ლაშა ფირცხალაიშვილი 18-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელია #1TVSPORT
18:55, 17 Sep, 2021
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ 18-წლამდელთა ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი დანიშნა - ამ პოსტზე ახალგაზრდა ლაშა ფირცხალაიშვილი იმუშავებს, რომელსაც ასაკის მიუხედავად, წარმატებული სპეციალისტის სახელი აქვს.

ლაშა ფირცხალაიშვილი გაწვრთნის 2004 წელს დაბადებულთა ნაკრებს, რომელიც მომავალ წელს U19 გახდება და 2022 წელს ოქტომბერში საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს ჩაატარებს.

ფირცხალაიშვილმა 6 წლის ასაკში დაიწყო ვარჯიში „ნორჩ დინამოში“, მერე იყო „ავაზა“და „ვაკე-91“, რომელიც „ვიტ ჯორჯიად“ გადაკეთდა, მაგრამ ტრავმების გამო თამაშს 15 წლის ასაკში თავი დაანება. მწვრთნელობა 21 წლის ასაკიდან დაიწყო და ნიჭიც გამოავლინა.

31 წლის ფირცხალაიშვილი 2011-2013 წლებში იყო „ვიტ ჯორჯიას“ U19 მთავარი მწვრთნელი, მთავარი მწვრთნელის ასისტენტად 2013-2017 წლებში იმუშავა, ხოლო 2015 წელს დუბლების დამრიგებელი გახლდათ. 2017-2019-ში უკვე მთავარი „ვიტ ჯორჯია“ ჩაიბარა, რომელიც 2018 წელს ეროვნულ ლიგაში გადაიყვანა. მერე იყო ბოლნისის „სიონის“ მწვრთნელის ასისტენტი.

ნაკრებში მუშაობის პარალელურად, ახალგაზრდა სპეციალისტი სამწვრთნელო კურსებზე სწავლობს - ამჟამად, ლაშა ფირცხალაიშვილი უეფა-ს პრო ლიცენზიის კურსს გადის.