იაგო ხვიჩია - გვაინტერესებს, როგორ წარმოუდგენია სააკაშვილს შერიგება, გვსურს, დამატებითი ინფორმაცია მივიღოთ, ვახტანგ მეგრელიშვილი მზად არის, მას შეხვდეს
15:22, 07 Dec, 2021
ეროვნული შერიგების დიდი გულშემატკივარი ვართ. გაზაფხულიდან ამ თემაზე ვსაუბრობდით. ოპოზიციური მედიები ამის გამო „ქართულ ოცნებასთან“ შეკრულს გვეძახდნენ. გაგვიხარდა, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა ამის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისივე თქმით, „გირჩის“ პარტია დაინტერესებულია, შეიტყოს, როგორ წარმოუდგენია სააკაშვილს შერიგება.

„ძალიან გვინდა, დამატებითი ინფორმაციები მივიღოთ. ვახტანგ მეგრელიშვილი მზად არის, მიხეილ სააკაშვილს შეხვდეს, რა თქმა უნდა, თუ ეს მისი სურვილიც იქნება. ჩვენ გვაინტერესებს, შერიგება მიხეილ სააკაშვილს როგორ წარმოუდგენია. ნათქვამი - შემირიგდი, შენი დედაც ვატირე, სერიოზული არ არის. ვფიქრობთ, მიხეილ სააკაშვილს ამ თემაზე სერიოზული არგუმენტები და პოზიცია ექნება. ვიდრე მიხეილ სააკაშვილი ციხეშია, შერიგება არ გამოვა. მისი ციხიდან გამოსვლის ერთადერთი გზაა, რომ მას ბიძინა ივანიშვილმა აპატიოს. ეს როგორ უნდა მოხდეს, დრომ უნდა გვაჩვენოს“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ეროვნულ შერიგებასთან დაკავშირებით გუშინ ფეისბუქგვერდზე წერილი გამოაქვეყნა.

„უახლოეს დღეებში ბრძოლა გამძაფრდება და არ გაჩერდება თქვენს დამარცხებამდე. ან თუ გონს მოეგებით და წამოხვალთ ეროვნულ შერიგებაზე, ვიდრე გვიან არაა, ეს ყველასთვის საუკეთესო გამოსავალია“, - აღნიშნულია წერილში.