×
„ყოველთვის განსხვავებულს ვქმნი“

ლევან კობიაშვილი

საქართველოს კულინარიული ფედერაციის თავმჯდომარე, ბრენდ შეფი


5027

ინტერვიუს შესახებ

გულჩათხრობილი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს და ბევრი ლაპარაკი არ უყვარს. მაგრამ ძალიან ყურადღებით გისმენს და არ გაწყვეტინებს - მოთმინება ყოფნის, ყველა ფრაზა დაგამთავრებინოს. დადებითად არის განწყობილი სამყაროს მიმართ და მოსწონს პოზიტივზე საუბარი. შემოქმედებითი აზროვნების აფიშირებას არ ცდილობს, თუმცა, მისი პროფესიული ცხოვრება სწორედ ამაზე დგას - ქმნის ბევრს და ერთმანეთისგან განსხვავებულს. 

არ ჰგავს საზოგადოებრივ ლიდერს, თუმცა, საკუთარ თავზე აქვს აღებული ეს ფუნქცია: საქართველოს კულინარიული ფედერაციის პრეზიდენტია. ამიტომაც მაინტერესებდა სწორედ მასთან საუბარი ქართული კულინარიის პრობლემებზე და მიღწევებზე. დავრწმუნდი, რომ, ჯერჯერობით, ინდივიდუალური საქმიანობა ბევრად უკეთესად გამოსდის, ვიდრე საზოგადოებრივი. თუმცა, საფუძვლიანი გეგმები ორივე მიმართულებით აქვს. 

გაიცანით ბრენდ შეფი ლევან კობიაშვილი, საქართველოს კულინარიული საზოგადოების ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი. 

ია ანთაძე

-    ბატონო ლევან, საქართველოში სტაბილურად კარგი რესტორანი თუ გეგულებათ - სადაც მიხვალ და დაგხვდება ზუსტად ის, რასაც ელოდები. თუ ყველა რესტორანი ლატარიასავით არის - ან გაგიმართლებს, ან არა?

-    ვფიქრობ, რომ ახლანდელ დროში უკვე არის ასეთი რესტორნები, სადაც ყოველთვის ერთი და იგივე ხარისხი დაგხვდებათ. თუმცა, ეს ტენდენცია ახალია და იმან განაპირობა, რომ შესაბამისი მოთხოვნა გაჩნდა ბაზარზე. რესტორნების დონეც ამაღლდა. 

-    ერთმანეთისგან რომ გავმიჯნოთ: ერთი მხრივ, კულინარია და, მეორე მხრივ, სარესტორნო ბიზნესის სხვა მხარეები - მართვა, ინფრასტრუქტურა, ლოჯისტიკა... დღეს რომელი უფრო ჩამორჩენილია და რომელს სჭირდება მეტი განვითარება?
 

 

კულინარიის დონეს მეტ-ნაკლებად ჩამორჩება რესტორნის მართვა.

-    ვფიქრობ, რომ კულინარიის დონეს მეტ-ნაკლებად ჩამორჩება რესტორნის მართვა. საერთოდ, ჩემი აზრით, რესტორნები სწორად არ იმართება. ეს იმის ბრალია, რომ რესტორნის გახსნა კი უნდა ბევრს, მაგრამ არ ესმის, ეს რა ბიზნესია. ჯობია, სანამ რესტორანს გახსნიან, კარგად გაერკვნენ, რა ბიზნესში იწყებენ საქმიანობას. მისცენ საშუალება კულინარებს, რომ თავისუფლად, ჩარჩოების გარეშე აკეთონ თავისი საქმე. კულინარი მაშინ არის კარგი, როცა საკუთარ ფანტაზიას, გემოვნებას და უნარებს იყენებს. თუ ამაში შეზღუდავ, არაფერი გამოვა. ხშირად არის ხოლმე, რომ რესტორნის მფლობელს უნდა, თავის გემოზე გაუკეთოს კერძები მზარეულმა. თავის გემოზე კი გაუკეთებს, მაგრამ ხალხს შეიძლება ეს სრულიად არ მოეწონოს. 

-    სამი სეგმენტი რომ ავიღოთ  - რესტორნის მფლობელი, მენეჯერი და შეფმზარეული  - რამდენად სწორად არის მათი ფუნქციები გამიჯნული ჩვენს რესტორნებში? ხომ არ არის დღეს ქართული სარესტორნო ბიზნესის მთავარი პრობლემა ამ სამი სეგმენტის ურთიერთობა?

-    მე ვფიქრობ, რომ ყველანაირი ვარიანტი შესაძლებელია.  შეფიც შეიძლება იყოს მფლობელი, თუ აქვს ის უნარები, რომ რესტორანს გაუძღვეს. მაგრამ ყველაფრის თავმოყრა რთულია, რადგან ამას სპეციალური ცოდნა სჭირდება. 

-    თეორიულად ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ დღეს რეალურად რა მდგომარეობაა? 

-    ასე ვიტყვი, რომ კარგი მდგომარეობა ნამდვილად არ არის. მაინც ყველა გადაწყვეტილება მფლობელთან მიდის. როგორც უკვე ვთქვი, პრობლემაა ნდობა რესტორნის მფლობელსა და შეფმზარეულს შორის. შეუძლებელია, მფლობელმა დაუწყოს კულინარიის სწავლება მზარეულს. უნდა მისცეს საშუალება, თავისი საქმე აკეთოს. ეს პრობლემა ნამდვილად არსებობს.

-    ფრანგული კულინარიული გზამკვლევის, „გო ე მიოს“ (Gault&Millau) შეფასებით, ოცქულიან სკალაზე საქართველოში საუკეთესო რესტორნის ქულა 14.5-ია („კაფე ლიტერა“). ქართულ რესტორნებს, ქართულ სამზარეულოს რა სჭირდება იმისთვის, რომ წინ წავიდეს საერთაშორისო შეფასების სისტემაში?  

-    მაინც იქამდე მივდივართ, რომ პირველ რიგში, კარგი განათლებაა საჭირო, პროფესიული კულინარიული განათლება. რატომ არის სარესტორნო ბიზნესი ამდენად წარმატებული ევროპაში? იმიტომ, რომ ძალიან მაგარი სკოლები აქვთ კულინარიული განხრით, სადაც გასტრონომიული ანბანიდან დაწყებული, ყველაფერს ასწავლიან:  თუნდაც, ღვინო; თუნდაც, პროდუქტების წარმოშობა, დასახელება, იერარქიები... ჩვენთან ასე არ არის. ჩვენთან კოლეჯს დაამთავრებ და მაშინვე შეფი ხდები. რესტორნის მფლობელსაც მიჰყავს ასეთი ახალგაზრდა სამუშაოდ იმიტომ, რომ ხშირად თვითონაც არ იცის, ვინ წაიყვანოს. თითქოსდა, პოპულარული პროფესიაა, ბევრი სწავლობს კულინარიის განხრით. მაგრამ, რეალურად, გამოცდილი კადრი ძალიან აკლია აქაურობას. 
 

 

ჩემი აზრით, რესტორნები სწორად არ იმართება.

-    სხვათა შორის, ყველა ამას ამბობს და, მეორე მხრივ, რამდენადაც ვიცი, კულინარიულ აკადემიაში 2022 წლამდე ყველა ადგილი შევსებულია. 

-    არამარტო აკადემიაში, პროფესიულ კოლეჯებშიც ჯამურად უამრავი სტუდენტი სწავლობს. ალბათ, კიდევ რამდენიმე წელი დასჭირდება, რომ ეს თაობა გაიზარდოს, გამოცდილება შეიძინოს. დღეისათვის კოლეჯის კურსდამთავრებული კარგი დამხმარის დონეზეა. მას კიდევ წლები სჭირდება თვითგანვითარებისთვის. 

-    ბაზრის მოთხოვნა და მიწოდება, რასაც განათლების სისტემა ახერხებს, რამდენად აცდენილია ერთმანეთს - რიცხობრივად და ხარისხობრივად?

-    რიცხობრივად შეიძლება არ იყოს აცდენილი იმიტომ, რომ წელიწადში, ალბათ, სამასი მზარეული ემატება საქართველოს. შეიძლება მეტიც.  მხოლოდ პროფესიულ კოლეჯ „იკაროსს“ წელიწადნახევარში 200-300 კურსდამთავრებული ჰყავს. მაგრამ მთავარია, რას და როგორ სწავლობენ სტუდენტები. მე თვითონ ვასწავლიდი და ბევრს არ აინტერესებდა, რას ისწავლიდა. ბევრი მართლა ტყუილად იყო. ერთ სტუდენტს რომ ვკითხე, რისთვის დადიხარ-მეთქი და მიპასუხა, საჭმელადო. წარმოიდგინეთ, მეცხრე კლასიდან გამოსული ბავშვი, რომელსაც კარგად არ აქვს გაცნობიერებული, რა პროფესიას უნდა, რომ დაეუფლოს. შეიძლება, სულაც იმიტომ მოვიდა კულინარიულ კოლეჯში, რომ მშობელმა მოიყვანა. ეს ეპოქაც უნდა დამთავრდეს: „სწავლა თუ არ გინდა, მზარეული მაინც გამოდი“. ასე არ ხდება. კულინარიას არ სჭირდება ის, ვისაც სწავლა არ უნდა. 

-    ვთქვათ, მონდომებული ახალგაზრდა მოვიდა. რას აძლევს მას ჩვენი სასწავლებლები?

-    მონდომებული ადამიანი, რომელსაც სწავლა არ ეზარება, ნამდვილად კარგ შედეგს მიაღწევს ქართულ ბაზარზე. ვინც მიზანმიმართულად იცის, რისთვის მოდის და რაში დებს ინვესტიციას, მას შეუძლია, ძალიან კარგად გამოიყენოს თავისი პროფესია. 

-    ანუ საქართველოში შესაძლებელია, რომ ადამიანი კულინარის პროფესიას შესაბამის დონეზე დაეუფლოს?
 

 

პრობლემაა ნდობა რესტორნის მფლობელსა და შეფმზარეულს შორის.

-    დიახ, ეს შესაძლებელია, მაგრამ საკმარისი არ არის იმისთვის, რომ სწავლას დაამთავრებ თუ არა, შეფმზარეული გახდე. საზღვარგარეთ ზოგი ხუთი წელი, ზოგი ათი და თხუთმეტი წელი შრომობს, რომ შეფმზარეულის კვალიფიკაციას მიაღწიოს. 

-    როგორც ვიცი, ძალიან ძვირი ჯდება იმ პირობების მომზადება, იმ გარემოს შექმნა, რომ კულინარია კარგად ასწავლო ახალგაზრდებს. 

-    დიახ, ასეა. 

-    საქართველოში რამდენია ასეთი კერა, სადაც კულინარიას მეტ-ნაკლებად სრულყოფილად ასწავლიან? 

-    სრულყოფილად, ანუ ევროპის ხარისხით რომ ასწავლო, შესაბამისი რესურსი უნდა ჩადო. ევროპაში ასეთი სკოლები წელიწადში 20 000-დან 50 000 ევრომდე ღირს. რა თქმა უნდა, იქ ყველანაირ პროდუქტზე მუშაობას ასწავლიან. აქ კოლეჯს ბევრი ისე ამთავრებს, რომ, ვთქვათ, ლობსტერი არ დაუმუშავებია. რისი საშუალებაც აქვთ, თანხის გათვალისწინებით, იმით კმაყოფილდებიან. ვიცი, რომ ყველა მაქსიმალურად ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ცოდნა მისცეს სტუდენტებს, მეტი ასწავლოს. მაგრამ ბიუჯეტი ძალიან მცირეა. 

-    რითი ხსნით, რომ კერძო სკოლებში გადასახადი ბევრად მეტია, ვიდრე კულინარიულ სასწავლებელში? 

-    კულინარიული სასწავლებლების ნაწილი სახელმწიფოს ბალანსზეა. მაგრამ დაფინანსება მწირია და კვალიფიციურ სწავლებას არ ყოფნის. ასი სტუდენტისთვის თითო ლობსტერი რომ შეიძინოს სასწავლებელმა, რამდენი ათასი ლარი დაუჯდება? საზღვარგარეთ დებენ ამ ინვესტიციას კულინარიის სწავლაში, რადგან თუ ადამიანი ნამდვილად მონდომებული და ნიჭიერია,  ეს დანახარჯი აუცილებლად დაუფასდება. 

-    საქართველოში ყველაზე დიდი ხანგრძლივობის სწავლის პერიოდი რამდენია? 
 

 

კულინარიას არ სჭირდება ის, ვისაც სწავლა არ უნდა.

-    ფაქტობრივად, ყველგან წელიწადნახევარი გამოდის ჯამური სწავლება. მთელ ევროპაში კი არის სამი წელი კულინარია, პლუს ერთი წელი შეფის მენეჯმენტი. 

-    ტენდენცია რომ დავინახოთ და წინაც გავიხედოთ, თქვენი აზრით, რამდენი წელი დასჭირდება საქართველოს, რომ „მიშლენის“ კულინარიული გზამკვლევის რუკაზე გამოჩნდეს? ან, იქნებ, ეს არასდროს მოხდეს?

-    დიახ, შეიძლება, არც არასდროს მოხდეს. ეს ქვეყნის და მთავრობის პრეროგატივაა. იმიტომ, რომ სანამ „მიშლენი“ რომელიმე ქვეყანაში შევა, პირველ რიგში, იმ ქვეყანაში გზების მდგომარეობას აფასებს. „მიშლენი“ უზარმაზარი კომპანიაა, რომელმაც საბურავების გაყიდვით დაიწყო და მერე შექმნა თავისი კულინარიული გზამკვლევი. როდის გვექნება ბოლომდე გამართული გზები, როდის ჩაატარებს ქვეყანა „ფორმულა 1“-ის ჩემპიონატს (რაც „მიშლენისთვის“ ერთ-ერთი კრიტერიუმია) - ეს მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს. 

-    „გო ე მიოს“ კრიტერიუმებით რომ წავიწიოთ წინ რამდენიმე ქულით, ამის პერსპექტივას როგორ უყურებთ?

-    ეს პერსპექტივა ისევ განათლებას უკავშირდება. მზარეულმა ახალი ტექნიკით მუშაობა თუ არ ისწავლა, ახალი ტექნოლოგიები თუ არ აითვისა - ამის გარეშე წინ ვერ წავალთ. 

-    ერთ კონკრეტულ მაგალითს გეტყვით. ცნობილი ქართველი შეფი და რესტორატორი თეკუნა გაჩეჩილაძე ნიუ იორკში რომ წავიდა და კულინარიის სკოლაში დაიწყო სწავლა, თავიდანვე 20 000 დოლარი დასჭირდა. ალბათ, ერთი წლის გადასახადი იყო. მერე კიდევ მეორე წელი ისწავლა და ცხრა თვე პრაქტიკა ჰქონდა. თქვენ 26 წლიანი გამოცდილება გაქვთ ამ სფეროში, მაგრამ აკადემიური განათლება არ მიგიღიათ, როგორც ვიცი. 

-    ევროპაში არ მისწავლია. საქართველოში იმ დროისთვის რაც კი იყო საუკეთესო სასწავლებელი კულინარიაში - ექსტერნად მაქვს ჩაბარებული და დიპლომიც აღებული მაქვს. 
 

 

მონდომებული ადამიანი კარგ შედეგს მიაღწევს ქართულ ბაზარზე.

-    გიგრძვნიათ თუ არა  თქვენს პროფესიაში აკადემიური განათლების დეფიციტი? შედეგი ის არის, რომ თეკუნაც და თქვენც წარმატებული შეფები ხართ. მაგრამ პირადად თქვენ თუ გაქვთ განცდა, რომ სწავლა დაგაკლდათ?

-    არა, განათლების დეფიციტს არ შევუწუხებივარ. უცხოური დიპლომი არ მაქვს, მაგრამ, ვფიქრობ, რომ არანაკლები განათლება მივიღე უცხოელებთან ურთიერთობით. ძალიან დიდი პრაქტიკა მაქვს. ყოველ წელიწადს მეც დავდივარ უცხოეთში, ხან ვესწრები და ხან ვატარებ მასტერკლასებს. ახლაც არის შესაძლებელი, რომ ვისწავლო და ის აკადემიური დიპლომი ავიღო. 

-    მაგრამ არ თვლით საჭიროდ?

-    ცუდი არ იქნებოდა. სიამოვნებით წავიდოდი ერთი წელი, ვთქვათ, ბასკეთის კულინარიულ ცენტრში. უბრალოდ, ახლა არც ამის დრო მაქვს და  20 000 დოლარსაც ვერ გადავიხდი იმის სწავლაში, რაც უკვე ვიცი. ევროპული დიპლომი ამდენი არ მიღირს. 

-    თქვენ ბრძანეთ: „ჩვენს ქვეყანაში ერთადერთი დაბრკოლება ის არის, რომ ქართველ მზარეულებს განვითარებისთვის ფინანსები არ ჰყოფნით.“ - რას გულისხმობდით? 

-    თუნდაც იმას, რომ მეც კი არ მაქვს საშუალება, წავიდე და სწავლაში დიდი თანხა გადავიხადო. არც არასოდეს მქონია ამის საშუალება, თუმცა, სწავლა ყოველთვის ძალიან მინდოდა. დღესაც იგივე პრობლემაა, ბევრს უნდა სწავლა, მაგრამ ფინანსების გამო უცხოეთში ვერ მიდიან და სათანადო განათლებას ვერ იღებენ. პედაგოგები რომ ჩამოიყვანო და ერთთვიანი ან ორთვიანი სწავლება ჩაატარონ, ამასაც არავინ აკეთებს. ჩამოდის გამოცდილი შეფი, ერთდღიან წვრთნას ჩაატარებს, ახალ ტექნიკას დაინახავ, თუ პროფესიონალი ხარ, რაღაცას აითვისებ, მაგრამ ეს ის სწავლა არ არის, რაზეც ახლა ვლაპარაკობთ. ახალგაზრდებმა, იმ თაობამ, რომელიც ჩვენს მერე უნდა მოვიდეს, რამე ჩვენზე უკეთესი ხომ უნდა გააკეთოს?! 

-    თქვენ 2016 წელს შექმენით კულინარიული ფედერაცია და მისი პრეზიდენტი ხართ. იყო თუ არა ეს ნაბიჯი გადადგმული იმისთვის, რომ ფედერაციას ეზრუნა კულინარიული ბიზნესის  სისტემური განვითარებისთვის? 
 

 

ბარბარეს წიგნი მთელი საქართველოსია.

-    ჩვენთან ასეთი ორგანიზაცია არ არსებობდა. მთელ მსოფლიოში არის ფედერაციები, ასოციაციები... ჩვენ გვინდოდა, რომ ეს ფედერაცია კულინარებს დახმარებოდა განვითარებაში, საჭირო უნარების შეძენაში. გვინდოდა, ჩატარებულიყო ჩემპიონატები მზარეულებს შორის. ერთხელ ჩავატარეთ ასეთი ჩემპიონატი და საქართველოს საუკეთესო კულინარი გამოვავლინეთ. იმის შემდეგ არ ჩატარებულა. რესურსი სჭირდება ამ საქმეს. ძალიან რთულია სპონსორებთან საუბარი. ყველა შორიდან გიყურებს - გააკეთე და თუ გამოვა, მერე მოვალთ...

-    თუ გაქვთ სურვილი, რომ თქვენი ფედერაცია იმ პლატფორმად გადაიქცეს, სადაც წარმატებული შეფები მოვლენ და დარგის გამოწვევებზე, მის განვითარებაზე ისაუბრებენ?
 

-    დიახ, მზად არიან. ახლა შევკრიბე გუნდი და ამ გუნდთან ერთად ზუსტად ამ გზით მინდა, წავიდე - ყველა შეფმზარეული მოვიწვიო, ყველას ვესაუბროთ. მე დავაფუძნე, მაგრამ ეს ფედერაცია ჩემი არ არის, ქვეყნის არის. სტრუქტურა ისეა ჩამოყალიბებული, რომ მუდმივად მე არ ვიქნები, როტაცია იქნება არჩევნებით. ვფიქრობ, მოვახერხებ, რომ ყველანი დავსხდეთ და ჩამოვყალიბდეთ, რა აჯობებს ქვეყნისთვის, რა მიმართულებით წავიდეთ, როგორ დავეხმაროთ ახალგაზრდებს...

-    ამ ფედერაციის საქმიანობას ვინ აფინანსებს, ან ვინ უნდა დააფინანსოს? 

-    ჯერჯერობით, არავინ აფინანსებს. იქნება საწევრო გადასახადი, იქნებიან სპონსორები და თუ მთავრობაც ხელს შეგვიწყობს, მთლად უკეთესი. თუმცა, ამ საკითხით ჯერ არავისთან მივსულვართ. 
 

 

ახლა ყველა გადასულია ბებიის რეცეპტზე.

-    თქვენი ერთი ჩვეულებრივი სამუშაო დღე როგორია?

-    რა გითხრათ, აბა? ვდგები და გამოვდივარ სამსახურში (იცინის). 

-    რა არის თქვენი სამსახური?

-    სამზარეულო, რა თქმა უნდა. 

-    სად?

-    დღეს, მაგალითად, აქ ვმუშაობ, რესტორანში „ანდროპოვის ყურები“. 

-    თქვენი ხელით ამზადებთ დღეს აქ რამეს? 
 

 

ყოფილა შემთხვევა, რომ ვერაფერს ვფიქრობ: „რა გავაკეთო?“

-    არა, ახლა აქ ცოტა სხვა ეტაპზე ვარ. აქაური მენიუს გადაკეთების პროცესი მიმდინარეობს. აბსოლუტურად ვცვლით ფორმატს. ადრე ეს თევზის რესტორანი იყო. ახლა ქართული შტრიხებით, ქართული მიმართულებით წავალთ. საავტორო სამზარეულო იქნება. ჩემი სურვილია, „ანდროპოვის ყურები“ ერთ-ერთი საუკეთესო რესტორანი იყოს. ალბათ, ყველა შეფის სურვილიც ეს არის, რომ მისი რესტორანი იყოს საუკეთესო. ასე რომ, ახალ მენიუზე ვმუშაობთ. გუნდთან ერთად, ყოველდღე ვფიქრობთ, რა გავაკეთოთ. მიზნებს ვისახავთ და ვასრულებთ. ხან გამოგვდის, ხან არ გამოგვდის. მერე ვფიქრობთ იმაზე, რომ რაც არ გამოვიდა, როგორ გამოვიყვანოთ. ეტაპობრივად მივყვებით. ყოველდღე ერთი და იგივე პროცესია. იქმნება ახალი მენიუ და ამას ყოველდღიური მუშაობა სჭირდება.

-    რამდენი რესტორნის აწყობაში გაქვთ მონაწილეობა მიღებული? 

-    უჰ, რა ვიცი. ბოლო რამდენიმეს ჩამოვთვლი - „ბარბარესთან“, „მეამა“, აჭარაში „სახლი“ და ოდესაში რესტორანი „კარები“ (Doors). 

-    „მეამაში“ დაასრულეთ უკვე საქმიანობა?

-    „მეამაშიც“, „ბარბარესთანაც“, „სახლშიც“.

-     „ბარბარეში“ თქვენ შექმენით მენიუ მეცხრამეტე საუკუნის რეცეპტების მიხედვით. 

-    დიახ, ამ რეცეპტების ფუძე შევინარჩუნეთ, გემოები და ჩემი ინტერპრეტაციებიც დავამატე, რა თქმა უნდა. 

-    ის მენიუ თქვენი საკუთრებაა თუ რესტორნის? არ ვიცი, კანონმდებლობა თუ არსებობს ამ საკითხთან დაკავშირებით. 

-    მეპატრონეებსაც კარგად არ ესმით ეს საკითხი. არ არის შესაბამისი კულტურა ჩამოყალიბებული. ნებისმიერი რეცეპტი, რომელიც შეფმა შექმნა, არის იმ შეფის და არა რესტორნის. 

-    ამ საკითხს რა არეგულირებს საქართველოში? 

-    აქ რესტორნის მფლობელს ჰგონია, რომ რადგან შეფმზარეულს ფულს უხდის, რეცეპტები მისია. ყველგან პირიქითაა, რეცეპტები არის შეფის. როცა ძველი შეფმზარეული მიდის და ახალი მოდის, ასე ხდება:

 
მეც, სადაც არ უნდა მივიდე, იმ მენიუს გვერდზე ჩავაჩოჩებ იმიტომ, რომ არ მჭირდება, ეს არის იმ შეფის - და მე გავაკეთებ ჩემსას, ახალს.

-    ეს თქვენი ახალი მენიუ შეიძლება ისევ ბარბარე ჯორჯაძის რეცეპტებზე იყოს დაფუძნებული? 
 

 

არ არის კარგი კოლეგებზე ლაპარაკი.

-    დავიწყოთ იმით, რომ ბარბარეს წიგნი მთელი საქართველოსია. ნებისმიერს შეუძლია, აიღოს რეცეპტი და თავისი ინტერპრეტაციით შექმნას, რაც უნდა. კი ბატონო, გამოიყენონ ისიც, რაც მე შევქმენი, მაგრამ იმას სახელი მაინც ჩემი ჰქვია. საერთოდ, ვცდილობ, ერთი პროექტი მეორეს არ დაემსგავსოს. ყოველთვის განსხვავებულს ვქმნი. აქაც - „ანდროპოვის ყურების“ მენიუ - არც „ბარბარეს“ დაემსგავსება, არც „მეამას“, ცოტა სხვა რამ იქნება. 

-    კანონმდებლობით თუ არის ეს საკითხი მოწესრიგებული? 

-    ამის კანონმდებლობა არ არსებობს, მე მგონი. 

-    საავტორო კერძის დაპატენტება თუ შეუძლია მზარეულს?

-    კერძების დაპატენტების ანალოგი მსოფლიოში არ არსებობს. 

-    ეს კი მესმის, რომ მთელ მსოფლიოში არავინ აღარ მალავს რეცეპტებს და ცნობილი შეფები წიგნებს გამოსცემენ საკუთარი რეცეპტებით. 

-    რატომ არ პატენტდება და რატომ არ მალავს თავის რეცეპტს არცერთი შეფი? იმიტომ, რომ იმ შეფს აქვს უნარი, რომ ყოველდღიურად, ყოველთვიურად, ყოველწლიურად განვითარდეს და უკეთესი რეცეპტი შექმნას; უკეთესი თუ არა, უამრავი რეცეპტი შექმნას და ამის არ ეშინია. წიგნებს გამოსცემენ მაშინ, როცა მენიუ უკვე ძველდება. შეფმა შექმნა ახალი, ძველ რეცეპტებს კი წიგნად ყიდის. საერთოდ, ასე ხდება. 

-    ბევრ სფეროში არსებობს კარგი ორიგინალის ცუდი ანალოგი. თქვენი რომელიმე ცნობილი კერძის ცუდი ანალოგი რომ გააკეთოს ვინმემ და თქვას, რომ თქვენი კერძისგან მიიღო ინსპირაცია, - ნორმალური საქციელია თქვენს წრეში?

-    კი ბატონო, შეუძლია, რა თქმა უნდა. დაპატენტებულიც რომ გქონდეს რამე, მის სახელს ვეღარ დაარქმევს სხვა, თორემ ორი ინგრედიენტი რომ შეცვალოს და თვითონ დაამზადოს, ვერავინ მოედავება. ის უკვე სხვა კერძია. 
 

 

ოქროს პრინციპია: „ჯერ კოლეგებს ეცი პატივი და მერე იყავი მზარეული.“

-    ნორმალურ საქციელად ითვლება?

-    მე არ ავდგები და სხვა შეფის გაკეთებულს არ გამოვიყენებ, არ გავიმეორებ. ცუდი ტონია იმისთვის, ვინც იმეორებს და არა იმისთვის, ვინც კერძი პირველმა დაამზადა. 

-    ქართულ კულინარიას აქვს განახლების ამოუწურავი რესურსი? თუნდაც, იმ პროდუქტების გათვალისწინებით, რაც საქართველოში მოიპოვება? 

-    ამოუწურავია ზუსტად. ეს ისეთი სფეროა, რომ თქვა - აი, უკვე ყველაფერი ვისწავლე და სწავლა დავასრულე -  გამორიცხულია. ერთი და იმავე ინგრედიენტით ბევრნაირი კერძი შეიძლება შექმნა. ეს რომ შეძლოს ადამიანმა, სწორედ ამისთვის არსებობს ახალი ტექნიკა და ტექნოლოგიები. ესენი თუ არ იცი, მაშინ ბევრს ვერ შეძლებ. 

-    ესე იგი, მარტო ფანტაზიით, შემოქმედებითი მიდგომით მუდმივად ახალ კერძებს ვერ შექმნი?

-    მარტო ფანტაზიით გამორიცხულია. ტექნიკაც უნდა გქონდეს და ტექნოლოგიებსაც კარგად უნდა ფლობდე. ზუსტად ეს აკლია ჩვენს ქვეყანას. არადა, ყოველ წელს ვითარდება და იცვლება ტენდენციები. ათი წლის წინ შემოვარდა მოლეკულარული გასტრონომია, მერე გაქრა, ახლა ყველა გადასულია ბებიის რეცეპტზე, სხვადასხვა ინტერპრეტაციით. ჯანსაღი პროდუქტების მიმართაც დიდი ინტერესია. 

-    დაღესტნის ტელევიზიაში იყავით სტუმრად და იქ თქვით, წინ რომ მიწყვია ინგრედიენტები, მაშინ მებადება ახალი აზრებიო. 

-    სხვადასხვანაირად ხდება. ყოფილა შემთხვევა, რომ ვერაფერს ვფიქრობ: „რა გავაკეთო?.. რა გავაკეთო?..“ და რომ დამიწყია კეთება, მერე თვითონ მოსულა იდეები - ეს ვცადო, ეს ამასთან გავსინჯო... მერე იხსნება ფანტაზიები. 
 

 

რისი თავიც გაქვს, ის უნდა აკეთო.

-    ანუ სიახლე  პრაქტიკაში მოდის და არა ცნობიერებაში? 

-    არა, ჯერ ყველაფერი არის ცნობიერებაში. რა შეიძლება, რა ფორმით, რანაირად, თეფშზე როგორ უნდა დადო. ყველაფერს აჯამებ. მერე უკვე იწყებ კეთებას. მაგრამ შეიძლება, სრულყოფილი არ გამოვიდეს. დამუშავება სჭირდება ყველაფერს, რომ საბოლოო შედეგამდე მიხვიდე. 

-    თქვენ ამბობდით, საქართველოში კულინარებს შორის ჯანსაღი კონკურენცია არისო. არსად წავწყდომივარ თქვენი მხრიდან კოლეგების კრიტიკას. სხვებისგან კი მსმენია, რომ ქართულ ბაზარზე შეფებს შორის ნდობა ნულის ტოლია. თქვენ პირადად გაქვთ „ოთხი ხელის მენიუს“ პროექტში მონაწილეობის გამოცდილება უცხოეთში. „მიშლენის“ სამი ვარსკვლავის მფლობელ უცხოელ შეფთან ერთად გაგიკეთებიათ მენიუ. 

-    არაერთხელ. 

-    ეს არის გახსნილი სისტემა, სადაც შეფები ერთად ამზადებენ კერძებს სტუმრებისთვის. თუ არ ვცდები, საქართველოში არცერთი საჯარო სივრცე და ღონისძიება არ არის, სადაც შეფები თანამშრომლობენ („მასტერშეფს“ თუ არ ჩავთვლით, კულინარიულ გადაცემას, რომელიც საქართველოს პირველ არხზე გადის). ეს უნდობლობა ჯანსაღ კონკურენციას ხელს არ უშლის? 

-    ჩვენ ეს პრობლემა ყველა სფეროში გვაქვს, რომ ერთმანეთზე რაღაც უნდა ვთქვათ - „მე იმაზე უკეთესს ვაკეთებ!“ „მე იმას ვჯობივარ!“ თუ კარგი შეფმზარეული ხარ, ასე არ უნდა ილაპარაკო. არ არის კარგი კოლეგებზე ლაპარაკი. ჯობია, საქმე აკეთო და ხალხმა ნახოს, ვინ ვისზე უკეთესია. პირიქით, მე მიმაჩნია, რომ ყველამ უნდა ვიმეგობროთ, ამ მეგობრობით ქვეყანა ცოტა წინ წავწიოთ და ახალ თაობას მაგალითი მივცეთ. ოქროს პრინციპია მთელ მსოფლიოში: „ჯერ კოლეგებს ეცი პატივი და მერე იყავი მზარეული.“ 

-    თქვენ კი ამბობთ, ერთად უნდა ვიყოთო, მაგრამ სინამდვილეში რომ სხვა მდგომარეობაა, რატომ არ შეიძლება, ამაზე ვინმემ ილაპარაკოს? 

-    პრობლემა მაშინ იწყება, როცა ამბიცია მეტი გვაქვს, ვიდრე შესაძლებლობები. ახალი თაობა მოდის ასეთი - მათი ამბიცია უსწრებს მათ შესაძლებლობებს. ამიტომ არის საჭირო სწორი განათლება, როცა კარგად აგიხსნიან და გასწავლიან, რომ  საკუთარ თავზე ზევით არ უნდა ახტე; რისი თავიც გაქვს, ის უნდა აკეთო. 

-    თქვენი აზრით, აქედან მოდის სხვისი კრიტიკის სურვილი? ერთ-ერთი ახალგაზრდა შეფი ამბობდა საჯაროდ, არცერთი ქართველი შეფის რჩევას არ მივიღებ, იმიტომ, რომ არ ვენდობიო. 
 

 

აქ ვნახე სულ სხვა გემოები და სულ სხვა საქართველო.

-    ძალიან ცუდია ასეთი დამოკიდებულება. თუ ხარ კულინარიაში, უნდა იცოდე, ვისგან მიიღო რჩევა. ძალიან კარგად უნდა ერკვეოდე პროფესიულ გარემოში. 

-    თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ შესაძლებელია სასარგებლო რჩევების მიღება ქართველი კოლეგებისგან? 

-    რა თქმა უნდა. 

-    თქვენ, მაგალითად, მიმართავთ ვინმეს რჩევისთვის?

-    მე ნებისმიერისგან მივიღებ რჩევას, როცა დამჭირდება. 

-    საქართველოში არიან ადამიანები, რომლებსაც იმდენად ენდობით, რომ პროფესიული რჩევა მიიღოთ მათგან? 

-    როგორ არ არიან. თუნდაც, თეკუნა გაჩეჩილაძესთან, თუნდაც გურამ ბაღდოშვილთან ერთად დავმსხდარვართ და ინფორმაცია გაგვიცვლია, გვიკითხავს - ეს როგორ არის? ის როგორ არის? თეკუნას და მე ერთადაც გვიმუშავია რამდენიმე პროექტზე. ბორდოში ქართული ღვინის წარდგენაზე მე და თეკუნამ ერთად მოვამზადეთ ვახშამი; ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზეც რამდენიმე დღის განმავლობაში ერთად ვმუშაობდით. ყველა ვმეგობრობთ, ძალიან კარგადაც ვმეგობრობთ, სხვათა შორის. ჩვენი „ჩატი“ გვაქვს და პრობლემებზეც ვსაუბრობთ. მთლად ასე ცუდადაც არ არის საქმე. 

-    ბარბარე ჯორჯაძეს მინდა, დავუბრუნდეთ. თქვენ ამბობდით, ალბათ, მისი ხასიათი კარგად ამოვიცანი და ეს იყო იმის საფუძველი, რაც გაკეთდაო. რა დაინახეთ მასში? თქვენთვის როგორი ადამიანი იყო? 

-    ბარბარე ჯორჯაძის წიგნზე გაცილებით ადრე დავიწყე მუშაობა, ვიდრე რესტორანს გავხსნიდით. როდესაც კულინარიის აკადემიაში ვასწავლიდი, კახა ბენდუქიძემ რამდენიმე წიგნი გვაჩუქა. ერთ-ერთი იყო ბარბარე ჯორჯაძის წიგნი. ზუსტად აკადემიაში გადაწყდა, რომ სტუდენტებისთვის გვესწავლებინა ძველი რეცეპტების აღდგენა და მოდერნიზება. ასე დავიწყეთ სტუდენტებთან მუშაობა. ჯერ პირვანდელი რეცეპტით ვამზადებდით, რომ გაგვეგო, როგორი იყო კერძი და შემდეგ ვიწყებდით მის ინტერპრეტაციას - რითი შეიძლებოდა გაგვეუმჯობესებინა და სრულყოფილებამდე მიგვეყვანა. აქ დაიწყო ჩემი ექსპერიმენტები ამ წიგნთან დაკავშირებით. მივხვდი, რომ ეს ზუსტად ის ძველი ქართული გემოები იყო, რომლებიც კომუნისტების დროს დაიკარგა. აქ ვნახე სულ სხვა გემოები და სულ სხვა საქართველო, ვიდრე ის, რასაც მიჩვეული ვიყავით - ყველა რესტორანში ყოველდღიურად ერთი და იგივე მენიუ რომ მზადდებოდა. 

-    800-მდე რეცეპტია, როგორც ვიცი. 

-    დიახ, მაგრამ თვითონ ბარბარე ჯორჯაძეს პატარა ბროშურები ჰქონდა გამოცემული, უშუალოდ თავისი  რეცეპტებით. შემდეგ შვილმა, დედის პატივსაცემად, 1914 წელს გამოსცა ეს წიგნი და ფრანგული რეცეპტებიც  მიუმატა. 
 

 

ფრანგებს ვერ გავაკვირვებდით, კოსმოსში არიან ჩვენთან შედარებით.

-    თვითონ ბარბარე ჯორჯაძემ რა შთაბეჭდილება დატოვა თქვენზე? 

-    დიდი საზოგადო მოღვაწე იყო, პირველი ფემინისტი ქალი. ძალიან საინტერესო ცხოვრება ჰქონდა. თუმცა, განათლება არსად მიუღია, სახლის გარდა. ისიც ნათქვამია, რომ ერთადერთი ქალი იყო, ვინც ილია ჭავჭავაძეს უბედავდა და ეპაექრებოდაო. ნამდვილად მამაცი ქალი იქნებოდა. 

-    თქვენ ბევრი ადამიანი, ჩემი ჩათვლით, თავიდან დააფიქრეთ ბარბარე ჯორჯაძეზე და მის ღვაწლზე. ამისთვის ცალკე მადლობა გეკუთვნით.

-    ეს იყო არამარტო ჩემი, არამედ, ქურასბედიანების ოჯახის და კომპანია „გასტრონავტის“ დამსახურება. მთელმა ჩვენმა გუნდმა ერთად იმუშავა. თავიდან უბრალოდ ძველი ქართული რესტორნის გაკეთება გვინდოდა. მაგრამ მერე ისე მოხდა, რომ მთლიანად ბარბარე ჯორჯაძის რეცეპტებს დავეყრდენით. საკმაოდ წარმატებული ნამუშევარი გამოვიდა. 

-    რამდენადაც მესმის, თქვენ ძალიან მაღალი აზრის ხართ ქართული კულინარიის შინაარსზე და პერსპექტივაზე. ეს თქვენი მოსაზრებაა: „ქართულ კულინარიას მსოფლიო ასპარეზზე უდიდესი პერსპექტივა აქვს. ერთ დღესაც ვულკანივით ამოიფრქვევა ქართული კულინარია მთელ მსოფლიოში.“

-    ზუსტად ასე იქნება. 

-    კი ბატონო, ოდესმე შესაძლოა, ასეც მოხდეს, მაგრამ დღეს რა დონეზეა ქართული კულინარია?

-    დღეს არის დუღილის დონეზე. ეს ვულკანი შიგნით დუღს, ჯერჯერობით. 

-    თქვენ რა პერსპექტივებსაც სახავთ, თითქოს, ამაზე არაფერი მეტყველებს. 

-    მე გეტყვით, რა მეტყველებს. არაერთხელ ვყოფილვარ უცხოეთში. კორეაში 2016 წელს წავიღე ქართული სამზარეულო და გავაცანით კორეელებსაც და უცხოელებსაც, მათ შორის, „მიშლენის“ ვარსკვლავების მფლობელ მზარეულებს ევროპიდან. ახლა საფრანგეთშიც ვიყავით - „ბოკუს დორზე“. ეს გასტრონომიული ფესტივალია, კულინარიის „ოსკარივით“ არის.

 
წაღებული გვქონდა ავთენტური ქართული სამზარეულო და პროდუქტები. მინდა გითხრათ, რომ აი იქ, ყველაზე მეტი ხალხი იყო ჩვენს სტენდთან და ყველაზე მეტ ადამიანს მოსწონდა ქართული სამზარეულო.

არ გვიფიქრია, რომ რამე მოდერნული წაგვეღო. ამით ფრანგებს ვერ გავაკვირვებდით, კოსმოსში არიან ჩვენთან შედარებით. გვინდოდა, რეალური საქართველო გვეჩვენებინა, რეალური გემოები შეგვეთავაზებინა. ბევრ ქვეყანას არ აქვს ისეთი კულინარიული ისტორია, როგორიც ჩვენ გვაქვს. მთელმა აზიამ და ევროპამ აბრეშუმის გზაზე გაიარა და ჩვენი უნიკალურობა ის არის, რომ ყველაფერი შევითვისეთ და გვაქვს ქართული სამზარეულო, რომელიც არავისას ჰგავს - თუნდაც, გემოებით, თუნდაც ხასიათით და კულტურით. 

-    არაერთხელ გითქვამთ და დღესაც თქვით, რომ რაც არ უნდა მიმზიდველი იყოს ავთენტური ქართული სამზარეულო, მისი მოდერნიზაცია აუცილებელია. სამზარეულოს თქვენეული კონცეფციაც ასე ჟღერს: ძველის აღდგენა და მოდერნიზება. კულინარიაში მოდერნიზაციის შინაარსი როგორ უნდა გავიგოთ: ძველია გემო, ახალია ფორმა? 

-    მარტივად რომ შევხედოთ, ეგ არის. გემო რჩება ძირძველი, ქართული, იცვლება ტექსტურები და ფორმა. ამის საშუალებას ისევ თანამედროვე ტექნოლოგიები გვაძლევს.

-    რამდენი ადამიანია დღეს საქართველოში, ვისაც თანამედროვე, მოდერნული საავტორო მენიუს მომზადება შეუძლია? 
 

 

ბევრ ქვეყანას არ აქვს ისეთი კულინარიული ისტორია, როგორიც ჩვენ გვაქვს.

-    არ ვიცი, რა გითხრათ... ალბათ, ჩანს ბაზარზე, ვინც ასე მუშაობს.

-    ათი ადამიანი? ოცი? 

-    შეიძლება ითქვას, ათი-თხუთმეტი ადამიანი. იქნებ, მეტიც არის და მე არ ვიცი. 

-    თქვენ თუ არ იცით, ისეთი ვინ იქნება? 

-    ჩვენთან შეფების პოპულარიზაციაც არ ხდება. მე მანამდეც მიცნობდნენ, ბევრ ადგილზე ვმუშაობდი, მაგრამ ხალხმა უფრო მეტად „ბარბარეთი“ გამიცნო. გახმაურებული პროექტი იყო. ზუსტად ამიტომაც მინდა ფედერაციის ჩართულობა, რომ ახალგაზრდა ნიჭიერი ადამიანები გამოვაჩინოთ. „გო ე მიოც“ ამას ემსახურება და სატელევიზიო შოუებიც, რომ ნიჭიერი ადამიანები წინა პლანზე წამოვიდნენ. 

-    თქვენთან ინტერვიუსთვის რომ ვემზადებოდი, გადავამოწმე, ხართ თუ არა რომელიმე რესტორნის მფლობელი და აღმოჩნდა, რომ არ ხართ. რატომ? 

-    ყველა შეფმზარეულის ოცნებაა, რომ თავისი რესტორანი ჰქონდეს. 

-    თქვენიც? 

-    რა თქმა უნდა, ჩემიც. მეც მინდა, რომ მქონდეს ჩემი საკუთარი რესტორანი, მაგრამ ეს კოლოსალური თანხა ჯდება, რაც ჯერ არ მაქვს (იცინის)

-     შემოთავაზებები თუ გქონიათ თანამფლობელობაზე?

-    შემოთავაზებები არ მქონია, მაგრამ ჩვენს რეალობაში მე არ მინდა პარტნიორი. მქონდა მაგის გამოცდილება ერთი-ორჯერ, სადაც ვითომ პარტნიორები ვიყავით, მაგრამ ბოლოს მაინც ინგრევა ეს ურთიერთობა. მარტო ჩემი არა, სხვისი გამოცდილებაც ბევრი მინახავს: პარტნიორები ყოფილან, მერე წაკინკლავებულან და ბოლოს დაშლილან. ძალიან რთულია, ისეთი პატრნიორი მოძებნო, რომ  ყველაფერზე გამოგყვეს და თავისი, ასე ვთქვათ, „ხუშტურები“ არ გამოავლინოს. მირჩევნია, ჩემთვის ვიყო, მოვიცადო, საჭირო თანხა მოვაგროვო, თვითონ გავხდე მფლობელი და ჩემს გემოზე ვაკეთო ყველაფერი. იმის შიში არ მინდა, მქონდეს, რომ ვინმეს რამის პრეტენზია გაუჩნდება და მომიწევს ჩემი ნაშრომის ან დათმობა, ან გაყოფა... 

-    ვიცი, რომ მზარეულის და, მით უმეტეს, შეფის პროფესია ძალიან მძიმეა. მაგრამ თქვენ შემთხვევით მოხვდით ამ პროფესიაში და მერე დიდ წარმატებას მიაღწიეთ. შემთხვევით კულინარიის ნიჭი აღმოგაჩნდათ, თუ თქვენი წარმატება პასუხისმგებლობის და შრომის შედეგია? შეიძლება, ადამიანს განსაკუთრებული ნიჭი არ ჰქონდეს, მაგრამ წარმატებას მიაღწიოს თქვენს პროფესიაში? 
 

 

ყველა შეფმზარეულის ოცნებაა, რომ თავისი რესტორანი ჰქონდეს.

-    შრომა და თავდადება აუცილებელია, ამის გარეშე არაფერი გამოვა. მაგრამ, ცხადია, ნიჭიც უნდა გქონდეს, შემოქმედებითი აზროვნება და, რაც მთავარია, ეს საქმე უნდა გიყვარდეს. გარკვეული პერიოდის შემდეგ მე ძალიან შემიყვარდა ჩემი პროფესია. დღეს ვერ წარმომიდგენია, რა შეიძლებოდა მეკეთებინა, ამის გარდა. 

-    მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო შეფს, ფერან ადრიას ჰკითხეს: თქვენთვის კულინარია უფრო მეცნიერებაა, თუ უფრო ხელოვნებაო. მან უპასუხა: საჭმლის მომზადება დაუსრულებელი ექსპერიმენტიაო. 

-    დაუსრულებელი ექსპერიმენტი, რა თქმა უნდა, არის, მაგრამ, ამასთან ერთად, ხელოვნებაც არის და მეცნიერებაც. 

-    თქვენი აზრით, ქართულ სამზარეულოში რომელია ის კერძი, რომელსაც გაუმჯობესების ექსპერიმენტები აღარ სჭირდება? 

-    არის ასეთი, რისთვისაც, არც მიცდია, ხელი მომეკიდებინა. არადა, თითქმის ყველაფრის გაუმჯობესებას ვცდილობ. არასოდეს მიფიქრია, რომ შევხებოდი ხინკალს. კარგად, ზუსტად და გემრიელად უნდა გააკეთო. სხვა რა უნდა უქნა? ვერ წარმომიდგენია...

-    დიდი მადლობა საინტერესო ინტერვიუსთვის. საუბარს დავასრულებთ თქვენი კომენტარით ცნობილი ადამიანების ორ გამონათქვამზე. პირველი ციტატა ეკუთვნის გერმანელ ფილოსოფოსს ფრიდრიხ ნიცშეს (18440-1900): „ჩვენ უფრო გულწრფელები ვართ სხვების მიმართ, ვიდრე საკუთარი თავის მიმართ“. 

-    ცოტა რთული კითხვაა... რა გითხრათ? ალბათ, ასეც არის, არ მიფიქრია ამაზე. მაგრამ არა მხოლოდ საკუთარი თავის მიმართ, სხვების მიმართაც რამდენად გულწრფელები ვართ, საკითხავი ეგ არის.  

-    მეორე ციტატის ავტორია ინგლისელი მწერალი ჩარლზ დიკენსი (1812-1870): „ადამიანს არ შეუძლია, სრულყოს საკუთარი თავი, თუ სრულყოფაში სხვებს არ ეხმარება.“ 

-    ამას ნამდვილად ვეთანხმები. ყოველთვის მინდა, რომ ჩემი ცოდნა და უნარები გადავცე სხვას, მომავალ თაობას. მინდა, ვიღაცას ვანახო, ვასწავლო... ეს მეც მეხმარება. „იკაროსში“ რომ დავიწყე სწავლება, იქ სხვადასხვა ასაკის სტუდენტები იყვნენ. 60 წლისაც, 40, 30 წლის... ბევრ რამეს მათგანაც ვსწავლობდი და მინდოდა, ისეთი პედაგოგი ვყოფილიყავი, რომ ყველა კითხვის პასუხი მცოდნოდა. ამიტომ, მათთან ერთად მეც სულ ვსწავლობდი.

-    ახლა ხომ აღარ ასწავლით?

-    სტუდენტებს არა, მაგრამ ახლა ვასწავლი მზარეულებს ჩემს სამზარეულოში. ყოველდღიურად ვსწავლობთ. ერთად ვმუშაობთ სტრუქტურის და მენიუს შედგენაზე. მე მიყვარს გუნდური მუშაობა და არ მიყვარს ასეთი დამოკიდებულება, რომ მე მოვიფიქრე და ახლა თქვენ გააკეთეთ. მინდა, რომ მათაც იფიქრონ და მათაც ჩემთან ერთად შეძლონ ყველაფრის კეთება. 

-    ამათ რასაც ასწავლით, ესეც გზრდით?

-    რა თქმა უნდა. როგორც გითხარით, ჩვენს პროფესიაში არ არსებობს ცოდნა, რომელსაც გაუმჯობესება არ სჭირდება.  მით უმეტეს, ამ მომენტში ახალ მენიუს ვადგენთ, ახალი ექპერიმენტია, ახალი გემოებია. ყოველდღიურად ვეძებთ სიახლეს და, ესე იგი, ყოველდღიურად ვიზრდებით.     
 

ფოტომასალა: ზურაბ ქურციკიძე

გუნდი

ირაკლი გედენიძე

ზურაბ ქურციკიძე

გიო კუსიანი

გიორგი ურუშაძე

თამთა ყუბანეიშვილი

ნანა ყურაშვილი