ფიგურული ციგურობა | ყვითელაშვილი მოკლე პროგრამით მეოთხეა, გუბანოვა - მეექვსე [ვიდეო] #1TVSPORT
18:21, 14 Jan, 2022
ესტონეთის დედაქალაქ ტალინში მიმდინარეობს ევროპის ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში

კაცთა ტურნირში 34 სპორტსმენი ჩაერთო. მორის ყვითელაშვილი ყინულზე ბოლო ჯგუფში გამოჩნდა და მოკლე პროგრამისთვის 92.76 ქულა (51.12 ტექნიკური ელემენტებისთვის+41.64 პროგრამული კომპონენტებისთვის) დაიმსახურა. ქართველი სპორტსმენი მხოლოდ რუს მეტოქეებს ჩამორჩა.

ევროპის ჩემპიონატზე ძალები 19 წლის ნიკა ეგაძემაც სცადა, რომელმაც მსაჯებისგან 63.60 ქულა (30.46 ტექნიკური ელემენტებისთვის+34.14 პროგრამული კომპონენტებისთვის) მიიღო და 25-ე ადგილი დაიკავა.

ვინაიდან ფინალში 24 საუკეთესო გავიდა, ნიკამ ტურნირზე ასპარეზობა დაასრულა. რაც შეეხება ყვითელაშვილის, ის თავისუფალი პროგრამით 14 იანვარს გამოვა. შეჯიბრება 20 საათზე დაიწყება.



ტალინის ყინულზე მოკლე პროგრამებით წარდგნენ მოციგურავე ქალები. წარმატებულად გამოვიდა საქართველოს სახელით მოასპარეზე ანასტასია გუბანოვა, რომელმაც საინტერესო კომპოზიცია წარმოადგინა და თავისი მოკლე პროგრამა, პრაქტიკულად, უშეცდომოდ შეასრულა. 30 ქვეყნის 36 მონაწილეს შორის ანასტასია 67,02 ქულით თავისუფალი პროგრამის წინ მე-6 ადგილზეა.

ქალების თავისუფალი პროგრამა შაბათს, 15 იანვარს გაიმართება და ანასტასია ბოლო, ფინალურ ექვსეულში იასპარეზებს.



გათამაშდა მედლების პირველი კომპლექტი სპორტულ წყვილებს შორის, სადაც მონაწილეობდა 14 ქვეყნის 21 წყვილი, მათ შორის ქართველები კარინა საფინა და ლუკა ბერულავა, რომლებისთვისაც ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა სადებიუტო იყო.

ჩვენმა წყვილმა ღირსეულად იასპარეზა და საკმაოდ მაღალი კონკურენციის პირობებში 184,05 ქულით მე-4 ადგილის აღება შეძლო, რაც საქართველოს ფიგურული ციგურაობის ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე სპორტული წყვილების მიერ მოპოვებული პირველი ასეთი წარმატებული შედეგია. მე-4 ადგილი, თავის მხრივ, მომავალ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს 2 სპორტული წყვილის წარდგენის უფლებას აძლევს.