ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მოსახლეობას მოუწოდებს, გააპროტესტონ ვლადიმერ პუტინის ბოლო გადაწყვეტილება მობილიზაციის შესახებ
01:35, 23 Sep, 2022
55 ათასი რუსი სამხედრო დაიღუპა ამ ომში ნახევარი წლის განმავლობაში. ათი ათასობით დაჭრილია, უფრო მეტი გინდათ? არა? მაშინ გააპროტესტეთ. იბრძოლეთ. გაიქეცით. ან უკრაინას ჩაბარდით ტყვედ. ეს არჩევანი გაქვთ გადასარჩენად, - ეს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაა, რომელიც რუსეთის მოსახლეობას მოუწოდებს, გააპროტესტონ ვლადიმერ პუტინის ბოლო გადაწყვეტილება მობილიზაციის შესახებ.

„რუსულად აგიხსნით, რა ხდება. რუსეთის ქალაქებში მობილიზაციის წინააღმდეგ ჩატარდა საპროტესტო აქციები - თუნდაც არ იყოს მასობრივი, მაგრამ აქციები იყო და არის და ეს არის მაჩვენებელი. არა მხოლოდ მოსკოვსა და პეტერბურგში. ჩვენ ვიცით რეგიონებში რეალური განწყობების შესახებ. ვხედავთ, რომ ხალხი დაღესტანში და სხვა რესპუბლიკებში, ოლქებში ხვდება, რომ ისინი უბრალოდ მიატოვეს. მიატოვეს სასიკვდილოდ. რატომ უნდა დაიღუპონ მაგალითად დაღესტნელები ხარკოვში ან დონეცკში? იმიტომ რომ რუსეთში ერთმა ადამიანმა ასე მოინდომა. სხვა მიზეზი არ არსებობს, ასე უნდა მას.

დადგა არჩევანის დრო. რუსეთში მამაკაცებისთვის ეს არჩევანი ასეთია - იცოცხლონ თუ დაიღუპონ. ქალებისთვის დადგა ასეთი არჩევანი-სამუდამოდ დაკარგონ ქმრები, შვილები, შვილიშვილები ან სცადონ მათი დაცვა ომისგან, ერთი ადამიანისგან. ვიცით, რომ განურჩევლად ყველას წაიყვანენ. არა მხოლოდ სამხედრო რეზერვიდან, არამედ ნებისმიერ მამაკაცს. 55 ათასი რუსი სამხედრო დაიღუპა ამ ომში ნახევარი წლის განმავლობაში. ათი ათასობით დაჭრილია, უფრო მეტი გინდათ? არა? მაშინ გააპროტესტეთ. იბრძოლეთ. გაიქეცით. ან უკრაინას ჩაბარდით ტყვედ. ეს არჩევანი გაქვთ გადასარჩენად. რუსო დედებო. ისინი ვინც ამ გადაწყვეტილებებს იღებენ, საკუთარ შვილებს მალავენ, თქვენს შვილებს კი არც კი მარხავენ“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.