ბექა ფერაძე აცხადებს, რომ ღამის კლუბები სავარაუდოდ 16-17 დეკემბრიდან განაახლებენ მუშაობას
15:53, 07 Dec, 2021
შრომის ინსპექციის ხელმძღვანელის, ბექა ფერაძის განმარტებით, ღამის კლუბები ფუნქციონირების უფლებას სავარაუდოდ 16-17 დეკემბრიდან მიიღებენ.

როგორც ბექა ფერაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, თითქმის დასრულებულია უსაფრთხოების პროტოკოლზე მუშაობა, რომელიც უნდა დაამტკიცოს მინისტრმა ბრძანებით და გადაწყვეტილება კლუბების გახსნაზე მიიღოს საბჭომ.

ამასთან, შრომის ინფექციამ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მას შემდგომ, რაც პირველი დეკემბრიდან საქართველოში ამოქმედდა მწვანე პასპორტის კონცეფცია, შრომის ინსპექციამ აქტიურად დაიწყო შეხვედრები სხვადასხვა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან. მათ შორის, ღამის კლუბების ასოციაციასთან (საქართველოს კულტურისა და შემოქმედების ინდუსტრიების ერთობა/act4culture), რომლის დროსაც განხილულ იქნა საქმიანობის უსაფრთხო და მდგრადი აღდგენის საკითხები. შეხვედრაზე მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ უახლოეს პერიოდში სექტორი განაახლებს ფუნქციონირებას, რისთვისაც მწვანე პასპორტებთან ერთად შრომის ინსპექცია სხვა კომპეტენტური უწყებების ჩართულობით შეიმუშავებს უსაფრთხოდ ფუნქციონირების პროტოკოლს, რომელიც უზრუნველყოფს მსგავსი ტიპის ივენთებზე მომხმარებელთა მაქსიმალურ დაცვას. სექტორული რეკომენდაციის/პროტოკოლის დამტკიცების შემდგომ უახლოეს პერიოდში დაგეგმილია სექტორის ფუნქციონირების განახლება.