ილია დარჩიაშვილი კელი დეგნანს შეხვდა
12:13, 14 May, 2022
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან, კელი დეგნანთან.

საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, მხარეებმა შეხვედრისას აშშ-სა და საქართველოს შორის მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობის ფართო სპექტრი განიხილეს.

საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლიერება გამოხატა 30-წლიანი პარტნიორობის განმავლობაში აშშ-ის მნიშვნელოვანი წვლილისა და საქართველოს მიმართ მტკიცე მხარდაჭერისთვის, როგორც თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების, ასევე, ევროატლანტიკური ინტეგრაციის, დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის თვალსაზრისით.

საგარეო უწყების ინფორმაციითვე, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

საუბარი ასევე შეეხო აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ გაღრმავებას ყველა ძირითადი მიმართულებით, მათ შორის, თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე, ვაჭრობის, ეკონომიკისა და ინვესტიციების სფეროებში. მხარეებმა გამოთქვეს მზაობა აქტიურად იმუშაონ ამ მიმართულებით.