე, მტკვარში გადავხტები-მეთქი. ალბათ, გულში კი გაეცინა. ამ დროს, მეორე კურსზე, მოვიდა ჩვენთან ვერა წიგნაძე. შემოფრინდა ფერია. ულამაზესი იყო, თავისი ქერა ხვეული თმით, მაღალ ქუსლებზე. რა სხეული ჰქონდა, როგორ გვიჩვენებდა მოძრაობებს... გინდა, რომ შენც მას მიბაძო. თავიდან ვინც გვყავდა, ძალიან კარგად კი მუშაობდა ბავშვებთან, მაგრამ ვერ ვიგებდი, ბალეტი რა კავშირში შეიძლება ყოფილიყო მასთან. ეტყობა, ვერამ რაღაც მარცვალი დაინახა ჩემში. 

 
გადაყოლილი იყო ჩემზე, მაგრამ მე მაინც ვერ ვქენი ის, რაც მას უნდოდა და რაც მეც მინდოდა. ვერ გავაკეთე, მაგრამ ჩვენი მეგობრობა და რაღაც საოცარი ურთიერთობა მთელი ცხოვრება მეც გამყვა და მასაც. და ერთად დასასვენებლადაც დავდიოდით ხოლმე. დედას ვეძახდი, შემოქმედებითი დედა ხართ მეთქი და მართლაც ასე იყო.

 

- ერთხელ თქვენს მეუღლეზე თქვით: „მურაზი ხშირად მეტყოდა - შეგიძლია, პრინცესასავით იცხოვრო, მაგრამ, არ გინდა; გინდა, რომ რეცხო და ხეხოო.“ დღევანდელი გადასახედიდან, როგორ ფიქრობთ, უნდოდა თუ არა თქვენს მეუღლეს, რომ სწორედ პრინცესობა აგერჩიათ?

- შეიძლება, დიახ. 

- შეიცვლებოდა თუ არა არსებითად თქვენი ცხოვრება, პრინცესობა რომ აგერჩიათ?  

- ვერ ვიქნებოდი პრინცესა. არ ვარ ხასიათით პრინცესა. სულ ტახტზე  წამოწოლილი რომ ვყოფილიყავი, ვერც ვერავინ ვერაფერს მეტყოდა, ისეთი უმძიმესი სამსახური მქონდა. მოვდიოდი და ღამე ვაკეთებდი სადილს, რომ დღისით დახვედროდათ. ბალეტის მოცეკვავეს დილით აქვს ყოველდღიური გაკვეთილი, აუცილებელი „გამები“, რომლის გარეშეც შეუძლებელია. ესეც რუტინაა - მთელი ცხოვრება ერთი და იგივე... მერე, ორ-სამ საათამდე, რეპეტიცია გაქვს, მიდიხარ სახლში და საღამოს ან სპექტაკლია, ან რეპეტიცია. ექვსზე უკვე თეატრში უნდა იყო. 

 

 

„როგორც ვუყურებ, როგორც ვკითხულობ - დიდი გრძნობები დიდხანს ვერ ძლებს.“

 

 

- თამაზ ტყემალაძის გადაცემაში ბატონმა მურაზმა თქვა: ერთი სიყვარულის ადამიანი ვარ, უბრალოდ, არ ამეწყოო. ისიც თქვა, ტყუილები არ მიყვარსო. წლების მერე, კანონზომიერად მიგაჩნიათ, რომ თქვენი ოჯახი დაინგრა?

- ტყუილები მართლა არ უყვარს, პირდაპირ თქმა უყვარს; მარტო ოჯახში არა, ზოგადად. თვითონვე ამბობს, რომ მეგობრობას, სიყვარულს მუშაობა და ძერწვა სჭირდება. 

- კანონზომიერად მიგაჩნიათ თუ არა, რომ თქვენი ოჯახი დაინგრა?

- არ მიმაჩნია კანონზომიერად. ჩემთვის ვინმეს რომ ეთქვა, ასე დამთავრდება თქვენი ურთიერთობაო, ვერასდროს დავიჯერებდი. 

- იმიტომ, რომ დიდი გრძნობა იყო თქვენ შორის?

- დიახ, დიდი გრძნობა იყო და - როგორც ვუყურებ, როგორც ვკითხულობ - დიდი გრძნობები დიდხანს ვერ ძლებს. მაგრამ სრულიად მშვიდობიანად დავშორდით. ვურთიერთობთ, მივდივართ, მოვდივართ. 

- თქვენი ხასიათის ერთ თვისებასთან დაკავშირებით მინდა, გკითხოთ: გითქვამთ, რომ, თქვენთვისვე გასაკვირად, რისკიანი ხართ და უფრო ხშირად გითქვამთ, რომ გაუბედავი ხართ. რომელი მდგომარეობაა თქვენთვის უფრო ბუნებრივი?

- კი ვარ რისკიანი, მაგრამ ჩემს პროფესიაში რისკიანი არ ვყოფილვარ. 

- შეიძლება ითქვას, რომ ბუნებით უფრო გაუბედავი ხართ, მაგრამ ზოგჯერ დგება ზღვარი, მომენტი - როცა კომფორტის ზონიდან გამოგყავთ საკუთარი თავი?

- არ გამომყავს თავი კომფორტის ზონიდან. დგება მომენტი, როცა ის ახალი მდგომარეობა ხდება კომფორტის ზონა. ჩემს საქმეში გაუბედავი ვიყავი, თუმცა, სცენაზე რომ გამოვდიოდი, გაუბედაობა ქრებოდა. რომ ამბობენ ხოლმე, „ცხოვრებას უნდა მიაწვეო“, როგორ უნდა მიაწვე? ეს ჩემთვის გაუგებარია. ჩაცმაშიც ყოველთვის გაუბედავი ვიყავი. მომწონდა მოხდენილი, მყვირალა ტანსაცმელი. მინდოდა, მეც ასეთი მცმოდა, როცა აღნაგობაც ხელს მიწყობდა. მაგრამ, ალბათ, ჩემი თავის გამოჩენა მეუხერხულებოდა. 

- ჩაცმასთან დაკავშირებით გამახსენდა, ნატოც სულ მუქ ფერებში ჩაცმული დადის.

- მუქი არა, კონკრეტულად, შავი აცვია. 

- თქვენი ხასიათი ხომ არ გამოჰყვა? ნატოც ამ შავ ტანისამოსში ხომ არ იმალება?

- ალბათ. დედაჩემიც ასე იყო, გამომწვევი ტანსაცმელი არ უყვარდა. ნატო მეუბნება ერთხელ, ახლა რაღაც მაისურს აიღებს, მიახვევს-მოახვევს, თავზე დაიხურავს, წავა და ყველაზე ლამაზი იქნებაო (იცინის). ისე გამოვიდა, რომ გაუბედაობა სიბერეში დავძლიე. ტანსაცმელთან დაკავშირებით დარჩა მორიდება, მაგრამ სტუდია რომ დავაარსე, ამას ვერასდროს წარმოვიდგენდი. არც მიფიქრია, არც მიოცნებია და ამ საქმეს რომ დავთანხმდი, ეს იყო საოცრება, დიდი რისკი.

- კიდევ ერთი წინააღმდეგობა შევნიშნე თქვენს ხასიათში. ამბობთ, ზედმეტად არაემოციური ვარ, ზოგჯერ ვფიქრობ, ემოციები დაქვეითებული ხომ არ მაქვსო. მეორე მხრივ, არაერთ გადაცემაში გითქვამთ (დღესაც თქვით), მთავარია, ახლა არ ვიტიროო. მომხდარა კიდეც, როცა ცრემლი ვერ შეგიკავებიათ. ადამიანური სისუსტის გამჟღავნება ხასიათის ნაკლად ხომ არ მიგაჩნიათ?

- არა, ნამდვილად არა. ვთქვათ, რაღაც ხდება და ირგვლივ ყველას აქვს რეაქცია, აღშფოთებულები არიან. მე ემოციას არ ვიკარებ, ალბათ, თავს ვიცავ. შეიძლება, ძალიან არასწორია, მაგრამ არ ვარ ყველაფერზე რეაქციის მიმცემი ადამიანი. ოღონდ, ეს თავისთავად ხდება, ჩემს თავს კი არ ვაძალებ. ვიცი, რომ ჩემი ნერვების წყვეტა და გულის გახეთქვა ვერაფერს შეცვლის. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ემპათიას მოკლებული ადამიანი ვარ. 

- პირიქით, მეორე მხრივ, ძალიან ემოციური ხართ. 

- დიახ, ემოციური ვარ. ჩემი შვილიშვილი მანუ თავაძე მეკითხება ხოლმე - ბებო, რატომ ტირი, ხომ სასიხარულოა?! რა ვიცი, ბევრ რამეზე საერთოდ არ მაქვს რეაქცია. არ მიყვარს ყველაფრის საქმის კურსში ყოფნა: ამან ეს თქვა, იმან ის თქვა; იმან რომ ეს გააკეთა, იმან ის არ გააკეთა. 

- მე კიდევ ვფიქრობდი, ძლიერი ქალის მოდელი ხომ არ გკარნახობდათ, რომ სისუსტე არ გამოგეჩინათ. 

- არა, ეგ გამორიცხულია. ძლიერი ქალი და მე შორს ვართ ერთმანეთისგან. 

- შეიძლება, არც ისე შორს ხართ, თუ გავიხსენებთ, რამდენი რამ გააკეთეთ თქვენი შვილებისთვის და, განსაკუთრებით, უმცროსი ქალიშვილისთვის - ანუკასთვის. ანუკა მურვანიძე სრულფასოვანი ცხოვრებით რომ ცხოვრობს, უკვე დიდი ხანია, ამაში თქვენი ძალა ნამდვილად გადამწყვეტი იყო. ასე არ მიგაჩნიათ?

- ალბათ, კი. 

- მისი ძალაც და თქვენიც. 

- მე მარტო ვერაფერს ვიზამდი. ყველა გვერდში მედგა, პირველ ყოვლისა, მურაზი. მთელი ოჯახი ჩართული იყო. თუმცა, ლომის წილი, ალბათ, ჩემზე გადავიდა. 

 

 

„არ მიმაჩნია ეს გმირობად.“

 

 

- ამ თემაზე იშვიათად ლაპარაკობთ, მაგრამ ნათქვამი გაქვთ, რომ ბავშვმა 6 წლის ასაკში გაიარა. მანამდე ხელში გეჭირათ და ყველაფერს აკეთებდით მისი გამოჯანმრთელებისთვის. 

- რომელი დედა არ გააკეთებდა ამას, ჩემს ადგილზე? სულ ამას ვამბობ. მამაჩემი ყველას სიამაყით უყვებოდა, მაკა გარდერობში მუშაობდა და თან კიბეებს რეცხავდაო. 

- ევპატორიაში, სადაც ანუკა მკურნალობდა. 

- დიახ, რა არის ამაში გასაკვირი?! გულწრფელად არ მესმის. კონკრეტულად, მაგ შემთხვევაში, მითხრეს, რომ თუ ძიძად დავიწყებდი მუშაობას, მაშინ შემეძლო ანუკასთან ყოფნა. 

- რამდენი წლის იყო ანუკა? 

- ხუთის. იქ რომ დავტოვეთ მე და მურაზმა, ეგონა, თურმე, რომ მივატოვეთ. ეს წლების მერე მითხრა. გაგვაფრთხილეს, ორი-სამი დღე ნუ მოხვალთ, რომ შეგვეგუოსო. დავიჯერეთ, რა გვექნა. აღმოჩნდა, რომ იქ ძიძების ადგილი აღარ იყო. უკვე სხვა მშობლები მუშაობდნენ ძიძებად, რომ თავის შვილებთან ახლოს ყოფილიყვნენ. თუნდაც, ეს მაგალითი რამდენს ამბობს. მითხრეს, ძიძის ადგილი კი აღარ გვაქვს, მაგრამ გარდერობის თანამშრომელი გვჭირდებაო. გარდერობთან უნდა ვმდგარიყავი და, ასევე, იყო ორი უზარმაზარი კიბე, რომელიც ფოიედან ზევით ადიოდა.

 
ის კიბეებიც უნდა გამერეცხა და ეს ფოიეც. ახალგაზრდა ვიყავი და შემეძლო. არ მიმაჩნია ეს გმირობად.

ჩემი შვილები თეატრში იზრდებოდნენ, ისევე, როგორც ჩემი ძმები და მე. ვერა წიგნაძე ანუკასთან ვარჯიშობდა და თან ისე ვარჯიშობდა, ბავშვმა მკითხა, კონკურსისთვის ხომ არ მამზადებსო? 

- ნათქვამიც გაქვთ, რომ ანუკა ხასიათით ქალბატონ ვერას ჰგავს. 

- ნამდვილად ასეა. ვერასთვის არ არსებობდა სიტყვა „არ შემიძლია!“ არ მინდა - სხვა საქმეა, მაგრამ „არ შემიძლია“ არ უნდა იფიქრო და არც უნდა თქვაო.

- ანუკა ვიზაჟის და გრიმის საუკეთესო სპეციალისტია, შესანიშნავი შვილი ჰყავს... თქვენს ოჯახში სხვაზე ნაკლები სამაგალითო კი არა, ერთ-ერთი პირველი სამაგალითო ადამიანია. 

- დიახ, ნამდვილად სამაგალითოა. ბიძამისმა, თემურ ჩხეიძემ, რომ გაიგო, ანუკა ფეხმძიმედ არისო, ბედნიერი იყო, თავზე დაიდო ხელი და თქვა: ყველაფერი, აი, აქედან მოდისო. 

- ერთ გადაცემაში გკითხეს, თქვენი თავი რა ფერს გაგონებთო და უყოყმანოდ თქვით: „ცისა ფერს, ლურჯსა ფერს...“ ეს შეგრძნება დრომ მოიტანა, თუ მაშინაც, როცა ბევრად რთული ცხოვრება გქონდათ, ფიქრობდით, რომ მაკა მახარაძის ფერი ციდან მოსული ფერია? 

- გეტყვით, როგორც იყო. იმ მომენტში, როცა მკითხეს, სხვა ვერაფერი მოვიფიქრე და უკეთეს ფრაზასაც ვერ ვიპოვიდი. სახლში ყველას განსაკუთრებით გვიყვარს ცისფერი - ეს არის და ეს. ნატო არის ამის მიზეზი, ყველაფერი ცისფერი უყვარს. ჭურჭელიც, აგარაკზე ფანჯრებიც ცისფერი გვაქვს.  თუმცა ადრე, მწვანე თვალების გამო, მწვანე მიყვარდა. მაგრამ ნატო ვერ იტანს მწვანეს. მოკლედ, ცისფერზე შევჯერდით. 

- ახლა მინდა, ცოტა ბავშვთა საბალეტო სტუდიაზე ვისაუბროთ, რომელიც 25 წლის წინ თქვენს მეგობრებთან ერთად დააფუძნეთ. ეს მეგობრები 9 წლიდან თქვენ გვერდით არიან. რამდენი ადამიანი ხართ?

- თავიდან ვიტყვი, რომ ამ საქმის ყველაზე დიდი ინიციატორი იყო მოცეკვავე, ქორეოგრაფი და ჩემი მეგობარი თამაზ ვაშაკიძე. მისი აგორებული იყო სტუდიის ამბავი. როგორ დამეხმარა, ვერც აღვწერ. ჩემი მეგობრები და მე სულ ხუთნი ვართ: მანანა კიკილაშვილი, ლიკა გიორგაძე, ლალი მესხი, თამარ ანდრონიკაშვილი და მე. 20 წელი ეს საქმე ერთად ვაკეთეთ, მაგრამ 21-ე წელიწადი რომ დაიწყო, ახალგაზრდა პედაგოგები მოვიწვიე. 

- ამ ხუთი ადამიანის მეგობრობამ ბოლო წლების გამოცდას როგორ გაუძლო? 

- ცოტა შეაჯანჯღარა. იყო წყენის პერიოდი, ვერ დავმალავ. ჩემთვის ხომ ყველაზე ძნელი იყო გადაწყვეტილების მიღება და ამის ხმამაღლა თქმა?! 

- როგორი მმართველი ხართ? 

- მე არ ვმართავ. მართავს ნინო მეტრეველი. ოფიციალურად დირექტორი მე ვარ, მაგრამ რეალურად ნინო არის დირექტორიც, მენეჯერიც, ბუღალტერიც, ყველაფერი... ძალიან გამიმართლა ამ მხრივ. 

- მაგრამ ხომ მოგიხდათ, რომ ყველაზე რთული გადაწყვეტილება პირადად მიგეღოთ და გამოგეცხადებინათ?

- ჩემზე იყო სიტყვა. ჩვენ ყოველთვის ის პრინციპი გვქონდა, რომ ყველა ერთისთვის, ერთი ყველასთვის. შეიძლებოდა, ვიღაცას უფრო დიდხანს ემუშავა, ვიღაცას - არა. მაგრამ ეს უნდა მომხდარიყო ერთად, ისე, როგორც მოხდა.

- რამდენი ახალი პედაგოგი გყავთ?

- ექვსი: გვანცა გავაშელი, ნათია ბუნტური, მარიამ კაბაიძე, თაკი იმედაშვილი, ნათია ჩიკვაიძე და თეკლა გვილავა.

- არ დაგიმალავთ: მე, როგორც გულშემატკივარს, ძალიან მომეწონა, როცა თქვენს სტუდიაში ახალგაზრდა პედაგოგები დავინახე. 

- ახალგაზრდებს სხვა მიდგომა აქვთ საქმისადმი. თუნდაც, რეკლამა; თუნდაც ის, რომ სოციალურ ქსელებში თავის გაკვეთილებს დებენ, ხალხს უჩვენებენ. ახლა ბევრი საბალეტო სტუდიაა და ძალიან მიხარია. ეს კარგია საზოგადოებისთვის, ბავშვებისთვის და მშობლებისთვისაც. მშობლებმა უნდა იცოდნენ, რომ საშუალო მონაცემით ბავშვი პროფესიულ საბალეტო სკოლაში არ უნდა მიიყვანონ. ძალიან კარგი მონაცემითაც შეიძლება ბავშვი კარგი მოცეკვავე ვერ დადგეს. მიზეზი ბევრი შეიძლება იყოს: სათანადო საბალეტო მონაცემების არქონა, სუსტი ჯანმრთელობა, გარდატეხის ასაკის საფრთხე, როგორ აეწყობა საქმე მის ოჯახში, - ბევრი რამ ხდება გზადაგზა. მაგრამ მინდა აღვნიშნო, რატომაც ყველა იხიბლება ხელოვნების ამ დარგით, ეს არის, რა თქმა უნდა, უპირველესად, სილამაზე. სილამაზე და მომხიბვლელი ჰარმონიულობა რომ დიდი, თავგანწირული შრომით მიიღწევა, ბევრმა არ იცის. მაგრამ ეს თავგანწირვა ჯილდოვდება დიდი სიამოვნებით, რასაც ცეკვა განიჭებს. 

- რა შედეგი გინდათ, რომ თქვენი სტუდიისგან მიიღოთ? 

- მინდა, რომ ჩვენი სტუდიიდან წასულმა ბავშვებმა ცოდნა გაიყოლონ; მინდა, რომ მივიღოთ კარგი მაყურებელი; მინდა, სხვანაირი ბავშვები იყვნენ, უფრო ღრმა; უფრო მეტი ინტერესი ჰქონდეთ ხელოვნების სხვადასხვა დარგისადმი. საბალეტო სპექტაკლებზე ყოველთვის ვხედავ ჩემს ბავშვებს - ყოფილებსაც და ახლანდელებსაც. ეს ძალიან მახარებს.

- ერთხელ გკითხეს, თქვენი წარმატების ფორმულა რა არისო და უპასუხეთ: „არ გინდოდეს ის, რასაც ვერ მისწვდები - ესაა ჩემი ფორმულა.“ ერთი მხრივ, მშვიდი ცხოვრების ფორმულას ჰგავს, მეორე მხრივ, არავინ იცის, ადამიანის ნება რას მისწვდება და რას -  ვერა. 

- ძნელია განსაზღვრა, მაგრამ ესეც ხასიათზეა დამოკიდებული.

- მიგაჩნიათ, რომ, ვთქვათ, თქვენი ოჯახის წევრებისთვის კარგი ფორმულაა? 

- თუ იცი, რომ არ შეგიძლია, რატომ უნდა შეასკდე კედელს? მაგრამ არის ხალხი, ვისაც ისეთი ხასიათი აქვს, რომ აუცილებლად კედელი უნდა გაანგრიოს. შეიძლება, მეც ბევრი წავაგე ჩემი ხასიათით. 

- რაკი იმით კმაყოფილდებოდით, რაც გქონდათ?

- დიახ, ეს ხელოვანისთვის სწორი არ არის. 

- მაგრამ ჰარმონიული ცხოვრებისთვის კარგი ფორმულაა.

- არ უნდა დასჯერდე მიღწეულს. მეტი და მეტი უნდა გინდოდეს. ეს მე არ მქონია. ხელოვანი უნდა იღვწოდეს, უნდა იწვოდეს... ჩემს დათას რომ ვუყურებ, ერთი წუთი არ ჩერდება, ყველაფერს აკეთებს - თავისას, არათავისას. თეატრში ცხოვრობს. დღე და ღამე იქ არის. თემურ ჩხეიძის სახელოსნო ახლა დათას მიჰყავს. თემურის ასისტენტი იყო და... აბა, ვის უნდა გაეგრძელებინა ეს საქმე? 

 

 

„მე მჯერა შემთხვევითი სიკეთის.“

 

 

- თქვენს დიდ ოჯახში სამაგალითო ურთიერთობებია. თქვენს ახლო გარემოცვაში ზოგჯერ ოჯახები ინგრევა, ზოგჯერ ახალი ოჯახები იქმნება, სხვადასხვა ხასიათის ადამიანები შემოდიან ოჯახურ წრეში. ამის მიუხედავად, თქვენ ყველაზე სიყვარულით ლაპარაკობთ; არ ცნობთ ტერმინებს „ნახევარი და“ თუ „ნახევარი ძმა“, „გერი“ თუ „დედინაცვალი“. მხოლოდ შემოიკრებთ ახლობლებს და არავის არ კარგავთ. გრძნობთ თუ არა პირადად თქვენს უმთავრეს ცხოვრებისეულ მისიად ამ დიდი ერთობის შედუღაბებას? ეთანხმებით თუ არა ჩემს შთაბეჭდილებას, რომ პირადად თქვენ ხართ ამ დიდი ოჯახის მთავარი დუღაბი? 

- ნამდვილად ძალიან მსიამოვნებს, თუ ასე ჩანს. მთლად ისე არ არის, როგორც მე მინდა. ძალიან ბევრნი ვართ, ღმერთმა გვამრავლოს, და დიდი პასუხისმგებლობა მაკისრია.

- ბევრნი ხართ, რადგან თქვენ აღიქვამთ ასე, რომ ყველა ერთად ხართ. 

- ტრადიციულად, აღდგომას და ახალ წელს დედასთან ვიკრიბებოდით. დედას შემდეგ, აღდგომას თემურის ოჯახში ვართ ხოლმე, დედას დაბადების დღეს ჩემს ძმასთან, ივიკო მახარაძესთან ვხვდებით, დედას სახლში. შობას ჩემთან ვხვდებოდით, სანამ ბავშვები პატარები იყვნენ და სუფრას სხვა ოთახში ვუშლიდით. ახლა ამ ბავშვებს თავისი ბავშვები ჰყავთ და ვეღარ ვეტევით. ეს ძალიან მაწუხებს. 

- შემომატებული ხალხი რომ გყავთ ოჯახში, იმათ ნახევარ დებზე და ძმებზეც ამბობთ, ჩემები არიანო. 

- ნამდვილად ასე ვგრძნობ. როცა დედა რამდენიმე წლის გარდაცვლილი იყო, თემურმა მითხრა, შენ ხარ ახლა ჩვენი ყველას დუღაბიო - თემურმაც ის მითხრა, რაც ახლა შენ თქვი. მე ამას სიამაყით და სიამოვნებით ვიღებ. 

- ეს უიშვიათესი ნიჭია, როცა ადამიანს თავისიანად მიაჩნია ის, ვინც ფიზიკურად მთლად მისიანი არ არის, მაგრამ ემოციურად მისია. 

- როცა ამბობ, შენიანი არ არისო, მე ამას ვერ ვგრძნობ. მაგალითად, ნიკო თავაძე ჩემი სიძეა უკვე 34 წელი, ერთად ვცხოვრობთ. ნიკუშას ძმები და, განსაკუთრებით, და, რომელმაც ნიკუშა გაზარდა (მასზე 12 წლით უფროსია), რა თქმა უნდა, ჩემიანია. ნიკუშა ტელეფონზე რომ ლაპარაკობს, ინტონაციით ვხვდები, რომ იას ელაპარაკება. ოთარ ვეფხვაძის და ია გიგოშვილის ოჯახი, მათი შვილები და კიდევ იმათი შვილები - როგორ არ არიან ჩემები?! 

- თქვენთვის რომელია სიტყვა, რომელიც მთელი ცხოვრების მეგზურად გამოდგება?

- დედას სიტყვა მაქვს ყოველთვის ყურში „მიუტევე!“ ახლა ამას ისე ვაკეთებ, რომ ამ სიტყვაზე არ ვფიქრობ. რაკი მკითხე, ამ სიტყვას დიდი სიამოვნებით გადავიღებ და ვიტყვი, რომ ჩემი სიტყვა, რომელიც მთელი ცხოვრების მეგზურად გამოდგება, არის „მიუტევე!“ 

- დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. ინტერვიუს დავასრულებთ თქვენი კომენტარით ცნობილი ადამიანების ორ გამონათქვამზე. პირველი ციტატის ავტორია რომაელი ფილოსოფოსი და პოეტი ლუციუს ანეუს სენეკა (ძვ.წ. 4 - ახ.წ.65): „თავი აარიდეთ ყველაფერს, რასაც შემთხვევა გთავაზობთ. გეშინოდეთ შემთხვევითი სიკეთეების.“ როგორც მახსოვს, თქვენ სხვა გამოცდილება გაქვთ. 

- მე მჯერა შემთხვევითი სიკეთის. შემთხვევითი სიკეთე იყო ანუკას მკურნალობა ჰოლანდიაში. კინოში რომ ნახო, ან რომ წაიკითხო, ვერ დაიჯერებ, ისეთი ამბავია... ბოდიში სენეკასთან, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში შემთხვევით ხდება თითქმის ყველაფერი, ბალეტის და გათხოვების გარდა. 

- მეორე ციტატა ეკუთვნის თანამედროვე იაპონელ მწერალს - ჰარუკი მურაკამის (1949): „არ დაგავიწყდეთ, რომ მთელი ცხოვრების საქმე, სინამდვილეში, საქმე კი არ არის, ცხოვრებაა.“ 

- კი ბატონო, ასეა. სენეკასთან ვერ შევთანხმდი და მურაკამის სრულად ვეთანხმები. 

ფოტომასალა: ზურაბ ქურციკიძე

გუნდი

ირაკლი გედენიძე

ზურაბ ქურციკიძე

გიო კუსიანი

გიორგი ურუშაძე

თამთა ყუბანეიშვილი

ნანა ყურაშვილი

ინგა ქორიძე