შედეგები სწრაფად უნდა გაუმჯობესდეს - „ანორთოსისის“ პრეზიდენტი ქეცბაიას გუნდს მკაცრად ესაუბრა #1TVSPORT
15:02, 07 Dec, 2021
კვიპროსული მედია ამტკიცებს, რომ „ანორთოსისის“ პრეზიდენტი ევგენიოს ამბულასი ჩემპიონატის ბოლო ტურში დებიუტანტ პაეეკ-თან თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი გუნდის მარცხმა (2:3) იმდენად გააღიზიანა, რომ გუნდს მკაცრად ესაუბრა.

კვიპროსული გამოცემა „სპორტ ტაიმი“ ამტკიცებს, რომ გუნდის პრეზიდენტი მკაცრად მოთამაშეებსა და სამწვრთნელო სტაფს ესაუბრა.
ევგენიოს ამბულასი მატჩის შემდეგ „ანორთოსისის“ პირველივე ვარჯიშზე გუნდს შეხვდა და მოთამაშეებს და სამწვრთნელო სტაფს დაძაბულად ესაუბრა. პრეზიდენტის ეს ნაბიჯი იმით იყო გამოწვეული, რომ პაეეკ-თან სამარცხვინო მარცხის შემდეგ ადგილს ვერ პოულობდა. ამპულასმა მოთამაშეებსა და სამწვრთნელო სტაფს შედეგების გაუმჯობესება მოსთხოვა, რადგან გუნდის იმიჯზე ამ წაგებამ მყისიერად ცუდად იმოქმედა“, - წერს გამოცემა.

GOAL.COM განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს - პრეზიდენტმა მოთამაშეები გააკრიტიკა და ქეცბაიას მხარს უჭერს.
„დღეს „ანორთოსისში“ იყო შეხვედრების დღე. ორშაბათს პრეზიდენტი ევგენიოს ამბულასი მკაცრად ესაუბრა ფეხბურთელებს და პასუხისმგებლობის საკითხი დააყენა. შეხვედრა თემურ ქეცბაია გარეშე გაიმართა და მოთამაშეებს ხაზგასმით უთხრეს, რომ პასუხისმგებლობა მათ ეკისრებათ. განმარტეს, რომ ადმინისტრაცია ტექნიკურ ხელმძღვანელობას მხარს უჭერს და აცნობეს, რომ სერბეთში „პარტიზანთან“ გადამწყვეტი თამაშის შედეგის მიუხედავად, ზომები იქნება მიღებული“.



გამოცემის ცნობით, ფეხბურთელებს ცალკე ქართველი მწვრთნელი შეხვდა.
„ამის შემდეგ დაიწყო ქართველი მწვრთნელის შეხვედრა ფეხბურთელებთან, რომელიც თითქმის ერთ საათს გაგრძელდა. 53 წლის მწვრთნელის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ რამდენიმე ფეხბურთელი გამოჩნდა, მათ შორის არტიმატასი, ქრისტოფი, ქრისტოდულოპულოსი და არაიური. ყველამ აიღო პასუხისმგებლობა, აღიარეს, რომ გუნდის მუშაობაში ასეთი მკვეთრი ვარდნა დაუშვებელი იყო და პირობა დადეს, რომ ერთმანეთის მიმართ წყენას დაივიწყებდნენ, რათა „ანორთოსისმა“ გამარჯვებები გაიხსენოს“.

გუნდი დღეს სერბეთში გაემგზავრა, სადაც კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ბოლო შეხედრას ბელგრადში „პარტიზანთან“ გამართავს. თემურ ქეცბაიას გუნდს აქვს თეორიული შანსი, რომ მოგების შემთხვევაში შემდეგ ეტაპზე გავიდეს.

ბოლო ტურში წაგებით „ანორთოსისი“ მე-8 ადგილზე დაქვეითდა - ამ შედეგით ფამაგუსტელები ვერ მოხვდებიან ფინალურ ექვსეულში, რომელიც ჩემპიონობისთვის ბრძოლის უფლებას იძლევა. თუმცა, თემურ ქეცბაიას გუნდს მდგომარეობის გაუმჯობესების შანსი ჯერ კიდევ გააჩნია.