ინტერვიუს შესახებ
დარწმუნებული ვარ, რობი კუხიანიძე დიდხანს დარჩება ურთულეს რესპონდენტად.
მას ვერც სიტყვას გააწყვეტინებ, ვერც შეეკამათები და ვერც იმაზე ახლოს მიიყვან კითხვასთან, ვიდრე თვითონ უნდა.
თუ რობისთან დიალოგში რაიმე მნიშვნელოვან შედეგს გეგმავ, მას უნდა უსმინო, უსმინო დაუსრულებლად და ზოგჯერ იფიქრო: „ვაიმეეე, სად წავიდა?!“
მაგრამ თუ გეყოფა გულშემატკივრობა, მოთმინება და რობის მოზაიკური აზროვნების მიმართ ინტერესი, პასუხად მიიღებ ისეთ გულწრფელობას და ისეთ გახსნილობას, რაც მერე სამაგალითო და სანატრელი გექნება ყველა რესპონდენტთან.
სტუმრის ნებართვით, საუბრის თავდაპირველი ტექსტი რედაქტირებულია (შემოკლებულია, როგორც ყველა სხვა ინტერვიუს შემთხვევაში). ამიტომ, მკითხველი წაიკითხავს უფრო კონცენტრირებულ კითხვა-პასუხს, რომელშიც დაინახავს რობი კუხიანიძის ორ ბუნებრივ სახეს: ერთი მხრივ, ომში შეუპოვარ მებრძოლს და, მეორე მხრივ, საოცრად ღრმას, ჩურჩულით მოსაუბრეს და აცრემლებულს.
ასეთია რობი - ანგრევს ყველა ჩარჩოს, მათ შორის, ჩემი ინტერვიუს ჩარჩოსაც.ია ანთაძე
- რობი, თქვენ ძალიან საინტერესო ცხოვრება გაქვთ - ბევრი გამარჯვებით და ბევრი მარცხით. როგორ ფიქრობთ, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შეიძლება ადამიანმა თქვენგან ისწავლოს?
- მე რომ ვთქვა, რომ რამე შეიძლება ჩემგან ისწავლოს ვინმემ, ღიმილს გამოიწვევს. შვილები მყავს, შვილიშვილი მყავს, მაგრამ არასდროს ვყოფილვარ მაგალითი ვინმესთვის - გინდ შინაური იყოს. სულ მიმაჩნია, რომ ჩემგან გადასაღები არც არაფერია. წვრილმანები, ალბათ, იქნება, მაგრამ არავის ვურჩევ, რომ რამე ძირითადი, ან ჩემი და ან სხვისი, მეტისმეტად გაითვალისწინოს. ურთიერთობისას ზოგჯერ ჟესტებიც კი გადმოდის და გადადის, მაგრამ ჩემი ცხოვრების გზა, არ მგონია, ვინმეს რამეში გამოადგეს, იმდენად პერსონალურია და იმდენად ჩემია.
- ჩემი აზრით, თქვენს იმიჯსა და რეპუტაციას შორის მთელი უფსკრულია. როცა თქვენ შესახებ მასალის შესწავლა დავიწყე, არცთუ იშვიათად ვაწყდებოდი, როგორ ამბობდით საკუთარ თავზე - ვსვამ, ვეწევი, არ ვმუშაობ და ასე შემდეგ... მაგრამ როცა მასალის შესწავლა გავაგრძელე, ვნახე, რომ თქვენ გაქვთ უნაკლო რეპუტაცია, როგორც მომღერალს და ლიდერს თქვენს საქმეში. თქვენზე საზოგადოების წარმოდგენა და პროფესიონალების აზრი განსხვავებულია. თვითონ როგორ ხსნით ამ გაორებას?
არავის ვურჩევ, რომ რამე ძირითადი, ან ჩემი და ან სხვისი, მეტისმეტად გაითვალისწინოს.
- როცა არ მიცნობენ, მეკითხებიან ხოლმე, ვინ იმუშავა თქვენს იმიჯზეო. ამ საკითხს ძალიან ოჯახურად ვუდგები იმიტომ, რომ როცა საქმეში ფინანსები არ დევს, ჯობია, ოჯახურად მიხედო. ჩემს იმიჯს ქმნიან ჩემი ახლობლები, ადამიანები, რომლებიც ჩემთან ერთად ცხოვრობენ და მუშაობენ. ჩვენს ჯგუფს, „აუტსაიდერს“, თავიდანვე თავისი კონსტიტუცია ჰქონდა და იმ შემოქმედებით რელიგიას ეყრდნობა დღემდე. ამან განაპირობა, ალბათ, ჩაცმა, ცხოვრების წესი, ყველფერი, რაც როკ მუსიკას მოჰყვა. თანაც, ჯგუფს რაც ჰქვია სახელი, იმის გარშემო ვტრიალებთ. ზოგადად, ჩარჩოები რომ მხვდება, მიხარია იმიტომ, რომ მაქვს საშუალება, გავხდე ჩარჩოების მნგრეველი.
- თქვენში თითქოს ორ ადამიანს ვხედავ: ერთი ჩვეულებრივია, მშვიდად ცხოვრობს, თავმდაბალი და გულჩვილია; მეორე კი რაღაც ბევრად მეტს ეძებს. თქვენც ამბობთ, რომ სცენაზე სულ სხვაა, იქ არაფრის გეშინიათ და ყველაფრისთვის მზად ხართ. ამ ორი რობის ურთიერთობაზე გვითხარით რამე.
- დიახ, სცენაზე ასვლამდე სულ სხვა რობის იცნობენ, აი, ისეთ რობის, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტით დადის, რომელიც ყველასთანაა, ყველას ეკითხება: ხომ არაფერი გინდა? ხომ არაფერი გიჭირს? სითბოს უტოვებს და, თუ რამე აქვს, უნაწილებს. ყოველთვის ყველგან ზუსტ დროს მივიდოდი, მაგრამ ყველას ეგონა, რომ დავაგვიანებდი. და სულ ვიყავი იმ ხალხთან, ვინც ჩემს კონცერტზე მოდიოდა. ის მსმენელი მე მხედავდა სხვანაირს. მაგრამ სცენაზე რა ხდებოდა, იცით? სცენა არის ჩემთვის ტრიბუნა. არ არსებობს ადამიანი, რომ თავისი ტრიბუნა არ ჰქონდეს. მე ვცდილობ, რომ ჩემი ტრიბუნა იყოს მყარი, ბრონირებული. ეს იმათთვის არის საჭირო, ვისთვისაც ვმღერი, ვის განსაცდელსა და ემოციასაც ვახმოვანებ. მე მარტო არ ვარ ამ ცხოვრებაში, ამ ყოფაში. ასეთი აზროვნების ადამიანები სულ იქნებიან საქართველოში.
ჩარჩოები რომ მხვდება, მიხარია იმიტომ, რომ მაქვს საშუალება, გავხდე ჩარჩოების მნგრეველი.
- როგორი აზროვნების, რას გულისხმობთ?
- როდესაც შენი პიროვნული „მე“ იმდენად მიშვებული გყავს, რომ ის ეკუთვნის შენს მეგობრებს. შენ ხარ კონკრეტული საზოგადოების წარმომადგენელი და რუპორი. არ უნდა შეგრცხვეს, რომ ვიღაცის რუპორი ხარ, მაგრამ გააჩნია - ვისი. არიან ადამიანები, რომლებიც მუსიკას უსმენენ იმისთვის, რომ ისიამოვნონ. მე არ ვმღერი იმისთვის, რომ შენ გესიამოვნოს. მე გეუბნები იმას, თუ რა გადამხდა მე, რა გადახდათ ჩემს მეგობრებს, რა მოხდა ჩვენს ცხოვრებაში, რა მომწონს, რაზე მწყდება გული... ეგაა მთელი ფილოსოფია „აუტსაიდერის“ და ამ ფილოსოფიამ განაპირობა ის, თუ როგორი უნდა ვიყო მე.
- ხშირად ცდილობთ ხოლმე, ჟურნალისტებს აუხსნათ, რომ იყო ნობელის პრემიის ლაურეატი გერმანელი მწერალი ჰერმან ჰესე და მან დაწერა რაღაც ისეთი, რამაც თქვენ გადაგაწყვეტინათ, ჯგუფისთვის „აუტსაიდერი“ დაგერქმიათ. ერთხელ ისიც თქვით, ვისაც უნდა, გაიგოს, ვინ ვარ და რა მინდა, „ტრამალის მგელი“ წაიკითხოსო. მაგრამ, რამდენადაც ვიცი, არასდროს მოგცემიათ საშუალება, კარგად აგეხსნათ, რა სულიერი ნათესაობა დაინახეთ ჰესეს რომანის მთავარ გმირთან - ჰარი ჰალერთან, რომელსაც ავტორი „აუტსაიდერს“ უწოდებს და რომელშიც ადამიანი და მგელი ერთდროულად არის ჩასახლებული.
ყოველთვის ყველგან ზუსტ დროს მივიდოდი, მაგრამ ყველას ეგონა, რომ დავაგვიანებდი.
- 21-22 წლის ვიქნებოდი, „ტრამალის მგელი“ რომ წავიკითხე. ამ წიგნში ვნახე ის, რომ ყველაფერი დალაგებული აქვს ადამიანს: პირველ რიგში, არ უნდა დაგწყდეს გული იმის გამო, რომ ამ გზაზე ცხოვრობ. პრეტენზიის მოხსნა ვნახე იქ - ან იყავი ის ბიურგერი, საშუალო ფენა, ან იყავი აუტსაიდერი. თუ ეს გზა აირჩიე, შენს თითოეულ ნაბიჯზე აგე პასუხი და ნუ წუწუნებ, მიყევი ბოლომდე. „ტრამალის მგელში“ ვნახე სრული არჩევანი - მძიმეც, ადვილიც, მსუბუქიც და ყველანაირი.
- „ტრამალის მგელის“ მთავარ პერსონაჟში ცხოვრობს ადამიანი - თავისი კულტურით, აზროვნებით, სულით და ასევე ცხოვრობს მგელი - თავისი ინსტინქტებით და ველური ბუნებით. ეს ადამიანი განსხვავდება საზოგადოების სხვა წევრებისგან, წრის გარეთ არის, აუტსაიდერია. თქვენ აირჩიეთ აუტსაიდერობა და მე დავინახე თქვენი კულტურაც, თქვენი ადამიანური ბუნებაც და დავინახე ასევე თქვენი ინსტინქტები, თქვენი ერთგვარად ველური ბუნება სცენაზე.
მე არ ვმღერი იმისთვის, რომ შენ გესიამოვნოს.
- ერთი თვით ადრე რომ მითხრან, კონცერტი გაქვსო, მაშინვე უცნაური მდგომარეობა მეწყება. იმ დღიდან ძალიან სხვაგან ვარ და ვცდილობ, რომ ურთიერთობაში არ შევიდე უცხო ადამიანებთან. იმდენად განვიცდი სცენაზე ასვლას, რომ ყველა საშინელ სიტუაციაზე ვფიქრობ. ისეთ ნიუანსებზე შეიძლება ვიფიქრო, რომ, მაგალითად, იქ ვიღაცამ ფეხი არ დამიდგას ეფექტზე. და ამაზე წინასწარ ვნერვიულობ. სცენაზე ჩვენი ჯგუფის ყველა წევრს გათვალისწინებული აქვს ისეთი საფრთხეც, რაც შეიძლება არასდროს მოხდეს. უდიდესი პასუხისმგებლობაა, აქ მარტო მუსიკაზე ხომ არ არის ლაპარაკი. გიტარისტი თავისას ამტკიცებს, დრამერი თავისას და ასე. ჯგუფის ყველა წევრმა იცის, რას ვმღერი. ბევრ ჯგუფში წევრებმა საერთოდ არ იციან, ვოკალისტი რას მღერის. კი არ ვარჩევთ სიმღერას - გარჩევაზე არ არის. ტექსტზე რომ ვიწყებთ ლაპარაკს, ეს ყოველთვის პრობლემაზე მსჯელობაში გადადის: როდემდე უნდა იყოს ასე, როდის მოძველდება ეს თემა და არის ამგვარი საუბრები. თან არც გვიძველდება თემები.
- ალბათ, იმიტომ, რომ სიმღერებია აქტუალური.
მე ყარაული ვარ, მორიგე ყარაული.
- დიახ, იმიტომ, რომ კონკრეტულ სიტუაციაზე კი არ ვმღერი, კონკრეტულ სიტუაციაში მე მომხვდა ეს გულში. არ ვაქცევდი ყურადღებას და უცებ გახდა ჩემთვის როგორი საბრძოლო თემა, იცით? აი, სცენაზე რომ ავდივარ, უკვე მორჩა, ომში ვარ. ძალიან სერიოზულ ომში ვარ. იქ რომ დავმარცხდე, ალბათ, დამთავრდა ყველაფერი.
- მანდ დამარცხება? ვერც კი წარმომიდგენია, რას გულისხმობთ...
- ვთქვათ, აღარ მომინდა თქმა. ეს მარტო ჩემი მარცხი არ იქნება. თქვენ რომ თქვით წეღან, ლიდერიო… ჩემს ჯგუფში ვინც მღეროდა, ვინც უკრავდა ქუთაისში თუ თბილისში, ორმოცამდე ადამიანი, მე არ ვყოფ მათ, ყველას აუტსაუდერელებს ვეძახი.
- სინამდვილეში, თქვენ ხართ „აუტსაიდერი“ და თანამოაზრეები იცვლებიან.
- მე ყარაული ვარ, მორიგე ყარაული. ჯერ მე მცალია, რომ იქ ვიყო.
- სხვათა შორის, იმავე „ტრამალის მგელში“ ჰერმან ჰესე წერს, რომ ორბუნებოვნება ბევრი ადამიანისთვის პრობლემა არ არის, ზოგში მელიის ან მაიმუნის ბუნება სჭარბობს ადამიანისას და მშვენივრად ცხოვრობენ. ისინი აუტსაიდერები არ არიან, რადგან კარგად ეწერებიან საშუალო ფენაში, რომელიც საზოგადოების ბირთვია.
მე ჩემი ტყუილები მეყოფა, საკუთარ თავთან რომ ვამბობ.
- მე მაგათ „მორგებულებს“ ვეძახი.
- კი ბატონო, იყვნენ „მორგებულები“. როგორია აუტსაიდერის ურთიერთობა ამ „მორგებულებთან“? ვიცი, რომ ბევრჯერ წაწყდომიხართ ქედმაღლობას, როგორც ქუთაისელი, რომელსაც პრეტენზია აქვს, რომ ალტერნატიულ მუსიკას აკეთებს.
- მათთან ურთიერთობა თავიდანვე გარკვეული მაქვს. „მორგებულებთან“ ვარ, რაც შემიძლია, მიმტევებელი. მაგათ ისიც ეყოფათ, სცენაზე რომ ვდგავარ. ელიტარულ, სამეფო კარის მუსიკოსებს - ასე ვეძახი კიდევ მაგათ - სულ აქვთ ჩემდამი რაღაც დისტანციის მაგვარი. პიროვნულად ვინმესთვის რამე მკვახე თუ მითქვამს, ჯერ არ მომხდარა, რომ აქეთ ეპასუხათ. შეიძლება ათი წელიწადი ვიფიქრო, მაგრამ ტყუილს არ ვაპატიებ. მე ჩემი ტყუილები მეყოფა, საკუთარ თავთან რომ ვამბობ. ასეთი ადამიანებისთვის კი ისიც საკმარისია, უზრუნველად რომ არიან. თუ არადა, ვიწყებ ხოლმე სასტიკ, გამანადგურებელ ომს.
- ომში რას გულისხმობთ? სცენაზე ომი გასაგებია. სცენის გარეთ ომი რას ნიშნავს?
- დიახ, გარეთ ვეომები. ადამიანს რომ ჰგონია, მფარველები ჰყავს, ერთ მშვენიერ დღეს მოდის იმის თქმის მომენტი, რაც სათქმელია. შეიძლება ერთ წელიწადში, შეიძლება ათ წელიწადში დადგეს ეგ მომენტი. მაგრამ ძალიან მოფიქრებულად ვამბობ, დათვლილი მაქვს ათასამდე კი არა, არ ვიცი, რამდენამდე.
ერთ მშვენიერ დღეს მოდის იმის თქმის მომენტი, რაც სათქმელია.
- თქვენ თვითონ უპირატესობის განცდა თუ გაქვთ ამ „მორგებულების“ მიმართ?
- არა, არა, ღმერთმა დამიფაროს. როცა შენი გაქვს გაკეთებული, გინდ გლახა, გინდ კარგი, იქ რომ მოდის ვიღაც და შენზე რომ კონკურენციას ქმნის, უკვე იდიოტთან გაქვს საქმე. ჩემს პირადში, სულიერში შენი კონკურენცია რა შუაშია, ვერ ვგებულობ. ამიტომ ვამბობ ყოველთვის, რომ „აუტსაუდერს“ ვერ ეყოლება კონკურენტები და ვერც ჩემი სახით ეყოლება, ვთქვათ, „მგზავრებს“ ან ვინმე სხვას, კონკურენტი.
- გულგრილი დამოკიდებულება გაქვთ მათ მიმართ?
- ვუთანაგრძნობ. მე ხომ ვიცი, რომ მათი შემოქმედებითი გზა მოკლეა. ცხოვრებაში რაც გავაკეთე შემოქმედებითი, სადამდეც ვიცი, იქამდე გავაკეთე. ზუსტად ვიცი, ჩემმა გაკეთებულმა სადამდე უნდა გასწავლოს. თაობებში მაინც იკარგები ადამიანი და მე ისტორიული ღირებულების შექმნის პრეტენზია არ მქონია. ჩემი ღირებულებაა ჩემი შვილიშვილი და კიდევ თუ ვინმე იქნება... ამ თაობაზე ვამბობ. და იმათ, „მორგებულებს“, იმდენად ვერ არიან ჭკუაზე, ჰგონიათ, რომ ისტორიაში შევლენ. რა ვიცი, ეს აზრი თუ გაგიჩნდა, ესე იგი, დიდი ამბიციები გაქვს და მერე იწყება უკვე: „მე მინდა პრეზიდენტობა“, „მე მინდა ეს“, „მე მინდა ის“ და ესე იგი აღმოჩნდა, რომ შენ გინდა, უზრუნველად იცხოვრო. და მე ძალიან ეჭვის თვალით ვუყურებ, დღევანდელ საქართველოში რა ნამუსით უნდა იყო სხვაზე მეტად უზრუნველყოფილი.
ჩემს პირადში, სულიერში შენი კონკურენცია რა შუაშია, ვერ ვგებულობ.
- სადღაც წავაწყდი, ამბობდით, მარტოობა არ მიყვარს, მაშინებსო. სინამდვილეში, თქვენ რომ აუტსაიდერის გზა აირჩიეთ, ეს მარტოობის გზაა. ვიცი, რომ ბევრი მეგობარი გყავთ და შესანიშნავი ოჯახი გაქვთ, მაგრამ არის თუ არა მნიშვნელოვანი მომენტები, როდესაც სრულიად მარტო გრძნობთ თავს?
- ვერაფრით ვერ მოვახერხე. ხანდახან ისე მინდება, რომ მარტო ვიყო, რატომ, იცით? რომ დავჯდე და ხმები არ მესმოდეს. ხუთ წუთზე ვლაპარაკობ, მეტზე არა. თუმცა, დიდხანს რომ დავრჩე მარტო, მართლა შიშში გადამდის და ქუჩაში გავდივარ.
- ანუ ჩვევაა, რომ სხვებთან ერთად უნდა იყოთ?
- ძალიან მკაცრი წარმოდგენა მაქვს სიმარტოვეზე. ეს არის ყველაზე დიდი სასჯელი, რაც შეიძლება ადამიანმა საკუთარ თავს გამოუტანო. რა სტრესი უნდა გქონდეს, ან რა ზიზღი და მიუტევებლობა სამყაროს მიმართ, რომ მარტო ცხოვრება გინდოდეს. ხომ არის ზოგჯერ, სადღაც გამეღვიძება, სიზმრიდან გამოვდივარ და მარტო ვარ. ვგიჟდები, იმ წუთას ვრთავ ტელევიზორს, რადიოს, ყველაფერს...
- სხვათა შორის, სიზმარზეც მინდოდა მეთქვა. თქვენზე გადაღებული დოკუმენტური ფილმი ვნახე, რომელიც, მგონი, არ მოგწონთ.
- არ ვიცი, მომწონს თუ არა, არც მინახავს. ტირილით რომ გამოვიდნენ პრემიერიდან, მე გარეთ ვიდექი.
- იმ ფილმიდან ყველაზე მეტად რაც დამამახსოვრდა, თქვენი უცნაური სიზმრებია. სიზმრების თემაზე არსად გისაუბრიათ, ამ ფილმის გარდა.
თაობებში მაინც იკარგები ადამიანი და მე ისტორიული ღირებულების შექმნის პრეტენზია არ მქონია.
- მაშინ რა დამემართა, იცით? ჩემი შვილი იყო ფეხმძიმედ. ქუთაისში კონცერტი მქონდა და ვიცოდი, რომ არ უნდა წამეყვანა, ბავშვს ელოდებოდა. არა-მეთქი, მაგის შანსი არ არის. მოდის, აბდღვრიალებს თვალებს, ტირის - რა იყო, ფეხმძიმედ რომ ვარ, იმიტომ, არა? მუცელში ბავშვი ჰყავს და მეხვეწება პატარა გოგო, რომელსაც კამფეტი არასდროს უთხოვია. ბავშვობაში ასთმა ჰქონდა და სხვაგან იზრდებოდა. თან მართლა კამფეტი არ უთხოვია და ეს რომ მთხოვა და უარი ვუთხარი, რაღაც დამემართა, გადავდექი ჭკუიდან და შევჯექი დალევაზე. აი, რაც იმ ფილმშია - მე ხომ ვიცი, რაც მოხდა იმ ფილმში - თითქმის ხუთი თვე ის იყო ჩემი ცხოვრება. ხუთი თვე ცოტა ხომ არაა? დაწოლილი ვიყავი და შეერთებული ბოთლებზე. ისეთი შიში მქონდა, ისეთი შიში მქონდა.
- შიში რისი?
იმათ, „მორგებულებს“, იმდენად ვერ არიან ჭკუაზე, ჰგონიათ, რომ ისტორიაში შევლენ.
- შვილები რომ გაჩნდნენ, დედა მყავდა, მამა მყავს. უჩემოდ მოხდა, ისე ადვილად, დედაჩემიდან გამომდინარე, ალბათ. შიშიც არ მქონია, ვიცოდი, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. ახლა რომ გავხედე, დედა არა მყავს, დავრჩი მარტო. აი, სიმარტოვე სად გამეძრო. დავრჩი რეალობასთან პირისპირ და რატომ არ ვიყავი მიჩვეული მანამდე, ნეტავი, მაგას? აი, მაშინ მოხდა... წამოწოლაში ხდებოდა იმის აღიარება, რომ უდედოდ ვიყავი. და ჩავყევი სმას. ძილიც დავკარგე, ყველაფერი დავკარგე. გათიშული ვიყავი. იმიტომ, რომ ვიყავი მოლოდინში რაღაც სასწაულის, რომლის მიმართ პირადი პასუხისმგებლობა მქონდა. სიცოცხლე ჩნდებოდა და შიში უნდა გადამელახა, უდედობის შიში. დედაც უნდა ვყოფილიყავი, ქმარიც უნდა ვყოფილიყავი. მანამდე ასე არ მიცხოვრია არასდროს. სულ იმედით ვიყავი.
- რაღაც ისეთს განიცდიდით, რომ ჩემთვის ცოტა ძნელია ლოგიკური კავშირის პოვნა ამაში, რასაც ყვებით. გასაგებია, რომ ეს თქვენი ცხოვრებაა, თქვენი განცდები იყო. ასეთი წყვეტის პერიოდი, როდესაც გარკვეული ხნის განმავლობაში გაეთიშეთ ყველაფერს, ეს ერთი გქონდათ თუ კიდევ სხვა დროსაც ყოფილა?
- დედაჩემის გარდაცვალების დროს... გარდაცვალების და დაბადების დროს მოხდა ასე. მეტი რაზე უნდა ინერვიულო?
- ამას ნერვიულობას უკავშირებთ?
ძალიან ეჭვის თვალით ვუყურებ, დღევანდელ საქართველოში რა ნამუსით უნდა იყო სხვაზე მეტად უზრუნველყოფილი.
- ნერვიულობა არ ერქვა, არ ვარსებობდი და ვეგდე. არ ვიცოდი, რაში მჭირდებოდა სხეული, ფეხები, ხელები. დეპრესიაც არ იყო, რაღაც სხვა იყო. ალბათ, ჩემი გავლილი ცხოვრების გზის თვითანალიზს ვცდილობდი და იქ დამერხა - ეგ არ უნდა მექნა.
- თვითმკვლელობაზე თუ ფიქრობდით?
- არა. მე მაგაზე ვერ ვიფიქრებ. ორი რამეა - გაჩნდი ამქვეყნად, არავინ გეკითხება. და ვინ გკითხავს, რომ დააჩქარო სიკვდილი?
- თვითანალიზში რა იპოვეთ, რა აღმოაჩინეთ?
- ჩემში ის ძლიერი მხარე ჩემ თვალწინ მარცხდებოდა. და ამას ებრძოდა ჩემი ერთი მე. თავის მოკვლის თავი რომ მქონოდა... ისეთი უძლური ვიყავი... მაგასაც ხომ ძალა უნდა, ღმერთმა ყველა დაიფაროს. საერთოდ არ მქონდა ძალა, გამორთული ვიყავი. მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ ეს დამემართა.
- როგორ გამოხვედით ამ მდგომარეობიდან?
- გაჩნდა ბავშვი და ავდექი ფეხზე.
- დედის გარდაცვალების დროს?
წამოწოლაში ხდებოდა იმის აღიარება, რომ უდედოდ ვიყავი. და ჩავყევი სმას.
- ჰოო, ეგ დიდხანს არ გამოვა ჩემგან. რამხელა მასა ჩამოაკლდა ჩემს სულს, ჩემს სხეულს. კანონზომიერებაა და ასე უნდა მოხდეს, ღმერთმა არ შეცვალოს ეგ კანონზომიერება. მაგრამ დროშია პრობლემა. ძალიან სასიამოვნო იქნებოდა, ეს ინტერვიუ დედაჩემს რომ მოესმინა... ქუთაისში რომ ვარ, სასაფლაოზე ვერ მივდივარ. იქ არ მინდა, რომ ვნახო. რომ ვთვრებოდი, კი მივდიოდი, მაგრამ ფხიზელი არ მივსულვარ. წყალტუბოს გზაზეა სასაფლაო და ამოვიჩემებ, წყალტუბოში წამიყვანეთ-მეთქი. გზიდან საერთოდ არ ჩანს, მაგრამ ჩავირიხინებ და ვგრძნობ, რომ დედაჩემს ჩავუარე და ყველაფერი კარგადაა.
- ერთგან ამბობდით, დედას ბიჭი ვარო.
- დედიკოს ბიჭი ვარ. (იცინის)
- წავიკითხე, ერთ-ერთი ინტერვიუს კომენტატორი წერდა, რობის ოცი წლის მერე ძეგლს დაუდგამენო. თქვენ ხართ პროტესტის კაცი და, რა თქმა უნდა, გაგეღიმათ ძეგლის ხსენებაზე. ყვავილები რომ მოაქვთ, ასეთი ძეგლი არ გაინტერესებთ, მაგრამ როგორც პუშკინმა თქვა, მე თვითონ ავიგე ხელთუქმნელი ძეგლიო, თუ გაქვთ შინაგანად განცდა, რომ თქვენი ცხოვრების გზით და შემოქმედებით ეგ ძეგლი თვითონ დაიდგით?
- არა, ეგ კიდევ ერთი ილუზიაა.
- რასაც თქვენ ქმნით, ის რომ არ ჩაიკარგება ხუთ და ათ წელიწადში და იქნება დიდხანს - აი, ამის განცდა თუ გაქვთ?
ალბათ, ჩემი გავლილი ცხოვრების გზის თვითანალიზს ვცდილობდი და იქ დამერხა.
- არა. არ მესმის. ეგ როგორ დამემართება? ეგ ნიშნავს, რომ ისტორიას ვეპაექრო, ვეპრანჭო და ვეთამაშო. იცით, რამდენი კომპრომისია საჭირო?
- კომპრომისები რატომ? პირიქით, ეს არის ნაღდი. ძეგლს არ ვგულისხმობ, ვგულისხმობ, რომ საქმე დარჩება თუ არ დარჩება?
- შეიძლება არ დარჩეს. უნდა გაგრძელდეს. მაგრამ თუ დარჩა, მაშინ დამთავრებულია ყველაფერი. არაფერი არ უნდა დარჩეს. ჩვენს საქმეს გაგრძელება უნდა ჰქონდეს სხვანაირად, სხვა თაობებში. იქ საერთოდ არ არის აუცილებელი, რობი კუხიანიძე და „აუტსაიდერი“ ჩანდეს. მე რომ რაღაც გზა გავაგრძელე, ის ჩემი მოგონილი ხომ არ იყო? უბრალოდ, მოვხვდი მაგ სიხშირეზე და მივყვები თავის გასაჭირიან, თავის სიხარულიანად. ეს გზა ესტაფეტაა. რა მნიშვნელობა აქვს, ვინ მიიტანა ჯოხი ფინიშამდე?! უწყვეტობაა მთავარი.
- ასე უყურებთ თქვენს ცხოვრებას?
- ასე, მხოლოდ ასე. ფულს რომ გადაიხდიან და ვარსკვლავებს იხსნიან, ვერავინ გაბედავს, ეგ მე მაკადროს.
- კარგით, ჩვენს ინტერვიუს ტრადიციულად დავასრულებთ თქვენი კომენტარით ცნობილი ადამიანების ორ გამონათქვამზე. პირველი ციტატა ეკუთვნის ფრანგ მწერალსა და ფილოსოფოსს, ალბერ კამიუს (1913 – 1960): „ჩემი უბედურება ის არის, რომ ყველაფერს ვაცნობიერებ“.
ფულს რომ გადაიხდიან და ვარსკვლავებს იხსნიან, ვერავინ გაბედავს, ეგ მე მაკადროს.
- დიდი უბედურებაა მართლაც.
- რატომ, აბა გვითხარით.
- ბავშვობაში მინახავს სოფელში გაზრდილი ადამიანი, რომელსაც არავითარი კავშირი არ ჰქონდა ცივილიზიაციასთან, ტელევიზორთან; ადვილად ცხოვრობდა, იყო ერთი ასი წლის და მეტის.
- არ იტვირთებოდა? ეს იყო მისი ბედნიერება?
- თითოეულ ადამიანს, როგორც კომპიუტერს, აქვს ზღვარი - რამდენის გაქაჩვა შეუძლია. მეორეს არ შეუძლია, უნდა გააძლიერო. მაგრამ რამდენად უნდა გააძლიერო? ბოლოს მაინც ახალი უნდა იყიდო. ასე რომ, ვეთანხმები კამიუს.
- მეორე ციტატა ეკუთვნის გერმანელ ღვთისმეტყველსა და მისტიკოსს მაისტერ ეკჰარტს, რომელიც XIII–XIV საუკუნეების მიჯნაზე ცხოვრობდა. ამ ციტატით ისევ წრესთან ვბრუნდებით: „ღმერთი ჩვენთან ახლოს არის, მაგრამ ჩვენ ვართ შორს. ღმერთი ჩვენშია, მაგრამ ჩვენ გარეთ ვართ“.
- კარგად მესმის, რას ამბობს ეს ადამიანი. დღევანდელ ყოფაში, რაშიც ვართ, ძალიან მტკივა გული, როცა ღვთისმსახურებს მწუხრი ადევთ სახეზე. ეკლესია რა არის? - თანამოაზრეთა შეკრების ადგილი, სადაც ადამიანები თავისი რწმენის გასაზიარებლად და აზრების გასაცვლელად მიდიან. მე რომ წარმოვიდგენ, რომ ვიარო ჩემს თანამოაზრეთა კლუბში, სადაც სულ ასეთი ადამიანები დამხვდებიან - მაშინ დავარქმევთ მოწყენილთა კლუბს, ან მტირალათა კლუბს.
არსებობს ადგილები ეკლესიაში და ყველგან, სადაც განმარტოვდები, შენს მწუხრს გადააგორებ და გამოხვალ ღიმილით.
- გარეთ რომ ვართ, მაგიტომ ხდება, სულ მწუხარე სახით რომ არიან?
- როგორ არა ვართ გარეთ? ყოველი დღე არის რაღაცასთან, ვთქვათ, ჭეშმარიტებასთან მიახლოების მცდელობა. არ შეიძლება, დაიბადო და უცებ იქვე იყო. აბა, ცხოვრების გზა რა გზაა მაშინ? ყველაზე დიდი ტკივილი იესომ განიცადა, იმიტომაც არის სამაგალითო. მაგრამ მე არ მგონია, იესოს უნდოდა, რომ ჩვენ მტირალები ვყოფილიყავით. მე და შენ და ჩვენ რომ ერთმანეთს გავათბობთ, ალბათ, ეს არის ღმერთისკენ ყველაზე ადვილი გზა. ყველა თავისი წარმოსახვით გაძალებს, ისწავლო რწმენა. რწმენის მასწავლებლობა უფრო მეტად უნდა იყოს მშრალი კალაპოტი, სადაც ნაკადი შენზე ჩაირაკრაკებს, შენ უნდა იყო გამტარი და ამტანი. არსებობს ადგილები ეკლესიაში და ყველგან, სადაც განმარტოვდები, შენს მწუხრს გადააგორებ და გამოხვალ ღიმილით. და ეტყვი ადამიანებს, რომ ყველაფერი კარგად არის. ყველაფერი ძალიან კარგად იქნება... ერთხელ საახალწლოდ მანდარინიც კი არ გვქონდა სახლში და მეუღლემ მითხრა, აი, ნაძვისხე გვაქვსო. მე ვთქვი - რა ნაძვი, გავხედე, არაფერი არ არის. აბა, დახუჭე თვალებიო. დავხუჭე თვალები და როცა გავახილე, გადაწია ფარდა და ფარდაზე იყო მიხატული მაგარი ნაძვისხე. ის ნაძვისხე მირჩევნია ყველა სხვას. აი, შეიძლება დახეული მიიტანო ფინიშზე თავი, მაგრამ ხომ ცადე?! დაგლეჯილი ხარ, მერე რა, ხომ გაძელი?! არ უნდა იწუწუნო. ვინმეს არ უნდა ეგონოს, რომ ეს რთულია. სადაც შეგიძლია, უნდა იყო გაღიმებული. მე დიდი ხანია, ღიმილი დავკარგე. მაგრამ მაინც ვცდილობ ჩემებურად...
ფოტომასალა: ზურაბ ქურციკიძე
გუნდი
ირაკლი გედენიძე
ზურაბ ქურციკიძე
გიო კუსიანი
გიორგი ურუშაძე
თამთა ყუბანეიშვილი
ნანა ყურაშვილი
ინგა ქორიძე