ეგვიპტე ისრაელსა და ღაზას სექტორს შორის ცეცხლის შეწყვეტას ცდილობს, ყატარი, იორდანია და თურქეთი კი, გმობენ ისრაელის სამხედრო ოპერაციას
01:55, 06 Aug, 2022
ისრაელსა და ღაზას სექტორს შორის ცეცხლის შეწყვეტას ეგვიპტე ცდილობს, ხოლო ყატარი, იორდანია და თურქეთი კი, ისრაელის სამხედრო ოპერაციას გმობენ. დიპლომატიური წყაროს ინფორმაციით, ეგვიპტის დელეგაცია ღაზაში 6 აგვისტოს გაემგზავრება.

პირველი ქვეყანა, რომელმაც ისრაელის სამხედრო ოპერაცია დაგმო, ყატარი იყო. ოპერაციის საწინააღმდეგო განცხადება ყატარის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა. ყატარი ღაზას სექტორში მცხოვრებ მოსახლეობას მილიონობით დოლარით ეხმარება. ესკალაციის დასასრულებლად საერთაშორისო საზოგადოებას მოქმედებისკენ მოუწოდა იორდანიის ხელისუფლებამ.

ღაზას სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციის საწინააღმდეგო განცხადება გაავრცელა თურქეთის ხელისუფლებამ, სადაც აღნიშნულია, რომ „თურქეთი მკაცრად გმობს ისრაელის ავიაიერიშებს ღაზაში და მიუღებელია მშვიდობიანი მოქალაქეების, მათ შორის ბავშვების დაღუპვა თავდასხმის შედეგად“.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ისრაელის არმიამ სამხედრო ოპერაციისას ღაზას სექტორში რადიკალური დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადის“ ლიდერი მოკლა. რადიკალურმა მოძრაობა „ისლამურმა ჯიჰადმა“ კი, ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 100-მდე რაკეტა გაუშვა. ნასროლი რაკეტები ან ღია ტერიტორიაზე ჩამოვარდა, ან საჰაერო თავდაცვის სისტემა „რკინის გუმბათმა“ გაანეიტრალა. ისრაელის რაიონებში განგაშის სიგნალები ჩაირთო. ამასთან, ისრაელის არმიამ ღაზას სექტორში პალესტინის „ისლამური ჯიჰადის“ ობიექტებზე ფართომასშტაბიანი საჰაერო დარტყმები დაიწყო.