ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი რუსეთს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, საქართველოს მოქალაქეების სასარგებლოდ დაკისრებული ვალდებულება უპირობოდ შეასრულოს
19:18, 17 Sep, 2021
ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის 14-16 სექტემბრის შეხვედრაზე განიხილეს საქმე სახელწოდებით  - „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“.

როგორც მინისტრთა კომიტეტის განცხადებაშია აღნიშნული, სამართლიანი დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილებით, 2019 წლის 31 იანვარს სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხე სახელმწიფო განმცხადებელ მთავრობას სამი თვის ვადაში უნდა გადაუხადოს 10 მილიონი ევრო იმ ზიანისთვის, რომელიც სულ მცირე 1 500 ქართველს მიადგა და ამავდროულად, მოსარჩელე მთავრობამ უნდა შექმნას ეფექტური მექანიზმი სამართლიანი დაკმაყოფილების თაობაზე თანხების გადასანაწილებლად თითოეული დაზარალებულისთვის.

მათივე ინფორმაციით, ეს მექანიზმი მინისტრთა კომიტეტის ზედამხედველობით უნდა შეიქმნას, მის მიერ განსაზღვრული ნებისმიერი პრაქტიკული ღონისძიების შესაბამისად, რათა ხელი შეუწყოს აღსრულებას და განაწილება უნდა მოხდეს გადახდის დღიდან 18 თვის განმავლობაში, ან ნებისმიერ სხვა ვადაში, რომელიც მიზანშეწონილად მიიჩნევა მინისტრთა კომიტეტის მიერ. შეგახსენებთ, რომ გადახდის ვადა 2019 წლის 30 აპრილს ამოიწურა და კიდევ ერთხელ გამოიხატა შეშფოთება, რომ ეს თანხა ჯერ არ არის გადახდილი.

„კიდევ ერთხელ ვიმეორებთ დაჟინებულ მოთხოვნას, სასამართლოს მიერ მინიჭებული სამართლიანი დაკმაყოფილების შესახებ გადახდის უპირობო ვალდებულებაზე.

ხაზგასმით აღინიშნება, რომ ამ ვალდებულების შესრულების შეფერხება დარღვევის შედეგად დაზარალებულ თითოეულ მსხვერპლს ზიანის ანაზღაურების მიღების შესაძლებლობას ართმევს.

შეგახსენებთ, 2020 წლის 3 დეკემბერს მიღებულ შუალედურ რეზოლუციას, რომელიც რუსეთის ხელისუფლებას მტკიცედ მოუწოდებს შეფერხების გარეშე დაასრულოს კონსულტაციები, რათა პირდაპირ გადაიხადოს სამართლიანი დაკმაყოფილების შესახებ თანხა. მოსარჩელე მთავრობას აქვს ვალდებულება ევროსაბჭო გადახდისთვის საჭირო შუამავლად გამოიყენოს და მათ 2021 წლის 9 ივნისს მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომელშიც რუსეთის ფედერაციას მტკიცედ მოუწოდეს 2021 წლის 6 სექტემბრისთვის ან პირდაპირ გადაეხადათ ეს თანხა, ან მოსარჩელე მთავრობასთან შეთანხმებით ხელი მოეწერათ ურთიერთგაგების მემორანდუმისთვის, რათა შემდგომ მოხდეს ან თანხების გადახდა.

აღინიშნა რუსეთის ხელისუფლების დასტური, რომ მზად არიან ევროსაბჭოს, როგორც შუამავალი მხარის გამოსაყენებლად, თანხის დაფარვის პროცესში, მაგრამ მათ სჭირდებათ დამატებითი დრო, რათა ამ პროცესის ბოლომდე მიყვანამდე შიდა მოქმედებების დასრულება შეძლონ. ხაზგასმულია, რომ მინისტრთა კომიტეტი მოუწოდებს რუსულ მხარეს, სწრაფად დაასრულოს შიდა ღონისძიებები.

ამ საკითხის განხილვა 2021 წლის 3 ნოემბერს ჩანიშნულ შეხვედრაზე შედგება. იმ დროისთვის რაიმე კონკრეტული პროგრესის არარსებობის შემთხვევაში სამდივნოს დაევლა, რომ მოამზადოს შუალედური რეზოლუციის პროექტი, რომელიც განსახილველად მიიღება 2021 წლის 30 ნოემბრის-2 დეკემბრის შეხვედრაზე“, - აღნიშნულია მინისტრთა კომიტეტის განცხადებაში.