გურეშიძემ რეაბილიტაცია დაასრულა და ვარჯიში განაახლა #1TVSPORT
01:03, 15 Sep, 2021
სეზონის განახლებამდე „ლოკომოტივი“ აქტიურად ემზადება - თბილისურმა კლუბმა „სამტრედიასთან“ ეროვნული ლიგის 23-ე ტურის შეხვედრა 13 აგვისტოს ჩაატარა და შეზღუდვების მოხსნის შემდეგ არ უთამაშია.

გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი საგურამოს ბაზაზე ემზადება. „ლოკომოტივის“ პრესსამსახურის ცნობით, აღდგენითი ვარჯიში ცენტრალურმა მცველმა სანდრო გურეშიძემ დაიწყო.

26 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში „ლოკომოტივში“ ოთხი თამაში ჩაატარა. 26 მარტს, სანაკრებო შეკრებაზე თბილისის „მერანთან“ ამხანაგურ მატჩში მიღებული ტრავმის შემდეგ თავი ცუდად იგრძნო.

თავიდან სერიოზული არაფერი ეგონა, მაგრამ მუხლი ვარჯიშის საშუალებას არ აძლევდა. MRI-მ აჩვენა, რომ ჯვარედინი მყესი სულ დაგლეჯილი ჰქონდა, მენისკიც ცუდ მდგომარეობაში იყო და საოპერაცია აღმოჩნდა.

მაისში თბილისის „ლოკომოტივის“ ცენტრალურ მცველს მუხლზე ოპერაცია ჩაუტარდა. ოპერაციამ კარგად ჩაიარა და სანდრო გურეშიძემ ხანგრძლივი რეაბილიტაცია დაიწყო. მაშინ სანდრომ იცოდა, რომ მისთვის მიმდინარე სეზონი დასრულდა და თებერვლამდე დაისვენებდა. მაგრამ რეაბილიტაცია მოსალოდნელზე ადრე მოახერხა და შესაძლოა, გუნდს წლის ბოლომდეც დაეხმაროს.

სანდრო გურეშიძე „ლოკომოტივში“ 2019 წლის იანვარში გადავიდა. 25 წლის ცენტრალურ მცველსა და თბილისურ კლუბს შორის ორწლიანი ხელშეკრულება გაფორმდა. 2014 წელს ჰქონდა შანსი ბელგიურ „გენტში“ დამკვიდრებულიყო, მაგრამ შეთანხმება ვერ შედგა და „დინამო 2-ში“ აღმოჩნდა. სხვადასხვა დროს ასევე თამაშობდა ფოთის „კოლხეთი 1913“-სა და ბოლნისის „სიონში“, იყო საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებების წევრი და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე უასპარეზია.