×
“თუ საკუთარ თავში არ ჩაიკეტე, ახალს ვერაფერს შექმნი”

მაია ჩიბურდანიძე

მოჭადრაკე, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი


12257

ინტერვიუს შესახებ

მოგესალმებით. ჩვენი პროექტის მეოთხე სეზონს მაია ჩიბურდანიძესთან ინტერვიუთი ვხსნით. 

ქალბატონ მაიას მის მიერ დაარსებულ ჭადრაკის აკადემიაში ვესტუმრე და იქიდან ორგვარი გრძნობით წამოვედი. 

პირველი, რაც აკადემიაში თვალში მოგხვდებათ, სისუფთავე და წესრიგია. ბავშვებიც და დიდებიც მშვიდად საუბრობენ და ფეხაკრეფით დადიან. იგრძნობა, რომ აქ ყველა - ნაცნობიც და უცნობიც - ერთმანეთს პატივს სცემს. 

მთავარი შთაბეჭდილება მაინც ის არის, რომ ქალბატონი მაია, თურმე, ბევრად ღიმილიანი, თბილი და უბრალო ადამიანია, ვიდრე ოდესმე წარმოვიდგენდი. უბრალო - ჩემთვის ადამიანის უმაღლესი შეფასებაა, სრული 10 ქულა. 

თუმცა... ყოველთვის ვიცოდი, რომ მაია ჩიბურდანიძე უხერხული რესპონდენტია. ნათქვამიც აქვს, რომ უჭირს ჟურნალისტებთან ურთიერთობა. ვინც ამ ინტერვიუს დაკვირვებით წაიკითხავს, დაინახავს, რომ მე ბევრად მეტი მჭირდებოდა მისგან, ვიდრე მას შეეძლო, მოეცა. ეს ერთგვარი „შეტევა-მოგერიება“ თითქმის მთელი ინტერვიუს მანძილზე გაგრძელდა. 

ბოლოს, რა თქმა უნდა, არ მითხრა არაფერი, რისი თქმაც არ უნდოდა. ალბათ, შეამჩნევთ, როგორ მშვიდად არიდებს თავს ზოგიერთ კითხვას ოდნავ, სულ ოდნავ „გვერდზე გატანილი“ პასუხებით. თუმცა, რამდენიმე მარგალიტი ინტერვიუში არის და, დარწმუნებული ვარ, ჩვენი საუბრის წაკითხვის შემდეგ, თქვენს გრძნობებს მაია ჩიბურდანიძის მიმართ დიდი სითბო შეემატება.  

წარმატებებს ვუსურვებ ქალბატონ მაიას ახალ საქმეში - მისი სახელობის ჭადრაკის აკადემიის ამუშავებაში. ამ საქმისთვის მაია ჩიბურდანიძე კარჩაკეტილ ცხოვრებას დაემშვიდობა და  საჯარო სივრცეს დაუბრუნდა. 

ნამდვილად ღირდა. თავადვე ამბობს: „რაც უფრო მეტად დაკავდებიან ბავშვები ჭადრაკით, მით უკეთესი მომავალი თაობა გვეყოლება.“ 

ია ანთაძე

-    ქალბატონო მაია, ამბობენ, რომ ბევრად ადვილია, წინ იარო, ვიდრე იარო საჭირო მიმართულებით. თქვენი ცხოვრებისეული გამოცდილება რამდენად ადასტურებს ამ მოსაზრებას?

-    ცოტა უცნაური კითხვაა. თუ სწორად არ მიდიხარ, წინ ვერ წახვალ, სადღაც დამუხრუჭდები და გაჩერდები. მაგრამ თუ სწორად მიდიხარ, ესე იგი, წინაც მიდიხარ. 

-    დავაზუსტებ, თქვენთან საუბარი ამ კითხვით რატომ დავიწყე. როგორც წესი, ბავშვები ადრეულ ასაკში სწავლობენ ჭადრაკის თამაშს, ყოველთვის უფროსების სურვილით. თუკი  წარმატებულები არიან, მათი მომავალი პროფესია, ფაქტობრივად, მათივე ნების გარეშე წყდება. თუ გიფიქრიათ, რას აირჩევდით თქვენი ცხოვრების საქმედ, ჭადრაკის თამაში სულ რომ არ გცოდნოდათ? 
 

 

რომ არ დაეძალებინათ, ალბათ, ჭადრაკს არ ვითამაშებდი.

-    არა, ამაზე არ მიფიქრია. ზოგი ამბობს, რომ ბავშვს არ უნდა დააძალო ის, რაც არ მოსწონს. მაგრამ, ჩემს შემთხვევაში, რომ არ დაეძალებინათ, ალბათ, ჭადრაკს არ ვითამაშებდი. ზარმაცი არ ვყოფილვარ, მაგრამ უფრო აქტიური თამაშები მიყვარდა. დაფასთან ჯდომა და, მით უმეტეს, მეცადინეობა არ მომწონდა. ჩემზე 11 წლით უფროსი და, ალბათ, საჭადრაკო ნიჭს ხედავდა ჩემში. ამიტომ მეცადინეობის დროს სპარტანულ მეთოდებს მიმართავდა, რომ უფრო მონდომებული და ყურადღებიანი ვყოფილიყავი. მთავარია, მშობელმა შენიშნოს, რა მიდრეკილება და რისი ნიჭი აქვს შვილს და აუცილებლად უნდა ეცადოს ამ მიმართულებით მის  განვითარებას. ბავშვს არ უყვარს ზედმეტად გონების დაძაბვა და შრომა. ბავშვი ბავშვია, თამაში და გართობა ურჩევნია ყველაფერს... მაგრამ მშობელმა დრო არ უნდა დაკარგოს. აქ ყოველ თვეს, ყოველ წელს დიდი მნიშვნელობა აქვს. 

-    მხოლოდ ჭადრაკს გულისხმობთ?

-    არა, ნებისმიერ სფეროს... ყველა ბავშვს რაღაცის ნიჭი აქვს. მშობელმა ეს უნდა აღმოაჩინოს და ამას უნდა მიაქციოს ყურადღება. 

-    როგორ ფიქრობთ, თქვენს პიროვნებაში ნება უფრო ძლიერია თუ გონება? 

-    ალბათ, გონება. 

-    თქვენი ბავშვობის და მოზარდობის პერიოდში ნება ნამდვილად ნაკლებად ჩანს. ნათქვამიც გაქვთ: ვინ მაძლევდა იმის უფლებას, რომ რამე ამერჩიაო. სამედიცინო ინსტიტუტშიც დედის გადაწყვეტილებით ჩააბარეთ, თქვენ არ გინდოდათ. თუმცა, ამ დროს უკვე მსოფლიო ჩემპიონი იყავით. მეორე მხრივ, თქვენი საჭადრაკო ცხოვრება ძლიერი ნების გარეშე ასეთი გამორჩეული ვერ იქნებოდა. 
 

 

ჩემი და მეცადინეობის დროს სპარტანულ მეთოდებს მიმართავდა.

-    დიახ, ასე იყო. მე, უბრალოდ, ბავშვობაში დამჯერე და უფროსების მორჩილი  ვიყავი.  ბავშვი შეიძლება დროებით რაღაცამ გაიტაცოს და სწორად ვერ აირჩიოს გზა. რა თქმა უნდა, მშობლები უკეთ ხედავენ და აფასებენ ბავშვის შესაძლებლობებს. ამიტომ, პირველ რიგში, მათი აზრია გასათვალისწინებელი. რვა წლის ასაკში დავიწყე ქუთაისის პიონერთა სახლში სიარული და ისე სწრაფად წაეწყო წარმატებები, რომ, ჭადრაკის გარდა, სხვა რამეზე ფიქრის  დრო აღარც მქონდა. რაც შეეხება სამედიცინოს, დედას არ ვაწყენინე და სურვილი შევუსრულე.

-    რატომ? პრინციპული არ იყო თქვენთვის, რა პროფესიას შეიძენდით?

-    არა, პრინციპული არ ყოფილა. ან უცხო ენა უნდა მესწავლა, ან სამედიცინოზე ჩამებარებინა. დედამ მითხრა, ენებს ისედაც ისწავლი, როცა მოგინდება; მედიცინა კი სრულფასოვანი პროფესიაა და ჯობს, მას დაეუფლოო. 

-    ენები რატომ უნდა გესწავლათ? იმიტომ, რომ უცხოეთში დადიოდით და გჭირდებოდათ? თუ რამე განსაკუთრებული ნიჭი და მიდრეკილება გქონდათ ენების მიმართ?

-    ვფიქრობ, მქონდა ნიჭი და შემეძლო, ნებისმიერი ენა  შემესწავლა. მაშინ საჭადრაკო სამყაროში რუსული (რომელიც საბჭოთა კავშირში მთავარ ენად ითვლებოდა) ბევრს ესმოდა. ამიტომ ტურნირებზე ენის პრობლემა არ იქმნებოდა და ინგლისურის ცოდნა არც იყო აუცილებელი. ამის გამო, სამწუხაროდ, ინგლისური სათანადო  დონეზე დღესაც არ ვიცი. დედის მადლობელი ვარ, რომ  სამედიცინო ინსტიტუტში ჩაბარება დამაძალა. დღეს ჩემი ინტერესების სფეროში  მედიცინას, განსაკუთრებით, აღმოსავლურ მედიცინას - რომელსაც მრავალათასწლოვანი ისტორია აქვს - ერთ-ერთი მთავარი პოზიცია უკავია და ამ განხრით აქტიურად ვმუშაობ ჩემს თავთან. 

-    მაგრამ, როგორც ჩანს, მედიცინაში აკადემიური ცოდნა მაინცდამაინც არ გაინტერესებდათ. თქვენი ცხოვრების არცერთ ეტაპზე პროფესიასთან არ მიბრუნებულხართ. 

-    იმიტომ, რომ სულ ტურნირებში ვმონაწილეობდი, ფიზიკურად არ იყო ამის საშუალება. როცა ინსტიტუტი დავამთავრე, კიდევ 20 წელი საჭადრაკო პრაქტიკას მივდევდი. ახლა კი მოვუბრუნდი მედიცინას, მაგრამ მხოლოდ ჩემთვის და ჩემი ახლობლებისთვის, რასაც ზოგადი  სამედიცინო განათლების გარეშე ვერ შევძლებდი. თქვენს წინა კითხვაზე პასუხს დავამატებდი, რომ ადამიანს, რა თქმა უნდა, ძლიერი ნება უნდა ჰქონდეს. უნებისყოფო ადამიანი სერიოზულს ვერაფერს შექმნის.
 

 

დედის მადლობელი ვარ, რომ სამედიცინო ინსტიტუტში ჩაბარება დამაძალა.

- იმის მიუხედავად, რომ პირად ცხოვრებაზე საუბარი არ გიყვართ, თქვენ შესახებ არსებულ საჯარო მასალაში ჩანან თქვენი ოჯახის წევრები - დედა, ძმა, და, ფრაგმენტულად, მამაც - რომლებმაც დიდი კვალი დაამჩნიეს თქვენს ცხოვრებას და კარიერას. ისინი ზრუნავდნენ თქვენზე, მაგრამ, მეორე მხრივ, სპარტანულად გზრდიდნენ (როგორც თქვენ ამბობთ) და მკაცრად გაკონტროლებდნენ. 

-    სპარტანულად უფრო პატარა ასაკში მზრდიდნენ,  თერთმეტ წლამდე. მერე, როცა ჭადრაკი ჩემი პროფესია გახდა, უკვე აღარ იყო საჭირო კონტროლი.

-    მოგვიანებით საჭადრაკო კარიერაზე უარის თქმა ხომ არ იყო ოჯახის გავლენისგან სრულად გათავისუფლების მცდელობა? ხომ არ იყო ერთგვარი გვიანი პროტესტი თქვენი მხრიდან?

-    არა, სულაც არ იყო პროტესტი. მე, უბრალოდ, ჩემი პრიორიტეტებიდან გამომდინარე გავაკეთე ეს არჩევანი. აქ ადამიანის ხასიათს აქვს მნიშვნელობა. მაგალითად, ნონას ჭადრაკი ძალიან უყვარს და მის გარეშე ცხოვრება არ წარმოუდგენია; ისეთი სპორტული ჟინი აქვს, რომ შეუძლია განუწყვეტლივ ითამაშოს ტურნირებში. მე სხვა ინტერესებიც მაქვს, ამიტომ ჭადრაკს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მთავარი ადგილი არ უკავია. 

- დედა, რომელიც ყოველთვის თქვენ გვერდით იყო, რა როლს თამაშობდა თქვენს კარიერაში?

-    ზოგიერთი ბავშვი თავიდანვე დამოუკიდებელია, შეუძლია სწორი არჩევანი გააკეთოს, მისი ინტერესებიდან გამომდინარე. მაგრამ უმეტესობას  მშობლის ხელი სჭირდება, ისე ვერაფერს მიაღწევს. მე მეორე კატეგორიას განვეკუთვნებოდი. ჩემი მშობლების გადაწყვეტილების  და დახმარების გარეშე, ნამდვილად ვერ მივაღწევდი იმას, რასაც მივაღწიე. დედა თავიდან მამეცადინებდა კიდეც. აუცილებელი არ არის, პედაგოგი ძლიერი მოჭადრაკე იყოს, მთავარია, როგორ მიაწვდის ბავშვს მასალას. შემდეგ პერიოდში კი დედა თავიდან მაცილებდა ყველანაირ საყოფაცხოვრებო თუ ფსიქოლოგიურ პრობლემას, ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ მე მთლიანად ჩართული ვყოფილიყავი ჭადრაკში. 

-    ცოტა უცნაურია თქვენი ასეთი მიჯაჭვულობა დედასთან. მოჭადრაკე ნანა ძაგნიძე ამბობდა ჩვენთან ინტერვიუში, - რვა წლის რომ ვიყავი, უცხოეთში დედა გამაყოლეს და ცხრა წლიდან ტურნირებზე მარტო დავდიოდიო. 
 

 

ჭადრაკს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მთავარი ადგილი არ უკავია.

-    ნანას, ალბათ, მხედველობაში ჰქონდა ასაკობრივი  ჩემპიონატები, სადაც საქართველოდან ერთდროულად რამდენიმე ბავშვი მონაწილეობდა. ასეთ ტურნირებზე მათ ყოველთვის დაჰყვებოდათ მწვრთნელი ან ერთ-ერთი მშობელი, თორემ ბავშვებს მარტო ვინ გაუშვებდა, თანაც, ასეთ ასაკში. სხვათა შორის, ჩემს მაგალითს მერე კასპაროვმაც მიბაძა და დღემდე არ სცილდება დედა. პოლგარებსაც ყველგან დაჰყვებოდნენ მშობლები. დედა მე უფრო პირად ტურნირებზე და მსოფლიო პირველობის მატჩებზე დამყვებოდა. მსოფლიო ოლიმპიადებზე კი მხოლოდ სამჯერ მახლდა, ისიც მაშინ, როცა საქართველოს სახელით გამოვდიოდით და, სხვათა შორის, მაშინ სამივეჯერ ოქროს მედალი ავიღეთ. 

-    ბარემ, ეს თემა დავამთავროთ. როდესაც ოლიმპიადებზე დადიოდით, თქვენ მსოფლიო ჩემპიონი და გუნდის ლიდერი იყავით. გასაგებია, რომ ინტელექტუალურ ლიდერობას ვერავინ შეგეცილებოდათ. მაგრამ როდესაც გუნდი საბრძოლველად მიდის, ლიდერს ბევრი ფუნქციის შესრულება უხდება. ის, რომ თქვენ გვერდით გჭირდებოდათ ვიღაც, ვინც თქვენზე ზრუნავდა, ხომ არ გიშლიდათ ხელს, რომ გუნდში რეალური ლიდერი ყოფილიყავით? ვინმე სხვა ხომ არ ითავსებდა რეალური ლიდერის ფუნქციას? 

-    ჩემი ლიდერობა იმაში გამოიხატებოდა, რომ გადამწყვეტი სიტყვა მე მეკუთვნოდა, მაგალითად, გუნდის შემადგენლობის დაყენებაში, ანუ, ამა თუ იმ მატჩში ვის უნდა  ეთამაშა და ვის დაესვენა... როცა ლიდერი კარგად თამაშობს, გუნდის წევრებიც უკეთეს შედეგებს აჩვენებენ. ჩვენ ყოველთვის მეგობრული და შეკრული გუნდი გვყავდა. 

-    წარმატებული მოჭადრაკეები ხშირად მხოლოდ ჭადრაკით ცხოვრობენ, ჭადრაკს უძღვნიან საკუთარ თავს. 

-    დიახ, ასეა. 

-    მაგრამ თქვენ შეძელით, რომ ჭადრაკის მოჯადოებული წრისთვის თავი დაგეღწიათ და, კარგა ხანია, დაინტერესებული ხართ აღმოსავლეთის ქვეყნებით, მათი კულტურით, მედიცინით, სპორტით, ჩაით, ეთერზეთებით... დღეს რა არის თქვენი მთავარი პრიორიტეტი?
 

 

მომავალი, ალბათ, ჩქარი ჭადრაკისაა.

-    სულიერი ცხოვრების გარდა, დღესდღეობით, რა თქმა უნდა, ჭადრაკის აკადემიაა ჩემი პრიორიტეტი. ჩვენი მიზანი, პირველ რიგში, ის არის, რომ ბავშვები სწორ გზაზე დავაყენოთ, მოვაცილოთ ქუჩას და მავნე კომპიუტერულ თამაშებს, რომლებიც აგრესიას აღვივებს მათში. დღეს 3-4 წლის ბავშვებსაც კი აქვთ ელექტრონული „დევაისები“ და მონუსხულებივით მისჩერებიან პაწაწინა ეკრანებს. ბევრ მშობელს არ ესმის, რომ მხედველობისთვის ეს ძალიან საზიანოა: ბავშვის თვალი არ არის ჩამოყალიბებული, წვრილი შრიფტი მხედველობის კუნთებზეც მოქმედებს და ბავშვი, ნევროზთან და დასხივებასთან ერთად, თვალის დაავადებებსაც „იკიდებს“. ამ მხრივ, ჭადრაკი შეიძლება  კარგ  ალტერნატივად იქცეს - ის ბავშვს სასარგებლო ინტერესებს უღვივებს, მის აზროვნებას და პიროვნებას  აყალიბებს,  დამოუკიდებლობას, სწორი გადაწყვეტილებების მიღებას და ლოგიკურ მსჯელობას ასწავლის, რაც დიდობაშიც გამოსადეგია. როდესაც ბავშვი ერთხელ წააგებს, მეორედ დაუშვებს შეცდომას, მესამედ უკვე ცდილობს, სწორი სვლა მოძებნოს, უფრო მობილიზებული ხდება. ჭადრაკი ბევრ კარგ უნარს ავითარებს, სასკოლო საგნების ათვისებასაც აიოლებს. რაც მთავარია, ბავშვს წესრიგს და დისციპლინას აჩვევს. რაც უფრო მეტად დაკავდებიან ბავშვები ჭადრაკით, მით უკეთესი მომავალი თაობა გვეყოლება. 

-    მინდოდა, მეკითხა, რა იყო ძირითადი მიზეზი, რის გამოც ჭადრაკს და საჯარო ცხოვრებას დაუბრუნდით. ორი მიმართულებით დავინახე თქვენ მიერ გადადგმული ნაბიჯები. ერთი - ბავშვთა ჭადრაკი და საქართველოში ჭადრაკის აღორძინების სურვილია; მეორე - იმ ჩიხის გარღვევის მცდელობა, რაც ჭადრაკს კომპიუტერმა და ახალმა ტექნოლოგიებმა შეუქმნა. 

-    დიახ, კომპიუტერი მეტისმეტად შემოიჭრა საჭადრაკო ცხოვრებაში. მოჭადრაკე თვითონ კი არ ეძებს იდეებს, არამედ ყველა პოზიციას კომპიუტერს აძლევს და შემდეგ მის მიერ დამუშავებულ მასალას იზეპირებს. მოჭადრაკის გონება ზარმაცდება და შემოქმედების ელემენტი იკარგება. მე ახალი სისტემა მოვიფიქრე, რომელიც კომპიუტერს არ აძლევს საშუალებას, მომზადების პროცესში ჩაერიოს. ეს ასე გამოიყურება: მიდიხარ ტურნირზე და კენჭისყრით იღებ პოზიციას, სადაც ფიგურები უკვე განლაგებულია და იმ  პოზიციიდან იწყებ თამაშს. იცი-არ იცი, გინახავს-არ გინახავს - არ აქვს მნიშვნელობა. ამ სისტემას „მაიას ჭადრაკი“ ჰქვია. ის მოჭადრაკეს კარგ გაგებას უვითარებს და ზოგად  საჭადრაკო თვალსაწიერს უფართოებს. რა თქმა უნდა, მას აკადემიაშიც დავნერგავთ და ტურნირებს ჩავატარებთ უფრო კვალიფიციური მოჭადრაკეებისთვის. ეს სისტემა  სანახაობრივს ხდის თამაშს და ვფიქრობ, მომავალში პოპულარული გახდება. 

-    ანუ პარტია ფიგურების ტრადიციული განლაგებით არ იწყება. 
 

 

მე ყოველთვის ინტუიციური მოჭადრაკე ვიყავი.

-    დიახ, ეს შეიძლება იყოს მეოთხედან მეთხუთმეტე სვლამდე  გათამაშებული პოზიცია. ნიჭი იმაში წარმოჩნდება, თუ როგორ გეგმას აირჩევ უცნობ პოზიციაში და სიძნელეს როგორ გაართმევ თავს - აქ ყველაფერი შენზეა დამოკიდებული. 

-    ამ ეტაპზე რამდენი ასეთი პოზიციაა თქვენ მიერ დამუშავებული? დღეს რომ იყოს საჭირო, რამდენი ფურცელი შეიძლება ჩაიდოს კენჭისყრის ყუთში?

-    როცა ამ სისტემით პირველი ტურნირი ჩავატარეთ - ეს იყო ჩემი სახელობის თასის გათამაშება 2016-ში - მაშინ 20 მოჭადრაკე თამაშობდა და 120 პოზიცია საკმარისი აღმოჩნდა. ჯერ მეტი არც დამიმუშავებია. მაგრამ ჭადრაკში იმდენი საშუალებაა... პარალელურად ვიმუშავებ და დავხვეწ ჩემს სისტემას. 

-    თქვენ ეს სისტემა მოიფიქრეთ და საჭადრაკო სამყაროს შესთავაზეთ. როგორ შეიძლება ის დამკვიდრდეს სატურნირო პრაქტიკაში? 

-    ვფიქრობ, შემდეგნაირად: ჯერ საქართველოში ჩატარდება ტურნირები ამ სისტემით. მერე შეიძლება ზოგიერთი ქვეყნის ფედერაციას შევთავაზოთ, რომ იქაც ჩატარდეს მსგავსი არაოფიციალური ტურნირები. მერე, თუ მოიწონეს, შეიძლება ფიდეს მივმართოთ, რომ შესაბამისმა კომისიამ მიიღოს თამაშის ეს ფორმატიც. 
 

 

კურორტებზე უფრო გამომდის თამაში.

-    ტრადიციულ ფორმატთან ერთად - ამას გულისხმობთ?

-    დიახ, ფორმატი კი არ შეცვალონ, არამედ, ორგანიზატორებს მისცენ შესაძლებლობა, თვითონ აირჩიონ, რაც უნდათ. ახლა ეძებენ გზებს, რომ ჭადრაკი უფრო საინტერესო და სანახაობრივი გახდეს. ადრე პარტიას ხუთ საათს თამაშობდნენ, შემდეგ სამ საათზე ჩამოვიდნენ, ახლა კი იკვეთება სწრაფი ჭადრაკისკენ მიმართული ტენდენცია. მოჭადრაკისთვისაც და მაყურებლისთვისაც ძნელია, იჯდე და  დაფას უყურო სამი საათი. მომავალი, ალბათ,  ჩქარი ჭადრაკისაა. 

-    თუმცა, ძველ დროში, საინტერესო მატჩების დროს, თბილისის ჭადრაკის სასახლე სულ სავსე იყო მაყურებლებით. 

-    იმ დროის ნოსტალგია მეც მაქვს. მინდა, ხალხი ისევ მობრუნდეს ჭადრაკისკენ. ის ძალიან ლამაზი და საინტერესოა მათთვის, ვისაც ესმის. ჩვენ გვინდა, პირველ რიგში, ბავშვებს შევაყვაროთ ჭადრაკი, მისი სიღრმე და სილამაზე დავანახოთ. 

-    იმის შემდეგ, რაც ჭადრაკის ტურნირების ჩატარების სტრუქტურა შეიცვალა, შესაბამისად შეიცვალა თუ არა მოთხოვნები იმ მოჭადრაკეების მიმართ, რომლებსაც უნდათ, რომ მაღალი მიღწევები ჰქონდეთ? მაგალითად, უფრო გაძნელდა ფიზიკური და ფსიქოლოგიური მომზადება? თუ, პირიქით, გაადვილდა? 

-    სწრაფი ჭადრაკის ტურნირებში ფსიქოლოგიურად უფრო იოლია თამაში. პარტიები მალე მთავრდება და დაძაბულობაც ნაკლებია. სამ დღეში შეიძლება მთელი ტურნირი დასრულდეს. ზოგი ამბობს, რომ დროის შემოკლება სიღრმეს და სილამაზეს უკარგავს ჭადრაკს. ჩემი გამოცდილებით, როცა მოჭადრაკე ინტუიციურად თამაშობს, მაინც სწორ სვლებს აკეთებს და პარტიებიც ლამაზი გამოდის.

 
ზოგიერთი მოჭადრაკეა, რომელიც ყველაფერს ითვლის: აი, ასე წავალ... ის ისე მოვა... მერე მე ასე წავალ.... და, რა ვიცი, ითვლის... არის კატეგორია მოჭადრაკეებისა, რომელიც ინტუიციურად გრძნობს, რა უნდა ითამაშოს და როგორი გეგმა აირჩიოს. მე ამ მეორე კატეგორიას ვეკუთვნი.

საერთოდ, აღნიშნავენ, რომ თამაშის  დროს პირველი სვლა, რომელიც მოგდის თავში, საბოლოოდ ყველაზე სწორი გამოდის. ხშირად მოთამაშე, ბევრი ფიქრის და თვლის შემდეგ, მაინც იმ პირველ შესაძლებლობას უბრუნდება. 

-    ინტუიციას ბოლომდე ენდობით?

-    მე ყოველთვის ინტუიციური მოჭადრაკე ვიყავი. 

-    ინტუიცია რა არის? ის ცოდნა, რომელიც უკვე შეძენილი და გადამუშავებული გაქვთ და რომელიც მიგითითებთ, როგორ მოიქცეთ?
 

 

სხვებთან შედარებით, გარეგნულად არ ვიმჩნევდი ნერვიულობას.

-    არა, ინტუიცია არის გრძნობა, როცა უბრალოდ ხვდები, რომელი გზა არის სწორი. 

-    რის მიხედვით ხვდებით? თუ თქვენ მეტყვით, ღმერთი მკარნახობსო, არ ვიცი...

-     არა, არა... ინტუიცია ყველა ადამიანშია ჩადებული. ცხოვრებისეულ სიტუაციებშიც ხდება, როცა ორი შესაძლებლობიდან  ერთი უნდა აირჩიო, როცა ზუსტად ვერ თვლი, ვერ ალაგებ და ლოგიკურად ვერ ხსნი, მაგრამ რაღაც გრძნობა გეუბნება, რომ ეს გზა უფრო სწორია. ეს თანდაყოლილია. მე ყოველთვის თვალში მხვდება, რომელი გეგმა იქნება კარგი და მას მივყვები... მერე შეიძლება უფრო გავთვალო, დავალაგო. მაგრამ, პირველ რიგში, ინტუიციით ვხვდები, რა არის უკეთესი. 

-    თქვენს საჭადრაკო ცხოვრებას მინდა, დავუბრუნდეთ. ქალბატონი ნონა ყოველთვის ძალიან კარგად იყო ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად მომზადებული იმიტომ, რომ სპორტის ლამის ყველა სახეობას თამაშობდა, ან გულშემატკივრობდა. მიაჩნდა, რომ ბილიარდის და მაგიდის ჩოგბურთის სიყვარული  ეხმარებოდა, ყოველთვის ფორმაში ყოფილიყო - როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად. 

-    დავაზუსტებ, ნონას ძალიან უყვარს სპორტი, მაგრამ თვითონ არასოდეს მიმართავდა სპორტულ მომზადებას. ბილიარდის თამაში ფიზიკური ვარჯიში ნამდვილად არ არის (იცინის). 

-    შესაძლოა, მართლაც ფსიქოლოგიური განტვირთვისთვის სჭირდებოდა ბილიარდი და მაგიდის ჩოგბურთი. რაც შეეხება თქვენს ფიზიკურ მომზადებას, არასდროს წამიკითხავს და არც გამიგია ამის შესახებ. თქვენ როგორ ემზადებოდით სერიოზული მატჩებისთვის და ტურნირებისთვის?

-    მე ყველაზე იოლ ხერხს ვიყენებდი - ჩქარ სიარულს ანუ  სეირნობას. შეკრებები ხშირად გვქონდა ბორჯომში ან ზღვაზე და ჩემი მომზადება ის იყო, რომ ბევრი უნდა მევლო ფეხით. 

-    მაგალითად, რამდენს დადიოდით?
 

 

ტურნირების დროს მუსიკის მოსმენა ან კითხვა უფრო მეტად მღლიდა.

-    შემეძლო, 5-6 კილომეტრი გამევლო. 

-    ყოველდღე?

-    დიახ. ჩემთვის ეს ფიზიკური მომზადების ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია. სხვათა შორის, როდესაც ფილიპინებზე მსოფლიო პირველობის მატჩს ვთამაშობდი სი ჯუნთან, ვისთანაც ჩემი ტიტული დავკარგე, იქ ჰაერის ისეთი მაღალი ტენიანობა იყო, რომ გარეთ ვერ გავდიოდი.  სასტუმროში ვიჯექი და ჟანგბადის უკმარისობას განვიცდიდი. ამის გამო, ჩაკეტილი და შებოჭილი ვიყავი, და თავიც ვერ აზროვნებდა. კურორტებზე უფრო გამომდის თამაში. წყნარი ადგილები მიყვარს, სადაც გარშემო სიმწვანე და ბუნებაა. 

-    ახლა დავუბრუნდეთ თქვენს ნერვულ სისტემას, რომელიც, საყოველთაო შეფასებით, უნაკლო იყო. რა გეხმარებოდათ, რომ ფსიქოლოგიურად ყოველთვის მზად ყოფილიყავით გამოწვევებისთვის?

-    რა თქმა უნდა, ჩემპიონის ტიტული და გუნდის ლიდერის პოზიცია ბევრს გავალდებულებს. ეს ყოველთვის მძიმე ტვირთი და სტრესია.  მე, უბრალოდ, სხვებთან შედარებით, გარეგნულად არ ვიმჩნევდი ნერვიულობას და ემოციებს არ გამოვხატავდი. ამაში, რა თქმა უნდა, სარწმუნოებაც მეხმარებოდა - ღვთის იმედზე ყოფნა ყოველთვის გაძლიერებს. ეს იყო მთავარი და ერთადერთი, რაც მამშვიდებდა და უფრო იოლად მალახინებდა ბარიერებს. 

-    მაგრამ როცა შეცდომას უშვებდით?

-    მაშინ თავს ვიმშვიდებდი იმ აზრით, რომ მოწინააღმდეგე ჩემზე ძლიერია; ან ვამბობდი, რომ მე დავუშვი შეცდომა და წაგება ჩემი ბრალია. 

-    ფსიქოლოგი თუ მუშაობდა თქვენთან?

-    არა, არასოდეს. ჩემთან მუშაობა უნდოდა ლენინგრადელ ფსიქოლოგს, რომელიც გარკვეული პერიოდი ნანა ალექსანდრიას ეხმარებოდა.

-    რუდოლფ ზაგაინოვს გულისხმობთ? 

-    დიახ. ის ერთხელ ჩამოვიდა შეკრებაზე და დახმარება შემომთავაზა. ფსიქოლოგიური მეთოდების გამოყენება, რომლებიც თვითშთაგონებაზეა დაფუძნებული, ჩემთვის, როგორც მორწმუნისთვის, მიუღებელია. მე მხოლოდ ღვთის ნებაზე ვარ დამოკიდებული. 
 

 

არ ვეკუთვნი იმ კატეგორიას, რომელიც სულ ჭადრაკზე ფიქრობს.

-    თუმცა, ნანა ალექსანდრია კმაყოფილი იყო ზაგაინოვთან მუშაობით, როგორც ვიცი. 

-    ნანა სხვა შეხედულებების ადამიანია, თანაც, ემოციურია და ეტყობა, ზაგაინოვთან თანამშრომლობა მასზე კარგად მოქმედებდა. 

-    განტვირთვაში რა გეხმარებოდათ? 

-    დაძაბული პარტიის შემდეგ, როგორც მოგახსენეთ, სუფთა ჰაერზე სიარული მშველოდა - ამით ვმშვიდდებოდი და გონებაც ისვენებდა. ტურნირების დროს ჩემთვის   მიუღებელი იყო, მაგალითად, მუსიკის მოსმენა ან კითხვა, რადგან ეს უფრო მეტად მღლიდა. 

-    როცა თბილისში თამაშობდით, სად გადიოდით ბუნებაში? 

-    თბილისში თამაში ძალიან მიჭირდა, განსაკუთრებით კი იმის შემდეგ, რაც ტიტული მოვიპოვე. ნონა, მაგალითად, ყოველთვის კარგად თამაშობდა თბილისში. მე - პირიქით. 

-    ქალბატონმა ნონამაც თქვა, წაგება თბილისში ბევრად მეტად მიჭირდა, ვიდრე სხვაგანო. 

-    დიახ, ასევე იყო ჩემთვისაც. კუს ტბასთან ახლოს ვცხოვრობთ და იქ დავდიოდით ხშირად. იმ დროს ასე გადატვირთული არ იყო იქაურობა. 

-    ბუნებაში რომ დადიოდით, ისევ ჭადრაკზე ფიქრობდით? 

-    არა, არ ვეკუთვნი იმ კატეგორიას, რომელიც სულ ჭადრაკზე ფიქრობს და თავში ვარიანტები უტრიალებს. 

-    ქალბატონმა ნანა ძაგნიძემ მითხრა (ჩემი კითხვის პასუხად), რომ თანამედროვე ჭადრაკში ეთიკის პრობლემა არ არსებობს, თუმცა, მსმენია, რომ ასეთი პრობლემები არსებობდა მაშინ, როდესაც ქართველი ქალები მსოფლიოს ჩემპიონები იყვნენო. თქვენ რა გახსენდებათ?

-    არა, არასოდეს საჭადრაკო ისტორიაში - ყოველ შემთხვევაში, ქალთა შორის - მაგ სახის პრობლემები არ ყოფილა. ეთიკის ნორმებს ყველა იცავდა. სხვა შემთხვევაში, დაისჯებოდა და დისკვალიფიკაციას მიიღებდა. 
 

 

უნდა წამეგო ის მატჩი, ალბათ, მაგრამ ღმერთის ნებით, სხვანაირად მოხდა.

-    1981 წელს მინდა დავუბრუნდე, როცა მსოფლიო პირველობაზე მატჩი გქონდათ ქალბატონ ნანა ალექსანდრიასთან. ეს მატჩი 8:8 დასრულდა და თქვენ ჩემპიონობა შეინარჩუნეთ. ამ მატჩის კომენტირებისას საინტერესო ფრაზა თქვით: „ნანა ემოციურია ძალიან და ამან გამიმართლა“.

-    „ამან გამიმართლა“ არ მითქვამს. 

-    ეს არის ციტატა ნაბეჭდი ტექსტიდან. 

-    ჟურნალისტებს უყვართ ხოლმე ინტერპრეტაციები. 

-    და მაინც, რომელი იყო ის კულმინაციური მომენტი, როდესაც ნანა ალექსანდრიამ თავისი ემოციურობა გამოამჟღავნა და თქვენ ეს შანსი ხელიდან არ გაუშვით?

-    ნანას ემოციები იმაში გამოიხატება, რომ როცა უპირატესობა აქვს, ნერვიულობას იწყებს; ფიქრობს, არ დაუშვას შეცდომა და უპირატესობა სწორი სვლებით მიიყვანოს გამარჯვებამდე.  ამ დროს ეწყება სტრესი - მარტო ნანას არა, ბევრი მოჭადრაკეა ასეთი - და შეცდომების დაშვებას იწყებს. ამ ფაქტორის გამო მან ბევრი გამარჯვება დაკარგა. 

-    თუმცა, ამ მატჩისთვის ნანა ალექსანდრია შესანიშნავად იყო მომზადებული. 

-    დიახ, ძალიან კარგად იყო მომზადებული. მე ამ მატჩს უპასუხისმგებლოდ მოვეკიდე. არ ვიცი, ამას რა ჰქვია, უპასუხისმგებლობა თუ სხვა რამ. მაშინ მუდმივი მწვრთნელიც არ მყავდა, დროდადრო თუ ვინმე მომეხმარებოდა. სულ ვთამაშობდი, რომ პრაქტიკით შემენარჩუნებინა ჩემი ძალა. წინა ციკლში, სანამ ნონას შევხვდებოდი, ნანასთან მატჩი იოლად მოვიგე. ეტყობა, თავში მეჯდა აზრი, რომ ახლაც ასე იქნებოდა. ვერ გავითვალისწინე, რომ ამჯერად ნანა ბრწყინვალედ იყო მომზადებული და მწვრთნელების ძალიან კარგი გუნდი ჰყავდა. დღეგამოშვებით იყო თამაში, 16 პარტია უნდა გვეთამაშა. იმ ერთ დღეში მიწევდა შემდეგი პარტიისთვის ახალი დებიუტების შესწავლა, რაც წარმოუდგენელია. ჩემი გონება მეტისმეტად დაიტვირთა, ოპერატიულად ძალიან დიდი რაოდენობის ინფორმაციის დამახსოვრება მიხდებოდა. ერთი დებიუტის შესწავლისთვის ადამიანს ერთი წელი სჭირდება და მე ერთ დღეში უნდა დამემახსოვრებინა ყველაფერი - სისტემები, ვარიანტები, რომ დებიუტი შემეცვალა. წინააღმდეგ შემთხვევაში, იმავეს გამეორებით და ჩემი ზედაპირული ცოდნის მეშვეობით, შეიძლება მახეში მოვხვედრილიყავი. რა თქმა უნდა, ასეთი ტაქტიკა კარგს არაფერს მომიტანდა. ამიტომ თეთრებით უპირატესობას ვერ ვიღებდი, შავებით კი, უმეტესად, უარესი პოზიციები მქონდა. 

-    საბოლოოდ, კმაყოფილი ხართ, ამ რთულ ამოცანას როგორც გაართვით თავი?

-    რა თქმა უნდა, უფალი დამეხმარა.

 
უნდა წამეგო ის მატჩი, ალბათ, მაგრამ ღმერთის ნებით, სხვანაირად მოხდა.


-    მატჩში გარდატეხის მომენტი როდის დადგა? ბოლო პარტია, როგორც მახსოვს, წააგეთ. 

-    დიახ, მატჩის პირველი ნახევარი ბორჯომში უკეთესად ვითამაშე. მერე, თბილისში რომ გადმოვედით, აქ უფრო გამიჭირდა. 
 

 

ჭადრაკისგან განსხვავებით, ცხოვრებაში ძალიან ემოციური ვარ.

-    თქვენ არაერთხელ გითქვამთ, რომ მსოფლიო ჩემპიონობის ტიტულის მოპოვებიდან მის დაკარგვამდე - 13-წლიანი პერიოდი, განვითარების თვალსაზრისით, თქვენთვის დაკარგული დროა.

-    დიახ, ზუსტად ასე იყო. 

-    ამას იმით ხსნიდით, რომ მუდმივი მწვრთნელი არ გყავდათ. რატომ მოხდა, რომ მწვრთნელის გარეშე იყავით წლების განმავლობაში? 

-    საქართველოში ყველა დაკავებული იყო და არც იყვნენ ისეთი ძლიერი მწვრთნელები. მწვრთნელი რისთვის გვჭირდებოდა? - სადებიუტო რეპერტუარისთვის. იმიტომ, რომ ჭადრაკში მთავარია რეპერტუარი, რით იწყებ თამაშს და მერე როგორ ავითარებ პარტიას. იმ დროისთვის, ალბათ, კარგი რეპერტუარი მქონდა და ქალთა ტურნირებისთვის მყოფნიდა. მაგრამ როცა სულ ერთსა და იმავეს თამაშობ, მოწინააღმდეგეს უფრო უადვილდება მომზადება, თანაც, ეს სადებიუტო თვალსაწიერს ზღუდავს. ჭადრაკში რაც მეტი იცი, უფრო იოლად თამაშობ. 

-    მაშინ ვერ გრძნობდით და არც არავის უთქვამს, რამხელა დანაკლისი იყო მწვრთნელის გარეშე წლობით დარჩენა? 

-    ეტყობა, ვერ ვგრძნობდი. ქალებთან იოლად ვაღწევდი გამარჯვებებს, იმ დროისთვის ბევრზე ერთი თავით მაღლა ვიდექი, ალბათ. ის რესურსი, რაც მქონდა, საკმარისი იყო ტიტულის შესანარჩუნებლად. მაგრამ წინ რომ წავსულიყავი და მამაკაცებისთვის მომეგო, ამისთვის არ კმაროდა. 

-    ჩემი შეცდომა იყო, სტაბილური გუნდი რომ არ მყავდაო, მოგვიანებით თქვით. ეს როდის გააცნობიერეთ?

-    ეს გავაცნობიერე, როდესაც ჩემი მწვრთნელი ხვიჩა სუპატაშვილი გახდა. მაშინ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული უკვე დაკარგული მქონდა. ხვიჩა პარტნიორიც იყო და მწვრთნელიც, კარგი რეპერტუარი დამიყენა და უფრო იოლადაც დავიწყე გამარჯვებების მიღწევა. მაშინ  მივხვდი, რომ არატიტულოვანი მწვრთნელიც კი საკმარისი ყოფილა განვითარებისთვის. ამის შემდეგ უკეთესი პარტიები ვითამაშე, ჩემი შემოქმედებაც უფრო გაიხსნა. იმ პერიოდის ძალიან კმაყოფილი ვარ. 

-    თუ გქონიათ განცდა, რომ ისეთ მდგომარეობაში ხართ, როცა თქვენი არავის ესმის?

-    არა, არ მქონია. ჩემ გვერდით ყოველთვის იყვნენ ადამიანები, რომელთა გამო მარტოობა არასდროს მიგრძვნია. 

-    თუ შეგიძლიათ, გვიამბოთ, რა იყო ის შემთხვევა ან ინციდენტი, რომელმაც ტრავმა დაგიტოვათ - ან ბავშვობაში, ან დიდობაში?

-    არაფერი ისეთი.

-    თქვენი ძმის ამბავს რომ დავუბრუნდეთ, რომელიც 19 წლის ასაკში გარდაიცვალა?

-    ცხადია, ახლობელი ადამიანის გარდაცვალება ყოველთვის ტრავმაა. ჩემს ძმას განსაკუთრებული მათემატიკური ნიჭი ჰქონდა. ახლაც ყველას უკვირს: დაწერილი არ იყო განტოლება, რომ უკვე პასუხი იცოდა. სულ სხვა ხედვა ჰქონდა. მისი გარდაცვალება დიდი ტრაგედია იყო ჩვენთვის. ამ ამბავმა ჩვენი ოჯახი სარწმუნოებისკენ შემოატრიალა. ვიცი, რომ სული უკვდავია და ჩემი ძმა ჩემთვის დღემდე ცოცხალია, ოღონდ, სხვა სამყაროშია. 
 

 

ილუზიები არ მიყვარს.

-    თქვენთვის ძვირფასი ადამიანი თავს ბედნიერად რომ გრძნობდეს, მაგრამ თქვენ ფიქრობდეთ, რომ საფრთხე ემუქრება, გაუწევთ თუ არა წინააღმდეგობას? ჩაერევით თუ არა მის ცხოვრებაში?

-    რა თქმა უნდა, ჩემს აზრს ვეტყვი. საერთოდ, პირდაპირი ადამიანი ვარ. თუ შევხედავ, რომ საჭიროა, ჩავერევი. 

-    გამიკვირდა, როცა თქვით, პირდაპირი ადამიანი ვარო. არ ტოვებთ ასეთ შთაბეჭდილებას. „ყველას თავისი ცხოვრება და პასუხისმგებლობა აქვს,“ - უფრო ამ პრინციპის დამცველს ჰგავხართ ჩემს თვალში.  

-    არა, სხვათა შორის. ჭადრაკისგან განსხვავებით, ცხოვრებაში ძალიან ემოციური ვარ.

-    როგორ ფიქრობთ, ზოგადად, ინტროვერტებს, ჩაკეტილ ადამიანებს, უჭირთ წარმატების მიღწევა? 

-    ექსტრავერტი თავის ენერგიას გარემოდან იღებს, ადამიანებთან ურთიერთობით და აქტიურობით იმუხტება. მე პირიქით, რაც უფრო მარტო ვარ, მით მეტად კონცენტრირებული ვარ და ეს განვითარებაში მეხმარება. 

-    იმის თქმა გინდათ, რომ ადამიანს წარმატებაში ხელს არ უშლის ინტროვერტობა?

-    მე მგონი, პირიქით, ეხმარება. იმიტომ, რომ ბევრი გამოჩენილი ადამიანი ინტროვერტია. თუ საკუთარ თავში არ ჩაიკეტე, ახალს ვერაფერს შექმნი. ვინც გონებით მუშაობს, ის უფრო ინტროვერტია. 

-    როგორ ფიქრობთ, მერყეობა უფრო ძვირი ჯდება თუ სიმყარე?

-    რა თქმა უნდა, სიმყარე ჯობია. მერყევი მოჭადრაკე სულ ყოყმანობს სვლების არჩევაში. თუ ადამიანი ძლიერია, ცუდი გეგმაც რომ აირჩიოს, უყოყმანოდ მიჰყვება მას.

-    ეს კითხვა იმიტომ გამიჩნდა, რომ თქვენთან მატჩის მოსამზადებელ პერიოდში ნონა გაფრინდაშვილს უნდოდა მუშაობა გარი კასპაროვის მწვრთნელთან, ნიკიტინთან. ჭადრაკის საკავშირო ფედერაციამ დაჟინებით მოსთხოვა ნიკიტინზე უარის თქმა და ქალბატონი ნონა ამბობს, დიდი შეცდომა დავუშვი, ნიკიტინი რომ დავთმეო. დღემდე ვერ უპატიებია საკუთარი თავისთვის, მაშინ სიმტკიცე რომ არ გამოიჩინა.  

-    მეც არ ვიცოდი ეს ამბავი. თქვენს ინტერვიუში წავიკითხე და ძალიან გამიკვირდა. 

-    თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდი ილუზია რა იყო? 

-    ილუზიები არ მიყვარს; არც ოცნებებში ფრენა. დღევანდელ დღეს მივყვები - როგორც უფალი ამბობს, დღევანდელი დღით იცხოვრეთო. 
 

 

ვერტიკალური მოძრაობა - ეს ჩემი ცხოვრებაა.

-    დოკუმენტური ფილმი „დედოფლები“, რომელიც „პირველი არხის“ მიერ არის გადაღებული, მთავრდება კადრებით, სადაც ქალბატონი ნონა აეროპორტშია და რომელიღაც ქვეყანაში მიფრინავს ჭადრაკის სათამაშოდ, თქვენ კი ეკლესიაში ხართ. ის ჰორიზონტალურად მოძრაობს სამყაროში, თქვენ - ვერტიკალურად. 

-    დიახ, ასეა. 

-    ქალბატონმა ნონამ თავისი მკაფიო, თვალხილული გზისთვის ხალხის დიდი სიყვარული მოიპოვა. თქვენ რა მოიპოვეთ ამ რთული შინაგანი მოგზაურობისას?

-    რატომ? თავის დროზე მეც ხალხის დიდი სიყვარული მხვდა წილად და დღესაც მომყვება ეს სიყვარული. თუმცა, რა თქმა უნდა, ვერტიკალური მოძრაობა - ეს ჩემი ცხოვრებაა. 

-    რა არის მთავარი, რაც ამ გზაზე იპოვეთ? 

-    ეს არის, რა თქმა უნდა, ღმერთი და სულიერი ცხოვრება. ადამიანი არ არის შექმნილი მხოლოდ ამქვეყნიური არსებობისთვის. ადამიანი უკვდავი სულია და თავისი ცხოვრებისთვის პასუხს აგებს ღმერთის წინაშე. ჩემთვის ეს იყო და არის ყველაზე მთავარი. 

-    დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. ინტერვიუს დავასრულებთ თქვენი კომენტარით ცნობილი ადამიანების ორ გამონათქვამზე. პირველი ციტატა ეკუთვის ფილოსოფოს მერაბ მამარდაშვილს (1930-1990): „ადამიანის ერთ-ერთი პრობლემაა, თუ რა ადგილი უჭირავს მას სინამდვილეში“. 

-    რას გულისხმობს? შეიძლება იყო მონა, მაგრამ ისეთი ზნეობა და სულიერი სამყარო გქონდეს, რომ თავს თავისუფალ ადამიანად გრძნობდე. მეორე მხრივ, შეიძლება მილიონერი იყო და თავი თავისუფალ ადამიანად მიგაჩნდეს, მაგრამ შინაგანად შენს ვნებებს ემონებოდე. მიწაზე მიჯაჭვული ადამიანისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რა ადგილი უკავია მას საზოგადოებაში; მაგრამ ვინც სულიერი ცხოვრებით ცხოვრობს, მისთვის ეს საკითხი უმნიშვნელოა. 

-    მეორე ციტატის ავტორია ფრანგი პოეტი პიერ ბუასტი (1765-1824): „ნიჭი და ბედნიერება ერთმანეთთან ვერ მოთავსდება“.

-    სწორად ამბობს, თუ გარეგნულ ბედნიერებას გულისხმობს, ვთქვათ, ოჯახურ ბედნიერებას. მაგრამ, თუ შინაგან ბედნიერებას ვიგულისხმებთ, მაშინ ორივე ერთმანეთს ძალიან კარგადაც ეთავსება. 

-    გარეგნულ ბედნიერებას ნიჭი რატომ უშლის ხელს? 

-    შემოქმედი ადამიანები მუდმივად ჩართულები არიან ძიების პროცესში, დაკავებულები არიან ახალ იდეებზე ფიქრით, სიახლეების შექმნით და ეს ანიჭებთ ბედნიერებას. მათ  ხშირად აკლიათ ის, რაც ყოფით ბედნიერებად ითვლება - ოჯახი, შვილები, ახლობლებთან ურთიერთობა. ისინი მარტოობაში პოულობენ თავის ბედნიერებას. მაგრამ ასეთი ადამიანები რომ არ იყვნენ, ამქვეყნად არაფერი განვითარდებოდა. 

ფოტომასალა: ირაკლი გედენიძე

გუნდი

ირაკლი გედენიძე

ზურაბ ქურციკიძე

გიო კუსიანი

გიორგი ურუშაძე

თამთა ყუბანეიშვილი

ნანა ყურაშვილი

ინგა ქორიძე