ინტერვიუს შესახებ
მაია ჯაბუას ცხოვრებაში იმდენი მნიშვნელოვანი თემაა, რომ საუბრისას მათ შორის ბალანსის დაცვა ნამდვილად გამიჭირდა. შემდეგ გამიჭირდა იმ ციტატების შერჩევა, რომლებიც ანონსისთვის უნდა გადამედო, ან ინტერვიუს ტექსტში მსხვილი შრიფტით უნდა გამომეტანა. ბევრ მონაკვეთს ვერ ველეოდი და აღარ ვიცოდი, რომელი უფრო მიიზიდავდა მკითხველს. ყველაფერი ერთნაირად საინტერესოდ მეჩვენებოდა.
ძალიან სასაცილო იქნება, რომ დავწერო - გაიცანით მაია ჯაბუა-მეთქი. წარმომიდგენია, ამ ინტერვიუს მკითხველთაგან რამდენს უნატრია მაიაჯაბუობა.
ინტერვიუს შეთავაზებაზე ყველაზე გულგრილი და ცივი უარი სწორედ თანამედროვე ქართველი მომღერლებისგან მიმიღია. ამის გამო, ორმაგად მიხარია, რომ მაია ჯაბუასთან ჩემი საუბარი შედგა და საშუალება მაქვს, შემოგთავაზოთ ინტერვიუ, რომელიც, პირადად ჩემთვის, ძალიან ძვირფასია.
ია ანთაძე
- ქალბატონო მაია, ერთხელ თქვენზე გავრცელებულა ჭორი, რომ, თითქოს, გარდაიცვალეთ. „გადარეულები რომ მირეკავდნენ და მეკითხებოდნენ – ცოცხალი ხარო? მე მეცინებოდა, ისინი კი ტირილს იწყებდნენ,“ - ეს თქვენი სიტყვებია. თქვით, ძლიერი ადამიანი ვარ და ჭორები წყობიდან ვერ გამომიყვანსო, მაგრამ ამ ჭორმა სიკვდილზე თუ დაგაფიქრათ? სიკვდილთან ოდნავ მაინც თუ დაგაახლოვათ?
- არა, ამ შემთხვევას არანაირად არ უმოქმედია, რადგან, რაც თავი მახსოვს, რაც ცხოვრება აღვიქვი, სულ ვფიქრობ სიკვდილზე. პატარა რომ ვიყავი და სახლში ყველას ეძინა, მე ვერ ვიძინებდი და ვტიროდი. წარმოვიდგენდი, რომ ბებო აღარ იქნება, მამა, დედა ან ჩემი რომელიმე და აღარ იქნებიან. რაც გავიზარდე, ძალიან იშვიათად ვტირი, მაგრამ ბავშვობაში სულ ვტიროდი.
- ამბობენ, რომ ბავშვობაში ყველანი უკვდავები ვართ. მგრძნობიარე ბავშვები ხშირად ფიქრობენ მშობლების სიკვდილზე, მაგრამ საკუთარ სიკვდილზე - არასდროს.
- დიახ, მეც უფრო ოჯახის წევრებზე ვფიქრობდი. ოღონდ, სულ პატარაობიდან ვიცოდი, რომ სიკვდილი არსებობს, რომ ოდესმე ეს ჩვენს ოჯახშიც მოხდება და ამას განვიცდიდი.
- არაერთხელ გითქვამთ, რომ ყველაზე ბედნიერი მაშინ იყავით, როცა თქვენი უახლოესი ადამიანები ცოცხლები იყვნენ, თქვენს სახლში ბევრი სტუმარი დადიოდა და ხშირად ისმოდა სიცილი. იმის შემდეგ, დიდი დანაკარგი განიცადეთ - დედა, მამა, და გარდაგეცვალათ, ის მოხდა, რისიც ბავშვობისას გეშინოდათ. ახლა ახლობლების გარდაცვალებას აღიქვამთ, როგორც კანონზომიერებას, თუ დღემდე ვერ ეგუებით, რომ ის ერთად ყოფნა არასდროს დაბრუნდება?
- იცი, რომ ადამიანი მოკვდავია, მაგრამ ამასთან შეგუება შეუძლებელია. ტვინით ფიქრობ, რომ სიკვდილი კანონზომიერია, მაგრამ როცა ეს დრო დგება, მაინც დიდი მოულოდნელობაა. ჩვენ სამი და ვიყავით და მე ვიყავი მამას გოგო, მამაზე მიწებებული. ხასიათითაც ერთმანეთს ვგავდით. დედას უფრო ემოციური და ფეთქებადი ხასიათი ჰქონდა. როცა მამა გარდაიცვალა, ეს იყო საშინელი, ენით აუწერელი ტკივილი. მერე დედაც წავიდა. ჩემს მეგობარსაც არ ჰყავს მშობლები და ერთმანეთს ვუხსნიდით, რას განვიცდიდით. მე ვეუბნებოდი, რომ ზურგში ფიზიკურად ვგრძნობდი სიცივეს. თითქოს, ის ძალიან დიდი კედელი, წარმოსახვით კი არა, მართლა აღარ იყო. და იმის შეგრძნება, მე საიდან ვიწყები, აღარ მქონდა. ახლა, როცა ბევრი წელი გავიდა, ერთ რამეს მივხვდი - რომ ვარ დედა, ვარ ცოლი, ვარ მეგობარი, ვარ მომღერალი.... არ ვარ შვილი და ეს მენატრება. მენატრება, რომ ვიღაცის შვილი ვიყო.
- თქვენ ბევრჯერ გითქვამთ: ხდება ის, რაც უნდა მოხდესო. რას გულისხმობდით - ცხოვრება ბედისწერაა, თუ ადამიანის არჩევანთა ჯამია?
- ვფიქრობ, რომ ადამიანის ცხოვრების საკვანძო მოვლენები სადღაც წინასწარ არის დაწერილი თუ დაგეგმილი. მაგრამ იმ საკვანძო მოვლენამდე სავალი გზა - ეს უკვე შენია. ამბობენ, ადამიანის ბედი მისი ხასიათიაო. ალბათ, შენი ხასიათი გატარებს შენს გზაზე.
- ადამიანის ნება რას წყვეტს?
- სურვილი ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემს შვილებს ყოველთვის ვეუბნები, რომ ჭირვეულობა და ფეხების ბაკუნი არ არის საჭირო. თუ მთელი შენი არსებით რაღაც გინდა, შეუძლებელია, რომ ის არ მოხდეს. თუ რაღაც არ გაქვს, ესე იგი, ძალიან არ გინდოდა, არ იყო ის შენი. ვფიქრობ, რომ ორივე ერთად არის ადამიანის ცხოვრებაში - მისი ნება და ის, რაც მასზე არ არის დამოკიდებული. როდის დაიბადო და როდის წახვიდე - ამას ვერ წყვეტ, შენ გარეშე ხდება. მაგრამ ბევრი რამ შენი გასაკეთებელია.
„არ შემიძლია, სამი სიტყვით და ერთი წინადადებით ვთქვა, ვინ ვარ და როგორი ვარ.“
- თქვენ ბავშვობიდან დამოუკიდებელი ხასიათი გქონდათ. დედათქვენსაც კი უჭირდა, ბოლომდე გამოეცნო და აეხსნა ეს ხასიათი. ერთი მხრივ, მშვიდი ხართ, მოსმენა და ფიქრი გიყვართ, მეორე მხრივ, გიყვართ სტუმრები, მეგობრებთან ურთიერთობა, სიცილი, იუმორი. ყველაზე პარადოქსულს რას ხედავთ თქვენს ხასიათში? თუ გახსოვთ განცდა, რომ საკუთარმა თავმა გაგაოცათ?
- განცდას ვერ ვიხსენებ, მაგრამ ვაღიარებ, რომ ჩემი თავი დღემდე არ ვიცი ბოლომდე. ძალიან ბევრნაირი ვარ, ჩემში ბევრი და კონტრასტული მაია ცხოვრობს. ალბათ, იმიტომ, რომ ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული დედა და მამა მყავდა. მაგრამ ერთმანეთს ავსებდნენ და საოცარი კავშირი ჰქონდათ. არაჩვეულებრივი წყვილი იყო. ალბათ, მშობლებისგან კონტრასტული გენები მივიღე. ყოფილა შემთხვევა, რომ ჩემი ქცევა ბევრს გაჰკვირვებია. იმიტომ კი არა, რომ სკანდალურად მოვიქეცი, უბრალოდ, არ ელოდნენ, რომ რაღაცას ასე გავაკეთებდი, რაღაცაზე ასეთი რეაქცია მექნებოდა, ან საერთოდ არ მექნებოდა რეაქცია.
- ზოგჯერ თქვენც გიჭირთ საკუთარი ქცევის ან რეაქციის ახსნა?
- მე ის ვიცი, რომ არ შემიძლია, სამი სიტყვით და ერთი წინადადებით ვთქვა, ვინ ვარ და როგორი ვარ. არ ვიცი, ვისზე რა შთაბეჭდილებას ვტოვებ. ვიღაცას ისეთი ვგონივარ, ვიღაცას ასეთი ვგონივარ. ყოფილა სიტუაცია, როცა ჩემს მეგობარს უთქვამს - რა ბედნიერებაა, რომ ასეთ მაია ჯაბუას ვიცნობო.
- იმიჯი მაინც ერთნაირი გაქვთ: რომ სერიოზული, გაწონასწორებული ხასიათის ადამიანი ხართ.
- ასეთი ვიყავი საბავშვო ბაღშიც, ეზოშიც. ყველანაირ თამაშსაც კი ძალიან სერიოზულად ვთამაშობდი. ასეთი ხასიათი მაქვს.
- ეს არის იმიჯი, მაგრამ, როგორც მივხვდი, ამ იმიჯს ყოველთვის არ მიჰყვებით.
- ზოგჯერ ამბობენ ხოლმე - ისეთი კარგი ადგილია, ისეთი სიჩუმეა, ისეთი სიმშვიდეა, ისე დაისვენებ... ეს ჩემთვის წარმოუდგენელია. არასდროს არ წავალ ასეთ ადგილზე. მე იქ მიყვარს ყოფნა, სადაც ბევრი ადამიანი ერთად ისვენებს, სადაც ხალისი და ხმაურია. არაფერი ხელს არ შემიშლის - როცა მინდა, წავიკითხავ, როცა მინდა, დავიძინებ, როცა მინდა, ვიცინებ... რომ გითხრათ, წამოვხტები და ვიცეკვებ-მეთქი, ასე არ არის. მაგრამ იქ მიყვარს ყოფნა, სადაც ეს ხდება. ასეთი სიტუაციაც არაერთხელ ყოფილა - სასახლეში, დასვენების წუთებში, ბევრი ბავშვი ერთად ვართ, მე რაღაცას ვყვები და ყველა იცინის. ერთხელაც, ჩაიარა ზურა ლომიძემ, რომელიც მაშინ სასახლის დირექტორი იყო, გაჩერდა და იკითხა: ახლა თქვენ მაია გაცინებთო? ძალიან ახლოს ვიყავით, მაგრამ იმასაც ვერ წარმოედგინა. ერთხელ მომღერლები გადაღებაზე მატარებლით წავედით ბათუმში. უცებ დავიწყე რაღაცის მოყოლა. ყველა მოგროვდა და ლამის ბათუმამდე იცინოდნენ. მახსოვს, ეკა ხოფერია ამბობდა, ჩემი თვალით რომ არ მენახა, ვერ დავიჯერებდიო. ეს ბუნებრივად მოდის, რაღაც მეხსნება და ვიწყებ... ვაღიარებ, ისე არაფერი არ მიყვარს, როგორც სიცილი და იუმორი. ოღონდ, ადვილად არ მეცინება. იუმორის მიმართ პრეტენზიული ვარ. ყველაფერი არ არის იუმორი, რაც ჰგონიათ.
- თქვენმა შვილმა ლიზამ ერთხელ თქვა, რომ მისი მეგობრები უფრო ახლოს არიან საკუთარ დედებთან, ვიდრე თვითონ - თქვენთან. თქვენც ამბობთ, რომ ზოგჯერ მკაცრი ხართ შვილების მიმართ და ლიზამაც უნდა იცოდეს, რომ მისი დედა ხართ და არა მეგობარი. როგორ ფიქრობთ, ეს მეტ-ნაკლებად მკაცრი დამოკიდებულება აჩქარებს თუ ანელებს თქვენი ჩრდილიდან ლიზას გამოსვლის პროცესს?
- როცა მეკითხებოდნენ: „თქვენ ლიზას მეგობარი ხართ?“ სულ ვპასუხობ: „მე ვარ დედა.“ დედა მეგობარზე მეტია და ბევრ რამეს მოიცავს. მეგობარი იმას ეუბნება ლიზას, რისი მოსმენაც უნდა. მე იმას ვეუბნები, რაც არის რეალურად. შეიძლება, არ სიამოვნებს, მაგრამ ეს არის ჩემი პოზიცია, ჩემი მოვალეობა. რაც შეეხება ლიზას გამოსვლას ჩემი ჩრდილიდან, მე არ მინდოდა, რომ ლიზას ემღერა ჩემსავით, ემღერა ჩემნაირი რეპერტუარი, სცენაზე ჩემნაირი სტატიკური ყოფილიყო. პირიქით, ლიზა მინდოდა ყოფილიყო ლიზა. მას აბსოლუტურად განსხვავებული ხასიათი და სულ სხვა მონაცემები აქვს.
- დავაზუსტებ, რა იყო ჩემი კითხვის ფოკუსი. თქვენ ზომიერად მკაცრი იყავით და, შეიძლება, ახლაც ხართ ლიზას მიმართ. ყველა გადაცემა ვნახე, სადაც ერთად იყავით სტუმრად. ლიზა საკმაოდ თამამია, როცა თქვენ გარეშეა. თქვენ გვერდით კი, შეიძლება ითქვას, „იცის თავისი ადგილი“. ძალიან მორიდებულია, ხშირად ჩუმად ზის, აშკარად ანგარიშს უწევს თქვენი - დედის და მაია ჯაბუას - სტატუსს.
- მე ის ადამიანი ვარ, ვინც სულ საკუთარ თავში ეძებს შეცდომებს და კითხვებზე პასუხებს, მათ შორის, შვილებთან დაკავშირებით. ფანატიკოსი დედა არ ვარ. სულ ვფიქრობ, რაღაც თუ ისე არ არის, როგორც მე მინდა, იქნებ, ჩემი ბრალია, იქნებ, მე გამომეპარა რამე, იქნებ, მე შემეშალა. იმასაც მივხვდი, რომ ცოტას ვაკომპლექსებ ჩემს შვილებს, სიმკაცრის გამო კი არა, ჩემი ხასიათის გამო.
ახლა ვცდილობ, რომ ასე მწარედ არ ვუთხრა და გული არ ვატკინო. თუმცა, ზომიერი დისტანცია ბუნებრივად მაქვს ყველას მიმართ და ყველას აქვს ჩემ მიმართ.
- მათ შორის, შვილებს?
- მათ შორის, შვილებსაც და ჩემს უახლოეს მეგობრებსაც. ჩემი მეგობრის მეუღლემ მითხრა ერთხელ - როცა შენ უნდა მოხვიდე, იმ დღეს ჩემი ცოლი იპრანჭებაო. რაც არ უნდა ახლობელი იყოს, ჩვენ შორის ოდნავი დისტანცია არსებობს და მე ეს მომწონს.
- ეს დავინახე და მინდოდა, რომ აგეხსნათ.
- სიყვარულის, მეგობრობის და ერთგულების გარდა, ეს არის ჩემი პატივისცემა ყველას მიმართ და ვგრძნობ, რომ იქიდანაც ამას ვიღებ. შეიძლება, მაშინვე არა, მაგრამ ცოტა ხნის მერე იგივე დაგიბრუნდება, რა დამოკიდებულებაც გაქვს. ეს ხდება.
- ახლა მინდა, ამის საპირისპირო ვთქვათ. ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა თქვენმა ერთმა წინადადებამ: „შვილმა შეიძლება წაიფორხილოს, წაიქცეს კიდეც, მაგრამ მე იმისთვის ვარ, რომ წამოვაყენო.“ ნიშნავს თუ არა ეს შვილების უპირობო სიყვარულს?
- თავისთავად. სხვა პასუხი არ არსებობს. რა თქმა უნდა, შვილები უპირობოდ მიყვარს. რაც შეეხება შეცდომას და მათ წამოყენებას, სანამ ვარ და სანამ შევძლებ, ამას გავაკეთებ. რა თქმა უნდა, მინდა, რომ იშვიათად წაბორძიკდნენ და თუ დაეცემიან, ისე დაეცნენ, რომ ძალიან არ ეტკინოთ. იმიტომ ველაპარაკები, იმიტომ ვაფრთხილებ, რომ არ მინდა, ეტკინოთ. ცოცხალ მაგალითებს ვუყვები ჩემსას, სხვისას, მაგრამ კატეგორიული არ ვარ.
- დედამ ყოველთვის არ იცის, დრო რომ გავა, მისი შვილი როგორი იქნება, რა გზას დაადგება, რითი იცხოვრებს. როგორც წესი, ოჯახი მხარში უდგას შვილს. მაგრამ არის შემთხვევები, ისეთი რამ ხდება, როცა ოჯახსაც აღარ აქვს მხარდაჭერის ენერგია, ან სიყვარული აღარ ყოფნის, რომ თავისი შვილის გვერდით იდგეს. მე თქვენს ნათქვამში ეს პასუხისმგებლობა დავინახე, რომ რაც არ უნდა მოხდეს, თქვენი შვილების გვერდით იქნებით.
- არ ვთვლი, რომ ჩემი ცხოვრების მთავარი მისია ეს არის - ვიდგე ჩემი შვილის გვერდზე. შვილი კი არა, ისეთი მეგობრები მყავს, რომლებსაც არასდროს დავკარგავ, იმის მიუხედავად, რომ შეიძლება არ ვეთანხმები, ბევრი რამ არ მომწონს, შეიძლება, გავუბრაზდე კიდეც. მაგრამ ვერ მოვიჭრი, ჩემია. მე სანამ ვარ, ასე იქნება. რაც შეეხება იმას, ვისი შვილი როგორ იცხოვრებს მომავალში. ბავშვს ეზოში და სკოლაში რომ ვუშვებთ, იქაც კი არ ვიცით, როგორია. მერე რა, რომ სახლში ასეთია?! ბოლომდე ზუსტად ხომ არ ვიცი, სკოლაში როგორ იქცევა? ან როგორი მეგობარია? ყველაფერი ხომ არ ვიცით ერთმანეთის შესახებ? ისევე, როგორც ჩვენმა მშობლებმაც არ იცოდნენ ყველაფერი ჩვენ შესახებ.
- რა თქმა უნდა.
- მაგრამ ერთი რამ ვიცი ზუსტად: რასაც ეუბნები, შეიძლება, არ დაგეთანხმოს, საწინააღმდეგოც გითხრას, მაგრამ გავა დრო და აუცილებლად გაითვალისწინებს შენს ნათქვამს. ჩემს შემთხვევაში ასე იყო. ყველაფერი მახსოვს - ბებიაჩემმა რა თქვა, მამაჩემმა რა თქვა... დიდაქტიკური ტონით არ მელაპარაკებოდნენ, მაგრამ ყველაფერი მახსოვს. არ ქრება, სადღაც გონებაში დაილექა, რასაც ამბობდნენ, რასაც ჰყვებოდნენ. საჭირო დროს, რაღაც მომენტში, როცა სულ არ ელოდები, ძველი ნათქვამი ამოტივტივდება და წლების მერე მიიღებ პასუხს.
„ვიღაცისთვის რაღაც კარგს თუ ვაკეთებდი, ვფიქრობდი, რომ ეს არის ბედნიერება.“
- როცა თქვენ რთული პერიოდი გქონდათ, მამათქვენმა გითხრათ: რამდენჯერაც დაგჭირდება, იმდენჯერ დაიწყე ცხოვრება თავიდან, სანამ ბედნიერი არ იქნებიო. თქვენი ცხოვრება საჯაროა, საზოგადოების ხელისგულზეა და ცნობილია, რომ სამჯერ შექმენით ოჯახი. ის მამაკაცები, ვისაც თქვენს ცხოვრებას უკავშირებდით, რაიმე არსებითი ნიშნით ჰგვანან ერთმანეთს? თუ, შეიძლება ითქვას, რომ საკუთარ შეცდომებზე სწავლობდით, როგორ უნდა ყოფილიყავით ბედნიერი?
- ალბათ, ჩემი შეცდომა ისაა, რომ არ მიფიქრია, ბედნიერი უნდა ვიყო-მეთქი. ყოველთვის მე გავცემდი, მე თვითონ ასე მინდოდა. რაღაც ასაკში მივხვდი, რომ რასაც გავცემდი, რასაც ვაკეთებდი, ყველაფერს ისე იღებენ, თითქოს, დაიმსახურეს.
- როდესაც ადამიანი სულ გასცემს და სანაცვლოდ არაფერს იღებს, ბოლოს და ბოლოს, იფიტება.
- დიახ, ხდება, რომ უმადურობის გარდა, ვერაფერს ვეღარ იღებ. მერე კომპლექსებიც უჩნდებათ და შენთან შეჯიბრს იწყებენ, რომ - არა, ის უფრო მაგარია. თუმცა, არასდროს არავინ შემიწუხებია ჩემი სახელით. დღეს შემიძლია, ასე დავარქვა იმას, რაც იყო: როცა არასწორ ადამიანთან ხარ, შენც არასწორად გამოიყურები. იმიტომ, რომ ცუდად ხარ. იმას არ აკეთებ, რასაც უნდა აკეთებდე. შინაგანად არ ხარ ბედნიერი. მაგრამ, როგორც ვთქვი, არასდროს არ მიფიქრია, რომ ბედნიერი უნდა ვიყო. ვიღაცისთვის რაღაც კარგს თუ ვაკეთებდი, ვფიქრობდი, რომ ეს არის ბედნიერება.
- ის ადამიანები თუ ჰგავდნენ ერთმანეთს? მათკენ რა გიზიდავდათ?
- საერთო, ალბათ, ის იყო, რომ ძალიან ნიჭიერები იყვნენ, იუმორი ჰქონდათ. არაჩვეულებრივად ნიჭიერი იყო ორივე.
- მაგრამ როცა მიხვდით, რომ საკუთარ ბედნიერებაზე უნდა გეფიქრათ, მერე სხვანაირად აეწყო თქვენი ცხოვრება. არ მგონია, რომ თქვენი მეუღლე თორნიკეს და ლიზას მამებს ჰგავდეს. ისიც საჯარო პირია და საზოგადოება მასაც იცნობს. ამიტომ ვამბობ.
- მე კი არ შევიცვალე, უბრალოდ, ის ადამიანი შემხვდა, ვინც ჩემ გვერდით უნდა ყოფილიყო. არასწორ პარტნიორს თუ აირჩევ და მერე გული გტკივა, ამაში რაღაც წილი შენი დანაშაულიც არის, რომ სწორად ვერ დაინახე ადამიანი.
- მაგრამ თქვენც სხვანაირად გაიხსენით სამყაროს მიმართ. ისეთი ადამიანებისთვისაც გაიხსენით, ვისაც ადრე ყურადღებას არ აქცევდით. სხვანაირი გაინტერესებდათ - უფრო ნიჭიერი, უფრო ენერგიული, უფრო მხიარული. შემდეგ, ალბათ, თქვენს თავს უთხარით, რომ სულაც არ არის აუცილებელი, თქვენთვის საინტერესო ადამიანი მაინცდამაინც ასეთი იყოს; შეიძლება, სულ სხვანაირი ადამიანის გვერდით იგრძნოთ თავი ბედნიერად. შორიდან ასე ჩანს თქვენი ცხოვრება.
- მე ყოველთვის მომწონდა მშვიდი, ჩუმი ადამიანები, რომლებიც ცოტას ლაპარაკობენ და რომელთა სიტყვას ფასი აქვს. ყოველთვის მომწონდა ღირსეული ადამიანები. მაგრამ არასდროს არ მყავდა ასეთი თაყვანისმცემლები; მყავდა, რატომღაც, ხმაურიანი, ენერგიული, ჩემი წარმოდგენის საპირისპირო. პირადად მე არასდროს არავინ ამირჩევია. არ ვარ ის ქალი, რომელიც ვიღაცას ხელს დაადებს. ბევრ ბიჭს მოვწონდი, მაგრამ არავინ არ იყო ასეთი კატეგორიის, როგორიც ჩემი მეუღლეა - რომელთანაც აბსოლუტური ჰარმონია მაქვს. ხომ ვთქვი, რომ დედა და მამა კონტრასტული ადამიანები იყვნენ და არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდათ. მე და ჩემი მეუღლე ძალიან ვგავართ ერთმანეთს, ჩვენ შორის ბევრი თანხვედრაა. ეს არის ყველაზე დიდი საჩუქარი, რაც ცხოვრებისგან მივიღე. აბსოლუტური ჰარმონია შემიძლია დავარქვა ჩვენს კავშირს.
- თქვენი მეუღლე, ვახტანგ ქუთათელაძე - მხატვრობის მცოდნე და კოლექციონერი ყოფილა. ეს არ ვიცოდი, ახლა გავიგე. სახლში გაქვთ პეტრე ოცხელის, დავით კაკაბაძის, მერაბ აბრამიშვილის, ირაკლი ფარჯიანის და, ალბათ, კიდევ სხვა მხატვრების ნამუშევრები. ძალიან ხშირად, ახალგაზრდა თაობა დიდ ინტერესს არ იჩენს მშობლების მიერ რუდუნებით შეგროვებული წიგნების თუ ნახატების, ან ნებისმიერი სხვა კოლექციის მიმართ. თქვენს შვილებს რა შემატა ასეთმა განსაკუთრებულმა გარემომ? ემოციური ბმა თუ აქვთ ამ ნახატებთან?
- ძალიან კარგი კითხვაა. ნიკუშა, ჩემი უმცროსი შვილი, სულ პატარა იყო, როცა ერთ სახლში მივიყვანე. ვისხედით, საქმეზე ვსაუბრობდით. მასპინძელი ოთახიდან გავიდა და ბავშვი ჩუმად, ყურში მეუბნება - ჩქარა წავიდეთ აქედანო. ვკითხე, რატომ, ცუდად ხომ არ ხარ-მეთქი? არა, არ მომწონს ეს სახლიო. როცა წამოვედით, კიდევ ვკითხე, ძალიან კარგ ქალთან ვიყავით სტუმრად და რატომ მითხარი, რომ სახლი არ მოგეწონა-მეთქი? ის კარგი ქალი იყო, მაგრამ მოწყენილი სახლი ჰქონდა, ნახატები არ ეკიდაო. მაშინ მივხვდი, რომ ამ ბავშვისთვის მნიშვნელოვანია გარემო, სადაც იზრდება. კი არ დგას და ნახატებს კი არ უყურებს, მაგრამ მთელი მისი არსებობის მანძილზე ამ საინტერესო და ლამაზ გარემოშია. სახლის გარდა, ხშირად დავდივართ გამოფენებზე. როგორც კი ყურს მოვკრავთ, რომ საინტერესო გამოფენაა, ქართველი მხატვრების თუ უცხოელების, ყოველთვის მივდივართ. წიგნები, კატალოგების გარჩევა და დათვალიერება სულ არის ჩვენს სახლში. ჩემს სამივე შვილს უყვარს ეს გარემო.
- ალბათ, ბედნიერებაა, როცა შვილებზე მკაფიო დადებით გავლენას ახდენს სახლი, რომელშიც ცხოვრობენ.
- სხვათა შორის, ნახატები არ ეკიდა სახლში, რომელშიც მე ვიზრდებოდი, მაგრამ ამ ყველაფრის ფასი ვიცოდი. არ არის აუცილებელი, სახლში შედევრები გქონდეს. მთავარია, რას აწვდი შენს შვილს. მე ბავშვობიდან სულ ველაპარაკებოდი ჩემს შვილებს. როცა რაღაცას მეკითხებოდნენ, სერიოზულად ვპასუხობდი და ბევრს ვუყვებოდი. ყოველთვის სიმართლეს ვეუბნებოდი, მათთვის გასაგებ ენაზე.
“პატარა მაია არ გავუშვი ჩემგან და სანამ ვიქნები, ის ბავშვი სულ იქნება ჩემში.”
- ერთხელ თქვით: „ჩემს ცხოვრებაში იმაზე უკეთესი არაფერი მომხდარა, რაც იყო „მზიური“. „მზიური“ არ გამიშვია ჩემგან.“ ისიც ნათქვამი გაქვთ, უკან ყურება არ მიყვარს, არაფერს არ მივტირიო. ეს ნიშნავს თუ არა, რომ ბავშვობის სიხარული, ბედნიერება შეინარჩუნეთ, მაგრამ იმ პერიოდის დამთავრების გამო სევდა არ გამოიყოლეთ?
- „მზიურის“ ბოლო კონცერტი რომ დავამთავრეთ, „მზიურელებმა“ პირველად მნახეს ატირებული. და ყველამ იტირა - ჯაბუა ტირისო. დამთავრდა ბავშვობის ლამაზი ზღაპარი, ერთად მოგზაურობა, ზაფხულში ახალი რეპერტუარის კეთება, ხან აეროპორტში გათენება და ხან მატარებელში. ამის შემდეგ, პირველი კურსი და სტუდენტობა სულ არ მომეწონა.
- „ჩემგან არ გამიშვია“ - რას ნიშნავს?
- მართლა არაფერს მივტირი. პირიქით, მადლობელი ვარ, რომ „მზიური“ იყო ჩემს ცხოვრებაში და მე და ის გოგონები გამოგვარჩია განგებამ. „მზიური“ არ გამიშვია კი არა, ბავშვი არ გავუშვი. პატარა მაია არ გავუშვი ჩემგან და სანამ ვიქნები, ის ბავშვი სულ იქნება ჩემში.
არ მინდა, ვიყო სერიოზული, რაღაცნაირი დეიდა. იმიტომ კი არა, რომ ძალით გავიახალგაზრდავო თავი და ეს ან ჩაცმით გამოვხატო, ან ვარცხნილობით. ეგ სისულელეა. მთავარი ხასიათია. ქუჩაში რომ მივდივარ (ბევრს დავდივარ ფეხით), იმ დროს ვარ პატარა.
- რას გულისხმობთ?
- არც ვიცი, რას ვგულისხმობ. იმ წუთში არ ვარ სამი შვილის დედა, მომღერალი, რომელსაც ქუჩაში ცნობენ. არა, ბავშვი მივდივარ. მე არ მჭირს ვარსკვლავური სენი, ცოტა დინჯად რომ უნდა მიესალმო ვიღაცას. ეს ვარსკვლავობა აბერებს ადამიანს. დღესაც, ჩემზე უფროსს რომ დავინახავ, ფეხზე ვდგები. და სულ არ ვფიქრობ, რომ ამით რაიმე მაკლდება. პირიქით. ესეც ბავშვობიდან დამრჩა.
- იტალიელმა პოეტმა და სცენარისტმა ტონინო გუერამ თქვა: „შენ სამუდამოდ ფლობ მხოლოდ იმას, რაც ბავშვობისას გქონდა.“ თქვენთვის რა არის ყველაზე ძვირფასი, რასაც ბავშვობაში ფლობდით და დღემდე ინარჩუნებთ? მაგალითად, არის თუ არა ეს თქვენი ხმა?
- ხმა, რა თქმა უნდა, ბუნების და ღვთის დიდი საჩუქარია, რომელიც მე მერგო. მაგრამ, ხმის გარდა, ვიტყოდი, რომ ეს არის გულწრფელობა. მე ყოველთვის გულწრფელი ვიყავი სცენაზე. ჩემი იმიჯი არ მომიგონებია. რომ მეუბნებოდნენ, სიმღერის დროს ხელი ასე უნდა გაშალოო - ამას არ ვაკეთებდი. ძალიან პატარა ვიყავი, როცა ჩემს პედაგოგებს ვეუბნებოდი, არა, არ ვიზამ-მეთქი. რომ მეუბნებოდნენ, გაიცინეო, ვპასუხობდი, არ გავიცინებ-მეთქი. იმიტომ კი არა, რომ თავხედი ვიყავი, იმიტომ, რომ ვიცოდი, ტყუილი იყო. თუ ბუნებრივად მეღიმება, ან ხელი თავისით ადის, ეს ძალიან კარგია. შეუძლებელია, ყოველთვის ერთნაირად კარგად იმღერო. შეუძლებელია, ყოველთვის შედევრი შექმნას, თუნდაც, დიდმა მუსიკოსმა და შემსრულებელმა. იმიტომ, რომ ადამიანები ვართ. ოღონდ, მე სცენაზე არ ვიტყუები.
- სულ ამბობთ, სცენაზე გულწრფელი ვარო. ეს რას ნიშნავს?
- სცენა უცნაურია, თითქოს, დიდ რენტგენზე გადიხარ. დარბაზი ყველაფერს გრძნობს. მე ხომ სათითაოდ ყველა მაყურებელს ვერ ვხედავ, როცა სცენაზე ვდგავარ. ოღონდ, თითოეულ ადამიანს ვგრძნობ. ბევრჯერ მითქვამს, რომ სცენა მისტიკაა. შეიძლება, მსახიობს ან მომღერალს ყველაფერი ჰქონდეს, მაგრამ მაყურებელს არ უყვარდეს. ახლა ბევრი კონკურსი ტარდება, უამრავი პროექტია. შევხედავ მონაწილეს და ვიცი - ამას სცენა არ დაიტოვებს. შეიძლება, ბინა, მანქანა, საოცარი საჩუქრები მიიღოს, მაგრამ ძალიან მალე გაქრება სცენიდან.
- თქვენ ამას გრძნობთ?
- შევხედავ თუ არა კონკურსანტებს, ვიცი, ვინ გაიმარჯვებს. ან სიმღერებს რომ მოვისმენ, ზუსტად ვიცი, რომელი გახდება ჰიტი. ვინ დარჩება სცენაზე და ვინ არ დარჩება, ამას წყვეტს ხალხი. მთავარი კიდევ, იცით, რა არის? სცენაზე არასდროს არ უნდა გახვიდე ვიღაცაზე ან რაღაცაზე გაბრაზებული. ხალხი რომ მოვიდა, ეს შენი დიდი დაფასებაა და მაყურებელთან აბსოლუტურად სუფთა უნდა იყო. დარბაზი მართლა ჯადოსნური ადგილია. ვთქვი კიდეც ვარსკვლავის გახსნის კონცერტზე, რომ ჩემთვის კონცერტი დარბაზიდან იწყება. ჯერ დარბაზი ივსება, ჯერ ის ხალხი მოდის, ის ენერგეტიკა გროვდება და მერე იხსნება ფარდა.
- პიროვნული ძალა, „ხერხემალი“, არის თუ არა აუცილებელი სცენაზე წარმატებისთვის? უფრო სწორად, პიროვნული ფაქტორი არის თუ არა გადამწყვეტი?
- ძლიერი პიროვნება ყველა პროფესიაში გამორჩეულია. რა თქმა უნდა, მაყურებელიც გრძნობს, რომ ამ მომღერალს, ხმისა და არტისტიზმის გარდა, პიროვნული ძალა აქვს. თუმცა, სცენაზე ყველანაირი ადამიანი დგას - სუსტიც, ძლიერიც, უხერხემლოც, ხერხემლიანიც, შტერიც... მაგრამ ეტყობა, რომ ეს არის შტერი მომღერალი. ეს მსახიობი არის შტერი და ნასწავლი აქვს მხოლოდ თავისი რეპლიკა. პიესა ბოლომდე არ წაუკითხავს. თვითონ ამას არ აღიარებს, მაგრამ შენ, მაყურებელი, გრძნობ. ხვდები, რომ მომღერალს აქვს ხმა, მაგრამ ინტელექტის ნასახი არ გააჩნია.
- მაგრამ მაინც შეიძლება, სცენას შემორჩეს?
- დიახ, როგორ არა. რამდენიც გინდა, სცენაზე დგას და გემოვნება არ უვარგა. მაგრამ ის, ვისაც კარგი გემოვნება აქვს, გამორჩეულია.
- რაკი გემოვნება ახსენეთ, განათლებასთან არის კავშირში?
- არა, მე ვთვლი, რომ ეს ინტუიციიდან მოდის.
- სკოლის დამთავრების შემდეგ, თეატრალურ ინსტიტუტში გინდოდათ ჩაბარება, მაგრამ მამის თხოვნა შეასრულეთ და უცხო ენების სპეციალისტი გახდით. თქვენს ციტატას შეგახსენებთ: „ამდენი წელი გავიდა და სულ ვნანობ, რომ სამსახიობოზე არ ჩავაბარე. ზუსტად ვიცი, იქ იყო ჩემი ადგილი. მაინც სულ მექაჩება რაღაც თეატრისკენ.“ შეგიძლიათ, ახსნათ, რა გიდასტურებთ ამ რწმენას, რომ თეატრში იყო თქვენი ადგილი?
- შეიძლება, ეს გადაჭარბებული ნათქვამია, რომ თეატრში იყო ჩემი ადგილი. ალბათ, დღეს ასე არ ვიტყოდი. უბრალოდ, ძალიან კარგი ინტუიცია მაქვს და ზუსტად ვხვდები არტისტის პროფესიას. ზუსტად ვგრძნობ, სად არის კარგი თამაში, სად არის სიყალბე. მომღერლებზე ხომ გითხარით, ვხვდები, სცენა ვის დაიტოვებს-მეთქი. ნახატზეც იგივეა. არ მქონდა სახლში გამოფენა და დიდად არ ვიყავი გათვითცნობიერებული, მაგრამ ვახო რომ მკითხავდა, ამ სამი ნახატიდან რომელი უფრო მოგწონსო, პასუხისას ჩემს ინტუიციას და გულწრფელობას ვენდობოდი. აღმოჩნდებოდა, რომ, თურმე, ამ სამი ნახატიდან ის არის გამორჩეული, რომელიც მე უფრო მომეწონა. არ ვგულისხმობ, რომ შეუცდომელი ვარ. არც ვიკადრებ, რომ ეს დავიბრალო. უბრალოდ, დარბაზში რომ ვზივარ, ვიცი, რა ხდება სცენაზე. სწორად ვგრძნობ კარგ თამაშსაც, ზედმეტობასაც.
- რომელიმე კონკრეტულ როლში თუ წარმოგიდგენიათ თქვენი თავი? ან წიგნს რომ კითხულობთ, რომელიმე პერსონაჟში თქვენი თავი თუ დაგინახავთ?
- არა, მაგრამ წიგნს რომ ვკითხულობ, წარმომიდგენია, მე როგორი ვიქნებოდი იმ სიტუაციაში, იმ ეპოქაში, ან იმ კონკრეტულ ისტორიაში. რუსული სკოლა მაქვს დამთავრებული. რუსული ენისა და ლიტერატურის არაჩვეულებრივი პედაგოგი გვყავდა. ძალიან არტისტული ქალი იყო, ასაკოვანი. სულ სპექტაკლებს დგამდა და მეუბნებოდა, „ომი და მშვიდობა“ თუ დავდგი, ნატაშა როსტოვა უნდა გათამაშოო. ჩემთვის დიდი კომპლიმენტი იყო, მაგრამ ამაზე არ მიოცნებია.
- როგორ ფიქრობთ, ტალანტი აზროვნების მასშტაბს უკავშირდება?
- დიახ, ვფიქრობ, რომ ეს ორი რამ ერთმანეთის გარეშე არ არსებობს. თუ ადამიანს ტალანტი მიეცა, მასშტაბური აზროვნებაც ეძლევა. თუ ტვინი არ მიჰყვება, მაშინ საშუალო შესაძლებლობების ადამიანზე ვლაპარაკობთ.
„მთელი ჩემი არსებით ვიგრძენი, რომ მადლიერი ვარ ყველაფრის და ყველასი.“
- თქვენ ხშირად ამბობთ, რომ მუდმივად გაქვთ მადლიერების განცდა. როგორ ფიქრობთ, ეს განცდა თქვენი პიროვნული კულტურის ნაწილია? აღზრდიდან მოდის? თქვენი მრწამსის გამოხატულებაა?
- რაღაც ასაკში, არც ისე ბევრი წლის წინ, მთელი ჩემი არსებით ვიგრძენი, რა არის, იყო მადლიერი. ბურთი გამეჩხირა ყელში. ჩემი ბედნიერების ხარისხს ვერც აგიწერთ, ეს რომ ვიგრძენი. მთლიანად ავივსე. ოღონდ, რაღაც კონკრეტული ფაქტის გამო კი არა, ერთბაშად, თავისთავად მოვიდა ეს განცდა. მთელი ჩემი არსებით ვიგრძენი, რომ მადლიერი ვარ ყველაფრის და ყველასი, რაც და ვინც არის ჩემ გარშემო. ჩემთვის სიყვარული, ბედნიერება, სული, სინდისი, ზნეობა - ყველაფერი თავს იყრის მადლიერებაში. ეს ფიზიკურ დონეზე იმდენად შევიგრძენი, რომ თვალზე ცრემლები მომადგა. და ეს განცდა არ გაქრა, ჩემში დარჩა. ამის შემდეგ ათმაგად სხვანაირად ვცხოვრობ, სხვანაირად ვაფასებ, რაც მაქვს. სულ ვაანალიზებ, რა ხდება. კი არ ვიტანჯები, ეს ჩემი სიამოვნებაა. საპატრიარქოს ტელევიზიის ჟურნალისტმა მკითხა ერთხელ - შენს ცხოვრებას თვალს რომ გადაავლებ, ყველაზე მეტად რას აფასებ საკუთარ თავშიო? უცებ ვუპასუხე: ალბათ, იმას, რომ ვერავინ ვერ გამაბრაზა-მეთქი. ეს მართლა მომწონს. ბევრ რამეზე გულიც დამწყვეტია, ბევრჯერ ტკივილიც მოუყენებიათ, ბევრჯერ უსამართლოდ მომქცევიან. მაგრამ არც ამის აფიშირება მიყვარს, არც ტირილი მიყვარს, არც წუწუნი; არც ვინახავ ამას და არც ვბრაზდები.
- ალბათ, მადლიერების გრძნობა ქმნის ადამიანს ისეთად, როგორიც თქვენ აღწერეთ.
- რაც ვარ, ეს ვარ. ის, რაც ძალიან არ მომწონდა ჩემს თავში, ვეცადე და გამოვასწორე.
- სხვა დროსაც ნათქვამი გაქვთ და დღესაც ახსენეთ, მწარე ენა მაქვსო.
- დიახ. ისეთი საშინელების თქმა შემეძლო, რომ ბავშვებს ვატირებდი. არასდროს მე არ ვიწყებდი, მაგრამ ასე ვპასუხობდი. როცა გავიზარდე, საშინლად არ მომეწონა, ამას რომ ვაკეთებდი. არასდროს აღარ ვუპასუხებ ადამიანს ისე, რომ გული ვატკინო. სულ არ მეამაყება, რომ რადგან ენა გიჭრის და უცებ აწყობ სხარტ წინადადებას, შეგიძლია, ვიღაცას მწარედ უპასუხო. დღემდე ჩემს თავს არ ვპატიობ, თუკი ვინმესთვის მწარედ რაიმე მითქვამს, თუნდაც, ხუმრობით.
- დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. ინტერვიუს დავასრულებთ თქვენი კომენტარით ცნობილი ადამიანების ორ გამონათქვამზე. პირველი ციტატის ავტორია ამერიკელი მწერალი მარკ ტვენი (1835-1910): „არასოდეს უთხრა სიმართლე ადამიანებს, რომლებიც ამას არ იმსახურებენ.“
- მქონია შემთხვევა, როცა გადამიწყვეტია, რომ ადამიანისთვის, მისთვისვე სასიკეთოდ, სიმართლე მეთქვა. მაგრამ გამითვალისწინებია მისი ხასიათი, მისი ინტელექტის დონე და გადამიფიქრებია, არაფერი მითქვამს. მაქვს ეს გამოცდილება და ციტატასაც ვეთანხმები.
- მეორე ციტატა ეკუთვნის ფრანგ მწერალს სებასტიან როკ ნიკოლა დე შამფორს (1740-1794): „ზოგჯერ გონებას არანაკლები უბედურება მოაქვს ჩვენთვის, ვიდრე - ვნებებს.“
- დარწმუნებული ვარ, რომ ტვინი ადამიანის ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანოა. ბევრი რამ შეუძლია და ბევრსაც ვერ ვიყენებთ. გარდა იმისა, რომ ფიქრი მიყვარს და ამით კარგად ვერთობი, ზომიერების გრძნობაც განვითარებული მაქვს. ზომიერების გრძნობა დაგიცავს, რომ ზედმეტი ფიქრისგან უბედურებამდე არ მიხვიდე. თორემ, მთელი ცხოვრება გვერდზე ჩაგიქროლებს. ყველაფერს ასცდები - ცუდსაც, კარგსაც, შეცდომასაც, ვნებასაც, სიყვარულსაც... ხანდახან უნდა იყო ჭკვიანი, ხანდახან უნდა გააფრინო, ხანდახან პირდაპირ უნდა გადაეშვა... ყველა გრძნობა და ემოცია იმისთვის არის, რომ შენ თვითონაც საინტერესო იყო და საინტერესოდაც იცხოვრო.
ფოტომასალა: ქეთევან სვანაძე
გუნდი
ირაკლი გედენიძე
ზურაბ ქურციკიძე
გიო კუსიანი
გიორგი ურუშაძე
თამთა ყუბანეიშვილი
ნანა ყურაშვილი
ინგა ქორიძე