×
ყველა საქმეში თავისი „ათიანია“

ნინო სალუქვაძე

მიზანში მსროლელი


4145

ინტერვიუს შესახებ

ისე მოხდა, რომ კახეთიდან სტუმრად იყო ჩამოსული მეგობარი, რომელიც ჩემი დედულეთის სოფლის სკოლაში მათემატიკას ასწავლის. ათას თემაზე საუბრისას, უცებ ვკითხე, ვისთან ინტერვიუ დაგაინტერესებდა-მეთქი. დაუფიქრებლად მიპასუხა - ნინო სალუქვაძესთანო. ამ კონტექსტში ნინო სალუქვაძეზე არასდროს მიფიქრია. ერთ წამში ასეთი ბრილიანტი სტუმარი როგორ გაგახსენდა-მეთქი, გაოცებულმა ვკითხე. რა დაფიქრება მინდოდა, მთელი ბავშვობა მის გაცნობას ვნატრობდიო...

ისინიც, ვინც, ჩემი მეგობრის მსგავსად, ნინო სალუქვაძის გაცნობას ნატრობდით და ისინიც, ვისაც, ჩემ მსგავსად, ამ თემაზე არასდროს გიფიქრიათ, - დღეს გაიცნობთ საქართველოს და მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ ადამიანს. 

მას აქვს ბევრი რამ, რაც ჩვენ - დანარჩენ საქართველოს - გვაკლია: თავშეკავება, მიზანდასახულობა, სისტემურობა და ამ ყველაფრის შედეგად... ბედნიერება.  

ია ანთაძე

- ქალბატონო ნინო, ჩინელმა ფილოსოფოსმა კონფუციმ გამოთქვა ერთი აზრი, რომელსაც, ალბათ, მთელ საქართველოში თქვენ ყველაზე უკეთ გაიგებთ: „მყარი შუალედი ყველა სათნოებას აღემატება“. თქვენი პროფესიული ცხოვრების რამდენიმე ათწლეული ზუსტად ამ სათნოების - მყარი შუალედის, ანუ „ათიანის“ მსახურებას მოხმარდა. სპორტის მიღმა ცხოვრებაშიც თუ მიჰყვებით „მყარი შუალედის“ პრინციპს? 

- „მყარი შუალედი“ მე ასე მესმის, რომ როგორც ცხოვრებაში, ისე პროფესიაში, სტაბილური უნდა იყო. ეს „ათიანია“ სპორტში, თუ ცხოვრებაში შვილებისთვის ყოველ დილით საუზმის მომზადება და მათი სკოლაში წაყვანა - არ აქვს მნიშვნელობა. შენს თავთან უნდა იყოს პატიოსანი, შენი თავი უნდა გამოწურო მაქსიმალურად. ყველა საქმეში თავისი „ათიანია“ და მე ვცდილობ, ყველაფერში სტაბილური ვიყო. 

- თავიდანვე თქვენი პროფესია - მიზანში სროლა - თქვენს ხასიათს შეესაბამებოდა? თუ თანდათან მოარგეთ ხასიათი იმ საქმეს, რამაც დიდი წარმატება მოგიტანათ?

- საერთოდ, ყველა პროფესია ცვლის ხასიათს. იმ პროფესიისთვის საჭირო საწყისი მონაცემები, ალბათ, გაქვს, საითაც მიდიხარ, - ექიმი ხარ, მწერალი თუ ფილოსოფოსი. მაგრამ, რა თქმა უნდა, რაღაცას ხანგრძლივად რომ აკეთებ, ხასიათიც უფრო მეტად გიყალიბდება იმ მიმართულებით. მე, მაგალითად, უფრო მომთმენ, თავშეკავებულ, უფრო გაწონასწორებულ ადამიანად მაქცია სპორტის ჩემმა სახეობამ. თუმცა, გურული ვარ. კავკასიელები ტემპერამენტიანი ხალხი ვართ და, წესით, სროლას არ ვესადაგებით. აქ მშვიდი და აუღელვებელი უნდა იყო. ფაქტია, რომ სისტემატურმა მუშაობამ ჩემი საწყისი მონაცემები უფრო გააღრმავა და განავითარა. თუმცა, მებრძოლი ხასიათი თავიდანვე უნდა გქონდეს. 

 

ვცდილობ, ყველაფერში სტაბილური ვიყო..

- თქვენ ასეთი ფრაზა გაქვთ ნათქვამი: „წარმატება უნდა იყოს ჩვევა“. მაგრამ ეს ადვილი არ არის. რა უნდა გააკეთოს ადამიანმა იმისთვის, რომ წარმატება ჩვევად ჩამოიყალიბოს?

- პირველ რიგში, შრომისმოყვარეობას ვიტყვი. რასაც აკეთებ, ხატავ, ძერწავ თუ ისვრი, იმდენად ჩვევაში უნდა გქონდეს გადასული, რომ თვალდახუჭულ მდგომარეობაშიც უნდა გამოგდიოდეს. განუწყვეტელ შრომას მოაქვს ეს შედეგი. ბავშვებს სულ ვეუბნები, სანამ კბილებიდან ოფლი არ გაგივათ, მანამდე უნდა იშრომოთ-მეთქი. ადრე თუ გვიან, ასეთი შრომა აუცილებლად დაფასდება. 

- ყველაზე დიდ წარმატებას - ოლიმპიურ ჩემპიონობას - მაშინ მიაღწიეთ, როცა 19 წლის იყავით. და მაინც, თქვენს პროფესიაში თუ არის რამე, რასაც მხოლოდ მაშინ მიხვდით, როცა ასაკი და გამოცდილება მოგემატათ? 

- არასდროს ერთ ადგილზე არ ვჩერდები. მაგ წარმატების შემდეგ 20-ზე მეტი მსოფლიო რეკორდი მაქვს დამყარებული. ყოველთვის რაღაც ახალს ვსწავლობდი არა მხოლოდ ჩემი პროფესიის წარმომადგენლებისგან, არამედ სხვა სახეობის სპორტსმენებისგან, მწვრთნელებისგან, ექიმებისგან. სწავლება ძალიან იოლია, ბევრი გასწავლის, ჭკუას გარიგებს. ყველას ვუსმენდი, მაგრამ რაც მჭირდებოდა, იმას ვიღებდი. რაც ჩემს პროფესიაში გამომადგებოდა, იმას ვწურავდი და კარგად ვიყენებდი. 

- შეგიძლიათ, ერთი რამე მაინც გვითხრათ - რა არის ისეთი თქვენს პროფესიაში, რაც ოლიმპიური ჩემპიონობის შემდეგ ისწავლეთ? 

- 19 წლის ასაკში უკვე ჩამოყალიბებული პროფესიონალი ვიყავი. სხვისთვის შეიძლება გაუგებარია - რაღა უნდა მესწავლა იმის შემდეგ, რაც ნებისმიერი სპორტსმენისთვის ყველაზე სანუკვარ მწვერვალს მივაღწიე და ოლიმპიური ჩემპიონი გავხდი. ამას დიდი წინაპირობა აქვს. მამა - ვახტანგ სალუქვაძე - ჩემი მწვრთნელია, უბრალოდ, ახლა უკვე ასაკშია. ამ ადამიანმა მთელი ცხოვრება მიზანში სროლას შეალია. როცა თვითონ გამოდიოდა სხვადასხვა შეჯიბრზე, მაღალკვალიფიციური მწვრთნელი არ ჰყავდა. ყველაფერი, რაც სპორტის ამ სახეობას შეეხება - ფსიქოლოგია, ტექნიკა და სხვა, თავისი გამოცდილებით შეისწავლა. ზოგიერთ რამეს, ანალიზს რომ აკეთებდა, რამდენიმე წლის მერე მიმხვდარა, ვთქვათ, მიმხვდარა, რა იყო შეცდომა, რა იყო სწორი. რაც მან 50 წლის განმავლობაში ჩამოაყალიბა, გაფილტრა და სწორი მიმართულებით წარმართა - მზამზარეულად მომაწოდა მე 13 წლიდან. ჯერ ანბანი მასწავლა, მერე ნელ-ნელა სიტყვები და წინადადებები შევადგინეთ სპორტის ამ სახეობისთვის. რა თქმა უნდა, ეტაპობრივად ვიღებდი ამ ცოდნას. წლების განმავლობაში ტექნოლოგიური პროგრესიც შეგვეხო. და, რაც მთავარია, ადამიანებთან ურთიერთობის განვითარება ჩვენი სპორტისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია. ეზოში რომ ყარაულია, მისგანაც ვიღებ რაღაც დადებითს, რასაც ჩემს პროფესიაში გამოვიყენებ. ასე რომ, 19 წლის კი გავხდი ჩემპიონი, მაგრამ იმის შემდეგ ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. 

 

ყველა პროფესია ცვლის ხასიათს.

- მთლიანობაში, ასაკის მატება თქვენს პროფესიაში უფრო საფრთხის შემცველია, თუ უფრო მეტად შესაძლებლობებს ზრდის, რადგან გამოცდილება ემატება ადამიანს? 

- გამოცდილება გემატება და ამ გამოცდილებას შეძლებისდაგვარად იყენებ. მაგრამ არცერთი შეჯიბრი ერთმანეთს არ ჰგავს. ჩვენი სახეობა ძალიან ფსიქოლოგიურია, 70-80% მოდის ფსიქოლოგიაზე. სროლის ტექნიკას ყველას ვასწავლი. მაგრამ შეჯიბრზე რომ ჭიდილი მიდის, იმ დაძაბულობას ვინ გაუძლებს?! როგორც კი რამეს გავიფიქრებთ, გვინდა თუ არ გვინდა, ჩვენი სხეული იმას აკეთებს. ამიტომ, ფსიქოლოგიური სიმყარე უნდა გვქონდეს, პირველ რიგში. მიზანში სროლა სპორტის ერთადერთი სახეობაა, სადაც ტესტების მეშვეობით წინასწარ ვერ განსაზღვრავ, ვინ რა შედეგს აჩვენებს. 

- საქართველოში დღეს არცთუ ბევრი ადამიანი გვყავს, რომლის საქმიანობა მნიშვნელოვანია მსოფლიო მასშტაბით. მარტო სპორტს არ ვგულისხმობ. ერთ-ერთი თქვენ ხართ და თქვენს მიღწევებს შორის ყველაზე ღირებული, ალბათ, ის არის, რომ შეძელით, გეასპარეზათ ყველა ოლიმპიადაზე, რომელიც კი ჩატარდა, რაც თქვენ მსროლელი გახდით. 

- მყარი შუალედი.

- დიახ, ზუსტად. როგორ ფიქრობთ, რა არის ყველაზე მთავარი, რითიც ასეთ შედეგს მიაღწიეთ? რითიც მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი გამორჩეული ადამიანი აღმოჩნდით? 

- არ ვთვლი, რომ გამორჩეული ვარ. 

- ცნობილია, რომ მთელ მსოფლიოში მხოლოდ ორი ადამიანი არსებობს, ვინც თქვენნაირი სტაბილური შედეგი აჩვენა ოლიმპიადების ისტორიაში. ჩვენს ინტერვიუს ბევრი ადამიანი წაიკითხავს და მინდა,  მათ აუხსნათ, რა არის თქვენში ისეთი, რამაც გამორჩეული პროფესიული შედეგების მქონე ადამიანი გაგხადათ. 

 

ყველას ვუსმენდი, მაგრამ რაც მჭირდებოდა, იმას ვიღებდი.

- ისევ და ისევ შრომისმოყვარეობა. ისიც, რომ ჩემს პროფესიაში ბევრი რამ ჩავდე. ძალიან კარგი ოჯახი მაქვს, მაგრამ ოჯახს მაინც ვაკლივარ, ამ პროფესიის გამო. ბევრი რამ დავთმე, ჯერ კიდევ ბავშვობიდან. შეიძლება, სადღაც გული მწყდება, მაგრამ არც მწყდება, რადგან ბევრი ქვეყანა ვნახე, ბევრი მეგობარი შევიძინე. ჩემს ხასიათზე გეტყვით, რომ ამ ზამთარს ახალ წელს საავადმყოფოში შევხვდი, ვირუსის გამო. ორ იანვარს გამოვედი. ვიცოდი, რომ 21 იანვარს შეჯიბრზე მივდიოდი. გადასხმის სისტემა მედგა, რომელიც 7 იანვარს მომხსნეს. სასროლეთზე მოსვლას ვერ ვახერხებდი, რადგან ძალიან სუსტად ვიყავი, მაგრამ 8  იანვრიდან სახლში უკვე იარაღით ვიდექი საათობით. იმიტომ, რომ პასუხისმგებლობის გრძნობა მაქვს, შრომისმოყვარეობა მაქვს და ამან განაპირობა ამდენი წლის განმავლობაში ჩემი სტაბილური შედეგი. 

- წარმომიდგენია, მთელ მსოფლიოში რამდენი შრომისმოყვარე ადამიანია, მაგრამ მათი შედეგები თქვენსას არ ჰგავს. 

- მამაჩემი ამბობდა, ისეთი ხასიათი გაქვს, რომ ნებისმიერი რამ, რაც უნდა გეკეთებინა, გამოგივიდოდაო. ხატვა და ძერწვა მიყვარდა, დიზაინი. სპორტს რომ არ გავყოლოდი, შეიძლება, იქით წავსულიყავი. 

- თუ ეთანხმებით მამას, რომ სხვა პროფესიას თუ აირჩევდით, იქაც ასეთი წარმატებული იქნებოდით? ვთქვათ, დიზაინი რომ აგერჩიათ?

- 100%-ით ვარ დარწმუნებული, ძალიან ბევრს მივაღწევდი, პროფესიად დიზაინი რომ ამერჩია.

- დიზაინში წარმატებისთვის აუცილებელად დაგჭირდებოდათ შემოქმედებითი აზროვნება. თქვენს დღევანდელ პროფესიაში თუ იყენებთ შემოქმედებით აზროვნებას? 

 

ძალიან ბევრს მივაღწევდი, პროფესიად დიზაინი რომ ამერჩია.

- სპორტის ჩვენს სახეობაში ძალიან გვეხმარება მოქნილი ხელი; მაგალითად, ხელი, რომელსაც ხატვა და ძერწვა შეუძლია. მეც დამეხმარა. სასხლეტი ისე უნდა დაამუშაო, რომ იარაღი არც გაინძრეს. ეს წარმოუდგენელია, ისეთი უკუსვლა აქვს გასროლილ ტყვიას, მაგრამ ვახერხებთ.  სასხლეტის დამუშავება, ფაქტობრივად, საიუველირო სამუშაოა. მე შეიძლება ზედმეტადაც ვგრძნობ სასხლეტს. ასე რომ არ ვგრძნობდე, იქნებ, უკეთესიც იყოს. ეს მხოლოდ ვარჯიშის და შრომის ხარჯზე არ ხდება, მონაცემიც უნდა გქონდეს. ზოგ ქალზე იტყვიან ხოლმე, ნემსში ძაფსაც ვერ გაუყრისო. ზოგს კი ძალიან ფაქიზი, მოქნილი და დახვეწილი ხელი აქვს. 

- ამას უკავშირებთ შემოქმედებით აზროვნებას?

- დიახ. ზოგადად, შემოქმედებითი აზროვნება ისე არ მაქვს განვითარებული, როგორც მხატვარს, ფოტოგრაფს ან ვინმე სხვას. ამას უკვე ჩამოვრჩი. მაგრამ ზუსტად გუშინ ჩემი შვილები მეუბნებოდნენ, დიზაინის და ფერების ხედვა გაქვს, ყველაფერს ზუსტად მიუჩენ თავის ადგილს, თუნდაც, სახლშიო. 

- თქვენს ოჯახში მიზანში მსროლელთა სამი თაობაა  - მამათქვენი, ვახტანგ სალუქვაძე, რომელზეც თქვენ ამბობთ, რომ მსოფლიოში ყველაზე კვალიფიციური მწვრთნელია, თქვენ  - ნინო სალუქვაძე, ოლიმპიური ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მფლობელი და თქვენი ვაჟი, ცოტნე მაჭავარიანი, რომელიც - 18 წლის ასაკში - უკვე მონაწილეობდა რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე. ოჯახურ ცხოვრებას და ურთიერთობებს ხელს უწყობს, თუ ხელს უშლის ერთმანეთზე ასე გადაჯაჭვული თქვენი სპორტული ცხოვრება?

- დამიჯერეთ, რომ ოჯახში სპორტულ ცხოვრებაზე არ ვსაუბრობთ. ოჯახში სხვა თემების სპექტრი შემოდის, სხვა პრობლემებია. ოჯახში ვართ ბაბუა, დედა, შვილი... სასროლეთში კი მამაჩემი ჩემი მწვრთნელია, მე ცოტნეს მწვრთნელი ვარ. აქ, პირიქით, დედა, მამა და შვილი არ არსებობს. 

- თქვენ თქვით, ცოტნეს ყველაზე მკაცრად ვექცევი და დამეჩაგრაო. 

- არა, ისეთი არაფერი ყოფილა. 

 

ოჯახში სპორტულ ცხოვრებაზე არ ვსაუბრობთ.

- მამათქვენი თუ იყო მკაცრი მწვრთნელი თქვენთვის? 

- არა, არასოდეს. ვარჯიშებზე საერთოდ არ არის საჭირო სიმკაცრე. ეს ნებაყოფლობითი საქმიანობაა. თუ ადამიანს დაძალება სჭირდება, ესე იგი, არ უნდა და ძალით დღეს ვერავის ვერაფერს გააკეთებინებ, მათ შორის, ვერც შედეგს. 

- რაში გამოიხატება თქვენი სიმკაცრე, ცოტნე ცოტა დამეჩაგრაო, რომ თქვით?

- დისციპლინაში. დისციპლინა არის საქმის კეთების 30%. მაგრამ ეს მხოლოდ ცოტნეს არ ეხება. ეს ყველას ეხება, ვინც სროლაზე დადის. სწორადაც რომ არ ასწავლო რამე, თუ დისციპლინას ასწავლი, შედეგი მაინც მოვა. 

- და ამ სიმკაცრეს, რაც დისციპლინის ჩვევად ჩამოყალიბებას სჭირდებოდა, სახლში რითი აბალანსებდით? 

- არ დამჭირვებია ზედმეტი სიმკაცრე ჩემს შვილებთან. ბავშვობიდანვე ახსნით ვასწავლიდი. შეიძლება, ზედმეტიც ვასწავლე. 

- რას გულისხმობთ?

- მაგალითად, ვეუბნებოდი: „მინდა“ არ გამაგონოთ! ბავშვები მაღაზიაში რომ დაიწყებენ ხოლმე ფეხების ბაკუნს „მინდას“ ძახილით, იცოდნენ, რომ ეს დაუშვებელი იყო. დღემდე ვერ ვახერხებ, როცა ვეკითხები, რა გინდათ-მეთქი, მითხრან, რა უნდათ. ეს ერთი უბრალო მაგალითია. ყველა მოსწავლეს ერთსა და იმავეს ვეუბნები - რომ არ მაინტერესებს მათი მიღწევები, მათი მედლები, თუ, პირველ რიგში, ადამიანები არ იქნებიან. ჯერ ადამიანობა, მერე სწავლა და სხვა დანარჩენი. ადრე გამაბრაზეს და მოვიდნენ მერე ბავშვები დაღონებულები; ნინუცაც (ქალიშვილი) იქ იყო და ცოტნე მეუბნება: დე, ადამიანები მაინც არ ვართო?! ამიტყდა სიცილი. ერთი შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი შვილები ადამიანები ნამდვილად არიან. 

-  თქვენს მოწაფეებთან ერთად შეკრებებზე რომ დადიხართ, ალბათ, იქ უფრო გრძნობთ მათ ხასიათს. თუ აქ როცა ვარჯიშობენ, მაშინაც ხვდებით, როგორი ადამიანები არიან?

 

არ დამჭირვებია ზედმეტი სიმკაცრე ჩემს შვილებთან.

- ერთი შეხედვით რას გაიგებ, ვინ რა ხასიათის არის? შეკრებებზე ზუსტად მაგიტომ დავყვები: ჯერ ერთი, რომ დავახელოვნო ამ სახეობაში, რა თქმა უნდა. მაგრამ მათთან „კარტსაც“ ვთამაშობ, სხვა თამაშებსაც, რომ ვიგრძნო, უფრო - დავინახო, ვინ რას წარმოადგენს. მოხარული ვარ, რომ ძალიან კარგი ახალგაზრდა თაობა მოდის. ჩემ ირგვლივ ვინც არის, ნამდვილად კმაყოფილი ვარ ამ ბავშვების. ცოტა განათლებას კი უნდა მივხედოთ. 

- ახლა თქვენს დისერტაციაზე მინდა, გკითხოთ. რა ასაკში იყავით, როცა დაიცავით? 

- არ დამიცავს. გამზადებული ნაშრომი მიდევს. სანამ დავიცავდი, ჩემი ხელმძღვანელი დაიღუპა, ამირან გრიგოლავა, შესანიშნავი ადამიანი და ფსიქოლოგი. საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრებზე მაქვს ცდები ჩატარებული, რომლებიც უმაღლესი კლასის სპორტსმენები არიან; და, ასევე, დამწყებ სპორტსმენებზე. ყველაზე რთული რაც არის, შენი შესაძლებლობების რეალიზაციის მეთოდები შეჯიბრზე - ამაზეა ჩემი დისერტაცია. 

- თქვენთვის რა იყო ყველაზე მთავარი, რაც ამ თემაზე მუშაობის პროცესში გაიგეთ? 

- ძალიან რთული კვლევა ჩავატარეთ. შეუძლებელი აღმოჩნდა, წინასწარ განსაზღვრო, რომ ამა და ამ ხასიათის ადამიანი მიაღწევს შედეგს. სრულიად განსხვავებული ხასიათის ადამიანები დებდნენ მაღალ შედეგებს, მაგრამ მებრძოლი სული ყველას ახასიათებდა. 

- ალბათ, ამაში გასაკვირიც არაფერია. 

- ბევრჯერ მსმენია ამა თუ იმ ადამიანზე - „რა ნიჭიერია, მაგრამ ვერაფერს მიაღწია!“ რატომ? იმიტომ, რომ თითი არ გაანძრია იმ ნიჭის განვითარებისთვის. 

- ცოტა ზარმაცი ხალხი ვართ?

- არ ვართ ზარმაცი ხალხი. 70-მა წელმა ცოტა გადაგვაჩვია შრომას, რადგან ბევრი ადამიანი იყო, ვინც მარტო ხელფასზე არ ცხოვრობდა. ყველამ ვიცით, რა სისტემა იყო და სიტყვას აღარ გავაგრძელებ. დედაჩემის მშობლები იმერეთში ცხოვრობდნენ და მე ასეთი მშრომელი ადამიანები არ მინახავს ცხოვრებაში. ბაბუა იყო ასეთი, დედაჩემი ასეთია, სამი ძმა ჰყავდა, ორი ასეთია, ერთი - არა (იცინის). მეც ასეთი ვარ. დედა 81 წლის არის. ახლა რომ ენერგია აქვს, მე არ მქონია ახალგაზრდობაში. 

- თქვენ ბევრჯერ გითქვამთ: ჩვენს პროფესიაში 20% ტექნიკას ეკუთვნის, 80% ფსიქოლოგიას; მამა სწორედ ამაში გვეხმარებოდაო. ის პროფესიით ფსიქოლოგი არ არის. რა იყო მისი, როგორც ძალიან ეფექტური მწვრთნელის, საიდუმლო?  

 

დედას ახლა რომ ენერგია აქვს, მე არ მქონია ახალგაზრდობაში.

- თქვენ ხომ იცით, რომ „სიმ-სიმ“ არ არსებობს? მე ერთი ჯადოსნური სიტყვა გითხრათ და თქვენ ზეციდან ვარსკვლავები მოწყვიტოთ, - არ არსებობს ამის რეცეპტი. მამა კარგად იცნობდა ადამიანის ხასიათს და, სიტუაციიდან გამომდინარე, ისეთ რამეს გთავაზობდა, სიტყვიერად თუ მოქმედებით, რაც შენს სიმშვიდეს იწვევდა და არა შფოთვას. მას რომ მისნაირი მწვრთნელი ჰყოლოდა თავის დროზე, ასე მგონია, უფრო დიდ შედეგებს მიაღწევდა ჩვენს სახეობაში, ვიდრე მე მაქვს. მაგრამ ბედნიერია იმით, რომ თავისი ცხოვრება შესწირა შვილის წარმატებებს. მე დიდებში არც მსოფლიო ჩემპიონატი მქონდა მოგებული, არც ევროპის ჩემპიონატი, როცა ოლიმპიადა მოვიგე. 

- ამის გარდა, ათეულობით მსოფლიო რეკორდი გაქვთ დამყარებული, როგორც წავიკითხე. რას ნიშნავს მსოფლიო რეკორდი თქვენს პროფესიაში? 

- სროლების გარკვეული რაოდენობიდან ქულების რაღაც რაოდენობა უნდა დააგროვო. ყველაზე წარმატებული ადამიანი, რომელიც ყველაზე მაღალ ქულას პირველი დააგროვებდა, მსოფლიო რეკორდსმენად ითვლებოდა. მამა თავისთვის გეგმას რომ წერდა, არასდროს მეუბნებოდა, რა შედეგს ელოდა ჩემგან. ვთქვათ, 60 გასროლიდან მაქსიმალური ქულაა 600. რატომ აყენებ შეზღუდვას? რა არის შეუძლებელი?! თავს ვწურავდი, რომ უშეცდომოდ შემესრულებინა ჩემი სამუშაო. ამასობაში დაგროვდა ოცზე მეტი რეკორდი. ჩვენ, მსროლელები, ერთმანეთს არ ვეჯიბრებით, მხოლოდ საკუთარ თავს. მაგრამ ვარჯიშზე რაც არ გაგიკეთებია, შენს თავს გადაახტე და შეჯიბრზე უკეთესი შედეგი აჩვენო - არ არსებობს ჩვენს სპორტში. სხვა სპორტში ეს შესაძლებელია. 

- რატომ ვეღარ შეძელით იმ შედეგის გამეორება, რასაც 1988 წელს სეულის ოლიმპიადაზე მიაღწიეთ, სადაც ერთი ოქროს და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვეთ? 

- 1988 წლამდე სრულიად განსხვავებული პირობები მქონდა -  სავარჯიშო თუ ცხოვრებისეული. ყველა პირობა მქონდა შექმნილი, რომ წარმატებისთვის მიმეღწია: შეკრებები, შეჯიბრებები, იარაღი, ტყვია-წამალი... ყველაფერი, რაც გინდოდა. რა ხდება 1989 წლიდან საქართველოში? დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა და, ბოლოს, დამოუკიდებლობის გამოცხადება. 1991 წელს, მთელი წლის განმავლობაში, სახლში ვისხედით სპორტსმენები. რა თქმა უნდა, საბჭოთა კავშირის სახელით შეჯიბრზე არ გამოვიდოდით. 

- არც საბჭოთა კავშირის სახელით გადიოდით და ვერც საქართველოს სახელით?

 

მამა არასდროს მეუბნებოდა, რა შედეგს ელოდა ჩემგან.

- დიახ, საბჭოთა ნაკრებს ისედაც ერთი სული ჰქონდა, მათი გუნდიდან როგორმე ჩამოვეშორებინე. შედეგების გამო ვერ მაგდებდნენ. რა ხდება 1992 წელს? უი, ცალკე ვერ გავდივართ და „ესენგეს“ სახელით უნდა გავიდეთო. ისევ მომიწია მთელი კონკურენციის გავლა, რომ ნაკრებში მოვხვედრილიყავი. მთელი ძალა შევალიე, რომ 1992 წლის ზაფხულის ოლიმპიადამდე ყველა ეტაპი გამევლო. სხვადასხვა შეჯიბრზე მიღწეული შედეგების მიხედვით აკომპლექტებდნენ გუნდს. ყველა შეჯიბრი მოვიგე, რომ კითხვა არ გაჩენილიყო, ნაკრებში უკან დავებრუნებინე თუ არა. უკვე სრულიად გამოფიტული წავედი ბარსელონის ოლიმპიადაზე. მეხუთე-მეშვიდე ადგილი ჩემთვის იყო ჩავარდნა. მაგრამ გადაღლილი ვიყავი. ეს ჩემი ბრალია?! რა ხდება 1993 წლიდან? ომი და ათასი უბედურება. სროლაზე ზედმეტი იყო ლაპარაკი. ამ დროს შემთხვევით გამოჩნდნენ იტალიელები (ვისი იარაღითაც ვისვრი) და დამეხმარნენ, რომ შეჯიბრებებზე მაინც მევლო. მე კი არა, საქართველოს დაეხმარნენ, რომ მე სპორტსმენად შევრჩენოდი ქვეყანას. მერე გერმანელები დამეხმარნენ. ძალიან ბევრი მეგობარი მყავს უცხოეთში. სომხები მეხმარებოდნენ, რომლებიც გერმანიაში ცხოვრობენ. 1996 წელს ატლანტაში კარგი შედეგით წავედი, მაგრამ იქ ახალი კომპიუტერული სისტემები იყო. აურია სისტემამ თუ არ აურია, ამის დამტკიცებას ვერ შევძლებ, მაგრამ შეუსაბამო რაღაც მოხდა, მაშინ ვერ გავერკვიეთ. მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ მივხვდით, რა შეიძლებოდა ყოფილიყო. ფინალში მეორე შედეგით შევედი და მეშვიდე შედეგით გამოვედი. დავანებოთ ამას თავი. შემდეგ წამოვიდა სიდნეი, ათენი და ასე შემდეგ. 1988 წლამდე რა პირობებიც მქონდა, დღესაც არ მაქვს. რაც ყველაზე მთავარია, საქართველოში დღემდე არ მაქვს ღია სასროლეთი.  

- ის, რომ მსროლელებს ღია ბაზა არ გაქვთ, ბევრჯერ გითქვამთ. მაგრამ მინდა, ჩვენმა მკითხველმა იცოდეს, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი. 

- შეჯიბრი ყოველთვის ბუნებრივ პირობებში ტარდება. ჩვენ კი დარბაზში ვემზადებით. მოგეხსენებათ, ღია ცის ქვეშ და დარბაზში სულ სხვადასხვა განათებაა, გარეთ ქარი და წვიმა მოქმედებს. 

- ისეთ პირობებში, როგორშიც ასპარეზობა გიწევთ, 1988 წლის შემდეგ საქართველოში აღარ გივარჯიშიათ? 

- არასდროს. სოხუმში, ეშერაში იყო საბჭოთა კავშირის დიდი ბაზა და ომის შემდეგ სრულად გაჩანაგებულია. 

- ზედიზედ ცხრა ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვეთ და რვა ოლიმპიადის მონაწილე ხართ, მეცხრე ამ ზაფხულს ტარდება. სამი ოლიმპიური მედალი გაქვთ. საქართველოში იყო თუ არა პრეტენზიები თქვენ მიმართ, რომ კი წახვედით ოლიმპიადაზე, მაგრამ რატომ არ ჩამოიტანეთ კიდევ უფრო მეტი მედალი? 

 

თავს ვწურავდი, რომ უშეცდომოდ შემესრულებინა ჩემი სამუშაო.

- სხვათა შორის, გამიკვირდა. ეს შეიძლება გკითხოს იმ პროფესიის ადამიანმა, რომელმაც სპორტის ბევრი არაფერი იცის. კითხვა ასე დამისვეს: - რა მნიშვნელობა აქვს, რამდენჯერ მიიღებ მონაწილეობას, ხარისხიო? რა თქმა უნდა, ჩემი კუმირი სანეევია. ოთხი ოლიმპიური ოქრო აქვს, მე ასე ვთვლი. 

- თუმცა, ოფიციალურად სამი ოქროა აღიარებული. 

- თუნდაც, სამი იყოს. რა თქმა უნდა, ეს მირჩევნია, მაგრამ თქვენ - მე ვუთხარი - ამ ქვეყანაში არ ცხოვრობდით? რა გავიარეთ, რა პირობები გვქონდა... 

- ჩინოვნიკისგან მოდიოდა ეს საყვედური? 

- დიახ, სპორტის სფეროს ჩინოვნიკისგან. 

- კითხვები უჩნდებათ ხარისთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ვერაფერში გეხმარებიან?

- ჩემი ქვეყნის ყველა გასაჭირი მესმის. ყველა გასაჭირი გავითავისეთ ჩემმა მეუღლემ და მე. ისიც აფხაზეთის ომში დაჭრილია. მეტი პატრიოტიზმი, არ ვიცი, რა შეიძლება იყოს. თვალის ოპერაციაც კი გავიკეთე ახლა, დეკემბერში, იქნებ, ჩემს ქვეყანას კიდევ გამოვადგე-მეთქი. ყოფით დონეზე, არაფერი საოპერაციო არ მჭირდა, მაგრამ ეს ოპერაცია საშუალებას მომცემს, რომ შეჯიბრზე უკეთესად გამოვიდე. პირობებს, თითქოს, მიქმნიან, მაგრამ სულ საზღვარგარეთ მიწევს შეკრებებზე სიარული. დიდი პერიოდით ვერ მიდიხარ. რამდენი ხნით შეიძლება მიატოვო ოჯახი? 

- რატომ არ კეთდება აქ ღია ბაზა, ბუნებრივ პირობებში?

- მაგას მე ნუ მეკითხებით. ოცდაათი წელი გავიდა ამ ბაზის დაპირებაში.

 

საქართველოში დღემდე არ მაქვს ღია სასროლეთი.

- ძალიან ძვირი ჯდება? 

- არ ჯდება ძალიან ძვირი. თან, გრძელვადიანი დანახარჯია. სპორტის მინისტრებს კი ესმოდათ, - რა უნდა მოგთხოვოთ, ვერაფერს გიკეთებთო. მაგრამ ჩემს სპორტულ კარიერაში მესამედ გაერთიანდა სპორტის, კულტურის და ახლა კიდევ განათლების სამინისტროები. არასდროს არ გაამართლა. რატომ ვბრუნდებით უკან? არანაირი ეკონომია არ მოიტანა ამ ნაბიჯებმა, პირიქით, ქაოსი და უკმაყოფილება გამოიწვია. ის წარმატებები, რაც სპორტში გვაქვს, თითოეული სპორტსმენის გმირობაა, ინდივიდუალურად. 

- როგორც ვიცი, თქვენს სახეობაში ახალი წესები შემოიღეს იმიტომ, რომ ქალების და მამაკაცების პირობები ერთმანეთს გაუტოლონ.

- დიახ, მამაკაცებიც და ქალებიც ახლა შეჯიბრზე სამოცჯერ ისვრიან. ადრე ქალები ორმოცჯერ ისროდნენ. 

- თქვენ თქვით, ამის შემდეგ გრძელვადიანი სპორტსმენები აღარ იქნებიან იმიტომ, რომ ტრავმები გახშირდებაო. რა ტიპის ტრავმები არსებობს და ახალი წესები რატომ ქმნის დამატებით საფრთხეს? 

- მე 15 წლის ვიყავი პირველად, როცა ხელი ისე გადავღალე, რომ ჭიქას ვერ ვიჭერდი. ხერხემალი, კუნთები, ფსიქიკა - ეს არის საფრთხის ზონები. როდესაც ერთმანეთს გაუტოლეს კაცების და ქალების სროლის რაოდენობა, ძალიან გაიზარდა დატვირთვა. მე ცხოვრებაში ვარჯიშზე არ მისვრია 50-ზე მეტი.  ახლა შეჯიბრზე უნდა ვისროლო 60, პლუს საცდელი 15 გასროლა და კიდევ მოთელვა. ესე იგი, სულ 120-140 გასროლა გამოდის. 

- თქვენს სპორტულ ცხოვრებაში რამე ისეთი თუ მომხდარა, რასაც ტრავმა დაუტოვებია თქვენთვის? ამჯერად, ფიზიკურ ტრავმას არ ვგულისხმობ. 

- ატლანტა, ისევ და ისევ. ჩემთვის არასოდეს ყოფილა ტრაგედია, რომ მორიგი ოლიმპიადა ვერ მოვიგე, ან რომელიღაც შეჯიბრზე ვერ ავიღე პირველი ადგილი. ყველაფერს ხომ ვერ მოიგებ? როდესაც შეჯიბრი მიმდინარეობს, ჩვენ 60 სტარტი და ფინიში გვაქვს. ყველაფერი უნდა გააკეთო საიუველირო დახვეწით, თანაბარ დონეზე. შეუძლებელია, ამ ხანგრძლივი დროის განმავლობაში შენი ფსიქოლოგიური მდგომარეობა ოპტიმალურ დონეზე შეინარჩუნო.

 
რომ იძახიან, ერთ ამოსუნთქვაზე უნდა ჩაატაროო, ჯერ მიდი იმ ერთ ამოსუნთქვამდე და მერე ჩაატარე ბოლომდე. გაძელი, აბა, ბოლომდე!

ბავშვებსაც ამას ვასწავლი, რომ, ვთქვათ, სროლა არ წავიდა. გამომხედე უკან, გამოდი. მე, როგორც მწვრთნელს, არ მაქვს უფლება, ცეცხლის ხაზთან მივიდე. მაგრამ თუ უკან გამოვა მსროლელი, რაღაცას ვეტყვი, გადავატანინებ ყურადღებას, რომ ის უარყოფითი მდგომარეობა შეცვალოს. 

- ამას აკეთებდა მამათქვენი თქვენთან? 

- რა თქმა უნდა, აკეთებდა. ერთხელ, საბჭოთა კავშირის სპარტაკიადაზე, ისეთი გამყინვარება იყო მოსკოვში, სამი სერია ვისროლე და მაძაგძაგებს. ვერაფერს ვეღარ ვგრძნობ. გამოვედი და ვეუბნები მამაჩემს: ვახო, რა ვქნა, ყველაფერს ვცდილობ, მაგრამ არ გამომდის. მომეცი ხელებიო, დამშვიდდი, გააგრძელე და, რაც არის, არისო. ბოლო, მეოთხე სერია ისე ამოვქაჩე, რომ მესამე ადგილზე გავედი. იქ წამში მილიონი აზრი შემოდის ტვინში. მთავარია, ეს ნაკადი იმ აზრისკენ მიმართო, რომელიც შენ გადგება და მერე ეს მდგომარეობა შეინარჩუნო. ამას აკეთებდა ვახო და მეც ამას ვცდილობ. სხვადასხვა მეთოდია, როგორ უნდა მოეშვა, სუნთქვიდან დაწყებული... ინტერვიუში ამას ვერ ჩავატევთ. რამდენჯერ მიმღერია, რამდენჯერ მიცეკვია ჩემს წარმოდგენაში შეჯიბრის დროს, რომ ცუდი მდგომარეობიდან გამოვსულიყავი. 

- შეჯიბრის დროს?! 

- რა თქმა  უნდა. ვთქვათ, ცუდად დავიწყე. სიბრაზე ჩვენთან დამღუპველია. თუ გაბრაზდი, აუცილებლად უარესად ისვრი. ამიტომ, უნდა დააწყნარო შენი თავი. 

- და რომ დაწყნარდეთ, უცებ წარმოიდგენთ, როგორ ცეკვავთ? 

- დიახ, რამდენჯერ „სულიკო“ მიმღერია.

 
ვახო სულ მაშაყირებდა, არ გაქვს სმენა, „სულიკოს“ ვერ მღერიხარო. გუნებაში ვმღერივარ, მე ვიძახი - ზუსტად! ხმას რომ ამოვიღებ, აღარ გამომდის.

- ატლანტა მაინც ტექნიკური ხარვეზი იყო, თუ ეჭვი გაქვთ, რომ ადამიანი ჩაერია? 

- ჩემი სროლის დაჯგუფება ძალიან კარგი იყო, მაგრამ ცენტრს იყო აცდენილი. ერთადერთი, რაც შეიძლება მომხდარიყო, კომპიუტერში დისტანცია - 25 მეტრის მაგივრად - არასწორად ყოფილიყო მითითეული 10 მეტრი. აზრადაც არ მომსვლია, შემემოწმებინა, რა დისტანცია იყო დაყენებული. 30 გასროლის საუკეთესო შედეგი არის 300 ქულა. მთლიან შეჯიბრზე მქონდა 295 - ანუ ოცდაათი სროლიდან მხოლოდ 5 ცხრიანი. დარჩენილი ათი გასროლიდან - სულ შვიდიანები და რვიანები? 

- თქვენ ვერ იგრძნობდით, თუ ასე ცუდად ისროლეთ?

- მეორე შედეგით შევედი ფინალზე. მესამე ადგილზე გასულთან სამი ქულა მქონდა ფორა და საერთოდ არ ვნერვიულობდი. პირველ ადგილს თუ დავეწეოდი, თორემ მეორე ადგილი გარანტირებული მქონდა. საქმე ის არის, რომ შემდეგ, სხვა შეჯიბრებებზე ანალოგიური შეცდომები მოხდა. ამან კიდევ უფრო დაგვარწმუნა, რომ პროგრამული შეცდომა რეალური ვერსია იყო. იასნა სეკარიჩს დაემართა იგივე და კი კონკურენტია, მაგრამ თუკი ადამიანი კარგად ისვრის, იმას რატომ უნდა შეუშალო ხელი? ერთ-ერთ შეჯიბრზე დავუყვირეთ, რომ გადაემოწმებინათ პროგრამა, რადგან არაადეკვატურად უჩვენებდა შედეგს ფინალში. გადაამოწმეს იმ წუთში და დარწმუნდნენ, რომ მართლაც შეცდომა იყო. გამოასწორეს და ლიცენზია მიიღო იმ შეჯიბრზე ამ ადამიანმა, ჩემმა კონკურენტმა. 

- თქვენს პროფესიასთან რა რისკებია დაკავშირებული? 

- რა თქმა უნდა, არსებობს ფსიქოლოგიური გადაღლის მომენტი. არ გინდა, გეზარება რაღაცის გაკეთება. ჩვენთან ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ ვარჯიშს, არამედ, დასვენებას. ვთქვათ, ისე მოხდა, რომ დასვენება თვეზე მეტხანს გაგრძელდა.

 
მერე მესიზმრება - საშეჯიბრო სიტუაცია. ეს ჩემთვის დღესასწაულია. შეჯიბრის კი არ მეშინია, ზოგზოგიერთს - ვაიმე... შეჯიბრზე... - ფეხები რომ უკანკალებთ. არა, მესიზმრება ის, იმიტომ, რომ საინტერესოა, შევეჩვიე ამას.

ძალიან რთული მსოფლიო ჩემპიონატი მოვიგე. სურათიც მაქვს, რომ გამოვედი სასროლეთიდან, გადაღებული ვართ მე, იასნა და გერმანელი მსროლელი, რომელიც მესამე ადგილზე გავიდა. ჩემს სახეს რომ შეხედავთ, მიხვდებით, როგორი გადაღილი ვარ - ყველაფერი რომ გაეცი, ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ყველანაირი ენერგია. მაგრამ ერთ საათში გადაღებულ დაჯილდოების ფოტოებზე უკვე აღარსად ჩანს დაღლილობა და გამოფიტვა. უკვე აღდგენილია ენერგია. 

- თქვენ ფიზიკური ტრავმის რისკებზე გვიამბეთ - ხელის გადაღლა, ხერხემალი... როცა შეჯიბრია და კონცენტრირებული ხართ, იქაც შეიძლება, უცებ რომელიმე ამ რისკმა იჩინოს თავი? 

 

რამდენი ხნით შეიძლება მიატოვო ოჯახი?

- რა თქმა უნდა. ხერხემალზე ძალიან დიდი დატვირთვაა. ნერვული კვანძები ხერხემალში გადის. ზედმეტი დაძაბვისგან შეიძლება კვანძი ისე ჩაგეჭედოს, რომ, უბრალოდ, ვერ დაიმორჩილო ვერც ხელი, ვერც ტანი, ვერც... ტვინი. 

- თქვენ გქონიათ ასეთი შემთხვევა? 

- რომ გითხარით, ადრე ხელი დამეძაბა და მიმკურნალეს-მეთქი, იმის შემდეგ სულ ფრთხილად ვარ. მქონია შემთხვევა, როცა ძალიან დიდხანს ვმკურნალობდი მხარს. მაგრამ შედეგი არ მქონდა. მერე - საოცარია, მაგრამ წურბელების დასხმამ მიშველა. აღარ მტკივა სახსრები. 

- ყოველდღიურ ცხოვრებაში რა რისკები მოგყვებათ სასროლეთიდან? 

- სპორტს იმდენად უთმობ შენს ნერვებს, შეიძლება, ყოველდღიურ ცხოვრებაში დაგაკლდეს ეს თავშეკავება. ბევრჯერ ავფეთქებულვარ, თუნდაც, მანქანის ტარების დროს. გავიწყდება ზოგჯერ, რომ რა თავშეკავებაც გამოიმუშავე, ის ყოველთვის გამოიყენო. მე ყველაზე მეტად ტრანსცენდენტული მედიტაცია გამომადგა. სულ განსხვავებულია, მაგრამ...

- ვინმეს ხელმძღვანელობით აკეთებდით ამ მედიტაციას?

- შესწავლა ხდებოდა სპეციალისტის ხელმძღვანელობით. მაგრამ მერე შენზეა დამოკიდებული.

- ამას პროფესიაში იყენებდით, თუ ყოველდღიურ ცხოვრებაში?

- ცხოვრებაში ვიყენებდი. მაგრამ ცხოვრებაში რომ იყენებ, პროფესიაშიც გადგება. 

 

თუ გაბრაზდი, აუცილებლად უარესად ისვრი.

- მე ასე წარმომიდგენია, რომ თუ მაქვს პროფესია, სადაც ფსიქიკის უკიდურესი მობილიზება მიხდება, მერე, ყოველდღიურ ცხოვრებაში, ეს მობილიზება სულ მომყვება, სულ მღლის და მქანცავს, ან შეიძლება, სამსახურში დავტოვო ეს დაძაბულობა და ჩვეულებრივი ადამიანი გავხდე, ხან ავფეთქდე, ხან აღვშფოთდე... 

- სიტუაციიდან გამომდინარე, შეიძლება ავფეთქდე, რა თქმა უნდა. მაგრამ სასროლეთზე ძალით კი არ ვიკავებ თავს. ეს უკვე ჩვევაა, რომელიც, რა თქმა უნდა, ცხოვრებაშიც მიმყვება დარბაზიდან. აფეთქების მომენტი შეიძლება შეჯიბრზეც დადგეს, სიტუაციიდან გამომდინარე. ყველაფერს წინასწარ ვერ გათვლი. ბუნებრივობა ყველაზე მთავარია. ამას ხომ ვერ შეძლებ, რომ ცხოვრებაში სულ აკონტროლო საკუთარი თავი? 

- თქვენი მეუღლის შესახებ მინდა გკითხოთ. თქვენ თქვით, ჩემ ცხოვრებაში ახლა ის ეტაპია, როცა ყველაფერი დალაგებულია, ბავშვები გაიზარდნენ და მეც მეტი დრო მაქვს ვარჯიშისთვისო. ამ სიტუაციაში დავინახე ჰარმონიული ოჯახი და თქვენი მეუღლე, რომელიც ხელს გიწყობთ, რომ გქონდეთ ის შედეგები, რაც გაქვთ. 

- მაგრამ სულ წუწუნებს (იცინის). 

- ამავე დროს, თქვით - ორი ლიდერი ცხოვრობს ერთ სახლშიო. როგორია ორი ლიდერის ერთად ცხოვრება, მით უმეტეს, როცა ქალს უფრო მეტი სიყვარული აქვს საზოგადოების მხრიდან...

- ჩემს მეუღლეს ამის კომპლექსი არ გააჩნია. გოჩას იმდენი დამსახურება აქვს ქვეყნის წინაშე, რომ ჩემი ოლიმპიური მედლები შეიძლება არაფრად ღირდეს, მის დამსახურებასთან. 

 

ბუნებრივობა ყველაზე მთავარია.

- რას გულისხმობთ? 

- მან სიცოცხლე დადო სასწორზე აფხაზეთის ომში. ეს ბანალური სიტყვები არ არის. შეიძლება ბევრს ჰქონდა პატრიორული გრძნობა და ომში წასვლაც უნდოდა, მაგრამ იქ ტყვია ყურთან რომ ჩაგიწუილებს, ალბათ, სხვადასხვა რეაქცია აქვთ ადამიანებს. ეს იყო უმაღლესი პატრიოტული გრძნობა, რის გამოც ჩემი მეუღლე იბრძოდა. უაღრესად პატიოსანი ადამიანია დაბადებიდან. 

- რა პროფესიის არის? 

- მორაგბე იყო, მაგრამ აკადემიური პროფესიით გეოლოგია. ჭაბურღილებზეც მუშაობდა ადრე. 

- ორივე რომ ლიდერი ხართ, როგორ ეწყობით ერთმანეთს?

- მე ბუნებით წყნარი ვარ და ის ფეთქებადია. ამიტომ, ერთმანეთს ვაბალანსებთ. მის მეგობრებს უთქვამთ, სხვა ადამიანი რომ შეხვედროდა, შეიძლება ვერ შეწყობოდნენ ერთმანეთსო. იმიტომ, რომ საკმაოდ ემოციურია. თანაც, ნაომარ ადამიანებს უფრო სხვანაირად აქვთ დატვირთული ფსიქიკა. ჩემი ბაბუა ექვსი წელი იბრძოდა მეორე მსოფლიო ომის დროს. პირველად გოჩა რომ ჩავიყვანე ბებიას და ბაბუას გასაცნობად, უკვე მეუღლე იყო. მაშინ მითხრა ბებიამ: შვილო, შენ არ იცი, ძალიან რთულია ომში ნამყოფ ადამიანთან ცხოვრებაო. თავიდან ვერ დავაფასე ეს სიტყვები,  მაგრამ დღემდე მახსოვს. ხასიათით მაინც ერთმანეთს ისე მივუდექით, რომ მყარი ოჯახი მოგვაქვს, უკვე 27 წელიწადია. 

- თქვენს პროფესიაში თუ არის რამე ისეთი, რაც მას არ მოსწონს? 

- ზედმეტად მშვიდები ხართო, ამბობს. არ ვარ მთლად მშვიდი. მაგრამ ხანდახან მეღიმება, ისეთ რამეზე ბრაზობს. ეს ანეიტრალებს, ეტყობა. შეიძლება მე ვერ გამოვხატო ვერც სიყვარული ისე, როგორც საჭიროა, ვერც მოწონება, ვერც სიხარული... მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შიგნით არ განვიცდი. ისეთი პროფესია გვაქვს, შიგნით ხდება ყველაფერი და გარედან არ ჩანს. 

- ბავშვებთან ვინ გეხმარებოდათ, როცა თქვენ შეკრებაზე თუ შეჯიბრზე უცხოეთში დადიოდით? 

- ბებიების ინსტიტუტი ჩვენთან კარგად არის განვითარებული. დედამთილიც, რა თქმა უნდა, მაგრამ, ძირითადად, დედაჩემი მეხმარებოდა. მასთან გაიზარდნენ ბავშვები. სხვა პროფესიაც რომ მქონოდა, დილით სამსახურში ხომ წავიდოდი? საღამოს გვიან ხომ დავბრუნდებოდი სახლში? იგივეა. 

 

ჩემი მეუღლე აფხაზეთის ომშია დაჭრილი.

- კიდევ სხვა პრობლემაა, როცა დედა და მამა სახლში არიან, მაგრამ მაშინაც არ არიან ბავშვებთან. 

- ბავშვებიც არ არიან მშობლებთან. ინტერნეტმა წაართვა ყველას ერთმანეთი. სპორტს არ წაურთმევია, უფრო - ინტერნეტმა. 

- გრძნობთ გაუცხოებას თქვენს შვილებთან? 

- არა, გაუცხოებას არ ვგრძნობ. თუმცა, ადრე ცოტნეს მასწავლებლები მეუბნებოდნენ სკოლაში, ყოველთვის ვიცით, როდესაც საქართველოში არ ხარო. არ უტირია არცერთს არასდროს, მაგრამ შინაგანად ცოტნეს უფრო ეტყობოდა უჩემობა, ვიდრე ნინუცას. ახლა ნინუცაც მეუბნება, მეც მაკლდა დედაო. სულ წასული კი არ ვიყავი, წელიწადში 7-8 შეჯიბრი მქონდა, თითოკვირიანი. კიდევ კარგი, საბჭოთა კავშირის დრო არ იყო. მაშინ 2-3 დღით თუ ჩამოვდიოდით სახლში, სულ წასული ვიყავით შეკრებებზე და შეჯიბრებებზე. მაშინ ოჯახიც ვერ მექნებოდა. 

- შვილებს როგორი ურთიერთობა აქვთ თქვენთან ახლა, როცა გაიზარდნენ? 

- ორივეს სხვადასხვა დამოკიდებულება აქვს. ნინუცა მეუბნება, მკაცრი ხარ და სულ გვეჩხუბებიო. ცოტნე პირიქით ამბობს. არასდროს არ ვარ მკაცრი, რატომ შეექმნა ეს შთაბეჭდილება, არ ვიცი. გოჩას, ჩემს მეუღლეს, რამე რომ არ მოსწონს ბავშვების, იმ საკითხს ჩემთან ამისამართებს. ბოლოს, არ ჩანს გოჩა და ვჩანვარ მე. ასე გამოდის. 

- მკაცრი ხაზი, ფაქტობრივად, თქვენ მიგყავთ ოჯახში? 

- არა, გოჩას, ერთმნიშვნელოვნად მას. 

- ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ კმაყოფილი ხართ, როგორებიც არიან თქვენი შვილები.  

- მე გავზარდე წესიერი შვილები, პატიოსანი ადამიანები, საქმიანები... განათლებაც მივეცით, რაც შეგვეძლო, თუ არ შეგვეძლო. ნინუცა ძალიან მეცადინე იყო, დავეხმარეთ და ინგლისში ისწავლა. მაგრამ დიდ ძალისხმევად დაგვიჯდა. ცოტნემ წინა ოლიმპიადის ლიცენზია 18 წლის ასაკში აიღო. ბოლო ლიცენზია იყო დარჩენილი. მამაჩემი გვახლდა, ვახო და, თურმე, ღმერთს გულში ეუბნებოდა:

 
ღმერთო, ბევრი სიხარული მაჩუქე ცხოვრებაში ნინოს სახით. მრცხვენია, რამე გთხოვო, მაგრამ ძალიან გვჭირდებაო. მას თვითონ კი არ სჭირდებოდა, ჩვენს ქვეყანას სჭირდებოდა.

ზოგჯერ მეკითხებიან ხოლმე, სხვა ქვეყანაში რატომ არ წახვედი საცხოვრებლადო. ესეც მამაჩემის დამსახურებაა, რომ მე ბედნიერი მინდა ვიყო ჩემს ქვეყანაში. ბედნიერი ვარ, ნამდვილად.

- წელს ტოკიოს ოლიმპიადის ლიცენზიისთვის ბრძოლაში როგორ არის ცოტნეს საქმე? 

- მამაკაცებს ძალიან გაურთულეს სიტუაცია. ერთ დისტანციაზე ბრძოლა მოუხსნეს. შანსები არის, სულ 3 ლიცენზიაა დარჩენილი და ბევრი კარგი სპორტსმენი მთელ მსოფლიოში იბრძვის ამ სამი ლიცენზიისთვის. ჩვენც უნდა ვიბრძოლოთ. 

- საუბრის ბოლოს მინდა, პროფესიული შესაძლებლობების ზედა ზღვარზე გკითხოთ. წელს მეცხრე ოლიმპიადაზე მიდიხართ, მაგრამ ოთხი წლის შემდეგ, მეათე ოლიმპიადის ლიცენზიასაც თუ მოიპოვებთ, ამით თქვენ მოხსნით ყველა რეკორდს, ოლიმპიადების ისტორიაში. ფიქრობთ, რომ ეს არის თქვენი დაჟინებული მიზანი? თუ ფიქრობთ, რომ ყველაფერი უნდა ცადოთ და კმაყოფილი იყოთ იმით, რაც გამოვა? 

 

მე ბედნიერი მინდა ვიყო ჩემს ქვეყანაში.

- ეს კითხვა სულ მესმის, მეექვსე და მეშვიდე ოლიმპიადის შემდეგ. გარანტია, რომ მეათე ოლიმპიადის ლიცენზიას ავიღებ, რა თქმა უნდა, არ არსებობს. ჯერ მთავარი მიზანი ეს ზაფხულია. მამაც მეუბნება, ათი ოლიმპიადა ჩემი ანდერძიაო. მაგრამ მე ვეუბნები, უშენოდ არა-მეთქი. 89 წლის არის. „როგორც შენ მთხოვ პირობას, ისე მეც გთხოვ პირობას: არ გაბედო არაფერი, - მე ვუთხარი, - თუ გინდა, მეათე ოლიმპიადაზე გამოვიდე.“ აი, ვნახოთ. (იცინის). არ ვიცი, ფიზიკურად როგორ შევძლებ. თვალი ბერდება. თურქეთში გავიკეთე ოპერაცია, ძალიან მაღალი კლასის ქირურგთან. მაგრამ ჯერ ბოლომდე აღდგენილი არ არის მდგომარეობა, ველოდები. საერთოდ არ მქონდა განცდა, რომ, გინდა თუ არა, ოლიმპიური ჩემპიონი უნდა გავხდე. არ მქონია ამის მისწრაფება. რეალისტი ვარ. არის გეგმები და უნდა იცოდე რეალური გზა რეალური გეგმების განხორციელებისკენ. ეს მიმაჩნია სწორად.  

- დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. ინტერვიუს დავასრულებთ თქვენი კომენტარით ცნობილი ადამიანების ორ გამონათქვამზე. პირველი ციტატის ავტორია ერაზმ ვიტელო, შუა საუკუნეების პოლონელი სწავლული (დაახლ. 1210-1280): „გონიერი ადამიანის წესია ყველა წესზე უარის თქმა, თუ სხვანაირად შეუძლებელია იმის დამთავრება, რაც დაიწყო.“ 

- წესი ხომ ჩვენ მოვიგონეთ? დროც ჩვენ მოვიგონეთ. ეს ყველაფერი პირობითია. ამიტომ, ვერ ვხედავ რაიმე პრობლემას წესების დარღვევაში. მორალი არ უნდა დაირღვეს, მე ასე ვფიქრობ; არ უნდა დაირღვეს ის, რაც ჩვენი მოგონილი არ არის.  

- მეორე ციტატა ეკუთვნის ინგლისელ მწერალს, ჯორჯ ორუელს (1903-1950): „ადამიანი ბედნიერი შეიძლება იყოს მხოლოდ იმ პირობით, თუკი ბედნიერების მოპოვება მთელი ცხოვრების მიზნად არ დაუსახავს.“

- კმაყოფილების განცდა თუ არ შეგიძლია, ბედნიერი ვერ იქნები. რა არის ბედნიერება? ზოგიერთისთვის არის მილიარდები, ზოგიერთისთვის - ახლა ჩვენ რომ ვსაუბრობთ, ეს არის ბედნიერება. გააჩნია, ვინ რითი კმაყოფილდება. თუ სულ წუწუნებ და უკმაყოფილო ხარ, ბედნიერი ვერ იქნები. მე ძალიან უბედურად მიმაჩნია ის, ვისაც არ შეუძლია, ბუნებრივი იყოს; ვინც ერთს გეუბნება, მეორეს ფიქრობს და მესამეს აკეთებს. არიან ადამიანები, რომლებიც ვერც მილიარდებში პოულობენ ბედნიერებას და ვერც ურთიერთობაში. პირადად მე გულწრფელ ადამიანებთან ურთიერთობა მანიჭებს ბედნიერებას. ახლა, ჩვენი ინტერვიუს შემდეგ, ჩემი მეუღლე და მე ჩვენს მეგობრებთან მივდივართ, იქ რამდენიმე საათს გავატარებთ და ეს ჩემთვის ბედნიერებაა. შეიძლება, ხვალ სულ სხვა რამ იყოს, ზეგ კიდევ სხვა. ბავშვები დავაძინე, მეუღლე სამსახურიდან მოვიდა, ვისადილეთ, გარეთ კარგი ამინდია, ვსაუბრობთ და თან ფანჯრის იქით ვხედავთ სამყაროს რაღაც ნაწილს - ამ მომენტში მე მაქვს ბედნიერების განცდა, რა თქმა უნდა. იმითიც ბედნიერი ვარ, რომ ღმერთმა მომცა და შემაგრძნობინა სიყვარული. ამის გარეშე ცოდვაა ნებისმიერი ადამიანი.

ფოტომასალა: ირაკლი გედენიძე

გუნდი

ირაკლი გედენიძე

ზურაბ ქურციკიძე

გიო კუსიანი

გიორგი ურუშაძე

თამთა ყუბანეიშვილი

ნანა ყურაშვილი

ინგა ქორიძე