გრანიტ ჯაკას ყვითელ ბარათზე, შესაძლოა, ალბანურმა მაფიამ დიდი თანხა მოიგო - გამოძიება გარიგებას არ გამორიცხავს #1TVSPORT
22:11, 05 Aug, 2022
ინგლისში გრძელდება გამოძიება „არსენალის“ ნახევარმცველის გრანიტ ჯაკას საეჭვო ყვითელ ბარათზე.

გასული წლის დეკემბერში „ლიდსის“ წინააღმდეგ მატჩში ჯაკამ დროის გაყვანისთვის 86-ე წუთზე გაფრთხილება მიიღო. ის 20 წამი იდგა ბურთთან თავის ნახევარზე, მიუხედავად იმისა, რომ „არსენალი“ 4:1-ს იგებდა.

ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ (FA) გამოძიება დაიწყო. გაირკვა, რომ მატჩის ბოლო 10 წუთში ჯაკას ყვითელ ბარათზე მსხვილი ფსონები გაკეთდა - 60 ათას ევროზე მეტი. ნახევარი წლის შემდეგ, საქმე გადაეცა დანაშაულებასთან ბრძოლის სააგენტოს.

გამომძიებლებმა სხვა დეტალებიც შეიტყვეს. ყვითელ ბარათზე მსხვილ ფსონებს ჩადიოდნენ კრიპტოვალუტით, ძირითადად ალბანეთში. სწავლობენ ინფორმაციას იმაზეც, რომ ჯაკას გაფრთხილებაზე სოლიდური თანხა მოიგო ალბანური წარმოშობის შვედმა ფორვარდმა ალბან იუსუფიმ, რომელიც 2017 წელს ხუთწლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს ჩაწყობილი თამაშებისთვის.

აღნიშნავენ, რომ იძიებენ შესაძლო დანაშაულებრივ გარიგებას ალბანური მაფიის მონაწილეობით. ამ ისტორიაში ჯაკას როლის შესახებ, ჯერჯერობით, არანაირი ინფორმაცია არ არსებობს. ფეხბურთელი ბაზელში დაიბადა და შვეიცარიის ნაკრებში თამაშობს, მაგრამ ამაყობს თავისი ალბანური ფესვებით.