გაერო-ს ჰუმანიტარული სააგენტოს ხელმძღვანელი - ეთიოპიის ტიგრაის რეგიონში ადამიანები შიმშილობენ
00:18, 11 Jun, 2021
ეთიოპიის ტიგრაის რეგიონში ადამიანები შიმშილობენ, - ამის შესახებ განცხადება გაერო-ს ჰუმანიტარული სააგენტოს ხელმძღვანელმა, მარკ ლოუკოქმა გააკეთა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

როგორც საერთაშორისო ორგანიზაციები იუწყებიან, ტიგრაის რეგიონში, სადაც სამთავრობო ძალებსა და მეამბოხეებს შორის შეტაკებები მიმდინარეობდა, 350 000 ადამიანი გაუსაძლის მდგომარეობაშია.

მათივე ცნობით, საკვების კუთხით ტიგრაიში კატასტროფული მდგომარეობაა და მოქალაქეები შიმშილით იხოცებიან.

გაერო-ს სურსათის მსოფლიო პროგრამის წარმომადგენლებმა ასევე მოუწოდეს საერთაშორისო საზოგადოებას, დაუყოვნებლივ გადადგან ნაბიჯები კრიზისის გადასაჭრელად.

ეთიოპიის ტიგრაის რაიონში ვითარება შარშან ნოემბერში დაიძაბა. მთავრობამ დაიწყო სამხედრო ოპერაცია „ტიგრაის სახალხო განმათავისუფლებელი ფრონტის“ წევრების წინააღმდეგ, რომლებიც ეთიოპიის პრემიერ-მინისტრს ქვეყნის მმართველობის სისტემის შეცვლას მოუწოდებდნენ და ამ მიზნით რამდენიმე სამხედრო ბაზა დაიკავეს.

2020 წლის ნოემბერში ეთიოპიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ საბრძოლო მოქმედებები დასრულდა, მაგრამ შეტაკებები გაგრძელდა. ათასობით ადამიანი დაიღუპა, 1,7 მილიონს კი საცხოვრებელი სახლის მიტოვება მოუხდა.