×
„ჩემი ვარსკვლავი, იცით, რა არის?“

გოგა პიპინაშვილი

მსახიობი


8263

ინტერვიუს შესახებ

პირველი ინტერვიუა, როცა ძალიან მწყდება გული, რომ სტუმართან საუბარს ტექსტური ფორმატით გთავაზობთ. გოგა პიპინაშვილის მოსმენა ერთი დიდი სიამოვნებაა, მაგრამ შთაბეჭდილება ბევრად მეტია, როცა მას არა მხოლოდ უსმენ, არამედ, უყურებ. მისი გამომეტყველება, სხეულის ენა, ემოციები... კარგ სპექტაკლზე ბევრად მეტი იყო, რასაც ინტერვიუს ჩაწერისას, ორი საათის განმავლობაში ვადევნებდი თვალს. 

ვცადეთ, დანაკლისი აუდიოჩანართებით და ვიდეოფრაგმენტებით ოდნავ მაინც შეგვევსო. 

რაც შეეხება საუბრის შინაარსს, ჩემი ნება რომ იყოს, გოგა პიპინაშვილს საქვეყნო საქმეებს ჩავაბარებდი. 

აქვს კიდეც აღებული საკუთარ თავზე დიდი ტვირთი და ამ ტვირთის ზიდვაში, ძირითადად, მარტოა მთელი 25 წლის განმავლობაში. არადა, ისე მინდა და ისე ადვილი მეჩვენება მისი ტვირთის შემსუბუქება, თუ ერთი-ორი „სწორი“ ადამიანი მოინდომებს. 

წაიკითხეთ ამ საოცარი კაცის ამბავი, რომელიც ხან გაგაცინებთ, ხან აგატირებთ და, ბოლოს, ღრმად დაგაფიქრებთ. 

ია ანთაძე

ბატონო გოგა, როცა ინტერვიუს დეტალებზე ვთანხმდებოდით, მითხარით, რომ ძალიან დაძაბული განრიგი გაქვთ. ეს დაძაბული განრიგი თქვენს შემოქმედებით ცხოვრებას უკავშირდება? 

- ალბათ, ასეც შეიძლება ითქვას. უკვე 25 წელია, საყმაწვილო თეატრალური ცენტრი-სტუდია მაქვს და წელს სერიოზულ სიახლეებს ვგეგმავ. მიდგომები და პედაგოგების ჯგუფი შეიცვალა. ახლა რთული პერიოდია: ყველა პედაგოგმა უნდა გაიაზროს, რას ვაკეთებთ. უნდა გაეცნონ პროგრამას და ყველა ბავშვთან ინდივიდუალურად მუშაობისთვის მოემზადონ. სხვანაირად ეს საქმე არ გამოდის. 

 

ძალიან არ სიამოვნებთ, როცა უხერხულ თემებს ვეხები.

თქვენს საყმაწვილო სტუდიას - „არტ ჰოლს“ - აუცილებლად დავუბრუნდებით და გექნებათ საშუალება, სიახლეების შესახებ გვიამბოთ. 

- შემოქმედებით გეგმებს რაც შეეხება, თეატრში ახლა იწყება სეზონი. რამდენადაც საქმის კურსში ვარ, სამი თუ ოთხი პროექტია, რომლებშიც, ალბათ, აქტიურად ჩავერთვები. 

რამდენიმე წლის წინ ამბობდით, დღემდე ბევრს ვსწავლობ ჩემს პროფესიაში, მაგრამ ამ ცოდნის რეალიზაცია არ ხდებაო; ისიც ნათქვამი გაქვთ, როცა პროფესიის არსი გავიგე, სწორედ მაშინ აღარ მაქვს სამუშაოო. დღეს ეს რეალობა შეცვლილია? 

- ზოგადად, შეცვლილია თეატრის ფუნქცია, თეატრის მიმართ დამოკიდებულება, თითქმის ყველა თეატრის შიდა სამზარეულო. ძალიან არ სიამოვნებთ, როცა უხერხულ და მგრძნობიარე თემებს ვეხები. მაგრამ არ მიყვარს ზერელე დამოკიდებულება ნებისმიერი საქმის მიმართ, რასაც არ უნდა ვაკეთებდე. 

პერფექციონისტი ხართ?

- აბსოლუტურად. 

თქვენთვის უხერხული არ არის იმაზე ლაპარაკი, რომ დატვირთული შემოქმედებითი ცხოვრება არ გაქვთ, რადგან თქვენს პროფესიონალიზმში ეჭვი არავის ეპარება. მაგრამ, ყველამ ვიცით, რომ მსახიობის საქმიანობა დიდწილად რეჟისორზეა დამოკიდებული. თქვენ კი ამბობთ: „არაჩემი რეჟისორები დგამენ“. რას გულისხმობთ?

- პასუხს იმით დავიწყებ, რომ ჩემი სტუდიიდან ყოველწლიურად 5-6 ბავშვი აბარებს თეატრალურ უნივერსიტეტში. ამთავრებენ და როცა ვკითხულობ, რას აკეთებენ, მეუბნებიან, რომ ერთი სასმელების კომპანიაში მუშაობს, მეორე და მესამეც კიდეც სადღაც... თავი და თავი არის სწავლების პროცესი,  უმაღლესი განათლება. შემდეგ მოდის თეატრი. დღეს ძალიან შევეჩვიეთ მსუბუქ პერფორმანსებს. მაყურებელს გონის დატანება, რაიმე შემეცნებითის მიღება აღარ უნდა. სპექტაკლი უნდა იყოს აუცილებლად მხიარული. თეატრის მიმართ დამოკიდებულება ოდნავ არასერიოზული გახდა და ამას უნდა პასუხობდეს შემდეგ სცენაც. ეს ჩემთვის ძალიან მტკივნეულია. რას ნიშნავს, რომ ვიღაც „ჩემი რეჟისორი“ არ არის? ცუდი ფორმულირებაა. თუ მე ვთქვი, გაცილებით უარესია (იცინის). ჩემი მიდგომა ასეთია: როგორც სუფთა ფურცელი, აი, ასე მივდივარ რეჟისორთან, რომ მან თვითონ დაწეროს ზედ, რაც უნდა. მაგრამ მაინტერესებს, რატომ აირჩია ეს ნაწარმოები, რა იპოვა ისეთი განსაკუთრებული. როცა ამ კითხვებს ვსვამ, აღმოჩნდება, რომ პასუხები არ არსებობს. და ვეღარ ვაგრძელებ ასეთ რეჟისორთან მუშაობას. მორჩა და გათავდა. 

ახლა, რომ გისმენთ, გამახსენდა ჩვენი ინტერვიუ ზურა ყიფშიძესთან, რომელმაც დაწვრილებით გვიამბო ერთ-ერთ ახალგაზრდა რეჟისორთან ურთიერთობის გამოცდილება: კითხვა დავსვი - ეს რატომო და მიპასუხა, აზრზე არ ვარო; რაც უფრო მეტი ბუნდოვანება იქნება, ხომ უფრო მეტ მაყურებელს მოვიზიდავთო?! ბატონმა ზურამ თქვა, მაშინვე დავტოვე იქაურობა და მერე ამბობდნენ, რომ ცუდი ხასიათი მაქვსო. როგორც ჩანს, ეს იშვიათი პრაქტიკა არ არის.

 

როგორც სუფთა ფურცელი, აი, ასე მივდივარ რეჟისორთან.

- მე ხშირად გადამილახავს ეს ზღურბლი. მიფიქრია: ახალგაზრდაა, დავუშვათ, არ ჩაუხედავს იმ სიღრმეებში და მუშაობის პროცესში ნელ-ნელა ერთად ჩავალთ... იმისთვის, რომ ახალგაზრდა რეჟისორი ჩემთან ურთიერთობით არ შეიბოჭოს, სრულ თავისუფლებას ვაძლევ: თუ გინდა, ყურებზე გავივლი, ოღონდ, მითხარი, რატომ. ხშირ შემთხვევაში, ესეც არ უნდათ. ასეთი დამოკიდებულება პროფესიის არასაკმარისად ცოდნის ბრალია. რეჟისორი არის ბირთვი და როდესაც ადამიანს ზერელე დამოკიდებულება აქვს თავისი ფუნქციის მიმართ, რაც არ უნდა შემომთავაზოს, არ დავთანხმდები. მირჩევნია, გავერიდო. როცა ისწავლის პროფესიას, მერე ვიკამათებ სიამოვნებით, გადაბმულად ათი დღე, ორი კვირა, ერთსა და იმავე თემაზე... ეს ჩემი პროფესიის ნაწილია. მაგრამ მარტო იმიტომ, რომ უცებ ვიღაცას მოუნდა და დამაკავა - ასე არ გამოვა. 

ახლა გამახსენდა ინტერვიუ ქალბატონ მარინა ჯანაშიასთანაც, რომელიც ძალიან წუხდა სწავლების პროცესზე. ამბობდა იმასვე, რაც თქვენ ბრძანეთ, რომ როცა თეატრალურ უნივერსიტეტს ამთავრებენ, ახალგაზრდების მცირე ნაწილი თუ მუშაობს თავისი პროფესიით. ამის მიზეზი ის ხომ არ არის, რომ თავად თეატრალურ უნივერსიტეტშიც აკადემიური პერსონალის პრობლემაა? 

- პირადად ჩემთვის ძალიან რთულია, საკუთარ თავში ვიპოვო ის ნიშა, რომ მივიდე და თეატრალურ უნივერსიტეტში ვინმეს რაიმე ვასწავლო. მე მხოლოდ გამოცდილების გადაცემა შემიძლია. პედაგოგიკა კიდევ ცალკე თემაა. შეიძლება შენი საქმის პროფესიონალი იყო, მაგრამ სტუდენტებთან მუშაობა არ გამოგივიდეს. არ ვიცი, როგორ პოულობენ ეს ადამიანები ძალას საკუთარ თავში, რომ “Full Professor”-ები ხდებიან. მქონია გადაკვეთა და მინახავს, რომ ელემენტარული რაღაც, რაც სცენას ეხება, არ იციან. როგორ შეიძლება, ასეთმა ადამიანებმა მოზარდებს რაიმე ისეთი ასწავლონ, რაც მათ პროფესიულ სცენაზე გამოადგებათ? ჩემდა ბედად, მე ვისწავლე ქალბატონ ლილი იოსელიანთან, რომელმაც ჩემი პროფესიის ავკარგიანობაში ჩამახედა. და შემდეგ, როდესაც თეატრში მოვხვდი, ჩემთვის სწავლების პროცესი გაგრძელდა, ოღონდ, მიხეილ თუმანიშვილთან. ბატონ მიშასთან უკვე პრაქტიკაში რეალიზდებოდა ყველაფერი, რაც თეორიულად მქონდა ნასწავლი. ადამიანებს სცენაზე არ გაუვლიათ და მსახიობის სტატუსი აქვთ. ან აქვთ პროფესორის სტატუსი. მე ისინი არც სცენაზე მინახავს, არც ეკრანზე. ჩემი მეგობრები არიან თეატრალური უნივერსიტეტის რექტორიც, პედაგოგებიც და ხშირად მიკამათია მათთან ამ თემაზე. ხმამაღლა ვიკითხე, რატომ უნდა ასწავლიდეს თეატრალურ უნივერსიტეტში მსახიობის ოსტატობას რეჟისორი და არა მსახიობი?!

 

თუ გინდა, ყურებზე გავივლი, ოღონდ, მითხარი, რატომ.

პასუხი არ არის?  

- პირიქით, ამტკიცებენ, რომ რეჟისორმა უნდა ასწავლოს, აბა რა?! როდესაც ჩემს საგრიმიოროში ვზივარ და ვიცი, რომ ახლა სამი ზარი დაირეკება, უკვე კოსტიუმი მაცვია და გრიმს ვიკეთებ, ის მდგომარეობა, რაც იქ, იმ წუთში ჩნდება, რეჟისორს ოდესმე ექნება? არ ექნება. მსახიობის განცდა, მესამე ზარი რომ ირეკება და მაყურებლის ხმა რომ ესმის დარბაზიდან, - განსაკუთრებული შეგრძნებაა. ამ შეგრძნების გადაცემის გარეშე, როგორ შეიძლება, ვინმე მსახიობი გახდეს? 

2017 წელს ასეთ რამეს ამბობდით: „ქართულ თეატრში აბსოლუტურად რუხი ფერის სასპექტაკლო განრიგია“-ო. ეს რუხი ფერი რაღაც ერთიანი პრობლემის სახეა. ფიქრობთ, რომ დღეს თეატრში დასაქმებული ადამიანების რესურსი არ ჰყოფნის გარემოს გაფერადებას?

- არ მგონია, რომ ვინმეს ან ფანტაზია აკლია, ან წყურვილი, ან მოტივაცია... უბრალოდ, მაყურებლის მხრიდან მოთხოვნა რაც არის, ამის შესაბამისია მათი მიდგომაც, რომ უცებ მოკიდონ ხელი თანამედროვე ავტორს, არცკი  დააკვირდნენ პიესის დრამატურგიულ ღირებულებას... როგორც ყველა სხვა სფეროში ხდება, ჩვენც რაღაც სიცრუეში თუ სიყალბეში ვიძირებით ნელ-ნელა. თეატრის დანიშნულებაც, ჩემი გადასახედიდან, თანდათან იცვლება. თეატრი ცირკის თანაფარდი არ არის. მას ყოველთვის შემეცნებითი მნიშვნელობა ჰქონდა. ძალიან კარგად მახსოვს, როდესაც ბატონი მიშას მიერ  დადგმული სპექტაკლი „ჩვენი პატარა ქალაქი“ მთავრდებოდა,  კარგა ხანს მაყურებელი დარბაზიდან ვერ გადიოდა. დარწმუნებული ვარ, სახლში მისული სულ სხვანაირად ხედავდა თავის განვლილ ცხოვრებას. იმ საღამოს ჩაისაც კი  სხვა დამოკიდებულებით სვამდა.

რასაც ახლა თეატრი სთავაზობს საზოგადოებას, ეს საკმარისია იმისთვის, რომ მაყურებელი მიიზიდოს. ამიტომ მეჩვენება, რომ „განაცრისფრება“ ძალიან სახიფათო ტენდენციაა. 

- თითქოს, კონვეიერული ქმედებაა, რომ რაც შეიძლება ინტენსიურად იდგმებოდეს სპექტაკლები, ახალი და ახალი. საინტერესოა, თუ არ არის საინტერესო, იყოს ბევრი სპექტაკლი, იყოს მაყურებელი, იყოს რაც შეიძლება მეტი გართობა და სანახაობა.

 
პირველი, რაც ყველაზე მეტად მეტაკა თვალში, აი, თვალში მეტაკა - ძალიან სწორი გამოთქმაა, დაახლოებით, რვა წლის წინ ჩემს საკუთარ თეატრში შევედი ერთ-ერთი სპექტაკლის სანახავად და როდესაც დასრულდა ეს სპექტაკლი, იყო სტვენა, ანუ ოვაციას გამოხატავდნენ სტვენით და ბრაგუნით.

ბურბუშელით ან კიდევ რაიმე სასუსნავით ხელში სპექტაკლის ყურება; ან ანთებული მობილურით თავის მოწონება: „ნახე, აქა ვარ, თეატრზე ვარ“; პარალელური საუბარი, როდესაც მსახიობი, ალბათ, კვდება სცენაზე, - ეს ყველაფერი დასაშვებია მხოლოდ იმიტომ, რომ „იქაც“ მსუბუქია ყველაფერი, იმ სცენაზეც...

 
თორემ, როგორ შეიძლება, მაყურებელი ვერ დაიჭირო და ვერ დააბა და ვერ დააინტერესო ისე, რომ არ გაიქცეს იმის ყურადღება და იმის თვალი სხვაგან. გისმინოს, რას ეუბნები. თუ ეს საინტერესო თემაა, თუ ეს საინტერესოდ არის გადმოცემული, არსად არ წავა. არც პოპკორნზე თუ ბურბუშელაზე არ გაიქცევა ეს მაყურებელი. მოგისმენს. ჩემი პროფესია ეს არის.

ჩემს პრაქტიკაში ყოფილა შემთხვევა, როდესაც დიდი პაუზით შემიჩერებია სპექტაკლი მხოლოდ იმიტომ, რომ დარბაზში კონკრეტული ადამიანი ძალიან ცუდად იქცეოდა. დიდი პაუზით მეჭირა ეს ყველაფერი, ვიდრე მისი ყურადღება  ისე არ მოვიქციე მუჭში, რომ სპექტაკლი გაგრძელებულიყო... არა ჩემი როლი, არამედ, მთელი სპექტაკლი. ეს არ არის გასართობი პოლიგონი. თეატრი არის ჩემი სულიერების, ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი ნაწილი. ყველაზე მტკივნეულად, ყველაზე კარგად, ყველაზე კომფორტულად, ყველაზე ტკივილიან-სისხლიანად იქ ვგრძნობ თავს. ოღონდ, როდესაც სერიოზულს ვეხები. შესაძლოა, ჟანრი ძალიან მსუბუქი იყოს, მაგრამ არანორმალური სერიოზულობით გაკეთებული. გაიხსენეთ ჩარლი! ამით ყველაფერი ნათქვამია.

 

რაღაც სიცრუეში თუ სიყალბეში ვიძირებით ნელ-ნელა.

 

როგორც მივხვდი, დიდ დანაკლისად მიგაჩნიათ, რომ  პროფესიულად არ ფასდება თეატრში არსებული მდგომარეობა. თქვენ ხართ პირველი ადამიანი ჩემს თვალსაწიერში, რომელმაც თეატრმცოდნეების პასუხისმგებლობაზე დაიწყეთ ლაპარაკი. თქვენი ციტატა მინდა შეგახსენოთ: „როცა შენ, თეატრმცოდნე, არცთუ მაღალი დონის დადგმას ტაშს უკრავ, მაყურებელმა რა ქნას?“ აქ პროფესიონალიზმის პრობლემას ხედავთ თუ ფარისევლური კომფორტის ზონას? იქნებ, მიზეზი ანგარების რაიმე სახეობაა?

- ნელ-ნელა, შეუმჩნევლად შევცურეთ ჩვენ, ყველამ, სიცრუის ჭაობში თუ ქვე-ქვე მორევში. ყველა სფეროში არის ტყუილის გარკვეული პროცენტი და ანგარებით გადადგმული ნაბიჯები. ვიღაცის ან რაღაცის გავლენის ქვეშ მოქცეული ადამიანების ქვეყნად ვიქეცით. ძალიან სერიოზული, ძალიან განათლებული, ძალიან ღრმა ცოდნით შეიარაღებული ყმაწვილი ვიცი, რომელიც, საიდანაც ქარი დაუბერავს, ან ვითარებას როგორც სჭირდება - იმის მიხედვით დაწერს რეცენზიას ამა თუ იმ სპექტაკლზე. 

დადებით რეცენზიას გულისხმობთ? 

- გნებავთ - დადებითს, გნებავთ - უარყოფითს.

და ნიჭიერად დაწერს? 

 

თეატრი ცირკის თანაფარდი არ არის.

- ყოველ შემთხვევაში, მაყურებლისთვის დამაჯერებლად. გამოდის, რომ მაყურებელს სხვა ემოცია დახვდა სცენაზე, ხოლო პროფესიონალი სხვა დამოკიდებულებით განიხილავს სპექტაკლს. მორჩა და გათავდა - ისევ სიცრუესთან მივედით. მოსწონს თუ არ მოსწონს ესა თუ ის რეჟისორი, ან სპექტაკლი, ან მსახიობი, თეატრმცოდნე ვალდებულია, ობიექტური იყოს, თუ, რა თქმა უნდა, პროფესიონალია. დიდი წრე გავაკეთეთ და მაინც პროფესიონალიზმამდე მივედით, რაც ჩვენი ქვეყნის მთავარი პრობლემაა. მე არ ვიცი, ამას რა უშველის. 30 წლის განმავლობაში პოლიტიკურმა ქარტეხილებმა ხან ერთ კედელს მიგვანარცხა, ხან - მეორეს. არ ვეხებით, არ არის ჩვენი საქმე, მაგრამ, გვინდა თუ არა, რაც გარეთ ხდება, ჩვენზეც მოქმედებს. როდესაც მაყურებელი დარბაზში ზის, სცენაზე საყვარელ მსახიობს ხედავს და პირველი გამოჩენისთანავე მის პოლიტიკურ პლატფორმაზე იწყებს ფიქრს, ეს არის კრახი თეატრისაც, საზოგადოებისაც და საერთოდ ყველაფრის. 

გეთანხმებით, რა თქმა უნდა.

- ვერავინ იტყვის, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში მე სადმე ვინმეს დროშა მიქნევია. ასეთი რამ არ ყოფილა. არა იმიტომ, რომ ჩემი დამოკიდებულება არ მაქვს ამა თუ იმ თემის მიმართ. ეს ძალიან მტკივნეულია და თუ ვიტყვი, ვიტყვი ისე, როგორც მე მესმის. ნამდვილად არ ვილაპარაკებ ისე, როგორც რაღაცის გავლენის ქვეშ მოქცეული, ან ვიღაცისადმი მიმხრობილი ადამიანი ლაპარაკობს. ასე მოლაპარაკე მსახიობი სცენაზე დამაჯერებელი ვერ იქნება. არადა, ჩემი პროფესია ის არის, რომ თქვენ, მაყურებელი, იქ შეგიყვანოთ, სადაც სიმართლეა. ამას მსახიობის მიმართ დიდი ნდობა სჭირდება. 

ყველა მხრიდან პროფესიის ცოდნას და პატივისცემას მივადექით.

- ჩემი გადასახედიდან, ჩემი პროფესიის ნაწილია ჩავარდნილი სპექტაკლიც და ძალიან წარმატებული სპექტაკლიც. ეს ბალანსი სცენაზე ცხოვრებას მოაქვს. ერთი სპექტაკლი გამოვიდა, მეორე არ გამოვიდა, მესამე მცდელობა იყო, მეოთხე - ექსპერიმენტი. სცენა გამუდმებული „დრაივია“. მაგრამ როდესაც გრძნობ, რომ რაღაც მთავარი არ გამოდის ამა თუ იმ რეჟისორთან, ჯობია გაიქცე. იმიტომ, რომ განწირული ხარ - შენი ცხოვრება გადასაგდები ხდება. ერთი თუ ფეხი დაგიცდა, ისე წაგლეკავენ და ისე მოგსპობენ... „ამასთან იმიტომ დაიწყო მუშაობა...“ „იქ იმიტომ ავიდა სცენაზე...“ ამას შეთითხნიან, პირდაპირი გაგებით (არ მერიდება ამ სიტყვის), ისეთი ფორმულით, რომ საერთოდ პროფესიაში ყოფნა აღარ მოგინდება. 

არაპროფესიონალის ნამუშევარს ტაშს უკრავენ და პროფესიონალს ბოლომდე წირავენ? რატომ?

 

ყოფილა შემთხვევა, როდესაც დიდი პაუზით შემიჩერებია სპექტაკლი.

- რატომ? იმიტომ, რომ ის კონკრეტულ „პიარს“ (თუ ვიღაცას), კონკრეტულ ჩადებულ ფულს თუ რაღაც ასეთს ემსახურება. დამთავრდა ამით სიმართლე. 

ზოგჯერ თქვენც გადანაშაულებენ იმაში, რომ მეტისმეტად მაღალი მოთხოვნები გაქვთ, როგორც პროფესიონალს. გირჩევენ, რომ ზოგ რამეზე თვალი დახუჭოთ და მაყურებელს თქვენთან შეხვედრის სიხარული არ მოაკლოთ; ასევე, გთხოვენ, ახალგაზრდა მსახიობებს მისცეთ საშუალება, რომ სცენაზე თქვენ გვერდით განვითარდნენ. ნაწილობრივ მაინც თუ ეთანხმებით ამ შენიშვნას? 

- ახალგაზრდებთან თანამშრომლობაზე უარს არასდროს ვამბობ. ასეთი „ბრალდება“ ჩემ მიმართ ნამდვილად იყო, მაგრამ არ ვეთანხმები. ერთი სული მაქვს, იმ ახალგაზრდებთან ერთად რაიმე საქმე ვაკეთო. როდესაც თავიდან თეატრში მივედი, უფროსი თაობის ყველა ნაბიჯს ვუყურებდი და ვიმახსოვრებდი - როგორ შედიოდა ეროსი საგრიმიოროში, როგორ ადიოდა სცენაზე გოგი გეგეჭკორი, როგორ განმარტოვდებოდა კულისებში... ვხედავდი მათ არაჩვეულებრივ დამოკიდებულებას საქმის მიმართ და თავს ვეღარ ვაძლევდი უფლებას, რომ ცოტა ღლაბუცით შემეხედა ჩემი პროფესიისთვის. ამიტომ, ახალგაზრდებთან ერთად თამაშზე უარი არასდროს მითქვამს. მაგრამ რაც შეეხება დადგმას, იქ სერიოზული განათლება და პროფესიის ამომწურავად ცოდნაა საჭირო. შეიძლება, რაღაც ელემენტი არ იცოდე და პროცესმა მიგიყვანოს სწორ გადაწყვეტამდე. მაგრამ როდესაც ჭაში ჩახედვა არ გინდა, სიღრმეში არ იყურები და ტექსტის მიღმა არაფერს ეძებ; როცა არ ცდილობ, შავით თეთრზე დაწერილიდან ამოიკითხო, რას ფიქრობდა ესა თუ ის გმირი, რას გრძნობდა, რატომ ამბობდა ამას... ძალიან ბევრი „რატომ“ არის და თუ ამ კითხვებზე პასუხი არ გაქვს გაცემული ჯერ რეჟისორს და შემდეგ მსახიობს, შედეგი ვერ დადგება. 

ნათქვამი გაქვთ, რომ ქალბატონმა ლილი იოსელიანმა დაკვირვება გასწავლათ. თქვენ მუდმივად გიხდებათ ამა თუ იმ გმირის ხასიათში, მოტივაციაში ბოლომდე გარკვევა. თუ ეთანხმებით აზრს, რომ ვინც მკაფიოდ აზროვნებს, ის მკაფიოდ გადმოსცემს? თქვენზეც თუ ვრცელდება ეს - მსახიობზე, რეჟისორზე. თუ მხოლოდ მწერალს ეხება?

- ყველას ეხება და ყველას მოიცავს. იმიტომ, რომ მთავარი ამბავი არის ლოგიკა.

 

თეატრმცოდნე ვალდებულია, ობიექტური იყოს, თუ პროფესიონალია.

მსახიობისთვის ლოგიკა გრძნობაზე მეტია?

- გრძნობაც ლოგიკაში უნდა ჯდებოდეს. ლოგიკა განსაზღვრავს დოზირებას და დოზირება - გამოხატვის ყველა საშუალებას. ამიტომ, მსახიობის ჩვევაშია გადასული დაკვირვება. კიდევ ერთი უბედურება მჭირს. ამ სავარჯიშოებმა, რომლებსაც ხშირად ვაკეთებდი თეატრალურ ინსტიტუტში, გამიჩინა ჩვევა, რომ ჩემს ყურში შემოდის ყველა ხმაური. მაგალითად, ადამიანები საუბრისას არ ვაკვირდებით ქუჩის ხმაურს. მე კი ის ხმაური პარალელურად მესმის და ზედმიწევნით ზუსტად შემიძლია გითხრათ, აქ როდის ვინ გაიარა, ვინ შემოაღო კარი... ეს ყურადღების სავარჯიშოებია, რაც კონცენტრირებისთვის არის საჭირო. ახალგაზრდებს ხშირად არ ესმით ხმაური. 

ხმაურის აღქმას გულისხმიერი გარემო სჭირდება.

- ჯერ უნდა მიაჩვიო თავი, რომ ხმა გაიგონო. მერე, რა თქმა უნდა, გულისხმიერებაც აუცილებელია, ოღონდ, თუ ნამდვილად გინდა, რომ პროფესიას დაეუფლო; თუ გული გაძლევს მოტივაციას, რომ ეს საქმე აკეთო. არსებობს ცრუ პოპულარობაც, რომელიც დამღუპველია. 

ცრუ როგორ შეიძლება იყოს პოპულარობა?

- როგორ არ შეიძლება. ორი ძმაკაცია საჭირო იმისთვის, რომ უცებ გახდე პოპულარული. 

დაუმსახურებელ პოპულარობას გულისხმობთ? 

- რა თქმა უნდა. ვარსკვლავეთში მოხვედრისკენ სწრაფვა დღეს ძალიან სერიოზული ტენდენციაა. მაგრამ ეს ცრუა.

ქალბატონმა ნონა გაფრინდაშვილმა თქვა და სულ მახსოვს:  ზოგი დუშაშს გააგორებს და დაუმსახურებელ წარმატებას მიაღწევს; მაგრამ ნებისმიერ მიღწევას განვითარება სჭირდება, თორემ ყველაფერი დაიკარგებაო. 

- გეთანხმებით, მაგრამ მიზანი თუ გაქვს, რომ ვარსკვლავეთში მოხვდე, ესე იგი, მაინც ვარსკვლავისთვის არის საქმე ნაკეთები და არა გულისთვის. 

 

გვინდა თუ არა, რაც გარეთ ხდება, ჩვენზეც მოქმედებს.

ეგ ცხადია. 

- აღიარება, პოპულარობა ჩვენი  პროფესიის ნაწილია. მაგრამ როცა სწორხაზოვნად ვარსკვლავისკენ მიდიხარ, მე ეგ მკლავს. ჩემი ვარსკვლავი, იცით, რა არის? ერთი სპექტაკლი მაქვს, რომელსაც ინტენსიურად ვთამაშობ. ხან ასეა, ხან ისეა, ხან მეტად დატენილია ჩემი ემოციით, ხან ნაკლებად. ერთი ეპიზოდია, როდესაც ძალიან ახლოს მიწევს მაყურებელთან ყოფნა. ჩემი ვარსკვლავი ის არის, როდესაც ცრემლი მომდის სცენაზე და ვხედავ, რომ მაყურებელი პირველ რიგში ჩემთან ერთად ტირის. ამაზე დიდი ვარსკვლავი არ არსებობს. ამაზე დიდი შეგრძნება, რისთვისაც შეიძლება იყო მსახიობი, არ არსებობს. დანარჩენი რეგალიები არის ცრუ, მერწმუნეთ. 

რაკი თქვენს პრიორიტეტებზე ვსაუბრობთ, უნიკალური კარიერა გაქვთ იმ კუთხით, რომ დიდი ოსტატების შეგირდიც იყავით და თქვენ თვითონაც გყავთ შეგირდები 1996 წლიდან. პედაგოგიც ხართ და პედაგოგებთან ერთად მუშაობის დიდი გამოცდილებაც გაქვთ. პირადად თქვენთვის რომელი მდგომარეობა უფრო კომფორტულია - როცა შეგირდი ხართ, თუ როცა ხართ ოსტატი?

- დიდი მადლობა ამ კითხვისთვის. ორივე ძალიან საინტერესოა. როგორც შეგირდი, გამუდმებული ზრდის პროცესში ვარ. თუ ეს პროცესი ერთხელ მაინც შეწყდა და გადაწყვიტე, რომ მე კიდევ ვინ რა შეიძლება მასწავლოს, - იქ დამთავრებულია ყველაფერი. ბატონი მიშას და ქალბატონი ლილის გვერდით ღრუბელივით ვიწოვდი ყველაფერს. როდესაც მოზარდებს რაღაცას ვუხსნი, ახლაც ხანდახან საკუთარ თავს ვიჭერ, რომ ბატონი მიშას ჟესტიკულაციას ვიმეორებ. უცებ გარედან ვხედავ საკუთარ თავს, რომ მიშასავით ავიქნიე ხელი, ან ქალბატონი ლილის მსგავსად ვთქვი: „Не верю!“. მეორე მხრივ, როდესაც მოზარდებთან ვმუშაობ, მათგანაც ძალიან ბევრს ვიღებ. როდესაც რაღაც გამოდის, ან არ გამოდის - ორივე შემთხვევაში წვალობ და ორივე  შემთხვევა ზრდის პროცესს აჩვენებს. მე ხომ პედაგოგიკა არ მისწავლია, ბავშვებს ჩემს გამოცდილებას ვუზიარებდი, მხოლოდ და მხოლოდ. მაგრამ უცებ აღმოჩნდა, რომ ის, რაც ვიცოდი, რაც ნასწავლი მქონდა, ოდნავ-ოდნავ თანამედროვე ელემენტების დამატებით, ძალიან მოკლე ვადაში მაძლევდა შედეგს. ეს ის პრაქტიკაა, რომელიც ნელ-ნელა ვითარდება და გარკვეულ სტრუქტურაში ექცევა. მერე შეგიძლია, რომ ამაზე დიდხანს ისაუბრო. ეს უკვე შენია. 

 

ვერავინ იტყვის, რომ მე სადმე ვინმეს დროშა მიქნევია.

ანუ ოსტატის და შეგირდის გამოცდილება ერთმანეთს ეხმარება.

- რაღა თქმა უნდა. რაც ნასწავლი მაქვს, ის ბუნებრივად განვითარდა, 21-ე საუკუნეა. მუსიკალური ჩართულობის გარეშე, ბევრი ახალი ელემენტის გარეშე აღარაფერი გამოდის. ინტერნეტია შემოჭრილი ჩვენს ყოფაში. მე ლექსს რომ ვხსნიდი მოზარდთან - „ენძელა, შვილო!“ - და იმ „ენძელაში“ ვდებდი მის სურნელსაც და ბევრ სხვა რამეს,  უცებ მომიტრიალდა, ერთი წუთითო, აიღო ტელეფონი, გუგლში ჩაწერა „ენძელა“ და თქვა: უი, ეს ყვავილი ვიცი, ჩემს სადარბაზოსთან კაცი დგას და ყიდისო. იმ წუთში თავის მოკვლა მინდოდა, მაგრამ იმ ბავშვსაც არაფერი დაუშავებია (იცინის).

თქვენს თეატრალურ სტუდიასთან - „არტ ჰოლთან“ დაკავშირებით მინდა, გკითხოთ: ინკლუზიური სწავლების პროცესში რა არის თქვენი მთავარი პრობლემები?

- ბევრჯერ ვილაპარაკე ამ თემაზე და წუწუნი ნამდვილად არ მჩვევია, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ ჩემი მდგომარეობა, როდესაც 25 წელს ითვლის ეს სტუდია, უკვე 9 000-მა ბავშვმა გაიარა ჩვენს ხელში და გულში და ამდენი წლის მანძილზე სულ მომთაბარე ცხოვრებას ვეწეოდით. ხან აქ ვიყავით, ხან იქ. ეს ხშირად იწვევდა დაშლას, აწყობას, ნულიდან დაწყებას, კიდევ თავიდან დაშლას და ასე შემდეგ. პერიოდი იყო, როცა ჩემს სახლში, ჩემს დიდ ოთახში, ჩემს ხალიჩაზე ვატარებდით ინტენსიურ გაკვეთილებს, რადგან იმ ბავშვებს ვერ ვღალატობდი. აი, მაშინ გადასახადი არ არსებობდა. მაგრამ როდესაც შენობას ვქირაობდი, მინდოდა თუ არ მინდოდა, გარკვეული გადასახადის დაწესება მიწევდა. ხელისუფლებაში თუ ვინმე არსებობს, თუ ვინმეს გაიხსენებთ, ყველას კარი მაქვს გაღებული. ყველასთან ერთი და იმავე თხოვნოთ მივდივარ - გარკვეული პერიოდით, ვთქვათ, ათი წლით, დაგვითმონ რამე ძველი, გადაგდებული შენობა, რომელსაც მე თვითონ გავარემონტებ. ჩემ მიმართ ყველას  განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა: „არაჩვეულებრივ რამეს აკეთებთ, ბატონო გოგა და თქვენ თუ არ დაგეხმარეთ...“ მაგრამ სტუდია დღემდე შენობის გარეშეა. ბოლო პერიოდში სამი პრემიერმინისტრი იყო ჩემს ცხოვრებაში. პირველს ავუხსენით ეს მდგომარეობა. მაშინ ეკონომიკის მინისტრი იყო ჩვენი დღევანდელი პრემიერი. მომეჩვენა, რომ გულთან მიიტანეს ეს ამბავი. რაღაც თემები გადაწყვიტეს და პარასკევს რომ იყო მთავრობის სხდომა, ორშაბათს ოთხივემ, ვინც მაგიდასთან იჯდა, თანამდებობა დატოვა. მერე ახალი პრემიერი ჩავაყენეთ საქმის კურსში. ახლა ის ძველი ეკონომიკის მინისტრი გვყავს პრემიერმინისტრად. თითქოს, ყველას ჰქონდა მცდელობა, მაგრამ ყოველთვის ყველაფერი წყალში იყრებოდა. სტუდიის დაშლაზეც მიფიქრია. მაგრამ ეს არის ერთ-ერთი პირველი ორგანიზაცია, რომელიც ჩვენი განხრით ინკლუზიას შეეხო. ინკლუზიური სწავლების პროცესზე საერთოდ წარმოდგენა არ მქონდა და ნულიდან დავიწყე. მერე ეს ძალიან მოდური და ხელის მოსათბობი გახდა. მაპატიოს ყველამ, ვისაც ჩემი ნათქვამი არ ეხება.

 

სცენა გამუდმებული „დრაივია“.

ხელის მოსათბობში რას გულისხმობთ?

- არსებობდნენ უცხოური ფონდები, რომლებიც მსგავს ორგანიზაციებს ეხმარებოდნენ. როცა მივხვდი, რომ მე „ხელის მომთბობთა“ რიცხვში შეიძლებოდა ჩავწერილიყავი, მათთან ურთიერთობაზე უარი ვთქვი და ჩვენ მიერ წამოწყებულ ინკლუზიასთან ერთი ერთზე დავრჩი. 

იქაც სიცრუე დაინახეთ? რატომ თქვით უარი თანამშრომლობაზე?

- არც საკუთარი საქმის „პიარი“ მიყვარს და არც ის, როდესაც ადამიანები „გაპიარებულს“ აღიარებენ. თუ არ ეძებ, ნამდვილს ვინ აკეთებს, ესე იგი, არ ხარ პროფესიონალი. 

თბილისში რამდენიმე ინკლუზიური დასი არსებობს, თუმცა, თქვენზე გამოცდილი და სახელოვანი არავინ მეგულება. რა პრობლემა შეგექმნათ?

- თავიდან, როცა გამოვაცხადე, რომ დიაბეტის მქონე ბავშვებთან ვიწყებდი მუშაობას, ძალიან ბევრი მსურველი მოვიდა და თანაფარდობა (დიაბეტიანების და არადიაბეტიანების) იყო 40:60. ბოლოს ეს თანაფარდობა შეიცვალა 60:40-ზე.  ამის შემდეგ ერთი სერიოზული ამერიკული ორგანიზაციიდან დამიკავშირდნენ (არ დავასახელებ) და მითხრეს, ამერიკელი პროფესორი ქალბატონია ჩამოსული და ვურჩიეთ, რომ თქვენი სტუდია ენახაო. კი ბატონო, მობრძანდეს-მეთქი. შემოვიდა ეს ქალბატონი ოთახში, სადაც ხონჩით იდგა ხილი მაგიდაზე. გაკვეთილი რომ დასრულდა, სტუმარი მეუბნება, მე გაკვეთილის სანახავად მოვედი, თქვენ კიდევ ხილი დამახვედრეთ და ყავა მომართვითო. მე ვუთხარი, პრესკონფერენცია ხომ გექნებათ, იქ გამოაცხადეთ, რასაც ახლა მეუბნებით-მეთქი. მეგონა, რომ გაიაზრებდა, რა თქვა. პრესკონფერენციაზე, რომელსაც ბევრი ადამიანი ესწრებოდა, ეს ქალბატონი ტრიბუნაზე ავიდა და იქიდან თითის გამოშვერით მომმართა, მიმასპინძლეთ და ხილი დამახვედრეთო. თქვენ გჭირდებათ ჩემი წიგნი, რომელსაც გადმოგცემთ და რომელიც სამაგიდოდ უნდა გქონდეთო. იქვე განმარტა, ეს წიგნი ინვალიდი მოზარდების პრივილეგიების შესახებ არისო. მაშინ ხელი ავიწიე და ვთქვი, თუ შეიძლება, ორიოდე სიტყვა მეც მათქმევინეთ-მეთქი. გავედი. ვუთხარი, საქართველოში კი ბრძანდებით და გულითადი მასპინძლობა ჩვენი გენეტიკის ნაწილია, მაგრამ ის ხილი ხონჩით თქვენთვის არ ყოფილა, ის იყო იმ დიაბეტიანი მოზარდებისთვის, რომლებსაც შეიძლება ვარჯიშის დროს შაქარი ქვევით წაუვიდეთ და ხილი დასჭირდეთ-მეთქი. ეს ერთი თემა. მეორე - ვუთხარი, ჩვენი ქვეყანა ბებერია, მაგრამ თანამედროვე მიდგომებში ძალიან ახალგაზრდები და გამოუცდელები ვართ, თქვენი სამაგიდო წიგნი, მე მგონი, ჩვენ არ გამოგვადგება-მეთქი. ჩვენ ვართ ეტაპზე, როცა ინვალიდი (როგორც თქვენ აღნიშნეთ) და ჩვენ, დანარჩენები - ვართ ერთნი. „ინვალიდებს“ ჩვენთან პრივილეგიები არ გააჩნიათ. ასე რომ, ამ ორგანიზაციის „დამსახურებაა“, არასწორ მისამართზე რომ მოხვედით-მეთქი. და ჩამოვედი ტრიბუნიდან. ამერიკიდან ჩამოსული ქალბატონი, რომელიც მენტორული ტონით, თითის ქნევით მელაპარაკება პატარა ბავშვებზე - ეს იმდენად არადამაჯერებელი და ცრუა...

 
მეორე ნაწილი - ჩემსას გეუბნებით - ეს იყო ჩემი გულის, სისხლის, სულიერების ნაწილი. იმიტომ, რომ ჩემი შვილი იყო დიაბეტიანი პატარა, ოთხი წლის გოგონა, რომლის გამოც გადაყირავდა ეს ჩემი სტუდია. ეს ყველა გამოცდილება, ყველა, რაც იქ იყო დაგროვებული, ხონჩით ხილი იქნებოდა, თუ ხაჭაპური, თუ ასე შემდეგ, ყველაფერი მოდიოდა იმ პატარა ბავშვთან ურთიერთობიდან. ათვლის წერტილი იყო ჩემი სისხლი და ჩემი ოჯახი.

გინდ ამერიკელი იყოს და გინდ ფრანგი, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. თუ ღრმაა და იცის სწორი მიდგომა, ბუნებრივია, მზად ვარ, ამ წუთშიც ყველასგან ყველაფერი შევისრუტო. ის ქალბატონი კი აუცილებლად დასასმელი იყო თავის ადგილზე. 

 

ერთი თუ ფეხი დაგიცდა, ისე წაგლეკავენ და ისე მოგსპობენ...

 

პრობლემებზე ნაწილობრივ მაინც ვისაუბრეთ. სიახლე რა გაქვთ „არტ ჰოლში“? 

- სიახლე არის. თეატრალურ უნივერსიტეტში შეიცვალა მისაღები გამოცდების ის პირობა, რაც მრავალი წლის მანძილზე არსებობდა - აბიტურიენტი ამზადებდა კონკრეტულ პროგრამას რეპეტიტორთან და ამაში საკმაოდ დიდ თანხას იხდიდა, ფართო სპექტრის ცოდნა კი არ სჭირდებოდა. ახლა ეს პირობა შეიცვალა და, შესაბამისად, ჩემთვისაც შეიცვალა აბიტურიენტების მიმართ მიდგომის სისტემა. არასდროს აბიტურიენტები არ მყოლია. პირიქით, ყველაფერს ვაკეთებდი, რომ ჩვენთან ეს თემა შეხებაში არ ყოფილიყო. ახლა უკვე თამამი ვარ, გამოვაცხადო აბიტურიენტების მიღება და მომზადება. ახლა მომზადება დიდ სპექტრს მოიცავს და ახალგაზრდა იმდენად ადაპტირებული უნდა იყოს, რომ როცა გამოცდაზე მივა, რაც არ უნდა ჰკითხონ, ყველაფერს მზად დახვდეს. მთელი სასწავლო სისტემა მოვიფიქრე, თავისი სილაბუსით და სექტემბრიდან ივნისის პირველ რიცხვებამდე აბიტურიენტები ამ სისტემაში ჩაეფლობიან. 

სტუდიას ხელი ხომ არ შეეშლება?

- სტუდია თავისთავად გააგრძელებს ფუნქციონირებას. ერთ რამეს ვერ ვეგუები: როგორ შეიძლება, ბავშვს შენი გამოცდილების გაზიარებაში ფულს ახდევინებდე - არ არის სწორი. მით უფრო, თუ ის პროფესიის გზაზე უნდა დადგეს და წინასწარ ამაში ფული აქვს დაბანდებული. მაგრამ ეს ყველაფერი მოდის იქიდან, რომ დამოუკიდებელი შენობა არ გვაქვს და თვეში 2500 ლარს ვიხდი იმ შენობაში, სადაც ვართ. რთული თემაა. 

მგონი, ძალიან იოლი თემაა - პრიორიტეტების თემა. სწორად ვერ ვალაგებთ პრიორიტეტებს. 

- საქმე სხვა რამეა. ვიდრე თვითონ არ დაუკაკუნებთ მსგავსი პრობლემა კარზე, მანამდე ვერ გაიაზრებენ, რაზეა ლაპარაკი.

 
ჩემი შვილი ძალიან ჯანმრთელი და ჩვეულებრივი ადამიანია. ასეთი დაიბადა ბავშვი, რა ვიცი, რა გითხრათ, მოძრავი და ასე შემდეგ... და რაღაც პატარა შემთხვევამ ისეთი რამ განაპირობა, მთელი ჩემი და მისი ცხოვრება დააყენა ყირამალა, აი, თავდაყირა, თავიდან ბოლომდე.

ამიტომ, ამისგან დაზღვეული არავინ არის. ამას თუ ვერ აცნობიერებ და მარტო დღევანდელ  დღეზე ფიქრობ, მარტო შენს სკამს თუ სავარძელს უფრთხილდები... დააკვირდით, ადამიანები ერთმანეთს ვეღარ აღვიქვამთ, აღარც ვუყურებთ ერთმანეთს. ახლა მთავარია, შენ გაძვრე და გახვიდე. სხვა გაატარო - ეს აღარ არსებობს. 

ძალიან ტრავმული ათწლეულები გამოიარა ჩვენმა ქვეყანამ და ამ ტრავმის მოშუშებას არ დაადგა საშველი. 

 

გრძნობაც ლოგიკაში უნდა ჯდებოდეს.

- ჩვენს გენეტიკურ კოდს ჩვენი გადარჩენა შეუძლია. ვგულისხმობ კაცთმოყვარეობას, სულიერებას, სიღრმეს და, რა თქმა უნდა, კულტურას, რომელიც გამუდმებით იყო ჩაბუდებული სადღაც, გულის სიღრმეში. 

- სტუდიაში მუშაობამ, ოსტატის ფუნქციამ ხომ არ გიბიძგათ იმისკენ, რომ ფილმის გადაღებაზე დაგეწყოთ ფიქრი? 

- არა, ამან არა. ფილმის გადაღება მინდოდა იმიტომ, რომ ფირი არის ის, რაც, მეტად თუ ნაკლებად, რჩება შენ შემდეგ. თეატრის მსახიობის ცხოვრება არის ორი თუ სამი ნათამაშები როლიდან დარჩენილი ფოტოსურათები, მეტი არაფერი. იყო ძალიან წარმატებული სპექტაკლი, რომელშიც ბევრი რამ ჩაიდო. მიყვარს ის ადამიანი, ჩემი პარტნიორი და ჩემი ძმაც - ზურა ყიფშიძე. კარგად ვიცი მისი შიდა სამზარეულო, როგორი ნიჭიერებით ხასიათდება, როგორი უჯრა აქვს პატარა - გამოაღებს და იქიდან ამოყრის ამ ნიჭიერებას. ამის კარგად დაფიქსირება მინდოდა. ძალიან დიდხანს ვმუშაობდი სცენარზე, მაგრამ დაფინანსებას ვერ მივაგენი. ამ ფილმით ბევრი რამის თქმა შეიძლებოდა. ბოლო-ბოლო, ის ფირი დარჩებოდა, როგორც ამ თაობის ოსტატობის ერთ-ერთი ნიმუში - მე და ზურამ რაც შევძელით. რაიმე სხვა ფილმის გადაღებაზე არც მიფიქრია. 

ისედაც უნდა მეკითხა და, რაკი ზურა ყიფშიძე ახსენეთ, აქვე შევახსენებ ჩვენს მკითხველს, რა თქვა მან ჩვენთან ინტერვიუს დროს: „მე არ მიყვარს, მსახიობები მარტო გრიმით რომ „ძვრებიან“ - ხმას შეიცვლიან და ჰგონიათ, რომ სახე შექმნეს. ზოგჯერ ხდება ასე, ძალიან იშვიათად. მაგალითად, გოგა პიპინაშვილი სპექტაკლში „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“. იქ ნამდვილად არის სინთეზი - ერთი მეორეს ეხმარება და, ჩემი აზრით, გოგას რაღაც სასწაული გამოუვიდა. ვასო გოძიაშვილიც სიამოვნებით დაუკრავდა ტაშს.“ თუ არის შესაძლებელი,  რომ აღგვიწეროთ, პარუნ ოსეფის სახე როგორ შეიქმნა?

 

როგორც შეგირდი, გამუდმებული ზრდის პროცესში ვარ.

- პირველ რიგში, მე თვითონ ვიყავი შეყვარებული ბატონ მიშა თუმანიშვილის და კახა კახაბრიშვილის დადგმულ სატელევიზიო სპექტაკლზე „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“. ვერაფრით წარმომედგინა, რომ (მაშინ 35-36 წლის ვიყავი) ვინმე ამ როლს შემომთავაზებდა და მეც გავკადნიერდებოდი და ხელს მოვკიდებდი. მაგრამ მოხდა ასეთი სასწაული. მე ჩუმად - იმიტომ, რომ ბატონ მიშას აკრძალული ჰქონდა - გადმოვწერე სატელევიზიო დადგმა „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“, საგრიმიოროში მივიტანე ვიდეოტელევიზორი და 24 საათი ვუყურებდი. მერე ვიღაცამ დამასმინა ბატონ მიშასთან, რომ ზის და ვასო გოძიაშვილს უყურებსო. ბატონმა მიშამ კაბინეტში დამიბარა და მითხრა, მე აქ ვასო გოძიაშვილი არ მჭირდებაო. სწორედ მაგიტომ ვუყურებ, ბატონო მიშა, რომ იქიდან გავიქცე-მეთქი. ვასო გოძიაშვილი იმდენად დიდი მეტრია, რომ ძალიან ძნელია მის მიერ შექმნილი ჩარჩოს დანგრევა. მე სხვა კუთხით წავედი და დავიწყე  მეზობლებში თუ მეგობრების ბაბუებში ძებნა. ვიპოვე რამდენიმე ადამიანი, ერთის ცხვირი მომეწონა, მეორის ლაპარაკის მანერა და ასე შემდეგ. შევკრიბე ეს ყველაფერი და მერე ჩემს თავში გაერთიანდნენ ეს ადამიანები. ასევე, ძალიან დიდი ხნის მანძილზე ვეძებდი გრიმის სპეციალისტს, რომელიც საჭირო რჩევას მომცემდა. ვეძებდი ერთ-ერთ ხერხს, როგორ უნდა მიმეღწია ამა თუ იმ ფორმისთვის. ბოლოს კინოსტუდიის ეზოში შემხვდა გურამ ბარნაბიშვილი - არაჩვეულებრივი ადამიანი, კინოს გრიმიორი. შევჩივლე, ეს ხარისხი მინდა და ვერ ვაკეთებ-მეთქი. ბამბა და წებოო - მითხრა. იმ ღამეს დავრჩი თეატრში და დავიწყე ცდა - ბამბა-წებო... ბამბა-წებო... და მივაგენი იმ ხარისხს, რაც გურამმა მირჩია. ის ნამდვილად იყო პროფესიონალი. ისეთი ზუსტი მინიშნება მომცა, რომ ფაქტურა იმ წუთში დავიჭირე. აი, მერე გავბედნიერდი! იმ ფაქტურით მანიპულაცია უკვე შესაძლებელი იყო. იმის ცხვირი თუ ამის ყური -  მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, უკვე შენსას ქმნიდი. ამ პერსონაჟის შექმნის პროცესში სამი კოსტიუმია შეკერილი, თუმცა, ბიუჯეტით ერთი იყო გათვალისწინებული.  დავიწუნე პირველი, მერე მეორე. და მესამე გადარჩა, იმიტომ, რომ ჯერ გასასუქებელი ბამბები შევაკერინე და ზომები ამაზე ავაღებინე. ასე დავდიოდი თარგის მოსაზომებლად. მკერავიც და რეჟისორიც მეკითხებოდნენ - ეს რად გინდა? რისთვის გჭირდება? მე ვიცოდი, რატომაც მჭირდებოდა. რომ შეკერეს, ხარისხობრივად უკვე მომეწონა ეს კოსტიუმი. გავიხადე შიგნით ის გასასუქებელი ბამბები და უცებ კოსტიუმი მთლიანად ჩამოვარდა. ანუ მე მივიღე ის ფაქტურა, გაპრანჭულმა რომ იყიდა და მერე რომ დაჩიავდა. თან ვთხოვე, ნაჭრის გარეშე გააუთოვეთ, რომ აპრიალდეს და ძველს დაემსგავსოს-მეთქი. აი, ასე ნაბიჯ-ნაბიჯ ითხზვებოდა ეს ადამიანი. 

რამდენი დრო დაგჭირდათ ამ გმირის შესაქმნელად?

- მთავარი შეპყრობაა. როგორ შეგიპყრობს და შეგიყოლიებს საქმე. დროის განსაზღვრა ძალიან ძნელია. ზოგ შემთხვევაში ერთი დღეა საჭირო, ზოგ შემთხვევაში - მთელი ცხოვრება. დღეს ვფიქრობდი - მოდით, იუმორში ჩამითვალეთ - ახლა პოლიტიკური პარტიების შექმნის ეტაპია და ხომ არ გავაკეთებინო ამ კაცს თავისი პოლიტიკური პარტია?! (იცინის)

ნულოვანი ბარიერი კარგი სტიმულია.

 
„- ძირძველი თბილისელები“ დავარქვათ. რა მოხდა?! და ბევრი იქნება, ძალიან ბევრი მოვა და... მე მგონი, გადავატრიალებთ პარლამენტს, გეფიცებით ყველაფერს (იცინის).

თუ ასეთი ხუმრობით - ღიად და თავისუფლად - არ მიუდექი პოლიტიკას და თუ შენი ქვეყნისთვის არ იზრუნე, სულ გადაბოროტებული იქნები და ჩვენც გადაგვაბოროტებ, ვინც არ უნდა იყო. მე მგონია, რომ იუმორი გადაარჩენს ქვეყანას. 

- ახლა მინდა, დიტო ცინცაძის ფილმ „შინდისზე“ გკითხოთ, სადაც თქვენ მთავარ როლს ასრულებთ. ვიცით, ფილმი რამდენად მგრძნობიარე თემას ეხება ჩვენთვის, ქართველებისთვის. თქვენი აზრით, შეძლო თუ არა ფილმის რეჟისორმა, რომ ამბავი საქართველოს საზღვრებიდან გაეტანა და საინტერესო გაეხადა ნებისმიერი ქვეყნის მაყურებლისთვის? თუ ეს მაინც ჩვენი ტკივილია და „შინდისი“ ოსკარზე იმის გამო წარადგინეს, რომ დანარჩენ ოთხ ფილმს სჯობდა? 

 

სტუდია დღემდე შენობის გარეშეა.

- ძალიან სერიოზული კითხვაა. ფილმის შეფასებისკენ მივდივართ და ჩემთვის რთულია შეფასება. მერწმუნეთ, ისეთ გადასაღებ მოედანზე აღმოვჩნდი, რომელიც ომის ტოლფასი იყო. ეს იმდენად დიდი ტრაგედიაა თითოეული იქ დაცემული ბიჭის და გადარჩენილისაც, რომ შეუძლებელია, სრულად გადმოსცე, იმ წუთებში რა განიცადა თითოეულმა მათგანმა. რაც დიტო ცინცაძემ და მინდია ესაძემ (ფილმის რეჟისორმა და პროდიუსერმა) გააკეთეს თანამშრომლობით - ამას მაყურებელი ნახავს. მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია იქაური მაცხოვრებლების თვალით დანახული ის ომი, ის ჩასაფრება, ის მუხანათობა და ის ღალატი. და მათი ფუნქცია - მათ რა გააკეთეს, ამ ამბავში როგორ მიიღეს მონაწილეობა. ჩემი გმირი, სიმართლე რომ გითხრათ, ძალიან საინტერესო ადამიანი აღმოჩნდა. მე, ალბათ, ვერანაირად ვერ შევძელი მთელი მისი უბრალოების გადმოცემა. ის მეტად უბრალო კაცია, მაგრამ იმ ბიჭებზე არანაკლები გმირია, მერწმუნეთ. მაშინ, როდესაც რუსები იქ იდგნენ და გარემოს აკონტროლებდნენ, ხუთი ბიჭი ჰყავდა მოპარული. მათ თავის სარდაფში მკურნალობდა და ეძებდა გზებს, როგორ გადაერჩინა. ის ჩუმი გმირია, რომლის მსგავსი არაერთი ჰყავდა ჩვენს ქვეყანას. ხანდახან მეტირება: როცა ასეთი გმირობა შეგვიძლია, გვერდზე რაღაც ცუდის გაკეთება აღარ უნდა შეძლო. რა იქნება ფილმთან დაკავშირებით, ამას 27 სექტემბერი გამოაჩენს - პრემიერის დღე. ჩემთვის ეს განსაკუთრებული დღეა. მინდა, გამართლდეს თქვენი და საზოგადოების მოლოდინი ამ ფილმთან დაკავშირებით. ვფიქრობ თქვენს მოლოდინზე და არა ფილმის გამარჯვებაზე. რუსეთი რას წარმოადგენს, ყველამ ვიცით და ფილმიც ამაზეა. თუ სადღაც, რომელიღაც ფესტივალზე პოლიტიკური ასპექტით გადაწყდება ამ ფილმის ღირებულება, ჩემთვის ეგ ღირებულება არ არის. ჩემთვის ყველაზე დიდი ღირებულება ის იქნება, თქვენამდე როგორ მოვა ფილმი 27 რიცხვში, როგორ იფეთქებს... ის ბიჭები თვალწინ რომ გეყოლებათ, ეს არის ჩემთვის ყველა ჯილდო. 

თქვენთვის რა არის ერთი რამ ცხოვრების შესახებ, რაც ყველამ უნდა იცოდეს? 

 

ჩვენ მიერ წამოწყებულ ინკლუზიასთან ერთი ერთზე დავრჩი.

- ძალიან რთული კითხვაა. ბევრი რამ არის ასეთი. მაგრამ ყოველდღე ვფიქრობ ერთ რამეზე. ყველას გვყავს ჩვენი პატარა - შვილი, შვილიშვილი ან ახლობელი. თითოეული ჩვენგანის, ნებისმიერი ადამიანის ზრუნვის საგანი უნდა იყოს მომავალი თაობა. რას ვუტოვებთ ამ ბავშვებს? პირადად მე როგორ თეატრს ვუტოვებ? როცა მეწინააღმდეგებიან და მეუბნებიან - ძალიან აკლებ შენს თავს მაყურებელსო, ცუდი ხარისხის ჩვენებას, იქნებ, ჯობია, რაც კარგი გაქვთ ნანახი, ის დარჩეს თქვენს მეხსიერებაში? იქნებ, არსებობს ოცნება, ფიქრი: ეროსი რა მაგარი არტისტი იყო! რა დიდი არტისტი იყო გოგი გეგეჭკორი! მსახიობების მთელ პლეადას ვაღმერთებდი. ასეთი თეატრი გადმოვიბარეთ მეც, რუსიკომაც, ზურამაც... თითოეული ჩვენგანი უნდა ვფიქრობდეთ, რას ვუტოვებთ მომავალ თაობას. ყველამ თავისი პროფესიის მომავალზე უნდა იფიქროს. მე სულ ვფიქრობ ჩემს შვილიშვილზე, გიორგიზე - როგორ ქვეყანაში მოუწევს ცხოვრება? რისთვის უნდა მოვამზადო ეს პატარა, ერთი ციცქნა ბავშვი? ომი ვასწავლო? თუ ფეხბურთი? თუ ხელოვნება? რა ჩავდო ამ ბავშვში? ხმლის ქნევა? თოფის სროლა? წიგნი? თეატრი? არაფერი აღარ ვიცი. უნდა დამაწყნარონ იმ ადამიანებმა, ვისაც ქვეყნის მართვა ეხება, რომ მე ჩემს ოჯახს მივხედო და ბავშვი ისე გავზარდო, რომ ჩვენს ქვეყანას გამოადგეს. 

დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. ინტერვიუს დავასრულებთ თქვენი კომენტარით ცნობილი ადამიანების ორ გამონათქვამზე. პირველი ციტატა ეკუთვნის ამერიკელ როკ მუსიკოსს ლუის ალან რიდს (1942-2013): „ათასჯერაც რომ დახატო ერთი და იგივე წრე, ათას მეერთედ შეიძლება უკეთესი გამოგივიდეს.“ 

- მე კი მგონია, პირიქით. შეიძლება, ბოლოს მოგეჩვენოს, რომ გადაგდებული ორმოცდამეთვრამეტე ყველაზე ლამაზი იყო და სულ ტყუილად გადააგდე, სულ ტყუილად მოიშორე... 

და ორმოცდამეთვრამეტეს როგორღა მივაგნოთ იმ ათასში?

- ის თვითონ ამოტივტივდება, საჭიროების მიხედვით. ამოტივტივდება და აუცილებლად გაგრძნობინებს - მე ვიყავი მთავარიო. ის ორმოცდამეთვრამეტე... 

მეორე ციტატის ავტორია  გერმანელი მწერალი და მოაზროვნე იოჰან ვოლფგანგ გოეთე (1749-1832) „მყუდროებაში ყოველი ნიჭი მწიფდება“.

- (პაუზა) ძნელია, არ დაეთანხმო გოეთეს, მაგრამ ეს ძალიან დიდი ხნის წინ ითქვა. დღეს ამ ციტატაში პირველ სიტყვას შევცვლიდი და ასე ვიტყოდი: „მოქმედებაში ყოველი ნიჭი მწიფდება“. ჩემი გადასახედიდან, მყუდროების დრო არ გვაქვს, მოქმედების დრო გვაქვს 21-ე საუკუნეში.

ფოტომასალა: ზურაბ ქურციკიძე

გუნდი

ირაკლი გედენიძე

ზურაბ ქურციკიძე

გიო კუსიანი

გიორგი ურუშაძე

თამთა ყუბანეიშვილი

ნანა ყურაშვილი