×
„მომწონს, როგორც განვითარდა ჩემი ცხოვრება“

ნუცა კუხიანიძე

მსახიობი


15223

ინტერვიუს შესახებ

პირადად ჩემთვის ნუცა კუხიანიძე სამაგალითო ადამიანია. მან იცის, როგორ გააკეთოს ის არჩევანი, რომელიც შინაგან ჰარმონიასთან მიიყვანს. 

წაიკითხეთ ნუცას საოცარი თავგადასავალი, რომელიც ერთგვარი გზამკვლევია ბედნიერების მაძიებლებისთვის.

ია ანთაძე

-    ნუცა, თავგადასავლების მაძიებელ ადამიანად თუ მიგაჩნიათ თქვენი თავი?

-    ამ კითხვას თამამად შემიძლია ვუპასუხო, რომ - დიახ.   მგონია, რომ ეგ არის ცხოვრება და არა სტაბილური ყოფა, როდესაც ვცდილობთ, რომ მშვიდად და კარგად გავატაროთ ცხოვრება. ჩემთვის ეს უინტერესოა. მე თვითონ ვეძებ, თუ თავისით მპოულობს ეს თავგადასავლები, უკვე აღარ ვიცი. ზღვარი მანდ აღარ არის. იმის შემდეგ, რაც მეორე შვილი გამიჩნდა, ზოგჯერ ვფიქრობ, მეც ასეთი ხომ არ გავხდი - სახლით და  ოჯახით გარემოცული. რა თქმა უნდა, ესეც არის, მაგრამ მერე ვხვდები, რომ ის შინაგანი დუღილიც ჯერ კიდევ მაქვს.  იმედს ვიტოვებ, რომ ცხოვრების ბოლომდე ასე იქნება, სხვაგვარად არც წარმომიდგენია. 
 

 

ყველა თავგადასავალი შინაგანი მდგომარეობიდან გამომდინარეობს.

-    თავგადასვლის მაძიებლობა რამდენად ეწერება ეპოქის რაციონალურ ჩარჩოში? რამეს ხომ არ კარგავთ ჩარჩოდან გასვლით? 

-    ყველა თავგადასავალი შენი შინაგანი მდგომარეობიდან გამომდინარეობს. იმ თავგადასავლებზე არ ვლაპარაკობ, რომ სადღაც გავვარდე, უცნაურად მოვიქცე... ჩემი თავგადასავალი არის ჩემი თავის ძიება, ჩემს თავთან ურთიერთობა, ჩემს თავში შეცდომების თუ ნაკლის გარკვევა, საკუთარი თავის დაძლევა და რაღაცისკენ სვლა. „რაღაცას“ იმიტომ ვამბობ, რომ ჩვენ შეიძლება არ ვიცით, ეს საბოლოო წერტილი რა არის. მაგრამ მისკენ სავალ გზაზე ყველაფერი შენში ხდება. რაც შეეხება დანაკარგს, ჩემში დინამიკა არ ჩერდება და არ მგონია, რამეს ვაკლდებოდე.

-    სკოლის პერიოდზე ამბობდით - ბევრს არ მოვწონდი, რადგან ხალხს არ უყვარს განსხვავებული და სოციუმის ნორმებიდან ამოვარდნილი ადამიანებიო. დღესაც გაქვთ ეს განცდა? მიგაჩნიათ, რომ სოციუმის ნორმებიდან ამოვარდნილი ხართ? 

-    დიახ, სულ მაქვს ეს განცდა. მე მგონი, თუ ადამიანი ამას ერთხელ შეიგრძნობს, შემდეგ უკვე ამ განცდით ცხოვრობს. გარიყულს ნამდვილად ვერ ვიტყვი, მაგრამ ცოტა გვერდზე გამდგარად თუ ვინმე აღმიქვამს, ამის გამო არასოდეს მქონია წუხილი და მცდელობა, რომ რამე მდგომარეობაში ჩავეწერო. პირიქით, კიდევ უფრო შორს გასვლის სურვილი მიჩნდება ხოლმე. ჩემი ხასიათი ასე ჩამოყალიბდა და მე ეს მომწონს. ზუსტად ეს ხასიათი მამყოფებს თავგადასავლებში. არ მინდა, რომ ყოველდღიურ ყოფას შევეგუო და ვიყო ისეთი, როგორიც მისაღებია, თუნდაც, ჩემთვის ძალიან ახლობელი ადამიანებისთვის. ხშირად მაქვს ხოლმე პრობლემა მაგ კუთხით. მაგალითად, არ შემიძლია, შევეგუო, როცა რამეს არ ვეთანხმები და ვთქვა - კარგი, იყოს ასე. არა, ჯერ კარგად უნდა გავერკვე და მერე დავეთანხმო, ან - არა. ხშირად ეს იწვევს გაუგებრობებს ახლობლების წრეშიც კი. არაუშავს, შეეჩვივნენ უკვე. 

-    შეგიძლიათ, გაიხსენოთ, თქვენი ცხოვრების გზაზე რამდენჯერ მოხდა ნამდვილი ცვლილება? ზუსტ დათვლას არ გთხოვთ. რამდენად ხშირი იყო სერიოზული ცვლილება, ეს მაინტერესებს.  

 
- სულ მაგას ვაკვირდები იმიტომ, რომ ეგ მაინტერესებს ზუსტად, როდის ხდება ხოლმე ეს გარდატეხა ჩემში. ერთი-ორჯერ ყოფილა ეს დიდი რაღაც მდგომარეობა იმიტომ, რომ ეს ხშირად არ შეიძლება, მოხდეს. ეს ხდება ხოლმე... ერთხელ მაინც რომ მოხდეს ცხოვრებაში, ალბათ, უკვე საკმარისია.

მაგრამ პატარ-პატარა ცვლილებებსაც თვალს ვადევნებ და ვაკვირდები. ჩემი თავის და გარემოს ანალიზი მნიშვნელოვანია ჩემთვის. ცვლილებები საკმაოდ ხშირად ხდება იმიტომ, რომ ემოციური ადამიანი ვარ, იმპულსურიც შეიძლება ვიყო. ჩემზე ყველაფერი ძირფესვიანად მოქმედებს. ზოგჯერ ვამბობ ხოლმე, რომ თავიდან დავიბადე და ეს „თავიდან დაბადება“, აღმოჩნდა, რომ რამდენჯერმე უკვე შევძელი. 

-    უფრო ხშირად ეს ცვლილებები - მცირე ან დიდი - კარიერას უკავშირდება, თუ პირად ცხოვრებას? 
 

 

ჩემში დინამიკა არ ჩერდება და არ მგონია, რამეს ვაკლდებოდე.

-    პირადს, რა თქმა უნდა. ისე გამოვიდა, რომ ჩემთვის კარიერა ყოველთვის მეორე პლანზეა. ჩემ გარშემო რაც ხდება, იქიდან გამომდინარეობს კარიერაც, ოჯახთან და ახლობლებთან ურთიერთობაც. ამიტომ, ჯერ ყოველთვის ეგ მომენტი დგება - რაღაც მოხდა ჩემში.  ბევრჯერ მითქვამს, რომ ჩემგან დამოუკიდებლად მომყვება კარიერული ნაბიჯები თუ შემოთავაზებები. მე კი არ მივდევ, უბრალოდ,  ჩემთან ერთად არის. ასე გამიმართლა. 

-    თქვენ გითამაშიათ ამერიკულ ფილმებშიც და ქართულშიც. არსებითი განსხვავება თუ არის, როგორ კეთდება კინო ამერიკაში და საქართველოში? ტექნიკურ მხარეს არ ვგულისხმობ.

-    არსებითი განსხვავება ის არის, რომ  როცა ამერიკაში კინემატოგრაფი დაიბადა, იმის შემდეგ მხოლოდ იხვეწებოდა, იზრდებოდა და ვითარდებოდა. ჩვენთან კი ბოლო ათწლეულებში კინოინდუსტრია აღარ იყო. განათლებასაც დიდი ხარვეზები ჰქონდა. სტუდენტები ისე ამთავრებდნენ სწავლას, რომ კამერა არ სჭერიათ ხელში. ძალიან მიამიტური დამოკიდებულებაც მქონია მე პირადად, როდესაც აქტიურად ვიყავი ჩართული ქართული კინოს აღორძინებაში, თუ, რაც გინდათ, ის დაარქვით. მეგონა, რომ კინოს აღორძინება მხოლოდ ემოციის, სწორი დამოკიდებულების და ერთად დგომის თემა იყო. სინამდვილეში, ეს არის დიდი ცოდნის, დიდი შრომის და სამყაროს ერთიანობაში ჩართვის თემა. სერიოზული წყვეტის შემდეგ, ჩვენ ახლა ვდგამთ პირველ ნაბიჯებს, ახლა ვცდილობთ, ქართული კინო განვავითაროთ. ამერიკულ კინოს კი ევროპულიც ვერ შეედრება. ეს არის უზარმაზარი ინდუსტრია, რომელსაც სერიოზული ფული შეაქვს ქვეყნის ბიუჯეტში. მანდ აღარ არის ლაპარაკი გრძნობებზე. ჩვენ კი გრძნობებით ვიწყებთ. და ეს სწორია. პირველ რიგში, აქედან უნდა დაიწყოს. 

-    აქედან - საიდან?

-    როცა სტუდია „სანგუკო“ არსებობდა, ჩვენთან ბევრი სცენარი შემოდიოდა. და სულ მქონდა განცდა, რომ სცენარების უმეტესობა არ იყო გულიდან წამოსული. მხოლოდ იმაზე ისმოდა ლაპარაკი, რომ ახლა უნდა გადავიღოთ ხუთი კამერით; გვინდა ამხელა მასშტაბი; ბიუჯეტი გვჭირდება ათი მილიონი... მაშინ ჩვენი მოთხოვნები აბსოლუტურად არასწორი იყო. კინო ეგ არ არის. კინო არის, რომ ჯერ შენ შეიგრძნო და მერე მოახერხო, რომ რაც იგრძენი, სხვასაც გაუზიარო. ჩვენ გვინდოდა, რომ პირდაპირ ჩავრთულიყავით მსოფლიო კინოს კონტექსტში და, ამასობაში, ეს მთავარი პრინციპი დაგვავიწყდა. 

-    როცა კამერა უკვე ჩართულია და გიღებთ - ამერიკაში ხართ თუ საქართველოში - ამ შემთხვევაში, რა სხვაობაა? 
 

 

ზუსტად ეს ხასიათი მამყოფებს თავგადასავლებში.

-    შეიძლება, ამ მომენტში ამაზე ლაპარაკი უხერხულია იმიტომ, რომ დიდი ხანია, ამერიკულ წარმოებაში არ მიმუშავია. პირველად როცა დაიწყო ჩემი გზა, მაშინ ასე დაემთხვა, რომ რამდენიმე ფილმში ვითამაშე. მერე, თბილისში რომ დავბრუნდი, თითქოს, ეს ამბიცია მალაპარაკებდა, რომ მინახავს, როგორ მუშაობენ ამერიკაში, როგორ არის სწორი. ვცდილობდი, ჩემი პატარა გამოცდილება აქაურობისთვის მომერგო. მაგრამ აბსოლუტურად შორს ვიყავით იმისგან, რაც გვინდოდა, რომ გაგვეკეთებინა. როცა ჰოლივუდში კამერა ირთვება, შენ იცი, რომ ყოველი წამი შრომაში ხარ. იქ დროს ვერ დაკარგავ, ფულის მანქანა ირთვება და ყველა კონცენტრირებულია. როდესაც კამერა ირთვება, ვაკუუმში ვარდები და ყველა თავის საქმეს ასრულებს ასიანზე. მექანიკოსი იქნება, გამნათებელი, მსახიობი, რეჟისორი - სინქრონში მუშაობენ. საქართველოში შეჩვეული ვითომ თავისუფლებას, როცა ყველა თავის ნებაზე დადის, იქ უკვე გიჭირს პროფესიულ გარემოში. და ეს გარემო ძალიან შთამბეჭდავია. 

-    აქ ასეთი დისციპლინა არ არის, ცხადია. 

-    რა თქმა უნდა. საქართველოში, სადაც მიმუშავია, ყველგან ძალიან მეგობრული, ლაღი სიტუაცია იყო. ეს კარგთან და ცუდთან კავშირში არ არის. უბრალოდ, განსხვავებული გარემოა.  

-    თქვენ თქვით, როცა რეალური ცხოვრება და ტყუილი ცხოვრება ერთდება კინოში, მაშინ ჯადოსნური ნაპერწკალი იბადებაო. რას გულისხმობდით?

-    ეს არის უცნაური, ჯადოსნური მდგომარეობა, როცა არც რეალური არსებობს და არც არარეალური. იმ მომენტში მე მართლა მგონია, რომ ვარ ის, ვისაც ვთამაშობ. იმ მომენტში იმ გარემოსაც ასე ჰგონია. მაყურებელიც ყველაფერს იჯერებს. იმ რეალობაში არ არსებობს ამ რეალობის წესები. რაღაც ამაღლებულ, მედიტაციურ, ტრანსცენდენტულ მდგომარეობასთან ხარ ახლოს. სულ სხვა სიმშვიდის მომტანი მდგომარეობაა. მერე ამით იწამლები, რა თქმა უნდა. მერე ლტოლვა გიჩნდება, რომ რაღაცნაირად მიხვიდე მაგ წერტილამდე, სადაც შენს თავს დაკარგავ - იმას, რომელიც იცი, რომელსაც სწავლობ და რომელთან ერთადაც ცხოვრობ; ლტოლვა გიჩნდება, გახდე სხვა რამის - რაღაც დიდის - ნაწილი. 

-    ძალიან პატარა იყავით, 9 წლის, როცა გიო მგელაძის ფილმში „არა, მეგობარო!“ გადაგიღეს. შეიძლება თუ არა ვთქვათ, რომ როცა ლევან აბაშიძე თითქმის ერთდროულად ფილმშიც მოკლეს და ომშიც მოკლეს, მაშინ შეერთდა გამოგონილი და რეალური ამბავი და თქვენი ბავშვობაც მაშინ დამთავრდა?
 

 

ჩემი თავის და გარემოს ანალიზი მნიშვნელოვანია ჩემთვის.

-    ჩემი პირველი შეხება ჯადოქრობასთან, რა თქმა უნდა, ეგ იყო - გიო მგელაძის „არა, მეგობარო!“. ჩემი კონტაქტი მისტიკასთან ამ ფილმის შემდეგ მოხდა. ფილმს ერთად რომ ვუყუროთ, ზუსტად ისეთ მომენტებს ამოვწევ თქვენთვის, რომ დაინახავთ, როგორ შემოდის ძალიან უცნაური, პარალელური რეალობა. ამას სიტყვებით ვერ ახსნი. გააზრებული და შეგრძნებული მაქვს ყოველი დეტალი, მაგრამ მეც ვერ ვხსნი. არ ვიცი, საიდან მოდის და რა არის. 

-    მაგალითად?

-    მაგალითად, ერთი კადრია ფილმში, როდესაც ლევანს კლავენ. ფილმის ნაწილი გადაღებული იყო ლევანის სიცოცხლეში და დიდი ნაწილი გადაიღეს მისი სიკვდილის შემდეგ, სადაც ჩართეს „სუბიექტური კამერა“. ჩემი აზრით, მაგ მიგნებამ შექმნა ეს ფილმი. იქ არის ერთი მომენტი, როდესაც ლევანის ცხედარი საკაცით მოაქვთ გრძელ დერეფანში. თეთრი ზეწარი აქვს გადაფარებული. როდესაც საკაცე კამერასთან გაჩერდა, გიომ (რეჟისორმა) თქვა, მორჩა გადაღებაო. ოპერატორმა, რატომღაც, კამერა არ გათიშა. იქ რაღაც მომენტში ლევანი დგება და კამერაში ღრიალებს. მერე გიომ ეგ კადრი ჩასვა ფილმში. თითქოს, მისი სული ამოვიდაო, ისეთი ჯადოსნური მომენტია. კიდევ იმ კადრს გავიხსენებ, როცა ლევანი ვითომ ბაბუის საფლავზე მიდის ჯვრის გასაკეთებლად და, სინამდვილეში, თვითონ ლევანის საფლავია. მაყურებელმა ეს ხომ არ იცის, მაგრამ ამას ისეთი ენერგია მოაქვს, რომ ფილმის ჯადოსნურობას კიდევ მეტად ამყარებს. დამთავრდა თუ არა ჩემი ბავშვობა, როცა ლევანი მოკლეს? შეიძლება, ერთი მხრივ, ასეც ითქვას, თუმცა, ამაზე არ მიფიქრია. ეს კი ვიცი, რომ სწორედ მაშინ პირველად გაჩნდა ჩემს გონებაში კითხვა - საერთოდ, რა ხდება ჩემ გარშემო? ბავშვობა გრძელდებოდა, ნელ-ნელა იწყებოდა ფიქრი. ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი კი ის იყო, რომ როცა ლევანი გარდაიცვალა, მაშინ პირველად, სრულიად გააზრებული გადაწყვეტილება მივიღე: მინდა, რომ მსახიობი გავხდე.  

-    თქვენი ციტატაა: „რეალობა შენს ხელშია, მას ეთამაშები და შენვე ქმნი ამ რეალობას. ყველაზე მაგარი კინოში ჩემთვის სწორედ ეს არის - შექმნა შენი რეალობა.“ ფილმში მსახიობი ქმნის თავის რეალობას, თუ რეჟისორი? თითქოს, ასეა ცნობილი, რომ კინო რეჟისორის არის. 

-    საავტორო კინო, რა თქმა უნდა, რეჟისორს ეკუთვნის. მისი ხედვა წარმართავს ყველაფერს. მაგრამ ერთხელ ჩხუბი მომივიდა ოპერატორთან, რომელსაც წამოსცდა, მსახიობი მხოლოდ რეკვიზიტია კინოშიო. ამაზე ძალიან გავბრაზდი, მსახიობი როგორ დააკნინა-მეთქი. მაშინ პატარა ვიყავი. ახლა ასე შემიძლია, გიპასუხოთ: ჩემთვის ყველა ადამიანი, ვინც ფილმზე მუშაობს, ქმნის კინოს. ეგ არის ზუსტად კინოს საოცარი მუხტი, რომ სხვადასხვა ადამიანს აერთიანებს. ერთი თვე იქნება, თუ სამი თვე იქნება, ისინი ერთად, თავისი ცოდნით, ენერგიით, კინოს მიმართ სიყვარულით ქმნიან რაღაც მთლიანს. რა თქმა უნდა, ამის დირიჟორი არის რეჟისორი და ის აძლევს ყველას მიმართულებას. მაგრამ კარგი ოპერატორის გარეშე, კარგი მემონტაჟის გარეშე, კარგი მხატვრის გარეშე, კარგი მსახიობის გარეშე სრულყოფილი პროდუქტი არ იქმნება. თუმცა, რეჟისორი, რა თქმა უნდა, მთავარია. 
 

 

ჩემზე ყველაფერი ძირფესვიანად მოქმედებს.

-    კინოს მსახიობისთვის რამდენად მნიშვნელოვანია ლიტერატურის (ტექსტის) გაგება, ზოგადი კულტურა, განათლება? გინახავთ მსახიობი, ვისაც ეს არ ჰქონია, მაგრამ დიდი წარმატებისთვის მიუღწევია? 

-    ეს ყველაფერი პირობითი მგონია. ნიკ ნოლტზე გეტყვით, რადგან მასთან მისაუბრია ამ თემაზე. ნიკ ნოლტს უთქვამს, რომ დიდი განათლებით არ გამოირჩეოდა; წარმოშობით შუაგული ამერიკიდან იყო, რომელიც მოწყვეტილია კულტურულ ნაკადებს. მაგრამ  შინაგანად ინტერესიანი და გახსნილი ადამიანია, რომელსაც უბრალოდ ნიჭი აქვს, რომ ყველაფრისგან მიიღოს ინფორმაცია და ცოდნა. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მგონია, რომ მსახიობს, პირველ რიგში, სჭირდება ეს გახსნილობა, ანალიზი, ცნობისმოყვარეობა, შეფასების უნარი, თავის თავში ყველაფრის გადახარშვის და მერე ამის გარეთ გამოტანის უნარი. ეს არის მსახიობის განათლება - იმ სამყაროს შესწავლა, რომელშიც ხარ; იმ ადამიანების შესწავლა - ვისი კანიც უნდა გადაიცვა. ეს ცოდნა ნამდვილად სჭირდება მსახიობს. 

-    ერთი მხრივ, ამბობთ, რომ პერფექციონისტი ხართ, მეორე მხრივ, აირჩიეთ პროფესია, რომელშიც აკადემიური განათლება არ მიგიღიათ. ხედავთ წინააღმდეგობას ამ ორ ფაქტს შორის?

-    ხშირად მინატრია, რომ უფრო ღრმად მცოდნოდა ხელობა, ტექნიკური მხარე. თუმცა, მგონია, რომ პერფექციონიზმთან აკადემიური განათლება კავშირში არ არის. პერფექციონიზმში, ალბათ, უფრო იმას ვგულისხმობდი, ჩემს თავს რამდენად ბოლომდე გავწურავ; რამდენად ბოლომდე გამოვიტან ყველაფერს, რაც შიგნით მაქვს. ეს უნარი იხვეწება. ვერ ვიტყვი, რომ აბსოლუტური პერფექციონისტი ვარ. ეს არის გზა, რომელსაც გავდივარ და ამ გზაზე ვსწავლობ ყველაფერს. შეიძლება, აკადემიური მომენტი ამომივარდა ცხოვრებიდან, მაგრამ ვცდილობ, რომ დანაკლისი სხვა მხრიდან შევივსო. თუ იქნება საშუალება, შეიძლება, ვიღაცის ლექციას დავესწრო. მაგრამ ახლა, ამ ეტაპზე, მგონია, რომ უკან ვეღარ დავბრუნდები. უკუღმა სწავლას ვერ დავიწყებ. აწი უკვე წინ უნდა ვიარო. პერფექციონიზმი, ალბათ, ეგ არის ჩემთვის, რომ მაქსიმუმი გავაკეთო ყოველ მომენტში. 

-    თქვენი ერთი ციტატა მინდა, შეგახსენოთ: „ამერიკაში როდესაც ბევრ გლამურულ ღონისძიებას ვესწრებოდი, არასოდეს მომდომებია, გავრეულიყავი ამ ყველაფერში, დამემკვიდრებინა ჩემი ადგილი და მებრძოლა ამისთვის.“ თქვენივე განმარტებით, ამის მიზეზი ის იყო, რომ ბევრი სიყალბე დაინახეთ ჰოლივუდურ ცხოვრებაში და არ მოგინდათ, რომ სიყალბის ნაწილი გამხდარიყავით. ეს მაშინვე გააცნობიერეთ?  ამ გადაწყვეტილებამ ფაქტობრივად განსაზღვრა თქვენი შემდგომი ცხოვრება.
 

 

მაშინ ჩვენი მოთხოვნები აბსოლუტურად არასწორი იყო.

-    დიახ, ზუსტად ვიცოდი. იქ ბევრ რამეს ვერ ვხსნიდი იმ მომენტში, მაგრამ ზუსტად ვიცოდი, რა მაღიზიანებდა, რა არ მსიამოვნებდა, რა მიქმნიდა დისკომფორტს; რატომ აღარ მინდოდა, ვთქვათ, უფრო მეტის გაკეთება. იყო შემთხვევები, რომ სადღაც უნდა წავსულიყავი, ეს აუცილებელი იყო. მე კი რაღაც მომიმიზეზებია და არ წავსულვარ. ეს ძალიან გაჰკვირვებია ჩემს აგენტს, გაბრაზებულა, საყვედურიც უთქვამს. მაგრამ რაღაცნაირად ვერ ვაბიჯებდი ჩემს თავს. თუ ასეთ სიტუაციაში მოვხვდებოდი, არ მომწონდა ჩემი თავი ისეთი, როგორიც ვიყავი. არ მომწონდა ის ხალხი, ვინც ჩემთან ერთად იყო. ძალიან დიდი აცდენა ხდებოდა. მერე, დრო რომ გავიდა, ამაზე ბევრჯერ მიფიქრია. რომ უკითხავთ - რატომ წამოხვედი ჰოლივუდიდანო, პასუხი ხომ უნდა მქონოდა? ნელ-ნელა დავიწყე უფრო ღრმად ფიქრი იმაზე, თუ რა იყო ჩემი წამოსვლის კონკრეტული მიზეზი. და ყოველთვის ამ სიყალბესთან მივდიოდი. ყველა იღვწის, რომ ჰოლივუდში დამკვიდრდეს. ეს თუ არ გინდა, მაშინ იქ არც უნდა იყო. მაგრამ ვიღაც რეჟისორების და სცენარისტების გარემოცვაში ისეთი უცნაური რამ ემართებოდათ ჩემს მეგობრებსაც კი, რომ უკვე მათთანაც მიჭირდა ურთიერთობა; ისინიც რაღაცნაირად მეყალბებოდნენ. ალბათ, მეც ბევრი რამ გამიკეთებია ისეთი, რაც არ მომწონებია. სიყალბეც, შეიძლება, ყოფილა. მაგრამ ყოველთვის დროშა ჩნდება ხოლმე ჩემს თავზე, რომ ეს ის არ არის, რაც მე მსიამოვნებს, რაც მე მომწონს ჩემს თავში. კი, ძალიან სასიამოვნოა ყურადღება, ვერ ვიტყვი, რომ არ მომწონს წითელ ხალიჩაზე გამოსვლა. მაგრამ უფრო მეტად მომწონს ის მომენტი, როცა ვმუშაობ და პროცესში ვარ, როდესაც ჩემს პერსონაჟს ვქმნი.  ეს ისედაც რთულია და იქ კიდევ დაამატო, რომ სადღაც ჩაეწერო, ან სადღაც ვიღაცასთან ფავორიტებში მოხვდე - მე ეს არ შემიძლია. ესეც იყო მიზეზი, რის გამოც თავს გარიყულად არა, მაგრამ ცოტა გვერდზე ვგრძნობდი. 

-    ჰოლივუდში ვერ ვიპოვე ჩემი თავი და წამოვედიო, თქვენ თქვით. ეს მტკივნეული პროცესი იყო?

-    ბევრი ფიქრის და ანალიზის მერე ხვდები, რომ სულ არ არის ეს შენთვის საჭირო. ამის გარეშეც შეგიძლია. ჩემთვის წარმატებამ სხვა მნიშვნელობა შეიძინა: წარმატებაა, როცა საკუთარ თავში ჰარმონია მაქვს ნაპოვნი. ამის შემდეგ შემიძლია, უკვე კარიერაზეც ვიფიქრო.  ჩემი გზის გავლა, როგორც ჩანს, ქვეცნობიერად ასე გადავწყვიტე. მომწონს, როგორც განვითარდა ჩემი ცხოვრება საბოლოო ჯამში. 

-    მიგაჩნიათ თუ არა, რომ ყველა ადამიანს აქვს უნარი, თავისი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოს? თუ ამ უნარს ისეთი ფაქტორების ერთობლიობა ქმნის, რაც ყველას ვერ ექნება? 
 

 

ეს არის მსახიობის განათლება - იმ სამყაროს შესწავლა, რომელშიც ხარ.

-    ამ თემაზე ბევრს ვფიქრობ და ხშირად ვეწინააღმდეგები ჩემს თავს. მგონია, რომ ყველა მეტ-ნაკლებად ცდილობს, ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოს. მაგრამ ყველას ეს, ალბათ, არ შეუძლია. იქნებ, ნიჭიც არის, რომელიც ყველას ვერ ექნება. იმდენი კომპონენტია, რომ ამ ყველაფრის ერთად შეკრებას ვიღაცისთვის დიდი დრო სჭირდება; ვიღაცამ არ იცის, როგორ უნდა გააკეთოს. ისედაც ჩვენ არ შევდგებით ერთი რაღაცისგან - ან ინტელექტისგან, ან ინტუიციისგან, ან კარგისგან, ან ცუდისგან. კომპლექსური ორგანიზმები ვართ. დედაჩემს ბევრჯერ უთქვამს, ამერიკიდან როგორ წამოხვედიო. ვიღაცისთვის ჩემთან დაკავშირებით უკეთესობა სხვა რამეა და ჩემთვის - სხვა. მაგრამ ყველას ხომ ვერ დავაკმაყოფილებთ? 

-    მკაფიოდ ჩანს, რომ ჰარმონიული ხართ თქვენს თავთან ამაში - თუ რა არის თქვენთვის უკეთესი. არაერთხელ გითქვამთ: „მე ბედნიერი ვარ“. ამ თემაზე მინდა, შევჩერდეთ. თქვენთვის ბედნიერება მიზანია, რომელსაც მიაღწიეთ? თუ სწორი ნაბიჯების ერთობლიობაა, რომელიც თავს ბედნიერად გაგრძნობინებთ?

-    სწორი ნაბიჯების ერთობლიობაა. ჩემს ცხოვრებაში რადიკალური ცვლილება არ ყოფილა. ერთადერთი, იყო მოთხოვნილება, რომ საკუთარ თავს და გარემოს უფრო ჩავუღრმავდე. სიღრმემდე როდესაც მივალ, მერე კიდევ უფრო ღრმად ჩავიდე. მთავარია, არ გავჩერდე ერთ მდგომარეობაში, როცა, თუნდაც, ვამბობ: „მე ბედნიერი ვარ!“ ეს ბედნიერება, რაც შეიძლება მოპოვებული მაქვს ამ მომენტისთვის, გარანტირებული არ არის; ყოველ წამს შეიძლება, საფრთხე დაემუქროს. ჩემთვის მთავარია, რომ სულ იმ მიმართულებით ვიარო, რომელიც, შეიძლება, უკვე აღმოვაჩინე ჩემ თავში. იქნებ კიდეც გადავუხვიო, მაგრამ არ უნდა დავკარგო იმის ცოდნა, თუ სად დევს ეს ბედნიერება. ამის გარშემო ტრიალი არის პროცესი. დღეს შეიძლება აქ ვიჯდე და ყველაზე ბედნიერი ვიყო, და ხვალ უცებ რაღაცამ შემაშფოთოს, დავკარგო ბედნიერების აღქმა და სხვაგან წავიდე. როცა ვსაუბრობთ, ჩემებს სულ ვეუბნები, რომ თუკი გამოცდილებაში გაქვს ბედნიერების შეგრძნება, ეგ არ გავიწყდება და სულ რომ აუხვიო-გაუხვიო სადღაც სხვაგან, მაინც იმისკენ გაქვს მიდრეკილება. რაღაც დადებითი მუხტის მეხსიერება გაქვს ორგანიზმშიც, ქვეცნობიერშიც, ყველგან და ცდილობ, სულ იქით იარო. 

-    ბლეზ პასკალი ამბობდა, მხოლოდ მაშინ ვართ ბედნიერები, როცა ვგრძნობთ, რომ პატივს გვცემენო. თქვენ ორი გზა გქონდათ: ან ლოს-ანჟელესში უნდა გეცხოვრათ, ან თბილისში.  ესეც ხომ არ ქმნის ბედნიერების მუხტს, რომ ისეთი გადაწყვეტილება მიიღეთ, რომელიც არ იყო ადვილი და რომელიც აშკარად იწვევს თქვენ მიმართ პატივისცემას? 
 

 

ხშირად მინატრია, რომ უფრო ღრმად მცოდნოდა ხელობა.

-    საინტერესო კუთხეა. როცა შენს თავში ძლევ იმას, რაც არ მოგწონს, აუცილებლად გეუფლება განცდა, რომ რაღაცას მოერიე, რაღაცაში ძლიერი ხარ. შეიძლება, უმნიშვნელო რამე იყოს, მაგრამ სირთულის დაძლევა, გადაწყვეტილების მიღება ადვილი არ არის. ჩემს უფროს შვილს არაერთხელ უთქვამს: „რატომ იქ არ ხარ, რამდენ ცნობილ ადამიანს გაიცნობდი და მეც გამაცნობდი!“ თუნდაც ის, რომ ამას მნიშვნელობას აღარ ვანიჭებ და ამას უბრალოდ გადავაბიჯე, - ძალიან მამაგრებს. შენი გადაწყვეტილებით გადადგმული ყოველი სწორი ნაბიჯი, რა თქმა უნდა, გაძლიერებს. და ეს სიძლიერე, ალბათ, ახლოსაა ბედნიერებასთან. პატივისცემაზეც მინდოდა, მეთქვა. როდესაც პატივს გცემენ, დიდი ბედნიერებაა, მაგრამ როდესაც შენ სცემ პატივს სხვას, ესეც დიდი ბედნიერებაა. ბედნიერებაა, როცა შეგიძლია, მადლიერი იყო, თუნდაც, ადამიანის, თუნდაც, სიტუაციის - და ეს ყოველ წუთს გახსოვდეს. მადლიერება ძალიან დიდი რამ არის. 

-    როგორც წესი, ადამიანები ბევრად უფრო ემოციურად ეპყრობიან საკუთარ წარსულს და მომავალს, ვიდრე აწმყოს. თქვენ კი ამბობთ, რომ ცდილობთ, ახლანდელ მდგომარეობაში იყოთ, ანუ აწმყოში. აწმყოს შინაარსი რა არის თქვენთვის? 

-    რელიგიური თუ ფილოსოფიური აზრები აწმყოს შესახებ სულ არსებობს. აწმყო იდუმალებით მოცული მდგომარეობაა. პირადად მე წარსულის, მომავლის და მიმდინარე მომენტის ერთობას ვეძახი აწმყოს. ეს ყველაფერი ერთდება ჩემთვის აწმყოში. 

-    შეგიძლიათ, თქვენი ეს კომპლექსური აწმყო რამდენიმე ფერში აღგვიწეროთ? 

-    ჩემი აწმყო ძალიან ჭრელია. ამაზეც მიფიქრია. იმდენად ჭრელია ყველაფერი, თან ხასხასა, მართლა შეიძლება გაშეშდე. არ ვარ ის ადამიანი, რომ ყოველდღე იოგას ვაკეთებდე. არ მიყვარს რამეში გადავარდნა.  ვცდილობ, რომ ყველაფრისგან ავიღო ის, რაც ჩემთან არის ახლოს. მაგრამ მასწავლებელი მყავდა, რომელიც ერთ მედიტაციას მასწავლიდა: შესაძლებელია, ერთდროულად გაგიაქტიურდეს შენი ხუთივე გრძნობა. ეს ურთულესია. ვერ ვიტყვი, რომ შევძელი, მაგრამ არსს მივხვდი: როცა ახერხებ, რომ ყველა გრძნობა გქონდეს მაღალ ვიბრაციაში, მაშინ ხდები აბსოლუტურად ხელშეუხებელი; აღიქვამ ყველაფერს, რისი საშუალებაც გაქვს, როგორც ადამიანს და ამის შედეგად ძალიან ძლიერდები. დაახლოებით იგივეა ამ სიჭრელის აღქმაც - დიდ ძალას გაძლევს, სიდიდის შეგრძნებას და განცდას, რომ შენც ამ მთლიანობის ნაწილი ხარ. 

-    რა არის მთავარი, რაც აწმყოს შინაარსს ქმნის ახლა თქვენთვის? 

-    მადლიერების შეგრძნება - რომ ხარ ამ ადგილას და ხარ ისეთი, როგორიც ამ მომენტში ხარ. სულ მინდა, ეს მახსოვდეს. ეგ როდესაც მავიწყდება, მაშინ ვხდები ყველაზე უბედური. მაშინ ვარ უკმაყოფილო იმით, ამით... ის ნაკლები მაქვს, ეს მეტი მაქვს, კიდევ მეტი მინდა... როცა მადლობელი ხარ იმისთვის, რაც გაქვს - და ეს არ არის არც ბევრი, არც ცოტა - ამას როცა ახერხებ, თუნდაც, სულ ცოტა ხნით, მაშინვე შინაგანად წყნარდები. იმიტომ, რომ ხვდები - ყველაფერი გაქვს იმისთვის, რომ კარგად იყო. მაშინ შეგიძლია, იყო ბედნიერი. შენს ხელშია ეგ. 
 

 

ახლა, ამ ეტაპზე, მგონია, რომ უკან ვეღარ დავბრუნდები.

-    სულიერ წონასწორობასა და თავდავიწყებას შორის არჩევანი როცა გქონიათ, წონასწორობა თუ აგირჩევიათ ოდესმე? 

-    იმდენჯერ უნდა იყო თავდავიწყებაში, სანამ  ამ სულიერ წონასწორობასთან არ მიხვალ. რაც უფრო მეტჯერ ხარ თავდავიწყებაში, მით მეტად იგებ წონასწორობის აზრსაც და ფასსაც. მერე სხვანაირად აღარ გამოდის - აბსოლუტურად მიცემული ხარ ამ ბალანსის თავდავიწყებას. რადიკალური აზრები აღარ მოდის. ძალიან შორს ვარ უკვე იმისგან, რაც ადრე მქონდა - აგრესია. მგონია, რომ გზაზე დავდექი, მაგრამ ძალიან დილეტანტურ ეტაპზე ვარ. ჯერ იმდენი რამე არ ვიცი, მხოლოდ ინტერესით მივდივარ. და ეს ბალანსიც ჩემთვის ჯერ უცხოა. ვაკვირდები, როგორ არის. 

-    საინტერესოა? 

-    ძალიან. ეს არის მდგომარეობა, რომელიც აუცილებლად მოვა. იმიტომ, რომ უკვე გამოჩნდა. 

-    თქვენთვის ვინმეს თუ უგრძნობინებია, რომ განსაკუთრებული ხართ? არ ვგულისხმობ „ნუცა, რა ლამაზი ხარ!“ და ამის მსგავს კომპლიმენტებს.

-    რა თქმა უნდა, უგრძნობინებია, მაგრამ სხვაგვარად. ადამიანი რომ გაიგებს, შენ როგორი ხარ - შენი მინუსებით, პლუსებით... ვიღაც შენს ერთიანობას როდესაც აღიქვამს, - ეს გაძლევს შეგრძნებას, რომ მან შენი ხმა გაიგო. ძალიან სასიამოვნო შეგრძნებაა. 
 

 

წარმატებაა, როცა საკუთარ თავში ჰარმონია მაქვს ნაპოვნი.

-    ხომ არ გქონიათ განცდა, რომ როცა სხვამ დაგინახათ ისეთი, როგორიც ხართ, როცა მან თქვენი ხმა გაიგო, თქვენც ცოტა მეტი გაიგეთ საკუთარ თავზე? 

-    რა თქმა უნდა, ბევრად მეტი. როცა შენი ვიღაცას ესმის თავიდან ბოლომდე, თუნდაც, არ ესმოდეს, მაგრამ ცდილობდეს, რომ გაგიგოს... როცა ადამიანი თავის ენერგიას დებს იმაში, რომ მიგიღოს ისეთი, როგორიც ხარ... როდესაც მაქსიმალურად მოგყვება... ეს შენს თავზე კიდევ სხვა კუთხით გაფიქრებს. თითქოს, შუქის ქვეშ გაყენებს: აბა, მიდი, როგორი ხარ, რა ხარ. 

-    წარმატებული ქორწინების მთავარი საფუძველი რა არის?

-    ნებისმიერ ადამიანთან ერთი და იგივეა წარმატებული ურთიერთობის საფუძველი, ქორწინება იქნება, მეგობრობა თუ სხვა რამ. მგონია, რომ მთავარია, რამდენად შეგიძლია, შეაფასო და მიიღო ადამიანი. არ ჩადგე ბრძოლაში. და გასცე რაც შეიძლება მეტი სიყვარული. სიყვარულში შედის ყველა დეტალი: მოთმინება, გაგება, ენერგიის გაცვლა, სიბრაზის შებოჭვა. ბევრი კომპონენტია საჭირო, რომ ურთიერთობები იყოს სწორი, მართალი და ძლიერი. რაც უფრო მეტს გასცემ, ოდესმე მეტი დაგიბრუნდება.  გაცემაც ორმხრივი უნდა იყოს, ცალმხრივად არ გამოდის. 

-    ყველაზე მეტი, რაც ერთმა ადამიანმა შეიძლება გასცეს მეორისთვის - და მართლა არ აქვს მნიშვნელობა, რა ტიპის ურთიერთობაა - ეს არის სიყვარული და თავისუფლება. თუ შეგიძლიათ, რომ ერთნაირად მიანიჭოთ ადამიანს სიყვარულიც და თავისუფლებაც?

-    ჩემთვის ერთად არის, სინონიმებია თავისუფლება და სიყვარული. ერთმანეთის გარეშე არ არსებობს. სიყვარულში ისევ ვგულისხმობ ყველაფრის მომცველ ცნებას. ამას სჭირდება ძალიან დიდი დაკვირვება და დიდი შესწავლა - რა არის სიყვარული? ეს არ არის მარტივი მდგომარეობა - „მე შენ მიყვარხარ“. რას ნიშნავს, რომ გიყვარს? ეს არის ბევრი გავლილი გზის ანალიზის შედეგი, როცა შეგიძლია, თქვა: მე მიყვარს! რამდენჯერაც მარტივად მივუდექი ამ თემას, იმდენჯერ დავრწმუნდი, რომ ბევრად უფრო რთულია. თავისუფლებაც არ არის მარტივი. თავისუფლებას დიდი ბრძოლა, მოპოვება და შენარჩუნება სჭირდება, როგორც სიყვარულს. 

-    სამეცნიერო წიგნებია დაწერილი იმასთან დაკავშირებით, რომ არსებობს ეგოისტური სიყვარულიც, რომელიც გულისხმობს არა გაშვებას და გათავისუფლებას, არამედ ჩაბღაუჭებას და საკუთარ ყაიდაზე მორგებას. ეს დედაშვილურ სიყვარულსაც ახასიათებს. ცოდნა, რომ თავისუფლება და სიყვარული ერთია, ბევრ ადამიანს არ გააჩნია. 

-    დარწმუნებული ვარ, რომ სიყვარული ყველას შეგრძნებაშია, მაგრამ არ არის სრულყოფილი.

 
ეს აუცილებლად დაიკარგება და აუცილებლად გაითელება. აი, „კავკასიური ცარცის წრე“ არის ამის ფანტასტიური მაგალითი. ყველაზე ისეთი, ჩვენთვის ნაცნობი, ვითომ მარტივი - უცბად, რაღაც, ერთი შეხედვით. ის „გაშვების“ მომენტი არის, როდესაც შენ უშვებ და როდესაც შენ შეგიძლია თქვა, რომ მე არ... ანუ „მე“-ს როდესაც დააკნინებ და მოაშორებ, აი, მაშინ დგება უკვე ის რაღაც ჯადოსნული ნაპერწკალი... ზუსტად, აი, მანდ ჩნდება... აი, ეგ არის ნამდვილი სიყვარული. როდესაც შენ შენთვის კი არ გინდა, მისთვის გინდა.

ისევ გაცემასთან ვბრუნდები. როდესაც გასცემ, მაშინ შენ მთლიანობას ეძღვნები. ერთიანი, დიდი განცდა გეუფლება. თორემ „ჩემია“ და „მე-მე-მე“ - ეს პატარა გრძნობები მგონია. არ გაძლევს წინსვლის საშუალებას, გბლოკავს. 

-    როდესაც დედას ჰგონია, რომ შვილზე უკეთ იცის, მას რა სჭირდება; როდესაც ცოლი იბრძვის, რომ ქმარს დაუწესოს დალევის ან მოწევის ზღვარი, - რაგინდ კეთილი იყოს განზრახვა, ასეთი სიყვარული არის თუ არა ეგოისტური? 

-    რთული მომენტია, როდესაც იცი, რომ კონკრეტული რაღაც  მეორე ადამიანისთვის ცუდია და ამას მთელი შენი არსით ებრძვი. ამ დროს შენი სისწორეც კარგავს მნიშვნელობას. რისთვისაც იბრძვი, ისიც იკარგება. „მე“ არის ყველაზე რთული გასაშიფრი ადამიანისთვის. „მე“ - რას ნიშნავს? ყველაფერი აქედან გამომდინარეობს - რამდენად მაღლა წევ ამ შენს „მე“-ს და რამდენად შეგიძლია, რომ, პირიქით, სადღაც ქვემოთ ჩამოწიო.

 
ძალიან ბევრჯერ ყოფილა, რომ მე იმაზე მაღლა დამიყენებია ჩემი თავი, ვიდრე.. ძალიან ბევრჯერ... და ყოველთვის დავცემულვარ მაგის მერე, ყოველთვის.

ამან ძალიან კარგი გამოცდილება მომცა, ოღონდ, ამ გამოცდილებიდან უნდა გამოხვიდე მერე როგორღაც. 

-    თბილისთან დაკავშირებით რადიკალურად საპირისპირო ორი მოსაზრება გაქვთ გამოთქმული. ერთი მხრივ, ‘’ძალიან იგრძნობა ჩაკეტილობა. კლაუსტროფობიულია თბილისი ჩემთვის, აზროვნებითაც და შესაძლებლობებითაც.“ მეორე მხრივ, „მგონია, რომ თბილისი თანამედროვე ქალაქია. აქ სიახლეა საკუთარი აზრის თამამად გამოხატვა, ჩაკეტილი სივრციდან გამოვედით და ყველას შეუძლია მოიქცეს ისე, როგორც უნდა. თვითგამოხატვის ბუმია.“ დღევანდელ თბილისში თქვენთვის რომელი ტენდენცია ჭარბობს?
 

 

არ უნდა დავკარგო იმის ცოდნა, თუ სად დევს ბედნიერება.

-    ჩემთვის თბილისი ენერგეტიკული ძალების ცენტრია. არ არის შემთხვევითი, რომ ხან იმას ვამბობდი, ხან ამას. ერთად ხდება ეს ყველაფერი, ასე მგონია. ოქსიმორონივით არის - ორი საპირისპირო მოვლენის ერთობა ქმნის სიზუსტეს და სისწორეს. თბილისი რამდენადაც ჩაკეტილი და დაკომპლექსებულია, რამდენადაც უარყოფითი ენერგია დუღს, იმდენად ყოველ წამს არის მოთხოვნილება, რომ ეს შეიცვალოს. ორი აბსოლუტურად განსხვავებული ძალა იბრძვის მიწის ამ მონაკვეთზე, ალბათ, უკვე საუკუნეებია. ეს არის ერთგვარი ეპიცენტრი სამყაროსი, რომლის დუღილი, შინაგანი ხმა, მთელ მსოფლიოში იფანტება. ჩემია და, ალბათ, ამიტომ აღვიქვამ ასე. თუმცა, არ ვარ მარტო მე, ვისაც ეს უთქვამს. 

-    ჯამურად ეს ყველაფერი, რაც თქვით, მინუსს გვაძლევს თუ პლუსს?

-    პლუსს აუცილებლად. ყველაფრის მეტობაა. ცუდიც მეტია, კარგიც მეტია. რომ შეხედო ჩვენს ქვეყანას, გარემოს, არაფერი გვაკლია. ყველაფერი გვაქვს იმისთვის, რომ კარგად ვიყოთ. ისტორიულად ყოველთვის განსაკუთრებული მიწა იყო და განსაკუთრებული ამბები ხდებოდა ჩვენი ისტორიისთვისაც და მსოფლიო ისტორიისთვისაც. მეტობაა, რა თქმა უნდა. 

-    ჩვენს ქვეყანაზე მინდა, ვილაპარაკოთ. თქვენს ცხოვრებას წარმართავს თქვენი ბუნებრივი სურვილი, რომ იყოთ თავისუფალი. ამიტომაც შეარჩიეთ საცხოვრებლად საქართველო, ის გარემო, რომელიც მეტ თავისუფლებას გაძლევდათ. როგორ ფიქრობთ, ჩვენს ქვეყანას რისი დეფიციტი აქვს, რა აკლია იმისთვის, რომ თვითონაც შინაგანად გათავისუფლდეს? 

-    ქართველებს ეს გვაქვს - სულ ვიღწვით, ვიბრძვით, რომ თავისუფლება მოვიპოვოთ. ამავდროულად, ჩვენი ეს უზარმაზარი წარსული, თითქოს, უკან გვითრევს. საოცარი ბრძოლაა ჩვენს წარსულსა და ჩვენს მომავალს შორის. ამდენი ტრადიცია, ამხელა ეპოქები, ცნობიერი და ქვეცნობიერი მეხსიერება  - მგონია, რომ ეს გვამძიმებს. ჩვენ არ ვართ ახალგაზრდა ერი, უძველესი ერი ვართ. ამავდროულად, გადარჩენის საოცარი უნარი გვაქვს და მუდმივად თანამედროვეები ვართ. ჩვენი შინაგანი მდგომარეობა სულ ელტვის სიახლეს. სულ მანდ გვინდა, მაგრამ უკან გვხევს ჩვენი უძველესი წარსული და მეხსიერების ძველი კოდები. არ არის მარტივი მდგომარეობა. თუმცა, მთავარ გზაზე ვდგავართ, გზიდან არ გადაგვიხვევია. ხანდახან გვეშინია მიმდინარე მოვლენების გამო - მორჩა, დავიღუპებით... მაგრამ დიდ ჭრილში რომ ვუყურებ, სასაცილო მოვლენაა იმასთან შედარებით, რაც ოდესღაც გადაგვხდენია, რაც გაგვივლია. ის თუ გადავლახეთ, ამასაც მოვერევით. 
 

 

თუკი გამოცდილებაში გაქვს ბედნიერების შეგრძნება, ეგ არ გავიწყდება.

-    საქართველოში რამდენიმე წელიწადში ერთხელ ადამიანები გამოდიან პროტესტით და აქვთ ენერგია, რომ ყველაფერი შეცვალონ.  ცვლილების მერე იმედებით ვართ სავსე, მაგრამ გავა პერიოდი და ისევ დაგვაწვება წარსულის ტვირთი. ისევ თავიდან ვიკრებთ ენერგიას ბრძოლისთვის. ეს მოჯადოებული წრეა?

-    რამდენადაც ძველი ერი ვართ, იმდენად ახალი ერი ვართ. ახალია ჩვენთვის, რისი დაცვაც გვიწევს, რისთვისაც ბრძოლა გვიწევს. ჩვენ შინაგანად ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ და სწორადაც ვაკეთებთ, მაგრამ ამას ეტაპობრივად ვაცნობიერებთ, თითო მოგებული თუ წაგებული ბრძოლის შემდეგ. მგონია, რომ ეს გვზრდის. ამ დღეებში რაც მოხდა - იგივე დარბევა, იგივე გამეტება ადამიანების... ეს რამდენჯერ გვინახავს... მაგრამ ისეთ დეტალებში იყო განსხვავება, რომ  მივხვდი, რამდენად გაზრდილი ვართ, როგორც ერი; თუნდაც, ათი წლის წინანდელს რომ შეადარო. 

-    მაგალითად, რა იყო ასეთი? 

-    ფორმა იყო სხვანაირი. ადრე სულ დავდიოდი აქციებზე. ჩემს თავზე მაქვს გადატანილი მაშინდელი ემოციები. 20 ივნისს კი ტელევიზორში ვუყურებდი, რაც ხდებოდა. როცა გვერდიდან უყურებ, კიდევ სხვა ფაქტორებს აქცევ ყურადღებას. აქციის ფერი შეიცვალა, რაც უკვე ძალიან აშკარა იყო. ახალგაზრდების ვიზუალი, ფერები. ისეთი ჭრელი აქცია იყო... მახსოვს ძველი, ჩამუქებული აქციები. ახლა სულ სხვადასხვანაირი ხალხი იდგა მიტინგზე. შინაგანი ღვარძლი და სიბოროტე იქ არ იგრძნობოდა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მძიმე ღამე იყო, მქონდა განცდა, რომ ევროპის რომელიმე ქვეყნის აქციას ვუყურებდი. ვფიქრობდი - პარიზია? შინაგანი დაკმაყოფილება უფრო მეტი იყო ადამიანებში. ეს არ იყო რევანშისტული სულისკვეთების პროტესტი. 

-    ბოლო კითხვა მაქვს. თქვენი სიტყვებია: ‘’შინაგანად ყოველთვის ჩრდილში ყოფნა მერჩივნა. სწორედ მალვის სურვილმა განაპირობა ბალანსი ჩემს ცხოვრებაში“. დღესაც ვისაუბრეთ ამ თემაზე. ბალანსი თქვენი მთავარი საყრდენია? 
 

 

შენი გადაწყვეტილებით გადადგმული ყოველი სწორი ნაბიჯი გაძლიერებს.

-    რაღაცისკენ მიდიხარ და რომ გგონია, მიუახლოვდი, აღმოაჩენ, თურმე, ბევრად მეტი გაქვს დარჩენილი, ვიდრე გაიარე. ეგ არის მხოლოდ ბალანსი. ხანდახან შეიძლება არ ვგრძნობ თავს კარგად, ხანდახან კარგად ვარ...  ეს პროცესი მსიამოვნებს. ყველაფერი დანარჩენი - შვილები, ოჯახი, საქმე - ამის ნაწილია. მადლიერი ვარ, რომ საერთოდ შემიძლია, ვიყო ამ მდგომარეობაში - თუნდაც, ის ცოტა ხანი, რაც ჩემთვის არის განსაზღვრული. ეგ არის ზუსტად ის მომენტი, რაც უნდა შეირგო. ეს მომენტი ოცი წელი გაგრძელდება თუ ას ოცი - არავინ ვიცით. ეს დრო არის ის წამი და ის აწმყო, რაზეც ამდენი ვილაპარაკეთ. 

-    დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. ინტერვიუს დავასრულებთ თქვენი კომენტარით ცნობილი ადამიანების ორ გამონათქვამზე. პირველი ციტატა ეკუთვნის ფრანგ მწერალსა და ფილოსოფოსს ალბერ კამიუს (1913-1960): „იქ, სადაც ერთნი ხედავდნენ აბსტრაქციას, მეორენი ხედავდნენ ჭეშმარიტებას“. 

-    ეს მრავალფეროვნების ნაწილია - დიდი სპექტრი სრული ბუნდოვანებიდან სრულ მკაფიოობამდე... ერთი რეალობა და აღქმის მილიონი კუთხე. ეს არის, რაც განგვასხვავებს ადამიანებს: ერთი და იგივე ნივთი ან მოვლენა როგორ სხვადასხვანაირად შეიძლება იყოს აღქმული. ჩემთვის ბნელა, ვიღაცისთვის სინათლეა. ეს არის უზარმაზარი სპექტრის მოცემულობა, რაც ვიცით. დანარჩენი შეგვიძლია წარმოვიდგინოთ. და კიდევ რამდენი რამ არის, რაზეც წარმოდგენაც კი არ გვაქვს... 

-    მეორე ციტატის ავტორია ძველი ბერძენი ტრაგიკოსი ევრიპიდე (ძვ.წ. 480-406): „ადამიანები ვერ იცხოვრებდნენ, ღმერთებს რომ მათთვის დავიწყების უნარი არ მიენიჭებინათ.“ 

-    რაღაც რომ გეტკინება, დრო გადის და ტკივილს გავიწყებს. სულ აქტიურ მდგომარეობაში რომ იყოს ეს ტკივილი, ძალიან შეგაფერხებს, შემდეგ ეტაპზე ვერ გადახვალ. ეს ადამიანსაც ეხება და ქვეყანასაც. გადამწყვეტ მომენტებში მეხსიერების ტვირთი, თითქოს, ავტომატურად მსუბუქდება იმისთვის, რომ წინ წავიდეთ. მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ დაგვავიწყდა? ყველაფერი ვიცით, სინამდვილეში, უბრალოდ, ყოველთვის არ  გვახსოვს. ჩვენ იმდენი გზა გვაქვს გასავლელი, რომ ხსოვნაც და დავიწყებაც ამ გზის ნაწილია. 
 

ფოტომასალა: ირაკლი გედენიძე

გუნდი

ირაკლი გედენიძე

ზურაბ ქურციკიძე

გიო კუსიანი

გიორგი ურუშაძე

თამთა ყუბანეიშვილი

ნანა ყურაშვილი