×
„აფხაზების მიმართ აგრესია არათუ არ გამომყოლია, არამედ, არც მქონია“

ეკა ცხადაია

მენტორი მასწავლებელი


2168

ინტერვიუს შესახებ

ეს ამბავი ადრეც დამიწერია: ეკა ცხადაია სოფელ ნოჯიხევის N2 საჯარო სკოლის ქართულის მასწავლებელი იყო, წლების წინ ერთ-ერთ ტრენინგზე რომ გავიცანი. ყვებოდა, როგორ ატარებს ლიტერატურის გაკვეთილებს, როგორ ქმნის საგაკვეთილო მასალას ბავშვებისთვის... იმდენად საინტერესოდ მომეჩვენა, ვთხოვე, თუ შეგიძლიათ, ბმული გამომიგზავნეთ, მასალას რა პროგრამაში ამზადებთ-მეთქი. ელექტრონულ ფოსტაში მისი წერილი რომ გავხსენი, თექვსმეტი ბმული აღმოვაჩინე. სიმართლე გითხრათ, იმ პროგრამებს თავი და ბოლო ვერ გავუგე და იქვე დავივიწყე. ეკას პროფესიონალიზმით გაოცება კი დღემდე მომყვება. 

გაიცანით ეკა ცხადაია, მენტორი მასწავლებელი (ეს მასწავლებლის უმაღლესი წოდებაა საქართველოში). სასკოლო თემი მას კარგად იცნობს. მაგრამ ეს ინტერვიუ უფრო თქვენთვის არის, ვისაც სკოლაზე ხელი ჩაქნეული გაქვთ: იცოდეთ, რომ ასეთი მასწავლებელიც გვყავს. დარწმუნებული ვარ, არაერთი... 
 

ია ანთაძე

- ეკა, კმაყოფილი ხართ საკუთარი თავით - ისეთით, როგორიც ხართ?

- საკუთარი თავით კმაყოფილება ძალიან იშვიათი შეგრძნებაა. მქონია მომენტები, როცა კმაყოფილი ვყოფილვარ, მაგრამ, ძირითადად, უკმაყოფილო ვარ. ყოველთვის მაქვს განცდა, რომ რაღაც ისე არ გავაკეთე, როგორც ჩაფიქრებული მქონდა. 

- საზოგადოებრივ აზრზე რამდენად ხართ დამოკიდებული? 

- ადრე ვფიქრობდი, რომ საზოგადოებრივ აზრს ანგარიშს საერთოდ არ ვუწევდი. მაგრამ ისეთ კრიტიკულ სიტუაციაში აღმოვჩნდი, რასაც ვერასდროს წარმოვიდგენდი და მაშინ გავაცნობიერე, რომ, თურმე, ძალიან მნიშვნელოვანი ყოფილა, რას იტყვიან ჩემზე ახლობლები, პირველ რიგში, ოჯახის წევრები. 

- მხოლოდ ოჯახის წევრები და ახლობლები? 

- მართალი გითხრათ, პირველ რიგში, ოჯახზე ვფიქრობდი; მერე იმ დიდ ოჯახზე, რომელსაც ვეკუთვნი - ჩემს პედაგოგიურ საზოგადოებაზე. აღმოჩნდა, რომ, თურმე, მეც ვექვემდებარები საზოგადოებრივი აზრის გავლენას. საერთოდ, ამ ბოლო დროს ბევრი რამ გადავაფასე. 

- განვლილ წლებს თვალი რომ გადავავლოთ, თქვენს ცხოვრებას რას მიამსგავსებდით? 

- (პაუზა) ძალიან საინტერესო კითხვაა. ალბათ, კოსმოსს მივამსგავსებდი. 

- რატომ? 

- იმიტომ, რომ კოსმოსში არის დიდი წონასწორობა, წარმოუდგენელი მანძილების მიუხედავად. მაგრამ ერთმა პატარა მეტეორმა შეიძლება უზარმაზარი ცვლილებები გამოიწვიოს. ასე ხდება ჩემთანაც. გარკვეული წესრიგი ჩემი ცხოვრების ქაოსურ სიტუაციებშიც არსებობს. ვცდილობ, ბალანსი შევინარჩუნო და კატაკლიზმები თავიდან ავიცილო. 

- მაგალითად, დინების საწინააღმდეგოდ ცურვას თუ მიამსგავსებდით თქვენს ცხოვრებას?

- ნამდვილად მივამსგავსებდი. სულ მიწევს დინების საწინააღმდეგოდ წასვლა. მაგრამ არ მაქვს განცდა, რომ ოდესმე დავაშავე, როცა პროტესტი გამოვხატე. ყოველთვის, როდესაც რაღაც გამიპროტესტებია - პიროვნებას ეხებოდა თუ საზოგადოებრივ საქმეს - გარკვეული პერიოდის შემდეგ, მართალი აღმოვჩენილვარ. თუმცა, ბევრჯერ დამაზარალა იმან, რომ სამართლიანობის განცდა შიგნიდან არ მასვენებს. 

- თქვენს თავში რას ებრძვით, ყველაზე მეტად? 

- ჩემს თავში ვებრძვი ემოციებს. ძალიან ემოციური ვარ და გულში დიდხანს მრჩება ის, რაც სხვებმა შეიძლება მარტივად გადაიტანონ. ნაკლებად ემოციური, მშვიდი ადამიანი, ალბათ, უფრო ბედნიერად ცხოვრობს - ეს განცდა მაქვს. 

- ემოციებს როგორ ებრძვით? 

- ვებრძვი - მთლად სწორი სიტყვა არ არის. როცა შევეცადე, უფრო მშვიდად შემეხედა მოვლენებისთვის, მაინც არ გამომივიდა. ამიტომ, დიდი ბრძოლები აღარ მაქვს საკუთარ თავთან. 

- როგორ მიჯნავთ, დათმობა კეთილი ნებაა, თუ სისუსტის გამოვლენა?

- ცოტა უფრო ახალგაზრდა ასაკში რადიკალური ვიყავი და მიმაჩნდა, რომ დათმობა სისუსტე იყო. მაგრამ თანდათან, ასაკთან ერთად, მოდის დამოკიდებულება, რომ დათმობა არასდროს არ არის სისუსტე. თუმცა, რა თქმა უნდა, გააჩნია, რას დათმობ. ღირებულებების დათმობაზე, ალბათ, ვერავისთან ვერ შევთანხმდებოდი. ყოფით, ცხოვრებისეულ მომენტებში შემიძლია, დავთმო, თუ ვიცი, რომ ჩემი პრინციპულობით ახლობელს საქმე გაუფუჭდება, ან გული ეტკინება... უფრო გულის ტკენაზე ვფიქრობ. ამ ბოლო დროს, ძალიან გულჩვილი გავხდი. 

- კატეგორიულობა რა შემთხვევაში შეიძლება იყოს ურთიერთობის ენა? 

- როცა საქმე ღირებულებებს ეხება, მაშინ კატეგორიული ვარ. რაც ჩემთვის მიუღებელია, იმას ვერ გავაკეთებ. როცა ვხედავ, რომ ჩემს პრინციპებს, ჩემს ღირებულებებს ადამიანი ან საქმე საფუძველშივე არ ეთანხმება, გავერიდები. ეს - უკეთეს შემთხვევაში, უარეს შემთხვევაში, შეიძლება, სისულელეც ჩავიდინო. 

- რას გულისხმობთ? 

- თუ ჩავთვალე, რომ დათმობაც და კატეგორიულობაც მიუღებელი აღმოჩნდა მეორე მხარისთვის და მაინცდამაინც ჩემი ღირებულებების გათელვა მოინდომა, მაშინ, უკან არ დავიხევ, თავს დავიცავ და ვიღაცას ადგილს მივუჩენ. 

- ეს გაგიკეთებიათ? 

- დიახ, გამიკეთებია. 

- თუ არის შესაძლებელი, რომ საღი აზრით და სინდისით ცხოვრება ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოვიდეს?

- მე მგონი, ჩემს შემთხვევაში, არა. ჩემთვის სინდისის ხმა არის საღი აზრი და, ამიტომ, შინაგანი კონფლიქტი არ მაქვს საღ აზრსა და სინდისის ხმას შორის. 

- თუ გაგჩენიათ ეჭვი, რომ რაც ძალიან მნიშვნელოვანი გეგონათ, შეიძლება, არც ისე მნიშვნელოვანი იყოს? 

- დიახ. ამ ბოლო დროს ჩემს ცხოვრებაში ძალიან ცუდი რამ მოხდა, პიროვნული ამბავი. ეს ოჯახის წევრის დაკარგვას ეხება. ისე მოხდა, რომ 90-იანი წლების დასასრულს ჩემს ოჯახში გაჩნდა პატარა ბიჭი, რომელიც ჩვენთან გაიზარდა. განსხვავებული დედმამიშვილები ვიყავით, მაგრამ დედაჩემს დედას ეძახდა. და ეს ბიჭი დავკარგეთ ახლახან. სრულიად არალოგიკური იყო მისი სიკვდილი, 24 წლის ასაკში. 

 
ამ ბავშვის მერე დავფიქრდი, რომ ყველაზე მაღალი ღირებულება, რაც კი არსებობს თურმე და რასაც ადრე, ვთქვათ, იერარქიაში ცოტა ქვემოთ ვწევდი - სიცოცხლეს - მაგაზე უფრო დიდი ღირებულება არის ღირსება-მეთქი, ვამბობდი; ახლა ვფიქრობ, რომ ადამიანის სიცოცხლე ყველაზე დიდი ღირებულებაა. ახლა რომ შემეძლოს მე რაღაცის შეცვლა ამ პატარა ბიჭისთვის, ყველაზე დიდ უღირს საქციელსაც კი ჩავიდენდი, ოღონდ... არ მინდა ახლა ამაზე ვილაპარაკო... ოღონდ მისი სიცოცხლე გამეხანგრძლივებინა.

რომ ვთქვი, ბევრი რამ გადავაფასე-მეთქი, ზუსტად ამ ამბის შემდეგ დავრწმუნდი, რომ სიცოცხლე ყველაზე დიდი ღირებულებაა. 

- წლების განმავლობაში რასაც ქმნით, მათ შორის ყველაზე ღირებულად რა მიგაჩნიათ? 

- ჩემთვის ყველაზე ღირებული იმ ადამიანების შემდგარი ცხოვრებაა, რომელთა აღზრდაში მონაწილეობა მივიღე; რომლებსაც, თითქოს, რაღაც ვასწავლე. არ აქვს მნიშვნელობა, ზოგი ამერიკაშია, ზოგი უკრაინაშია, ზოგი ჩინეთშია - განფენილები არიან მთელ მსოფლიოში. ეს სითბო, რასაც მათგან ვიღებ, ვფიქრობ, რომ გაცემულის ადეკვატურია. 

 

 

„რაც სოფლის სკოლის ბავშვებმა იციან, რა ღირებულებებიც აქვთ, ეს ძალიან ძვირფასია.“

 

 

- თქვენ ქართულ ენასა და ლიტერატურას სოფლის სკოლაში ასწავლიდით (ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევში), შემდეგ ქართულს - როგორც მეორე ენას - ასწავლიდით მარნეულში და ახლა დედაქალაქის სკოლაში მუშაობთ, ხარისხის მართვის კუთხით. ადრე ნათქვამი გაქვთ, სწავლა-სწავლების ხარისხით ქალაქის და სოფლის სკოლები არ განსხვავდება, მაგრამ გარემოს მხრივ რადიკალურად განსხვავდებაო. პირველ რიგში, დავაზუსტებ, ისევ ასე ფიქრობთ? 

- ახლა უკვე ვფიქრობ, რომ ქალაქის სკოლები წინ წავიდა, რადგან დიდ ქალაქში დიდი შესაძლებლობებია. თბილისში ბავშვებს შეუძლიათ, არაფორმალური განათლება არასაგაკვეთილო პროცესებიდან მიიღონ, რასაც სოფლის სკოლის ბავშვები მოკლებულები არიან. თუმცა, ბალანსი არსებობს: რაც სოფლის სკოლის ბავშვებმა იციან, რა ღირებულებებიც აქვთ, ეს ძალიან ძვირფასია. მაგრამ ცოდნაზე ქალაქის ბავშვებს უფრო მიუწვდებათ ხელი. 

- პირობითად, არაფორმალური ნაწილი რომ გამოვრიცხოთ და მხოლოდ ფორმალური ნაწილი დავტოვოთ, რა სურათს მივიღებთ? 

- სკოლა, როგორც სოციალური ინსტიტუტი, სოფელში და ქალაქში, - სწავლების ხარისხით, მეთოდებით -  არ განსხვავდება. ყველგან დაახლოებით ერთნაირია. 

- სკოლა, როგორც სოციალური ინსტიტუტი, თავის ფუნქციას სად უკეთესად ასრულებს - იქ, სადაც მასწავლებლები, მშობლები, ბავშვები - ყველა ერთმანეთის ახლობელია (მაგალითად, სოფელში), თუ იქ, სადაც მასწავლებლები და მშობლები უცხოები არიან ერთმანეთისთვის (მაგალითად, თბილისში)?  

- რა თქმა უნდა, სკოლას აუცილებლად სჭირდება მშობელი, როგორც მხარდამჭერი და თანამოაზრე. მაგრამ ხშირად სკოლა ცალკე მხარეა და მშობელი - ცალკე მხარე. გამოდის, რომ მშობელი თავისი შვილის ინტერესებს იცავს და  სკოლა, თითქოს, ბავშვის ინტერესებს აზიანებს. მიმუშავია პატარა თემის სკოლაში, სადაც ყველა ერთმანეთს იცნობდა. მასწავლებელი, მოსწავლე, მშობელი - ერთმანეთის ახლობლები, მეზობლები, ნათესავები იყვნენ. ეს ფაქტორი, გარკვეულწილად, გეხმარება, მაგრამ მინუსიც აქვს - კრიტიკა არ არსებობს და ვერ იგებ, რას აკეთებ კარგად, რას - ცუდად. იმიტომ, რომ ცუდადაც რომ გააკეთო, ამას არავინ გეტყვის. ჩემთან, როგორც კლასის დამრიგებელთან, მოსულა მშობელი საყვედურით სხვა მასწავლებელზე და უთქვამს - თქვენ გადაეცითო. როცა კოლეგას უხსნი მშობლის პრეტენზიას, მას არ სჯერა და კითხულობს - თვითონ მშობელი რატომ არ მელაპარაკება? უთქვამს მშობელს, რატომაც არ ელაპარაკება: ჩემი ახლობლის რძალია და ოჯახს ვერ დავუპირისპირდებიო. რა თქმა უნდა, ასეთი დამოკიდებულება სწავლა-სწავლების პროცესს ხელს უშლის. 

- მთლიანობაში, სკოლა სად უკეთესად ასრულებს თავის ფუნქციას - ქალაქის გარემოში, თუ სოფლის გარემოში?

- მე მგონი, სოფლის გარემოში. იმიტომ, რომ ის დაპირისპირება, დიდი კონფლიქტები, გაუცხოება მშობელსა და მასწავლებელს შორის - რაც ქალაქის სკოლებშია, სოფელში არ არის. გაუცხოება შობს ყველანაირ აგრესიას. ლოკალურ გარემოში, მშობელი ხათრის გამო მაინც გეხმარება.

- „გეხმარებაში“ რას გულისხმობთ? 

- გეხმარება ბავშვის განვითარებაში, ქცევის მართვაში. როცა თემი შეკრულია, მასწავლებელს მშობელზე და ბავშვზე ზემოქმედების მეტი მექანიზმი აქვს. ქალაქში დიდი გაუცხოებაა. მასწავლებელს შეიძლება 30 ან 40 ბავშვი ჰყავდეს კლასში და ვიღაცისთვის მიუღებელმა ტონმა ან სიტყვამ დიდი ზვავი გამოიწვიოს. ქალაქში „პეპლის ეფექტი“ აქვს მასწავლებლის ყველა სიტყვას. პატარა თემში ასე არ არის. 

- მაშინ, სხვა მხრიდან შევხედოთ. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ოჯახში ბავშვი ყურადღების ცენტრშია და, ხშირად, თავი სამყაროს ჭიპად წარმოუდგენია. სკოლაში ბავშვმა უნდა ისწავლოს, რომ ის სამყაროს ცენტრი კი არ არის, არამედ, სხვების თანასწორია. სწორედ სკოლამ უნდა აზიაროს ბავშვი საზოგადოებრივი ცხოვრების წესებს. ჩვენს ტრადიციულ, იერარქიულ საზოგადოებაში სკოლა რამდენად ახერხებს, რომ ბავშვებს ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინება, გუნდურობა, ჰორიზონტალური ურთიერთობები ასწავლოს? 

- მე ვფიქრობ, რომ ეს ნაკლებად შესაძლებელია. მოდით, ვთქვათ, ვინ დგას ბავშვის უკან. მის უკან დგას ოჯახი, საზოგადოება, მედია, სოციალური ქსელი, სამინისტრო, არასამთავრობო ორგანიზაციები. ვინ დგას მასწავლებლის უკან? - არავინ! ხანდახან საკუთარ ოჯახშიც შეიძლება კონფლიქტი შეექმნას იმის გამო, რომ, ვთქვათ, სამსახური დაკარგა. როდესაც მოდის ბავშვი - სამყაროს ჭიპი - და ცდილობს თავის დამკვიდრებას თავისნაირების გვერდით, ამას მასწავლებელი საკუთარი უნარებიდან გამომდინარე არეგულირებს, ან ვერ არეგულირებს. თუ ამ პროცესში რომელიმე ბავშვმა ჩათვალა, რომ მისი უფლებები შეილახა, ოჯახიდან ხშირად სკოლის მიმართ არაადეკვატური რეაქცია მოდის. სკოლა კი ყოველთვის მასწავლებელს ტოვებს პრობლემის პირისპირ. მერე ხდება მასწავლებლებზე „გადავლა“: ეს ასეთი, ისეთი... სოციალური ქსელი ცალკე აჯანყდება, მაშინვე სენსაციას დახარბებული ტელევიზიები გამოჩნდებიან... ჩვენ მსხვერპლი გვჭირდება და ეს მსხვერპლი მასწავლებელი ხომ არ იქნება? ცხადია, ბავშვია მსხვერპლი და მასწავლებელი - მოძალადე. როცა სოფლისა და ქალაქის სკოლებს შორის განსხვავებებზე ვსაუბრობდით, სწორედ ამას ვგულისხმობდი. მსგავსი პრობლემა სოფლის სკოლაში რომ წარმოიქმნას - პატარა, ლოკალურ გარემოში - იქ სხვა ფაქტორები გეხმარება ბავშვთან, მშობელთან ურთიერთობის მოწესრიგებაში. დიდ ქალაქში დიდი კონფრონტაცია მოჰყვება ყველანაირ კონფლიქტს. 

- მაგრამ ბავშვში როგორ ხდება ტრანსფორმაცია ვარსკვლავბიჭუნადან და ვარსკვლავგოგონადან საზოგადოების რიგით წევრამდე? 

- ძალიან მტკივნეული პროცესია ბავშვისთვისაც, კლასისთვისაც და მასწავლებლისთვისაც. ყველაფერი მასწავლებლის უნარებზეა დამოკიდებული. ვერც ერთი მასწავლებელი მარტო ამ პრობლემას ვერ უმკლავდება. მის გვერდით უნდა იყოს სკოლა, თანამშრომლობის მაღალი ხარისხით. მაგრამ, როგორც ვთქვი, მასწავლებელი მარტოა. შეიძლება, შინაგანად განვიცდიდეთ ჩვენი კოლეგის პრობლემას, შეიძლება, დახმარების სურვილიც გვქონდეს, მაგრამ რაც ვთქვი - ვის უკან ვინ დგას - ეს რეალობა თანამშრომლობის სურვილსაც და შესაძლებლობასაც ამუხრუჭებს. 

 

 

„ზოგჯერ, უბრალოდ, არ ვიცით ასაკის თავისებურებები; ხშირ შემთხვევაში -  არც გვაინტერესებს.“

 

 

- თქვენ სხვადასხვა სკოლაში გიმუშავიათ. სკოლას თუ აქვს გაცნობიერებული თავისი მისია, რომ კერძო ადამიანიდან ბავშვი საზოგადოების წევრად უნდა გარდაქმნას? 

- რა თქმა უნდა, ეროვნული მიზნების დოკუმენტში ყველაფერი შესანიშნავად არის ჩამოყალიბებული - რას ითხოვს სახელმწიფო, რას ითხოვს დღევანდელობა მასწავლებლისგან და სკოლისგან, ანუ როგორი უნდა იყოს მოსწავლე: ღირებულებებზე ორიენტირებული, რომელსაც ესმის, რა არის მისი ქვეყანა; რომელიც პატივს სცემს სხვებს; განვითარებული აქვს ცხოვრებისთვის საჭირო სხვადასხვა უნარი; მზად არის ყველანაირი მოულოდნელობისთვის; სწავლის სწავლაც შეუძლია და ასე შემდეგ... მაგრამ ვახერხებთ კი ამას? ხშირ შემთხვევაში, ვერ ვახერხებთ... კომპეტენციაც არ გვყოფნის და, თანაც, მიმაჩნია, რომ ფრუსტრირებული მასწავლებელი ამდენს ვერ შეძლებს.

- სანამ მასწავლებლებზე ვილაპარაკებთ, კიდევ ორი კითხვა მაქვს, ბავშვებთან დაკავშირებით. როდესაც ბავშვი მოზარდობის ასაკს მიაღწევს, ხშირად მშობლებს თავისი აუხდენელი ოცნებები შვილებზე გადააქვთ და მათ ცხოვრების მთავარ მიმართულებებს ჰკარნახობენ. მეორე მხრივ, ახალგაზრდა თაობა დამოუკიდებლობისთვის იბრძვის და უცხოელ თანატოლებთან უფრო მეტ საერთოს პოულობს, ვიდრე საკუთარ მშობლებთან და წინაპრებთან. თქვენი გამოცდილებით, სკოლა ტრადიციულ, იერარქიულ საზოგადოებას ამყარებს, თუ მის განლევას უწყობს ხელს? 

- გარკვეულ ეტაპზე, მშობლების აუხდენელი ოცნებები ბორკილები აღმოჩნდება ხოლმე ბავშვებისთვის და მესმის, ბავშვი ამის გამო როგორ ექცევა იერარქიაში, ჩარჩოში. მაგრამ, ზოგადად, ახალგაზრდა ადამიანი უკომპრომისოა და ხშირად მოსწავლეების დესტრუქციული ქცევები აქედან შეიძლება მომდინარეობდეს. სკოლა უნდა ეხმარებოდეს ბავშვს, რომ თავისუფალ ადამიანად ჩამოყალიბდეს და ტრადიციებსაც პატივს სცემდეს. ეს ახალი სულაც არ არის. დავით გურამიშვილმა დაწერა: „ყმაწვილი უნდა სწავლობდეს საცნობლად თავისადაო, ვინ არის, სიდამ მოსულა, სად არის, წავა სადაო...“ საკუთარი ტრადიციების არდავიწყებას და მომავალზე ორიენტირებას გვასწავლიდა დავით გურამიშვილი ჯერ კიდევ  მე-18 საუკუნეში. დღეს ამას უფროსები ხან ვახერხებთ და ხან ვერ ვახერხებთ. თუმცა, თანამედროვე ახალგაზრდობა თავისუფალი, ლაღი, ღირებულებებზე ორიენტირებული თაობაა. რომ გვეგონა, ტატუებიანი და საყურეებიანი ბავშვები, მწვანედ გადაღებილი თმით, ინდიფერენტულები იყვნენ ყველაფრის მიმართ, პირადი თავისუფლების გარდა,  აღმოჩნდა, რომ მათთვის ეს ქვეყანა სულერთი არ ყოფილა. 

- სოფელშიც ასეთი მოზარდები გვყავს?  

- დიახ. რვა წლის წინ მყავდა ბოლო სადამრიგებლო კლასი და იმ ბავშვების აზროვნებას რომ ვაკვირდები, მათ ქცევებს რომ ვიხსენებ, აბსოლუტურად თავისუფალი, ღია, უკომპრომისო ადამიანები არიან. ჩვენს თაობას გაუბედაობის ზღვარი უნდა გადაელახა, რომ მასწავლებლისთვის სიმართლე ეთქვა. ამათთვის ეს ჩვეულებრივი ამბავია და გამბედაობას საერთოდ არ უკავშირდება. 

- თქვენ, ძირითადად, უფროს კლასებს ასწავლიდით. გარდატეხის ასაკში, პირველ ეტაპზე, ბავშვს უჩნდება დიდი პროტესტი ყველას და ყველაფრის მიმართ, ვინც და რაც მისთვის პატივსაცემი იყო. პროტესტის ეტაპის შემდეგ ჩნდება საკუთარი თავის შემეცნების ინტერესი, ეგზისტენციალური ფიქრები, სქესთან დაკავშირებული კითხვები. ალბათ, თქვენს კოლეგებთან ერთად განიხილავთ ხოლმე ბავშვის და მოზარდის განვითარების ამ ეტაპებს. 

- დიახ, სულ განვიხილავთ. 

- სკოლა რამდენად არის მზად იმისთვის, რომ მოზარდობის რთულ პერიოდს ადეკვატურად შეხვდეს? 

- სულ მაქვს განცდა, რომ რაღაცას სწორად ვერ ვაკეთებთ, მოზარდების პროტესტს ახსნას და სწორ კალაპოტს ვერ ვუძებნით. ზოგჯერ, უბრალოდ, არ ვიცით ასაკის თავისებურებები; ხშირ შემთხვევაში - არც გვაინტერესებს. რომელი უფრო დიდი უბედურებაა, ვერ გეტყვით. ამიტომ, პროტესტი კიდევ უფრო მეტად მძაფრდება: მოვიდა სეტყვა, დახვდა ქვა! 

- რა აკლია სკოლას იმისთვის, რომ მასწავლებელმა ყველაზე რთულ პერიოდში მოსწავლის მიმართ სრული მიმღებლობა გამოიჩინოს და მხარში დაუდგეს მას?

- არის სკოლები, არიან მასწავლებლები, რომლებიც პროცესებს ძალიან კარგად მართავენ. მაგრამ ვინც ვერ მართავს, მათი ამბები უფრო ხმაურობს.

- ესე იგი, უმრავლესობა სწორად მუშაობს? 

- ვფიქრობ, რომ 50/50-ზე. 

- რთული ასაკის ბავშვებთან ურთიერთობის თქვენი პირადი გამოცდილება როგორია?

- მყოლია ასეთი ბავშვები, მათ შორის, ჩემი კოლეგების შვილები. ერთხელ მეგობრის შვილი იყო ჩემს სადამრიგებლო კლასში და დედამისი მეუბნებოდა, ეს ბავშვი მომაშორე სახლიდან, არ შემომაკვდესო. რა თქმა უნდა, მეტაფორული ნათქვამი იყო, მაგრამ ნამდვილად უჭირდა შვილის მოზღვავებულ ენერგიასთან გამკლავება.

- ეგ პერიოდი თითქმის ყველა ოჯახს გავლილი აქვს. 

- ბავშვმა თავისიანად უნდა ჩაგთვალოს - ეს არის მთავარი. როგორ მიაღწევ ამას, რა თქმა უნდა, შენზე, მასწავლებელზეა დამოკიდებული. მნიშვნელოვანია საერთო ინტერესებიც და დათმობაც. დათმობა არ გულისხმობს, რომ მასწავლებელმა თავისი ფუნქცია დაკარგოს და კლასი ბავშვებმა მართონ. არა, მასწავლებელი სიტუაციას ყველა შემთხვევაში უნდა აკონტროლებდეს. ჩემი გამოცდილებით, არაფორმალური გარემო საუკეთესოა ურთიერთობის დასალაგებლად. ექსკურსია მხოლოდ ბუნებაში გასვლა არ არის. იქ თამაშია, საუბრებია, ადამიანები უკეთესად ეცნობიან ერთმანეთს. ყოფილა შემთხვევა, რომ ექსკურსიაზე აღმოგვიჩენია ბავშვი - სრულიად განსხვავებული ინტერესებით და დამოკიდებულებებით. ძალიან ჩუმი, პასიური მოსწავლე, რომელსაც გაკვეთილი არასდროს აინტერესებდა და ზარის დარეკვას ელოდებოდა, რომ გაქცეულიყო, ექსკურსიაზე სულ სხვანაირი აღმოვაჩინე. ვუყურებდი, როგორ ეხმარებოდა თავის კლასებს, რომ რთული მარშრუტი გაგვევლო. თვითონაც წვალობდა, მაგრამ გოგონებს არ ტოვებდა.  ამას რომ ხედავ - მეგობრობას, თანალმობას, სხვისი გასაჭირის გულთან მიტანას - მერე ასეთ ბავშვს სხვანაირად უგეგმავ გაკვეთილს. თავისი სათქმელი უნდა მოატანინო კლასთან და მაშინ პასიური აღარ იქნება. როცა ბავშვს მნიშვნელოვნად წარმოაჩენ, ეს მუშაობს. 

 

 

„შეგრძნება მქონდა, რომ ჯარი ვერ გააკეთებს იმ საქმეს, რასაც ჩვენ სახელმწიფოსთვის ვაკეთებდით.“

 

 

- რაც თქვენ აღწერეთ, ზრუნვაზე ორიენტირებულ სკოლას ეხება, სადაც მოსწავლე თავს უსაფრთხოდ გრძნობს. მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ სკოლაში თავს მასწავლებელიც უსაფრთხოდ გრძნობდეს. ბავშვი უსაფრთხოდ ვერ იქნება, თუ მასწავლებელს მუდმივად აქვს საფრთხის განცდა. როგორია ჩვენი სკოლები - მასწავლებელზე ზრუნავენ, თუ აკონტროლებენ მას? მინდა, გამჭოლი ხაზი გავავლოთ, ზრუნვისა და კონტროლის ჭრილში, მასწავლებლიდან მოსწავლემდე. 

- რადიკალურად განსხვავებულ სკოლებში მიმუშავია. ერთ შემთხვევაში, მასწავლებელი აბსოლუტურად თავისუფალი იყო ადმინისტრაციის მხრიდან კონტროლისგან და, მართალი გითხრათ, ზრუნვისგანაც. თითოეული ჩვენგანი საკუთარ თავს შველოდა. ეს იყო პატარა სკოლა, ახლო ურთიერთობების თემი. ამიტომ, იქ ჩვენ, მასწავლებლებმა, ერთმანეთი გავზარდეთ. დიდი ხნის წინანდელ ამბავს გეტყვით: კოლეგებმა ფული მასესხეს, რომ ფასიანი ტრენინგი გამევლო. მერე დავბრუნდი და რაც ვისწავლე, მათაც ვასწავლე. მაშინ მასწავლებელთა სახლი არც არსებობდა. ჩვენ თვითონ ვზრუნავდით ჩვენს განვითარებაზე, გვინდოდა, რაღაც შეგვეცვალა.

- საპირისპირო გამოცდილება როგორი იყო?  

- მეორე შემთხვევაში, ვიმუშავე სკოლაში, სადაც, ტოტალური კონტროლის პირობებში, მასწავლებლის დასჯა მიღებული და აღიარებული იყო, როგორც მართვის მექანიზმი. ეს ძალიან დამთრგუნველია. თუმცა, ისიც დამთრგუნველია, როცა არავინ ზრუნავს და ხელის ცეცებით დადიხარ. ასე ჩავაბარეთ პირველი სასერტიფიკაციო გამოცდები 2010 წელს. 

 
ჩემთვის ეს იყო უღრანი ტყე, რომელიც... არ ვიცოდი, სად მივდიოდი, რა დამხვდებოდა, რა უნდოდათ ჩემგან.

მაგრამ, მეორე მხრივ, ტოტალურად დაშინებული და შევიწროებული მასწავლებელი ნამდვილად ვერ აგრძნობინებს მოსწავლეს თავს უსაფრთხოდ. პირადად მე ვყოფილვარ დისციპლინური დევნის ობიექტი მხოლოდ იმიტომ, რომ სამასწავლებლოსთან რიგი იდგა (ბარათით ვაფიქსირებდით სკოლაში მისვლის დროს) და ჩემს ბარათზე წამებით დაგვიანება დაფიქსირდა. გავაპროტესტე და მითხრეს:  შენ წინ წასული მასწავლებელი ხარ და შენ რომ დაგსჯით, სხვებს პროტესტი აღარ გაუჩნდებათო. მასწავლებლის მიმართ ასეთი დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, უარყოფითად აისახება სასწავლო პროცესზე. 

- სკოლაში რომელი წლიდან მუშაობთ? 

- 1997 წლიდან. 

- დიდი გამოცდილება გაქვთ,  ძალიან შთამბეჭდავი „პორტფოლიო“ გიდევთ საჯაროდ და პროფესიაში უმაღლესი რეგალიების მფლობელი ხართ. მაგრამ დღეს მასწავლებლად არ მუშაობთ, თუმცა, ვიცი, რომ ამის სურვილი გაქვთ. შეიძლება ვთქვათ, რომ საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო მასწავლებლისთვის სკოლაში ადგილი არ მოიძებნა?

- არა, არ მოიძებნა. სადაც ვმუშაობდი, იქიდან გარკვეული მიზეზების გამო მომიწია წამოსვლა და ეს იყო სწორი გადაწყვეტილება ჩემი მხრიდან. არასოდეს ამ გადაწყვეტილების გამო გული არ დამწყდება. პირიქით, ადრე უნდა წამოვსულიყავი. 

- იყო თუ არა ეს ის გარემო, რომელიც თქვენ აღწერეთ, როგორც ტოტალური კონტროლის გამოცდილება. 

- დიახ. მაგრამ ეს იყო უფრო ტოტალური შევიწროება მანიპულაციებით. შემდეგ ვცადე, საჯარო სკოლაში მეპოვა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ადგილი. ხანდახან მესიზმრება, რომ გაკვეთილზე შევდივარ და გამწარებული ვხსნი; ან მესიზმრება, რომ ზარი დარეკილია, მოსწავლეები მელოდებიან და გაკვეთილზე ვერ შევდივარ. გარკვეული პერიოდის წინ, ერთ-ერთ საჯარო სკოლაში კონკურსი გამოცხადდა და მივედი. ძალიან თბილად მიმიღეს, მითხრეს, რა კარგია, რომ მოხვედით, იმედი გვქონდა გადაწურული, რომ შესაფერის კადრს ვიპოვიდითო. ჩავთვალე, რომ სამსახური მქონდა. მეორე დღეს მომდის მესიჯი: „სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ჩვენი თანამშრომლობა ვერ შედგა.“ არ ვიცი, რა მექანიზმი ამუშავდა, ლოგიკას ვერ ვპოულობ. 

- ეს თბილისში მოხდა? 

- დიახ, თბილისში. 

- გამოდის, ახლაც მზად ხართ შეთავაზებებისთვის. 

- რა თქმა უნდა. წლების განმავლობაში ვასწავლიდი ქართულს, როგორც მეორე ენას და შეგრძნება მქონდა, რომ ჯარი ვერ გააკეთებს იმ საქმეს, რასაც ჩვენ სახელმწიფოსთვის ვაკეთებდით. ეს მართლა ძალიან საჭირო პროექტია ქართული სინამდვილისთვის და, თანაც, პროექტს შესანიშნავი გუნდი ჰყავს. მაგრამ ბევრჯერ მიფიქრია, ნეტავ, ახლა ქართული ლიტერატურა ამახსნევინა ჩემებურად-მეთქი. 

- მე ვიცი თქვენი ჯადოქრობის ამბავი. თუ ვინმე დაინტერესდება, თქვენს „პორტფოლიოში“ მოძებნოს „გულანშაროს უწყებანი“ და ნახავს, როგორ მუშაობთ თქვენს მოსწავლეებთან. ახლა მინდა, ვისაუბროთ თემაზე, რომელსაც გვერდს ვერ ავუვლი. თქვენი ბლოგების კითხვისას აღმოვაჩინე, რომ სოხუმში ცხოვრობდით ომის დროს და ომის მძიმე გამოცდილებას მთელი ცხოვრება ატარებთ. დღეს სიტყვა „აფხაზი“ თქვენში რა ემოციას იწვევს?

- ზუსტად ისეთ ემოციას იწვევს, როგორსაც სიტყვები „მეგრელი“, „იმერელი“, „გურული“, „აჭარელი“ და ასე შემდეგ. აფხაზების მიმართ აგრესია არათუ არ გამომყოლია, არამედ, არც მქონია. ბედის ირონიით, ისე მოხდა, რომ 1993 წლის 13 აგვისტოს ჩავედი სოხუმში და შუაგულ ომში აღმოვჩნდი. მერე გზები ჩაიკეტა. ჩვენ დეპოსთან, სტრატეგიულ ადგილზე მოვხვდით ბინაში. ჩემს დიასახლისთან და მის სამ გოგოსთან ერთად ვცხოვრობდი, რომლებიც ჩემზე უმცროსები იყვნენ. ჩემზე უმცროსი იყო ოჯახის რძალიც, ჩემი ნათესავი, რომელსაც ძუძუთა ბავშვი ჰყავდა. ისეთ ადგილზე ვცხოვრობდით, რომ ჯერ კიდევ მაშინ, როცა სოხუმში ქართული ჯარი იდგა, ჩვენი სახლი უკვე აღებული ჰქონდათ რუსებს, ჩეჩნებს და კაზაკებს. საშინელი დღეები გამოვიარეთ, მაგრამ, ღმერთისგან და კაცისგან განწირულები, ისევ აფხაზებმა გვიხსნეს. ომი უკვე დამთავრებული იყო, ძარცვის ტალღამაც გადაიარა, შემოსახლებაც დაიწყო - გაქცეულ აფხაზებთან ერთად, გაურკვეველი ჯურის ხალხი შემოვიდა სოხუმში. ამ ფაზაში რომ ვიყავით, სრულიად უცნობმა აფხაზმა ოჯახმა გადაგვარჩინა. 

 

 

„ამ კაცმა აფხაზეთიდან გამოიტანა თავისი ცხოვრების ყველაზე დიდი ღირებულება - ადამიანობა.“ 

 

 

- სოხუმი რომ დაეცა და ქართველები მთელი აფხაზეთიდან გამოვიდნენ, თქვენ იქ რატომ დარჩით? 

- პატარა ბავშვი გვყავდა, დღეების წინ ნამშობიარები გოგო ფიზიკურად ვერ დადიოდა. რამდენიმე ოჯახი ჩავრჩით ჩვენს სახლში. ფაქტობრივად, ტყვეები ვიყავით. 

- სოხუმიდან როდის წამოხვედით? 

- 1993 წლის დეკემბერში. ტყვეობის მთელი სიმწარე გავიარეთ. ბოლოს, ჩვენს ზევით ბინაში ჩასახლდა აფხაზების ოჯახი. გაოგნდნენ, როცა ერთ ბინაში ხუთი გოგო, ჩვილი და მოხუცი ცოლ-ქმარი გვიპოვეს. მერე იყო ცრემლები, გაზიარება... მათ თავისი უბედურება გვიამბეს - არც ქართველები ვაკლებდით სისასტიკეს. როგორც ოჯახის უფროსმა, ახალგაზრდა აფხაზმა კაცმა - დაურმა გვითხრა, მისი მამა ქართველებმა ხეზე მიაბეს და დაწვეს. რამდენად მართალია, არ ვიცი, მაგრამ მჯერა. ტყუილი რატომ უნდა ეთქვა?! მერე ამ ადამიანმა ჩვენთვის იპოვა სატვირთო მანქანა, რომელიც გალში მიდიოდა და გამოგვიშვა. არც ატანდნენ ჩვენს თავს ჩეჩნები - ეს ოჯახი ჩვენი ნადავლიაო. სროლით მოუხდა მათი გაფანტვა. საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად გადაგვარჩინა. თან გვითხრა, მეტი არაფერი შემიძლია, ეს მანქანა გალში ჩაგიყვანთ და მერე როგორმე ფეხით გადადითო. ჩამოვედით ხიდამდე და სამი კილომეტრი ფეხით ვიარეთ. ჩვენ გარდა, სხვებიც მოდიოდნენ, ჩვენსავით ჩარჩენილები. იქ ერთი სასწაული მომენტი იყო, მამაშვილობის საოცარი მაგალითი. გაბრუებული მოვდიოდი და დავინახე, რომ ჩემს წინ მიდის ასაკიანი კაცი, გაწეწილი თმით, ოფლით გახვითქული და ზურგზე მოხუცი მამა ჰყავს მოკიდებული. მოხუცი, სავარაუდოდ, ნაინსულტარი იყო. არ ვიცი, რამდენი კილომეტრი ატარა მამა ზურგით. სულ ვფიქრობ, რომ ამ კაცმა აფხაზეთიდან გამოიტანა თავისი ცხოვრების ყველაზე დიდი ღირებულება - ადამიანობა. 

- ამ დროს თქვენი მშობლები სად იყვნენ? 

- სახლში იყვნენ, ხობში. ძალიან განიცდიდნენ, იმედიც კი არ ჰქონდათ, რომ მნახავდნენ. ჩემმა ძმამ მიამბო, მამაჩემი როგორ მეძებდა მორგში, აფხაზეთიდან ჩამოსვენებულ ცხედრებში. სახლში რომ დავბრუნდი, მამა ფიზიკურად ვერ ვიცანი, იმდენად შეცვლილი იყო. უცნაურად ნაცნობი უცნობი კაცი დამხვდა ჩემს სახლში, ჩემს ეზოში. საერთოდ არ მელოდნენ. შუა ეზოში იდგა და ხმას ვერ იღებდა. მე კიდევ ვერ ვხვდებოდი, ვინ იყო. 

- ყველაფერი კარგის და ცუდის შემდეგ, რაც გინახავთ, რაც გადაგიტანიათ - რისთვის ხართ მადლობელი? 

- ყველაფრისთვის მადლობელი ვარ. კარგმა ადამიანებმა და ცუდმა ადამიანებმა მასწავლეს, როგორი უნდა ვიყო და როგორი არ უნდა ვიყო. კარგმა ამბებმა და ცუდმა ამბებმა ცხოვრების ორიენტირები მომცა. 

- ბოლო კითხვა: თქვენთვის რომელია სიტყვა, რომელიც მთელი ცხოვრების მეგზურად გამოდგება? 

- სიკეთე. 

- დიდი მადლობა საინტერესო, ემოციური საუბრისთვის. ინტერვიუს დავასრულებთ თქვენი კომენტარით ცნობილი ადამიანების ორ გამონათქვამზე. პირველი ციტატის ავტორია ფრანგი მწერალი ფრანსუა დე ლაროშფუკო (1613 – 1680): „ბევრად ძნელია, ღირსეულად მოიქცე მაშინ, როცა ბედი გწყალობს, ვიდრე მაშინ, როცა ბედი არ გწყალობს“.

- თან ვეთანხმები, თან არ ვეთანხმები. რთულ სიტუაციაში ის ხარ, რაც ხარ. სოხუმში მტერთან ჩემს პირველ შეხვედრას მოგიყვებით. ერთ დღეს, ჩარჩენილი ქართველები, ვინც გვიპოვეს, ჩაგვამწკრივეს. რუსი იყო ჩვენ პირისპირ და ყველას ეკითხებოდა: „Ты кто?“ თან ყველას სახეში აშტერდებოდა. დღემდე მახსოვს მისი სახე და სუნიც კი არ მავიწყდება. ზოგმა ქართველმა უთხრა, სომეხი ვარო. დასახვრეტთა მწკრივია და ყველა ცდილობს, თავი როგორმე გადაირჩინოს. მე მინდა, თავი შევაცოდო. გუნებაში ვფიქრობ, როცა მკითხავს „Ты кто?“, ვუპასუხებ, რომ სტუდენტი ვარ, რომ აქ არავინ არ მყავს... ანუ სიმართლე მინდა, ვუთხრა, ოღონდ, ტირილით, რომ შევეცოდო. თან მძულს ეს ხალხი და თან მეშინია. რისი შიში მაქვს, ისიც არ ვიცი. სიკვდილის შიში არ არის, რაღაც სხვა შიშია. ჩემამდე რომ მოვიდა, დამაშტერდა. ძალიან გამხდარი პატარა გოგო ვიყავი და მეუბნება: 

 
„Ты кто?“ და აი, კბილებს შორის გამოცრაო, რომ იტყვიან: „Я грузинка,“ - ასე ვეუბნები - „а что, убьёшь?“ ეს გამომივიდა გამოჯავრებასავით: „რა, მერე?! მომკლავ?“

ამას მოჰყვა საშინელება - გამომათრიეს მწკრივიდან და სულ მაგიდაზე მარტყმევინეს ცხვირ-პირი. წუთის წინ მომზადებული ტექსტი და საწყალი გამომეტყველება საერთოდ აღარ გამხსენებია. ვთქვი ის,  რასაც ვგრძნობდი. ასე რომ, როცა გაჭირვებაში არ კარგავ ღირსებას, ადვილი ესეც არ არის. თუმცა, ისიც მართალია, რომ ბედნიერ ადამიანს ყველა ბედნიერი ჰგონია და ცოტა გულგრილიც კი ხდება სხვების მიმართ. კმაყოფილების გრძნობა, ხანდახან, თანაგრძნობის განცდას აჩლუნგებს. 

- მეორე ციტატა ეკუთვნის გერმანელ დრამატურგს - ფრიდრიხ ჰებელს (1813-1863): „დიდი ხელოვნებაა, არავის მისცე საშუალება, რომ ბოლომდე შეგიცნოს.“ 

- ალბათ, დიდი მსახიობი უნდა იყო, რომ ვერ დაგინახონ ისეთი, როგორიც ხარ. მე, მაგალითად, არ ვარ ასეთი ხელოვანი. ჩემ მიმართ მტრულად განწყობილმა ადამიანმაც კი ზუსტად იცის, რა არის ის, რასაც არ ვიკადრებ. არტისტობა არ შემიძლია.  ის ვარ, რაც ვარ - ჩემი პლუსებით და მინუსებით.
 

ფოტომასალა: ქეთევან სვანაძე

გუნდი

ირაკლი გედენიძე

ზურაბ ქურციკიძე

გიო კუსიანი

გიორგი ურუშაძე

თამთა ყუბანეიშვილი

ნანა ყურაშვილი

ინგა ქორიძე