×
„მეტი უკეთესი ბედი რა უნდა მქონდეს?!“

ნონა გაფრინდაშვილი

მოჭადრაკე, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი


5479

ინტერვიუს შესახებ

ნონა გაფრინდაშვილთან პორტრეტული ფორმატის ინტერვიუმ ორი პრობლემის წინაშე დამაყენა. ერთ-ერთი ყველაზე საამაყო ქართველის შესახებ, თითქოს, ყველამ ყველაფერი იცის და კიდევ რა შეგიძლია, შესთავაზო ღირსეულ მკითხველს? მეორე მხრივ, ქალბატონი ნონა იმდენად აქტიურია და იმდენი რამ აქვს მოსაყოლი, რომ ძნელია, გამოარჩიო, რა არის ყველაზე მთავარი.

რა თქმა უნდა, მე ჩემი გეგმა მქონდა. მინდოდა, მისი ცხოვრების ის ეპიზოდები გაგვეხსენებინა, სადაც ყველაზე მკაფიოდ ჩანს მისი ბუნება, მისი ხასიათი.

ნამდვილად არ ველოდი, რომ ქალბატონი ნონა უფრო მეტს მარცხზე ისაუბრებდა, ვიდრე გამარჯვებებზე. მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონს, ყველა საჭადრაკო ტიტულის მფლობელს, როგორც ჩანს, საკუთარ წარმატებებზე საუბარი აღარ აინტერესებს. მარცხის მიმართ ინტერესი კი დღემდე არ დაუკარგავს.

ვისაც ნამდვილ ჩემპიონებთან საქმიანი ურთიერთობა არ ჰქონია (მათ შორის მეც ვიყავი), მას ჩემპიონებიც ჩვეულებრივი ადამიანები ჰგონია. ისე მივედით ქალბატონ ნონასთან, ისე ჩავწერეთ ჩვენი საუბარი და ისე დავშორდით ერთმანეთს, რომ ვფიქრობდი, ძალიან გულწრფელ, წესიერ, კეთილ ადამიანს შევხვდი-მეთქი.

როდესაც, ჩემი თხოვნით, უკვე გამზადებული ტექსტი ერთად გავიარეთ,  აი, მაშინ დავინახე, რას ნიშნავს ჩემპიონი! როგორი სისხარტით გადაიკითხა 4200 სიტყვიანი ინტერვიუ და როგორი გამჭრიახობით მიაგნო ყველა დეტალს, რომლის დაზუსტება ჩათვალა საჭიროდ! გაოცებული ვუყურებდი, რადგან მე ჩემი ინტერვიუების წასაკითხად ერთი საათიც არ მყოფნის. დამაზუსტებინა მხოლოდ ის ეპიზოდები, რომლებიც კონკრეტულ საჭადრაკო პარტიებს ეხებოდა და რომლებიც მე სპეციალურად მქონდა „გალაითებული“. ვცადე, ფრთხილად შემეხსენებინა, რომ ამ ინტერვიუს ის ადამიანებიც წაიკითხავენ, ვინც ჭადრაკს არ თამაშობს. ამაზე უყოყმანოდ მიპასუხა - სწორად თუ გვინდა, ისე უნდა დაიწეროს, როგორც მე გეუბნებითო. მივხვდი, როგორი ზუსტია მისი აზროვნება, როგორი სწრაფია მისი აღქმის უნარი და უკომპრომისო - მისი წარმოდგენები წმინდა საჭადრაკო თემებზე.

აქ კი ბრმა უნდა ვყოფილიყავი, ნამდვილი ჩემპიონი რომ არ დამენახა.

ვინც ამ ინტერვიუს წაიკითხავთ, აუცილებლად დამეთანხმებით, რომ ნონა გაფრინდაშვილის შეცდომები არანაკლებ სამაგალითოა, ვიდრე მისი გამარჯვებები. ესეც დიდი სიახლე და ჭკუის სასწავლი გაკვეთილია ჩემთვის და, ალბათ, თითოეული ჩვენგანისთვის.

 

ია ანთაძე

-    ქალბატონო ნონა, როცა ჯერ კიდევ ზედაპირულად ვიცოდი თქვენი ბიოგრაფია, სულ მაკვირვებდა ერთი რამ: თქვენი ცოცხალი, მოძრავი ხასიათი და მოჭადრაკისთვის საჭირო დისციპლინა როგორ თავსდებოდა ერთმანეთთან? 

-    პირიქით, ეს ძალიან თავსებადია. ჩვენი მოჭადრაკეები, რაც წლები გადის, უფრო არასტაბილურები ხდებიან. რატომ? იმიტომ, რომ სპორტით არ არიან დატვირთულები. დღეს ჭადრაკს ორი მიმართულება აქვს: კომერციული და სპორტული. ამიტომ, ახლა მოჭადრაკეები კლუბებშიც თამაშობენ და სერიოზულ ტურნირებშიც მონაწილეობენ. მაგრამ ამას სჭირდება დიდი ენერგია, მყარი ნერვული სისტემა, სერიოზული ფიზიკური მომზადება. ნურავინ იტყვის, რომ მოჭადრაკისთვის ფიზიკური დატვირთვა აუცილებელი არ არის. მე ვფიქრობ, ყველაზე მეტი ნერვები ჭადრაკში იხარჯება. იმდენი ეტაპია გასავლელი, სანამ საბოლოო შედეგს მიაღწევ. და ყველაფერი ნერვებს უკავშირდება. ფიზიკური დატვირთვა საუკეთესო გზაა დასასვენებლად და ნერვული სისტემის აღსადგენად. მე, მაგალითად, მოყვარულის დონეზე ძალიან კარგად ვთამაშობდი ბილიარდს და მაგიდის ჩოგბურთს.  ნერვული სისტემაც კარგი მქონდა. 
 

 

ყველაზე მეტი ნერვები ჭადრაკში იხარჯება.

-    როდესაც 13 წლის ასაკში ზუგდიდიდან თბილისში გადმოხვედით საცხოვრებლად და ჭადრაკის სათამაშოდ, წარმომიდგენია, რომ თქვენი ლაღი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. არ გაგიჭირდათ ცხოვრების ახალ ყაიდაზე გადასვლა, თან საკმაოდ რთულ - გარდატეხის ასაკში? 

-    აბსოლუტურად არ გამჭირვებია და გეტყვით, რატომ. დეიდაჩემთან ვცხოვრობდი. ჩემი უფროსი ძმა უკვე თბილისში იყო. მალე ჩემმა მეორე ძმამაც უმაღლესში ჩააბარა და საცხოვრებლად ძმებთან ერთად გადავედი ნაქირავებ ბინაში. პიონერთა სასახლეში რომ დავიწყე სიარული ჭადრაკზე, იქვე პინგ-პონგის მაგიდა იდგა. წელიწადნახევრის შემდეგ, როდესაც ჭადრაკის სათამაშოდ რკინიგზელთა სახლში გადავედი, იქაც დამხვდა პინგ-პონგის მაგიდა. ბილიარდს ვთამაშობდი, როცა შეკრებაზე ვიყავი სადმე, კარგ სანატორიუმში. ჭადრაკის თამაშს რომ მოვრჩებოდი, მერე ხალხში გავდიოდი, მათთან ერთად ვთამაშობდი ყველაფერს. ამას კიდევ ერთი დადებითი შედეგი ჰქონდა: ადამიანებში რომ გაერევი, მათთან კონტაქტს რომ ამყარებ, მათთან ერთად რომ თამაშობ ან, უბრალოდ, ელაპარაკები, უკვე ყველა შენია. 

-    დღეს, როცა ჭადრაკის ყველა მწვერვალი დაპყრობილი გაქვთ და ამბობთ, რომ თქვენი სახელი და გვარი ჭადრაკის კუთხით შედგა, გაქვთ განცდა, რომ ყველაფერი გააკეთეთ, რაც შეგეძლოთ? რომ თქვენი შესაძლებლობები სრულად გამოავლინეთ? 

-    როდესაც მაია ჩიბურდანიძესთან მატჩი წავაგე, წესით, იმ პერიოდში არ უნდა წამეგო. ჩემთვის ზუსტად ის წლები იყო საუკეთესო. კაცების ტურნირებში ძალიან კარგი შედეგები მქონდა. მაიასთან მატჩამდე ერთი წლით ადრე ლონპაინის ტურნირში ვმონაწილეობდი. არაოფიციალური ღია ტურნირი იყო შეერთებულ შტატებში. იქ ქალი მხოლოდ მე ვიყავი. ტურნირი შვეიცარიული სისტემით ტარდებოდა და, სხვებთან ერთად, 18 დიდოსტატი მონაწილეობდა, რომლებიც თავიანთი ქვეყნის ოლიმპიური ნაკრების წევრები იყვნენ. პირველი-მეოთხე ადგილები გავიყავი და კაცების დიდოსტატის ნორმა შევასრულე. ჩემი თამაშის ხარისხი იმდენად მაღალი იყო, ხანდახან რომ დავხედავ, რა კომბინაციები მაქვს ჩატარებული და რა პარტიები მაქვს მოგებული, წარმოუდგენლად მიმაჩნია. ჩემს თავს ვუსვამდი კითხვას, საიდან მომდიოდა თავში ეს აზრები. ეს იყო 1977 წელს. 1978-ში კი მატჩი წავაგე. ამ წაგებას არაფერი ხიფათის მიმანიშნებელი წინ არ უძღოდა. მაგრამ ისე მოხდა, რომ მაიასთან მატჩის მოსამზადებელი პერიოდი ჩამეშალა. 
 

 

ადამიანებში რომ გაერევი, უკვე ყველა შენია.

-    რატომ? 

-    მე და ჩემმა მწვრთნელმა აივარ გიპსლისმა მოვილაპარაკეთ, რომ მოგვეწვია ბორის ნიკიტინი, რომელიც მომავალი ჩემპიონის, გარი კასპაროვის მწვრთნელი იყო. მას ძალიან კარგი რეპერტუარი ჰქონდა. მაშინ კომპიუტერი არ არსებობდა და საჭადრაკო ვარიანტების დამუშავება არ იყო ადვილი საქმე. ამას სპეციალისტების მოწვევა და ძალიან დიდი ენერგიის დახარჯვა სჭირდებოდა. ნიკიტინს უკვე ყველაფერი დამუშავებული ჰქონდა. ასე რომ, ამ ადამიანს  მოველაპარაკეთ, ჩემი მწვრთნელი ყოფილიყო. დავითანხმე, მაგრამ ამ დროისთვის მას უკვე გაფუჭებული ჰქონდა ურთიერთობა კარპოვთან. ერთი სიტყვა დაწერა, არაფერი ისეთი - რაღაც შენიშვნასავით. მაგრამ კარპოვმა ეს შენიშვნა არ მიიღო და, ფაქტობრივად, მისი გაფუჭება მოინდომა. ნიკიტინი სახელმწიფო მწვრთნელი იყო და იქიდან გაუშვეს. მაგრამ მოჭადრაკეები დაუდგნენ გვერდით და მთლად ბოლომდე ვერ გააფუჭეს. მატჩამდე ორთვენახევრით ადრე უნდა წავსულიყავი გაგრაში, მეოთხე სამმართველოს სანატორიუმში და მატჩისთვის მოვმზადებულიყავი. ერთ კოტეჯში მე უნდა მეცხოვრა და მეორეში - ანატოლი კარპოვს. ისიც იმ დროს აპირებდა მოსამზადებლად ჩამოსვლას. კარპოვს სათამაშო ჰქონდა პოლიტიკური მატჩი: მისი მოწინააღმდეგე, ვიქტორ კორჩნოი, საბჭოთა კავშირიდან გაქცეული იყო და უცხოეთში ცხოვრობდა. სწორედ კორჩნოისთან მატჩისთვის ემზადებოდა კარპოვი გაგრაში. ნიკიტინი მეუბნებოდა, ფედერაციას შეუთანხმე, რომ მე ვიყო შენი მწვრთნელიო. მე კი ვპასუხობდი, ეს ჩემი გადასაწყვეტია და რა შუაშია ფედერაცია-მეთქი. ჭადრაკის საკავშირო ფედერაციაზე იყო საუბარი. ნიკიტინს გაგრაში ის ვარიანტები ჩამოჰქონდა, რაც მე უნდა შემესწავლა. მერე კასპაროვთან უნდა მეთამაშა, რომ ეს ვარიანტები პრაქტიკაში შემემოწმებინა და გამეთავისებინა. წასასვლელად უკვე გამზადებული რომ ვიყავი, მთელი დღე არ გაჩერებულა ტელეფონის ზარი. რეკავდა ალექსანდრე რაშალი, ჟურნალ „64“-ის რედაქტორი, კარპოვთან და ფედერაციასთან დაახლოებული პირი. ის მირეკავდა და მთხოვდა, რომ უარი მეთქვა ნიკიტინზე. მთავაზობდნენ, რომ ფედერაცია თვითონ მომიძებნიდა შემცვლელს. პირდაპირ მითხრეს: „რა გირჩევნია, ფედერაცია მეგობარი იყოს, თუ მტერი?“ მე შეცდომა დავუშვი და ნიკიტინი დავთმე. მაინც არ უნდა დამეთმო, მაგრამ კარპოვმა კატეგორიულად თქვა, მე აქ ნიკიტინს ვერ ავიტან, შეკრების ადგილი უნდა შევცვალოო. მისი პოლიტიკური მატჩი კორჩნოისთან ცუდად რომ დამთავრებულიყო, შეიძლება, მე დამბრალებოდა ყველაფერი. ბოლოს, შემოთავაზებული ვარიანტებიდან ამოვირჩიე სერიოჟა მაკარიჩევი, ძალიან კარგი ახალგაზრდა, ძლიერი დიდოსტატი, მაგრამ ვარიანტები ნაკლებად იცოდა. 

-    არ გამოგადგათ ეს ადამიანი?

-    ის კი გამომადგა, მაგრამ მთლიანობაში ისე გამოვიდა, რომ მატჩზე ძველი „ბაგაჟით“ წავედი. მანდ მეორე ამბავიც იყო. ჯანმრთელობის პრობლემა მქონდა, პატარა ოპერაცია დამჭირდა. ამ ვითარებაში დავიწყე მატჩის თამაში და პირველ ნახევარში მაია გავიდა წინ. მაგრამ მეორე ნახევარი ჩემი უპირატესობით წარიმართა. სამწუხაროდ, ვერ გამოვიყენე ეს უპირატესობა და, უნდა ვთქვა, რომ ძალიან უკმაყოფილო დავრჩი ჩემი ძირითადი მწვრთნელის - გიპსლისის მუშაობით და ქცევით. მე მქონდა გადადებული პარტია მაიასთან და მოგების იდეას ვხედავდი. გიპსლისს სპორტი უყვარდა და მითხრა, ჰოკეის ყურება მინდა და, თუ შეიძლება, ნომერში დავრჩებიო. მე ვუთხარი, დარჩი, მაგრამ ეს გადადებული პარტია დაამუშავე-მეთქი. ვუთხარი, მოგების როგორ გეგმას ვხედავდი. როცა დიდოსტატს იდეას მიაწოდებ და ის ამ იდეას ვერ დაამუშავებს, ეს არაბუნებრივია, ეს ცოტა სხვა ამბავია. 
 

 

ვამბობ იმას, რაც სინამდვილეში იყო.

-    ღალატის ეჭვი გაქვთ?

-    არ მინდა, მე შევაფასო. ვამბობ იმას, რაც სინამდვილეში იყო. რომ ვაანალიზებ, რა თქმა უნდა, ამ პარტიის არმოგებამ ჩემზე იმოქმედა და შემდეგ კიდევ რამდენიმე შანსი ვერ გამოვიყენე. მაია აუცილებლად გახდებოდა ჩემპიონი თავისი ნერვებით, თავისი თამაშის კლასით, მაგრამ კიდევ ვამბობ, ჩემთვის ის პერიოდი საუკეთესო იყო. ამ მატჩის შემდეგ დავცილდით გიპსლისი და მე. როდესაც 1978 წელს მარტო დავრჩი, ელიზბარ უბილავა იყო ახალგაზრდა მოჭადრაკე, რომელიც მანამდე ნანა იოსელიანთან მუშაობდა და იმ მომენტში შეწყვიტეს ურთიერთობა. მე ვუთხარი - ელიზბარ, შენც მარტო ხარ და მეც მწვრთნელს დავცილდი; მოდი, ერთად ვიყოთ-მეთქი. ელიზბარი დამთანხმდა და ჩვენს პირველ შეკრებაზე, 1979 წელს, მოვიწვიეთ ნიომა რაშკოვსკი, დიდოსტატი. ძალიან მხიარული კაცი იყო და შეკრებაც მხიარულად გავატარეთ. მაგრამ ბოლოს ნიომას ვუთხარი: პირველად მქონდა შეკრება, სადაც მწვრთნელმა ჩვენგან მეტი წაიღო, ვიდრე მოგვცა-მეთქი. მოკვდა სიცილით, მაგრამ მითხრა: ერთ იდეას მოგაწვდი და მთელი სიცოცხლე მადლობელი იქნებიო - მოიწვიე ბორისენკოო.  გიორგი ნიკოლოზის ძე ბორისენკო უფრო სერიოზული მწვრთნელი და მკვლევარი იყო, ვიდრე მოჭადრაკე. ენციკლოპედიური თავი ჰქონდა. ერთ ვარიანტს რომ იღებ (მაგალითად, პირველი სვლა D2-D4), იმას უამრავი გაგრძელება აქვს. ყველანაირი გაგრძელებისთვის მზად უნდა იყო. მე ოლიმპიადებზე რომ მივდიოდი, მწვრთნელებს ჩემთან ძალიან ცოტა მუშაობა სჭირდებოდათ ხოლმე. ვარიანტები ჩამოყალიბებული მქონდა და არჩევანს რომ გავაკეთებდი, დავჯდებოდი და შესაბამის ვარიანტს ვიმეორებდი. თუ ჩემს ვარიანტში რამე საეჭვოს ვხედავდი, იქ დავსხდებოდით მწვრთნელთან ერთად და გავარჩევდით. ეს არის მომზადება. ახლა ყველა კომპიუტერზეა გადართული. მწვრთნელები დილიდან საღამომდე სხედან მოჭადრაკეებთან კომპიუტერის წინ. ეს არ არის პროფესიონალიზმი. ბორისენკოსთან ურთიერთობა ძალიან ნაყოფიერი გამოდგა. თეორიას რომ გავივლიდით, მერე იტყოდა, ახლა აქედან გამოვიდეთ და ჩვენი იდეები მოვძებნოთო. ოთახის სამ კუთხეში ვსხდებოდით ბორისენკო, უბილავა და მე და ვიწყებდით ახალი იდეების ძიებას. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, როგორ ვმუშაობდით. საათს საერთოდ არ ვუყურებდით. დროს ვერ ვგრძნობდით. რაც მე იქ იდეა მოვიფიქრე, რაც ელიზბარმა იდეა მოიფიქრა, - იმდენი იდეა გვქონდა ცნობილ კლასიკურ ვარიანტებში, რომ შემდეგ ელიზბარ უბილავა კარპოვის ჯგუფში მიიწვიეს. ახლა ტურნირებზე რომ დავდივარ, გგონიათ, ვემზადები? ჩემს ვარიანტებს ვთამაშობ, რომლებიც ძალიან კარგად ვიცი. ხანდახან ამ ვარიანტებს გადავახალისებ ჩემს თავში და 10-15 წუთში შემიძლია, სრულიად ახალი პოზიცია შევქმნა თამაშის დროს. მოწინააღმდეგეები კომპიუტერით ემზადებიან, მოდიან, სხდებიან ჩემ პირისპირ, მაგრამ თამაშის დროს სვლების თანმიმდევრობას შევცვლი და ვღებულობ იმას, რაც მინდა. შეიძლება, ზოგჯერ წავაგო, მაგრამ ისევ ჩემი შეცდომის გამო. ეს ის ცოდნაა, რომელიც სიღრმეში ჯდება. ამას ახალგაზრდა მოჭადრაკეებს რომ ვუხსნი, მეუბნებიან, სად გვცალია მაგისთვისო? 
 

 

ტურნირებზე რომ დავდივარ, გგონიათ, ვემზადები?

-    ვეტერანების მსოფლიო ჩემპიონატი რამდენჯერ გაქვთ მოგებული?

-    ექვსია, მგონი. მე თვითონ არ ვითვლი, სხვები ითვლიან. მთელი ჩემი საჭადრაკო ბიოგრაფიის მანძილზე ისე მივაღწიე წარმატებებს, რომ ვარიანტებით კი არ ვიგებდი, უშუალოდ, დაფასთან თამაშით ვიგებდი. ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი პლუსი. ასე რომ, იმ ნიომა რაშკოვსკის მადლობელი ვარ, რადგან ბორისენკომ მთლიანად შეცვალა ჩემი აზროვნება. აი, ეს არის მწვრთნელი. 

-    თქვენს წიგნში „არსი ჩემი ცხოვრებისა“ ასეთ ეპიზოდს ვხვდებით: „ზოგჯერ დავფიქრდები ხოლმე: ჩიტი ბრდღვნად არ ღირს, რად მინდა ეს ყველაფერი-მეთქი; რატომ არ შემიძლია, ვიყო ჩემი ბედის პატრონი?“  რის გამო გაგიჩნდათ განცდა, რომ თქვენი ბედის პატრონი არ იყავით?

-    ეს ცოტა გაფორმებული ფრაზებია. ასეთი სიტყვებით მე არ მილაპარაკია. წიგნი ჟურნალისტ ვიქტორ ვასილიევის დაწერილია. არ მომეშვა - მე ვყვებოდი და მან გააფორმა. ეს სიტყვები აშკარად გადაჭარბებულია.  

-    არ გქონიათ ეს განცდა, რომ ჩემი ბედის პატრონი არ ვარო?

-    მეტი უკეთესი ბედი რა უნდა მქონდეს?! თითქოს, მწვანე შუქი მქონდა ანთებული, ყველაფერი გამომდიოდა, რაც მინდოდა და მეტი რა უნდა ინატროს ადამიანმა? 

-    რამე თუ იყო ისეთი, რაზეც ჭადრაკის გამო უარის თქმა მოგიხდათ და გულში გაქვთ ჩარჩენილი?

-    არაფერი მაქვს ასეთი. რანაირად უნდა ჩამრჩენოდა გულში რამე? ყველაფერს ვახერხებდი - სპორტული ღონისძიებების ყურებას, სპორტის სხვადასხვა სახეობის თამაშს, წიგნების კითხვასაც, რეჟიმში ყოფნასაც, მოგებასაც. ყველგან კარგად მხვდებოდნენ და არაჩვეულებრივი ურთიერთობები მქონდა. 
 

 

თითქოს, მწვანე შუქი მქონდა ანთებული, ყველაფერი გამომდიოდა.

-    ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში ამბობთ: „საკამათო სიტუაციებში არასდროს მიბრძოლია, რომ ჩემ სასარგებლოდ გადაწყვეტილიყო საკითხი. მე ვთვლიდი, რომ პროფესიონალი ვარ და მე თვითონ უნდა ვაკონტროლო ყველაფერი. ყოველთვის დამითმია საკამათო სიტუაცია. მიმაჩნია, რომ ეს ჩემი ძლიერი მხარე იყო.“ ასეთი მებრძოლი ხასიათის მქონე ადამიანი რითი ხსნით საკამათო სიტუაციების დათმობას?

-    ეს სიტყვები ერთ შემთხვევას მიესადაგება. ალა კუშნირთან სამი მატჩი მაქვს მოგებული მსოფლიო პირველობაზე. მაგრამ არის ერთადერთი ტურნირი, სადაც კუშნირმა გამისწრო და გაიმარჯვა. შავებით ვხვდებოდი ბულგარელ მოჭადრაკე ეველინა ტროიანსკას, რომელიც თავს კარგად იცავდა. ეტლში, კუსა და პაიკში ლაზიერი შევწირე, რაც მოგების შანსს მაძლევდა, რადგან დაფაზე სხვა ფიგურა არ რჩებოდა. პარტია გადაიდო. ჩემთან ერთად, სამი გადადებული პარტია ჰქონდა ალა კუშნირს. დაკარგული ქულებით თანასწორად მივდიოდით. ამიტომ, ამ გადადებულ პარტიებს უნდა გადაეწყვიტა ტურნირის გამარჯვებული. მათი დასრულების შემდეგ სათამაშო მხოლოდ ერთი ტური რჩებოდა. სამი გადადებული პარტიიდან კუშნირს ერთში საყაიმო პოზიცია, ორში კი მოგების გარკვეული შანსი ჰქონდა. მაგრამ მან ისე სწრაფად დაამარცხა სამივე მეტოქე, რომ გაოგნებული დავრჩი. თვალი კუშნირის პარტიებისკენ გამირბოდა და თან ჩემი უპირატესობის რეალიზაციას ვცდილობდი.  ზოგადად, ტროიანსკა ხშირად ვარდებოდა ცაიტნოტში და ამ პარტიის დროსაც ასე იყო. გადადებული პარტიების შემთხვევაში შემდეგი რეგლამენტი მუშაობს: ერთ საათში 16-16 სვლა უნდა გაკეთდეს. როცა თეთრებით მოთამაშე თავის ბოლო სვლას აკეთებს, მაგრამ ისარი უვარდება, ეს აღარ ითვლება გაკეთებულ სვლად, თუკი მოწინააღმდეგე მსაჯთან ისრის ჩამოვარდნას დააფიქსირებს. ახალგაზრდა მსაჯი, ბლოკნოტით ხელში, სვლებს აკონტროლებდა. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, მან სვლების ათვლაში შეცდომა დაუშვა. ამასობაში, მე მოწინააღმდეგის ისარს ვაკონტროლებდი, ვინაიდან ისარი აწეული იყო და გამზადებული იყო ჩამოსავარდნად. ტროიანსკამ სვლა გააკეთა და ისარიც ჩამოვარდა. მე  ეს დავაფიქსირე ჩემს გონებაში, მაგრამ მსაჯს არ მივმართე - უბრალოდ დამავიწყდა, რისთვის ვუყურებდი ამ საათს. ამ დროს ალა კუშნირს სამივე პარტია დასრულებული ჰქონდა და სცენაზე დასეირნობდა. მე სვლა გავაკეთე და ყაიმზე შევთანხმდით.  მოდის კუშნირი და ამბობს, რატომ არ დააფიქსირეთ ისრის ჩამოვარდნაო? მე გავშეშდი, ტროიანსკა ჩუმად არის. გაშეშდა მსაჯიც. მიხვდა, რომ არასწორად ჰქონდა სვლები ჩაწერილი. მოწინააღმდეგემ ხომ იცის, რაც მოხდა? მე მის ადგილზე რომ ვყოფილიყავი, ვიტყოდი, სწორია, ისარი ჩამოვარდა და ეს ყაიმი არ მეკუთვნის-მეთქი. მაგრამ ის ადამიანი მე არ ვიყავი, სხვა იყო. რეგლამენტში კი ასეთ შემთხვევაზე არაფერი ეწერა. ასეთი შემთხვევები, როგორც წესი, არ ხდება. 

-    ანუ ასეთ სიტუაციას მხოლოდ სინდისი არეგულირებს? 

-    დიახ, და მსაჯმა რა ქნას ამ დროს? არ იცის, როგორ მოიქცეს. მე მივუბრუნდი და ვეუბნები: „თქვენი შეცდომა კი არის, მაგრამ მე ჩემს თავს უფრო მეტად ვავალდებულებ, რადგან პროფესიონალი ვარ. არ ვაპროტესტებ, რაც მოხდა. ყაიმს ვაფიქსირებ და დამთავრებულია ყველაფერი“. მეორე დღეს გამოვიდა გაზეთები, აჭრელებული ჩემი ქებით და მსაჯის გინებით. მსაჯმა იმდენი ბოდიში მომიხადა, ბოლოს, დავმეგობრდით. ჩემი პრინციპი იყო, რომ რადგან რეგლამენტში არაფერი ეწერა, კამათი არ ღირდა, მით უმეტეს, მე თვითონ დავუშვი შეცდომა. 
 

 

თუ ობიექტური ხარ და სწორად აფასებ სიტუაციას, ცოდნა გემატება.

-    მსოფლიო ჩემპიონს ალექსანდრე ალიოხინს უთქვამს, ჭადრაკი, პირველ რიგში, იმას გასწავლის, რომ ობიექტური უნდა იყოო. რატომ და როგორ ასწავლის ჭადრაკი ობიექტურობას? 

-    თუ ობიექტური ხარ და სწორად აფასებ სიტუაციას, ცოდნა გემატება. ალბათ, ეს აქვს მხედველობაში ალიოხინს. მე ეს ჩემს თავზე ვიცი. იყო მომენტები, გვარს არ დავასახელებ, როცა მწვრთნელი „ავარდებოდა“ და პოზიციებს ზედმეტად ოპტიმისტურად აფასებდა. აგებ თუ იგებ, არ აქვს მნიშვნელობა. თუ ობიექტურად შეფასების უნარი გაქვს, ჭადრაკის დაფას მიუჯდები, უფრო ღრმად ჩასწვდები და მაქსიმუმს ამოიღებ ნებისმიერი პოზიციიდან. ამიტომ ასწავლის ჭადრაკი ობიექტურობას.

-    თუ ეთანხმებით გამოთქმას, რომ „კეთილი გული ჭადრაკს არ სჭირდება“? ეს გამოთქმა ეკუთვნის ნიკოლა შამფორს, ფრანგ მწერალსა და მოაზროვნეს. ამ მოსაზრებას იმიტომ მივაქციე ყურადღება, რომ, ჩემი აზრით, თქვენს საჭადრაკო კარიერაში ერთ მომენტს ეხმიანება. 

-    სპორტს არ უყვარს დათმობები. მაგრამ თუკი ადამიანს რაღაცას ჩუქნი, ნერვები უნდა გეყოს, რომ ეს გადახარშო. 1957 წელს ტარდებოდა ტურნირი, რომლის მონაწილეებს შორის ყველაზე ახალგაზრდა ვიყავი. ტურნირში პირველ ოთხ ადგილზე გასული მოთამაშეები საზონათაშორისო ტურნირში გადიოდნენ, რომლის გამარჯვებული მსოფლიო ჩემპიონთან მატჩის უფლებას მიიღებდა. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირი იყო. მეოთხე ტურში ფლორა დმიტრიევას ვხვდებოდი. ლენინგრადელი მოჭადრაკე იყო, ისიც ახალგაზრდა. დებიუტში ფიგურა შევწირე ორ პაიკში და მივიღე მწვავე, საინტერესო პოზიცია. რამდენიმე სვლის შემდეგ დმიტრიევამ დაუშვა შეცდომა: ხელი ლაზიერს მოჰკიდა  და ლაზიერის გაცვლა მოინდომა. მაგრამ სანამ მე ლაზიერს გავუცვლიდი,  პაიკით ქიშით ვიღებდი ფიგურას და დამრჩებოდა ზედმეტი პაიკი, კარგი პოზიციით. დმიტრიევა მიხვდა საკუთარ შეცდომას, ერთი ხელით ლაზიერი ეჭირა, მეორე ხელი თავზე ჰქონდა შემოდებული და ფიქრობდა. მე ჩავთვალე, რომ არ მინდოდა პარტიის მოგება მოწინააღმდეგის უხეში შეცდომის ხარჯზე. ვფიქრობდი, რომ ძლიერი პოზიცია მქონდა და შევთავაზე, ფიგურა უკან დაებრუნებინა.  დმიტრიევამ ის ლაზიერი გადაარჩინა. ნელ-ნელა სიტუაცია დააბალანსა და იქამდე მივედით, რომ პარტია უნდა გადაგვედო, ფაქტობრივად, ჩემთვის წასაგებ პოზიციაში. მაშინ პირველად დავრწმუნდი, რომ სპორტს არ უყვარს დათმობა. ამ დროს ჩვენს დაფასთან მოვიდა გურფინკელი, საერთაშორისო ოსტატი როსტოვიდან, ძველი, გამოცდილი მოჭადრაკე. მას დაუნახავს სვლის დაბრუნების მომენტი. მოვიდა და ეუბნება: ფლორა, მე დავინახე, როგორ დაიბრუნე სვლა. შენ არ გაქვს ამ პარტიის მოგების უფლება და ადამიანურად გეუბნები, მოწინააღმდეგეს ყაიმი შესთავაზეო. მას რეაქცია არ ჰქონდა, მაგრამ ამ საუბარს ყური მოჰკრა მსაჯმა, ძალიან სოლიდურმა პიროვნებამ, რომელსაც ტურნირების მსაჯობის  დიდი გამოცდილება ჰქონდა. რომ გაიგო, რაშიც იყო საქმე, კაცი გაგიჟდა. მსგავსი რამ არ ენახა. რომელი სულელი გააკეთებდა ამას? ორივეს თავის ოთახში დაგვიძახა. მიუბრუნდა ფლორას და ეუბნება: ამდენი ხანია, მსაჯი ვარ და მსგავსი სიტუაციის მომსწრე არ ვყოფილვარ. თუ სვლა დააბრუნე, მართლა გეუბნები, რომ ყაიმი უნდა შესთავაზოო. მე ჩუმად ვიჯექი, ხმას არ ვიღებდი, რადგან ჩემს თავს ვაბრალებდი ყველაფერს. აქ მოხდა ის, რაც ყველასთვის და, განსაკუთრებით ჩემთვის, მოულოდნელი იყო. ფლორა დმიტრიევამ თქვა, რომ სვლა არ დაუბრუნებია. ამან კი მართლა იმოქმედა ჩემზეც და იმ პარტიებზეც, რომლებიც შემდგომ დღეებში ვითამაშე.  
 

 

ჭადრაკი ობიექტურობას ასწავლის.

-    უარყო?

-    აბა?! უარყო და მე წყნარად ავდექი. აქ სალაპარაკო არაფერია-მეთქი და გამოვედი. ყოველგვარი ჩხუბის გარეშე. იმის შემდეგ ეს ფლორა რომ დამინახავდა, ქუჩის მეორე მხარეს გადადიოდა. რამდენიმე წლის შემდეგ დიდი შეკრება იყო მოსკოვში, ქალაქგარეთ. დმიტრიევაც მოხვდა ამ შეხვედრაზე. მაშინ მოვიდა და ბოდიში მომიხადა. ეს იყო ყველაზე ცუდი ტურნირი ჩემთვის. ამ პარტიის შემდეგ ზედიზედ სამ პარტიაში შემომთავაზეს ყაიმი, არცერთი შეთავაზება არ მივიღე და სამივე პარტია დავთმე. საბოლოოდ მეათე-მეთორმეტე ადგილები გავიყავი და ქულანახევარი დამაკლდა იმისთვის, რომ გამსვლელი მეოთხე ადგილი ამეღო. 

-    შეცდომებთან დაკავშირებით მინდა, კიდევ ვისაუბროთ.  ნათქვამი გაქვთ, მე ყოველთვის მოსაგებად ვჯდები და ან ჩემს თავს ვუგებ, ან მოწინააღმდეგესო. რას გულისხმობდით?

-    ეს ვთქვი ვეტერანთა ტურნირებში მონაწილეობისას. ხანდახან ისეთი პარტია მაქვს წაგებული, სადაც მოწინააღმდეგეს თითქმის სვლა არ ჰქონდა. ორჯერ ისეთი პარტია წავაგე, რომ მოწინააღმდეგეებმა ბოდიში მომიხადეს მოგებისთვის. ეს უნიკალური შემთხვევაა. მეკითხებიან - ვეტერანთა ტურნირებში რომ დადიხარ, როგორ თამაშობო? აზროვნება მაქვს და გემრიელად ვთამაშობ ჩემს ვარიანტებს. თუ პარტიას ვაფუჭებ, ვაფუჭებ ჩემს თავთან. თუ დრო მაქვს და გადავამოწმე, მაშინ ყველაფერი რიგზეა. როცა კონცენტრაციას კარგავ, მაშინ არის, რომ საქმე ფუჭდება. ამიტომ, ჯერჯერობით, ვთამაშობ იმიტომ, რომ მსიამოვნებს და საერთოდ ვერ ვგრძნობ ასაკს. ჩემს სამყაროში ვარ. როგორც არ უნდა ვითამაშო, დადებით ემოციას ვიღებ. მაგრამ იმდენად კარგად ვაზროვნებ, ჯერჯერობით, რომ თუ რამეს ვაფუჭებ, ისევ მხოლოდ ჩემი შეცდომით. 

-    თქვენს წიგნში ამბობთ, რომ ზოგჯერ დაგზარებიათ ჭადრაკის დაფასთან დაჯდომა. თავს ვაიძულებდი, რომ დამეძლია მოწყენის ასეთი შემოტევებიო. ეს გადაღლის ფონზე ხდებოდა? 

-    არ ვიცი, საერთოდ თუ მითქვამს ასეთი რამ. ეს ჩემს ხასიათში არ იყო. მე რომ ჭადრაკის თამაში დამზარებოდა, ახლაც კი არ ვითამაშებდი. თამაშით მხოლოდ სიამოვნებას ვიღებ. 
 

 

დავრწმუნდი, რომ სპორტს არ უყვარს დათმობა.

-    ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო, როცა წავიკითხე, რომ ბევრ ენერგიას გართმევდათ საქართველოში წაგება, რადგან ახლობლების და გულშემატკივრების დარწმუნება გიხდებოდათ, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. ყოველთვის გქონდათ თუ არა სურვილი, რომ საქართველოში გეთამაშათ, როცა ეს შესაძლებელი იყო?  

-    საქართველოში ძალიან იშვიათად წამიგია. ეს იმ შემთხვევაზე ვთქვი, როცა მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის მატჩი მქონდა კუშნირთან. თავიდან ისე მოხდა, რომ ჩემი და კუშნირის მატჩი ნახევარი წლით გადაიდო. ბოტვინიკი და ორი დიდოსტატი, თურმე, იბრძოდნენ, რომ ჭადრაკის საკავშირო ფედერაციის პრეზიდენტი შეეცვალათ. არადა, ნორმალური კაცი იყო, რა პრეტენზია ჰქონდათ, არ ვიცი. გამოიყენეს ჩვენი მატჩი და კუშნირი დაავალდებულეს, მაქსიმალურად გაეჭიანურებინა ჩემთან მოლაპარაკება მატჩის ჩატარების პირობებზე. ამით უნდოდათ, ფიდე-სთვის საკავშირო ფედერაციის სისუსტე ეჩვენებინათ. კუშნირმა თქვა, მატჩი რუსეთში ჩავატაროთო. მე ვუთხარი, ნეიტრალურ ზონას გთავაზობ, ტალინს-მეთქი. თუ მაინცდამაინც რუსეთი გინდა, მაშინ მხოლოდ მატჩის ნახევარს ვითამაშებ, რადგან საქართველოში ვერ გაიგებენ, მე, მსოფლიო ჩემპიონი, მთელი მატჩის რუსეთში თამაშზე რატომ უნდა  დაგთანხმებოდი; საქართველოს შეურაცხყოფას ვერ მივაყენებ-მეთქი. ისიც ვუთხარი, რომ ჩემთვის უკეთესიც კი იქნებოდა, მთელი მატჩი რუსეთში რომ გვეთამაშა. რატომო? იმიტომ, რომ გულშემატკივარი მაინც შენზე მეტი მეყოლება, თან არავის დამშვიდება არ დამჭირდება და ნერვები და  ენერგია დამეზოგება-მეთქი. ისიც შევთავაზე, რომ მატჩის ერთი ნახევარი სოჭში გვეთამაშა, მეორე ნახევარი - სოხუმში. ბოლოს იძულებული გახდა, დათანხმებულიყო ტალინში თამაშს. მაგრამ როცა ყველაფერი მზად იყო, უცებ აღმოჩნდა, რომ ფიდე-დან მოვიდა გადაწყვეტილება, მატჩი გადადებულიაო. გადადების შემთხვევაში, მხოლოდ ნახევარი წლის შემდეგ შეიძლებოდა მატჩის ჩატარება. და მე პირდაპირ დავაყენე პირობა: მატჩის ნახევარს ვითამაშებთ მოსკოვში, ნახევარს - თბილისში. ასეც მოხდა. თბილისში ორი პარტია წავაგე, მოსკოვში - არცერთი. 

-    არაერთხელ გითქვამთ, რომ ფსიქოლოგი არ გჭირდებოდათ, რადგან თქვენი თავის ფსიქოლოგი თქვენ იყავით. ამასთან დაკავშირებით ერთი განმარტება მინდა გთხოვოთ. ჩვენ გვქონდა ინტერვიუ ნანა ძაგნიძესთან, რომელიც დღეს საქართველოს პირველი მოჭადრაკეა. მისი ინფორმაციით, თქვენთან მუშაობდა ცნობილი ფსიქოლოგი რუდოლფ ზაგაინოვი. თავის მხრივ, ზაგაინოვის ბიოგრაფიაში წერია, რომ 70-80-იან წლებში ის საქართველოს სპორტკომიტეტის მთავარი ფსიქოლოგი იყო. არასწორი ინფორმაციაა, რომ რუდოლფ ზაგაინოვი თქვენ გეხმარებოდათ? 

-    ნანა ძაგნიძეს არ აქვს წესიერად გარკვეული ეგ საკითხი. ზაგაინოვი ეხმარებოდა ნანა ალექსანდრიას და ნანა იოსელიანს. როდესაც ეს ადამიანი თბილისში ჩამოვიდა, საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი ტარდებოდა.  ტურნირი მოვიგე და ჩემპიონი გავხდი. ყოველი პარტიის შემდეგ მხვდებოდა და მეუბნებოდა, დაგეხმარებიო. რაში უნდა დამხმარებოდა? დასვენებაში დაგეხმარებიო. ვეუბნები, ჩემთვის მშვენივრად ვისვენებ, რა დახმარება მინდა?! ვერ მოვიცილე და მერე ვთქვი, ერთი ვნახო, რას აკეთებს-მეთქი. ნანა ალექსანდრია თვლიდა, რომ ზაგაინოვი ნამდვილად კარგად ეხმარებოდა. ბოლოს ვუთხარი, კარგი, ბატონო, მოდი, ვცადოთ-მეთქი. ამის შემდეგ ორჯერ მოვიდა ჩემთან სახლში. პირველად რომ მოვიდა, მეუბნება, წამოწექიო. მე ვეუბნები, არ მეძინება-მეთქი. მაინც წამოწექიო. წამოვწექი და დადიოდა და რაღაც სიტყვებს ამბობდა. ძალიან შევიკავე თავი, რომ ხმამაღლა არ გამცინებოდა.

 
ჩემი დაძინების ვარიანტი არ იყო - არც ვაპირებდი დაძინებას. ჩემზე ზემოქმედების ვარიანტიც არ იყო, გამიგეთ?! მეორეჯერ რომ მოვიდა, ამ ლაპარაკის დროს ჩაეძინა თვითონ.

ეტყობა, ღამენათევი იყო. უცებ ამოუშვა ხვრინვა. მე ვუთხარი, იცი, რა გითხრა-მეთქი? დამანებე, რა, თავი! ძლივს მოვიცილე. მაგრამ წიგნი გამოუცია, სადაც დაწერა, თითქოს, მეც მეხმარებოდა. ალბათ, ნანა ძაგნიძესაც ამიტომ ჰგონია, რომ  ზაგაინოვი ჩემთანაც მუშაობდა. 
 

 

ვთამაშობ იმიტომ, რომ მსიამოვნებს.

-    თქვენ ამბობდით, რომ იმ პერიოდში, როდესაც მსოფლიო ჩემპიონი იყავით, საქართველოს დიდი წარმატებები ჰქონდა სხვადასხვა მიმართულებით - ხელოვნების, მეცნიერების, სპორტის ბევრ დარგში. ისიც კი გაქვთ ნათქვამი, საქართველო ბრწყინავდაო. როგორ ფიქრობთ რით იყო გამოწვეული ასეთი აღმავლობა? 

-    მიზეზი ის იყო, რომ ძალიან ბევრი პროფესიონალი გვყავდა, რომელიც თავის საქმეში დიდ წარმატებას აღწევდა. მათ შორის იყვნენ ფიზიკოსები, მათემატიკოსები, ფიზიოლოგები, მთლინად მედიცინა, კულტურა თავისთავად, ჩვენი ფოლკლორი. სპორტის სხვადასხვა სახეობაში ბუმბერაზი სპორტსმენები გვყავდა. სტაბილურობა იყო. ქვეყანა განათლებაზე ზრუნავდა. თავისუფალი წრეები იყო ბავშვებისთვის. თუ ადამიანი თავს გამოიჩენდი, ქვეყანა გვერდით გედგა. რა თქმა უნდა, უარყოფითი ამბებიც იყო - მექრთამეობა, „მიწერები“, საწყობებში გადამალული საქონელი. სიტყვის თავისუფლება შეზღუდული იყო. მაგრამ ეს პირდაპირ არ მოქმედებდა მეცნიერების განვითარებაზე. მოაზროვნე, ნიჭიერი და შრომისმოყვარე ხალხი თავის საქმეს აკეთებდა და საქართველო ჩანდა. როდესაც საერთაშორისო ექსპოზიციები ეწყობოდა, საქართველო ყოველთვის ის ქვეყანა იყო, რომელიც გამოფენას ხურავდა. ქართულ დელეგაციას შეეძლო, სტუმრებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოეხდინა. 1967 წელს მონრეალში ჩატარდა დიდი ექსპოზიცია, რომელშიც საბჭოთა კავშირის ყველა რესპუბლიკა მონაწილეობდა. მეც დელეგაციის წევრი ვიყავი. ქართველები ჩვენი მზარეულებით და ღვინოებით ჩავედით. ჩვენი მოცეკვავეები და  მომღერლებიც იქ იყვნენ. ბევრი ღონისძიება ჩატარდა. არ დამავიწყდება, რაც იქ ხდებოდა. ქართული ფოლკლორი ყოველთვის ყველგან „ჭრიდა“. ისედაც, თქვენც იცით, ურთიერთობებში საქართველო იყო ძალიან თბილი და ბევრ უცხოელს უყვარდა ჩვენი ქვეყანა. 

-    მაგრამ ნელ-ნელა ეს ჩვენი ქვეყანა დიდ უბედურებაში ჩაიძირა. 
 

 

საერთოდ ვერ ვგრძნობ ასაკს.

-    ეს მოხდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. ამ დაშლასაც თავისი საფუძველი ჰქონდა. ბევრნაირი შეზღუდვა იყო. სიტყვის თავისუფლება არ არსებობდა და ამის გამო რამდენი ადამიანი გაუფუჭებიათ. სპორტკომიტეტიდან უცხოეთში რომ მივდიოდით, სანამ პასპორტს მივიღებდით, ერთ ოთახში უნდა შეგვევლო, სადაც ვიღაც ახალგაზრდა იჯდა და მას უნდა გადაეწყვიტა, შენ ხარ თუ არა ღირსი, საზღვარგარეთ წახვიდე. არადა, კაცმა არ იცის, თვითონ რას წარმოადგენდა. პირადად მე იქ გასაუბრება არასოდეს გამივლია. როგორც კი ოთახში შევიდოდი, ვინც იქ მხვდებოდა, მეუბნებოდა, თქვენ თავისუფალი ხართო. ყველა კარგად ჰყავდათ შესწავლილი. ბევრჯერ ვყოფილვარ უცხოეთში, მაგრამ ჩემ უკან ვიღაცის ლანდი არ დამინახავს. პრიზებს რომ ვიღებდით, თანხის ნახევარს სახელმწიფოს ვაბარებდით. მე წელიწადში ორჯერ დავდიოდი იუგოსლავიაში. ხანდახან სეანსებს მატარებინებდნენ, როგორც მსოფლიო ჩემპიონს და ეს ჩემი დამატებითი შემოსავალი იყო. ახლა გაცილებით დიდი პრიზებია, ვიდრე ადრე; შედარებაც არ შეიძლება. 

-    ასეთი ბედნიერი ცხოვრების შემდეგ, სხვებთან ერთად, თქვენც ხანგრძლივი მძიმე პერიოდის გადატანა მოგიხდათ. გაქვთ განცდა, რომ, ფაქტობრივად, ბრძოლის წინა ხაზზე აღმოჩნდით? 

-    არც მინდა, რომ პოლიტიკური ვითარება შევაფასო. მე მქონდა ჩემი პოლიტიკური შეხედულება იმიტომ, რომ მინდოდა ჩემს შვილიშვილებს და მათ თანატოლებს ნორმალურ, დალაგებულ ქვეყანაში ეცხოვრათ. ყველაფერი ვიცოდი, რა უბედურებაც ირგვლივ ტრიალებდა და ამის ატანა არ შემეძლო. ამიტომ ვიყავი სააკაშვილის მთავრობის წინააღმდეგი. ვიცოდი, რაც ციხეებში ხდებოდა. ვიცოდი, დემონსტრაციაში მონაწილეობისთვის ხალხს როგორ აპატიმრებდნენ: წინასწარ ფოტოებს უღებდნენ, მერე ერთ კაცს დაესხმებოდა სამი, ჩასვამდნენ მანქანაში და აკავებდნენ. სამ სასამართლო პროცესს დავესწარი. მერე ბოდიში მოვუხადე ჩვენებს და უარი ვუთხარი. იმ პროცესების ყურება აუტანელი იყო. მოსამართლე დარბაზში რომ შემოდიოდა, თავს მაღლა არ სწევდა. მინიმუმი იყო ოთხი წელი, რასაც უსჯიდნენ. 

-    თქვენ რატომ ესწრებოდით ამ სასამართლო პროცესებს?
 

 

როგორც არ უნდა ვითამაშო, დადებით ემოციას ვიღებ.

-    ჩვენს ხალხს იჭერდნენ, იმ ადამიანებს, ვინც ჩვენს აქციებზე დადიოდა. ძალიან კარგი ხალხი დადიოდა, ინტელიგენცია. ასეთებს უფრო ერჩოდნენ. ვინც ხმაურობდა და სიტყვით გამოდიოდა, იმათ ნაკლებად ეხებოდნენ. როცა ის ხელისუფლება შეიცვალა, ცოტა სული მოვითქვი. ბევრი რამ ახლაც არ მომწონს. სხვადასხვა თოქშოუში მიკროფონი სულ იმ ადამიანებს უჭირავთ, რომლებსაც, ჩემი აზრით, არ აქვთ უფლება, ილაპარაკონ ნამუსზე, სინდისზე და იმაზე, ხალხი როგორ უნდა მოიქცეს. „რუსთავი 2“ რამდენი წელიწადია, არ ჩამირთავს. ანტისახელმწიფოებრივ საქმეს აკეთებენ. დღემდე გრძელდება მათი ტყუილები. თუ ოპოზიციაში ხარ, კეთილსინდისიერი ოპოზიციონერი მაინც იყავი. ასჯერ გააკრიტიკე ხელისუფლება, მაგრამ ერთხელ მაინც ხმა ამოიღე იმაზე, რაც კარგი კეთდება. 

-    იმის შემდეგ, რაც სააკაშვილის ხელისუფლება შეიცვალა, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება? 

-    იმ დროს, როდესაც ბიძინა ივანიშვილი აქტიურად ჩაერთო ბრძოლაში, სანამ „ქართული ოცნება“ არჩევნებს მოიგებდა, ბატონმა ბიძინამ პარლამენტარობა შემომთავაზა, მაგრამ ეს არ მაინტერესებდა. გია ბურჯანაძემაც იგივე თქვა - ჩემი პროფესია მაქვს და არ ვაპირებ მის გამოცვლასო. თანამდებობები არ მაინტერესებდა. როცა ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობა შემომთავაზეს 1989 წელს, ემზარ ზენაიშვილი გამომიგზავნეს. მე ვთვლიდი, რომ მოჭადრაკე ვარ და არ მაქვს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობისთვის საჭირო გამოცდილება. მაგრამ ორმა ადამიანმა მაჯობა - ემზარს ჩემი მეუღლეც წაეხმარა. დამარწმუნეს, რომ უარი არ მეთქვა. ჩვენ გავიარეთ ძალიან რთული გზა, ნულოვანი სიტუაცია, სიბნელე, უსახსრობა, სპორტსმენების სხვა ქვეყნებში საცხოვრებლად წასვლა... მაგრამ მოვახერხეთ სპონსორების მოძებნა. 24 სტიპენდია დავაწესეთ და ფედერაციების მიერ წარდგენილ ამ 24 სპორტსმენს თავიანთ ორგანიზაციებში ეხმარებოდნენ. უნდა ვთქვა, რომ არცერთი ღონისძიება არ ჩაგვიგდია, ჩქარა დავდექით ფეხზე. ყველგან მივიღეთ მონაწილეობა, სხვა ქვეყნების ოლიმპიურ კომიტეტებთან ურთიერთობა დავამყარეთ. ემზარ ზენაიშვილი იმ დროიდან დღემდე  გენერალური მდივანია. ზუსტად არის მორგებული მისი თვისებები მის თანამდებობაზე. როდესაც ბადრი პატარკაციშვილი საქართველოში დაბრუნდა,  ის დიდ დახმარებას უწევდა ოლიმპიურ კომიტეტს. მაგრამ შემდეგ, სპორტული სამყაროს და ხელისუფლების თხოვნით, ბადრი პატარკაციშვილი დავითანხმეთ, რომ პრეზიდენტი გამხდარიყო  და ამის შემდეგ საბოლოოდ ამოვისუნთქეთ, მივაღწიეთ ჩვენს მიზანს - აღარ იყო პრობლემა, რომელიც არ გვარდებოდა. ამ ადამიანმა ქართულ სპორტს და, საერთოდ, საქართველოს ძალიან ბევრი რამ გაუკეთა. უყვარდა ეს ქვეყანა. 

-    საუბარს ვერ დავასრულებ, ეს რომ არ გკითხოთ: განვლილ წლებში, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან დღემდე, ბევრი ადამიანი დაზარალდა და, მათ შორის, ზოგი - საბედისწეროდაც. თქვენი ავტორიტეტი კი ვერასდროს ვერავინ შელახა. ამას რითი ხსნით?

-    საფუძველი არ მიმიცია, რომ ჩემ წინააღმდეგ რამე დასაბუთებული ეთქვათ. თუმცა, 26 მაისს ისეთი ამბავი შემემთხვა, რომ ცოცხალი ძლივს გადავრჩი. როგორ წარმოვიდგენდი, რომ ყველა გზას გადაკეტავდნენ და ხალხს ალყაში მოაქცევდნენ?

 
მე როგორ გამოვედი იქიდან? მე წაქცეული ვიყავი. მე დღემდე ვიმკი იმ ამბებს და კისერს სულ ვამოძრავებ, რომ ვვარჯიშობ. წაქცეულზე ჩემზე ხალხი გადადიოდა იმიტომ, რომ არაფერი არ ჩანდა.

ერთი მოსული კაცი იყო, თავის დროზე სოხუმში ნაბრძოლი. მას გამოცდილება ჰქონდა, თორემ არც იარაღი ეჭირა ხელში და არც არაფერი. უბრალოდ, ჩემ გვერდით უნდა მდგარიყო. ყველამ დამკარგა, ვინც ჩემთან ერთად იყო. კიბიდან ვვარდებოდი ჯერ და ამ კაცმა დამიჭირა, ეს მოახერხა. მერე ხალხი მოგვაწვა და გაწყდა კავშირი ჩვენ შორის. მე წავიქეცი, თან წვიმდა. წავიქეცი და ამ კაცმა მოახერხა ჩემი წამოყენება. როგორ წამომაყენა, არ ვიცი, ძალა საერთოდ არ მქონდა. კორდონისკენ მიმათრევდა, თან იძახდა - ნონა გაფრინდაშვილი გამომყავს და არ ესროლოთო. სამი კორდონი იყო და სამივეს თავისი მეთაური ჰყავდა.

 
სანამ მეთაური ბრძანებას გაცემდა, რომ მე გავეშვით, ფარი მქონდა მოდებული შუბლზე, გესმით?

ასე გავიარეთ ყველა კორდონი. მერე ვიღაცას გაახსენდა, რომ ამ კაცს გავყავდი. მე გამიშვეს, მაგრამ იმას სტაცეს ხელი და წაიყვანეს. აი, ამ ამბის ჩამდენები კიდევ პარლამენტარები არიან და ხალხს მოძღვრავენ. 

-    ძალიან კარგი პერიოდებიც გადაიტანეთ და ძალიან ცუდიც. მთლიანობაში რომ გადახედოთ თქვენს ცხოვრებას, დღეს ვის მიმართ გაქვთ მადლიერების განცდა?   
 

 

თუ რამეს ვაფუჭებ, ისევ მხოლოდ ჩემი შეცდომით.

-    იცით, ვისი მადლობელი ვარ? პირადად არც ვიცნობ იმ პედაგოგებს, მაგრამ ვიცი, ფული არ ჰქონდათ, არც გადაადგილების საშუალება ჰქონდათ, მაგრამ ბავშვთა წრეების მეცადინეობა არ ჩაუშლიათ. ცეკვის, სიმღერის, სპორტის სხვადასხვა სახეობის წრეები სულ მუშაობდა. ბავშვებიც ფეხით დაჰყავდათ, შეძლებისდაგვარად. აი, ასეთი ხალხი გადაარჩენს ქვეყანას მძიმე სიტუაციაში. კიდევ, მადლიერი ვარ ყველა ადამიანის, ვინც გვერდით დაუდგა ოლიმპიურ კომიტეტს სპორტსმენების გადასარჩენად, ნებისმიერის, ვისაც, თუნდაც, ასი დოლარი გაუღია ამ საქმისთვის. მადლობელი ვარ ყველა იმ ადამიანის, რომელმაც პატარა აგური დადო ქვეყნის გადასარჩენად მაშინ, როდესაც პირადად მასაც ძალიან უჭირდა. დღეს უკეთესი პირობები გვაქვს. პროპაგანდისტი არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ უსამართლობას ვერ ვიტან. ავღანეთში დაღუპული მეომრების ოჯახებისთვის, ანდა, საქართველოში დაღუპული მეომრების ოჯახის წევრებისთვის 500 ლარი გახდა პენსია პირველივე წელს, როცა ხელისუფლება შეიცვალა. მეორე წლიდან კი ათას ლარს იღებენ. მცირე საწარმოებიც გაიხსნა. რამდენი სიცოცხლეა გადარჩენილი?! უმადურობა აფუჭებს ყველაფერს. მე რა მინდა? მე არაფერი მინდა იმის გარდა, რომ ქვეყანა იყოს მშვიდობიანად. მიმაჩნია, რომ ყველა ეროვნება ღირსეულია. ადამიანები კი ნებისმიერ ეროვნებაში ცუდებიც არიან და კარგებიც. ამიტომ, მინდა, ისეთ სახელმწიფოში იცხოვროს ჩვენმა შთამომავლობამ, რომ ნებისმიერი სხვა ეროვნების ადამიანისთვის საამაყო იყოს აქაური პასპორტის მიღება და აქ ცხოვრება. აი, მაშინ იქნება ქვეყანა ფეხზე. 

-    დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. ინტერვიუს დავასრულებთ თქვენი კომენტარით ცნობილი ადამიანების ორ გამონათქვამზე. პირველი ციტატის ავტორია ძველი მოჭადრაკე და ჭადრაკის თეორეტიკოსი არონ ნიმცოვიჩი (1886 – 1935): „ყველა ჯანსაღ საზოგადოებაში არსებობს გამსვლელი პაიკი“ 

-    საქართველოში იყო ქარხანა, რომელიც სუნამოებს აწარმოებდა. ამ ქარხანამ გამოუშვა ორი სუნამო: „ნონა ლაზიერი“ და „ნანა პაიკი“. ნანამ იკითხა, რატომ პაიკიო? ლაზიერში გამსვლელი პაიკიაო, - უპასუხეს (იცინის). ჭადრაკის თამაში იგივე ცხოვრებაა. როგორც ცხოვრება არ გაპატიებს დაშვებულ შეცდომას - იმიტომ, რომ ერთ შეცდომას ყოველთვის მოჰყვება მეორე - ასეა ჭადრაკის დაფაზეც. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს: პაიკს სხვა ფიგურები ეხმარებიან, რომ ბოლოში გავიდეს და ლაზიერი გახდეს. მაგრამ თვითონ პაიკსაც დიდი ძალა აქვს, თვითონაც შეუძლია, სხვა ფიგურებს მიეხმაროს. ყველა ხომ ლაზიერი ვერ იქნება?! 

-    მეორე ციტატა ეკუთვნის პოეტს, კომპოზიტორს და  მომღერალს - ბულატ ოკუჯავას (1924-1997): „როცა ჩემი თავი გენიალური მგონია, მაშინვე ჭურჭლის გასარეცხად მივდივარ“. 

-    ადამიანმა თავის თავს გენიალური არ უნდა უწოდოს, ვეთანხმები ბულატს. მაგრამ საკუთარ თავში უნდა იყო დარწმუნებული, სხვანაირად მწვერვალებს ვერ დაიპყრობ. თუმცა, ობიექტურობას არ უნდა ასცდე. ზოგი დუშაშს გააგორებს და რაღაცას მიაღწევს. შეიძლება, არ იმსახურებდეს, მაგრამ გააგორა დუშაში. როცა ადამიანი დაუმსახურებლად რაღაცას მიიღებს, ყოველთვის თავში უვარდება. შეიძლება თავის თავს გენიოსიც უწოდოს და სხვებს ზევიდანაც გადახედოს. მაგრამ ეს დროებითია. ნებისმიერ მიღწევას განვითარება სჭირდება, სხვა შემთხვევაში, აუცილებლად ყველაფერი დაიკარგება.
 

ფოტომასალა: ირაკლი გედენიძე

გუნდი

ირაკლი გედენიძე

ზურაბ ქურციკიძე

გიო კუსიანი

გიორგი ურუშაძე

თამთა ყუბანეიშვილი

ნანა ყურაშვილი