ნათია თურნავა - ტურისტულ ინდუსტრიაში მომუშავე ორგანიზაციები, სადაც დასაქმებული პერსონალის უმრავლესობა ვაქცინირებული იქნება, ჩაითვლება ე.წ. კოვიდუსაფრთხო ობიექტებად
13:01, 04 May, 2021
ტურისტულ ინდუსტრიაში მომუშავე ორგანიზაციები, სადაც დასაქმებული პერსონალის უმრავლესობა ვაქცინირებული იქნება, ჩაითვლება ე.წ. კოვიდუსაფრთხო ობიექტებად, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ტურისტულ ინდუსტრიაში დასაქმებული პერსონალის ვაქცინაციის პროცესში ჩართვით აღნიშნული სექტორი სწრაფად აღდგება.

„დღეს საკმაოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე. პრემიერ-მინისტრის დავალებით გადავწყვიტეთ, რომ ტურისტული ინდუსტრია იქნება პრიორიტეტული ჯგუფი ვაქცინაციის კონტექსტში, რადგან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღვადგინოთ ტურისტული სექტორი. ეს შესაძლებელია სწრაფი ვაქცინაციით. აქედან გამომდინარე, ჩვენ და ტურიზმის ადმინისტრაცია ვიმუშავებთ სხვადასხვა ტურისტულ ასოციაციასთან, რათა რაც შეიძლება სწრაფად შედგეს რესტორნების, სასტუმროების, ტუროპერატორი კომპანიების თანამშრომლების სიები და მოხდება მათი ნებაყოფლობითი ორგანიზებული ვაქცინაცია.

შედეგად, ის ორგანიზაციები, კომპანიები, სადაც დასაქმებული პერსონალის უმრავლესობა ვაქცინირებული იქნება, ჩაითვლება ე.წ. კოვიდუსაფრთხო სასტუმროებად, კოვიდუსაფრთხო რესტორნებად, კოვიდუსაფრთხო კომპანიებად და ჩვენ, ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე, ყველა ჩვენ ხელთ არსებული მარკეტინგული შესაძლებლობით გავუწევთ მათ „პრომოუშენს“. მთელი მსოფლიო შეიტყობს, რომ საქართველოში ესა თუ ის რესტორანი, ესა თუ ის სასტუმრო არის კოვიდუსაფრთხო. ეს ძალიან დაგვეხმარება, რომ სწრაფად აღდგეს ტურისტული ინდუსტრია. იცით, რომ პრაქტიკულად ყოველკვირეულად გვემატება ახალი ფრენები. ავიაკომპანიები საერთაშორისო ფრენებს აღადგენენ და ახალ მიმართულებებსაც აცხადებენ. ახლა მთავარი კომპონენტი არის უსაფრთხო მასპინძლობა. სწორედ ამ გზით, ამ გადაწყვეტილებით ჩვენ ამ უსაფრთხო მასპინძელი ქვეყნის სტატუსს გავატარებთ პრაქტიკაში“, - განაცხადა მინისტრმა.

თურნავას განცხადებით, კომპანიებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტი ვაქცინირებული თანამშრომელი ჰყავდეთ.

„ის, რომ კომპანიაში დასაქმებულები არიან ვაქცინირებულები, ძალიან ბევრ პერსპექტივას უჩენს ამა თუ იმ კომპანიას. რეალურად, უსაფრთხო საქმიანობის შესაძლებლობა ეძლევათ. ტურიზმში ამას აქვს ორმაგი დატვირთვა, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია, თუ რა ინფორმაცია იქნება გავრცელებული საერთაშორისო ვიზიტორებს შორის ამა თუ იმ სასტუმროზე, რესტორანზე სხვადასხვა ტურისტულ კომპანიაზე. ამ შემთხვევაში სექტორზე არის გადაწყვეტილება მიღებული, რომ ისინი პრიორიტეტული ვაქცინაციის ჯგუფს წარმოადგენენ, ამიტომ ჩვენი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია შესაბამის ასოციაციებთან ერთად იმუშავებს კონკრეტულ სიებზე. ჯანდაცვის სამინისტრო დაგვეხმარება, რომ ორგანიზებულად მოხდეს მათი რეგისტრაცია და ვაქცინაცია. რა თქმა უნდა, პირველი მნიშვნელოვანი დადებითი შედეგი, ანუ სიკეთე, რასაც ეს ორგანიზაციები მიიღებენ, ეს არის ის, რომ მსოფლიო შეიტყობს მათი კოვიდუსაფრთხოდ ყოფნის შესახებ და ჩვენ ყველა ჩვენს ხელთ არსებული მარკეტინგული პროგრამით, რასაც ახორციელებს სამინისტრო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ამის თაობაზე გავავრცელებთ ინფორმაციას“, - განაცხადა თურნავამ.