მეგის ქარდავა რუსთავის მეთორმეტე დაწესებულებაში გადაიყვანეს
17:38, 17 Sep, 2021
სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი ნიკა ცხვარაშვილი აცხადებს, რომ მეგის ქარდავას რუსთავის მეთორმეტე დაწესებულებაში მოათავსებენ.

პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, ქარდავას ექსტრადირებამ დადგენილი წესებით, გართულებების გარეშე ჩაიარა.

„იუსტიციის სამინისტროს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა განახორციელა მეგის ქარდავას ექსტრადირება უკრაინის სახელმწიფოდან.

ექსტრადირების პროცესმა ჩაიარა დადგენილი წესებით, გართულებების გარეშე. ამჟამად მეგის ქარდავა შესახლებული იქნება რუსთავის 12-ე დაწესებულებაში და წარიმართება სხვადასხვა პროცესი, რაც არის დადგენილი კანონმდებლობით“, - განაცხადა ნიკა ცხვარაშვილმა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას უკრაინიდან ექსტრადიცია დღეს განხორციელდა.

საქართველოში სისხლის სამართლის 11 საქმეზე ბრალდებული და მსჯავრდებული მეგის ქარდავა უკრაინაში 2017 წლის პირველ ნოემბერს დააკავეს. ქარდავას ექსტრადირებას ქართული მხარე მისი დაკავების დღიდან ითხოვდა. 2018 წლიდან მეგის ქარდავას საექსტრადიციო პატიმრობა შინაპატიმრობით ჰქონდა შეცვლილი, რამდენიმე დღის წინ კი ის კვლავ საპატიმროში გადაიყვანეს.