20-წლამდელები | პირველი გამარჯვება ევროჩელენჯერზე - საქართველომ თურქეთი დაამარცხა #1TVSPORT
22:23, 21 Jul, 2021
თბილისის სპორტის სასახლეში კალათბუთის 20-წლამდელთა ევროჩელენჯერი იმართება, სადაც ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდები იღებენ მონაწილეობას. პირველ საშეჯიბრო დღეს ჩვენი გუნდი საფრანგეთის ახალგაზრდულ ნაკრებთან 63:84 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრები ამ ტურნირს მნიშვნელოვანი დანაკლისით ხვდება - რატი ანდრონიკაშვილი რეაბილიტაციის კურსს გადის, ამერიკაში მყოფი ლეგიონერები კი თავის გუნდს ვერ ეხმარებიან.

დღეს, 21 ივლისს ჩვენმა 20-წლამდელთა ნაკრებმა მორიგი შეხვედრა გამართა. ამჯერად მილოშ გლიგორიევიჩის გუნდი თურქეთს დაუპირისპირდა და ევროჩელენჯერზე პირველი გამარჯვება მოიპოვა.

პირველი ტაიმი ქართველთა უპირატესობით წარიმართა. საწყის მეოთხედში ჩვენებმა 13 ქულით დაწინაურება მოახერხეს, დიდ შესვენებაზე კი 17 ქულის უპირატესობით გავიდნენ. თურქებმა მეორე ტაიმში თამაშის შემოტრიალება სცადეს, მაგრამ საბოლოო ჯამში შეხვედრა ჩვენ სასარგებლოდ 77:69 დასრულდა. აღსანიშნავია ისიც, რომ პერიმეტრიდან მთელი მატჩის განმავლობაში საკმაოდ კარგად ვისროდით - 24 მცდელობიდან 14 კალათში ზუსტად მოვათავსეთ.

ჩვენი გუნდიდან საუკეთესო 22 ქულითა და 6 მოხსნით ლაშა მიქელაძე იყო, 16 ქულა დააგროვა ნიკოლოზ გაფრინდაშვილმა.

საქართველოს 20-წლამდე ნაკრები შემდეგ შეხვედრას ხვალ, 20:00 საათზე გერმანელი თანატოლების წინააღმდეგ გამართავს.