ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე - მაგნუს კარლსენს მოტივაციის პრობლემა შეექმნა, რადგან ყველგან ყველაფერს იგებს #1TVSPORT
13:35, 25 Nov, 2021
ვაჟ მოჭადრაკეთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის შეხვედრები 26 ნოემბრიდან დუბაიში დაიწყება და რეგლამენტით 14 პარტია ჩატარდება.

მსოფლიოს სამგზის ჩემპიონს ნორვეგიელ მაგნუს კარლსენს ამჯერად ტიტულის დაცვა რუს იან ნეპომნიაშჩისთან მოუწევს.

შეჯიბრის საპრიზო ფონდი 2 მილიონი დოლარია, მათგან თანხის 60 %-ს ჩემპიონი მიიღებს, თუმცა ტაი-ბრეიკის შემთხვევაში გამარჯვებულს საპრიზო ფონდის 55% გადაეცემა.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გია გიორგაძემ მომავალი შეხვედრის წინ მოჭადრაკეების შესაძლებლობები შეაფასა.

„მაგნუს კარლსენი ვუნდერკინდია. მისი მეტოქის მხარდასაჭერად კი სრულიად რუსეთი გაერთიანდა როგორც ფინანსურად, ასევე მწვრთნელთა ჯგუფების რესურსის სახით. იან ნეპომნიაშჩის გუნდი უკვე ერთი თვეა დუბაიში ცხოვრობს, მისი მხარდამჭერები ცნობილი სახეები და სპორტსმენები არიან და ვფიქრობ, ეს ნორვეგიელისთვის იოლი მატჩი არ იქნება. გაუჭირდება რადგან ერთი პერიოდი იან ნეპომნიაშჩი მაგნუსის მწვრთნელი იყო და თავისთავად უკვე ცხადია, რომ რუსი დიდოსტატისთვის ბევრი საიდუმლო ცნობილია, რაც მატჩის დროს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება.

ეს ჩემპიონატი დუბაი ექსპოს ფარგლებში ტარდება, ის არის პირველობის გენერალური სპონსორი და ორგანიზატორები ცდილობენ შეჯიბრება სუპერთანამედროვე დონეზე ყოველგვარი ხარვეზის გარეშე წარიმართოს რათა ჭადრაკი ბიზნესის სამყაროსთვის კიდევ უფრო საინტერესო და მიმზიდველი გახდეს.

მაგნუსი 2013 წლიდან მსოფლიო ჩემპიონია და შეიძლება ითქვას, რომ დღეს საჭადრაკო სამყარო ახალი გამოწვევის წინაშე დგას. წაგების შემთხვევაში კარლსენი ჭადრაკიდან წამსვლელი არ არის და დარწმუნებული ვარ, შემდეგში აუცილებლად მოიგებს. დღეს მას მოტივაციის პრობლემაც შეექმნა, რადგან ყველგან ყველაფერს იგებს და თუკი ეს რეალობა დღეს მრავალფეროვნებით შეიცვლება ვფიქრობ ცუდი ნამდვილად არ იქნება.

იუდით პოლგარი არის მატჩის ერთ-ერთი კომენტატორი და ესეც ძალიან საინტერესო ფაქტია. იუდითმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებში კარსლენის მეტოქეებს მოგების იმედი არ ჰქონდათ, იანს კი მათგან განსხვავებით ან სჯერა და ან შეუძლია, რომ მოიგოსო“.

ნორვეგიელმა მაგნუს კარლსენმა ჩემპიონობა პირველად 2013 წლის 22 ნოემბერს იზეიმა, როდესაც ინდოეთის ქალაქ ჩენაიში მასპინძელ ვიშვანათან ანანდის 6,5:3,5 სძლია და ტიტული დააკარგვინა.

2014 წელს სოჭში ჩატარებულ შეხვედრაში მაგნუსის მეტოქე კვლავ ანანადი იყო და 6,5:4,5 ამჯერადაც ნორვეგიელმა იმარჯვა.

2016 წელს ნიუ-იორკში მაგნუსის მეტოქე რუსეთის სახელით მოასპარეზე სერგეი კარიაკინი იყო. ზედიზედ 7 ყაიმის შემდეგ კარიაკინმა თეთრი ფერის ფიგურებით იმარჯვა და დაწინაურდა, მაგრამ მაგნუსმა მე-10 პარტიაში ანგარიში გაათანაბრა, რეგლამენტით გათვალისწინებულ კიდევ ორ პარტიაში ყაიმი დააფიქსირდა და ძირითადი დროც 6:6 დასრულდა. ბოლო, მე-12 პარტია 28 ნოემბერს საკუთარ დაბადების დღეს ჩატარდა და ბლიც-პარტიები დაინიშნა. პირველი ორი ყაიმით დასრულდა, მომდევნო ორი კი ჩემპიონმა მოიგო და ტიტულიც შეინარჩუნა.

მესამედ კარლსენმა ჩემპიონის ტიტული ლონდონში აშშ-ის სახელით მოასპარეზე ფაბიანუ კარუანასთან შეხვედრისას დაიცვა. რეგლამენტით გათვალისწინებული 12 პარტია ყაიმით დამთავრდა, ტაი-ბრეიკში კი პირველივე სამი მოიგო და კვალავ ჩემპიონობა იზეიმა.

ვაჟ მოჭადრაკეთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის საზეიმო ცერემონია 24 ნოემბერს გაიმართა. მოჭადრაკეები პირველი ტურის პარტიას პარასკევს ითამაშებენ.