ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრის შემდეგ, თანამდებობის დატოვების შესახებ თავდაცვის მინისტრმაც განაცხადა 
19:46, 17 Sep, 2021
ნიდერლანდებში თანამდებობას მეორე მინისტრი ტოვებს. საგარეო საქმეთა მინისტრის გადადგომის შემდეგ, პოსტის დატოვების შესახებ თავდაცვის მინისტრმა ანკ ბილეველდმა განაცხადა. ამის მიზეზი ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესში ნიდერლანდების მთავრობის ქმედებები გახდა.

მანამდე, ხუთშაბათს პარლამენტის ქვედა პალატის დეპუტატს უმრავლესობამ ორივე მინისტრს დააკისრა პასუხისმგებლობა „თალიბანის“ შეტევაზე, მთავრობის დაგვიანებულ რეაგირებაზე და ასევე იმის გამო, რომ მინისტრთა კაბინეტმა ვერ უზრუნველყო ათასობით ავღანელის უსაფრთხო ევაკუაცია.

პარლამენტის ქვედა პალატამ ევაკუციის პროცესის არასათანადო ორგანიზების გამო, ორივე მინისტრს უნდობლობა გამოუცხადა. საგარეო საქმეთა მინისტრმა სიგრიდ კააგმა თანამდებობა კენჭისყრის შედეგების გამოცხადებისთანავე დატოვა, თავდაცვის მინისტრმა კი თავდაპირველად თანამდებობაზე დარჩენის შესახებ განაცხადა, თუმცა მეორე დღეს პოზიცია შეიცვალა საკუთარი თანაპარტიელების მხრიდან კრიტიკის გამო.

„მსურდა, დამესრულებინა ჩვენი მისია და ჩამოგვეყვანა უსაფრთხოდ ისინი, ვინც ამ დრომდე რჩებიან ავღანეთში და ვისაც ჩვენი იმედი აქვს. თუმცა ჩემი პოზიცია განხილვის საგანი გახდა და მე არ მსურს, ხელი შევუშალო იმ ადამიანების მნიშვნელოვან საქმეს, რომლებიც ჩემთვის მუშაობდნენ“, - განაცხადა ბილეველდმა.

ნიდერლანდების სამხედრო თვითმფრინავებით აგვისტოში ავღანეთიდან მეზობელ ქვეყნებში დაახლოებით 2 100 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. აქედან 1 700-მდე პირი ნიდერლანდებში ჩაიყვანეს. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ნიდერლანდების ასობით მოქალაქე, მათ შორის ბევრი წარმოშობით ავღანელი, ავღანეთში დარჩა, რადგან ქაბულის აეროპორტამდე მისვლა ვერ შეძლეს.