×
„საინფორმაციო სივრცეს ტერორში ჰყავს მოსახლეობა“

ზურა მხეიძე

ფსიქოლოგი, კომუნიკაციის სპეციალისტი


13476

ინტერვიუს შესახებ

საქართველოში იშვიათია ადამიანი, რომელსაც ისე შეუძლია აუდიტორიის დატყვევება, როგორც ზურა მხეიძეს. 

ეს დიდი ხანია ვიცი იმიტომ, რომ ტელევიზიით ხშირად მინახავს, როგორ ხიბლავს სხვადასხვა არხის წამყვანებს და გადაცემის სტუმრებს მისი საუბარი; საჯარო ლექციებით გაოცებულ მსმენელსაც არაერთხელ წავწყდომივარ; ჟურნალისტებისგანაც მომისმენია აღტაცებული შეფასებები ზურას ყოველი ტრენინგის შემდეგ.  

მასთან სიღრმისეული ინტერვიუ მაინც ერთგვარი რისკი იყო, რადგან არ უყვარს საკუთარ თავზე საუბარი და, იმის მიუხედავად, რომ არაჩვეულებრივი მეგობარია, მაინც „ჩაკეტილ“ ადამიანად მიმაჩნია. 

გაიცანით ზურა მხეიძე, რომელმაც ადამიანებს შორის ურთიერთობის ბევრი საიდუმლო იცის და მათგან ზოგიერთს ჩვენც გვიზიარებს. 

ია ანთაძე

-    ზურა, ადამიანს რაიმეს სწავლა რომ უნდოდეს, რაც ნამდვილად სასარგებლო იქნება მისი ცხოვრებისთვის, რის შესწავლას ურჩევდით?

-    თუ უნივერსალური რჩევა გვინდა, ვურჩევდი ურთიერთობების, კომუნიკაციის შესწავლას. სანამ ცოცხალია, მუდმივად აქვს ურთიერთობა სხვებთან და საკუთარ თავთან. ეს თუ არ იცის, შესაბამისად, სხვა რამის კეთებაც გაუჭირდება. 
 

 

სამეცნიერო კვლევას ვაპირებ „პროფაილინგის“ მიმართულებით.

-    თქვენი დონის პროფესიონალმა, რა შეგიძლიათ, თქვენი ცოდნით გააკეთოთ?

-    რთული საკითხია. სპეციალობით ფსიქოლოგი ვარ. ვსწავლობ ადამიანის ქცევას და, განსაკუთრებით, კომუნიკაციის სფეროს. მოთხოვნა რაზეც არის, იმის მიხედვით შემიძლია, გიპასუხოთ: ორგანიზაციის აწყობა, სამუშაო ფსიქოლოგიური მოტივაციები, სწორი და მართებული კომუნიკაციის საკითხები. სექტემბერში ლაბორატორია გაიხსნება და სამეცნიერო კვლევას ვაპირებ „პროფაილინგის“ მიმართულებით. ეს არის ადამიანის პორტრეტის აგება, მისი თვისებებისა და უნარების მიხედვით. 

-    რა რესურსით შეიქმნება ეს ლაბორატორია? 

-    ლაბორატორია გაიხსნება აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში. ძალიან მაღალი დონის ტექნიკა ჩამოგვაქვს ფსიქოლოგიური ექსპერიმენტებისთვის. ამ ბაზაზე დავიწყებთ მუშაობას. 

-    ინტერვიუს დასაწყისში, მინდა, ვისაუბროთ მოქალაქესა და ხელისუფლებას შორის კომუნიკაციის თემაზე. რა მიგაჩნიათ სწორ მოქალაქეობრივ პოზიციად - ხელისუფლების მიმართ ნდობა თუ უნდობლობა? 

-    მომისმენია, თითქოს, მედიის პროფესიული ამოცანაა, რომ  მოქალაქეები ხელისუფლების მიმართ უნდობლად განაწყოს. სინამდვილეში, მოქალაქის პოზიცია უნდა იყოს შეფასება და გაგება - რა არის რეალობა, იმ რეალობაში რა საჭიროებები არსებობს და ხელისუფლების მხრიდან ესა თუ ის ქცევა რატომ განხორციელდა. მაგალითად, გაუგებარი იქნება, ხელისუფლებას ჩემ მიერ აღებული კრედიტის გადახდა მოვთხოვო (ამასთან დაკავშირებით გამოსვლები ჩემი თვალით მაქვს ნანახი). გაუგებარი იქნება, თუ მოქალაქემ არ დავაზღვიე ჩემი ქონება, მერე ხანძარი გაჩნდა და ჩემი ზარალის ანაზღაურება ხელისუფლებას მოვთხოვო. მოქალაქეების დიდ ნაწილს უჭირს გარკვევა, რა უნდა მოსთხოვო ხელისუფლებას და რა - არა. ხალხს გაცილებით სერიოზული ოპონირება შეუძლია, ვიდრე ჩვენ ვხედავთ ხოლმე ჩვენს ქვეყანაში. 

-    მაგრამ მხოლოდ ასეთი - ადრესატთან აცდენილი - მოთხოვნები ხომ არ არის მოქალაქეების მხრიდან? ზოგადად, კვალიფიციური მოქალაქე ვინ არის? 
 

 

ხალხს გაცილებით სერიოზული ოპონირება შეუძლია.

-    ეს არის პასუხისმგებლიანი მოქალაქე. ეს არის მოქალაქე, რომელმაც იცის, რა არის სახელმწიფოს ვალდებულებები მის წინაშე და იცის თავისი ვალდებულებები სახელმწიფოს წინაშე. არჩევნებზე ვისაც ვაძლევ ხმას, ესე იგი, მას ვენდობი. საარჩევნო ვადის ბოლოს უნდა ვნახო, რას დამპირდნენ და რა შეასრულეს. არჩევნებს შორის პერიოდში მე რატომ უნდა ვასწავლო გადაწყვეტილების მიმღებ პირს, რა როგორ აკეთოს? რატომ უნდა ჩავთვალო, რომ მე მასზე მეტი კომპეტენცია მაქვს რაღაც კონკრეტული პრობლემების მოსაგვარებლად? მე ხომ არ ვარ ბოლომდე ინფორმირებული, რა ხდება? პირადად მე ყოველთვის ვცდილობ, ჯერ კარგად გავარკვიო საკითხი და მერე ჩამოვაყალიბო მოთხოვნები. ჩვეულებრივ, რაღაცას რომ ვყიდულობთ, თანხას გადავიხდით თუ არა, მაშინვე ვღებულობთ სასურველ ნივთს თუ პროდუქტს. პოლიტიკის შემთხვევაში კი, ჩვენი ნდობის გამართლება ოთხი წლის განმავლობაში უნდა მივიღოთ. 

-    აქციებზე ადამიანები ან პირად პრობლემებს აპროტესტებენ, ან თემატური პროტესტისთვის გამოდიან ქუჩაში - ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მსგავს მოთხოვნას ვგულისხმობ. „შუალედური გამოსვლები“ ყოველთვის კონკრეტულ თემებზეა. მოქალაქეს აქვს უფლება, გააპროტესტოს, როცა სურვილი გაუჩნდება და არ დაელოდოს, რომ ოთხი წლის მერე სხვა პარტიას მისცეს ხმა. 

-    მე ვლაპარაკობდი იმ შემთხვევებზე, როცა მთავრობა მუშაობს რაღაც საკითხებზე და ჯერ შედეგამდე არ მისულა; ან როცა მოქალაქე მთავრობისგან ითხოვს იმას, რაც მთავრობის კომპეტენცია არ არის.  
 

 

სახელმწიფო ხალხს ელაპარაკება ენით, რომელიც მას არ ესმის.

-    ყოველ შემთხვევაში, თუ ადამიანი ქუჩაში გამოდის, ესე იგი, რაღაც აწუხებს. შეიძლება, სწორად იცის, ან არ იცის, რა და როგორ უნდა გააპროტესტოს. მაგრამ თუ სწორად არ იცის, ალბათ, უნდა განუმარტონ და არცოდნაში არ დატოვონ. 

-    ჰოდა, პოლიტიკაში წასვლა ეს არის: ხანდახან ყველაფერს ვერ განმარტავ. ხან, როცა განმარტავ, მაინც არ ესმით. ხელისუფლება ამბობს: „მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე გაიზარდა ამდენით და ამდენით...“ ვეკითხები აბსოლუტურად ნორმალურ ხალხს, ზრდასრულებს, უმაღლესდამთავრებულებს: რა არის „მთლიანი შიდა პროდუქტი“? ოცი ადამიანიდან ერთმა თუ იცის დაახლოებით, რას ნიშნავს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა ერთ სულ მოსახლეზე. სახელმწიფო ხალხს ელაპარაკება ენით, რომელიც მას არ ესმის. ეს კომუნიკაციისთვის დიდი პრობლემაა. მეორე თემა ავიღოთ. რომელიმე სამთავრობო უწყების წარმომადგენელი ამბობს: „დავხარჯეთ 180 მილიონი ლარი“. ხარჯი ნეგატიური ემოციაა თუ პოზიტიური? 

-    ალბათ, ნეგატიური. 

-    მოქალაქე ფიქრობს: „დიახ, შენ დახარჯე 180 მილიონი. მე კი ჯიბე ცარიელი მაქვს. სად წაიღე ეს ფული? დანამატებში წაიღებდი...“ კი, მაგრამ, ეს 180 მილიონი რომ დახარჯე, იქნებ, ტექსტი შეატრიალო და მოსახლეობას უთხრა, რომ გვაქვს ამდენი და ამდენი კილომეტრი ახალი გზა, რომელმაც ამდენი დრო შეამცირა. ხომ არ იტყუები? - შედეგზე გააკეთე აქცენტი და არა დახარჯულ თანხაზე. ახლა ეს როგორ ჟღერს: „ვერ ავითვისეთ 60 მილიონი ლარი“? საერთოდ სულელი მგონიხარ. ფული გქონდა და ვერ დახარჯე? შენ თვითონ უშვებ გაუგებარ შეტყობინებებს. ისეთ რამეს ლაპარაკობ, რაც ხალხს არ ესმის. ისიც ძნელად ესმის, როცა გასაგებად ამბობ და გაუგებარ რაღაცას რომ ამბობ, რას ელოდები? მე კომუნიკაციის სპეციალისტი ვარ და ძალიან კარგად ვიცი, ემოციური ზემოქმედება როგორ ხდება. არ ვამბობ, რომელი პოლიტიკური პარტია აკეთებს ამას, თქვენ თვითონ მიხვდებით. თუ გინდა, რომ ემოციები გამოიწვიო, პირველ რიგში, მოვლენას რაღაც სახელს არქმევ: გინდა „გავრილოვის ღამე“, გინდა „უნიათო“, გინდა „დათვის ტყვიები“ და ნებისმიერი სხვა... ისეთი სახელი ირჩევა, რომელსაც გარკვეული ემოციური მუხტი აქვს. მერე ეს სახელი უნდა „გამრავლდეს“ ისე, რომ მასობრივად ისმოდეს და ამის შემდეგ ამ სახელის გაგონება გარკვეული ტიპის ემოციას თავისთავად აღძრავს. ეს არის ფსიქოლოგიური ზემოქმედების მექანიზმი. გასათვალისწინებელია, რომ ჩვენს საზოგადოებაში ნეგატივის მიმართ ნდობა მეტია, ვიდრე პოზიტივის მიმართ.

 
ნეგატივზე ნდობა იმდენად დიდია, რომ თქვენ რომ გკითხონ, როგორა ხართო და თქვენ უთხრათ, რომ ძალიან კარგადო; და მე რომ ვუთხრა, იტყუება, ცუდად არის-მეთქი, მე დამიჯერებენ.


-    სწორედ ნეგატივთან დაკავშირებით მინდოდა, მეკითხა. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველომ ძალიან მარცხიანი გზა განვლო: ომები, ტერიტორიების დაკარგვა, სიღარიბე, წყვეტა განათლებაში, კულტურაში, სპორტში... როგორ ფიქრობთ, ჩვენ გავიაზრეთ, რა იყო ამ მარცხის მიზეზი? 

-    ჩვენი ახალგაზრდობის პერიოდში ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა იყვნენ ეროვნული მოძრაობის ლიდერები. იმდენად ბრიყვი ვიყავი, რომ მჯეროდა, მარტო ბორჯომის და ჩაის გაყიდვით ავაყვავებდით ქვეყანას. ასე არ იყო მაშინ? კიდევ, ღვინოც რომ დაგვემატებინა?... მთელ ერს ჰქონდა ინფანტილური წარმოდგენები იმაზე, თუ რა ხდება გლობალურ სისტემებში. იმისთვის, რომ გვემსჯელა და სწორი დასკვნები გამოგვეტანა, ბევრი რამ არ ვიცოდით და ახლაც არ ვიცით. 
 

 

ერთი ახალგაზრდა მეკითხება, საბჭოთა კავშირის დროს პიროვნებები არსებობდნენო?

-    თითქმის ორმოცწლიანმა ნეგატიურმა კალაპოტმა გააჩინა ნიჰილიზმი, რომ საქართველოში ყველაფერი ცუდია. ამის დაძლევა რა შინაარსის ძალისხმევასთან არის დაკავშირებული? 

-    ნიჰილიზმი კი არ გააჩინა, ღირებულებების პრობლემა გვაქვს. ამბობენ ხოლმე, რომ ბავშვი უცოდველი და ანგელოზიაო. ბავშვი, სინამდვილეში, ძალიან ეგოისტია. თავის დროზე, ასეთი ექსპერიმენტი ჩავატარე: 5-6 წლის ბავშვებს ვუკითხავდი ზღაპარს, სადაც უარყოფითი პერსონაჟი დაეუფლებოდა ქონებას, ან ცოლად მოიყვანდა ყველაზე ლამაზს. ბავშვს ვეკითხებოდი: „ვინ გინდა, რომ იყო?“ ყველა ბავშვი ყოველთვის ირჩევდა უარყოფით პერსონაჟს. ამიტომ დევს ზღაპარში ეს სიბრძნე, რომ ამბავი აუცილებლად სიკეთის გამარჯვებით მთავრდება. ეს ბავშვის სწორი ორიენტაციისთვის არის საჭირო - რომ სიკეთის მკეთებელი იყოს. ბავშვს აქვს ბუნებრივი მიდრეკილება, რომ ის გზა აირჩიოს, რომელიც იგებს. ახლა ვნახოთ, ჩვენთან ღირებულებების ფორმირებას რომელი ინსტიტუტი ახდენს? არცერთი. სკოლა ამით არ არის დაკავებული, ეკლესია დისკრედიტებულია, ჩვენ, უფროსი თაობა, დისკრედიტებული ვართ. ახალგაზრდებს ორი მკაფიო წარმოდგენა აქვთ ჩვენზე: რომ 37 მანეთად სადღაც დავფრინავდით და რომ ყველანი კორუმპირებულები ვიყავით. ერთი ახალგაზრდა მეკითხება, საბჭოთა კავშირის დროს პიროვნებები არსებობდნენო? ვინ ჩაუდო ეს თავში? მე ვუპასუხე, მერაბ კოსტავას მსგავსი მითხარი ან შენს თაობაში, ან ცოტა წინა თაობაში-მეთქი. ღირებულებითი ქაოსი გვაქვს. მთლიანად მონგრეულია სისტემა, რომელიც ღირებულებებს უნდა ქმნიდეს. თქვენ თუ ახლა ნორმალურ ახალგაზრდას წააწყდებით, ეს, დიდი ალბათობით, ოჯახის დამსახურება. სამაგიეროდ, ჩვენ ვიცით გვარები, რომლებიც, წარმოდგენა არ მაქვს, რატომ ვიცით. ხალხმა არ იცის, პირობითად, რა არის იმპრესიონიზმი, ვინ არის ფელინი, რა დამსახურება აქვს აინშტაინს... ეს ყველაფერი არ იცის და, გითხრათ, ვისი გვარი იცის? პიროვნულად არაფერს ვერჩი ეკა ყუშიტაშვილს, რომელმაც პატრულს შეაგინა და ოთხი სატელევიზიო შოუ მოუწყეს. მასმედია ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ღირებულებების დამკვიდრების კუთხით. ერთხელ „აუცდა ფეხი“ მასმედიას, გია დვალზე გააკეთეს  გადაცემები და ფიზიკის ფაკულტეტზე ჩაბარების მსურველთა რიცხვი გაიზარდა. 

-    ქვეყნის ცხოვრებას მინდა, დავუბრუნდე. იმ ნეგატიური კალაპოტიდან, რომელშიც რამდენიმე ათეული წელია მოვდივართ, რა გადაგვიყვანს სხვა, განვითარების კალაპოტში? 
 

 

ჩვენ ვიცით გვარები, რომლებიც, წარმოდგენა არ მაქვს, რატომ ვიცით.

-    ხალხს უნდა მობეზრდეს დაპირისპირება და აგრესია. რომ ვუყურებ, ამაში რა ენერგია იხარჯება, ვოლტებში და ვატებში რომ გადავიტანოთ, ჰესი არ დაგვჭირდება. მოსახლეობის, თითოეული ჩვენგანის ენერგია ქვეყნის განვითარებისკენ უნდა მივმართოთ. პოლიტიკაში ამისთვის საჭირო  ტენდენციის ჩამოყალიბება მხოლოდ ხალხს შეუძლია. დღეს ვინც აგრესიაზე არ აგებს კამპანიას, ის ხელისუფლებაში ვერ მოდის. თუ გახსოვთ, 2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში სააკაშვილი იყო ცალკე, ბურჯანაძე და ჟვანია ერთად იყვნენ.  ბურჯანაძეს და ჟვანიას პოზიტიური მესიჯები ჰქონდათ, სააკაშვილს ჰქონდა ქვების სროლა. ვინ მოვიდა ხელისუფლებაში? რა თქმა უნდა, სააკაშვილი. კონსტრუქციული ადამიანი თუ ხარ, იმ ემოციას ვერ აღვიძებ, რომ ხალხს შენი მხარდაჭერის  მადა გაუხსნა. თუ ნეგატიური ხარ, მხარს გიჭერენ. პოლიტიკურ პარტიებში ასეთი მოდა ჩამოყალიბდა, რომ თუ მინდა, ხელისუფლებაში მოვიდე, აუცილებლად აგრესიული უნდა ვიყო. 

-    ამ ტენდენციას რა შეცვლის? 

-    ხალხმა არ უნდა მისცეს ხმა იმას, ვინც აგრესიული კომპონენტით მოდის და გადაიჭრება პრობლემა. პარტიები იძულებულები იქნებიან, პოლიტიკური სტრატეგია შეცვალონ. 

-    ისევ განათლების სისტემასთან მივდივართ, რომ ამომრჩევლებს სწორი ორიენტირები და სწორი ღირებულებები ჰქონდეთ? 

-    დიახ, ეგ არის. განათლების სისტემა კიდევ ხეჭეჭურივითაა, არ არის ორწლიანი პროცესი. თავიდან იდება ფუნდამენტი და შედეგი გაქვს გვიან. 

-    მაშინ, ტენდენციაზე უნდა ვილაპარაკოთ. 2020 წელს პროპორციული წესით არჩეული პარლამენტი გახსნილი იქნება სხვადასხვა პარტიისთვის და პოლიტიკურ სუბიექტებს უფრო მეტად უბიძგებს შეთანხმებებისკენ. შეიძლება, ამან გახსნას მეტი არჩევანი - ვის მივცე ხმა: იმას, ვინც აგრესიულია? თუ იმას, ვინც კონსტრუქციულია და თავისი ხედვებით მისაღებია ჩემთვის? ელოდებით ასეთ ცვლილებას?

-    შეიძლება, არჩევანი გაფართოვდეს და რაღაც გზაც გაიხსნას, მაგრამ წინასწარ თქმა, რომ ნამდვილად ასე მოხდება, არ იქნება სწორი. მე და თქვენ შეგვიძლია, ვნახოთ, არჩევნების შემდეგ ხმები როგორ განაწილდება; რა გემოვნება აღმოაჩნდება საქართველოს მოსახლეობას ნულოვანი ბარიერის პირობებში. ჩვენთვისაც,  ვინც პროცესებს ვაკვირდებით, კარგია, ვნახოთ, მოსახლეობაში რა დევს, ხალხი რას აძლევს ხმას. აქამდე ხომ შანსი არ გვქონდა, სპექტრი დაგვენახა? ახლა უკვე ნამდვილად დავინახავთ. 
 

 

ხალხს უნდა მობეზრდეს დაპირისპირება და აგრესია.

-    რაკი ღირებულებებზე ვლაპარაკობთ, ალბათ, დიდი მნიშვნელობა ენიჭება საზოგადოებრივ ლიდერებს. დღეს როგორი ლიდერები გვყავს და როგორები გვინდა, რომ იყვნენ? დღეს სად არის ადგილი, სადაც  საზოგადოებრივი აზრის ლიდერები ფორმირდებიან - სოციალური ქსელები? სატელევიზიო ეკრანი? საჯარო სივრცეები, ვთქვათ, აზროვნების აკადემიის მსგავსი?..

-    აზროვნების აკადემიაში მეც ვიყავი სტუმრად. შეიძლება, ეს უფრო საინტერესო პლატფორმაა საზოგადოებრივი ლიდერის ფორმირებისთვის, ვიდრე ტელევიზიები... თითოეული მსმენელის არჩევანია, რომ კონკრეტული ადამიანის ლექციას დაესწროს და რაღაც ახალი გაიგოს. ტელევიზორი ამის საშუალებას არ გვაძლევს. ჩართული გვაქვს და რასაც აჩვენებენ ამა თუ იმ არხზე, ეს არის და ეს. ზოგადად, ადამიანი წერილობით დოკუმენტს უფრო კრიტიკულად კითხულობს, მოსმენითაც უფრო კრიტიკულად უსმენს იმიტომ, რომ ლოგიკას მიჰყვება. ვიზუალით კი შეიძლება საერთოდ გაუთიშო ადამიანს აზროვნება. მაგალითად, არსებობს ჰოლივუდის ფილმები და ევროპული კინო. ჰოლივუდის ფილმების უმრავლესობა პროპაგანდისტულია. სიუჟეტი წინასწარ იცი: ოჯახია, დედა გამოვა და მამას ეტყვის, ბავშვს ძალიან უყვარხარო; მერე თვითონ ბავშვი გამოვა, მამას ჩაეხუტება და ეტყვის, ძალიან მიყვარხარო. ნამდვილად ვიცით, რომ ამ ბავშვს მოიტაცებენ. მერე, ხომ ვიცით, ეს კაცი რას იზამს? ბოლოს, ძირითად ბოროტს შეხვდება და ეს ბოროტი იმდენს ელაპარაკება, რომ ჯერ ის უგებს. იმიტომ, რომ მერე ამისმა მოგებამ მეტი ფასი შეიძინოს. სიუჟეტი იმდენად მარტივია, რომ აზროვნება არ გჭირდება. ღირებულებითი ნაწილი ნულზეა. მაგრამ ზიხარ და ფილმს ბოლომდე უყურებ. სხვათა შორის, არცერთი ევროპული კინო არ არის, რომელსაც აზრი არ უნდა დაატანო. ჰოლივუდის ფილმებში კი აზრი შეგიძლია, საერთოდ გათიშო. 

-    თუ არის საჭირო ან მოსალოდნელი, რომ საზოგადოებრივი აზრის ლიდერის ტიპი შეიცვალოს? 

-    ისევ განათლების სისტემამდე მივალთ. როცა ადამიანს იმპულსებს და ინსტინქტებს კი არ უღვიძებ, არამედ, გემოვნებას უვითარებ, შემდეგ ის გემოვნება თვითონ უბიძგებს, კრიტიკულად მიუდგეს მდორე მასალას, რასაც ჩვენ ყოველდღე ვხედავთ. 
 

 

განათლების სისტემა ხეჭეჭურივითაა.

-    მდორეს უწოდებთ?

-    დიახ, იმიტომ, რომ არაფერს მატებს პიროვნებას. ჩვენი ახალგაზრდობისას კინოს სახლში შედევრები გადიოდა და ბილეთი ერთი მანეთი ღირდა. ახლა კინოში წასვლა რიტუალი გახდა. 30 ლარი დაგიჯდება და ნახავ რაღაც ისეთს, რაც გაგართობს, მაგრამ პიროვნულ განვითარებაში ვერ დაგეხმარება. ღირებულებებზე ვლაპარაკობთ და ის თუ იცით, რომ სკოლაში ბავშვებს ფეისბუკის ლაიქებით აბულინგებენ? ეს რომ გავიგე, საერთოდ გადავირიე. 

-    როგორ თუ ლაიქებით აბულინგებენ? 

-    მთელი კლასი ვიტყვით, რომ როცა შენ პოსტს დაწერ და გამოაქვეყნებ, არ უნდა დაგილაიქოთ. და ამაზე ბავშვებს ლამის დეპრესია ეწყებათ. ჩემთვის ძალიან სასაცილოა, იმაზე ვინერვიულო, ვიღაცამ ცერი აწია თუ არ აწია. მაგრამ როგორც ვატყობ, არა მხოლოდ ბავშვები, მოზრდილების დიდი ნაწილიც ამას უყურებს, რამდენი ცერია აწეული ამა თუ იმ სტატუსზე.

-    ამ შინაარსის ბულინგი საზოგადოებრივი აზრით მანიპულაციის ნაწილია. როგორ უნდა გაარჩიოს ადამიანმა ერთმანეთისგან ჯანსაღი საზოგადოებრივი აზრი და მანიპულაცია? ესეც განათლების და მედიაწიგნიერების თემაა?

-    დიახ, ეს ნამდვილად არის განათლების თემა. მე მანიპულაციის ტექნიკას ვასწავლი და ამიტომ ჩემთვის უფრო აუტანელია პოლიტიკოსების მოსმენა. ყველაფერი ვიცი, რა და რატომ ხდება. ერთ მეთოდს გეტყვით. ვთქვათ, სტუდიაში ვართ და თქვენ ხართ თქვენი საქმის პროფესიონალი, ან ხელისუფლების წარმომადგენელი ხართ, არ აქვს მნიშვნელობა. რაღაცას ყვებით ისეთს, რაც სწორია, მაგრამ თქვენს ოპონენტს არ უნდა, რომ აზრი ბოლომდე მიგაყვანინოთ. ამ მეთოდს ჰქვია „პოპულარულ ემოციებზე მანიპულაცია“.

 
თქვენ რაც არ უნდა წაიკითხოთ, მე ვიწყებ ფრაზით: „ქალბატონო ია, ახლა თქვენ ხალხს თვალში ნაცარს ნუ აყრით!". ერთი: „ნაცარს ნუ აყრით“ - ამ სიტყვებმა დააგდო თქვენი ღირებულება. ახლა გადავდივარ: „თქვენ, რა, ქუჩაში არ დადიხართ? არ გინახავთ, ხალხი რომ ნაგავში იქექება?“ და თქვენი უკვე გამოსვლა, რომელიც იყო საქმიანი, გავანულე ემოციურად.

ერთსაც გეტყვით, რაც პირდაპირ სახელმძღვანელოში წერია. ვთქვათ, თქვენ მიგებთ კამათში კონკრეტულ თემაზე და ეს უნდა გავაჩერო. თუ სხვა გზა არ დამრჩება, უნდა გამოვიყენო მეთოდი, რომელსაც ჰქვია „პიროვნებაზე შეტევა“. მე უნდა გითხრათ: „ქალბატონო ია, თქვენ დიპლომში ფული რამდენი გადაიხადეთ?“ თქვენ წყვეტთ თემას და მპასუხობთ: „რა გადავიხადე?!“ მე გეუბნებით: „ასე ამბობენ...“. ეს უნდა ვთქვა მესამე პირში, რომ პასუხისმგებლობა გვერდზე გავწიო. თქვენ მეუბნებით: „ვინ ამბობს?“ „მეზობლები.“ „ვინ მეზობლები?“ „თქვენ რა, თქვენს მეზობლებსაც არ იცნობთ?“ თქვენ საბოლოოდ გეშლებათ ნერვები, ხმას უწევთ და მე რას ვაკეთებ? გეუბნებით: „დაწყნარდით, ქალბატონო, საზოგადოებას აინტერესებდა და ამიტომ დავსვი ეს კითხვა“. თქვენ ცოტა გიჟი გამოჩნდით, თემა აღარ გაგრძელდა და იქაც მოგიგეთ. ასეთი 54 მეთოდი ვიცი მარტო მე. ოღონდ, ჩვენთან იყენებენ ხუთს, ისიც, ნაციონალური მოძრაობის ხალხი იყენებს. დანარჩენებმა ესეც არ იციან. 

-    მე რომ მაყურებელი ვარ, ასეთ დროს მე რა მეხმარება? როგორ გავარჩიო ტყუილი და მართალი?
 

 

კრიტიკული რომ ხდები, ნაკლებ შეცდომას უშვებ.

-    გარჩევის რამდენიმე მეთოდია. არის ხოლმე რთული მანიპულაცია, რომელშიც, შეიძლება, მეც გავიჭედო. ამიტომ, პირველი, რასაც ვაკეთებთ, ფურცელს ვყოფთ ორ ნაწილად და ვწერთ: ვარაუდები და ფაქტები. მანიპულაციაა, როცა ვარაუდს წარმოაჩენენ, როგორც ფაქტს. და მერე იქიდან ეწყობა ცრუ ლოგიკა. თუ თქვენ ვერ აღმოაჩინეთ, რომ ვარაუდი მოგაწოდეს, როგორც ფაქტი, ესე იგი, მანიპულაციის მსხვერპლი ხართ. როცა ტელევიზორს უყურებთ, ყოველთვის უნდა იფიქროთ, რას ამბობენ დაპირისპირებული მხარეები, რომელი მათგანი ლაპარაკობს საქმიანად და მათი გეგმებიდან რომელია პირადად თქვენთვის უფრო მისაღები ან სასარგებლო. ზოგადად, კომუნიკაციის პროცესი შედეგზე უნდა იყოს გათვლილი. და შედეგი რომ მიიღო, უნდა იცოდე, რა ემოცია გამოიწვიო მეორე ადამიანში, რომ მიიღო ის, რაც გჭირდება. დემაგოგიის დროს საყურადღებო არის ხოლმე პირველი წინადადება. მე ვამბობ: „ქალბატონი ია ხვალ მიდის ბორჯომში. რატომ მიდის? აქ საქმე აღარ აქვს? ჯობია, თავის საქმეს მიხედოს...“ თუ პირველი წინადადება ტყუილია (არც გიფიქრიათ ბორჯომში წასვლაზე), მაგრამ  მაყურებელი დავაჯერე, მერე ყველაფერი შემიძლია მივაბა კიდევ უფრო დამაჯერებლად. ან, ავიღოთ, წინადადება, რითიც იწყებენ ხოლმე: „ყველასთვის ცნობილია, რომ...“ თუ თქვენთვის არ არის ცნობილი, პირველი მუხრუჭი გიჩნდებათ: გამოდის, თქვენ არ იცით რაღაც ისეთი, რაც ყველას სცოდნია; და მეორე, ყველასთვის ცნობილი რაც არის, არ ნიშნავს, რომ ჭეშმარიტებაა. ყველასთვის ცნობილი იყო (ერთი ადამიანის გარდა), რომ დედამიწა ბრტყელია, მაგრამ ეს არ იყო სიმართლე. „ყველასთვის ცნობილია“ - ჩემთვის არაფრის არგუმენტი არ არის. ძალიან კარგად ვიცით, როგორ შეიძლება, რომ ყველამ მცდარი რაღაც ილაპარაკოს. ამაში რომ გაერკვევით და კომუნიკაციის აზარტში შეხვალთ, ძალიან კარგად გაარჩევთ, ვინ რას მანიპულირებს. მივედით იქამდე, რომ ვინც კომუნიკაციის წესებში ერკვევა, ის პოლიტიკურ ტექსტებს სხვანაირად კითხულობს. ასეთ დროს ადამიანი კრიტიკული ხდება და, მგონი, კრიტიკული რომ ხდები, ნაკლებ შეცდომას უშვებ. 

-    პროპაგანდა ვისზეა გათვლილი: თანამოაზრეებზე, ნეიტრალურ ადამიანებზე თუ ოპონენტებზე? 
 

 

იქმნება განწყობა, რომ ყველაფერი უკუსვლის რეჟიმშია.

-    პოლიტიკოსები თვლიან მასაზე. ადრე მიფიქრია - ამ სისულელეს ვინ დაიჯერებს-მეთქი. მერე მივხვდი, რომ არ არის ჩემზე გათვლილი. ჩემთვის სხვა არგუმენტაციაა საჭირო. მაგრამ პოლიტიკოსები მოსახლეობის დიდ ნაწილზე თვლიან. 

-    და იმ მასიდან, მაინც, ვისზე თვლიან? მომხრეებზე თუ მოწინააღმდეგეებზე? 

-    ვთქვათ, არსებობს თემა, რომელთან დაკავშირებით ერთი ნაწილი მხარს მიჭერს, მეორე ნაწილი მეწინააღმდეგება. პირველ რიგში, მჭირდება იმ ნაწილის მარგინალიზაცია და ჩამოშორება, რომელიც მხარს არ მიჭერს. მარგინალიზაციისთვის კი მჭირდება ეპითეტები. მაგალითად, ნებისმიერმა ოპოზიციამ უნდა იძახოს, რომ თვითონ არის პროგრესული და ხელისუფლებაში სულ რეტროგრატები არიან. უნდა დაარქვას, რომ ის არის წარსული. უნდა ეძახოს, რომ მათი ადგილი აქ აღარ არის. რაც შეიძლება მეტი იარლიყი დაკიდოს. „რუსეთის აგენტი“ „პრორუსი“, „რუსეთუმე“ - საქართველოში ყველაზე გავრცელებული და ქმედითი იარლიყებია. ამ იარლიყებით აშინებენ ადამიანს. 

-    დაშინების ყველაზე კარგ პლატფორმად ახლა სოციალური ქსელები და, პირველ რიგში, ფეისბუკი იქცა. ამ გახსნილ ვირტუალურ სივრცეში „ადამიანური ურთიერთობის მეკობრეები“ ჩამოყალიბდნენ, რომლებსაც შეუძლიათ, მიიტაცონ შენი ავტორიტეტი, შენი კეთილი სახელი, დაგასხან თავზე ლაფი, შეთანხმებულად იმოქმედონ შენ წინააღმდეგ. მათ ბევრი ადამიანი გაუმწარებიათ. რა გავლენა აქვს ამ „მეკობრეობას“ საზოგადოებაზე მთლიანად? 

-    ძალიან დიდი გავლენა აქვს. როცა აზრის ლიდერებზე ვლაპარაკობდით, თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ რომელიმე მათგანი გამოვიდეს და თქვას რამე ისეთი, განსხვავებული, რაც ამ „მეკობრეებს“ არ უნდათ? ის ადამიანი, თუ მაღალი კულტურის მატარებელია, ინერვიულებს, იშფოთებს, მაგრამ შესაბამისად ვერ უპასუხებს. მას ორი გზა რჩება. ან ამათ თავი შეაკლას და სათანადოდ მაინც ვერ უპასუხოს (რადგან იქიდან პიდაპირი შეურაცხყოფა მოდის); ან ფეისბუკი საერთოდ გააუქმოს. მე ვფიქრობ, რომ ეკოლოგიურად ყველაზე მეტად სადეზინფექციო სივრცე მაინც სატელევიზიო საინფორმაციო პროგრამებია. ყველაზე დიდი ნეგატივი სწორედ იქიდან მოდის. იქმნება  განწყობა, რომ ყველაფერი უკუსვლის რეჟიმშია; ყველაფერი ჩამონგრეულია და, ფაქტობრივად, თითქმის აღარ ვარსებობთ. ნიუსის ჟურნალისტი რომ იყოს აქ, მეტყოდა: „ჩვენ, რა, სიმართლე არ ვაჩვენოთ?“ მაგრამ რამდენი ტყუილი უჩვენებიათ? რამდენი გაზვიადებული ამბავი  უჩვენებიათ? რამდენი დაუსაბუთებელი ამბავი უჩვენებიათ? კომუნიკაცია იარაღია და იარაღის ტარების უფლება ყველას ხომ არ აქვს? ერთი მაგალითი მომყავს ხოლმე სტუდენტებთან.

 
ოთხი კაცი მიდიოდა, დავახვედრეთ აქ ერთი კაცი, რომელმაც სამი სიტყვა უთხრა. რა სიტყვა უთხრა, მიხვდით. ეს ოთხი ადამიანი შემოტრიალდა. დაიჭირეს ეს კაცი, ცემეს და ზედმეტი მოუვიდათ. ერთი სიტყვით ოთხ წამში შევცვალე თქვენი მიმართულება, მოგატრიალეთ - სულ სხვაგან მიდიოდით; რაც გქონდათ ჩაფიქრებული, ის დაგავიწყეთ; განგახორციელებინეთ ქცევა, რომელზეც არ გიფიქრიათ. შესაბამისად, აღმოჩნდით ციხეში. დაგინგრიეთ არამარტო იმ დღის გეგმა, მთელი ცხოვრების გეგმა სამი სიტყვით.

რატომ არ ეკიდება პასუხისმგებლობით თავის სიტყვას ის, ვინც ლაპარაკობს - ჟურნალისტი იქნება თუ ვინმე სხვა? მაინცდამაინც უნდა მოკვდეს ადამიანი? საინფორმაციო სივრცეს ტერორში ჰყავს მოსახლეობა. 

-    მედიაზე ასეთი იერიშის მერე, მაინტერესებს, ფიქრობთ, რომ საინფორმაციო ტერორი საზოგადოების წინააღმდეგ გათვლილი და გაანგარიშებული მედიაპოლიტიკაა?  თუ პროფესიონალიზმის დეფიციტზე მიანიშნებთ? 
 

 

მანიპულაციის საუკეთესო საშუალება სწორედ მედიაა.

-    არ არის გათვლილი და გაანგარიშებული. ერთ ამბავს გეტყვით. ქალს დაეღუპა შვილი, ღამის ორ საათზე დარეკეს, რომ იპოვეს გარდაცვლილი. ავდივარ და ოთხი ტელევიზია დგას ქუჩაში. ბავშვი ჯერ არ გადმოუსვენებიათ და ამათ დედისგან უნდათ კომენტარი, ასევე, კადრის აღება უნდათ, როგორ შემოასვენებენ ცხედარს. ეს პოლიტიკასთან რაიმე კავშირშია? ან წინასწარ გათვლასთან? ყველაფერს ხომ აქვს საზღვარი?!

-    ამაში გეთანხმებით, მაგრამ, მეორე მხრივ, მედია ხომ ძალიან დიდ როლს ასრულებს საზოგადოების განვითარებაში? როგორ განვითარდება საზოგადოება, თუ არ იქნება პროფესიული მედია და რეალური ინფორმაცია იმის შესახებ, რაც სინამდვილეში ხდება?

-    მედიას სჭირდება პასუხისმგებლობა. მანიპულაციის საუკეთესო საშუალება სწორედ მედიაა. ავიღოთ ასეთი შემთხვევა: ჩემ უკან აქციის კადრია. პოლიციელებმა ეს აქცია დაშალეს. აქ მინიმალური აქცენტებით არის შესაძლებელი განწყობების ჩამოყალიბება. მე თუ ვამბობ, რომ დღეს გაიმართა აქცია და პოლიცია იძულებული გახდა, დემონსტრანტები შეეჩერებინა, - ეს ბადებს ერთ ფსიქოლოგიურ განწყობას. სულ სხვა განწყობას აყალიბებს, თუ ვამბობ, რომ დღეს პოლიციამ დემონსტრანტები დაარბია. იმის მიხედვით, რომელ სიტყვას გამოვიყენებ, სხვადასხვა ემოციისკენ გიბიძგებთ. როცა გამოსვლის ტექსტს ვადგენ, შემიძლია, ისე ავაწყო სიტყვები, რომ ან ნეგატივი შემოვიტანო თქვენში, ან პოზიტივი და ან ნეიტრალური პოზიცია შეგინარჩუნოთ. ჩვენ თუ ტექსტის ანალიზს გავაკეთებთ, ძალიან კარგად დავინახავთ, რა ტენდენციები და განწყობები დევს მასში.

-    რამდენიმე კითხვა მაქვს პირადად თქვენთან დაკავშირებით. დაეხმარებით თუ არა ადამიანს, რომელიც თვითონ არ ცდილობს, რომ საკუთარ თავს დაეხმაროს? 
 

 

შემიძლია, ისე ავაწყო სიტყვები, რომ ან ნეგატივი შემოვიტანო თქვენში, ან პოზიტივი.

-    სულ მოდიან თხოვნით, დამეხმარეო და მაგ ხალხისთვის ვერ მოვიცალე, თვითონ რომ არ უნდათ დახმარება და მე რომ უნდა დავეხმარო. 

-    პრინციპულად სწორია თუ არა, რომ ადამიანს, რომელსაც არ უნდა, საკუთარ თავს დაეხმაროს, ვინმე ეხმარებოდეს? 

-    არ ვიცი. მე თვითონ დამისვამს კითხვა: როდის არის ადამიანი მსხვერპლი - როცა მე და თქვენ ვთვლით, რომ მსხვერპლია? თუ როცა ის თვლის, რომ მსხვერპლია? თუ თვითონ არ ფიქრობს და ჩვენ მას ვაცნობიერებინებთ, რომ მსხვერპლია - ეს ფსიქოლოგიური ძალადობაა. იმის გაცნობიერებით, რომ მსხვერპლია, ადამიანს მდგომარეობას ვუმძიმებთ და ეს დანაშაულია, მათ შორის, კანონმდებლობითაც. თუ ადამიანი მსხვერპლად არ განიცდის თავს, მე რატომ ვაძლევ ჩემს თავს უფლებას, ვუთხრა, შენ დასახმარებელი ხარ-მეთქი? ფსიქიატრი გეტყვის, რომ უნდა მიეხმარო, ექიმიც ამას გეტყვის. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით კი რთული კითხვაა. მეც მაინტერესებს პასუხი. 

-    ჩვევა უფრო მნიშვნელოვანია, თუ წესი? თუნდაც, ბავშვის აღზრდის პროცესში, ან ზრდასრული ადამიანისთვის? 

-    წესი დამყარებულია ცოდნაზე. და ჩვევა არის მრავალჯერ გამეორებული ქცევის შედეგი. დათვლილია, რომ ჩვევის ჩამოყალიბებას 64-68-ჯერ ზედიზედ სჭირდება რაღაცის შესრულება. მერე ის „რაღაც“ ჩვევაში გადადის. საზოგადოებას თავისი ნორმები აქვს. ადამიანი რომ იბადება, საზოგადოების ნორმებს ითვისებს და საკუთარი ქცევის ნორმად აქცევს. წესი იქმნება საზოგადოებაში და შეიძლება, ეს წესი ინდივიდის ჩვევად ჩამოყალიბდეს. ავიღე ქაღალდი და გადავაგდე ქუჩაში. დამაჯარიმეს, - ეს წესის დარღვევაა. არ გადავაგდე იმიტომ, რომ დამაჯარიმებდნენ, - ეს წესის დაცვაა. არ გადავაგდე, რადგან ვთვლი, რომ ნაგავი ურნაში უნდა ჩავაგდო,  - ეს ჩემი ჩვევაა, ჩემი შინაგანი არჩევანია. 
 

 

ბავშვი უნდა ხედავდეს, რომ თქვენ ხშირად კითხულობთ.

-    აღზრდის პროცესში, ალბათ, ძალიან მნიშვნელოვანია წესებთან შესაბამისი ჩვევების ჩამოყალიბება. 

-    ბავშვისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ქცევით მოდელს. მშობელს უნდა, რომ ბავშვმა ბევრი იკითხოს. მოწოდება - წაიკითხე წიგნი! - საკმარისი არ არის. ბავშვი უნდა ხედავდეს, რომ თქვენ ხშირად კითხულობთ. თუ მას ავალებთ კითხვას და ხედავს, რომ თქვენ წიგნი არ გაინტერესებთ, - ეს გაორებას იწვევს ბავშვის ფსიქიკაში. 

-    რომელია პრინციპი, რომელსაც არასდროს დათმობთ?

-    ეს პრინციპები, რომლებიც ადამიანს აქვს და მეც მაქვს, ყოველთვის შეიძლება გადაიხედოს, თუ ძალიან მიშლის ხელს რაღაცის განხორციელებაში; ან თუ ამ პრინციპის დაცვისგან ცუდად ვარ. ამიტომ, „არასდროს დავთმობ“ - არ არის სწორი. რა პრინციპებიც მაქვს, მათ არასოდეს შეუშლია ხელი ჩემთვის. ადამიანი თავისუფალი უნდა იყოს. თუ რომელიმე პრინციპის გამო რაღაც ისეთს არ ვაკეთებ, რაც, კარგი იქნებოდა, გამეკეთებინა, - ამას არ ვემხრობი. ერთადერთი, რისიც მჯერა და რის გამოც მიკამათია, არის ის აზრი, რომ, თურმე, ყველაფრის ყიდვა შეიძლება. მე ვამბობ, არის ზოგიერთი რამ, რისი ყიდვაც შეუძლებელია ნებისმიერი თანხით. ბევრი ფიქრობს, რომ თუ ერთ ადამიანს ასი ათასი დასჭირდა რაღაც ნაბიჯის გადასადგმელად და მეორე ამბობს, რომ ამას არ გააკეთებს, მისთვის უნდა შეეთავაზებინათ ასი მილიონი. ანუ რაღაც თანხაა, რომელზეც აუცილებლად თანხმდები. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეგრე არ არის. ცოტა ხნის წინ ვიდეო ვნახე „იუთუბზე“: კაცი ქუჩაში ძაღლს ასეირნებს. ჩემოდნიანი ადამიანი მიდის და ეუბნება, ათი ათას დოლარს მოგცემ და ძაღლი დამითმეო. მერე ოცი ათასს სთავაზობს. არ იცვლება ის ძაღლი ფულზე მისი პატრონისთვის. 
 

 

მე ვამბობ, არის ზოგიერთი რამ, რისი ყიდვაც შეუძლებელია.

-    რა არის ის, რასაც თქვენს თავში არ შეცვლიდით არასდროს, რომც გქონდეთ ამის საშუალება. 

-    აუცილებლობაა, რომ შევცვალო? 

-    აუცილებლობა სულაც არ არის, პირიქით, შესაძლებლობაა, რომელზეც უარს იტყოდით. 

-    მე მაქვს დამოკიდებულება, რომ ადამიანები თვითონ ქმნიან თავის ცხოვრებას. მე მაქვს დამოკიდებულება, რომ გაცილებით კარგად შეიძლება იყოს სამყარო მოწყობილი, მაგრამ სირთულეების და სისულელეების თავი და თავი  ადამიანია. ძალიან მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ გაცილებით უკეთესი იქნებოდა ცხოვრება, ადამიანი თვითონ რომ არ იქმნიდეს სირთულეებს. ამის მჯერა და  ამას არ შევცვლიდი. ეს დამოკიდებულება მაქვს ცხოვრების მიმართ. მჯერა, რომ ყველა პრობლემა არასწორი კომუნიკაციის საფუძველზე იქმნება. ამან სხვა დამოკიდებულებაც გამომიმუშავა: არ არსებობს ადამიანი, ვინც მეზიზღება. სიძულვილის და ზიზღის მომენტი არ გამაჩნია. 

-    მე მგონი, დიდი ბედნიერებაა. 

-    ვიღაცები ამბობენ, რომ ეგრე არ შეიძლება. ვინმემ რამე თუ მაწყენინა, ეგ განცდაში კი მრჩება, მაგრამ რა მაწყენინა, ძალიან მალე ვეღარ ვიხსენებ. ვფიქრობ, რომ ეს ჩემთვის კარგია.
 
-    კომუნიკაციას ეს როგორ უკავშირდება? 

-    ადამიანს მუდმივი კომუნიკაცია აქვს არა მხოლოდ სხვა ადამიანებთან, არამედ, პირველ რიგში, საკუთარ თავთან. ამ პროცესს თვითონ არ აანალიზებს, ეს პროცესი ჯერ ვერ დაიჭირა.

 
ნახე, შენ შენთვის მარტო ხარ სახლში და შეიძლება, თქვა, რომ ათი წუთი კიდევ დაიძინებ. შენს თავს ეუბნები. მერე უთხარა: აეთრიე, გეყოფა! შეიძლება სარკეში ჩაიხედო და თქვა, რომ ძალიან გასუქდი და დღეიდან გადადიხარ დიეტაზე და მაწონს ჭამ. მერე წახვიდე სამსახურში, იქ ვიღაცამ ტორტი მოიტანა და შენივე თავს უთხრა, მოდი, დღეს დავარღვევ... მუდმივ კომუნიკაციაში ხარ. და რას ეუბნები შენს თავს, შენ განცდები და ცხოვრება გაქვს ისეთი.

მე სერიოზულ ავარიაში მოვყევი, იცით, რის მერე? ბათუმში მივდიოდი და „ციცინათელას“ ეშმაკის ბორბალი რომ დავინახე, ჩემს თავს ვუთხარი, ჩამოვედი-მეთქი. ეს როგორც კი ვუთხარი საკუთარ თავს, მაშინვე საჭესთან ჩამეძინა. ჩემს თავს რაღაც ისეთი ვუთხარი, რის მერეც მან სიფხიზლე შეწყვიტა. თუ ვიტყვი, რომ ბედნიერებისთვის მილიარდი მჭირდება, ვერასოდეს ვიქნები ბედნიერი. მაგრამ თუ ვიტყვი, რომ შენი დანახვა გამიხარდება, გაცილებით ლამაზად ვიცხოვრებ. როგორ კომუნიკაციასაც დაალაგებ, ისე ცხოვრობ. 
 

 

როგორ კომუნიკაციასაც დაალაგებ, ისე ცხოვრობ.

-    დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. ინტერვიუს დავასრულებთ თქვენი კომენტარით ცნობილი ადამიანების ორ გამონათქვამზე. პირველი ციტატის ავტორია გერმანელი ფილოსოფოსი ფრიდრიხ ნიცშე (1844-1900): „ყველა, ვინც კი სამყაროს სიღრმეში ჩახედა, მიხვდა, რაოდენი სიბრძნეა იმ ფაქტში, რომ ადამიანები ზედაპირულები არიან“. 

-    ბატონი ნიცშე სწორი გამოდის იმიტომ, რომ რაც უფრო ზედაპირული ხარ, მით მეტად მოქმედებს შენზე გარეგანი იმპულსები. ზედაპირული რომ ხარ, ბევრი პრობლემა ღრმად არ იცი და რადგანაც ღრმად არ იცი, ცოტა უფრო დასვენებულიც ხარ, მოსვენებულიც ხარ და უფრო მარტივი გგონია ბევრი რამ, ვიდრე არის. ამ სიმარტივის ფასი ყველაზე უკეთ სამყაროს სიღრმეში ჩახედულმა ადამიანებმა იციან. 

-    მეორე ციტატა ეკუთვნის ამერიკელ ფსიქოლოგს, აბრაჰამ მასლოუს (1908-1970): „იმისთვის, რომ ადამიანი შეცვალოთ, საკმარისია, შეცვალოთ მის მიერ საკუთარი თავის გაგება.“

-    აბსოლუტურად ვეთანხმები და გეტყვით, რატომ. პირველი: მე კარგად ვარ, თუ ცუდად ვარ, გეოგრაფიულ მდებარეობაზე არ არის დამოკიდებული. შეიძლება, ყველაზე კარგად ვიყო ხაშურში და ყველაზე ცუდად - პარიზში. შეიძლება? 

-    დიახ. 

-    ესე იგი, ადგილს არ აქვს მნიშვნელობა. აბა, მაშინ, რას აქვს მნიშვნელობა? რას და - იმ დროს, როცა სადღაც ვარ, ჩემ შიგნით კომუნიკაციის რა პროცესი მიდის. ვთქვათ, ერთმა ადამიანმა შეყვარებული მიაცილა სახლში, წვიმა წამოვიდა და დასველდა. მეორე ადამიანი მთელი დღის მუშაობის შემდეგ გამოვიდა სამსახურიდან და დასველდა. ორივე სველია, ორივე ერთი ასაკისაა, ორივე ერთ ქუჩაზეა, ერთ ქალაქში. განსხვავება რა არის ამათ შორის? ერთი გრძნობს, რომ ბედნიერია და მის ბედნიერებას წვიმა აძლიერებს. მეორე გრძნობს, რომ დაღლილია და მის დაღლილობას წვიმა აძლიერებს. ისევ და ისევ, შიდა კომუნიკაცია არის გადამწყვეტი. როგორც კი შიდა კომუნიკაციას ცვლი, მაშინვე სხვა პროცესები იწყება შენ გარშემო. ნამდვილად ასეა. 

ფოტომასალა: ირაკლი გედენიძე

გუნდი

ირაკლი გედენიძე

ზურაბ ქურციკიძე

გიო კუსიანი

გიორგი ურუშაძე

თამთა ყუბანეიშვილი

ნანა ყურაშვილი