მემორანდუმი გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასთან - ქართული სპორტის ფონდი თანამშრომლობის არეალს ზრდის #1TVSPORT
18:04, 17 Sep, 2021
ესპანეთის დედაქალაქ მადრიდს საქართველოს სპორტის ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის დელეგაცია საქმიანი ვიზიტით ეწვია, სადაც გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასთან (UNWTO) ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმა.

მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობას სპორტისა და სპორტული ტურიზმის სფეროებში მდგრადი განვითარებისა და გაეროს SDG მიზნების მიღწევისთვის; სპორტული ტურიზმის განვითარებას ფიზიკურ აქტივობებში ჩართვისა და ურთიერთობების ხელშეწყობის მიზნით; სპორტის, ტურიზმის, საგანმანათლებლო და ახალგაზრდობის სფეროებში პროექტებისა და პროგრამების ხელშეწყობას; ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობას, მათი საგანმანათლებლო და სპორტულ პროგრამებსა და პროექტებში ჩართვას, ასევე სპორტის, ტურიზმის, განათლებისა და ახალგაზრდობის სფეროებში საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობას.

მემორანდუმს ფონდის მხრიდან, პრეზიდენტმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა, ხოლო UNWTO მხრიდან, გენერალურმა მდივანმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა მოაწერეს ხელი.

UNWTO ტურიზმის სფეროში წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციაა და ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას, როგორც ეკონომიკური ზრდის, ინკლუზიური განვითარებისა და გარემოს მდგრადობის მამოძრავებელ ძალას.
„აღნიშნულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა ფონდის საქმიანობის სამომავლო განვითარებისთვის უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს წარმოადგენს. ფონდის მიზანია სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის მიმართულებით პროექტებისა და პროგრამების ხელშეწყობა. დაგეგმილია საგრანტო კონკურსების გამოცხადება“, - წერია ფონდის განცხადებაში.