პროკურატურა მეგის ქარდავას ექსტრადიციის ვიდეოკადრებს ავრცელებს
19:22, 17 Sep, 2021
პროკურატურა მეგის ქარდავას უკრაინიდან საქართველოში ექსტრადიციის ვიდეოკადრებს ავრცელებს.

პროკურატურის ცნობით, უკრაინის სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობა ქარდავას ექსტრადირების შესახებ და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მიერ დღეს მისი უკრაინიდან საქართველოში ეტაპირება მოხდა.

მეგის ქარდავას მიმართ საქართველოში არსებული სისხლის სამართლის 11 საქმიდან ხუთზე გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი, ხოლო სისხლის სამართლის ექვსი საქმე იხილება თბილისის საქალაქო სასამართლოში.

„საქართველოს პროკურატურა, როგორც ძებნილ პირთა საქართველოში ექსტრადიციის განხორციელებაზე პასუხისმგებელი უწყება, მომავალშიც მიიღებს ყველა ზომას, რათა დანაშაულის ჩამდენი ნებისმიერი პირი, მიუხედავად მისი ადგილსამყოფელისა, დროულად წარდგეს ქართული მართლმსაჯულების წინაშე“, - აცხადებენ პროკურატურაში.