×
„საკუთარ თავში ბევრი რამ კიდევ შესაცნობია“

ბიძინა კულუმბეგოვი

ექიმი, ალერგოლოგ-იმუნოლოგი


12682

ინტერვიუს შესახებ

ალბათ, მინდოდა, მეტი გამეგო მისი პიროვნების შესახებ. 

როდესაც ბიძინა კულუმბეგოვთან ინტერვიუს ტექსტზე ვმუშაობდი, სულ ვეძებდი მომენტებს, სადაც შემეძლო, ჩავკითხვოდი და ძალდაუტანებლად შემექმნა მოტივაცია მეტის თქმისთვის. ორიოდე ასეთი ადგილი ნამდვილად ვიპოვნე და საკუთარ შეცდომად ჩავითვალე, რომ დამატებითი კითხვები არ დავსვი. 

ბიძინა კულუმბეგოვი იმით არის სანიმუშო, რომ პიროვნული და პროფესიული განვითარების გზაზე რთული აღმართების ავლა მოუხდა. ხონში გაზრდილ ბიჭს ახლობლები ურჩევდნენ, თავის ოცნებებზე უარი ეთქვა და ქუთაისის უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაებარებინა. რთულად, მაგრამ მაინც თავისი გაიტანა. 

ახლაც არ ერიდება გამოწვევებს, თუმცა, შეუძლია, უბრალოდ დატკბეს თავისი მრავალწლიანი შეუპოვრობის და შრომის შედეგით. როგორც ჩანს, ასეთია მისი ბუნება.

ყურადღების განსახიერებაა, ძალიან საინტერესოდ ლაპარაკობს, შესანიშნავად ხსნის რთულ საკითხებს (ამაში თავად დარწმუნდებით), მაგრამ, მე თუ მკითხავთ, საკმაოდ „ჩაკეტილი“ ადამიანია. გიყვება იმას, რაც იყო; მაგრამ როგორ იყო, ამ ცოდნას თავისთვის იტოვებს. რასაც გიზიარებს, სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ჟურნალისტმაც კი მის გვერდით თავი კომფორტულად იგრძნო. წარმომიდგენია, რამდენად კომფორტულია მასთან ურთიერთობა დანარჩენი სამყაროსთვის.smiley

გაიცანით ბიძინა კულუმბეგოვი - ექიმი, რომელსაც პაციენტები ხშირად თავის ბოლო იმედად აღიქვამენ. 

ია ანთაძე


- ბატონო ბიძინა, თუ გქონიათ ერთგვარი შემობრუნების მომენტი, რომელმაც რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი შეცვალა თქვენს ცხოვრებაში? 

- დიახ, შეიძლება ითქვას, რომ მქონია. დიდი ხნის განმავლობაში მქონდა გადაწყვეტილი, რომ ჩემი ცხოვრება სამედიცინო სფეროსთან დამეკავშირებინა. ხონის მესამე საშუალო სკოლა დავამთავრე და ჩემს სკოლაში იყო ძალიან საინტერესო ტრადიცია: პირველ კლასში, როცა ანბანის ყველა ასოს ისწავლიდი და წერა უკვე იცოდი, დაწყებითი კლასების მასწავლებელი დაფაზე დაწერდა ასეთ ფრაზას: „რა გინდა, რომ გამოხვიდე“. ჩვენ, პირველკლასელები, ერთი ან ორი სიტყვით ვწერდით, რა გვინდოდა, რომ გამოვსულიყავით. ეს ყველაფერი ტყავის ლამაზ ჩანთაში ინახებოდა და მე-11 კლასის ბოლო ზარზე ყველა თაობის ნაწერები იხსნებოდა. თერთმეტი წლის შემდეგ კითხულობდნენ ჩვენი პირველი კლასის ხელნაწერს. 

- არ გახსოვდათ, რა დაწერეთ? 

 

შინაგანად მაქვს ეს პრინციპი, რომ კმაყოფილი არასოდეს ვარ.

- არ მახსოვდა და, როგორც წესი, უმრავლესობას არ ახსოვს, იქ რა დაწერა. ყველას სასაცილო პასუხი ჰქონდა: „კოსმონავტი“, „ტრაქტორისტი“ და ასე შემდეგ... აღმოჩნდა, რომ მე დამიწერია „ექიმი“. ეს რამ განაპირობა, არ ვიცი, რადგან ექიმობის საოჯახო ტრადიცია არ მქონია. როცა სამედიცინო ინსტიტუტი დავამთავრე, ზუსტად ნამდვილად არ ვიცოდი, რა მიმართულებით უნდა წავსულიყავი. პროფესიული დამკვიდრება, პროფესიულ სცენაზე ასვლა ძალიან რთულია ჩვენს ქვეყანაში და, სხვათა შორის, არამარტო ჩვენს ქვეყანაში. ამ თვალსაზრისით, ჩემთვის ნამდვილი აღმოჩენა იყო ბატონი ნუგზარ უბერი, პედიატრი. ამ ადამიანმა დიდი როლი ითამაშა, რომ მე ექიმი გავმხდარიყავი. ის იყო დეკანი, ჩემი მენტორი და მასთან განსაკუთრებული ურთიერთობა მქონდა. 

- მასთან შეხვედრა მიგაჩნიათ შემობრუნების წერტილად? 

- დიახ, ბატონმა ნუგზარმა განაპირობა, რომ მე მყარად გადავწყვიტე, არ წავსულიყავი უფრო მაღალხელფასიან სამსახურში, რომელიმე ფარმაკოლოგიურ კომპანიაში. არ მინდა, ვინმეს გული გავუტეხო, მაგრამ, უნდა ჩავთვალოთ, რომ 30-32 წლამდე ხელფასი არ გექნებათ, თუკი ექიმობა გადაწყვიტეთ. სხვა პროფესიაში კი შეიძლება 8-10 წლით ადრეც გქონდეთ მაღალანაზღაურებადი სამსახური. ამიტომ, ამ ადამიანის გაცნობა, მასთან ურთიერთობა იყო ის შემობრუნება, რის გამოც მე ვარ იქ, სადაც ვარ. 

- როდესაც თქვენ შესახებ მასალას ვსწავლობდი, ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ თქვენი პროფესიული ცხოვრება კონკიას ზღაპარს ჰგავს - ნულიდან დაიწყეთ და გზადაგზა არაერთხელ გაგიმართლათ, რადგან გარემოებები თქვენთვის სასარგებლოდ დალაგდა; გზადაგზა კი სწორი ადამიანები გხვდებოდნენ და გეხმარებოდნენ. ცხადია, თქვენც ბევრი იშრომეთ. ხართ თუ არა სრულად კმაყოფილი იმ გზით, რომლითაც დღემდე მოხვედით? 

- მე ვფიქრობ, რომ ადამიანი მიღწეულით კმაყოფილი არ უნდა იყოს - ეს მისთვის დამღუპველი იქნება. ყოფილა შემთხვევა, თვითტკბობაშიც ჩავვარდნილვარ: რა კარგია, ეს რომ მოვარჩინე; რა მაგარია, ის რომ აღმოვაჩინე... მაგრამ შინაგანად მაქვს ეს პრინციპი, რომ კმაყოფილი არასოდეს ვარ. 

- განვლილი გზით თუ ხართ კმაყოფილი, ეს მაინტერესებს - და არა იმ კონკრეტული ადგილით, სადაც დღეს იმყოფებით. 

- ამაზე ბევრი მიფიქრია. შეიძლება, ზოგი რამ სხვანაირად რომ მომხდარიყო, ბევრად სწრაფად წასულიყო პროცესი. მაგრამ ჯამში რა კონდიციასაც მივაღწიე პიროვნული და პროფესიული განვითარების თვალსაზრისით, მაინც კმაყოფილი ვარ. 

- მიგაჩნიათ, რომ დრო დაგეკარგათ? 

- ზოგ რამეს ახლა ვანაზღაურებ. მაგალითად, უცხო ენაზე ახლა დავდივარ, ღამის თერთმეტ საათზე. რაღაც კუთხით, თავიდანვე რომ მქონოდა ხელშეწყობა, მატერიალური ბაზისი, ახლა ბევრად წინ ვიქნებოდი. 

- თქვენ თქვით, რომ წარმატების გასაღებია ექიმისა და პაციენტის ურთიერთგაგება; ეს ტანდემი თუ არ შედგა, დაავადების მკურნალობაში გარღვევას ვერ მიაღწევო. რა უფრო სწორად მიგაჩნიათ - პაციენტმა აღგიქვათ, როგორც ჩვეულებრივი, მისნაირი ადამიანი, თუ ნახევარღმერთი, ვისაც სასწაულის მოხდენა შეუძლია? 

- მე მაქვს ჩემი პიროვნული შეხედულება და დამოკიდებულება ამ საკითხისადმი.

 
რომ შემოაღებს {კარს} დღის განმავლობაში რამდენიმე ათეული ადამიანი, რომელიც მარტო ამ სიტყვით იწყებს: „თქვენ ხართ ჩემი ბოლო იმედი!“, ეს იმხელა პასუხისმგებლობას მანიჭებს... თუნდაც, მერე ამ კლინიკიდან სახლში მისულს - რომ მე რაღაც არ გამომრჩეს, რაღაც სიახლე არ იყოს...

ადამიანებს ასეთი მოლოდინი აქვთ ჩემ მიმართ და როგორ შეიძლება, რომ ჩემი ცოდნა ყოველდღიურად არ განვაახლო?! ხანდახან მეშინია - შემიძლია კი, რომ ადამიანებისთვის ვიყო ის (რელიგიურ ტერმინებს აღარ გამოვიყენებ), ვის მიმართაც ასეთი მოლოდინი აქვთ? ეს, რასაკვირველია, ძალიან რთულია. მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობ, ადამიანებს ადამიანურად მოვექცე. კოლეგებსაც ვუზიარებ ხოლმე ჩემს აზრს, რომ IQ (ინტელექტის კოეფიციენტი) არ განსაზღვრავს ექიმის კართან მომლოდინე პაციენტების რაოდენობას, ანუ მისით კმაყოფილი ადამიანების რაოდენობას.

 
IQ შეიძლება ჰქონდეს ექიმს ძალიან მაღალი, მაგრამ ემოციური ინტელექტი ჰქონდეს იმდენად დაბალი, რომ ის, როგორც ექიმი, არავის არ უნდოდეს.

ასეთი მაგალითებით არის სავსე მთელი ჩვენი სამედიცინო სფერო არამარტო საქართველოში, ყველაზე განვითარებულ ქვეყნებშიც კი. სანამ ექიმი გავხდებოდი, ხშირად მომისმენია: „რა კარგია ეს ჩვენი ლექტორი, ყველა საკითხი იცის, როგორ კარგად მსჯელობს და პაციენტი მასთან რატომ არ მიდის?“ უკვე თერთმეტი წელია, ამ შუა ზღვაში და ამ ბრძოლაში ვარ. მივხვდი, რომ ემოციური ინტელექტი, თანაგრძნობა, პაციენტისა და ექიმის ურთიერთდამოკიდებულება არის გადამწყვეტი იმისთვის, რომ პაციენტს შენ უნდოდე, როგორც ექიმი. რა თქმა უნდა, ცოდნა მნიშვნელოვანია, მაგრამ, ნებისმიერი რანჟირების მიხედვით, მხოლოდ მეორე ან მესამე ადგილზეა ცოდნის ხარისხი. 

- მეორე ან მესამე ადგილზეა - რისთვის? იმისთვის, რომ ექიმს პაციენტი ჰყავდეს?

 

მაქსიმალურად ვცდილობ, ადამიანებს ადამიანურად მოვექცე.

- იმისთვის, რომ წარმატებული იყოს თავის პროფესიაში.

- შვეიცარიელი ესეისტი ანრი ფრედერიკ ამიელი ამბობდა, რომ „იდეალური ექიმი ის ადამიანია, რომელიც ცხოვრების და ადამიანის სულის ღრმა ცოდნას ფლობს და რომელსაც ინტუიციით შეუძლია ამოიცნოს ნებისმიერი ტანჯვა და ტკივილი.“ ფაქტობრივად, ემოციურ ინტელექტზე ლაპარაკობს. გამოდის, ახალგაზრდა ექიმმა, პროფესიასთან ერთად, ცხოვრებაც საგანგებოდ უნდა შეისწავლოს? 

- ამ საკითხზე ფიქრშიც მნიშვნელოვანი დრო გამიტარებია. ბევრი რამ, მე მგონი, არ ისწავლება. ამბობენ ხოლმე, რომ ხატვის ნიჭს ვერ შეიძენ, თუმცა, შეიძლება, ტექნიკა განივითარო. ადამიანთან ურთიერთობის ნიჭიც ან თანდაყოლილი უნდა გქონდეს, ან ბევრი უნდა ეცადო, რომ ეს გამოიმუშაო. პაციენტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ექიმში საკუთარი თავის მიმართ რწმენა იგრძნოს. დარწმუნებული უნდა იყო იმაში, რაზეც საუბრობ, რომ პაციენტს შენდამი ნდობა გაუჩნდეს. სხვა ექიმებთან ნამყოფი ბევრი პაციენტი მინახავს, რომელიც ამბობს, რომ თითქოს ყველაფერი კარგად წავიდა, მაგრამ როცა ექიმმა შემდგომი ეტაპის მკურნალობა შესთავაზა, რატომღაც, არ ენდო. ალბათ, ძირითადი უნარების განვითარება შესაძლებელია, მაგრამ ხელოვნურად ემპათიური ვერ იქნები. ამის არ მჯერა. 

- თუ გახსოვთ, თქვენი პროფესიული საქმიანობის დასაწყისში როგორ გაიარეთ ორი მთავარი ეტაპი: გამოცდა წარმატებით და გამოცდა წარუმატებლობით? 

- ამაზე ბევრი არ მიფიქრია, ეს პერიოდი გავიარე ისე, როგორც გავიარე. შეცდომები ნამდვილად იყო. თქვენ იცით, სოციალური ქსელი როგორი ხარისხით არის შემოჭრილი ჩვენს ყოფაში. ათასი ჯგუფია, ათასი კომენტარია... ზოგს შენ ვერ წვდები, მაგრამ ვიღაც ფოტოს გადაუღებს კომენტარს და გამოგიგზავნის: „ბიძინა, შენზე ამას ამბობენ.“ ექიმი შეუცდომელი და, ამ თვალსაზრისით, ბოლომდე თავისუფალი ვერ იქნება. ჩვენი პროფესია ურთულესია. მაგრამ მე მაქვს ერთი პრინციპი. როცა სხვა ექიმისგან პაციენტი ჩვენთან ხვდება, ხშირად ვაწყდები ასეთ ფაქტს: ბევრი წამალი აქვს გამოწერილი, მაგრამ დიაგნოზი არ უწერია. მე ყოველთვის ვაფიქსირებ ჩემს აზრს, ჩემს დიაგნოზს. როცა პაციენტები თუნდაც ტელეფონზე დამირეკავენ და მეტყვიან:  ხუთი წლის წინ თქვენთან ვიყავი და ახლაც დახმარება მჭირდებაო, ყოველთვის ვთხოვ, წამიკითხონ ჩემი ძველი დიაგნოზი.  ხანდახან იმ დიაგნოზს რევიზია სჭირდება, მაგრამ ჩემი პრინციპია, რომ დიაგნოზის გარეშე არ გავუშვა ადამიანი. ასე რომ, ეს გზა წარმატებაზეც გადიოდა, შეცდომებზეც... ყველაფერი ერთმანეთს ავსებს, დასკვნების გაკეთების საშუალებას მაძლევს და, რაც მთავარია, მაძლევს იმის საფუძველს, რომ ხვალ უკეთესი ვიყო, ვიდრე დღეს ვიყავი. მე სწორედ ეს მინდა. 

 

უკვე თერთმეტი წელია, ამ შუა ზღვაში და ამ ბრძოლაში ვარ.

- თქვენ შესახებ გადაღებულ ვიდეორგოლში ამბობენ, რომ ყველა პაციენტის სახელი და ისტორია გახსოვთ. აქ საქმე ცოტა გადაჭარბებასთან გვაქვს?

- დიახ, ცოტა უტრირება არის, რასაკვირველია. 

- და მაინც, რაკი დიდი მოცულობის ინფორმაციის დამახსოვრება გიწევთ, დავიწყების უნარი თუ მიგაჩნიათ არანაკლებ მნიშვნელოვნად, ვიდრე დამახსოვრების უნარი?

- რასაკვირველია, ესეც მნიშვნელოვანია. ყველაფერს თავისი კონტექსტი აქვს. თუკი საყურადღებო და მნიშვნელოვანი პაციენტი წლების მერე ჩემს კაბინეტში შემოდის, ხშირად დავასწრებ ხოლმე და ვეტყვი, თქვენ ჩემთან ამის და ამის გამო იყავით. უკვირთ, ეს რატომ უნდა გახსოვდეთო. მაგრამ როცა რუტინული შემთხვევაა, რომელსაც გონების დიდი დაძაბვა არ სჭირდება, შეიძლება, არც დამამახსოვრდეს. ამაში ცუდი არაფერია. რაც შეეხება დავიწყებას, ცხოვრებისეულად თუ შევხედავთ, დავიწყებაც მნიშვნელოვანია. ეს ხანდახან ბევრ სიმძიმეს აგაცილებს და უკეთეს ადამიანად გაგხდის. ბატონი ნუგზარი ვახსენე და ბევრი ცხოვრებისეული გამოცდილებაც მივიღე მისგან. ის ხშირად ეუბნებოდა ადამიანს, რომელზეც გული ეტკინებოდა - კოლეგა იყო თუ პაციენტი - მე უნდა დავივიწყო თქვენ მიმართ წყენა იმიტომ, რომ იმ ასაკში ვარ, შერიგებას ვერ მოვასწრებო. ეს სულ მახსოვს, რომ ჯობია, წყენა დაივიწყო, რათა წინ წახვიდე და ამ წყენამ ძლიერი მუხრუჭი არ ჩართოს შენს ცხოვრებაში. 

- თქვენ ხართ ადამიანი, რომელმაც ძალიან ბევრი იცით ჩემთვის ისეთ ბუნდოვან თემაზე, როგორიც არის ადამიანის იმუნური სისტემა. ერთხელ თქვით, იმუნური სისტემა იმისთვის არსებობს, რომ გარე საფრთხეებს ებრძოლოს და ჩვენი შინაგანი წესრიგი უზრუნველყოსო. ეს რას ნიშნავს?

- ადამიანებს ორგანოთა ბევრი სისტემა გვაქვს და ყველა თავის ფუნქციას ატარებს, არცერთის გამოკლება აქ არ გამოდის. მაგრამ თუ მათ ადამიანისთვის მნიშვნელობის მიხედვით დავალაგებთ, იმუნური სისტემა ერთ-ერთი პრიორიტეტულია. ძალიან საინტერესოა, პაციენტი როგორ აღიქვამს იმუნურ სისტემას: ბატონო ბიძინა, მე ვიცი, სად არის ნერვული სისტემა, ვთქვათ, ეს თავის ტვინი და ზურგის ტვინია; გულიც ვიცი, სად არის იმიტომ, რომ ფეთქავს. მაგრამ სად არის ეს იმუნური სისტემაო? 

 

ბევრი რამ, მე მგონი, არ ისწავლება.

- კარგი კითხვაა. 

- იმუნური სისტემის არსი პოპულარულ ენაზე რომ განვმარტოთ, ეს არის ზუსტად იგივე, რაც თანამედროვე სახელმწიფოში ორი ძალოვანი უწყება - შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომლის ფუნქცია შიდა წესრიგის დაცვაა და თავდაცვის სამინისტრო, რომელიც საგარეო საფრთხეებს ებრძვის. აი, ამ ორ ფუნქციას აერთიანებს იმუნური სისტემა. მაგრამ ამის გააზრებას ათწლეულები დასჭირდა. ილია მეჩნიკოვმა, ძალიან ცნობილმა რუსმა მეცნიერმა, რომელიც, ძირითადად, საფრანგეთში მოღვაწეობდა, აღმოაჩინა, რომ ეს ფაგოციტური უჯრედები - იმუნური სისტემის მთავარი უჯრედები - შემოჭრილ მიკრობებს შემოგარსავენ, ჩაეხუტებიან და გადაყლაპავენ, ანუ მოინელებენ. ეს არის სწორედ ე.წ. თავდაცვის სამინისტროს ფუნქცია. ილია მეჩნიკოვის ამ თეორიას მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში ნობელის პრემია მისცეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩენა იყო. თუმცა, მეცნიერება განვითარდა და 50-იან წლებში უკვე ავსტრიელმა მეცნიერმა ფრენკ ბერნეტმა მიიღო ნობელის პრემია. აღმოჩნდა, რომ იმუნური სისტემა თავის თავზე იღებს შინაგანი წესრიგის უზრუნველყოფასაც. შინაგან წესრიგში ორი რამ იგულისხმება. პირველი ის არის, რომ ორგანიზმში სიმსივნისკენ მიდრეკილ უჯრედებს არ მიეცეს გამრავლების საშუალება. მეორე ფუნქცია იმის მცდელობაა, რომ იმუნურმა სისტემამ მოიშოროს ორგანიზმში მოხვედრილი უცხო სხეულები. ორგანოთა ტრანსპლანტაცია  ამის კლასიკური მაგალითია. ორგანიზმი გადანერგილ ორგანოებს აღიქვამს, როგორც სრულიად უცხო სხეულს და იშორებს. ამიტომ, თანამედროვე მედიცინა ცდილობს, რომ გადანერგილი ორგანოები იმ წამლების ფასად შეინარჩუნოს, რომლებიც იმუნურ სისტემას აქვეითებენ. ამიტომაც არის, რომ ზოგჯერ წლების განმავლობაში ეძებენ ორგანოებს, რომლებიც მაქსიმალურ თანხვედრაშია პაციენტის ორგანიზმთან. მეორე მხრივ, ცნობილია, რომ ადამიანის ორგანიზმში 24 საათის განმავლობაში პოტენციური რისკის მატარებელი, სიმსივნისკენ მიდრეკილი მილიონი უჯრედი წარმოიქმნება. ისინი იმუნურმა სისტემამ უნდა ამოიცნოს და არ მისცეს მათ გამრავლების საშუალება. 2018 წლის ნობელის პრემია გაიცა იმ წამლის აღმოჩენისთვის, რომელიც იმუნური სისტემის გაძლიერების გზით ებრძვის სიმსივნეს. 

- თქვენი სატელევიზიო ინტერვიუებიდან ჩემთვის ყველაზე საინტერესო ის შევიტყე, რომ, თურმე, იმუნური სისტემა, ადამიანის საჭიროებიდან გამომდინარე, ან უფრო ინფექციისგან იცავს მას, ან უფრო ალერგიისგან. თან, ამ ორს შორის ბალანსი დამოკიდებულია იმ ქვეყნის კეთილდღეობის ხარისხზე, სადაც ადამიანი ცხოვრობს. თუ არის შესაძლებელი, რომ ეს მექანიზმი უფრო დაწვრილებით აგვიხსნათ?

 

დარწმუნებული უნდა იყო იმაში, რაზეც საუბრობ.

- იმუნური სისტემის წონასწორობა - ინფექცია თუ ალერგია - საკმაოდ რთული მექანიზმია. არის ასეთი მეცნიერი დევიდ სტრახანი, რომელმაც ქალაქის და სოფლის არეებში დიდი რაოდენობის მასალაზე დაკვირვებით აღმოაჩინა, რომ  სოფელში მცხოვრებ ადამიანებს აქვთ ნაკლები ასთმა და რინიტი (სურდო), ხოლო ქალაქში მცხოვრებთ - აქვთ მეტი. რატომ ხდება ასე? იმის გარდა, რომ ჰაერის დაბინძურება გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე, მეცნიერმა ნახა, რომ რაც უფრო ადრეული ასაკიდან იწყებს ადამიანი ურთიერთობას მიწასთან, ცხოველთან, მიკრობებთან, ნატურალურ რძესთან, ძაღლთან, კატასთან - ორგანიზმის იმუნური სისტემა, ამ ხშირი შეხვედრის გამო, მას არ უყურებს, როგორც უცხოს (ანუ ალერგენს) და მის მიმართ შემწყნარებელი ხდება. ამიტომ, სოფლის არეში ადამიანებს ნაკლებად ემართებათ ალერგიული დაავადებები. ამ თეორიას ჰქვია ჰიგიენური თეორია. ჰიგიენური თეორია, წლებთან ერთად,  შეივსო და ბოლოს ასეთი საინტერესო სახელით არის ცნობილი - ძველი მეგობრების თეორია. ადამიანის ორგანიზმი ცხოვრობს მიკრობებთან ერთად, რომლებიც არიან კანზეც, ფილტვშიც, ნაწლავშიც... ხშირად ამბობენ, რომ ნაწლავში არის დაახლოებით სხეულის 2-3% წონის მიკრობები - გამოდის, თითქმის, ორი-სამი კილო. მათი რაოდენობა იმდენია, ჩვენს უჯრედებს ათასობით აღემატება. სწორედ ამ მიკრობებს ეძახიან ჩვენს ძველ მეგობრებს. ისინი ჩვენთან ერთად ცხოვრობენ, რაც კი ადამიანი არსებობს. ცუდს არაფერს გვიკეთებენ, პირიქით, იმუნური ბალანსის დაცვის ფუნქცია აქვთ - რომ წონასწორობა ცუდისკენ არ გადაიხაროს: აუტოიმუნური დაავადებებისკენ, ალერგიისკენ, სიმსივნისკენ. ისე მოხდა, რომ ძველ მეგობრებს ჩვენ დავუწყეთ ბრძოლა ანტიბიოტიკებით, ათასი ანტისეპტიკური ხსნარით, დასაბანი საშუალებებით. ამ ყველაფერმა მოკლა ის ჩვენი ძველი მეგობრები, სასწორის პინა აამსუბუქა და გადახარა ალერგიისკენ, აუტოიმუნური დაავადებებისკენ და სიმსივნისკენ. ჰიგიენური თეორია და ძველი მეგობრების თეორია ახლა ითვლება ერთ კონცეპტად, რითიც დიდწილად აიხსნება ალერგიული დაავადებების ზრდა მთელ მსოფლიოში. რაც უფრო განვითარებულია ქვეყანა, ალერგიის რისკი მეტი აქვს. რაც ნაკლებია ჰიგიენა და მეტია ინფექციები, იმ ქვეყანაში ნაკლები ალერგიაა. ეს დადგენილი და წყალგაუვალია. 

- ახალი კორონავირუსი რა კავშირშია იმუნურ სისტემასთან? 

 

ხელოვნურად ემპათიური ვერ იქნები.

- COVID-19 (ასე ჰქვია ახალი კორონავირუსით გამოწვეულ დაავადებას) ცხოველიდან მუტაციის გზით გენერირდა და ადამიანზე გადაცემის უნარი შეიძინა. კაცობრიობას ამ ახალი მოვლენის მიმართ არავითარი იმუნური მახსოვრობა არ გააჩნია. კაცობრიობის თითქმის 2/3-ს აქვს რაღაც იმუნური მახსოვრობა გრიპის ვირუსების მიმართ. ეს ინფექცია კი სრულიად ახალი და უცნობია ჩვენი იმუნური სისტემისთვის. როგორც საყოველთაოდ ცნობილია, ადამიანს ყველაზე მდგრადი იმუნური სისტემა აქვს ბავშვობის ასაკის მერე, დაახლოებით, 50-55 წლამდე. ამ ასაკიდან კი იმუნური სისტემის თავდაღმართი იწყება. შესაბამისად, ამ ასაკობრივ ჯგუფში ყველაზე ნაკლები სირთულით მიდის COVID-19 გამოწვეული დაავადება. ერთი პარადოქსი ახლავს ამ დაავადებას, მაგრამ ბოლომდე ახსნილი არ არის. COVID-19 იშვიათია 15 წლამდე ასაკის ბავშვებში და 9 წლამდე ასაკში პრაქტიკულად არ გვხვდება. სიკვდილობა ბავშვებში საერთოდ არ დაფიქსირებულა. თუმცა, ეს იმუნური სისტემის მზაობით არ აიხსნება. უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ ნებისმიერი ინფექცია და, მით უფრო, ვირუსი, ჩვენს ორგანიზმში რომ შემოვიდეს, მას სჭირდება, როგორც ჩვენ ახლა სკამებზე ვსხედვართ, ასეთი სკამი ორგანიზმში შეჭრისთვის. მას მეცნიერულად რეცეპტორი ჰქვია. თუ ამ რეცეპტორზე არ დაჯდა, თავის ფუნქციებს ვერ განახორციელებს. აღმოჩნდა, რომ, დიდი ალბათობით, ბავშვებს ეს რეცეპტორები არ გააჩნიათ იმ რაოდენობით, რამდენიც ზრდასრულ ადამიანს აქვს ფილტვის ქსოვილში. ამიტომ, არა მყარი და ძლიერი იმუნიტეტით, უფრო ამ რეცეპტორული სიღარიბით აიხსნება, რომ ბავშვებში კორონავირუსი იშვიათად გვხვდება. რაც შეეხება ზრდასრულებს, იმუნური სისტემის გაჯანსაღების ფარმაკოლოგიური პრეპარატი მედიცინას არ შეუქმნია. ბევრ პაციენტს აქვს ეს სურვილი - იქნებ, რამე მირჩიოთ, რომ ავად აღარ გავხდეო, მაგრამ, ვეუბნები ხოლმე, რომ ამის წამალი არ არსებობს და თუ რამეს გაიგებთ, მეც შემატყობინეთ-მეთქი. იმუნიტეტს აძლიერებს ის ფაქტორები, რაც ყველამ იცის - სწორი, დაბალანსებული კვება, სტრესებისგან თავისუფალი გარემო და რაც შეიძლება მეტი ძილი. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ამ ინფექციის გავრცელების პერიოდს ჩვენი ორგანიზმი გადაღლილი, დაძაბუნებული, გამოუძინებელი და ნაკლებად ნუტრიციული კვებით დასუსტებული არ შეხვდეს. ეს არის ჩემი ერთადერთი მოწოდება. 

- თქვენ ლაპარაკობდით განსხვავებაზე ნამდვილ ალერგიასა და ე.წ. აუტანლობას შორის. მე ვფიქრობ, ეს არის ის მინიმუმი, რაც ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს.

 

შეცდომები ნამდვილად იყო.

- ჩვენ ახლა ვსაუბრობთ კვებასთან მიმართებაში რეაქციებზე, რაც ადამიანს ძალიან აწუხებს. როდესაც პაციენტები ჩვენთან მოდიან, ყოველთვის გვიწევს ამის ახსნა, როდის ვთქვათ „მე მაქვს კვებითი ალერგია“ და როდის - „მე მაქვს კვების აუტანლობა“. ალერგია არის იმუნური პასუხი ამა თუ იმ ალერგენზე. თუ რომელიმე კვებითი ინგრედიენტი იმუნოლოგიურ ომში შევიდა ჩვენს ორგანიზმთან, - ეს არის ნამდვილი კვებითი ალერგია. მაგალითად, რძესთან მიმართებაში თუ ალერგია მაქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ სისხლში მყავს ამ რძის ცილების მიმართ გამოწვრთნილი ჯარისკაცები - წეღან რომ ძალოვან სტუქტურებს შევადარე - რომლებიც მზად არიან, უცხოს შემოჭრისთანავე ომი წამოიწყონ. ბრძოლის შედეგები რა არის? ჭინჭრის ციება, კვინკეს შეშუპება... თუ რთული რეაქციაა და ომი მასობრივ ბრძოლებში გადაიზარდა, შეიძლება ადამიანს ანაფილაქსური შოკიც დაემართოს. წნევა დავარდება, სუნთქვა გაუძნელდება, მუცლის ძლიერი ტკივილი დაეწყება, გულისრევა, ღებინება და შეიძლება გონების დაკარგვაც მოჰყვეს წნევის დავარდნას. ეს არის ნამდვილი კვებითი ალერგია. ეს ხდება რძეზეც, მიწის თხილზეც, თევზეულზეც, კვერცხზეც... ჩვენ ვიცით ამ მხრივ გამოკვეთილი პროდუქტები. მაშინ, რა არის კვებითი აუტანლობა, ან კვებითი ინტოლერანტობა? ამას რომ ჩავწვდეთ, მთავარი ფაქტორი უნდა განვმარტოთ. ალერგია ეხება მხოლოდ ცილას. ბუნებაში არ არსებობს ცხიმის და ნახშირწყლის მიმართ ალერგია. ალერგენი მხოლოდ ცილაა: ოთახის მტვერია? ესე იგი, იმ მტვრის ტკიპაში შემავალი ცილაა ჩვენი ალერგენი. რძეა? - რძის ცილაა ჩვენი ალერგენი. ვაშლია? ის გარედან მცენარეული ცილით არის დაფარული და შიგნითაც ცილაა. მაგრამ როცა ვამბობთ „აუტანლობას“, ამის კლასიკური მაგალითია რძის შაქარი, ანუ ნახშირწყალი - ლაქტოზა, რომლის მომნელებელი ფერმენტი ყველა ადამიანს აქვს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, წვრილ ნაწლავში. მას ჰქვია ლაქტაზა, ანუ ლაქტოზის მომნელებელი ფერმენტი ლაქტაზა. რაღაც მიზეზების გამო, შეიძლება, ადამიანს დაუქვეითდეს ეს ლაქტაზა. ამიტომაც, როგორც კი დალევს რძეს, ნახშირწყალი კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ჩავა, მაგრამ მას მომნელებელი ფერმენტი არ დახვდება იმ რაოდენობით, რაც სჭირდება. ვთქვათ, დიდი რაოდენობით მოვიხმარე ყველი, ხაჭო, რძე... ბუნებრივია, განვითარდება ამ მოუნელებელი პროდუქტების დაგროვების შედეგები: მუცლის შებერილობა, მუცლის ტკივილი, ბუყბუყის შეგრძნება, - მაგრამ არავითარ შემთხვევაში ის იმუნოლოგიური ომები, რაც მე აღგიწერეთ. ამიტომ ამ მოვლენას ჰქვია კვებითი აუტანლობა/ინტოლერანტობა და არა კვებითი ალერგია. არავინ ამბობს, რომ ლაქტოზის ალერგია აქვს. ყველა ამბობს, რომ ლაქტოზის აუტანლობა აქვს. 

- სეზონური ალერგიის დრო მოდის და რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ადამიანებმა უნდა იცოდნენ ამ თემაზე? ისევ თქვენგან ვიცი, რომ მსოფლიოში 400 მილიონ ადამიანს აქვს ალერგიული რინიტი. 

 

ჩემი პრინციპია, რომ დიაგნოზის გარეშე არ გავუშვა ადამიანი.

- ამ დაავადებას ნამდვილად ძალიან ძლიერი გავრცელება აქვს. ეს უდავოა. საქართველოში ადამიანთა 9-10%-ს აქვს მსგავსი რინიტის პრობლემა. ასიდან ათ ადამიანს ეს აწუხებს. 

- სეზონური რინიტი?

- სეზონური, დაახლოებით, 8%-მდეა. არსებობს რინიტი თვალთან ერთად სიმპტომებით და რინიტი - მხოლოდ ცხვირი, თვალის გარეშე. თვალთან ერთად უფრო სეზონურს შეესაბამება - თვალს და ცხვირს ორივეს „ურტყამს“, აზიანებს. არასეზონური რინიტის შემთხვევაში, ცხვირია წამყვანი და თვალი მეტად შეუხებელი რჩება. შესაბამისად, ადამიანებმა უნდა იცოდნენ ორი მთავარი ამბავი. პირველი: თუ ბოლო რამდენიმე წელი გაციების მსგავსი მოვლენები წელიწადის ერთსა და იმავე დროს ერთ კვირაზე მეტხანს უგრძელდებათ, ეჭვი მიიტანონ, რომ ეს შეიძლება სეზონური ალერგია იყოს. იმიტომ, რომ გაციებითი დაავადება, რომელსაც ძალიან ბევრი ვირუსი იწვევს, 7-10 დღეზე მეტხანს არ გრძელდება; და ყოველ წელს ერთსა და იმავე დროს არ ემართება ადამიანს. მეორე: ჩვენს ქვეყანაში აერობიოლოგიური მეთვალყურეობის ძალიან კარგი სამსახური არსებობს. ერთი მხრივ, შესაძლებელია დამნაშავე ალერგენის დაზუსტება და, მეორე მხრივ, ხელმისაწვდომია ინფორმაცია, ამა თუ იმ კვირაში რომელი მცენარის მტვერი რა კონცენტრაციით არის ჰაერში შეწონილი. მაღალი კონცენტრაცია შემაწუხებელია. ამიტომ, დაბალი და საშუალო კონცენტრაციის დროს ადამიანმა უკვე უნდა დაიწყოს თუნდაც ერთი ანტიალერგიული წამლის დალევა. 

- რომ მომზადებული დახვდეს რთულ პერიოდს? 

- რასაკვირველია. და კიდევ: დამნაშავე ალერგენის დადგენა 6-დან 60-65 წლამდე ადამიანებს აძლევს დიდ შანსს, რომ გაიკეთონ ე.წ. დესენსიბილიზაციის სქემა, ანუ პროტოკოლი, რომელსაც 1906 წლიდან მსოფლიო იკეთებს. ეს არის ასწლოვანი მეთოდი - აცრა ალერგიის მიმართ. სამი წლის განმავლობაში ამ აცრის გაკეთება ადამიანს აკარგვინებს ალერგიულობას და ეს კლინიკური ეფექტი 12-დან 15 წლამდე პერიოდში ნარჩუნდება. 

 

კვლევა ექიმობის აუცილებელი, განუყოფელი ნაწილია.

- მაშინ ალერგიული რინიტით ამდენი ადამიანი რატომ იტანჯება?

- რამდენიმე ფაქტორია გასათვალისწინებელი. მკურნალობის მეთოდი ხანგრძლივია, ცოტა რთულია, ადამიანმა სამი წელი პერმანენტულად იკეთოს ეს აცრა. ხშირია წყვეტა, თუმცა, ჩვენ ასობით პაციენტი გვყავს ამ კუთხით. მეორე მხრივ, ბევრ ქვეყანაში ეს წამალი საერთოდ არ არსებობს. მესამე და მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაშიც მე უფრო დიდ ბარიერს ვხედავ - ეს აცრა მკურნალობის ძვირად ღირებულ მეთოდად ითვლება. ის წელიწადში 1500-1600 ლარი შეიძლება დაჯდეს. მსოფლიოში ბევრი რინიტია, მაგრამ ამ წამლისადმი ხელმისაწვდომობა ყველას არ გააჩნია. 

- კარგი ექიმი ყოველთვის მკვლევარია?

- მადლობელი ვარ ამ კითხვისთვის. ალბათ, კვლევა ექიმობის აუცილებელი, განუყოფელი ნაწილია. ამა თუ იმ ქვეყანას განათლების სისტემის სხვადასხვა მოდელი აქვს. მე ძალიან მომწონს ამერიკულ-ბრიტანული მოდელი. საქართველოში, თუ წარმატებული ექიმი ხარ, თითქოს, არაფერში გჭირდება სამეცნიერო ხარისხი. მაგრამ რაღაც ეტაპზე მაინც დგება PhD-ს, ანუ სადოქტორო საკვალიფიკაციო ნაშრომის გაკეთების აუცილებლობა. მე ამ სტადიაში ვარ ახლა, დოქტორანტურაში ჩასაბარებლად ვემზადები, მხოლოდ ერთი გუმანით, რომ თუნდაც იმ საკითხში, რასაც შრომა ეხება, კვალიფიკაცია ავიმაღლო. ამ დანიშნულებას ვხედავ, ჯერჯერობით, ჩემთვის. მაგრამ ამერიკულ და ბრიტანულ სივრცეში კლინიკური ექიმისთვის PhD არ არსებობს. რასაკვირველია, იქაც არის სამედიცინო სწავლება, იქაც არის უნივერსიტეტი, იქაც არიან ასოცირებული და სრული პროფესორები. მაგრამ მთავარი შეჯიბრებითობა, ანუ კონკურსში მონაწილეობა, ეფუძნება იმ ფაქტს, რომ ექიმი, რომელიც არის, ვთქვათ, ემორის უნივერსიტეტის განყოფილების ხელმძღვანელი, თავისი პრაქტიკიდან გამომდინარე, რა სამეცნიერო სტატიებს აქვეყნებს მაღალრეფერირებად ჟურნალებში. აი, ამით ეჯიბრებიან ერთმანეთს თანამდებობის დაკავების დროს. მე ვფიქრობ, ეს ძალიან სწორი მოდელია ექიმისთვის. 

- მაგრამ კვლევა ყველა შემთხვევაში აუცილებელია. 

- დიახ, რა თქმა უნდა, რადგან სხვანაირად ექიმი ვერ განვითარდება და წინ ვერ წავა.

 

ექიმობა, ასე ვთქვათ, სრულ „ჩაყვინთვას“ საჭიროებს.

- კონტექსტზე მინდა გკითხოთ. ხშირად მსმენია, რომ უცხოეთში სხვადასხვა ორგანოს ექიმი ცალ-ცალკე არსებობს. კვლევის განვითარებული უნარი, ალბათ, ნებისმიერ ადამიანს ეხმარება, რომ ვიწროდ არ მიუდგეს თავის სპეციალობას. რამდენად აუცილებელია, რომ ექიმს მთლიანი კონტექსტის შეფასება შეეძლოს? 

- ეს ჩემთვისაც ყოველთვის საინტერესო იყო. ხუმრობაც კი მსმენია ჩემი სტუდენტობის დროს: უცხოეთის მედიცინაში ისე მიდის საქმე, რომ მალე, ალბათ, ზედა და ქვედა ყბის სტომატოლოგი ცალ-ცალკე იქნებაო. ჩემს ევროპელ თუ ამერიკელ კოლეგებთან მეტი ურთიერთობის შემდეგ, მე უკვე სრულიად ნიველირებული მაქვს ეს შეხედულება, რომ იქ ექიმები ვიწყო ხედვის არიან. პირიქით, ბაზისური ცოდნა და ზოგადი ხედვა იმ ექიმებს გაცილებით უფრო დიდ მასშტაბში და მაღალ დონეზე აქვთ, ვიდრე - ჩვენ. ეს არის აღიარებითი ჩვენება, რომ ბაზისური განათლება და მერე ამ განათლების ტრანსფორმირება ყოველდღიურ პრაქტიკაში - ჩვენთან ცოტა დაშორებულია ერთმანეთისგან. ამ უნარების გადმოტანა დასავლეთში სხვადასხვა მეთოდითა და წლების განმავლობაში დახვეწილი საგამოცდო თუ გამოკითხვის სისტემებით ხდება. აღარ შევუდგები დაწვრილებით განხილვას, პაციენტის მკურნალობის დროს ექიმი როგორ იყენებს იმას, რაც წიგნებიდან ისწავლა. მართალია, უცხოეთში ვიწრო სპეციალიზაციის ხარისხი მაღალია, მაგრამ იქაურ ექიმებს გაცილებით უფრო მკაფიო ხედვა აქვთ ყველა მომიჯნავე დარგთან დაკავშირებით... რასაკვირველია, არ ვიტყოდი, რომ ძლიერი დისონანსია ჩვენს ცოდნასა და მათ ცოდნას შორის. მაგრამ ბაზისური ცოდნის ელემენტებს ისინი იმდენად ამჟღავნებენ ყოველდღიურ დიალოგში, თუნდაც, მოხსენებაში, რომ ხშირად ჩვენ, სახლში მოსულებს, წიგნის გადაშლა და წაკითხვა გვიწევს. 

- რამდენადაც ვიცი, ბავშვობიდან მოყოლებული, სულ ერთი გზით მოდიხართ და მთელი თქვენი გამოცდილება ექიმის პროფესიას უკავშირდება. მაინც, თუ გაქვთ რაიმე სხვა გამოცდილება, რომელიც, შეიძლება, შეუსაბამოდაც კი მიგაჩნიათ თქვენთვის?

- ჩვენი პროფესია იმდენ ჩართულობას მოითხოვს... დათვლილია (ვინ დათვალა, ან რამდენად შეესაბამება რეალობას, სიმართლე გითხრათ, არ ვიცი), ექიმი თავისი სფეროს საყოველთაო სიახლეებს რომ არ ჩამორჩეს, საკუთარ დარგში დღეში საშუალოდ 11-მდე პუბლიკაციას უნდა გაეცნოს. ეს არარეალურია და ამიტომაც არსებობს გამარტივებული წვდომა, ფასიანი პლატფორმები, რომლებზეც ხელი ჩვენც მიგვიწვდება. იმის მიუხედავად, რომ ექიმობა, ასე ვთქვათ, სრულ „ჩაყვინთვას“ საჭიროებს, შეიძლება, ადამიანს მრავალმხრივი ინტერესი ჰქონდეს. მე ჩემს კოლეგებს პატივს ვცემ - ზოგი საკუთარი ნახატების გამოფენას აწყობს, ზოგი საფორტეპიანო კონცერტს მართავს... ეს ძალიან კარგია. მაგრამ, მათგან განსხვავებით, მე სხვა თანდაყოლილი ნიჭები  ნამდვილად არ მაქვს. 

- კულინარიის? 

- არა, ძალიან მწყრალად ვარ. ერთადერთი - და ეს ჩემს ცხოვრებაში სიახლეა - დაახლოებით ორი თვეა, ვეგანური კვების რეჟიმს შევუდექი. ჩავთვალე, რომ ჯანსაღი კვების პრინციპები მე თავად უნდა გავიზიარო, რომ სხვებსაც ვურჩიო.

 
ჩემი კვების რეჟიმი ამ შემთხვევაში ძალიან შევცვალე. მეც ვერევი ამ საკითხში. ამ პროდუქტების, ინგრედიენტების, ბიო, ორგანული - ეს არცთუ ისე მარტივი და არცთუ ისე იაფია, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობ, აი, ბოლო ორი თვეა.

 ცხოველურზე, ჯერჯერობით, უარს ვამბობ, ამ მხრივ წავედი. 

- თქვენი ოჯახის წევრებს დისკომფორტი ხომ არ შეექმნათ ამის გამო? 

 

დაახლოებით ორი თვეა, ვეგანური კვების რეჟიმს შევუდექი.

- ჩემი ოჯახის წევრებთან ერთად მუდმივი ცხოვრება არ მიწევს. მშობლები იმერეთში ცხოვრობენ, ხონში, მე კი, უკვე ოცი წელია, თბილისში ვარ. ამიტომ, ეს დისკომფორტი არ არსებობს. პირიქით, დედა ძალიან კმაყოფილია ჩემი ამ გადაწყვეტილებით, რადგან ჯანმრთელობას, ასაკთან ერთად, მეტი ყურადღება სჭირდება. მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ყოველდღე, მიუხედავად იმისა, რომ ეს ღამის თერთმეტ საათზე ხდება, გავიდე და სამი-ოთხი კილომეტრი ფეხით ვიარო. ვიცი, რომ ეს აუცილებელია ჩემი გონებრივი განვითარებისთვის. ფიზიკურ აქტივობას გონებაზე დიდი გავლენა აქვს. გარდა ამისა, როგორც გითხარით, ვცდილობ, რომ ენების მხრივ უნარები განვივითარო - თანამედროვე მედიცინაში ამის გარეშე წარმატება შეუძლებელია. 

- თუმცა, წავიკითხე, რომ მესამე კურსზე იყავით, როცა ინგლისურის შესწავლა დამოუკიდებლად დაიწყეთ. 

- სკოლაში გერმანულს გვასწავლიდნენ. სტუდენტობისას მივხვდი, რომ ინგლისური ენის გარეშე თანამედროვე მედიცინის სიახლეებს ვერ გავეცნობოდი. 

- თვითგანსწავლა საკმარისი არ აღმოჩნდა? 

- რასაკვირველია, მეტი გინდა. დროსთან ერთად, მოთხოვნილებაც მეტი გაჩნდა. 

- როგორც ვხვდები, თქვენთვის ექიმობა მხოლოდ პროფესია არ არის, ეს თქვენი ცხოვრების წესია. რა განსხვავებაა იმ ადამიანს შორის, რომლისთვისაც ექიმობა პროფესიაა და იმ ადამიანს შორის, რომლისთვისაც ექიმობა ცხოვრების წესია?

 

გიდასტურებთ, რომ ჩემთვის ექიმობა ცხოვრების წესია.

- გიდასტურებთ, რომ ჩემთვის ექიმობა ცხოვრების წესია. დიახ, არსებობს პროფესია და არსებობს მოწოდება. ადამიანი შეიძლება მოწოდებით იყოს საკუთარი პროფესიის ნაწილი და არ იყოს თავის პროფესიაში მხოლოდ პროცესის მონაწილე. მე ვფიქრობ, ექიმობა მოწოდება უნდა იყოს. უნდა გიყვარდეს  საქმე, რომელსაც აკეთებ; უნდა გიყვარდეს პაციენტი და, როგორც ამბობენ, პაციენტი და ექიმი თუ ერთ მხარეს არის, დაავადება მეორე მხარეს რჩება. ჩემი მეგობრები ხშირად მეკითხებიან - მოსაწყენი არ არის შენი სამსახური, დილიდან რომ საღამოს 8-9 საათამდე პაციენტებს უზიხარო? მე ვეუბნები, იმდენად მიყვარს ეს საქმე, დილა რომ თენდება, მიხარია იქ წასვლა, სადაც მივდივარ-მეთქი. არ ყოფილა ჩემს ცხოვრებაში, რომ მატერიალური ანაზღაურება საზღვრავდეს, სად უნდა ვიყო და რა უნდა ვაკეთო. არაერთხელ მითქვამს - ყოველთვის, ყველა ეტაპზე მყოფნის ის, რაც მაქვს. თუმცა, ექიმური წარმატების ნაწილში მნიშვნელოვანია, ექიმის ანაზღაურება იყოს იმდენად მაღალი, რომ მას ოჯახთან მიმართებაში საფიქრალი არ ჰქონდეს.

- ჯერ კიდევ მეორე საუკუნეში ამბობდა ავიცენა (ექიმი და ფილოსოფოსი): ექიმი მდიდრულად უნდა იყოს ჩაცმული, ძვირფასი ბეჭდით და საუკეთესო ცხენით უნდა დადიოდეს, რომ მუდამ ავადმყოფზე ფიქრობდეს და არა ყოველდღიურ საზრუნავზეო.  

- უნდა გიყვარდეს ეს საქმე. ალტრუიზმის გარდა, სხვა რამ არ უნდა გამოძრავებდეს და მერე ეს გიფასდება, რასაკვირველია. ჩვენს ქვეყანაში კი არის სკეპტიკური დამოკიდებულება ექიმების მიმართ, მაგრამ მინდა, რომ დავარღვიოთ ეს სტერეოტიპი. ჩვენც ჩვეულებრივი ადამიანები ვართ და ჩვენი განვითარების მასშტაბები ისეთივეა, როგორიც ჩვენი საზოგადოების განვითარების დონეა. თუმცა, ვფიქრობ, ჩვენი ზოგიერთი დარგი მსოფლიო სტანდარტებს არ ჩამოუვარდება.

- საქართველო არის ის ქვეყანა, სადაც მეტ-ნაკლებად გულმშვიდად შეიძლება იყოს ავადმყოფი? ალბათ, გააჩნია, რა აწუხებს. 

 

პაციენტი და ექიმი თუ ერთ მხარეს არის, დაავადება მეორე მხარეს რჩება.

- დიახ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რა ნოზოლოგიასთან გვაქვს საქმე, ანუ რა გვჭირს. პოსტსაბჭოთა კონტექსტიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, ბევრ ნაწილში ჩვენ უფრო ახლოს ვართ ჩვენს ევროპელ კოლეგებთან, ვიდრე ძველ საბჭოთა მეგობრებთან. ეს ერთმნიშვნელოვნად ასეა. 

- დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. ჩვენს ინტერვიუს დავასრულებთ თქვენი კომენტარით ცნობილი ადამიანების ორ გამონათქვამზე. პირველი ციტატის ავტორია ჰენრი ლუის მენკენი, ამერიკელი ესეისტი (1880-1956): „დრო დიდი ლეგალიზატორია, მათ შორის, მორალის სფეროშიც.“ 

- თუ მყარ და ბაზისურ მორალურ ღირებულებებს შევეხებით,  ისინი ყავლგაუვალია და ყველა ერში, ყველა ეპოქაში შეუცვლელია.

- მენკენმა ეს იცოდა, რა თქმა უნდა. 

- ცხადია, გლობალური კონტექსტიდან გამომდინარე, იმის შანსი არსებობს, რომ რაღაც, არცთუ მორალური კატეგორიიდან, გარკვეული პერიოდის შემდეგ ლეგალიზდეს. ისიც ლეგალიზაციის ნაწილია, რომ, დროთა განმავლობაში, ამა თუ იმ პაციენტის დიაგნოზის მიმართ ექიმის ხედვა შეიძლება სრულიად შეიცვალოს, გარემოებებიდან გამომდინარე. ასეთი ცდომილება მედიცინაში დღეს 30%-ია. 

- ადამიანის უფლებების კუთხითაც ბევრი რამ გადაიხედა და არაერთი ისეთი დამოკიდებულების ლეგალიზაცია მოხდა, რაც ადრე მორალურად მიუღებელი იყო - დამოკიდებულება განსხვავებულების მიმართ, მაგალითად. 

 

არ მეგონა, თუ ოდესმე ტორტის ნაჭერზე უარს ვიტყოდი.

- დიახ, ეს პროცესი დღესაც გრძელდება. სტანდარტები მუდმივად იცვლება. ფაქტობრივად, არცერთი თემა ბოლომდე ამოწურული არ არის, კანის ფერიდან დაწყებული, უმცირესობების მიმართ დამოკიდებულებით დამთავრებული. მედიცინაშიც ბევრია ამის მაგალითი. 

- მეორე ციტატა ეკუთვნის ინგლისელ მწერალს, ოსკარ უაილდს  (1854-1900): „მე ერთადერთი ადამიანი ვარ, ვის უკეთესად გაცნობასაც ვისურვებდი.“ 

- მეც მაქვს ეს განცდა. ბევრ რამეს, ღრმად პიროვნულს და ინტიმურს, ბუნებრივია, კარგად ვიცნობ და მეტის გაცნობა აღარ მჭირდება. მაგრამ საკუთარ თავში ბევრი რამ კიდევ შესაცნობია. ხანდახან მიფიქრია, ამას ვერ შევძლებ... და მერე აღმომიჩენია ძალა ჩემს თავში. ეს გაცნობითი ნაწილი ყოველთვის დადებით მოლოდინს ბადებს - რა იქნება ხვალ, რა იქნება ზეგ... ჩემთვის ძალიან დიდი სტიმულია, რომ მოკლევადიანი და გრძელვადიანი გეგმები ყოველთვის მაქვს. ესეც საკუთრი თავის უფრო ღრმა შეცნობას გულისხმობს. 

- ვეგანური კვებაც ამ პროცესის ნაწილია? 

- რა თქმა უნდა, ესეც რაღაც გამოწვევა იყო. არ მეგონა, თუ ოდესმე ტორტის ნაჭერზე და ჩაიში რამდენიმე კოვზი შაქრის ჩაყრაზე უარს ვიტყოდი. ეს ჩემთვის წარმოუდგენელი იყო, ისეთ სიამოვნებას მგვრიდა. მაგრამ რაღაც შევცვალე ჩემს თავში და, თურმე, შემიძლია... ამით გავხალისდი კიდეც. 

- გამოდის, თქვენს თავს გამოცდა მოუწყვეთ? 

- ჩემს გადაწყვეტილებას პრელუდიური მოვლენები უძღოდა, იმავე ჯანმრთელობასთან დაკავშირებული, გენეტიკური დატვირთვა, განწყობა... ვეგანური კვების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში ყველაფერი ერთად დამეხმარა. თუმცა, გარკვეულწილად, გამოცდაც მოვუწყვე საკუთარ თავს - ასეც შეიძლება ითქვას. 

 

ფოტომასალა: ირაკლი გედენიძე

გუნდი

ირაკლი გედენიძე

ზურაბ ქურციკიძე

გიო კუსიანი

გიორგი ურუშაძე

თამთა ყუბანეიშვილი

ნანა ყურაშვილი

ინგა ქორიძე