×
„ადამიანში ადამიანის ჩამოყალიბება საიდუმლოა“

ლევან გიგინეიშვილი

ფილოლოგი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი


16293

ინტერვიუს შესახებ

ლევან გიგინეიშვილთან ინტერვიუზე დიდხანს ვიკავებდი თავს. ჯერ ერთი, არ ვიყავი დარწმუნებული, რომ დავითანხმებდი; მაგრამ მეორე და ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი ის იყო, რომ მე თვითონ ვერ წარმომედგინა ეს ინტერვიუ. არ ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა იმისთვის, რომ ასეთი სწორი ადამიანი რაიმე განსხვავებული, ახალი და საინტერესო კუთხით გამეცნო მკითხველისთვის. ვფიქრობდი, რომ საკუთარ თავზე არ ილაპარაკებდა, თანაც, ვიცოდი, რომ, თუ ინტერვიუზე დამთანხმდებოდა, ყველა კითხვაზე მიპასუხებდა. ეს ის შემთხვევა იყო, როცა მე თვითონ უნდა ვყოფილიყავი განსაკუთრებით ფრთხილად, რომ უხილავი საზღვრები არ დამერღვია და თან ლევან გიგინეიშვილის ძალიან მკაფიო პიროვნული პორტრეტისთვის რაიმე ღირებული შემემატებინა.  

ასეთ ჭოჭმანში შეიქმნა ჩვენი პროექტის ერთ-ერთი ყველაზე დამაფიქრებელი (და ერთგვარად სევდიანი) ინტერვიუ. იმედი მაქვს, თითოეულ ჩვენგანს გაუჩნდება განცდა, რომ ლევან გიგინეიშვილი პირადად მისთვის ლაპარაკობს. 

 

ია ანთაძე

- ლევან, როგორ ფიქრობთ, თქვენი ცხოვრების მანძილზე უფრო მეტი მიგიღიათ, თუ - გაგიციათ?

- რთული კითხვაა იმიტომ, რომ რაც მივიღე - ვიცი და რაც გავეცი - არ ვიცი. ამაზე არც ვფიქრობ. ვიცი, რომ იმდენი უნდა გავცე, რამდენიც შემიძლია და მეხალისება. ვიცი, რომ ბოლომდე უნდა დავიხარჯო ამ გაცემაში. ასეთი  უცნაური წესი აქვს გაცემას - “რასაცა გასცემ, შენია, რაც არა, დაკარგულია”. გიმრავლდება კიდეც ის, რაც გულით გაეცი. ვთქვათ, ლექციას ატარებ და საინტერესო სათქმელი გაქვს. ზოგჯერ იფიქრებ - მოდი, ამ სათქმელს გადავდებ, მომავალი ლექციისთვის მოვიმარაგებ. არა, იქვე თქვი და არ დაგეკარგება. იმას კიდევ ახალი სათქმელი მოჰყვება, ახალი ცეცხლი და ახალი ინტერესი. ხალისით გამცემი უყვარს ღმერთსო, პავლე მოციქული ამბობს ერთ ეპისტოლეში. რაც შეეხება იმას, რაც მივიღე - ძალიან ბევრი მივიღე ყველასგან: ოჯახისგან, მეგობრებისგან, მასწავლებლებისგან, მწვრთნელებისგან. მადლობების დიდი ჩამონათვალი გამოვა. 

- ერთხელ თქვით, ოჯახში სამი ბიჭი ვიზრდებოდით, მე ყველაზე უმცროსი ვიყავი და, ზღაპრებიდან გამომდინარე, თავს მუდამ უმცროსი ძმის განსაკუთრებულ მისიაში აღვიქვამდიო. რა იყო ეს მისია, თქვენს წარმოდგენაში?

- ის მომწონდა, რომ უმცროსი ძმა რთულ გზას ირჩევდა. სხვები თუ დაიძინებდნენ, როცა ჯადოსნური ხისთვის უნდა ეყარაულათ და გველეშაპის მოსვლას უნდა დალოდებოდნენ, უმცროსი ძმა ბოლომდე ფხიზლობდა. მომწონდა რთული გზის არჩევა იმიტომ, რომ რთულ გზაზე რეალობას უფრო ადეკვატურად ეცნობა ადამიანი. იმას კი არ ვამბობ, რომ ჩემი უფროსი ძმები სხვანაირები არიან, მაგრამ მომწონდა უმცროსი ძმის სიმბოლო; მომწონდა, რომ ზედაპირულით არ კმაყოფილდება და უნდა, სიღრმეში შევიდეს, ნამდვილად რაც არის, ანუ მოვლენის არსი, ის დაინახოს, თუნდაც, რისკის და სირთულეების ფასად. 

- თავგადასავალი, რომელიც აუცილებლად ახლავს უმცროს ძმას, თქვენს ხვედრად თუ მიგაჩნიათ? 

- ვფიქრობ, გარკვეული აზრით, ასეა. ის, რაც ავირჩიე, გულით ავირჩიე. თავგადასავალიც ამას მოჰყვა. შვიდი წელი მომიხდა ამ ჩემი თავგადასავლით უცხოეთში ცხოვრება. ჯერ უნგრეთში ვიყავი ერთი წელი, მერე ბელგიაში ერთი წელი, მერე ისევ უნგრეთში ოთხი წელი, შემდეგ - ამერიკაში. მთელი ეს ოდისეა ნამდვილად საინტერესო იყო. დარწმუნებული ვარ, მომავალშიც იგივე იქნება. კვლევაში, მოგზაურობაში მიდის ჩემი ცხოვრება და ეს ძალიან მომწონს. 

- თუ მიგაჩნიათ, რომ სტატუსი უკვე შეიცვალეთ, - წახვედით, რაც თავგადასავალი იყო, გადაგხდათ და სახლში ახალი სტატუსით დაბრუნდით? თუ ჯერ კიდევ გზაში ხართ და უფრო მაღალი სტატუსით დაბრუნება წინ გაქვთ? 

- სტატუსი შევიცვალე იმ გაგებით, რომ მანამდე ვსწავლობდი, ახლა მე თვითონ ვასწავლი. მანამდე სხვები მიწერდნენ რეკომენდაციებს, ახლა მე ვუწერ სხვებს. მაგრამ მოგზაურობა არ დასრულებულა, რა თქმა უნდა. სულ ახალი გაქვს შესაცნობი და ეს თუ მოკვდა შენში, ჯობია, არც იყო აკადემიურ სივრცეში. 

- კიდევ ასეთი რამ გაქვთ ნათქვამი - ბავშვობაში, ყველაზე ბედნიერ წუთებშიც, ხდებოდა, რომ რაღაც აუხსნელი მიზეზით მოვიწყენდი, რაღაცისკენ ვესწრაფოდი; მაშინ მინდებოდა წიგნების წაკითხვა, რომ, იქნებ, იქ მეპოვა ჩემი სწრაფვის საგანიო. რა ასაკში დაიწყეთ წიგნებიდან იმის მიღება, რასაც ეძებდით? 

- ალბათ, თერთმეტი-თორმეტი წლიდან. ამ დროს რაღაც განსაკუთრებულს ეძებ. ის ჰორიზონტები, რაც შენ გარშემოა, თითქოს, არ კმარა. წიგნში ეძებ უფრო ფართო ჰორიზონტებს, ახლის შეცნობას ელოდები. შეიძლება, დიდობაში უფრო მეტი ძალისხმევაა საჭირო იმისთვის, რომ ეს ახალი ჰორიზონტები დაინახო. მაგრამ დიდებიც მოწოდებულები ვართ, რომ ასეთები ვიყოთ. ბიბლიაში წერია, თუ არ იქნები, როგორც ბავშვი, სასუფეველში ვერ შეხვალო. დიდებისთვის არის ეს ნათქვამი. 70 წლის ადამიანიც (და მეტი ასაკისაც) უნდა ესწრაფოდეს, რომ თავისი ხედვა და ჰორიზონტი გააფართოოს; ყველა ასაკში შეიძლება, ბავშვური თვალები აანთო სამყაროს მიმართ და საკუთარი თავი უფრო ვრცელი, მოულოდნელი პერსპექტივებით გაამდიდრო. 

- ალბათ, ამ პერსპექტივის ნაწილია, რასაც „დიდი წიგნების“ შესახებ ამბობთ - რომ ისინი აუცილებლად უნდა წაიკითხოს ადამიანმა. ვისაც ამის არ სჯერა, იქნებ, მათთვის დაგვიზუსტოთ, - რატომ? 

- იმიტომ, რომ დიდი წიგნები დიდი ექსპერიმენტებია. ამ წიგნების ავტორები - მწერლები და ფილოსოფოსები - ფიქრის ექსპერიმენტს ატარებდნენ, ბოლომდე მიჰყვებოდნენ თავიანთი განცდის თუ ფიქრის ლოგიკას. ეს ექსპერიმენტები დაგვიდეს საკუთარი ნაწარმოებების სახით. ამ ნაწარმოებებს რომ ვკითხულობთ, ჩვენც მათ ლოგიკაში და სტიქიებში ვმონაწილეობთ. არ შეიძლება, ჩვენ თვითონაც არ გადავაწყდეთ მსგავს საკითხებს ცხოვრებაში.

 
ხომ არის ლათინური ანდაზა - Non scholae, sed vitae discimus - „არა სკოლისთვის, არამედ ცხოვრებისთვის ვსწავლობთ”. და ეს დიდი ნაწარმოებები ჩვენ გვაძლევენ უფრო ღრმა შინაარსს საკუთარი ცხოვრების.

ადამიანის ერთადერთი, უნიკალური ცხოვრება ხანმოკლეა, მაგრამ შეიძლება ისეთი მნიშვნელოვანი რამ გამოგლიჯო დროს, რაც ზედროულია, რაც ვექტორული დროის დინებაზე არ დაიყვანება. აღმოაჩენ იმას, რაც მარადიულია, ანუ, იმას, რაც ყოველთვის აქტუალური იქნება კაცობრიობისთვის. იმის დაფასებას ისწავლი, რაც ამ წიგნებში დაინახე, მაგალითად, ღირსეული საქციელის. ჰექტორმა იცის, რომ წააგებს, მაგრამ მაინც მიდის საომრად. წაიკითხავ და იფიქრებ: აი, რამხელა ადამიანია! როდის წერს ჰომეროსი ამას? VIII საუკუნეში ჩვენს ერამდე. მაგრამ დღესაც სამაგალითოა ის, რასაც ჰექტორი აკეთებს. მე შევძლებდი, ასე მოვქცეულიყავი? კონტრასტებს დაინახავ საკუთარ თავსა და დიდ საქციელებს შორის. ეს არის დიდი ვარსკვლავები, რომლებზეც სწორება გაქვს. ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია ამ ვარსკვლავების ფონზე ცხოვრება.

 

 

„რა არის მთავარი დღევანდელი ადამიანისთვის - წარმატება თუ პიროვნული განვითარება?“

 


- თქვენივე ერთ-ერთი ლექციიდან მაქს ფრიშის ციტატას გაგახსენებთ: „თანამედროვე ადამიანი ცხოვრების დონეზე ფიქრობს, ცხოვრების საზრისის ნაცვლად.“

- პოლიტკორექტულად ვთქვი, მაქს ფრიშის გმირი “ჰომო ფაბერიდან” ამბობს, ამერიკელებიო. 

- ეს ერთი ციტატაა, მაგრამ ამის მსგავსს თქვენს საჯარო გამოსვლებში ბევრს შევხვდი. შეიძლება ვთქვათ, რომ სამყარო თანდათან უარესი ხდება? 

- არ შემიძლია, წინასწარმეტყველურად ვთქვა, საით მიდის სამყარო. მაგრამ შეიძლება კონკრეტულ მომენტებზე გაამახვილო ყურადღება: რა არის მთავარი დღევანდელი ადამიანისთვის - წარმატება თუ პიროვნული განვითარება? ხშირად არის, რომ წარმატება ხდება მთავარი. 

- პიროვნული განვითარების გარეშე წარმატებას გულისხმობთ? წარმატებაც ხომ ავითარებს პიროვნებას? 

- შეიძლება ავითარებდეს, შეიძლება - არა. მაგალითად, წარმატებულია მარკ ცუკერბერგი ან ბილ გეიტსი. მაგრამ პიროვნულად ისინი ვითარდებიან თუ არა, არ ვარ დარწმუნებული. ან ბედნიერები არიან, საერთოდ? პიროვნული განვითარება მატერიალურ თუ ბიზნესწარმატებაზე არ დაიყვანება. არისტოტელეს ხედვაა, რომ პიროვნული წარმატება ის არის, როცა ვითარდები ზნეობის, შემეცნების, მჭვრეტელობითი აზროვნების კუთხით. მატერიალური უზრუნველყოფა კი გეხმარება, რომ ასეთი დიდი საქმით დაკავდე. მაგრამ შენ თუ ზედმეტად ესწრაფვი სიმდიდრეს, მაშინ ის თვითმიზანი ხდება და შეიძლება ადამიანური ღირსებების განვითარებისთვის ნაკლები დრო დაგრჩეს. ან ესთეტური გემოვნების ჩამოყალიბებისთვის დაგრჩეს ნაკლები დრო. ნაკლებად უსმინო დიდ მუსიკას, ნაკლებად იკითხო დიდი წიგნები იმიტომ, რომ წარმატება გახდეს შენთვის მთავარი. საით მიდის სამყარო, ვერ ვიტყვი. იმიტომ კი არა, რომ არ შეიძლება ამის თქმა. უფრო დიდი ცოდნა და დიდი მჭვრეტელობითი ძალებია საჭირო, რომ ეს თქვა. თუმცა, არის გარკვეული ტენდენციები, რასაც ვხედავ. 

- რომელია მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი?

- აღარ არის ისეთივე ოპტიმისტური განცდა, რომ მსჯელობის გზით ჭეშმარიტებას ჩაწვდები. მსჯელობას ძველი ბერძნებისთვის ერქვა „ლოგოსი“. ჰერაკლიტე ამბობს: „მე ნუ მისმენ, როგორც ავტორიტეტს, ლოგოსს უსმინე,“ - ლოგოსს, როგორც რეალობის ჭეშმარიტ, ადეკვატურ ხედვას. დღეს არის პლურალისტური ხედვები ყველასი ყველაფერზე, თანამედროვე პრინციპი თუ ლოზუნგია ასეთი: “ვიდღესასწაულოთ ურთიერთგანსხვავებები!” ჰოდა, ჩვენც ანგარიშმიუცემლად ვდღესასწაულობთ, მაგრამ ამ განსხვავებულობებს შორის იერარქიებს ვეღარ ვადგენთ. თან ეს მაშინ ხდება, როცა „გუგლში“ ინფორმაციის წარღვნაა. ადრე არ იყო ამდენი ინფორმაცია. ადრე სანამ წერილობით წყაროზე გახვიდოდი, მანამ იმ წყაროს ბევრი ფილტრი უნდა გაევლო. დღეს გაუფილტრავი ინფორმაციის უზარმაზარი ნაკადი მოდის და იმის გარკვევა, რა არის სიმართლე და რა - ტყუილი, ძალიან რთულია. სხვადასხვა მედიასაშუალება სხვადასხვანაირი გადახრით გვაწოდებს ამა თუ იმ ინფორმაციას და კიდევ უფრო ძნელი ხდება ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა. არ ვამბობ, რომ არ უნდა დაადგინო. მჯერა, რომ ეს ლოგოსური ტრადიცია დღესაც გრძელდება. არ შეიძლება, პითაგორას თეორემა ოდესმე შეიცვალოს. არც ეს ლოგოსური ტრადიცია შეიცვლება, რადგან, მე ვფიქრობ, ეს ნამდვილი ტრადიციაა ფილოსოფიაში. მაგრამ ამ ლოგოსური ტრადიციის მიმდევრებსაც გაცილებით დიდი ძალისხმევა მართებთ, რომ ნამდვილად ნამდვილ (ასე ვიტყოდი) რეალობაზე გავიდნენ. 

- ეს რეალობა უფრო მეტ საფრთხეს უქმნის ადამიანს? 

- საფრთხეს იმ გაგებით უქმნის, რომ შეიძლება ადამიანმა ხელი ჩაიქნიოს ჭეშმარიტებაზე და, ასე ვთქვათ, “ადღლაზნული” ცნობიერებით იცხოვროს; სკეპტიკური ცნობიერებით, ოღონდ, ხელჩაქნეული სკეპტიკური ცნობიერებით - რომ სიმართლეს მაინც ვერ დაადგენს. ასეთი ადამიანი კატასტროფაა. ადამიანის სიჯანსაღე ის არის, რომ მას აქვს აზარტი ჭეშმარიტების მიმართ. შენ თუ ჭეშმარიტების მიმართ არ გაქვს ემოციური დამოკიდებულება და აზარტი, ვფიქრობ, ხეიბარი ხარ. ეს დიდი სულიერი ხეიბრობა რომ აიცილო თავიდან, ძალისხმევაა საჭირო, - რომ სულ იაზროვნო, შენი პირადი ხმა გქონდეს ნებისმიერ რეალობაზე და არ გაჰყვე რაღაცას ინერციით. 

- თქვენ ერთხელ თქვით: „ევროპასთან დაკავშირების, ევროპელობის ასეთი გამძაფრებული სურვილი იმის ნიშანია და იმას ამხელს, რომ ჩვენ არ ვართ ევროპა და განვიცდით, რომ მისგან შორს ვართ. ამ სწრაფვაში არის რაღაც რომანტიულიც.“ რას გულისხმობდით, როცა ამას ამბობდით? 

- გამოთქმა, რომ „დავუბრუნდეთ ჩვენს ევროპულ სახლს“ - არაზუსტია. რას დავუბრუნდეთ? როდის ვიყავით ევროპა? ვფიქრობ, აქ ორი მომენტია. ერთი უკიდურესობა შეიძლება იყოს, რომ „რად მინდა ევროპა, ქართველი ვარ და ევროპა არ მაინტერესებს“. თუ ამ გზას გავყვებით, დავკარგავთ იმ დიდ, საბედისწერო (კარგი გაგებით საბედისწერო) მიღწევებს, რაც ევროპულ ცივილიზაციას აქვს. ისეთი სულიერი ფენომენები ჩამოყალიბდა და თავისუფლების ისეთ ხარისხს მიაღწია ევროპულმა ცნობიერებამ, რომ ეს შეუქცევადია. წიწილას კვერცხში ვეღარ დააბრუნებ. ამიტომ, სწორია, რომ ევროპისკენ გვაქვს მიდრეკილება, თავისუფლების და პასუხისმგებლობის ამ ხარისხისკენ. მეორე უკიდურესობაა, რომ მე არაფერი არ ვარ, ნული ვარ და ყველაფერს ევროპისგან ავიღებ. ეს ნიჰილისტური დამოკიდებულებაა. ვფიქრობ, ილია ჭავჭავაძეს ჰქონდა ამ ორი უკიდურესობის ძალიან კარგი ბალანსი. სულ ამას ამბობს ლაიტმოტივურად, რომ ჩვენ დიდი წარსული გვაქვს, რომ დიდი მემკვიდრეობით მოვდივართ... მაგრამ, იმასაც ამბობს, რომ ყველაფერი კარგი წარსულში არ დასრულებულა: ახლა, “ძლევამოსილ ამ საუკუნეში”, ანუ XIX საუკუნეში, ხდება დიდი მოძრაობები ევროპაში, ემანსიპაცია, თავისუფლების ახალი ხარისხი, ლიბერალობა (რაც ილიასთვის სალანძღავი სიტყვა არ არის). ეს ყველაფერი თუ არ მივიღეთ, თუ მოვწყდით ევროპას, ისტორიის მიღმა დავრჩებით, გავირიყებითო... მე მგონი, დღესაც ეს არის გასათვალისწინებელი - შენი მეობის და შენი ტრადიციის ღრმა გააზრება, ახლისადმი ინტერესისა და იქიდან კარგის და სასარგებლოს მიღების მზადყოფნის მხარდამხარ. გასაგებია, რომ თაროზე „ვეფხისტყაოსანი“ გვიდევს, მაგრამ უმჯობესია, წავიკითხოთ და კარგად გავიგოთ, - რატომ არის ეს დიდი წიგნი. მაშინ უფრო გულწრფელი და საინტერესო იქნება ჩემი სიამაყე საკუთარი კულტურული ტრადიციით. მაშინ ჩემი ევროპელობაც სხვანაირი იქნება - ცარიელი კი არ მოვდივარ ევროპაში, დიდი მემკვიდრეობით მოვდივარ და შემიძლია, შენც გაგიზიარო, შენც გაგამდიდრო. 

- რომანტიული რა დაინახეთ ევროპისკენ ჩვენს სწრაფვაში? 

- რომანტიზმში არის მომენტი, რომ შენ მიდიხარ იქ, სადაც  არასდროს ყოფილხარ; ბედავ ამას. კი ბატონო, განიცდი ევროპას, როგორც შენსას და მისწრაფება იქით გაქვს, მაგრამ გარკვეული რისკების და ხიფათების განცდაც მოგყვება, რომ ის მაინც განსხვავებულია, ჯერ შეუცნობელია, Terra incognita-ა. ამიტომ, ევროპას, ერთის მხრივ, ჩემად და მშობლიურად აღვიქვამ, მაგრამ აქვე ვხვდები, რომ, გარკვეულწილად, Terra incognita-შიც მივდივარ, როცა მისკენ მივდივარ. 

- იმიტომ, რომ ცუდად გვაქვს წაკითხული „ვეფხისტყაოსანი“ და ვერ ვხედავთ, რომ ავთანდილი ძალიან ევროპული ხასიათის პერსონაჟია? თუ იმიტომ, რომ ასე არ არის? 

- ანაქრონისტულია თქმა, რომ ავთანდილი ევროპული ხასიათის გმირია. რუსთაველი არ ფიქრობდა ევროპელობაზე, როცა ავთანდილის პერსონაჟს ქმნიდა. თავისუფლებაც ევროპული ფენომენი არ არის. აბულ ალა ალ-მაარი XI საუკუნეში ამბობს ასეთ ლექსს: ნუ ელი ვიღაც ქარიზმატულ ლიდერს, მთავარი ლიდერი შენი გონება არისო. ის, რაც ევროპაში ინსტიტუციურად ჩამოყალიბდა განათლების სისტემის სახით; ის, რაც მსოფლმხედველობის სახით დაკრისტალდა - ეს Sapere aude-ს („გაბედე, იყო ბრძენი“) განმანათლებლობა, - მთელი კაცობრიობის მონაპოვარია. ყველას გვესმის, რომ თავისუფლება უკეთესია, ვიდრე მონობა და რომ შენი აზრების სხვის ავტორიტეტზე აგება უარესია, ვიდრე ის, რომ თვითონ მიხვიდე ამა თუ იმ იდეამდე. 

- ანუ თქვენ დაბეჯითებით ამბობთ, რომ ევროპა ჯერ კიდევ უცხოა ჩვენთვის? 

- დაბეჯითებით იმას ვამბობ, რომ რასაც ჩვენ ევროპელობას ვეძახით - აზროვნების თავისუფლებას, პიროვნების დაფასებას - ეს ყველაფერი ჩვენს კულტურაში არსებობდა და შეგვიძლია შემდგომი განვითარება ჩვენი კულტურისგან მოწყვეტილად კი არ ვცადოთ, არამედ, ჩვენი კულტურის ორგანულ ნაწილად აღვიქვათ და მის შუქზე განვიხილოთ. იგივე ავთანდილი, ისიც ხომ ექსპერიმენტატორია, თავისი ჩვეული კონტექსტიდან გადის და ახალი სამყაროს აღმოჩენას ცდილობს. ევროპა არის ფართოდ გახელილი თვალები, „ევროპა“ ამას ნიშნავს ეტიმოლოგიურად. რასაც ევროპამ მიაღწია, ის უკვე მთელი კაცობრიობის განუყოფელი ნაწილია, თვალს ვეღარ დახუჭავ ამაზე. შუა საუკუნეებში ვეღარ დაბრუნდები რენესანსისა და განმანათლებლობის მერე. 

 

 „ჰუმანიტარულ განათლებაში ადამიანი უნდა იყალიბებდეს კუნთებს სიკეთეების მიმართ და როცა სიკეთე ირღვევა, ამის საპირწონედ უნდა მოქმედებდეს.“

 


- თუ სწორად გავიგე, თქვენ ჰუმანიტარული განათლება - დიდი წიგნების კითხვა, მათი გააზრება, თვალების ფართოდ გახელა, ვარსკვლავების ფონზე ცხოვრება - მიგაჩნიათ როგორც ადამიანის გადარჩენის, ასევე საზოგადოების განვითარების გზად. მაგრამ ჩვენს საზოგადოებაზე რომ ვილაპარაკოთ, ბევრისთვის ჰუმანიტარული განათლება ქვეყნის განვითარების პრიორიტეტებში ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა. რა არის თქვენი მთავარი არგუმენტი, მათთან საუბრისას?

- არ არსებობს გარანტია, რომ საზოგადოება სწორი გზით წაგიყვანს, თუ შენ თვითონ არ იფიქრე და თვითონ არ დასვი კითხვები. შეიძლება, საზოგადოება დაცურდეს, სრულიად გაუგებარი გზით წავიდეს და მასობრივმა ისტერიამ მოიცვას, როგორც გერმანია მოიცვა გასული საუკუნის 30-იან წლებში. ამ სიტუაციაში, შენ თუ არ გაქვს შენს თავში ჩამოყალიბებული ჭეშმარიტების მიმართ სიყვარული და იმ ვარსკვლავების ფონზე არ გაქვს გამოჭედილი საკუთარი აღქმები, მაშინ ინერციას გაჰყვები, აუცილებლობის ძალით. ეს ძალიან სახიფათოა. 

- შენ, როგორც ადამიანი? თუ შენ, როგორც საზოგადოება? 

- შენ, როგორც ადამიანი, პირველ რიგში. თუ არადა, შენ ვალდებული იქნები, ისევე ილაპარაკო, როგორც საზოგადოება ლაპარაკობს. ან ხმა გაიკმიდო. მე შეიძლება ვხედავდე, რომ არასწორია, როცა ებრაელები გაზის კამერებში შეჰყავთ,  ვამბობ კიდეც, რომ ეს არასწორია. მაგრამ თუ ამას გულგრილად ვამბობ, თუ არ მაქვს ცხოვრებისეული, ეგზისტენციური აღშფოთება ამის წინააღმდეგ,  ანუ ჭეშმარიტებით აღძრული ვნება თუ არ მალაპარაკებს, - მაშინ ეს ინდიფერენტული სიმართლეა: ინფორმაციულად ვიცი, რომ ყველა ადამიანი თანასწორია და ებრაელებს არ უნდა დევნიდნენ. მაგრამ ამის თეორიის დონეზე ცოდნა არაფერი არ არის. მე ვფიქრობ, ჰუმანიტარულ განათლებაში ადამიანი უნდა იყალიბებდეს კუნთებს სიკეთეების მიმართ და როცა სიკეთე ირღვევა, ამის საპირწონედ უნდა მოქმედებდეს. „ქვეყნის მარილი იყავი! თუ მარილი არ იქნები, ეს ქვეყანა რითი დამარილდება?!“ მარილი რა არის? ის, რაც ლპობას უშლის ხელს. ადამიანი უნდა იყოს მარილი იმიტომ, რომ თუ საზოგადოებაში ლპობა გაჩნდა, ამას ხელი შეუშალოს. ემოციური დამოკიდებულება მხოლოდ იმის მიმართ გიჩნდება, რაც შენი მოყვანილია, შენი ჭირნახულია. ჭეშმარიტების ხედვის გემოვნება და აზარტი თუ შენი ჭირნახულია, თუ შენივე ნაფიქრ-ნააზრევის შედეგია, - მაშინ გაქვს ემოციური დამოკიდებულება. და თუ ამ ჭირნახულს ვინმე დაემუქრება, მაშინ გიჩნდება სწორი აღშფოთების ვნება. 

- „ტყუილზე აღშფოთების უნარის ატროფია კიბოზე საშინელი დაავადებაა“ - ესეც თქვენი ციტატაა. ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ტყუილია. უფრო მეტიც, დიდი ხანია, ტყუილი და სიმართლე რწმენის კატეგორიაა - ამის მჯერა, იმის არ მჯერა. ფაქტი, როგორც ასეთი, თითქმის არ არსებობს. თუ გეგულებათ რაიმე შემობრუნების წერტილი, ჯადოსნური წამალი ამ კიბოზე საშინელი სენის წინააღმდეგ?  

- წამალი არის სკოლა, უნივერსიტეტი, სადაც კარგად უნდა ისწავლო. ტექსტები გულდასმით უნდა იკითხო და ადეკვატური დასკვნები გამოიტანო. სკოლის მერხიდან როცა გაქვს უნარი, გაარჩიო, რომელია უფრო ლოგოსური განმარტება - მაშინ გიჩნდება სწორი დამოკიდებულებები. სული გავარჯიშდება და იგრძნობს, რომ ეს ყალბია, ეს მართალია. ხშირად ხდება, რომ პოლიტიკოსები იქნებიან თუ ჟურნალისტები, იქით მიგიბრეცენ ყურადღებას, სადაც არსი დაგეკარგება. მაგალითად, ლოგიკის კლასი ჩავატარე ახლა ბავშვებთან და ის შემთხვევა ვაჩვენე, ზიდანმა რომ თავი დაარტყა მატერაცის. ვეუბნები, შეხედეთ, ერთად მოდიან, მერე ზიდანი გამოეყო მატერაცის, შემობრუნდა და თავი დაარტყა. ვინ არის ცუდი კაცი? რა თქმა  უნდა, ყველა იტყვის, რომ ცუდი კაცი ზიდანია. კი ბატონო, მოდი, კონტექსტი განვიხილოთ. ეს მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი მატჩის ბოლო წუთებზე. საუკეთესო ფეხბურთელმა ასე უღალატა თავის გუნდს გადამწყვეტ მომენტში? ხომ იცოდა, რომ ასეთი ქცევისთვის ფეხბურთელს გააგდებდნენ? არ უნდოდა მოგება? არა, ამას ვერ ვიტყვით იმიტომ, რომ მთელი გულით თამაშობდა. გამოდის, თავდავიწყებამდე აღშფოთებულმა გააკეთა. აღშფოთება რისი ბრალი უნდა იყოს? ამ შემთხვევაზე მსჯელობით აღმოჩნდება, რომ შეიძლება, ის მეორე უფრო ცუდი კაცი იყო, ისეთი რაღაც უთხრა, რომ ასე გამოიწვია. თურმე, ვინც აქამდე ცალსახად მოძალადე გვეგონა, მსხვერპლი ყოფილა. ლოგიკური მსჯელობით ერთსა და იმავე მოვლენაში უფრო სიღრმისეული არსი შეიძლება დაინახო. მნიშვნელოვანია, რომ კონტექსტის დანახვის სურვილი განვითარდეს ადამიანში. ფაქტებს რაც შეეხება, ლოგიკაში ამას „წითელი ქაშაყი“ ჰქვია: „გავუშვათ წითელი ქაშაყი, რომ მთავარი საკითხიდან ყურადღება სხვა საკითხზე გადავიტანოთ“. ამერიკის პრეზიდენტის არჩევნები იყო ცოტა ხნის წინ. გაჩნდა ეჭვი, მართლა ხომ არ გაყალბდა არჩევნები, როგორც ტრამპის მომხრეები ამბობდნენ. ეს საკითხი გამოსაძიებელი იყო - რასაც ამბობდნენ, როგორც ფაქტებს, მართლა ფაქტებია, თუ შეთითხნილი სიცრუეა, რომელსაც ფაქტად ასაღებენ? სამწუხაროდ, ამაზე მსჯელობა არ ყოფილა, რომ ყველა კითხვას და გაუგებრობას ნათელი მოჰფენოდა. ყველაფერი მივიდა იქამდე, რომ ტრამპის მომხრეების რადიკალური ნაწილი კაპიტოლიუმში შევარდა. საშინელება იყო და არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ ეს არ უნდა იქცეს „წითელ ქაშაყად“ და არ დაგვავიწყოს, რომ საკითხი, მოხდა თუ არა მნიშვნელოვანი გაყალბება ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში, როგორც ამას ტრამპი ჩემულობს, იმსახურებს ღია და მიუკერძოებელ განხილვას. უამისოდ, ინფორმაციული შიმშილის და გამოსარკვევი საკითხების მიჩქმალვის განცდა აჩენს უნდობლობას და აგრესიას. 

- ისეთი სკოლები და უნივერსიტეტები, როგორზეც თქვენ საუბრობთ, კუნძულებად უნდა გაჩნდეს ჩვენს საზოგადოებაში? თუ ფიქრობთ, რომ შესაძლებელია, სისტემა ერთიანად გარდაიქმნას? 

- ალბათ, არსებობს გზა, რომ განათლება სწორი მიმართულებით წარიმართოს. მაგრამ არაფერი შეცვლის კარგ მასწავლებელს და კარგი ხარისხის კლასს. კარგმა მასწავლებელმაც შეიძლება დაიზაროს კარგი გაკვეთილის ჩატარება... არაფერი შეცვლის სწავლების კონკრეტულ ვითარებებს. სხვანაირად იდეოლოგიის  ან პოლიტიკური ვნებების ტყვეობაში მოვექცევით.

- ხომ ვართ  უკვე? 

- ვართ, როგორ არ ვართ?! არჩევნების შემდეგ ჩვენთან პარტიები პარლამენტში არ შედიან და მანტრასავით იმეორებენ, რომ არჩევნები გაყალბდა. და სად გაყალბდა? მოდი, განვიხილოთ. ეს ყველას აინტერესებს. თუნდაც, ღია დებატები გაიმართოს. დაიდოს ეს ეჭვი, დაიდოს ამ ეჭვის გაბათილების მცდელობა. ვნახოთ ორივე, შევაჯეროთ ერთმანეთთან. ასე მანტრასავით გამეორება „გაყალბდა... გაყალბდა...“ ეს უკვე იდეოლოგიაა და არა სიმართლე. თუნდაც,  ის შემთხვევა ავიღოთ, ახლა სტრასბურგში რომ მოიგო საქმე საქართველომ. რა მოვიგეთ? სტრასბურგმა დაადასტურა, რომ რუსეთს შეეძლო, შეეჩერებინა აგრესია ქართველების მიმართ 12 აგვისტოს შემდეგ (თუმცა არა 8-დან 12 აგვისტომდე) და არ შეაჩერა. ამიტომ, რუსეთი ამაში დამნაშავეა. მაგრამ სტრასბურგს საერთოდ არ განუხილავს ის საკითხი, თუ ვინ არის დამნაშავე ომის დაწყებაში. ჩვენ კიდევ ვამბობთ, თითქოს, სტრასბურგმა თქვა, ომის დაწყებაში რუსეთია დამნაშავეო. ვდღესასწაულობთ ზედმეტს, უფრო მეტს, ვიდრე იქ ითქვა. ეს არ არის ადეკვატური.

 

 „შენ უკიდურესად პასუხისმგებელი ხარ შენს ცხოვრებაზე, რომ მარილი იყო.“

 


- იმისთვის, რომ ტყუილის მიმართ აღშფოთების განცდა ატროფირებული არ გვქონდეს, ადამიანები უფრო კრიტიკულად უნდა აზროვნებდნენ. მაგრამ - როგორ?

- ყველაზე კარგი სკოლა იესო ქრისტეს ჰქონდა და თორმეტ მოწაფეში ერთი მოღალატე გამოუვიდა. არ არის გარანტია, რომ განათლების რაც არ უნდა კარგი სისტემა შექმნა, მაინცდამაინც ის მოხდება, რასაც თქვენ მეკითხებით. ადამიანში ადამიანის ჩამოყალიბება საიდუმლოა. შეიძლება, განათლების სისტემა კარგი იყოს, მაგრამ მაინც არ ჩამოყალიბდეს ადამიანი ადამიანად, მაინც გარეწარი აღმოჩნდეს: გარეწარი ძველ ქართულად ზედაპირულს ნიშნავს - „გარე წარვალს“, სიღრმეში არ შედის. „გარეწრად კითხულობს ტექსტს“ ნიშნავს, რომ ზედაპირულად კითხულობს, ჭეშმარიტება არ აინტერესებს. არ არის გარანტია, რომ ჭეშმარიტება ყველას შეუყვარდება. მაგრამ, მე ვფიქრობ, ყოველთვის იქნება ის ხალხი, ვინც მარილია და ხელს უშლის საზოგადოების ლპობას. მაგრამ მარილი თუ ძალას დაკარგავს, სხვა მარილით ვეღარ დაამარილებ. ანუ შენ უკიდურესად პასუხისმგებელი ხარ შენს ცხოვრებაზე, რომ მარილი იყო. 

- სწორედ ასეთ ადამიანებს ეხება თქვენი კიდევ ერთი ფრაზა: „პასუხისმგებლობით სავსე ხასიათი, ბედის მიერ წაღებული კი არა, ბედს რომ ხელში აიღებს, ისეთი.“ თანამედროვე საქართველოში ვინ არის, ვისაც, ზუსტად იცით, რომ თქვენი ეს ფრაზა მიესადაგება? 

- ვინც თავის ბედს საკუთარ ხელში იღებს? შეიძლება ვთქვა იმ ადამიანებზე, რომლებიც პოპულარულები არ არიან, მაგრამ თავის საქმეში გულს და შემოქმედებას დებენ. ბედისწერისგან წაღებას იმას ვუწოდებ, რაც ხელს გვიშლის საკუთარი ტალანტის განვითარებაში. საკუთარი ტალანტი ღვთიური ენერგიაა, რომელშიც ხალისით ვითარდები, იხვეწები და რაღაცას აღწევ. ეს არის ბედისწერის დამარცხება. ჩემ გარშემო ნამდვილად ვხედავ ასეთ ადამიანებს. 

-  აქცენტი მაინც შემოქმედებასა და გულწრფელობაზე გააკეთეთ. არის თუ არა ეს საკმარისი იმისთვის, რომ სწორედ ამ ადამიანებს ვუწოდოთ საზოგადოების მარილი? 

- ნიჭი, თავისთავად, სიკეთეა. მაგრამ არის კიდევ უნივერსალური სიკეთე - ზნეობრიობა, ჭეშმარიტების წვდომა. შეიძლება ადამიანი თავის ნიჭს ავითარებდეს, მაგრამ სწორი იერარქია არ ჰქონდეს გონებაში; არაჩვეულებრივი მუსიკოსი იყოს, მაგრამ ტირანის წინ დაუკრას. იშტვან საბოს აქვს ფილმი „მხარეთა აზრი“, ინგლისურად „Taking Sides” ჰქვია. ვილჰელმ ფურტვენგლერზეა, დიდ დირიჟორზე. ფურტვენგლერი ჰიტლერის წინ დირიჟორობდა ორკესტრს და ამით  რეჟიმს ემსახურებოდა. ხელი არ აუწევია, თითქოს, ჰიტლერის წინ, რადგან ხელში დირიჟორის ჯოხი ეჭირა და ჯოხს ხომ არ ავწევდიო. რთულ ზნეობრივ სლალომს აკეთებდა ამ რეჟიმთან. ბოლოს მაინც ისე გამოვიდა, რომ რეჟიმი მას იყენებდა და მან ეს იცოდა. ასე რომ, ღვთიურ თვისებებშიც არის იერარქია. ყველაზე დიდი ღვთიური თვისება არის ჭეშმარიტების შეცნობა და სინდისის გალესვა ამ ჭეშმარიტების შუქზე. დანარჩენი - შემდეგია. 

- ამიტომ, მარილი მაინც ის არის, ვინც იერარქიას სწორად ალაგებს. 

- დიახ, კლასიკური განათლება ამას გულისხმობს, რომ სწორი იერარქია შეიცნო. 

- თქვენ მასწავლებელი ხართ. სკოლაშიც ასწავლით, უნივერსიტეტშიც. ეს თქვენთვის ერთგვარი ვნებაა თუ „ცივი“ პროფესია?

- ვიცი, რომ ის უნდა ვასწავლო, რაც მე თვითონ მაინტერესებს, რაშიც ძიების მუხტი მაქვს და შემიძლია, ეს პირადი მუხტი სხვას გადავდო. ამაზე სასიხარულო არაფერია, როცა რაღაც შევიცანი და იმდენად მომეწონა, რომ ერთი სული მაქვს, სხვას გავუზიარო. ლექციაზე დისკუსიაში შემოგაქვს ეს თემა და სხვებისთვისაც აქტუალურს ხდი იმას, რაც შენთვის არის აქტუალური. სხვანაირად ეს ქიმია არ შედგება. თუნდაც, მეორდებოდეს კურსი, ვცდილობ, რაღაც ახალი დავინახო, ახალი წავიკითხო, რომ ცოცხლად მქონდეს ეს მეტაფორული ცეცხლი, ინტერესის ცეცხლი ამა თუ იმ საკითხის მიმართ. 

- ანუ ცდილობთ, „აზარტი ჭეშმარიტების მიმართ“ გაუჩინოთ იმ ადამიანებს, ვისაც ესაუბრებით. 

- შეიძლება, არ გაუჩნდეს, მაგრამ ერთადერთი შანსი, გაუჩინო, ის არის, რომ - შენც გაქვს. გაკვეთილი იქნება თუ ლექცია, ვეუბნები, რომ გამაჩერონ, შემეკამათონ... ვთქვათ ყველაფერი, გავიმშობლიუროთ ეს საკითხი. ხანდახან აღმოჩნდება, რომ რომელიმე თემა პრობლემურია. ჩავვარდეთ ამ პრობლემაში, ადეკვატურად ჩავვარდეთ. ვიცოდეთ, რომ დიდი მეცნიერებიც კი ამაზე კამათობენ. შენ რომელ მხარეს დაიჭერდი ამ კამათში? დავუშვათ, ოცმარცვლიანი სტროფი რუსთაველთან, რომელიც ერთადერთია მთელ „ვეფხისტყაოსანში“ - არის თუ არა ეს სტროფი ავთენტური? ამაზე კამათი იწყება. ზოგი იტყვის, როგორ შეიძლება, რუსთაველის დაწერილი იყოს, ამოვარდნილია მთელი ტექსტიდანო. ერთმა ჩემმა მოსწავლემ კი თქვა, პირიქით, ავთენტური უნდა იყოს იმიტომ, რომ ჩამმატებელი თექვსმეტმარცვლიანს მიამსგავსებდაო. რაკი კამათით ეს საკითხი არ გადაწყდა, უნდა გადაწყვიტო ხელნაწერების მოშველიებით. ნახო, რომელ ხელნაწერში როგორ არის, უძველეს ხელნაწერებში არის თუ არა ეს სტროფი. უცებ აღმოაჩენ, რომ შენც იმავე სივრცეში ხარ, რაშიც მეცნიერები არიან. მეცნიერები სხვა კასტა კი არ ყოფილა, უბრალოდ, ასეთ საკითხებზე მოფიქრალი ხალხია. და შენ უცებ ჩავარდი იმ ორმოში, სადაც სხვებიც არიან.

 

„ვფიქრობ, სათანადოდ მკაცრი არ ვარ საკუთარი თავის მიმართ.“

 


- თქვენ სხვებს ასწავლით იერარქიებს და თქვენც, ალბათ, ცდილობთ, სწორი იერარქიით იცხოვროთ. თუ ახერხებთ, რომ თქვენი წესების ერთგული იყოთ?

-  ვცდილობ, რომ არ გავფლანგო დრო, მაგრამ მეფლანგება ხოლმე. დავჯდები და ვიტყვი, ახლა ორი საათი წავიკითხავ ამას. მაგრამ იმ ორ საათში, რასაც ვაპირებდი, იმისთვის მხოლოდ ნახევარი საათი დამრჩება. დანარჩენი დრო რაღაცაში გამეფლანგება. შეიძლება, სხვა სტატია წავიკითხე, რომელიც ამ თემას არ ეხებოდა, დავფიქრდი... ის ორი საათი რომ გადავდე, აღმოჩნდა, რომ მარგი ქმედების კოეფიციენტი შედარებით დაბალი იყო. ესე იგი, ამაზე მეტი შეიძლება იმუშაო. 

- დროის დაკარგვას იმას ეძახით, რომ კონკრეტულად რაც გქონდათ განზრახული, ის ვერ გააკეთეთ განსაზღვრულ დროში? 

- დროის დაკარგვას დავარქმევდი, როცა აღარ ვითარდები პიროვნულად, როცა ფუქსავატურ საქმეს აკეთებ. ყველაფერში უნდა იყოს შენი პიროვნული ზრდის და განვითარების ჩართულობა. 

- 24 საათის განმავლობაში? 

-  დიახ, 24 საათის განმავლობაში. სინდისმა არ უნდა დაიძინოს არასდროს. ხუთი წუთი თუ დაიძინებს სინდისი, აი, იმ ხუთ წუთში მოხდება კატასტროფა. როცა სუფრასთან ხარ, ძალიან ბევრს დალევ და დათვრები, მანდაც ჩართული უნდა იყოს სინდისი: მივეცი ჩემს თავს ამის უფლება იმიტომ, რომ ახლა ეს შეიძლებოდა. ყოველთვის ასე არ შეიძლება. არ ვამბობ, რომ ბერი გახდე და მთელი ცხოვრება ასკეტურად იცხოვრო. მაგრამ ცხოვრების ყველა ეტაპზე იმის განცდა უნდა გქონდეს, რის წინაშე ცხოვრობ - მარადისობის? ღმერთის წინაშე? 

-  სულ? 

- აბსოლუტურად სულ. 

- ძალიან მკაცრი ხომ არ ხართ თქვენი თავის მიმართ? 

- ასეთი ნათქვამი გამიგია - ვინც საკუთარი თავის მიმართ არ არის მკაცრი, სხვების მიმართ ხდება მკაცრიო. ვფიქრობ, სათანადოდ მკაცრი არ ვარ საკუთარი თავის მიმართ. შეიძლება, უფრო მკაცრიც უნდა ვიყო, რომ უფრო მიმხვედრი და ლმობიერი ვიყო სხვების მიმართ. 

-  ახლა, ფაქტობრივად, დისციპლინაზე ლაპარაკობთ. ისიც ნათქვამი გაქვთ, დისციპლინა და თავისუფლება განუყოფელია ერთმანეთისგანო. 

- დიახ, ცხადია.

- მაგალითად, როგორ? 

- სკოლის პერიოდში მინდოდა, რომ ფილოლოგი გავმხდარიყავი, ეს ჩემი პროფესია ყოფილიყო, ჩემი პირადი კუნძული. როდესაც რაღაც ფაქტორები ხელს გიშლის, რომ  შენი ინტერესის პროფესია აირჩიო და მასში დახელოვნდე, მაშინ დაუცველი ხდები და ათასი ვიღაც გაგიტაცებს, თავისი ცხოვრებით გაცხოვრებს. ან პოლიტიკურ პარტიაში გაგაწევრიანებს, ან ბიზნესში. იმისთვის, რომ იცხოვრო, ისეთ რაღაცას გაგაკეთებინებს, რაც საერთოდ არ გაინტერესებს. თუ შენი პირადი პროფესია არ გაქვს და შენი ნიჭი არ განავითარე, თუ შენს საკუთარ “მიწაზე” არ დადექი, - მოგიწევს, ისე იცხოვრო, როგორც სხვა გაიძულებს. პროფესია რომ განივითარო - რაც თავისუფლების წყაროა - ამას დისციპლინა და ძალისხმევა სჭირდება. ყველა, ვინც ამ ძალისხმევაშია, საკუთარი თავისუფლებისთვისაც იბრძვის. ეს ბრძოლა მთელი ცხოვრება გრძელდება. 

- მივიღე პასუხი, გმადლობთ. ცხოვრების შესახებ რა არის ის კითხვა, რომელზეც პასუხი არ გაქვთ და რომელიც არ გასვენებთ? 

- (პაუზა) ხანდახან ფიქრობ: რა კავშირშია ჭეშმარიტება და ბედნიერება? აუცილებელია, ამათ შორის კონფლიქტი იყოს? თუ ეს კონფლიქტი გადალახვადია? ან თავისუფლება და ბედნიერება - კონფლიქტურია, თუ ერთად არის? როგორც ვკითხულობ, მათ შორის არის იერარქია. დავუშვათ, ბიბლიაში ვკითხულობ - ეძებე ჭეშმარიტება, სხვა ყველაფერი მოგეცემა. ანუ ბედნიერება მოგეცემა. ნიცშეც ამას ამბობს (ცოტა სექსისტურად ამბობს), რომ ბედნიერება ქალივით არისო, შენ შენი ზეკაცური საქმე აკეთე და ის მოგეტმასნებაო.

 
აი, ეს ასეა თუ არ არის? თუ დრამა არის, რომ ადამიანმა ან თავისუფლება უნდა აირჩიოს, ან ბედნიერება? და გულისხმობს თუ არა ბედნიერება აუცილებლად კომპრომისს, ზნეობრივ კომპრომისს, ჭეშმარიტების შემეცნების აზარტის რაღაცნაირად ჩაქრობას, ან თავისუფლების ნაწილზე უარის თქმას, და კარგია თუ არა ეს. მე მგონი, ეს ისეთი დილემებია, რასაც პასუხი არ აქვს მზამზარეული და ყველა თავის ცხოვრებისეულ გამოცდილებაში ეძებს.

 

- და თქვენ, საკუთარ გამოცდილებაში, ჯერ არ გაქვთ პასუხი ნაპოვნი? 

- მე ძებნის პროცესში ვარ. 

- დიდი მადლობა უაღრესად საინტერესო და დამაფიქრებელი საუბრისთვის. ინტერვიუს დავასრულებთ თქვენი კომენტარით ცნობილი ადამიანების ორ გამონათქვამზე. პირველი ციტატის ავტორია ინგლისელი ფილოსოფოსი ფრენსის ბეკონი (1561-1626): „ყველანაირი სიშიშვლე შეურაცხმყოფელია, მათ შორის, სულის სიშიშვლე. გულდახურულობა დისტანციას გვიქმნის და გვიცავს სხვებისგან.“ 

- ძალიან ინგლისური გამოთქმაა. მაგრამ ამაში სიბრძნეც არის. შეიძლება შენი თავიც დაიცვა და სხვა ადამიანიც იმით, რომ არ მისცე ის სიტყვა, რასაც ადეკვატურად ვერ დააფასებს. მეორე მომენტია, რომ სხვა ადამიანზე არ უნდა იძალადო შენი ცოდნით და შენი გრძნობებით.

-  ანუ შენგან დაიცვა? 

-  დიახ, ესეც კულტურის ნაწილია. დროზე ადრე შედიხარ ინტიმურ, ახლო სივრცეში, როცა ჯერ უამრავი სხვა რაღაც უნდა მომხდარიყო თქვენ შორის, სანამ ამ ინფორმაციის გაზიარებაზე გახვიდოდით. ამიტომ, ვფიქრობ, აქაც რაღაც განცდაა საჭირო - როდის რა თქვა; როდის რა ინფორმაცია გაუხსნა სხვა ადამიანს. ინგლისური გამოთქმაა, ნამდვილი კაცი ის არის, ვისაც ტკივილი აქვს გულში და ღიმილი სახეზეო. ქართული გამოთქმა ცოტა სხვანაირია: “დიდი ლხინია ჭირთა თქმა”. 

- მეორე ციტატა ეკუთვნის ფრანგ მწერალს ვიქტორ ჰიუგოს (1802-1885): „თავისუფლება იწყება ირონიით.“

- კარგი გამოთქმაა. ირონია არის კატეგორია, რომელიც სიბრძნეს უკავშირდება. შენ ირონიზირებ იმაზე, რაც, ხედავ, რომ სიბრძნეს არ შეესაბამება. სოკრატესეული ირონიის წყაროც ეს არის. სოკრატეს ეტყვიან - ეს ასეა, სოკრატე. და ისიც გაიკვირვებს: „აქამდე არ ვიცოდი, დიდი მადლობა, რომ მითხარი, რა მაგარი რაღაც ყოფილა?! მაგრამ, მოდი, ამ კუთხითაც შევხედოთ, ეს ასე იქნება?“ სოკრატეს ირონია პედაგოგიური ირონიაა. ის ხვდება, რომ თანამოსაუბრე არაადეკვატურია დიდი სათქმელის მიმართ და ძალიან მარტივად ამბობს იმას, რაც მარტივად არ ითქმის. თვითონ სოკრატემაც შეიძლება არ იცოდეს, რა არის ნამდვილი სათქმელი, მაგრამ იმას კი ხვდება, რაც არასწორია. ამიტომ, თანამოსაუბრე გამოჰყავს თავისი თავდაჯერებულობის სივრციდან და მერე ერთად ეძებენ. ამ გაგებით, ირონია - როცა მე ვგრძნობ შეუსაბამობას - შეიძლება, იყოს დასაბამი ძიების, სიბრძნის და, ამ გაგებით, - თავისუფლების. 

ფოტომასალა: ირაკლი გედენიძე

გუნდი

ირაკლი გედენიძე

ზურაბ ქურციკიძე

გიო კუსიანი

გიორგი ურუშაძე

თამთა ყუბანეიშვილი

ნანა ყურაშვილი

ინგა ქორიძე